უეფას 2023 წლის სუპერთასის ყაზანიდან გადატანა სურს

ავტორიტეტული სპორტული ტელეარხი ESPN იუწყება, რომ შესაძლოა, უეფას 2023 წლის სუპერთასის მასპინძელი ქალაქი შეიცვალოს.

ორი წლის წინ შეხვედრის ჩატარების ადგილად რუსეთის ქალაქი ყაზანი შეირჩა, თუმცა წელს განვითარებული ცნობილი მოვლენების შემდეგ უეფას მასპინძლის შეცვლა სურს და ალტერნატიულ ვარიანტებს უკვე განიხილავს. აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით უეფაში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

შეგახსენებთ, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ სანქტ-პეტერბურგს ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშების ფინალური მატჩის მასპინძლის სტატუსი ჩამოართვა და ეს პრივილეგია პარიზს მიანიჭა.

ემერი: “შეგვიძლია, ამ თამაშით ვიამაყოთ”

უეფას სუპერთასის მატჩში “ბარსელონამ” “სევილია” დრამატულ ბრძოლაში, ანგარიშით 5:4 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენას” საპრესკონფერენციო დარბაზში მედიის კითხვებს ანდალუსიელთა მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ უპასუხა.

— მატჩის ბოლოს ორმაგი ცვლილება განახორციელეთ. ეს თქვენი მხრიდან ვა-ბანკი იყო თუ დაგეგმილი ცვლილებები?
— პირდაპირ გეტყვით, როცა ანგარიშით 1:4 მარცხდები, ბევრს აღარაფერს ელი. მხოლოდ ის ვთქვით, რომ დარჩენილ დროში მაქსიმუმისთვის უნდა მიგვეღწია. ჯერ ერთი გოლი გავიტანეთ, შემდეგ მეორე და იმედიც მოგვეცა. გუნდს თავდაჯერება მოემატა და მიზანსაც მივაღწიეთ – ანგარიში გავათანაბრეთ. ამის შემდეგ ცოტა ამოვისუნთქეთ. დამატებით დროში გვჯეროდა, რომ მოგება შეგვეძლო, თუმცა გოლი გავუშვით და ასეთ დროს რთულია თამაშის კიდევ ერთხელ შემოტრიალება.

— ამ მატჩში ბევრი ტაქტიკური ცვლილება განახორციელეთ. რას გამოყოფდით?
— ამ საღამოს ჩვენი მთავარი მიზანი კარგი თამაშის ჩვენება იყო. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ უმაღლესი დონის გუნდებთან თანაბრად თამაში შეგვიძლია. ყველაზე ცუდი იქნებოდა ის, რომ ისე არ გვეთამაშა, როგორც ჩვენ გვსურდა. ჩვენს ფანებს შეუძლიათ, რომ ჩვენი თამაშით კმაყოფილნი იყვნენ.

— ახლა როგორი განწყობა გაქვთ?
— ჩვენ გამარჯვება გვინდოდა და შედეგით უკმაყოფილონი ვართ, მაგრამ თამაში გვაძლევს კმაყოფილების საშუალებას. გუნდისთვის რთულია ამ მარცხის გადაყლაპვა, თუმცა ჩვენ კიდევ შევხვდებით უძლიერეს მეტოქეებს.

— როგორ ფიქრობთ, დაიმსახურა “ბარსელონამ” ეს გამარჯვება?
— “ბარსელონას” გამარჯვება უნდა მივულოცოთ. იყო თუ არა დამსახურებული, ეს სუბიექტური მოსაზრებაა. მატჩის მიწურულს სამი ძალიან კარგი შანსი მოგვეცა და ვიმსახურებდით პენალტების სერიას. საბოლოო ჯამში, კმაყოფილი ვარ და შეგვიძლია, ვიამაყოთ ამ თამაშით. გაითვალისწინეთ, რომ “ბარსელონა” მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, რომელმაც ყველაფერი მოიგო.

— ოდესმე შეძლებთ ლეო მესის გაჩერებას, რომელმაც “სევილიას” უკვე 24-ე გოლი გაუტანა?
— მესის ვულოცავ ამ გამარჯვებას. იგი უნიკალური შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელია. წარმოუდგენელია, უმაღლეს დონეზე თამაშობდე ამდენი წლის მანძილზე. დაველოდოთ და ვნახავთ, შევძლებთ თუ არა ოდესმე მის გაჩერებას.

— ეს სეზონის სასტარტო მატჩი იყო. რას გეუბნებათ ეს შეხვედრა დამდეგი სეზონისთვის?
— პირველი ნაბიჯი გადავდგით იქითკენ, რომ ახალ სეზონში წარმატებულად ვითამაშოთ. ეს ახალი სეზონის ფუნდამენტია. როდესაც ტრავმირებული ფეხბურთელები გამოჯანმრთელდებიან, მეტი შესაძლებლობა გვექნება და უკეთ ავთამაშდებით.

 

სუპერთასის ბილეთების უნებართვოთ გასაყიდად შეთავაზების ფაქტი გამოვლინდა

სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრთან – “საქპატენტი” არსებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო უეფას 2015 წლის სუპერთასის მატჩის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ბილეთების უნებართვოთ გასაყიდად შეთავაზების ფაქტი კომპანია ,,ნიტა-თრეველი“-ს მიერ გამოვლინდა დღეს, 2015 წლის 31 ივლისს, რასთან დაკავშირებითაც შედგენილ იქნა სათანადო აქტი და მასალები გადაეგზავნა სასამართლოს.

გუშინ, 2015 წლის 29 ივლისს გამოვლენილ იქნა სუპერთასის მატჩის ბილეთების კომერციულ ღონისძიებაში გამოყენების ფაქტი სასტუმრო „ციტრუსის“ და კომპანია ,,ბეკო“-ს მიერ, რაზეც მოხდა შესაბამისი რეაგირება.

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით საბჭო კიდევ ერთხელ, მოუწოდებს ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, რომ დაიცვან კანონი და თავი შეიკავონ უნებართვოთ ბილეთების გაყიდვისგან რადგან ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, მოხდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.

შეგახსენებთ, რომ უეფა-ს ნებართვის გარეშე კანონით აკრძალულია (საქართველოს კანონი რეკლამის შესახებ, 22-ე მუხლი) ,2015 წლის სუპერთასის მატჩზე დასაწრები ბილეთების გასაყიდად შეთავაზება ან ნებისმიერ კომერციულ ღონისძიებაში გამოყენება,რასთან დაკავშირებითაც უეფა-ს მოთხოვნის შესაბამისად შექმნილი ჯგუფები, რომელიც დაკომპლექტებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ქ. თბილისის მერიის თანამშრომლებით, ახორცილებენ სუპერთასის მატჩის ბილეთების ნებართვის გარეშე გასაყიდად შეთავაზების ფაქტების გამოვლენას და აღკვეთას, მათ შორის ინტერნეტში.

სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ საქპატენტთან არსებულ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების საბჭოს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ივლისის N344 დადგენილებით დაევალა ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის 2015 წლის სუპერთასის და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩასატარებლად საქართველოს მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინირება”.

 

იტალიის სუპერთასისთვის ბრძოლაში “იუვეს” “ნაპოლიმ” აჯობა

იტალიის სუპერთასისთვის ერთმანეთს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ტურინის “იუვენტუსი” და თასის მფლობელი “ნაპოლი” დაუპირისპირდნენ. ყატარის დედაქალაქ დოჰაში გამართული მატჩი ნეაპოლიტანელებმა პენალტების სერიით მოიგეს.

მე-5 წუთზე “ბიანკონერი” კარლოს ტევესმა დააწინაურა, რომელმაც “ნაპოლის” მცველების  კალიდუ კულიბალისა და ფაუზი გულამის შეუთანხმებელი თამაშით ისარგებლა, მეკარესთან ერთი ერთზე გავიდა და გაიტანა. მეორე ტაიმის შუაწელს გონსალო იგუაინმა თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა. მატჩის ძირითადი დრო ანგარიშით 1:1 დასრულდა და დამატებითი ტაიმები დაინიშნა.106-ე წუთზე პოლ პოგბას ეფექტურ თამაშს არანაკლებ ეფექტურად ტევესი გამოეხმაურა და არგენტინელმა დუბლი გაიფორმა, თუმცა 118-ე წუთზე იგუაინმა კვლავ იყოჩაღა და მატჩი პენალტების სერიებამდე მიიყვანა. თერთმეტმეტრიანი დარტყმები “ნაპოლის” ფეხბურთელებმა უკეთ შეასრულეს — რვიდან ექვსი გაიტანეს, როცა ტურინელებმა შვიდიდან ხუთი პენალტი გამოიყენეს.

ამრიგად, იტალიის სუპერთასი “ნაპოლის” საკუთრება გახდა. ნეაპოლიტანელებმა ეს ტიტული არსებობის მანძილზე მეორე მოიგეს, პირველად იტალიის სუპერთასს 1990 წელს დაეუფლნენ.

იტალიის სუპერთასი:
“იუვენტუსი” — “ნაპოლი” 2:2 (პენ. 5:6)

გოლები: ტევესი 5′, 106′ — იგუაინი 68′, 118′.

სად ხურდებოდა მარიო გიოტცე “ბორუსიასთან” მატჩში

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი მარიო გიოტცე გერმანიის სუპერთასზე დორტმუნდის “ბორუსიას” წინააღმდეგ გამართული მატჩის (0:2) მიმდინარეობისას ტრიბუნქვეშა გვირაბში ხურდებოდა, რათა ყოფილი გუნდის ქომაგების მხრიდან ზედმეტი ყურადღება არ მიეპყრო.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

რობერტ ლევანდოვსკი დორტმუნდის “ბორუსიას” წინააღმდეგ

დღეს გერმანიის სუპერთასის მატჩი გაიმართება. “სიგნალ-იდუნა-პარკზე” დორტმუნდის “ბორუსია” მიუნხენის “ბაიერნს” დაუპირისპირდება. საყოველთაო ყურადღების ცენტრშია ბუნდესლიგის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი რობერტ ლევანდოვსკი, რომელმაც მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში “ბორუსიადან” “ბაიერნში” გადაინაცვლა.

პოლონელი თავდამსხმელის შესახენ კომენტარი გააკეთა “ბაიერნის” თავდამსხმელმა კლაუდიო პიზარომ.

“ლევანდოვსკი კარგი ფეხბურთელია, ბევრ გოლს იტანს. ის მანჯუკიჩისგან განსხვავებული მოთამაშეა. ვიმედოვნებ, მას საქმეები პირველივე სეზონში კარგად წაუვა”, – განაცხადა პიზარომ “ევროსპორტის” ეთერში.

თავად ლევანდოვსკი ამბობს, რომ “ბორუსიას” წინააღმდეგ გასამართი შეხვედრა მისთვის განსაკუთრებული იქნება.

“დორტმუნდში ვითამაშებთ, “ბორუსიას” მოედანზე. ამ კლუბში ოთხი შესანიშნავი წელიწადი გავატარე და დამდეგი მატჩი ჩემთვის განსაკუთრებულია. ახლა უკვე “ბაიერნის” ფორმით გავალ მინდორზე. რა თქმა უნდა, მინდა, რომ თასი მოვიგო. “ბორუსიას” სტადიონზე სტუმარი გუნდის რიგებში ვითამაშებ და გრძნობაც სხვანაირი მექნება.

ვიცი, რომ “ბორუსია” კვალვ სახიფათო მეტოქე იქნება. იურგენ კლოპი ყოველთვის ახერხებს მებრძოლ ფეხბურთელთა ერთ გუნდად შეკვრას. გერმანიის ჩემპიონატის მოგებისთვის “ბორუსიასთან” ერთად “შალკე” და ლევერკუზენის “ბაიერიც” შეგვეცილება”, – აღნიშნა ლევანდოვსკიმ.

მატჩი “ბორუსიასა” და “ბაიერნს” შორის დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.