“მანჩესტერ სიტის” მაისური “მანჩესტერ იუნაიტედის” სიმბოლოთი (ფოტო)

ბრაზილიაში “მანჩესტერ სიტის” ყალბი სათამაშო ფორმები გავრცელდა. მაისურზე “ქალაქელთა” სიმბოლოს ნაცვლად, კლუბის პრინციპული მეტოქის – “მანჩესტერ იუნაიტედის” გერბია გამოსახული.

ვან გაალმა გუნდის შვიდი ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა

ბრიტანული “დეილი მეილის” ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა ტრანსფერზე კლუბის შვიდი ფეხბურთელი დააყენა.

ფეხბურთის ჰოლანდიელ სპეციალისტზე შემდეგმა მოთამაშეებმა ვერ მოახდინეს შთაბეჭდილება: მარუან ფელაინი, ლუიშ ნანი, ჩიჩარიტო, უილ კინი, რაფაელი, ანდერსონი და ზაჰა.

ვან გაალს ჯერჯერობით გადაწყვეტილი აქვს გუნდში იაპონელი სინძი კაგავას დატოვება, თუმცა მას ძირითად შემადგენლობაში ადგილის გარანტიას ვერ აძლევს.

 

ფილ ნევილი: “იუნაიტედს” პრემიერლიგის მოგების რეალური შანსი აქვს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მცველმა ფილ ნევილმა განაცხადა, რომ “წითელი ეშმაკებისთვის” ახალი სეზონი გაცილებით წარმატებული უნდა გამოდგეს, ვიდრე გასული გათამაშება იყო. მისი თქმით, გუნდს პრემიერლიგის მოგების რეალური შანსი აქვს.

“გასული სეზონი “მანჩესტერ იუნაიტედისთვის” ნამდვილი კატასტროფა იყო, თუმცა ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნება. ამჯერად გუნდს ტიტულის მოპოვების შანსი აქვს. დადებითი ფაქტორია ისიც, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” ევროთასებზე მონაწილეობას არ მიიღებს”, – ნევილის სიტყვები “დეილი მეილმა” გამოაქვეყნა.

ინგლისის პრემიერლიგის ახალი სეზონი “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “სუონსი სიტის” შორის 16 აგვისტოს გასამართი მატჩით გაიხსნება.

 

ვენგერი: “მანჩესტერ იუნაიტედმა” ვერმალენის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით მოგვმართა”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კლუბის მცველ ტომას ვერმალენით “მანჩესტერ იუნაიტედი” არის დაინტერესებული.

“მანჩესტერ იუნაიტედი” იმ კლუბთა შორისაა, რომლებმაც ვერმალენის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით მოგვმართეს. ტომასმა შესაძლოა “არსენალი” დატოვოს. სხვა ქვეყნებიდანაც გვაქვს შემოთავაზებები და მირჩევნია, რომ მან საზღვარგარეთ გააგრძელოს კარიერა.
რაც შეეხება შესაძლო გაძლიერებას, ამისთვის თანხა კიდევ გვაქვს. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სამკვირანახევარია დარჩენილი და ვეცდებით, რომ “არსენალი” კიდევ გავაძლიეროთ, თუმც ახლაც კარგი გუნდი გვყავს”, – ციტირებს ვენგერის სიტყვებს goal.com-ი.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვერმალენით “ბარსელონაც” არის დაინტერესებული.

 

ვან გაალი: “ამ სეზონში ერთი ტიტულის მოგებაც კარგი შედეგი იქნება”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალი თავკაცის, ლუი ვან გაალის შესახებ თქვა, რომ ის რთული ამოცანის წინაშეა. ფეხბურთის ჰოლანდიელი სპეციალისტი როჯერსის ამ სიტყვებს გამოეხმაურა.

“კი ბატონო, პრემიერლიგაში არასდროს მიმუშავია, თუმცა ვმუშაობდი ესპანეთში, სადაც პირველივე სეზონში ერთბაშად სამი ჩემპიონატი მოვიგე, ვმუშაობდი გერმანიაში, სადაც ორი თასი დავისაკუთრე. თუ ინგლისში პირველივე სეზონში თუნდაც ერთ ტიტულს მოვიგებ, ეს კარგი შედეგი იქნება”, – ციტირებს ვან გაალის სიტყვებს “ტოდო მერკატო”.

შეგახსენებთ, რომ წუხელ “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ლივერპულს” შორის Guinness International Champions Cup-ის ფინალური მატჩი გაიმართა, რომელიც “წითელი ეშმაკების” გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

 

“მარკას” ხრიკი — სტადიონზე “მანჩესტერის” ქომაგები სჭარბობდნენ თუ “რეალის”?

წუხელ, საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირზე “მანჩესტერ იუნაიტედსა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართული შეხვედრა “წითელი ეშმაკების” გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. მატჩი მიჩიგანის სტადიონზე გაიმართა და 109 318 მაყურებელი დაესწრო.

როგორც ტელერეპორტაჟიდან გამოჩნდა, სტადიონზე ინგლისური გუნდის ქომაგები იმდენად ჭარბობდნენ, რომ ტრიბუნები თითქმის მთლიანად გადაწითლებული იყო. უცხოური პრესის ცნობით, მადრიდულმა გამოცემა “მარკამ” არ ითაკილა ფოტოს რედაქტირება, რომელზედაც სტადიონის ტრიბუნები იყო აღბეჭდილი და კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ისე გამოაჩინა, თითქოს მატჩზე დამსწრე საზოგადოების უმეტესობა სწორედ “რეალს” ქომაგობდა.

გთავაზობთ ორიგინალ და რედაქტირებულ ფოტოებს.

 

რიო ფერდინანდი: “გიგზი მწვრთნელად რომ დარჩენილიყო, “მანჩესტერიდან” არ წავიდოდი”

“ქუინს პარკ რეინჯერსის” ახალწვეული რიო ფერდინანდი “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალი სამწვრთნელო შტაბის გეგმებში არ შედიოდა. ამის შესახებ თავად ინგლისელმა ფეხბურთელმა ისაუბრა.

„როდესაც რაიან გიგზი მწვრთნელად დანიშნეს, მე მას ვესაუბრე. მან მითხრა, რომ სურდა, გუნდში დავრჩენილიყავი. განმიცხადა, რომ მე მის გეგმებში შევდიოდი, თუმცა ყველაფერი უცბად შეიცვალა. მოვიდა ახალი მწვრთნელი, ახალი იდეებით და მე წასვლა მომიწია. მაშინ კლუბის ხელმძღვანელობას ვუთხარი, რომ თუ მე მათ გეგმებში არ შევდიოდი, ჩემთვის გუნდიდან აბარგება უმჯობესი იქნებოდა. მათ მადლობა გადამიხადეს და დამემშვიდობნენ. კლუბი უფრო მეტია, ვიდრე ნებისმიერი მოთამაშე.

ახლა ბედნიერი ვარ, რომ “ქუინს პარკის” ფეხბურთელად ვითვლები.რედნაპის და ფერნანდესის მადლობელი ვარ, რადგან მათ მე შანსი მომცეს. საზღვარგარეთიდან შემოთავაზება მქონდა, თუმცა რედნაპის ზარის შემდეგ უცხოელებს უარი შევუთვალე“, – განაცხადა ფერდინანდმა “ქუინს პარკის” ფეხბურთელის რანგში გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ რიოს “მანჩესტერ იუნაიტედთან” ხელშეკრულება დაუმთავრდა და ლონდონურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

35 წლის მცველმა “ქუინს პარკთან” ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

“მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში რიო ფერდინანდმა 12 წელი დაჰყო. მას ინგლისის ეროვნულ ნაკრებში 81 მატჩი აქვს ჩატარებული.

 

ოფიციალურად: ევრა „იუვენტუსის“ ფეხბურთელია

ფრანგი მცველი პატრის ევრა „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ ტურინის „იუვენტუსში“ გადაბარგდა.

ფეხბურთელმა „ბებერ ქალბატონთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

„ბევრი ვიფიქრე და „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვება გადავწყვიტე. ეს ჩემი კარიერის ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო. „მანჩესტერ იუნაიტედი“ სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში. ინგლისში თამაში ჩემთვის დიდი პატივი გახლდათ“, – განაცხადა ევრამ.

ტრანსფერის ღირებულებამ 1,2 მილიონი ფუნტი (1,5 მილიონი ევრო) შეადგინა. „წითელი ეშმაკები“ დამატებით 0,3 მილიონ ფუნტს იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ „ბიანკონერი“ ჩემპიონთა ლიგის 2015-16 წლების სეზონის საგზურსაც მოიპოვებს.

 

მოურინიო: „მე და ვან გაალი დიდებული მწვრთნელები ვართ“

ინგლისის პრემიერლიგის ახალი სეზონის ერთ-ერთი მთავარი დაპირისპირება ლონდონის „ჩელსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის გაიმართება. „პენსიონერებს“ ჟოზე მოურინიო თავკაცობს, „წითელ ეშმაკებს“ კი ლუი ვან გაალის სახით ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავთ. ისინი ერთმანეთს კარგად იცნობენ, ვინაიდან სამი წლის განმავლობაში „ბარსელონაში“ ერთად მუშაობდნენ.

მოურინიო მოუთმენლად ელის „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გასამართ დაპირისპირებას და ვან გაალთან შეხვედრას.

პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჰოლანდიელი სპეციალისტის შესახებ საკმაოდ გულთბილად ისაუბრა.

„არ ვღელავ იმის გამო, რომ ვან გაალი ინგლისში იმუშავებს. მოუთმენლად ველოდები „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ გასამართ მატჩს. არ ვნერვიულობთ.

ცოტა ხნის წინათ ვან გაალის პრესკონფერენციას ვუცქირე. აი, ეს იყო ნამდვილი ვან გაალი – სამართლიანი და გახსნილი. ის ყოველთვის ასეთი გახლდათ. ლუი შესანიშნავი მწვრთნელია, „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ ზედგამოჭრილი თავკაცია~, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს „დეილი მეილი“.

კითხვაზე, მოურინიო უკეთესია თუ ვან გაალი, პორტუგალიელი ასე პასუხობს:

„მეც და ისიც დიდებული მწვრთნელები ვართ. ჩვენ ამ პროფესიისთვის ვართ დაბადებულნი. ლუი ბრაზილიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელია. მას ახლა კარიერის საუკეთესო პერიოდი აქვს. ვან გაალი მიღებულ გამოცდილებას აანალიზებს და სულ უფრო ვითარდება.

გარდა ამისა, ის ჩემი მეგობარიც გახლავთ, მუდმივი მეგობარი. მე მას დიდ პატივს ვცემ“, – აღნიშნა მოურინიომ.

„ჩელსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის დამდეგი მატჩი 26 ოქტომბერს გაიმართება.

 

მარუან ფელაინიმ იმიჯი შეიცვალა

ბელგიის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა მარუან ფელაინიმ იმიჯი შეიცვალა.

ბელგიელმა ფეხბურთელმა თმა შეიჭრა. ფელაინის პირობა ჰქონდა დადებული, თუ ბელგიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატს მოიგებს, თმას შევიჭრიო. „წითელმა ეშმაკებმა“ მუნდიალის მოგება ვერ მოახერხეს, თუმცა ფეხბურთელმა თმის შეჭრა მაინც გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ ბელგიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატს მეოთხედფინალურ სტადიაზე გამოეთიშა, როცა არგენტინის ეროვნული გუნდის ბარიერის დაძლევა ვერ მოახერხა.

თავად ფელაინიმ ბრაზილიის მუნდიალზე ხუთი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

 

რონალდინიო: „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლამდე სულ ცოტა დამაკლდა“

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდინიო განაცხადა, რომ 2003 წელს შეეძლო, „ბარსელონას“ ნაცვლად, „მანჩესტერ იუნაიტედში“ აღმოჩენილიყო.

„თითქმის უკვე „იუნაიტედში“ ვიყავი გადასული. შესაძლებელი იყო, 48 საათში ყველაფერი გადაწყვეტილიყო, თუმცა სანამ „წითელი ეშმაკებისგან“ წინადადებას მივიღებდი, მანამდე ჟოან ლაპორტამ მკითხა, გადავიდოდი თუ არა „ბარსელონაში“, თუ ის კლუბის პრეზიდენტი გახდებოდა. მე ვუპასუხე, რომ გადავიდოდი.

„იუნაიტედთან“ მცირე დეტალებიღა იყო შესათანხმებელი, როცა ლაპორტამ დამირეკა და მითხრა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს იგებდა. როგორც გითხარით, შეპირებული ვიყავი, თუ ის გახდებოდა პრეზიდენტი, კატალონიურ გუნდში გადავიდოდი. ინგლისელებს ვუთხარი, რომ არჩევანი „ბარსელონაზე“ გავაკეთე.

ეს მართებული არჩევანი იყო. ბრაზილიელებს „ბარსელონა“ ყოველთვის უყვარდათ. ამ კლუბში ჩვენც გვაქვს ჩვენი ისტორია. ფეხბურთი გვერდზე რომ გადავდოთ, ბარსელონას მსგავსი ქალაქი ევროპაში არ მოიძებნება. ბედნიერი ვარ, რომ კატალონიურ გუნდში ვითამაშე“, – განაცხადა რონალდინიომ FourFourTwo-ს ჟურნალისტთან საუბრისას.

 

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები

დასრულდა უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მერვედფინალური ეტაპის წილისყრა. პროცედურაში მონაწილეობდნენ ტურნირის 2013/14 წლების სეზონის ფინალის ელჩი ლუიშ ფიგუ, უეფას გენერალური მდივანი ჯანი ინფანტინო და საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე ჯორჯო მარკეტი. 16 გუნდი 8 წყვილად განაწილდა.

წილისყრამ გუნდები შემდეგნაირად დააწყვილა.

„მანჩესტერ სიტი”–„ბარსელონა”
„ოლიმპიაკოსი”–„მანჩესტერ იუნაიტედი”
„მილანი”–„ატლეტიკო”
„ლევერკუზენი”–„პარი სენ-ჟერმენი”
„გალათასარაი”–„ჩელსი”
„შალკე”–„რეალი”
„ზენიტი”–„ბორუსია”
„არსენალი”–„ბაიერნი”

ბექა დოგრაშვილი