„ბარსელონა“ მეოთხედფინალს მიუახლოვდა

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მერვედფინალური ეტაპი გაიხსნა. „ეტიჰადზე“ „მანჩესტერ სიტიმ“ „ბარსელონა“ მიიღო. ორი საინტერესო დეტალი მატჩისწინა პრესკონფერენციიდან: კატალონიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ თქვა, იმ გუნდს უფრო გაუჭირდება, რომელსაც უბურთოდ თამაში მოუწევსო. „ქალაქელთა“ თავკაცმა მანუელ პელეგრინიმ კი ხაზი იმას გაუსვა, რომ „მანჩესტერ სიტი“ იმავე სტილით თამაშს შემოგვთავაზებდა, რასაც პრემიერლიგაში გვიჩვენებს. ბურთის ფლობით „ბარსელონამ“ მეტოქე ორივე ტაიმში დაჯაბნა, „სიტიმ“ კი მისთვის ჩვეული სტილი ვერ გვიჩვენა.

შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ მიილია, რეალური საგოლე მომენტი თითქმის არც შექმნილა. მატჩის მთავარი პერიპეტიები მეორე ტაიმში განვითარდა. შეხვედრის 53-ე წუთზე „ქალაქელთა“ არგენტინელმა მცველმა მარტინ დემიკელისმა მეკარე ჯო ჰარტისკენ ერთი ერთზე მიმავალი თანამემამულე ლეო მესი „მოცელა“. თამაშის წესის დარღვევა საჯარიმოს გარეთ მოხდა, თუმცა არბიტრმა თერთმეტმეტრიანი ნიშნულისკენ მიუთითა, დემიკელისს კი წითელი ბარათი უჩვენა. პენალტი თავად მესიმ შეასრულა, ჰარტი მარცხნივ გადახტა, ლეომ შუაში დაარტყა და გაიტანა. „სიტი“ მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, რამაც „ბარსელონას“ საქმე კიდევ უფრო გააიოლა, სტუმრებმა სათამაშო უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს. შედეგად, მატჩის ბოლო წუთზე კატალონიელებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს: სტუმართა მარჯვენა ფლანგიდან წამოწყებული შეტევა დანი ალვესმა და ნეიმარმა განავითარეს, რომლებმაც ადვილად გააბითურეს გაელ კლიში და ჯოლეონ ლესკოტი, კარიდან გამოსულ ჰარტს კი ალვესმა ბურთი ფეხებს შორის გაუტარა და „ბარსელონას“ უპირატესობა გაზარდა.

2-0 – ამ ანგარიშით გაიმარჯვა კატალონიურმა გუნდმა და განმეორებითი მატჩის წინ სერიოზული ფორა შეიქმნა. ვენსან კომპანის უნდა დავეთანხმოთ, რომელმაც შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ თუ „ბარსელონა“ მეორე შეხვედრაში მისთვის ჩვეულ ფეხბურთს ითამაშებს, ინგლისელებს ძალიან გაუჭირდებათ, თუმც „სიტი“ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებსო. განმეორებითი მატჩი „ნოუ კამპზე“ 12 მარტს შედგება.

უეფას ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (პირველი მატჩი)
„მანჩესტერ სიტი“ – „ბარსელონა“ 0:2 (0:0)

„მანჩესტერ სიტი“: ჰარტი, ზაბალეტა, კომპანი, დემიკელისი, კლიში, იაია ტურე, ფერნანდინიო, ხესუს ნავასი (ნასრი 58′), დავიდ სილვა, კოლაროვი (ლესკოტი 58′), ნეგრედო (ჯეკო 74′).
მთავარი მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი.
„ბარსელონა“: ვალდესი, დანი ალვესი, პიკე, მასკერანო, ალბა, ჩავი, ბუსკეტსი, ფაბრეგასი (სერხი რობერტო 86′), სანჩესი (ნეიმარი 74′), მესი, ინიესტა.
მთავარი მწვრთნელი: ხერარდო მარტინო.
გოლები: მესი 54′ (პენ), დანი ალვესი 90′.
გაფრთხილებები: ნეგრედო 28′, კოლაროვი 37′ – დანი ალვესი 23′, მასკერანო 76′.
გაძევება: დემიკელისი 53′.
მთავარი მსაჯი: იონას ერიქსონი (შვედეთი).

ბექა დოგრაშვილი

ხერარდო მარტინო: „იმ გუნდს უფრო გაუჭირდება, რომელსაც უბურთოდ თამაში მოუწევს“

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი გაიხსნება. ყურადღების ცენტრშია „მანჩესტერ სიტისა“ და „ბარსელონას“ შორის „ეტიჰადზე„ გასამართი შეხვედრა. კატალონიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ ხაზი გაუსვა ინგლისელთა ძლიერ მხარეებს და იმის შესახებაც ისაუბრა, თუ როგორ აპირებს მისი გუნდი მეტოქის განეიტრალებას.

„ეს დაპირისპირება ფინალის ღირსია. კარგი იქნებოდა, მათ ცოტა მოგვიანებით რომ შევხვედროდით, თუნდაც მეოთხედფინალურ ეტაპზე. „სიტი“ შეუდარებლად გამოიყურება როგორც პრემიერლიგაში, ასევე ევროთასებზე.

არჩევანი არ უნდა გავაკეთოთ გატანასა და არგაშვებას შორის. პირველ რიგში, უნდა ვითამაშოთ ისე, როგორც გვიყვარს და როგორც შეგვიძლია. თუ გოლს გავიტანთ, ამაზე კარგი რა უნდა იყოს?! „მანჩესტერ სიტი“ ბევრ რამეში წააგავს „ბარსელონას“ შესაძლოა, ინგლისელები უფრო მარტივად თამაშობენ, მაგრამ ბურთს შესანიშნავად აკონტროლებენ. ვფიქრობ, იმ გუნდს უფრო გაუჭირდება, რომელსაც უბურთოდ თამაში მოუწევს.

„მანჩესტერ სიტი“ ამ დროისთვის პლანეტის ერთ-ერთი წამყვანი კლუბია. მათ სხვადასხვა ხერხებით შეუძლიათ ხიფათის შექმნა. კარგად უტევენ როგორც პირველი, ასევე მეორე ტემპით, შეუძლიათ თამაში როგორც ცენტრში, ასევე ფლანგებზე, მშვენივრად თამაშობენ „მეორე სართულზე“, სახიფათოდ ასრულებენ სტანდარტებს და იტანენ ბევრ გოლს. მეტოქის გასანეიტრალებლად ბურთის ფლობა იქნება საჭირო“, – მარტინოს სიტყვები უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.

მატჩი „მანჩესტერ სიტისა“ და „ბარსელონას“ შორის დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე აიღებს სტარტს და მას შვედი არბიტრი იონას ერიქსონი მოემსახურება.

ბექა დოგრაშვილი

პელეგრინი: „ბარსელონა“ მხოლოდ მესი არ არის“

როგორც მოგეხსენებათ, დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი გაიხსნება. „ეტიჰადზე“ „მანჩესტერ სიტი“ „ბარსელონას“ უმასპინძლებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „ქალაქელთა“ მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ აღნიშნა, რომ კატალონიური გუნდი საკმაოდ ძლიერი მეტოქეა და ეს არამხოლოდ ლიონელ მესის დამსახურებაა.

„მთავარია, დავრჩეთ იმ გუნდად, რომელიც პრემიერლიგაში თამაშობს, შევინარჩუნოთ ჩვენი სტილი და ინდივიდუალიზმი. შეიძლება სხვა ფეხბურთელებიც იხილოთ, მაგრამ ისევ ის გუნდი ვიქნებით, ისევ იმავე სტილით მოთამაშე. „ბარსელონა“ მხოლოდ მესი არ არის, თუმც არგენტინელი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ფეხბურთელია“, – განაცხადა პელეგრინიმ.

მატჩი „მანჩესტერ სიტისა“ და „ბარსელონას“ შორის დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და მას შვედი არბიტრი იონას ერიქსონი განსჯის. უკვე ცნობილია ისიც, რომ ინგლისელებს ტრავმის გამო გუნდის ლიდერი სერხიო აგუერო დააკლდებათ.

ბექა დოგრაშვილი

მოურინიო: „ეს ბოლო წლების ყველაზე ცუდი „ბარსელონაა“

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი გაიხსნება. დიდ ინტერესს იწვევს „მანჩესტერ სიტისა“ და „ბარსელონას“ შორის გასამართი მატჩი.

აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ.

„ისტორიულად „ბარსელონა“ „მანჩესტერ სიტისთან“ ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ ეს ის „ბარსელონა“ აღარ არის , რასაც ადრე ვუყურებდით.

მათ ლეო მესის სახით განსაკუთერებული მოთამაშე ჰყავთ, გუნდში სხვა კარგი ფეხბურთელებიც თამაშობენ, მაგრამ ეს ბოლო წლების ყველაზე ცუდი „ბარსელონაა“. „სიტის“ გამარჯვების შანსი აქვს“, – მოურინიოს სიტყვები itv-მ გამოაქვეყნა.

მატჩი „მანჩესტერ სიტისა“ და „ბარსელონას“ შორის დღეს, ჩვენი დროით 23:45 საათზე დაიწყება და მას შვედი არბიტრი იონას ერიქსონი განსჯის.

ბექა დოგრაშვილი

მიულერი: „ბაიერნი“ და „არსენალი“ ერთ დონეზე არიან“

როგორც მოგეხსენებათ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მიუნხენის „ბაიერნი“ ლონდონის „არსენალს“ დაუპირისპირდება. ბავარიელთა ფეხბურთელი ტომას მიულერი თვლის, რომ ჩრდილოლონდონური გუნდი ღირსეულ წინააღმდეგობას გაწევს.

„მეთოფეები“ ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ. ეს ყველაზე რთული მეტოქეა, რომელიც შეიძლება შეგვხვედროდა. ახლა „ბაიერნი“ და „არსენალი“ ერთ დონეზე არიან. ეროვნულ და საერთაშორისო არენაზე ბოლო წლებში ჩვენ ლონდონელებზე უკეთ გამოვიყურებით, ამიტომ ფავორიტად „ბაიერნი“ მიიჩნევა“, –  მიულერის სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

წყვილის პირველი მატჩი ლონდოში, 19 თებერვალს გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი

რონალდუ ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ოცნებობს

მადრიდის „რეალის“ ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ იგი მიმდინარე სეზონში უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ოცნებობს.

„ეშტადიუ და ლუჟზე“ ჩემპიონთა ლიგის მოგება შესანიშნავი იქნებოდა. „რეალში“ ყველას ტიტულის მეათე მოგების სურვილი აქვს. ფეხბურთელები საოცრად მოტივირებულნი არიან. ყველაფერს გავაკეთებთ, რისი გაკეთებაც შეგვიძია, რათა 2014 წელს ევროპის ყველაზე პრესტიჟური საკლუბო ტურნირი სწორედ ჩვენ მოვიგოთ“, – განაცხადა პორტუგალიელმა ვარსკვლავმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები

დასრულდა უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მერვედფინალური ეტაპის წილისყრა. პროცედურაში მონაწილეობდნენ ტურნირის 2013/14 წლების სეზონის ფინალის ელჩი ლუიშ ფიგუ, უეფას გენერალური მდივანი ჯანი ინფანტინო და საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე ჯორჯო მარკეტი. 16 გუნდი 8 წყვილად განაწილდა.

წილისყრამ გუნდები შემდეგნაირად დააწყვილა.

„მანჩესტერ სიტი”–„ბარსელონა”
„ოლიმპიაკოსი”–„მანჩესტერ იუნაიტედი”
„მილანი”–„ატლეტიკო”
„ლევერკუზენი”–„პარი სენ-ჟერმენი”
„გალათასარაი”–„ჩელსი”
„შალკე”–„რეალი”
„ზენიტი”–„ბორუსია”
„არსენალი”–„ბაიერნი”

ბექა დოგრაშვილი

მონტოლივო: „თამაშის წესის დარღვევა არ მსურდა“

ამსტერდამის „აიაქსთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩის 22-ე წუთზე გაგდებულმა რიკარდო მონტოლივომ განაცხადა, რომ აღნიშნულ ეპიზოდში მას თამაშის წესის დარღვევა არ სურდა და მსაჯმა მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო.

„რა თქმა უნდა, ლამაზად არ მოვიქეცი, თუმცა ბურთის ართმევა მინდოდა. უხეშად თამაში ნამდვილად არ მსურდა. გული დამწყდა, როდესაც გუნდი უმცირესობაში დავტოვე“, – განაცხადა „როსონერის“ კაპიტანმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ლამი: „ასე არ უნდა ვთამაშობდეთ“

მიუნხენის „ბაიერნის“ კაპიტანმა ფილიპ ლამმა „მანჩესტერ სიტისთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩი შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ შეხვედრაში მიუნხენელები 2:0-ს იგებდნენ, თუმცა, საბოლოო ჯამში, მაინც დამარცხდნენ.

„იმაზე უკეთესად უნდა ვთამაშობდეთ, ვიდრე დღეს ვითამაშეთ. კარგია, რომ ეს მარცხი სატურნირო ცხრილზე არ იმოქმედებს“, – განაცხადა ლამმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბრძოლა პლეი-ოფის საგზურისთვის – „გალათასარაი“ თუ “იუვენტუსი“?

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის  VI ტური გაიხსნება: სტამბულის რაიონ შიშლიში თურქული „გალათასარაი“ ტურინის „იუვენტუსს“ მიიღებს. აქედან მხოლოდ ერთ გუნდს ერგება ტურნირის პლეი-ოფში თამაშის უფლება. B ჯგუფში მომდევნო ეტაპის საგზური მადრიდის „რეალმა“ უკვე მოიპოვა. ახლა გასარკვევი ისღა დარჩა, თუ ვინ დაიკავებს ჯგუფის მეორე პოზიციას. იტალიელებს 6 ქულა აქვთ, თურქებს კი – 4. მასპინძლებისთვის დღეს ფრე წაგების ტოლფასი იქნება, ამიტომ ისინი მოედანზე მოსაგებად გავლენ.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „ბიანკონერის“ თავკაცმა ანტონიო კონტემ აღნიშნა, რომ მის გუნდს დიდი სიფრთხილე მართებს.

„იუვენტუსი“ გასულ სეზონთან შედარებით გაძლიერდა, თუმცა ვიცით, რომ „გალათასარაი“ ძალზედ სერიოზული მეტოქეა. ამ გუნდში ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ, როგორებიც არიან დიდიე დროგბა და უესლი სნეიდერი. დიდი სიფრთხილე გვმართებს. უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი თამაში ვაჩვენოთ. მალე ვნახავთ, ვინ მოიპოვებს პლეი-ოფის საგზურს“, – აღნიშნა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში „იუვენტუსმა“ და „გალათასარაიმ“ ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპამდე გააღწიეს.

„გალათასარაის“ იტალიელმა დამრიგებელმა რობერტო მანჩინიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თურქი „ლომები“ მოსაგებად ძალ-ღონეს არ დაიშურებენ.

„მიხარია, რომ „გალათასარაის“ ქომაგებს ჩემი სჯერათ. „იუვენტუსის“ წინააღმდეგ გასამართი შეხვედრა ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. ვეცდებით, რომ გავიმარჯვოთ. მატჩი 90 წუთს გაგრძელდება და მთელი ამ ხნის განმავლობაში მეტოქეს დიდ პრესინგს მოვუწყობთ. ვეცდებით, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ“, – განაცხადა მანჩინიმ.

ტურინში აღნიშნულ გუნდებს შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

„იუვენტუსსა“ და „გალათასარაის“ შორის შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და მას პორტუგალიელი არბიტრი პედრო პროენსა მოემსახურება.

ბექა დოგრაშვილი

„რეალის“ პრესკონფერენციაზე „გაზპრომს“ წითელი ბარათი უჩვენეს

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის VI ტურში დანიური „კოპენჰაგენი“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს. როდესაც „სამეფო კლუბის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი და მცველი პეპე მატჩისწინა პრესკონფერენციას ატარებდნენ, მედიადარბაზში „გაზპრომის“ წინააღმდეგ მიმართული არასანქცირებული ბანერი დაკიდეს, რის გამოც ჟურნალისტებთან „რეალის“ წარმომადგენლების შეხვედრა რამდენიმე წუთით შეწყდა.

საქმე იმაში გახლავთ, რომ დამდეგ ზაფხულს „გაზპრომი“ არქტიკის შელფზე კომერციული პროექტის დაწყებას გეგმავს. საერთაშორისო საზოგადოებრივ ბუნებისდამცველ ორგანიზაცია „გრინპისში“ თვლიან, რომ არქტიკა არ არის ადგილი ნავთობის მრეწველობისთვის და საერთოდაც, ამ ადგილას სამრეწველო კომპანიებს თავიანთი პროექტების განხორციელების საშუალება არ უნდა მიეცეთ.

პრესკონფერენციაზე გამოტანილ ბანერს შემდეგი წარწერა ჰქონდა: „Save the Arctic. Show Gazprom the red card“.

მატჩი „კოპენჰაგენსა“ და „რეალს“ შორის 10 დეკემბერს გაიმართება და ჩვენი დროით 23:45 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლური გუნდი

უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა.

გუნდი ვებ-გვერდის მომხმარებელთა გამოკითხვის მეშვეობით კომპლექტდება.

კვირის სიმბოლური ნაკრების განაცხადი ასეთია:
მეკარე: ლინდნერი („აუსტრია“);
მცველები: არბელოა („რეალი“), სმოლინგი („მანჩესტერ იუნაიტედი“), ევანსი („მანჩესტერ იუნაიტედი“), ბოილესენი („აიაქსი“);
ნახევარმცველები: უილშირი („არსენალი“), ვიდალი („იუვენტუსი“), როისი („ბორუსია“);
თავდამსხმელები: რობენი („ბაიერნი“), დუგლას კოსტა („შახტარი“), სალაჰი („ბაზელი“).