ვერატი: „იბრაჰიმოვიჩი – ნამდვილი გენიოსია“

„პარი სენ-ჟერმენის“ ახალგაზრდა ნახევარმცველი მარკო ვერატი თანაგუნდელ ზლატან იბრაჰიმოვიჩის თამაშით აღფრთოვანებულია.

„ზლატანი უბრალო ჩემპიონი არ არის, იგი – ნამდვილი გენიოსია. მას მოედანზე წარმოუდგენელი რამის გაკეთება შეუძლია. გარდა ამისა, მას შეხვედრის სცენარის შეცვლის უნარიც აქვს. ნახეთ მისი „ბასტიის“ კარში გატანილი გოლი. შესაძლოა, ასეთი ბურთების გატანა სხვა ფეხბურთელებსაც შეუძლიათ, თუმცა მსგავსი ეპიზოდის შექმნა და შემდეგ მისი ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა მხოლოდ ზლატანმა იცის“, – განაცხადა ვერატიმ.

ალექსანდრე მატევოსოვი

ლეონარდო: „პსჟ“ კრიშტიანო რონალდუს გადმოსაყვანად ყველაფერს აკეთებდა“

„პარი სენ-ჟერმენის“ ყოფილი სპორტული დირექტორი ლეონარდო გამოტყდა, რომ პარიზული კლუბი მართლაც ცდილობდა მადრიდის „რეალიდან“ კრიშტიანო რონალდუს გადმობირებას.

„რონალდუს ტრანსფერზე ვფიქრობდით და მის გადმოსაყვანად ყველაფერს ვაკეთებდით, თუმცა თავად მას არ სურდა ეს. კრიშტიანომ გვითხრა, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ მშვენიერი კლუბია, თუმცა მისი გული „რეალს“ ეკუთვნის“, – ლეონარდოს სიტყვებს ფრანგული „ტელეფუტი“ ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში რონალდუმ 14 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 17 გოლი და გააკეთა ოთხი საგოლე გადაცემა.

ბექა დოგრაშვილი

ტიაგო სილვა: „ჩვენ არავის გვეშინია“

„ლიონთან“ ანგარიშით 4:0 მოგებული ამტჩის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენის“ მცველმა ტიაგო სილვამ აღნიშნა, რომ მისი გუნდი საკუთარ ძალებში დარწმუნებულია და არცერთი მეტოქის არ ეშინია.

„ჩვენ არავის ვეშინია, თუმცა ყველა მეტოქეს პატივს ვცემთ. პსჟ-ში იმისთვის მოვედი, რომ ეს კლუბი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გავხადო. ამ მოტივაციით მოედანზე ყოველ მატჩში გავდივარ“, – განაცხადა ბრაზილიელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ჟუნინიო: „კვლავ შეგიძლიათ, იხილოთ ნამდვილი რონალდინიო“

ბრაზილიის ნაკრებისა და „ლიონის“ ყოფილი ნახევარმცველი ჟუნინიო პერნამბუკანო თვლის, რომ რონალდინიოს კვლავ შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში და მისი ევროპაში დაბრუნება ურიგო არ იქნებოდა.

„ვფიქრობ, რონალდინიო უკეთეს ფორმაშია, ვიდრე ის ბექჰემი იყო, რომელიც „პარი სენ-ჟერმენმა“ დაიმატა.
რონალდინიოს მიერ ნაჩვენები თამაშები ვნახე ბრაზილიის ლიგისა და კოპა ლიბერტადორესის ტურნირებზე. კვლავ შეგიძლიათ, იხილოთ ნამდვილი რონალდინიო, თუმცა ეჭვი მეპარება, „პარი სენ-ჟერმენმა“ ის დაიბრუნოს, რადგან გუნდი სრულად დაკომპლექტებულია და ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად იბრძვის“, – აცხადებს ჟუნინიო.

33 წლის რონალდინიო ბრაზილიის ნაკრების განაცხადში აპრილის თვის შემდეგ აღარ შეუყვანიათ.

„ის „ბარსელონას“ დონეს ვეღარ მიაღწევს, თუმცა რონალდინიოს კვლავ ძალუძს ბევრი რამის გაკეთება. მას ამ ასაკშიც შეუძლია, რომ მრავალი რამ შემოგვთავაზოს. ის იტანს გოლებს და ატანინებს სხვებსაც. მის მსგავსად ვერავინ აკეთებს. რონალდინიო შესანიშნავი პიროვნებაა, ის კვლავ ბრწყინავს“, – ჟუნინიოს სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

პსჟ-ს პრეზიდენტი: „მესის სანაცვლოდ „ბარსელონა“ საკმაოდ ბევრს ითხოვს“

ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი ლიონელ მესის გადაბირებაზე არ ფიქრობს.
„მესისთან არ მისაუბრია, რადგან მის შეძენაზე არ ვფიქრობთ. აღნიშნულ თემაზე „ბარსელონას“ პრეზიდენტს უნდა გაესაუბროთ და ჰკითხოთ, გაუშვებს თუ არა იგი თავისი გუნდის ლიდერს. მესის სანაცვლოდ იმ თანხის გადახდა, რომელსაც კატალონიური კლუბი ითხოვს, არარეალურია. მე რეალისტი ვარ, ეს თანხა კი არარეალურია“, – განაცხადა ნასერ ალ-ჰეილაიფიმ.
შეგახსენებთ, რომ მესის კონტრაქტის მიხედვით, იგი სამუშაო ადგილს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეცვლის, თუ მისი ტრანსფერის სანაცვლოდ რომელიმე კლუბი 250 მილიონ ევროს გადაიხდის.
ალექსანდრე მატევოსოვი

ფეხბურთელთა კონტრაქტების ყველაზე საინტერესო პუნქტები

რატომ არ სურდა არუნა კონეს „ლევანტეს“ რიგებში გოლების გატანა? რამდენი გოლია საჭირო იმისთვის, რომ პრემიის სახით იახტა მიიღოთ? რა ღირს 20 წუთით ჩემბერლენის მოედანზე ყოფნა? Fanebi.Com-ი წარმოგიდგენთ ფეხბურთელთა კონტრაქტების ყველაზე საინტერესო პუნქტებს.


ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი („არსენალი“ და „საუთჰემპტონი“)
„საუთჰემპტონმა“ „არსენალს“ ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი 17 წლის ასაკში 12 მილიონ ფუნტად მიჰყიდა, თან კონტრაქტში ერთი საინტერესო პუნქტი ჩაწერა: თითოეული მატჩისთვის, რომელშიც ოქსლეიდ-ჩემბერლენი 20 წუთზე მეტ ხანს ითამაშებდა, „არსენალის“ ხელმძღვანელობას „წმინდანებისთვის“ დამატებით 10 ათასი ფუნტი უნდა გადაეხადა. ცბიერ არსენ ვენგერს ეკონომიის გაკეთება არასდროს ეშლებოდა. ფეხბურთის ფრანგ სპეციალისტს ოქსლეიდ-ჩემბერლენი მოედანზე 70-ე წუთის შემდეგ შეჰყავდა და კლუბიდან ფინანსების ამ გზით გადინებას ხელს უშლიდა.


მარკინოსი („რომა“ და „კორინთიანსი“)
დედაქალაქურმა კლუბმა პერსპექტიული ბრაზილიელი მცველი იჯარით აიყვანა. 18 წლის ფეხბურთელის იჯარა „რომას“ მხოლოდ 1,5 მილიონი ევრო დაუჯდა. „კორინთიანსისა“ და „რომას“ ხელშეკრულებაში ფეხბურთელის ავტომატური წესით გამოსყიდვის პირობაც ჩაიდო. თუ მარკინოსი „რომას“ რიგებში 8 მატჩში (ან მეტში) 45 წუთზე მეტ ხანს ითამაშებდა, „მგლები“ დამატებით 3 მილიონ ევროს გადაიხდიდნენ და მარკინოსს დაიტოვებდნენ. ფეხბურთელმა იტალიური კლუბის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა და შეთანხმებით გათვალისწინებული მატჩების რაოდენობა ჩემპიონატის პირველივე წრეში ჩაატარა. ამრიგად, „რომამ“ მარკინოსი მხოლოდ 4,5 მილიონ ევროდ ჩაიგდო ხელში, თვითონ კი ფეხბურთელის სანაცვლოდ „პარი სენ-ჟერმენს“ 30 მილიონ ევროზე მეტი გადაახდევინეს.


კარლოს ტევესი („იუვენტუსი“ და „მანჩესტერ სიტი“)
კარლოს ტევესი „იუვენტუსში“ 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და გუნდისთვის სარგებლიანობის მოტანა მაშინვე დაიწყო. ფეხბურთელს, რომელიც კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა, მეორე სუნთქვა გაეხსნა. ინგლისური კლუბის ხელმძღვანელებმა ივარაუდეს, რომ ტევესი „იუვენტუსს“ დიდ წარმატებებს მოუტანს და გადაწყვიტეს კონტრაქტში პუნქტი ჩაეწერათ, რომლის მიხედვითაც, თუ ტევესი „ბიანკონერის“ რიგებში ჩემპიონთა ლიგის თასს მოიგებს, ტურინელები „ქალაქელებს“ დამატებით 4 მილიონ ევროს გადაუხდიან.


ალბერტო აკვილანი („ლივერპული“ და „მილანი“)
ალბერტო აკვილანი „ლივერპულში“ ნისლიანი ალბიონის დასაპყრობად წავიდა, თუმცა მერსისაიდული გუნდის ხელმძღვანელებზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა და იტალიაში იჯარის წესით დააბრუნეს. „ლივერპულის“ ბოსებმა ფეხბურთელის სწრაფადვე მოშორება
გადაწყვიტეს და კონტრაქტში ავტომატურად გამოსყიდვის პუნქტი ჩაწერეს. ამისთვის აკვილანის სერია А-ს იმ სეზონში 25 მატჩი უნდა ჩაეტარებინა. „მილანში“ უკვე იმ დროს იყო ფინანსური კრიზისი და ტრანსფერების განხორციელებისთვისაც არ იყო საკმარისი თანხა. ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე იტალიელებს გაახსენდათ „ლივერპულის“ მიერ ჩაწერილი დამატებითი პუნქტი და აკვილანის სათადარიგოთა სკამზე მიუჩინეს ადგილი, აქაოდა, 25 მატჩი არ მოუგროვდესო.


ანდრეი შევჩენკო („მილანი“)
კარიერის პიკზე მყოფ ანდრეი შევჩენკოს სილვიო ბერლუსკონი შეპირდა, თუ სეზონში 25 გოლს გაიტან, იახტას გაჩუქებო. იმ სეზონში ანდრეის 25 გოლამდე მხოლოდ ერთი ბურთი დააკლდა. ბერლუსკონიმ იფიქრა, საცოდაობა არის ამის უსაჩუქროდ დატოვებაო და უკრაინელ თავდამსხმელს იახტა მაინც აჩუქა.


არუნა კონე („ლევანტე“ და „სევილია“)
ჰოლანდიური „პსვ“-დან „სევილიაში“ გადასულმა არუნა კონემ ესპანური კლუბის ხელმძღვანელობაზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. კონტრაქტის ბოლო წელს კონე იჯარის წესით „ლევანტეში“ გაასხვისეს. არავინ მოელოდა, მაგრამ კონემ გოლის გოლზე გატანა დაიწყო. კომიკური სიტუაცია იმაში მდგომარეობს, რომ ფეხბურთელს „სევილიასთან“ კონტრაქტი ავტომატურად გაუგრძელდებოდა, თუ ის სეზონში 16 გოლზე მეტს გაიტანდა. კოტ დივუარელ ფეხბურთელს „სევილიაში“ დაბრუნება არ სურდა და მომენტებს სპეციალურად აფუჭებდა, დისკვალიფიკაციებსაც განზრახ იღებდა, რათა გოლების ოდენობა 16 ბურთს არ გადასცდენოდა და „სევილიასთან“ ხელშეკრულება ავტომატურად არ გაგრძელებულიყო.


გარეტ ბეილი („ტოტენჰემი“ და „საუთჰემპტონი“)
გარეტ ბეილის „საუთჰემპტონიდან“ „ტოტენჰემ ჰოთსპურში“ ტრანსფერის დროს, მხარეებმა კონტრაქტში შეიტანეს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თუ ლონდონური კლუბი ბეილს გაყიდდა, „წმინდანები“ ტრანსფერის ღირებულების 25 პროცენტს მიიღებდნენ, თუმცა მოგვიანებით „საუთჰემპტონს“ ფინანსურად გაუჭირდა და „ტოტენჰემიდან“ რომელიმე ფეხბურთელის გადმოსვლის სანაცვლოდ, ხელშეკრულებიდან ამ პუნქტის ამოღება გადაწყვიტა. „ტოტენჰემმა“ „საუთჰემპტონს“ მეკარე ტომი ფორკასტი მხოლოდ 50 ათას ფუნტად დაუთმო. 2013 წელს „დეზებმა“ ბეილი მადრიდის „რეალს“ 100 მილიონ ევროდ მიჰყიდეს. საბოლოო ჯამში, ისე გამოვიდა, რომ „საუთჰემპტონს“ 25 მილიონი ფუნტის მიღება შეეძლო, თუმცა ხელში 50-ათასფუნტიანი მეკარე შერჩა.

ბექა დოგრაშვილი

ტიაგო მოტა “იუვენტუსის” რადარზე აღმოჩნდა

ტურინული კლუბის ხელმძღვანელობა ანდრეა პირლოს შემცვლელის ძიებაშია.

მოგეხსენებათ, “ბებერი ქალბატონის” ვეტერანი ფეხბურთელის კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში იწურება. ამრიგად, თუკი იგი ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ მოისურვებს, კლუბს ახალი ნახევარმცველის პოვნა მოუწევს, რომელიც მას შეცვლის.

მილანის “ინტერის” ყოფილი მოთამაშე ამჟამად “პარი სენ-ჟერმენის” ღირსებას იცავს და ზოგიერთი წყაროს თანახმად, სწორედ ტიაგო მოტა შეიძლება გახდეს ანტონიო კონტეს ახალი ნახევარმცველი.

სანდრო საპანაძე

„პარი სენ-ჟერმენმა“ მატას ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყო

ბრიტანული „ტელეგრაფის“ ცნობით, ფრანგულმა „პარი სენ-ჟერმენმა“ ლონდონის „ჩელსის“ ხუან მატას შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით მიმართა.

პარიზული კლუბი უკვე იწყებს მუშაობას, რათა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში 25-წლის ნახევარმცველი უკვე მისი საკუთრება გახდეს. სავარაუდოდ, დასავლეთლონდონელი „პენსიონერები“ მზად არიან, მატა სოლიდური თანხის სანაცვლოდ გაუშვან, შემოსული ფულით კი შეტევითი ხაზის გაძლიერებას აპირებენ.

მიმდინარე სეზონში ესპანელმა ფეხბურთელმა ინგლისის ჩემპიონატის 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ბექა დოგრაშვილი

იბრა-კადაბრა

ზლატან იბრაჰიმოვიჩი მართლაც გასაოცარი ფეხბურთელია. მისთვის არ არსებობს წერტილი, საიდანაც გოლის გატანა არ შეუძლია. ერთადერთი კარიდან კარში არ გაუტანია, თუმცა მისგან არც ამის გამორიცხვა შეიძლება.

„ანდერლეხტსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის გამართულ მატჩში (0:5) ზლატანმა პოკერი შეასრულა, თუმცა მის მიერ გატანილი მესამე გოლი განსაკუთრებულად გამოსარჩევია. უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადგინა, რომ ამ ეპიზოდში ბურთი 150 კმ/სთ სიჩქარით მიჰქროდა!

სხვათა შორის, იბრაჰიმოვიჩი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეათე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ამ ტურნირზე მეტოქეს მატჩში მინიმუმ ოთხი გოლი გაუტანა.

შეხვედრის შემდეგ ზლატანმა განაცხადა, რომ „პარი სენ-ჟერმენს“ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია.

კიდევ ერთხელ დავტკბეთ ამ მშვენებით.

ბექა დოგრაშვილი

იბრაჰიმოვიჩმა პოკერი შეასრულა

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, „პარი სენ-ჟერმენი“ „ანდერლეხტს“ ეწვია და მეტოქე ანგარიშით 5:0 გაანადგურა.

პარიზელტა შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პოკერი გაიფორმა, ერთი გოლი კი ედინსონ კავანის ანგარიშზეა.

ეს ჩემპიონთა ლიგაზე ზლატანის პირველი პოკერია. ის პირველი შვედი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე სამი და მეტი გოლი გაიტანა. საერთო ჯამში, იბრაჰიმოვიჩის ანგარიშზე 6 გატანილი გოლია.

გთავაზობთ იბრაჰიმოვიჩის გოლებს GIF ფორმატში.

ზლატანის შედევრი GIF ფორმატში

საფრანგეთის პირველი ლიგის მეათე ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ „ბასტია“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:0 გაანადგურა. ორ-ორი გოლი გაიტანეს ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და ედინსონ კავანიმ (ერთი პენალტით), აქედან ზლატანს ერთი გოლი მართლაც რომ უნიკალური გამოუვიდა.

პარიზელებმა ამ გამარჯვებით აქტივში 24 ქულა მოაგროვეს და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგნენ. „მონაკო“ კვირას „სოშოს“ ეწვევა.

გთავაზობთ ზლატანის მიერ გატანილ გოლს GIF ფორმატში.

„რეალი“ „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ

მადრიდის „რეალი“ და ფრანგული „პარი სენ-ჟერმენი“ ზამთრის შესვენების დროს ერთმანეთში ამხანაგურ მატჩს გამართავენ.

Football Espana-ს ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე მხარეები ჯერ კიდევ ზაფხულში შეთანხმდნენ, როდესაც კარლო ანჩელოტი პარიზიდან მადრიდულ კლუბში გადაბარგდა.

წინასწარი ინფორმაციით, მატჩი „რეალსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის 2014 წლის 2 იანვარს, დუბაიში გაიმართება. როგორც მოგეხსენებათ, ორივე კლუბს ერთ სასპონსორო ფირმასთან აქვს ხელშეკრულება გაფორმებული. აღნიშნული ფირმა დუბაიში ბაზირდება. სწორედ ამიტომ გადაწყდა შეხვედრის ამ ქალაქში გამართვა.

ბექა დოგრაშვილი