„ოქროს ბურთი 2015“ — ვის ერგო ქართველთა ხმები

როგორც მოგეხსენებათ, „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულის ვინაობა ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელების, კაპიტნებისა და სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგების დაჯამებით ვლინდება. ცნობილი გახდა, თუ ვის ერგო ქართველთა ხმები.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ასეთი არჩევანი გააკეთა: 1. ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა); 2. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია); 3. რობერტ ლევანდოვსკი („ბაიერნი“, პოლონეთი).

საქართველოს ნაკრების კაპიტან ჯაბა კანკავას ხმები ასე გადანაწილდა: 1. ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა); 2. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია); 3. მანუელ ნოიერი („ბაიერნი“, გერმანია).

საქართველოს მხრიდან ჟურნალისტმა ზურაბ ფოცხვერიამ ხმები შემდეგნაირად გაანაწილა: 1. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია); 2. ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა); 3. ლუის სუარესი („ბარსელონა“, ურუგვაი).

 

“ოქროს ბურთის” პრეტენდენტთა 23-კაციანი სია

ფიფას ოფიციალურ ვებგვერდზე იმ 23 ფეხბურთელის სია გამოქვეყნდა, რომლებიც “ოქროს ბურთისთვის” იბრძოლებენ.

სიაში ყველაზე მეტი წარმომადგენელი “ბარსელონას” ჰყავს — ექვსი ფეხბურთელი, მადრიდის “რეალიდან” და მიუნხენის “ბაიერნიდან” კი 5-5 მოთამაშეა შეყვანილი.

დეკემბრის დასაწყისში იმ სამი მოთამაშის ვინაობა დასახელდება, რომლებიც “ოქროს ბურთის” პრეტენდენტთა საბოლოო სიაში შევლენ.

სრული სია ამგვარად გამოიყურება:

სერხიო აგუერო (არგენტინა, “მანჩესტერ სიტი”), გარეტ ბეილი (უელსი, “რეალი”), კარიმ ბენზემა (საფრანგეთი, “რეალი”), კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია, “რეალი”), კევინ დე ბრეინე (ბელგია, “მანჩესტერ სიტი”), ედენ აზარი (ბელგია, “ჩელსი”), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი, “პარი სენ-ჟერმენი”), ანდრეს ინიესტა (ესპანეთი, “ბარსელონა”), ტონი კროოსი (გერმანია, “რეალი”), რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი, “ბაიერნი”), ხავიერ მასკერანო (არგენტინა, “ბარსელონა”), ლიონელ მესი (არგენტინა, “ბარსელონა”), ტომას მიულერი (გერმანია, “ბაიერნი”), მანუელ ნოიერი (გერმანია, “ბაიერნი”), ნეიმარი (ბრაზილია, “ბარსელონა”), პოლ პოგბა (საფრანგეთი, “იუვენტუსი”), ივან რაკიტიჩი (ხორვატია, “ბარსელონა”), არიენ რობენი (ჰოლანდია, “ბაიერნი”), ხამეს როდრიგესი (კოლუმბია, “რეალი”), ალექსის სანჩესი (ჩილე, “არსენალი”), ლუის სუარესი (ურუგვაი, “ბარსელონა”), იაია ტურე (კოტ დივუარი, “მანჩესტერ სიტი”), არტურო ვიდალი (ჩილე, “ბაიერნი”).

“ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, 11 იანვარს გაიმართება.

 

“ოქროს ბურთის” პრეტენდენტთა გაფართოებული სია

ევროპულმა გამოცემებმა “ოქროს ბურთის” პრეტენდენტთა გაფართოებული სია გამოაქვეყნეს. სიაში ყველაზე მეტი წარმომადგენელი მადრიდის “რეალსა” და “ბარსელონას” ჰყავთ — 7-7 ფეხბურთელი.

ოქტომბრის ბოლოს ფიფა სიას 23 კაცამდე შეამცირებს, დეკემბრის დასაწყისში კი იმ სამი მოთამაშის ვინაობა დასახელდება, რომლებიც “ოქროს ბურთის” პრეტენდენტთა საბოლოო სიაში შევლენ.

სრული სია ამგვარად გამოიყურება:

კლაუდიო ბრავო, ხავიერ მასკერანო, ანდრეს ინიესტა, ლიონელ მესი, ნეიმარი, ივან რაკიტიჩი, ლუის სუარესი (ყველა – “ბარსელონა”), ჯორჯო კიელინი, პოლ პოგბა, ალვარო მორატა (ყველა – “იუვენტუსი”), არტურო ვიდალი (“იუვენტუსი”/”ბაიერნი”, ანდრეა პირლო (“იუვენტუსი”/”ნიუ იორკ სიტი”), კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”/”ბოკა ხუნიორსი”), რობერტ ლევანდოვსკი, არიენ რობენი, დავიდ ალაბა, ტომას მიულერი, მანუელ ნოიერი (ყველა – “ბაიერნი”), გარეტ ბეილი, კარიმ ბენზემა, ტონი კროოსი, ლუკა მოდრიჩი, სერხიო რამოსი, ხამეს როდრიგესი, კრიშტიანუ რონალდუ (ყველა – “რეალი”), ედინსონ კავანი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ხავიერ პასტორე (ყველა – “პსჟ”), ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”), ჰენ მინ სონი (“ტოტენჰემი”/”ლევერკუზენი”), ვილფრიდ ბონი, იაია ტურე, სერხიო აგუერო (ყველა – “მანჩესტერ სიტი”) , ნიკოლას ოტამენდი (“ვალენსია”/”მანჩესტერ სიტი”), კევინ დე ბრეინე (“ვოლფსბურგი”/”მანჩესტერ სიტი”), დიეგო კოსტა, ვილიანი, ტიბო კურტუა, ედენ აზარი (ყველა – “ჩელსი”), უეინ რუნი, დავიდ დე ხეა (ორივე – “მანჩესტერ იუნაიტედი”), მემფის დეპაი (პსვ/”მანჩესტერ იუნაიტედი”), დავიდ ოსპინა, ალექსის სანჩესი (ორივე – “არსენალი”), ფილიპე კოუტინიო (“ლივერპული”), ანტუან გრიზმანი, ჯექსონ მარტინესი (“ატლეტიკო”), კარლოს ბაკა (“სევილია”/”მილანი”), ჯოვანი დოს სანტოსი (“ვილიარეალი”, “ლოს ანჯელეს გალაქსი”), ხოსე პაოლო გერერო (“ფლამენგო”/”კორინთიანსი”), ედუარდო ვარგასი (“ქპრ”/”ჰოფენჰაიმი”), გარი მედელი (“ინტერი”), ალექსანდრ ლაკაზეტი (“ლიონი”), ანდრეს გუარდადო (პსვ), კარლოს სანჩესი (“რივერ პლეიტი”), მასიმო ლუონგო (“სუინდონ თაუნი”), სინძი ოკაძაკი (“მაინცი”/”ლესტერი”), ანდრე აიუ (“მარსელი”/”სუონსი”), კრისტიან ატსუ (“ევერტონი”/”ბორნმუთი”).

“ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, 11 იანვარს გაიმართება.

 

“ოქროს ბურთის” ცერემონიალის თარიღი ცნობილია

ფიფამ “ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონიალის თარიღი გამოაცხადა. ღონისძიება შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, 11 იანვარს გაიმართება.

ამ დღეს პრიზები გადაეცემათ წლის საუკეთესო მამაკაც და ქალ ფეხბურთელებსა და მამაკაცთა და ქალთა ფეხბურთში მომუშავე საუკეთესო მწვრთნელებს. გარდა ამისა, გამოვლინდება წლის ყველაზე ლამაზი გოლი, რომლის გამტანსაც ფერენც პუშკაშის სახელობის ჯილდო გადაეცემა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში “ოქროს ბურთი” მადრიდის “რეალის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ მოიგო.

 

„ოქროს ბურთი 2014“ — ვის ერგო ქართველთა ხმები

როგორც მოგეხსენებათ, „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულის ვინაობა ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელების, კაპიტნებისა და სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგების დაჯამებით ვლინდება. ცნობილი გახდა, თუ ვის ერგო ქართველთა ხმები.

გამოკითხვაში საკუთარი არჩევანი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ პოსტის დატოვებამდე რამდენიმე კვირით ადრე გააკეთა. მისი ხმები ასე გადაანაწილა: 1. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია); 2. მანუელ ნოიერი („ბაიერნი“, გერმანია); 3. არიენ რობენი („ბაიერნი“, ჰოლანდია).

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ ასეთი არჩევანი გააკეთა: 1. ანდრეს ინიესტა („ბარსელონა“, ესპანეთი); 2. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია); 3. ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა).

საქართველოს მხრიდან ჟურნალისტმა ზურაბ ფოცხვერიამ ხმები შემდეგნაირად გაანაწილა: 1. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია); 2. ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა); 3. გარეტ ბეილი („რეალი“, უელსი).

აქვე შეგიძლიათ იხილოთ გამოკითხვის შედეგების სრული სია: „ოქროს ბურთის“ შედეგები

 

მიშელ პლატინი: „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულის გამოვლენა წელს ყველაზე რთული იქნება“

უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი თვლის, რომ „ოქროს ბურთის გამარჯვებულის გამოვლენა წელს ძალიან რთული იქნება. თავად ფრანგი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ეს ჯილდო მიჯრით სამჯერ დაისაკუთრა – 1983, 1984 და 1985 წლებში.

„ჩემი აზრით, ფავორიტები არიან ლეო მესი, კრიშტიანო რონალდუ და ფრანკ რიბერი. მესი და რონალდუ ფანტასტიურად თამაშობენ, რიბერიმ კი ყველაფერი მოიგო, რაც შესაძლებელი იყო.

სამივე დიდებული ფეხბურთელია. „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულის გამოვლენა წელს ყველაზე რთული იქნება, ვიდრე აქამდე ყოფილა.

გამოკითხვის ხანგრძლივობის გაზრდის ინიციატორი ფიფა გახლდათ და ეს კრიშტიანო რონალდუს მიერ შვედეთის ნაკრების კარში გატანილ ჰეთ-თრიკს დაემთხვა.  არ არის გამორიცხული, ფიფას ეს რონალდუს მოსათაფლად გაეკეთებინა. (იცინის).

გამიკვირდა, როცა 2010 წელს ჯილდო ესპანელმა ფეხბურთელმა ვერ მოიგო. ჩემი აზრით, მაშინ პრიზს ჩავი და ინიესტა იმსახურებდნენ. საბოლოო ჯამში, ჯილდო მესის ერგო. ლეოც დიდებული მოთამაშეა, თუმცა ვთვლი, რომ გამარჯვებული ესპანეთის ნაკრების წევრი უნდა ყოფილიყო“, – პლატინის სიტყვები ესპანურმა AS-მა გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

რონალდუ: „ტელეფონი არ მაქვს“

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდუმ განაცხადა, რომ ზეპ ბლატერი მას ბოდიშის მოსახდელად ვერ დაურეკავდა, რადგან პორტუგალიელს ტელეფონი არ აქვს. რონალდუმ აღნიშნა, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელთან დაკავშირებული ისტორია ნაკლებად აინტერესებს. დაახლოებით ერთი თვის წინათ, ოქსფორდის უნივერსიტეტში, ბლატერმა რონალდუს მესისთან შედარებისას აღნიშნა, რომ მას არგენტინელი ფეხბურთელი ურჩევნია, რადგან მესი მოედანზე უკეთ იქცევა, თამაშის მანერითაც სჯობს თავის პორტუგალიელ კონკურენტს, რონალდუ კი ვარცხნილობას უთმობს დიდ ყურადღებას.
მოგვიანებით ბლატერმა ამ სიტყვებისთვის ბოდიშიც მოიხადა.

რადიო „მარკას“ ჟურნალისტი პაკო გარსია კარიდადი დაინტერესდა, დაურეკა თუ არა ბლატერმა რონალდუს პირადად ბოდიშის მოსახდელად.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ასეთი პასუხი გასცა:

„ტელეფონი არ მაქვს. (იცინის) ჩემს მდივანს კი აქვს, მაგრამ მე არ ვიყენებ. არ მადარდებს“.

ესპანური გამოცემა „მარკას“ მიერ დაწესებული ალფრედო დი სტეფანოს ჯილდო, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელისთვის არის განკუთვნილი, გუშინ სწორედ რონალდუს გადაეცა.

ჟურნალისტი იმითაც დაინტერესდა, დაესწრება თუ არა რონალდუ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალს. პორტუგალიელმა ამ კითხვას თავი დიპლომატიურად აარიდა.

„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დი სტეფანოს ჯილდოს მიღება. დიდი პატივია, რომ პრიზი თავად მან გადმომცა. ძალიან გახარებული ვარ. აი, რა არის ჩემთვის ღირებული“.

 

ბექა დოგრაშვილი

ვინ მიიღებს „ოქროს ბურთს“?

დაახლოებით ორ თვეში ჩვენ გავიგებთ, თუ ვინ არის 2013 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. ფიფამ „ოქროს ბურთისთვის“ მებრძოლ ფეხბურთელთა გაფართოებული სია უკვე გამოაქვეყნა. ნოემბრის ბოლოს ჟიურის თითოეულ წევრს ელექტრონული ფოსტით ფიფასგან წერილი მიუვა, რომელშიც 23-კაციანი სია იქნება, მან კი მისთვის სასურველი სამი ფეხბურთელი უნდა ამოირჩიოს და შესაბამისი ქულები დაუწეროს. ფიფა მიღებული ხმებს დააჯამებს და სამი  მოთამაშის ვინაობას გაამხელს, რომელთაც უკვე რეალურად ექნებათ ჯილდოს დასაკუთრების შანსი. წინასწარ უკვე სახელდება, თუ ვინ იქნება აღნიშნული სამი ფეხბურთელი: ლიონელ მესი, კრიშტიანო რონალდუ და ფრანკ რიბერი. სამივე მათგანს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, თუმცა საინტერესოა, „ოქროს ბურთის“ კრიტერიუმებით, რომელს უფრო დიდი შანსი აქვს.

„ოქროს ბურთის“ კრიტერიუმები
პირველ რიგში, ყურადღება ექცევა ფეხბურთელის ინდივიდუალურ მიღწევებს. მაგალითად, თუ მოთამაშემ ბევრი გოლი გაიტანა, ეს აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული. შემდეგ აქცენტი კეთდება გუნდურ მიღწევაზე. მაგალითად, თუ გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ესე იგი მის რიგებში მოთამაშე ფეხბურთელმა ამ წარმატებაში გარკვეული წვლილი შეიტანა. მესამე – ფეხბურთელის ავტორიტეტი თანაგუნდელებს შორის, გამოცდილება, იმიჯი, რეპუტაცია. აი, ზეპ ბლატერმა ცოტა ხნის წინათ თქვა, მესი ნამდვილი ფეხბურთელის განსახიერებაა, რონალდუ კი ვარცხნილობას ზედმეტ ყურადღებას უთმობსო. ფიფას პრეზიდნეტს ასეთი განცხადების გაკეთება არ ეკადრება, თუმცა ამ სიტყვებში სიმართლის მარცვალი შეიძლება ერიოს კიდეც.

კანდიდატები
ზემოთ დასახელებულ სამ კანდიდატს შორის გამოკვეთილი ფავორიტი არ არის. მანამდე მესი უპირობო იყო ხოლმე, რადგან მისი „ბარსელონა“ თითქმის ყველაფერს იგებდა, თუმცა 2013 წელს სიტუაცია ოდნავ შეიცვალა. კატალონიურმა გუნდმა ესპანეთის პრიმერადივიზიონი კი მოიგო, მაგრამ ევროსარბიელზე მიუნხენის „ბაიერნისგან“ ისეთი სირცხვილი ჭამა, რომ მის დავიწყებას წლები დასჭირდება. კრიშტიანო რონალდუ? კი ბატონო, შესანიშნავი ფეხბურთელია, მესის მსგავსად, ისიც ბევრს იტანს, მაგრამ 2013 წელს მისი გუნდი ყველა ფრონტზე ხელმოცარული დარჩა.

ამ წელს არც მსოფლიოს და არც ევროპის ჩემპიონატი არ ყოფილა. არადა, „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულის შერჩევისას ასეთი მასშტაბური ტურნირის გავლენა საკმოდ დიდია ხოლმე.

რა შეიძლება ითქვას ფრანკ რიბერიზე? „ბაიერნმა“ მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა და ამაში ლომის წილი დაიდო ფრანგმა: ჩემპიონთა ლიგა, ბუნდესლიგა, გერმანიის თასი. რიბერიმ 2012/13 წლების სეზონის ლიგასა და ბუნდესლიგის გათამაშებაში ერთად 19 საგოლე გადაცემა გააკეთა. შეგახსენებთ, რომ დორტმუნდის „ბორუსიასთან“ გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში პირველი საგოლე შეტევა სწორედ მისი გადაცემით დაიწყო, ეპიზოდი კი მარიო მანჯუკიჩმა დააგვირგვინა. გამარჯვების გოლი არიენ რობენმა ისევ რიბერის პასით გაიტანა. რიბერი 2013 წლის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს. ასეთი სეზონი ფრანგს ჯერ არ ჰქონია. ის მოპოვებული ტიტულების მხრივ კონკურენტებს აშკარად სჯაბნის, თუმცა მესამე კრიტერიუმში, რაც ფეხბურთელის რეპუტაციას ითვალისწინებს, რიბერის საქმე არც თუ ისე კარგად აქვს. როგორც მოგეხსენებათ, ფრანგმა ნახევარმცველმა ერთ-ერთი დაბადების დღის აღნიშვნა 17 წლის მეძავ ზაჰი დაჰართან გადაწყვიტა. შემდეგ ფაქტს ასეთი ახსნა მოუძებნა: „არ ვიცოდი, რომ ის არასრულწლოვანი იყო“. ფრანგული კანონის თანახმად, ასეთი კავშირი ჯარიმასთან ერთად დაპატიმრებითაც ისჯება. ამ საქმის წარმოება ჯერ არ დასრულებულა. მომდევნო მოსმენა სწორედ იმ პერიოდშია ჩანიშნული, როცა „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია უნდა გაიმართოს – 2014 წლის იანვარში.

ფსიქოლოგიური ფაქტორი
არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ – ფსიქოლოგიური ფაქტორი. „ევროსპორტის“ გერმანული ბიუროს რედაქტორმა პატრიკ რაიხარდტმა თქვა, რომ მესისა და რონალდუს ტვინიდან ვერ ამოშლი და მათ იმ შემთხვევაშიც მისცემენ ხმას, თუ სეზონს ჩააგდებენო. ძნელია არ დაეთანხმო რაიხარდტს.

„ევროსპორტის“ ათი რედაქციის ჟურნალისტებს შორის დამოუკიდებელი გამოკითხვა ჩავატარეთ, რომლის მიზანსაც გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენა წარმოადგენდა. ევროპის ათი ქვეყნიდან რვაში მესიმ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. შემდეგი პოზიციები დაიკავეს რონალდუმ, ინიესტამ და ბეილმა. „ბაიერნიდან“ საუკეთესო მაჩვენებელი ბასტიან შვაინშტაიგერმა აჩვენა, რომელმაც მერვე ადგილი აიღო, რიბერი კი მხოლოდ მეცხრე პოზიციაზე გავიდა“, – აღნიშნა „ევროსპორტის“ გერმანული ბიუროს რედაქტორმა.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტორი ის გახლავთ, რომ გამოკითხვაში მონაწილეობს ფიფას ყველა წევრი ქვეყანა. არასაფეხბურთო ქვეყნებში ზოგჯერ ისიც არ იციან, თუ ვინ თამაშობს  მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე. როგორც წესი, არასაფეხბურთო ქვეყნების წარმომადგენლები ხმას იმას აძლევენ, ვისაც ტელევიზორში ხედავენ და არა იმას, ვინც რეალურად წარმოაჩენს საკუთარ თავს. მართალია, ამ ფაქტორს გარკვეული ცვლილების მოხდენა შეუძლია, თუმცა ხმას იმდენი ქვეყანა აძლევს, რომ გამარჯვებული მაინც ღირსეული ხდება ხოლმე.

ჩვენი ვარაუდი
გარკევული ანალიზის შემდეგ, ჩვენს პროგნოზსაც შემოგთავაზებთ. „ოქროს ბურთს“ მოიგებს ფრანკ რიბერი, რადგან გასულ სეზონში „ბაიერნის“ უპირატესობა სხვა გუნდებთან შედარებით განუზომელი იყო და ამ ყველაფრის ერთ-ერთი მთავარი მესაჭე სწორედ ფრანგი ფეხბურთელი გახლდათ.

რიბერისა და მესის მიკროდუელი ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ნახევარფინალურ ეტაპზე ვიხილეთ: წყვილის პირველ შეხვედრაში არგენტინელმა ფეხბურთელმა სახეირო ვერაფერი გააკეთა, მისი გუნდი კი ანგარიშით 0:4 განადგურდა, განმეორებით მატჩში კი არც უთამაშია. თითქოს ეს ერთგვარ კაპიტულაციას ჰგავდა, თითქოს ტიტო ვილანოვამ მესის სათადარიგოთა სკამზე დასმით აღიარა, რომ მეორე მატჩში შანსი აღარ ჰქონდა. მატჩის შემდეგ კატალონიელთა თავკაცმა აღნიშნა, რომ არგენტინელი ფეხბურთელი მთლად კარგად თავს ვერ გრძნობდა და გუნდსაც ვერ შეეშველებოდა. „ბაიერნმა“ შესანიშნავად, ერთი ამოსუნთქვით განვლო მთელი სეზონი, გუნდი კონკურენტებთან შედარებით მინიმუმ ერთი თავით მაღლა იდგა და ამაში რიბერის წვლილი განუზომელია. ის იყო ყველა ფრონტზე გამარჯვებული გუნდის ლიდერი. ეს გვაფიქრებინებს იმას, რომ პირველ ადგილზე სწორედ ფრანგი გავა, მეორეზე – მესი, რომელმაც პრიმერა მოიგო, მესამე პოზიციას კი რონალდუ დაიკავებს, რომელიც ტიტულის გარეშე დარჩა, თუმცა ინდივიდუალური თვალსაზრისით ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა.

რაც შეეხება წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდებას, ვფიქრობთ, ამ სტატუსს იუპ ჰაინკესს მიანიჭებენ – „ბაიერნის“ ამ გრანდიოზული წარმატების შემოქმედს, კაცს, რომელიც გუნდიდან გამარჯვებული წავიდა.

„ფიფას ოქროს ბურთი“ 2010 წლიდან მოქმედებს. მანამდე ჟურნალ „ფრანს ფუტბოლის“ „ოქროს ბურთი“ (ჟურნალისტთა გამოკითხვა) და „ფიფას წლის ფეხბურთელი“ (ნაკრებების თავკაცებისა და კაპიტნების გამოკითხვა) განსხვავებული ჯილდოები გახლდათ. გამოკითხვის წესის მიხედვით, ჟიურის თითოეული წევრი 23-კაციანი სიიდან მისთვის სასურველ 3 მოთამაშეს ირჩევს (5 ქულას ანიჭებს პირველადგილოსანს, 3-ს – მეორეადგილოსანს და ერთს – მესამეადგილოსანს).

ცნობისთვის, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 2014 წლის 13 იანვარს შედგება.

ბექა დოგრაშვილი