შარვალჩახდილი დანი ალვესი (ფოტო)

“ბარსელონას” მცველმა დანიელ ალვესმა სოციალურ ქსელში უცნაური ფოტო გამოაქვეყნა. სურათზე ბრაზილიელი ფეხბურთელი შარვალჩახდილი დგას.

გუშინ ალვესის ყოფილმა მეუღლემ და აგენტმა განაცხადა, რომ ფეხბურთელმა “ბარსელონასთან” სამწლიანი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვა.

ალვესმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოს წააწერა:

“ცხოვრება დიდი თამაშია, მე კი პატარა მოთამაშე ვარ”.

Dani Alves

დანი ალვესი კარიერას პარიზში გააგრძელებს

კატალონიური გამოცემა “მუნდო დეპორტივო” იუწყება, რომ “ბარსელონას” მცველი დანიელ ალვესი ზაფხულში კარიერას “პარი სენ-ჟერმენში” გააგრძელებს.

31 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელს “ბლაუგრანასთან” მოქმედი კონტრაქტის ვადა მიმდინარე წლის ივნისში ეწურება, შესაბამისად – ის პარიზულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დანი ალვესის მიმართ ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედიც” იჩენდა.

ალვესმა მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” ფორმით 26 მატჩი ჩაატარა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

დანი ალვესი შესაძლოა, “ბარსელონაში” დარჩეს

ესპანური პერსის ცნობით, დანიელ ალვესმა შესაძლოა, “ბარსელონასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივოს.

კატალონიური გუნდი, სავარაუდოდ, მარტინ მონტოიას იანვარში შეელევა. როგორც მოგეხსენებათ, “ბარსას” ფიფასგან ტრანსფერების გაკეთება 2016 წლის იანვრამდე აქვს აკრძალული. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, ალვესი “ნოუ კამპზე” დატოვონ,

ბრაზილიელი მცველი “ბარსელონასგან” ორწლიან კონტრაქტს ითხოვს, თუმცა კატალონიელებს ალვესთან მოკლევადიანი ხელშეკრულების გაფორმება სურთ.

 

მესი “ნაპოლის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს — “ბარსას” განაცხადი

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებსაც ოთხშაბათს, “ნაპოლის” წინააღმდეგ გასამართ ამხანაგურ მატჩში შეეძლებათ მონაწილეობის მიღება.

აღსანიშნავია, რომ სიაში ვერ მოხვდნენ ლეო მესი, ხავიერ მასკერანო, ჩავი, ჟერემი მატიე და დანი ალვესი.

“ბარსელონას” შემადგენლობა ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, ბრავო, მასიპი, მონტოია, ბარტრა, პიკე, ალბა, ბუსკეტსი, ინიესტა, სერხი რობერტო, რაკიტიჩი, რაფინია, დეულოფეუ, ედგარი, გრიმალდო, სამპერი, ჰალილოვიჩი, ადამა, მუნირი, სანდრო.

“ნაპოლისა” და “ბარსელონას” შორის გასამართი ამხანაგური მატჩი დღეს, საქართველოს დროით 22:00 საათზე დაიწყება.

 

პიარკამპანია ბანანით — დანი ალვესის მოქმედება დაგეგმილი იყო

წინა კვირის ერთ-ერთ მთავარ თემად „ელ მადრიგალზე“ მომხდარი ამბავი იქცა, როდესაც „ბარსელონას“ მცველ დანი ალვესს „ვილიარეალის“ გულშემატკივარმა ტრიბუნიდან ბანანი ესროლა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გადმოგდებული ხილი აიღო და მიირთვა, მეორე დღეს კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ანტირასისტული კამპანია აგორდა. როგორც ირკვევა, ალვესის ქმედება სპონტანური არ ყოფილა, მან მიზანმიმართულად შეჭამა ბანანი, რადგან ანტირასისტული აქცია სახელწოდებით „ჩვენ ყველანი მაიმუნები ვართ“ – წინასწარ დაგეგმილი იყო.

ესპანური გაზეთი „ასი“ წერს, რომ მსგავსი ინციდენტი „ესპანიოლსა“ და „ბარსელონას“ შორის რამდენიმე კვირის წინათ გამართულ მატჩშიც მოხდა. იმ შეხვედრაში ნეიმარი და დანი ალვესი რასისტული შეძახილებით „შეამკეს“ და ტრიბუნიდან ბანანიც ისროლეს. მომხდარ ინციდენტს ბრაზილიელმა პიარსპეციალისტებმა ყურადღება მიაქციეს და მსგავსი ინციდენტის სათავისოდ გამოყენება გადაწყვიტეს.

ამ საშვილიშვილო საქმეს სააგენტო Loducca-მ მოჰკიდა ხელი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბანანის სროლის შემთხვევაში, ფეხბურთელს ის უნდა შეეჭამა. თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, რომ ამას ნეიმარი გააკეთებდა, ვინაიდან, როგორც წესი, ის ექცევა ხოლმე ყურადღების ცენტრში, თუმცა „ვილიარეალთან“ მატჩში ბანანი დანი ალვესს ესროლეს და ბანანის შეჭმაც ბრაზილიელ მცველს მოუწია.

„მოქმედება უფრო ღირებულია, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა. ჟესტს არ სჭირდება თარგმნა. როგორც დაინახეთ, ამ ქმედებამ მთელი მსოფლიო მოიცვა. ჩაფიქრებული იყო, რომ ბანანს ნეიმარი შეჭამდა, მაგრამ ეს ალვესმა გააკეთა. იდეამ მაინც იმუშავა. ჩვენ შევქმენით ჰეშთეგები #somostodosmacacos და #weareallmonkeys, რომლებმაც რასიზმის წინააღმდეგ სწორი ორიენტირი აიღო. იმედია, მსგავს ფაქტს ანალოგი აღარ ექნება“, – განაცხადა კომპანია Loducca-ს წარმომადგენელმა გუგა კეტცერმა.

საბოლოო ჯამში, რასისტული ქმედების მსხვერპლად თავად ბანანის მსროლელი იქცა. სტადიონის უსაფრთხოების სამსახურმა ხულიგანი რამდენიმე საათში ამოიცნო და მას მთელი სიცოცხლის განმავლობაში „ელ მადრიგალზე“ შესვლა აუკრძალა. თუმცა, მას მხოლოდ ეს არ აკმარეს. ესპანური გამოცემა „ელ პაისი“ წერს, რომ სამშაბათს ბანანის მსროლელი გულშემატკივარი პოლიციამ დააკავა. აქამდე დამნაშავის ვინაობას არ ასახელებდნენ, თუმცა ესპანურმა „მარკამ“ გაარკვია, რომ მას დავიდი ჰქვია, არის 25 წლის, ითვლება „ვილიარეალის“ ოფიციალური ფან-კლუბის წევრად. გარდა ამისა, გამოცემამ ფოტოც მოიპოვა, რომელზეც დავიდი „ვილიარეალის“ პრეზიდენტ ფერნანდო როიგ ალფონსოსთან ერთად არის გამოსახული.

ბექა დოგრაშვილი
ჟურნალი Fanebi.com

დანი ალვესის მამამ ბანანის მოშენება გადაწყვიტა

„ბარსელონას“ მცველ დანი ალვესის მამამ, რომელიც საკუთარ ფერმას ფლობს, ბანანის მოშენება გადაწყვიტა. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის პრიმერადივიზიონის 35-ე ტურში „ვილიარეალსა“ და „ბარსელონას“ შორის გამართული მატჩის (2:3) მიმდინარეობისას დანი ალვესს ტრიბუნიდან ბანანი ესროლეს. ფეხბურთელის მშობლებმა მომხდარი ინციდენტის შესახებ ისაუბრეს.

„ჩვენ მანგო, ქოქოსი, ნესვი და საზამთრო მოგვყავს. ახლა ბანანსაც მოვიყვანთ. ასეთი იდეა აქამდეც მქონდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება სტადიონზე მომხდარი შემთხვევის შემდეგ მივიღე. სხვათა შორის, დანის ვუთხარი, რომ ტრიბუნიდან გადმოგდებული ბანანი აღარ შეჭამოს. იქნებ, მოწამლული ბანანი გადმოაგდონ?!“ – ფეხბურთელის მამის, დომინგუს ალვესის სიტყვებს „გლობო“ ციტირებს.

„ჩემი შვილის ქმედებით კმაყოფილი ვარ. ყოველთვის ვასწავლიდი, რომ პროვოკაციებს არ უნდა უპასუხოს, რადგან პროვოკატორის მიზანი შენი ნერვების მოშლაა“, – განაცხადა ფეხბურთელის დედამ ლიუსია რიბეირუმ.

ბექა დოგრაშვილი

დანი ალვესს ადრიანა ლიმაც გამოექომაგა

საფეხბურთო სამყაროში აგორებულ ანტირასისტულ კამპანიას შეუერთდა ცნობილი ბრაზილიელი სუპერმოდელი ადრიანა ლიმაც.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის პრიმერადივიზიონის 35-ე ტურში „ვილიარეალსა“ და „ბარსელონას“ შორის გამართული მატჩის (2:3) მიმდინარეობისას დანი ალვესს ტრიბუნიდან ბანანი ესროლეს. ალვესმა სიტუაცია იუმორისტულად შეაფასა და მოედანზე გადმოგდებული ბანანი მიირთვა. „ვილიარეალის“ უსაფრთხოების სამსახურის წევრებმა ხულიგანი ამოიცნეს და მას მთელი ცხოვრების მანძილზე „ელ მადრიგალზე“ შესვლა აუკრძალეს.

დანი ალვესს ცნობილმა ფეხბურთელებმა მხარი დაუჭირეს და ააგორეს ანტრასისტული აქცია სახელწოდებით „ჩვენ ყველანი მაიმუნები ვართ“.

კამპანიას ადრიანა ლიმაც შეუერთდა. მოდელმა სოციალურ ქსელში დაწერა:

„დღეს ბანანით შთაგონების დღე არის. მოკითხვას ვუძღვნი ჩემს ძვირფას ბრაზილიელ ძმებს – დანი ალვესსა და ნეიმარს“.

„რასისტი არ ვარ“

კვირას, „ვილიარეალსა“ და „ბარსელონას“ შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას დანი ალვესს ტრიბუნიდან ბანანი ესროლეს. „ვილიარეალის“ უსაფრთხოების სამსახურმა ბანანის მსროლელი ამოიცნო და მას მთელი სიცოცხლის განმავლობაში „ელ მადრიგალზე“ გამართულ საფეხბურთო მატჩებზე დასწრება აუკრძალა. გარდა ამისა, გულშემატკივარს სპორტში რასიზმის, ქსენოფობიისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ მომუშავე ნაციონალური კომისიის წინაშე წარსდგომა მოუწევს, რის შემდეგაც შესაძლოა, სასჯელი კიდევ უფრო დამძიმდეს. კერძოდ, საუბარია ესპანეთის მასშტაბით ყველა სტადიონზე შესვლის აკრძალვასა და სოლიდურ ჯარიმაზე.

ბანანის მსროლელმა დანაშაული აღიარა და დანი ალვესს ბოდიში მოუხადა.

„რასისტი არ ვარ, იმპულსური მომენტი იყო“, – ციტირებს „ელ პაისი“ გულშემატკივრის სიტყვებს, რომელმაც დაამატა, რომ მომხდარის გამო დეპრესიაშია, სცხვენია.

ბექა დოგრაშვილი

მოედანზე ბანანის მსროლელს მკაცრი სანქცია დაუწესეს

„ვილიარეალის“ უსაფრთხოების სამსახურის წევრებმა იმ პირის იდენტიფიცირება მოახდინეს, რომელმაც კვირას, „ბარსელონას“ წინააღმდეგ გამართული მატჩის მიმდინარეობისას დანი ალვესს ბანანი ესროლა. გულშემატკივრის მიმართ მკაცრი სანქცია დააწესეს, ბანანის მსროლელს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ეკრძალება საფეხბურთო მატჩზე დასწრება.

თავად ალვესმა სიტუაცია იუმორისტულად შეაფასა და მოედანზე გადმოგდებული ბანანი მიირთვა.

მატჩის შემდეგ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა განაცხადა:

„არ ვიცი, ვინ გადმოაგდო, მაგრამ მადლობელი ვარ, რადგან ბანანმა ენერგია შემძინა ბურთის ჩაწოდებისას, რომელსაც გოლი მოყვა.

11 წელიწადია, ესპანეთში ვცხოვრობ და 11 წელიწადია, ასეთ გონებაჩლუნგებზე ვიცინი“.

ბექა დოგრაშვილი

ფეხბურთელებმა ანტირასისტული კამპანია ააგორეს

გუშინ, „ვილიარეალსა“ და „ბარსელონას“ შორის გამართულ მატჩში (2:3) კატალონიელთა მცველ დანი ალვესს ტრიბუნიდან ბანანი ესროლეს. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ინციდენტი იუმორისტულად შეაფასა და მოედანზე გადმოგდებული ბანანი მიირთვა.

„არ ვიცი, ვინ გადმოაგდო, მაგრამ მადლობელი ვარ, რადგან ბანანმა ენერგია შემძინა ბურთის ჩაწოდებისას, რომელსაც გოლი მოყვა.

11 წელიწადია, ესპანეთში ვცხოვრობ და 11 წელიწადია, ასეთ გონებაჩლუნგებზე ვიცინი“, განაცხადა მატჩის შემდეგ დანი ალვესმა.

გუშინდელი ინციდენტის შემდეგ ცნობილმა ფეხბურთელებმა ანტირასისტული კამპანია ააგორეს, სოციალურ ქსელებში დანი ალვესისადმი მხარდამჭერ კომენტარებს აქვეყნებენ და ბანანით ფოტოებს იღებენ.

ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ უსიამოვნო ფაქტს გამოეხმაურა, „ბარსელონას“ ბრაზილიელი ლიდერი ნეიმარი გახლავთ.

„ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ, ჩვენ ყველანი მაიმუნები ვართ. უთხარი რაისზმს „არა“. ძალიან სამწუხაროა, რომ 2014 წელსაც კი ვხვდებით ასეთ გამოხტომებს. ამ ფოტოთი მხარს ვუჭერ დანი ალვესს. თუ თქვენც მეთანხმებით, გადაიღეთ ფოტო ბანანის ჭამის პროცესში. გამოვიყენოთ მათ წინააღმდეგ ის, რასაც ისინი იყენებენ ჩვენს წინააღმდეგ“, – დაწერა სოციალურ ქსელში ნეიმარმა.

კამპანიას შეუერთდნენ „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი სერხიო აგუერო და ქალთა ფეხბურთის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი მარტა.

„ჩემს ბრაზილიელ კოლეგა მარტასთან ერთად ვამბობ: „არა რასიზმს“. ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ“, – აგუერომ კომენტარი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელები დავიდ ლუისი, ვილიანი და ოსკარი ანტირასისტულ აქციას შეუერთდნენ და ბანანით ხელში ვიდეო გადაიღეს, რომელიც მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა.

დანი ალვესს მხარს უჭერს სანკტ-პეტერბურგის ბრაზილიელი თავდამსხმელი ჰალკიც. „ჩემი ძმისთვის“, – დაწერა ჰალკმა სოციალურ ქსელში.

ანტირასისტულ აქციას უერთდებიან „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ფეხბურთელები მუსა დემბელე და ნასერ შადლი.

„არა რასიზმს, ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ“, – აქციას რობერტო კარლოსიც შეუერთდა.

კამპანიას „ლივერპულის“ ფეხბურთელები – ფილიპე კოუტინიო და ლუის სუარესიც შეუერთდნენ.

ბექა დოგრაშვილი

დანი ალვესმა კატალონიელთა ქომაგობა დაიწუნა

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 22-ე ტურში „ბარსელონამ“ „ვალენსიას“ უმასპინძლა და სენსაციურად, ანგარიშით 2:3 დამარცხდა. მატჩის შემდეგ კატალონიელთა ბრაზილიელმა მცველმა დანიელ ალვესმა ქომაგობა დაიწუნა.

„საკუთარ თავში დარწმუნებულნი ვართ. როდესაც გუნდი გამუდმებით იგებს და მოულოდნელად დამარცხდება, ეს ძალიან რთული გადასატანია, მაგრამ „ბარსელონას“ ძალაში ეჭვი არავის შეეპაროს.

რაც შეეხება ქომაგობას, გულშემატკივრებმა გუნდს უფრო აქტიურად უნდა დაგვიჭირონ მხარი. ხანდახან მგონია, რომ სახლიდან ძალიან შორს ვთამაშობთ“, – დანი ალვესის სიტყვებს სპორტული ინტერნეტ-პორტალი Sport.es ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი

დანი ალვეში: „რონალდუ სხვებზე ძლიერია, მაგრამ „ოქროს ბურთს“ არ იმსახურებს“

„ბარსელონას“ მცველმა დანი ალვეშმა საკუთარი მოსაზრება გამოთქვა იმის შესახებ, თუ ვის უნდა გადაეცეს „ოქროს ბურთი“.

ბრაზილიელი ფეხბურთელის თქმით, კრიშტიანო რონალდუს სხვებთან შედარებით უპირატესობა აქვს, თუმცა არსებობს ერთი „მაგრამ“.

„კრიშტიანო რონალდუ, რა თქმა უნდა, ამ დროისთვის სხვებს აღემატება, თუმცა თუ მესის არ მისცემენ „ოქროს ბურთს“, ჯილდო ფრანკ რიბერის უნდა გადაეცეს. მე ასე მოვიქცეოდი, რადგან „ოქროს ბურთის“ მისაღებად გუნდთან ერთად რაიმე ტიტული უნდა გქონდეს მოგებული“, – ციტირებს დანიელ ალვეშის სიტყვებს Football Espana.

თავად რონალდუ ზეპ ბლატერთან მომხდარი ინციდენტის გამო დაჯილდოების ცერემონიალზე მისვლას არ აპირებს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ფიფამ და ჟურნალმა „ფრანს ფუტბოლმა“ დაბალი აქტივობის გამო „ოქროს ბურთის“ გამოკითხვის პერიოდი გაახანგრძლივა.

კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 2014 წლის 13 იანვარს, ციურიხში შედგება.

ბექა დოგრაშვილი