ვან გაალი: “მუნდიალის ფავორიტები არგენტინა, ბრაზილია და გერმანია არიან”

ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა 2014 წლის მუნდიალის ფავორიტებზე ისაუბრა. ჰოლანდიელმა სპეციალისტმა არგენტინის, ბრაზილიის და გერმანიის ნაკრებები გამოყო.

“მუნდიალების ისტორიას თუ გავითვალისწინებთ, გათამაშების ფავორიტები არგენტინა და ბრაზილია არიან. თამაშის დონით კი მათ გერმანიის ნაკრებიც ემატება, რომელიც ძალიან მაღალი დონის მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული. პირველ რიგში ეს “ბაიერნის” ფეხბურთელებს ეხებათ” – განაცხადა ვან გაალმა.

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-6 ნომერი გამოქვეყნდა

დღეს კვირა დღეა, შესაბამისად, გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეექვსე ნომერი, რომელიც ოდნავ სახეცვლილია. ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ჟურნალი ამიერიდან აღარ შემოგთავაზებთ ცნობილი ფეხბურთელების ფერად პოსტერებს. ორი ალტერნატივა გვქონდა: ან ეს შუა ორი გვერდი უნდა გაგვეუქმებინა და ჟურნალის ფორმატი შეგვემცირებინა, ან პოსტერის ნაცვლად თქვენთვის სხვა რუბრიკა შემოგვეთავაზებინა. ამ ეტაპზე გადაწყდა, რომ პოსტერის ნაცვლად ეს ორი გვერდი დაეთმობა კვირის საფეხბურთო ამბებსა და ომარ მომანის კვირის კარიკატურების განხილვას. საერთოდ კი, დღევანდელ ნომერში წაიკითხავთ:

მანუელ ნოიერი: „კარში დგომა არ მინდოდა“ (ინტერვიუ)
ქართული ფეხბურთის განვითარების პროგრამა
კვირის ამბები მოკლედ
კვირის კარიკატურები
ფეხბურთოლოგია
რამდენი წლისაა ჯოზეფ  მინალა?

   კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

16 თებერვლის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

გურამ კაშია: „მოხარული ვარ, რომ „ვიტესს“ ჩემი გოლით დავეხმარე“

როგორც მოგეხსენებათ, ჰოლანდიის ერედივიზიონის 21-ე ტურში როტერდამის „ფეინოორდსა“ და არნემის „ვიტესს“ შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. მასპინძლები 39-ე წუთიდან იგებდნენ, თუმცა შეხვედრის 57-ე წუთზე გურამ კაშიამ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და „ვიტესს“ ქულა მოუტანა.

ჰოლანდიური კლუბის ქართველმა კაპიტანმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„იმედგაცრუებული არ ვარ, თუმცა არც კმაყოფილი არ გახლავართ. აქ ქულის მოპოვება ყველა გუნდს უჭირს. ჩვენი საუკეთესო თვისებები გამომავლინეთ, განსაკუთრებით ეს მეორე ტაიმში მოვახერხეთ. დიდი მუშაობა გავწიეთ და ვფიქრობ, რომ არც ერთი ქულაა ურიგო შედეგი.

მშვენიერი გოლი გავიტანე. ვცდილობდი, რომ გამეტანა და მოხარული ვარ, რომ გუნდს ჩემი გოლით დავეხმარე.

ვამაყობ, რომ ჩემს გუნდს ჩემპიონატის ბოლო 12 მატჩში არცერთი მარცხი არ აქვს. ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ვამაყობ ჩემი გუნდით, ეს ჩვენი მუშაობის შედეგია“, – აღნიშნა გურამ კაშიამ.

21 ტურის შემდეგ მეორეადგილოსან „ვიტესს“ აქტივში 42 ქულა აქვს და და ერთი ქულით ჩამორჩება ლიდერ ამსტერდამის „აიაქსს“, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ბექა დოგრაშვილი

„ვიტესის“ ხელმძღვანელობა კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა

არნემის „ვიტესის“ ხელმძღვანელობა ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. საქმე იმაში გახლავთ, რომ არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, სადაც ჰოლანდიური კლუბი შეკრებას გადის, „ვიტესის“ 25 წლის ებრაელი მცველი დინ მორი არ შეუშვეს. ამის მიუხედავად, კლუბმა სეზონის მეორე წრისთვის მოსამზადებელი ეტაპის ადგილმდებარეობის შეცვლა არ მოისურვა.

მორი იძულებული გახდა, ჰოლანდიაში დაბრუნებულიყო, სადაც ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ვარჯიშობს. „ვიტესში“ აღნიშნეს, რომ არაბეთის გაერთიანებული საემიროების მთავრობამ ებრაელი ფეხბურთელის ქვეყანაში შესვლაზე თავდაპირველად სიტყვიერი თანხმობა კი განაცხადა, თუმცა მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება შეცვლეს და მორი სახელმწიფო ტერიტორიაზე აღარ შეუშვეს.

ცნობისთვის, გუნდთან ერთად აბუ-დაბიში შეკრებას გადიან კლუბის ქართველი ფეხბურთელები: გურამ კაშია, ვაკო ყაზაიშვილი და გიორგი ჭანტურია.

ბექა დოგრაშვილი

ჰოლანდიის ნაკრების საგარეო ფორმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე

ურუგვაულმა პორტალმა Todo Sobre Camisetas-მა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე, ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების საგარეო ფორმის სურათი გაავრცელა.

holandi

ედგარ დავიდსმა მოთამაშის კარიერა დაასრულა

ცნობილმა ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა ედგარ დავიდსმა კარიერა დაასრულა.

40 წლის ფეხბურთელი ინგლისურ კლუბ „ბარნეტში“ მოთამაშე-მწვრთნელის ფუნქციას ასრულებდა. უკანასკნელ მატჩში, რომელიც ინგლისის მეხუთე დივიზიონის კლუბმა „სოლსბერი სიტის“ წინააღმდეგ გამართა (3:1), დავიდსი მოედნიდან გააძევეს. ეს ამ სეზონში ჰოლანდიელი ფეხბურთელის უკვე მესამე გაძევება იყო. დავიდსმა აღნიშნა, რომ ინგლისში მსაჯები მას უსამართლოდ ექცევიან და კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებაც მიიღო. ახლა ის მთლიანად სამწვრთნელო მუშაობით დაკავდება.

შეგახსენებთ, რომ დავიდსი იცავდა „აიაქსის“, „იუვენტუსის“, „მილანის“, „ინტერის“, „ბარსელონას“, „ტოტენჰემისა“ და „კრისტალ პალასის“ ღირსებას. მას მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა, უეფას თასი, უეფას სუპერთასი, აგრეთვე იტალიისა და ჰოლანდიის ჩემპიონატები.

ბექა დოგრაშვილი

დელ ბოსკე: „ჰოლანდიასთან სერიოზული ბრძოლა გველის“

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის შდეგების თაობაზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ „ფურია როხას“ ჯგუში ჰოლანდიის, ჩილესა და ავსტრალიის ნაკრებები მოხვდნენ.
„ჯერ კიდევ კენჭისყრამდე, ვამბობდი, რომ ჰოლანდიის ნაკრებთან ერთ ჯგუფში მოვხვდებოდით. ყველაფერი ასეც მოხდა. ბოლო დროს ეს ნაკრები ცოტა შეიცვალა. თუმცა, მას რობენი, ვან პერსი, ვან დერ ვაარტი და სნეიდერი კვლავ ეყოლება. ასე რომ, წინ ურთულესი მატჩი გველის“, – განაცხადა ფეხბურთის ესპანელმა სპეციალისტმა.
ალექსანდრე მატევოსოვი

რობენი: “კასილიასისთვის გოლის გატანის შანსი კიდევ ერთხელ მექნება”

ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელი არიენ რობენი მუნდიალზე იკერ კასილიასისთვის აპირებს გოლის გატანას.

“ბაიერნის” მოთამაშეს ამის შანსი ნამდვილად ექნება. წილისწყრის შედეგად, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ლუი ვან გალის ნაკრების მოწინააღმდეგეები ავსტრალიის, ჩილეს და ესპანეთის ნაკრები გუნდები იქნებიან.

“კასილიასის კარში გოლის გატანის საშუალება კიდევ ერთხელ მომეცემა. ესპანეთი ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე იქნება, ჩილეს გუნდი კი ყველაზე სახიფათო. მუნდიალის მთავარი ფავორიტი, ჩემი აზრით, ბრაზილიის ნაკრები იქნება” –  განაცხადა რობენმა.

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ესპანეთსა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის, არიენ რობენი კასილიასთან პირისპირ დარჩა, თუმცა ესპანელმა მეკარემ ჰოლანდიელს არ გაატანინა.

ვასილ მაისურაძე: “აქცენტს პირველ მატჩზე ვაკეთებთ”

13 ნოემბრიდან, საქართველოში, ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები ჩატარდება. ტურნირის შეხვედრები “მიხეილ მესხსა” და “დინამო არენაზე” გაიმართება. საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგეები მოლდოვის, ჰოლანდიისა და უელსის ნაკრებები იქნებიან.

ტურნირის დაწყების წინ, 12 ნოემბერს, “მიხეილ მესხზე” ოთხივე გუნდის მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართეს.

ვასილ მაისურაძე (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “აქცენტს პირველ მატჩზე ვაკეთებთ. ამჟამად, მხოლოდ უელსის ნაკრებთან გასამართ შეხვედრაზე ვფიქრობთ. ტურნირის ფავორიტების დასახელებისგან თავს შევიკავებ. ოთო გოშაძე დაშავდა, მაგრამ სხვა ფეხბურთელები თავს კარგად გრძნობენ.”

ჯეფ ვუდი (უელსის ნაკრების მეკარეების მწვრთნელი): “პირველი შთაბეჭდილებები დადებითია. ჩვენი მეტოქეების მსგავსად, კარგი შემადგენლობა გვყავს. იმედი მაქვს, რომ კარგი ტურნირი გამოვა.”

ვიმ ვან ზვამი (ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “მართალია, სექტემბერ-ოქტომბერში მატჩები ჩავატარეთ, მაგრამ ხვალ ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში გველის. ამ დროისთვის, მხოლოდ მოლდოვის ნაკრებზე ვფიქრობთ. ყველა მეტოქეს პატივს ვცემთ. ჩემი აზრით, ასეთ ტურნირებზე, შესაძელებელია, ყველაფერი მოხდეს.”

იური ოსპინენკო (მოლდოვის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “მოლდოვასა და საქართველოს ერთმანეთთან ბევრი რამ აკავშირებს, ამიტომ აქ თავს ისე ვგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში. გვინდა, ტურნირზე ღირსეულად გამოვიდეთ.”

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები პირველ მატჩს ხვალ, უელსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა “მიხეილ მესხზე”, 14:00 საათზე დაიწყება.

დიტო ჭიჭინაძე

ქართველი 21-წლამდელები ჰოლანდიასთან განადგურდნენ

21-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ჰოლანდიას უმასპინძლა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა სტუმართა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 6:0 დასრულდა.

10 ოქტომბერი, 2013. თბილისი. სტადიონი „მიხეილ მესხი“

საქართველოU21 – ჰოლანდიაU21 0:6 (ეჩშ)

საქართველოU21: ნადირაძე, ტვილდიანი, უბილავა, კობახიძე, კვეკვესკირი, პაპავა, ყაზაიშვილი (ჯიღაური 62), პარუნაშვილი, სხირტლაძე (ფანცულაია 46), გ.ჭანტურია (კვერკველია 67), ანანიძე

მთ.მწვრთნელი – ალექსანდრე ჩივაძე

ჰოლანდიაU21: ჰანი, ბრენეტი, ვან დერ ჰოორნი, დენსვილი (ჰუპერტსი 66), აკე, ებეცილიო, პრომესი, ტრინდადე დე ვილენა, კასტანიოსი (კლაასენი 81), მაჰერი, ბოეტიუსი (ლეშერი 74)

მთ.მწვრთნელი – ალბერტ სტუივენბერგი

გოლები: ბოეტიუსი (14), კასტანიოსი (45, 48, 78), პრომესი (67, 71)

გაფრთხილება: დენსვილი, პარუნაშვილი

გაძევება: კვეკვესკირი (65)

მსაჯი: პაველ რაჩკოვსკი (პოლონეთი)

საქართველოს ნაკრებს 3 ქულით ჯგუფის მესამე ადგილი აქვს დაკავებული.
ევროშესარჩევის მომდევნო შეხვედრას საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 14 ოქტომბერს, დღის 3 საათზე, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე, შოტლანდიის ახალგაზრდულ ნაკრებთან გამართავს.

სფფ-ის პრესსამსახური

ვან გაალი: „ჰოლანდიელთა სამუნდიალო განაცხადში ადგილი მხოლოდ 3 მოთამაშეს აქვს გარანტირებული“

ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის განაცხადში ადგილი მისი გუნდის მხოლოდ სამ მოთამაშეს აქვს გარანტირებული. ჰოლანდიის ნაკრებმა უკვე მოიპოვა ბრაზილიის მუნდიალის საგზური. მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰოლანდიელებს ორი მატჩი დარჩათ ჩასატარებელი: 11 ოქტომბერს უნგრელებს უმასპინძლებენ, 15 ოქტომბერს კი თურქეთს ეწევევიან.

„მხოლოდ რობენს, სტროტმანსა და ვან პერსის აქვთ სამუნდიალო განაცხადში ადგილი გარანტირებული. დანარჩენებს იმის დამტკიცება მოუწევთ, რომ ბრაზილიაში წამოსვლის ღირსნი არიან. რაც შეეხება ვან დერ ვარტს, „ჰამბურგის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბერტ ვან მარვეიკის დანიშვნით, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. ეს თქვენ თვითონვე შეგიძლიათ ნახოთ“, – ვან გაალის სიტყვები „ბილდმა“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი