ვან გაალი: “ფალკაოს რამდენიმე კვირა ექნება საკუთარი თავის წარმოსაჩენად”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ კლუბის კოლუმბიელ თავდამსხმელ რადამელ ფალკაოს რობინ ვან პერსის ტრავმიანობის პერიოდში საკუთარი თავის წარმოჩენის შანსი მიეცემა.

“როდესაც ერთი ფორვარდი ტრავმას იღებს, მას შემცვლელი სჭირდება. ფალკაოს რამდენიმე კვირა მიეცემა იმისთვის, რომ თავისი სიტყვა თქვას. მართალია, ვან პერსის ტრავმა სერიოზული არ არის, თუმცა მის გამოჯანმრთელებას გარკვეული დრო დასჭირდება”, – ვან გაალის სიტყვები “დეილი მეილმა” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ფალკაოს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 მატჩში ოთხი გოლი აქვს გატანილი.

 

კარაგერი: “ფალკაო-ვან პერსის დუეტი ვერ ამართლებს”

“ლივერპულის” ყოფილმა მცველმა და “სქაი სპორტსის” ექსპერტმა ჯეიმი კარაგერმა “მანჩესესტერ იუნაიტედის” თავდასხმის ხაზი გააკრიტიკა.

“ყველა ამბობს, რომ “იუნაიტედს” ცენტრალური მცველი სჭირდება, თუმცა სტატისტიკურად გუნდს ჩემპიონატში ყველაზე ნაკლები გოლი აქვს გაშვებული.

“მანჩესტერ იუნაიტედს” პრობლემა სხვა პოზიციაზე აქვს. ფალკაო-ვან პერსის დუეტი ვერ ამართლებს. “წითელი ეშმაკების” შეტევას მობილურობა აკლია. “ვესტ ჰემის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში დე ხეას უფრო ხშირად ჰქონდა ბურთი, ვიდრე თავდამსხმელებს”, – განაცხადა კარაგერმა “სქაი სპორტსის” ეთერში.

 

ფალკაოს „მანჩესტერ იუნაიტედში“ დარჩენა სურს

ზაფხულში კოლუბმიელი თავდამსხმელი რადამელ ფალკაო „მონაკოდან“ იჯარით „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა. მანჩესტერულ კლუბში ფეხბურთელის ხელფასი კვირაში 250 ათას ფუტნტს შეადგენს, თუმცა „წითელ ეშმაკებში“ ყოფნის პერიოდში რადამელმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.

„მწვრთნელს ხშირად ვესაუბრები, მისი ფილოსოფია მომწონს. ტრავმა მქონდა, ამიტომაც შანსს დიდი ხანი ველოდებოდი, თუმცა აქ დარჩენა მაინც მინდა. ცხადია, სიტუაცია სწორად უნდა შევაფასო. ვნახოთ, მექნება თუ არა მეტი სათამაშო დრო და რა გადაწყვეტილებას მიიღებს კლუბის ხელმძღვანელობა. დასარჩენად ყველაფერს გავაკეთებ“, – განაცხადა ფალკაომ.

ვან გაალი: „ფალკაოს აზრი არ მაინტერესებს“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა კოლუმბიელი თავდამსხმელის რადამელ ფალკაოს შესახებ ისაუბრა.

„ფალკაოს ფორმის აღდგენა სჭირდება. ამჟამად მას თამაში მხოლოდ ოცი წუთის განმავლობაში შეუძლია. პრემიერლიგაში საოცარი სისწრაფეა. მინდოდა, რომ რადამელს მეორე გუნდში ეთამაშა, თუმცა რუნის ტრავმის გამო, იძულებული გავხდი, იგი „საუთჰემპტონთან“ მატჩის განაცხადში შემეყვანა. გადაწყვეტილებების შეცვლა ზოგჯერ მეც მიწევს. არ მადარდებს, უკმაყოფილოა თი არა რადამელი სათადარიგოთა სკამზე დარჩენით, მას ჩემი ფილოსოფიის გათვალისწინება მოუწევს“, – ციტირებს ფეხბურთის ჰოლანდიელ სპეციალისტს „Sky Sport“-ი.

როგორ გაამასხარავა ფალკაომ იოზილი (ვიდეო)

“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალწვეული რადამელ ფალკაო ინგლისის პრემიერლიგაში მეტოქე გუნდის ფეხბურთელის გამასხარავებაში უკვე შემჩნეულია.

2011 წლის მარტში კოლუმბიელი თავდამსხმელის “მსხვერპლი” მესუთ იოზილი გახდა. მართალია, მაშინ ერთი “პორტუს” ღირსებას იცავდა, მეორე კი – მადრიდის “რეალის”, თუმცა ფაქტი გასახსენებლად ღირს.

“იოზილს სიმპსონების მსგავსი თვალები აქვს”, – დაწერა მაშინ სოციალურ ქსელში ფალკაომ.

 

კოლუმბიელი ფეხბურთელი პირველი არ გახლავთ, რომელმაც იოზილის გარეგნობაზე ყურადღება გაამახვილა. ინტერნეტსივრცეში გავრცელებულია ვიდეო, რომელშიც “ბოკა ხუნიორსის” 13 წლის ქომაგი გონსალო გალვანი საუბრობს. საინტერესო ისაა, რომ ბიჭს ძალიან ამსგავსებენ მესუთ იოზილს.

ფალკაოს ასაკში ეჭვი ეპარებათ

ბრიტანული გამოცემა “მეტრო” წერს, რომ “მანჩესტერ იუნაიტედს” რადამელ ფალკაოს შეძენა ზაფხულის აწ უკვე დასრულებულ სატრანსფერო პერიოდშივე შეეძლო, თუმცა ფეხბურთელის ასაკში დაეჭვებულმა კლუბის ხელმძღვანელებმა კოლუმბიელი თავდამსხმელის იჯარის წესით აყვანა გადაწყვიტეს.

როგორც მოგეხსენებათ, “წითელმა ეშმაკებმა” ფალკაო “მონაკოსგან” ერთი წლის ვადით ინათხოვრეს. სეზონის ბოლოს “მანჩესტერ იუნაიტედს” ფეხბურთელის სრულად გამოსყიდვის უფლება მიეცემა.

რამდენიმე დღის წინათ ბრიტანულ ბულვარულ გამოცემა “სანში” ფალკაოს სასკოლო დოკუმენტაცია გამოქვეყნდა, რომელიც მიუთითებს, რომ კოლუმბიელი ფეხბურთელი სინამდვილეში ახლა არა 28-ის, არამედ 30 წლის არის.

ფალკაომ “მანჩესტერ იუნაიტედში” სასურველი ნომერი აირჩია

როგორც მოგახსენეთ, “მონაკოს” თავდამსხმელი რადამელ ფალკაო იჯარის წესით კარიერას “მანჩესტერ იუნაიტედში” გააგრძელებს. კოლუმბიელი ფეხბურთელი “ოლდ ტრაფორდზე” მთელი სეზონის განმავლობაში ითამაშებს, შემდეგ კი ინგლისურ კლუბს მისი სრულად გამოსყიდვის უფლებაც მიეცემა. ტრანსფერის ფინანსური დეტალები არ ხმაურდება.

რადამელ ფალკაომ “მანჩესტერ იუნაიტედში” 9-ნომრიანი მაისური აირჩია.

“მოხარული ვარ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედში” მე-9 ნომრით ვითამაშებ”, – დაწერა სოციალურ ქსელში ფალკაომ.

“მოხარული ვარ, რომ განათხოვრების წესით “მანჩესტერ იუნაიტედში” ვითამაშებ. ეს მსოფლიოს ყველაზე დიდი კლუბია და მიზანიც მკაფიო აქვს — მწვერვალზე დაბრუნება. მოუთმენლად ველოდები ლუი ვან გაალთან მუშაობის დაწყებას. მინდა, რომ გუნდის წარმატებებში ჩემი წვლილი შევიტანო”, – ფალკაოს სიტყვები “მანჩესტერ იუნაიტედის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

ოფიციალურად: “მანჩესტერ იუნაიტედმა” ფალკაო ინათხოვრა

“მანჩესტერ იუნაიტედმა” ოფიციალურად გამოაცხადა “მონაკოს” თავდამსხმელ რადამელ ფალკაოს იჯარის წესით აყვანის შესახებ.

კოლუმბიელი ფეხბურთელი “ოლდ ტრაფორდზე” მთელი სეზონის განმავლობაში ითამაშებს, შემდეგ კი ინგლისურ კლუბს მისი სრულად გამოსყიდვის უფლებაც მიეცემა. ტრანსფერის ფინანსური დეტალები არ ხმაურდება.

“მოხარული ვარ, რომ განათხოვრების წესით “მანჩესტერ იუნაიტედში” ვითამაშებ. ეს მსოფლიოს ყველაზე დიდი კლუბია და მიზანიც მკაფიო აქვს — მწვერვალზე დაბრუნება. მოუთმენლად ველოდები ლუი ვან გაალთან მუშაობის დაწყებას. მინდა, რომ გუნდის წარმატებებში ჩემი წვლილი შევიტანო”, – ფალკაოს სიტყვები “მანჩესტერ იუნაიტედის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

FIFA 15 — ყველაზე მაღალრეიტინგული ცენტრალური თავდამსხმელები

ვიდეოთამაშ FIFA 15-ის გამოსვლამდე სულ ცოტა დრო რჩება, მანამდე კი ვებგვერდმა Purely Football იმ ცენტრალურ თავდამსხმელთა სავარაუდო სია გამოაქვეყნა, რომელთაც აღნიშნულ თამაშში ყველაზე მაღალი რეიტინგი ექნებათ.

Purely Football-ის ვერსიით, FIFA 15-ის ყველაზე მაღალრეიტინგული ცენტრალური ფორვარდები იქნებიან:

ადგილი: მეკარე: რეიტინგი:
12. დიეგო კოსტა (“ჩელსი”) 86
11. ედინსონ კავანი (“პსჟ”) 86
10. კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) 87
9. კარიმ ბენზემა (“რეალი”) 87
8. უეინ რუნი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) 87
7. რობინ ვან პერსი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) 88
6. რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”) 88
5. სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) 88
4. რადამელ ფალკაო (“მონაკო”) 89
3. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“პსჟ”) 90
2. ლუის სუარესი (“ბარსელონა”) 90
1. ლიონელ მესი (“ბარსელონა”) 94

 

ფალკაო მუნდიალს გამოტოვებს — კოლუმბიის ნაკრების განაცხადი

კოლუმბიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხოსე პეკერმანმა გუნდის საბოლოო სამუნდიალო განაცხადი გამოაქვეყნა.

„მონაკოს“ თავდამსხმელი რადამელ ფალკაო 23 კაცში ვერ მოხვდა. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელმა იანვრის თვეში მძიმე ტრავმა მიიღო, რის მოშუშებასაც არანაკლებ ნახევარი წელიწადი სჭირდებოდა. ფალკაომ რეაბილიტაციის პროცესი მნიშვნელოვნად დააჩქარა, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სასურველ ფორმაში შესვლა ვერ მოასწრო. ამრიგად, მას მუნდიალის გამოტოვება მოუწევს.

კოლუმბიის ნაკრების სამუნდიალო განაცხადი ასეთია:

მეკარეები: ოსპინა („ნიცა“), მონდრაგონი („დეპორტივო კალი“), ვარგასი („სანტა-ფე“);
მცველები: იეპესი („ატალანტა“), საპატა („მილანი“), ვალდესი („სან-ლორენსო“), ბალანტა („რივერ პლეიტი“), არიასი (პსვ), სუნიგა („ნაპოლი“), არმერო („ვესტ ჰემი“);
ნახევარმცველები: სანჩესი („ელჩე“), გუარინი („ინტერი“), აგილარი („ტულუზა“), რამირესი („მორელია“), კინტერო („პორტუ“), მეხია („ნასიონალი“), როდრიგესი („მონაკო“), კუარდადო („ფიორენტინა“), იბარბო („კალიარი“);
თავდამსხმელები: გუტიერესი („რივერ პლეიტი“), ბაკა („სევილია“), რამოსი („ჰერტა“), მარტინესი („პორტუ“).

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კოლუმბიას მეტოქეებად კოტ დივუარის, საბერძნეთისა და იაპონიის ნაკრებები ჰყავს.

ბექა დოგრაშვილი

ფალკაო მუნდიალის გამოტოვებას არ გამორიცხავს

კოლუმბიის ნაკრების თავდამსხმელმა რადამელ ფალკაომ, რომელიც ამ დრომდე მკურნალობს, განაცხადა, რომ თუ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ოპტიმალური ფორმის დაბრუნებას ვერ მოასწრებს, შესაძლოა, ტურნირზე არც წავიდეს.

„სათამაშო პრაქტიკის გარეშე მსოფლიოს ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში ვერ შეხვდები. თუ თავს კარგად ვიგრძნობ, მუნდიალზე წავალ. თუ სასურველი კონდიციების დაბრუნებას ვერ მოავსწრებ და გუნდისთვის უსარგებლო ვიქნები, მაშინ უკეთესი იქნება, რომ ტურნირზე არც წავიდე. ეს იქნება გონივრული გადაწყვეტილება.

ახლა თავს კარგად ვგრძნობ, თუმცა ბურთი უნდა ვიგრძნო და ვნახო, რა რეაგირება ექნება მუხლს“, – ფალკაოს სიტყვებს „ტუტომერკატო“ ციტირებს.

 

ფალკაომ ფეხით სიარული და წყლის პროცედურების მიღება დაიწყო

„მონაკოს“ თავდამსხმელი რადამელ ფალკაო, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინათ ჯვარედინი მყესები გაიგლიჯა, აღდგენით პროცესს განაგრძობს.

კოლუმბიის ნაკრების 28 წლის ფეხბურთელმა უკვე დაიწყო ფეხით სიარული და წყლის პროცედურების მიღება.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდი შანსია, რომ ფალკაომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი გამოტოვოს.