კასილასი: “ტიაგოს გოლის მომენტში შეცდომა არ დამიშვია”

მადრიდის “რეალის” მეკარე იკერ კასილასი თვლის, რომ ესპანეთის პრიმერადივიზიონის 22-ე ტურში “ატლეტიკოს” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (0:4) გაშვებული პირველი გოლის ეპიზოდში მას შეცდომა არ დაუშვია. მისი თქმით, მეტოქემ “რეალს” ყველა პარამეტრში აჯობა.

“ატლეტიკომ დაგვჯაბნა. მეტოქე გუნდი შექებას იმსახურებს, ჩვენმა მოწინააღმდეგემ იდეალური მატჩი ჩაატარა. იმედგაცრუებულნი ვართ, შეცდომები უნდა გამოვასწოროთ, რათა მომავალში ასეთი რამ აღარ განმეორდეს. ქომაგებს ბოდიშს ვუხდი. მძიმე მარცხი ვიწვნიეთ. ამბობენ, რომ პირველი გოლის მომენტში შეცდომა დავუშვი? ეს შეცდომა არ ყოფილა. ბურთი ნაჩოსა და ვარანს შორის გაძვრა და ამან გავლენა იქონია. ასეთი მძიმე შეხვედრები ცოტა გვქონია. “რეალ სოსიედადთან” განცდილი მარცხი მახსენდება (2:4). მომდევნო მატჩზე უნდა ვიფიქროთ”, – კასილასის სიტყვები “მარკამ” გამოაქვეყნა.

მადრიდის “რეალი” მომდევნო შეხვედრას “დეპორტივოს” წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 14 თებერვალს შედგება.

კასილასი: “ადვილი არ არის, იყო რონალდუ”

მადრიდის “რეალის” მეკარე იკერ კასილასი კრიშტიანუ რონალდუს ორმატჩიან დისკვალიფიკაციას გამოეხმაურა და თანაკლუბელს მხარდაჭერა გამოუცხადა.

“ადვილი არ არის, იყო რონალდუ. ის ყველას მხრიდან უდიდესი წნეხის ქვეშაა. ჩვენი გუნდი მხარს უჭერს კრიშტიანუს. ჩვენ ყველანი ვუშვებთ შეცდომებს და არც რონალდუ არის გამონაკლისი. ამისთვის ის ორმატჩიანი დისკვალიფიკაციის დაისაჯა”, – კასილასის სიტყვებს Football Espana აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის პრიმერადივიზიონის XX ტურში “კორდობას” წინააღმდეგ გამართული მატჩის 83-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ მეტოქე გუნდის მცველ ედიმარს განზრახ ფეხი დაარტყა, რის გამოც მოედნიდან გააძევეს, შემდეგ კი ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. პორტუგალიელმა მომხდარი ინციდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ გულშემატკივრებსა და თავად ედიმარსაც მოუბოდიშა.

ტელეკომპანია “კუატროს” ცნობით, კრიშტიანუ რონალდუმ ვარჯიშზე თანაკლუბელები შემოიკრიბა, ინციდენტი პირად ცხოვრებაში მომხდარი უსიამოვნებით ახსნა, მათ ბოდიში მოუხადა და დაპირდა, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ესპანეთის პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში 18 მატჩი ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა.

 

კასილასმა მექსიკური გუნდის ქომაგს შორტი აჩუქა

მადრიდის “რეალის” მეკარე იკერ კასილასი უჩვეულო ხერხით გამოეხმაურა მექსიკური “კრუს ასულის” გულშემატკივრის თხოვნას.

საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის ეგიდით გამართული მატჩის შემდეგ მექსიკური გუნდის ქომაგი კასილასთან მივიდა და მას მაისური სთხოვა, თუმცა ესპანელ მეკარეს უკვე გაცემული ჰქონდა ზედა ფორმა და მექსიკელ გულშემატკივარს გული რომ არ დასწყვეტოდა, მას შორტი აჩუქა.

კასილასი რეკორდსმენია

მადრდის “რეალის” მეკარე იკერ კასილასი უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენია.

“ლივერპულის” წინააღმდეგ “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართული შეხვედრა “სამეფო კლუბის” კიპერისთვის 144-ე გამოდგა.

იკერ კასილასს მხოლოდ ერთი მატჩით ჩამორჩება “ბარსელონას” ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი, რომლის გუნდიც დღეს ამსტერდამში “აიაქსს” დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ “რეალმა” “ლივერპული” კარიმ ბენზემას გოლის წყალობით ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

 

კასილასი ჩავის დაეწია

მადრდის “რეალის” მეკარე იკერ კასილასი უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით “ბარსელონას” ნახევარმცველ ჩავი ერნანდესს დაეწია.

“ლივერპულის” წინააღმდეგ “ენფლდზე” გამართული შეხვედრა “სამეფო კლუბის” კიპერისთვის 143-ე გამოდგა.

ამრიგად, ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით ჩავი და კასილასი 143-143 მატჩით პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებენ.

შეგახსენებთ, რომ “რეალმა” “ლივერპული” ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

 

კასილასი: “მოურინიოსგან შეურაცხყოფას კლუბის გამო ვიტანდი”

ტელეკომპანია “კანალ პლუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში მადრიდის “რეალის” კაპიტანმა იკერ კასილასმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა მოხდა მასსა და კლუბის ყოფილ თავკაც ჟოზე მოურინიოს შორის.

“2012 წლის ზაფხულში ჩემსა და მოურინიოს შორის კარგი ურთიერთობა იყო, მაგრამ შობის პერიოდში ყველაფერი შეიცვალა. იმ დროს გუნდს არცთუ კარგი შედეგები ჰქონდა და ურთიერთობაც გაგვიფუჭდა, თუმცა ერთმანეთის მიმართ პატივისცემის გრძნობა არ დაგვიკარგავს. შემდეგ სარამ (კარბონერო — ტელეჟურნალისტი, იკერის გელფრენდი) საჯაროდ გამოაცხადა, რომ გუნდში დაძაბული ვითარება იყო, რასაც ჩემი მისამართით თავდასხმები მოჰყვა. ჩემი აზრით, სარამ ის თქვა, რაც ისედაც ყველამ იცოდა, თუმცა მოურინიო ჩემ მიმართ აშკარად შეიცვალა. მოღალატესა და თხუნელას მეძახდა”, – აღნიშნა კასილასმა.

ესპანელმა მეკარემ იმის შესახებაც ისაუბრა, თუ რატომ არ პასუხობდა პრესის მეშვეობით მოურინიოს.

“შესაძლოა, მისთვის პასუხი უნდა გამეცა, თუმცა გუნდის ინტერესები წინ დავაყენე. არ მინდოდა ცეცხლზე ნავთის დასხმა. ერთმანეთს ხმას აღარ ვცემდით, ჩვენი გზები გაიყარა. ვიგრძენი, რომ იზოლირებული ვიყავი. როდესაც ტრავმა მოვირჩინე, კარანკამ (მოურინიოს თანაშემწე) მითხრა, რომ მაინც ვერ ვითამაშებდი, რადგან კონკურენტუნარიანი არ ვიყავი. აი, მაშინ მივხვდი, რომ მართლაც სეროზული პრობლემის წინაშე ვიდექი”, – განაცხადა კასილასმა.

“გულშემატკივრებისგან სტვენა დიდ ტკივილს მაყენებდა. “რეალში” ცხრა წლის ასაკიდან ვირიცხები, კლუბთან ერთად ბევრი რამ გადავიტანე. რა თქმა უნდა, საზოგადოებას უფლება აქვს, ისე მოიქცეს, როგორც საჭიროდ ჩათვლის, თუმცა ეს ჩემთვის მძიმე გადასატანი იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, მინდა, რომ კარიერა სწორედ აქ დავასრულო. ეს ჩემი სახლია, ამ კლუბის აღზრდილი ვარ”, – განაცხადა 33 წლის მეკარემ.

 

რონალდუ: “იკერი იყო და დარჩება ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ”

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ გუნდის მეკარე იკერ კასილასმა ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი რეგრესი განიცადა.

“იკერი ყოველთვის იყო და დარჩება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ. ის მსოფლიო დონის ფეხბურთელია”, – ციტირებს რონალდუს სიტყვებს Goal.com-ი.

მას შემდეგ, რაც გუნდში დიეგო ლოპესი მოვიდა, კასილასმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, იკერს ძირითადად ევროთასების მატჩებში ათამაშებდნენ. თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, “რეალმა” დიეგო ლოპესი “მილანში” გაუშვა. ასე რომ, გუნდის ძირითად მეკარედ, სავარაუდოდ, კვლავ იკერ კასილასი მოგვევლინება, მიუხედავად იმისა, რომ “სამეფო კლუბმა” კეილორ ნავასის სახით კიდევ ერთი მაღალი დონის კიპერი დაიმატა.

 

FIFA 15 — ყველაზე მაღალრეიტინგული მეკარეები

ვიდეოთამაშ FIFA 15-ის გამოსვლამდე სულ ცოტა დრო რჩება, მანამდე კი ვებგვერდმა Purely Football იმ მეკარეთა სავარაუდო სია გამოაქვეყნა, რომელთაც აღნიშნულ თამაშში ყველაზე მაღალი რეიტინგი ექნებათ.

Purely Football-ის ვერსიით, FIFA 15-ის ყველაზე მაღალრეიტინგული მეკარეები იქნებიან:

ადგილი: მეკარე: რეიტინგი:
10. დიეგო ლოპესი (“მილანი”) 84
9. დავიდ დე ხეა (“მანჩესტერ იუნატედი”) 84
8. სამირ ჰანდანოვიჩი (“ინტერი”) 84
7. სალვატორე სირიგუ (“პსჟ”) 84
6. უგო ლორისი (“ტოტენჰემი”) 84
5. იკერ კასილასი (“რეალი”) 85
4. პეტრ ჩეხი (“ჩელსი”) 85
3. ტიბო კურტუა (“ჩელსი”) 85
2. ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”) 86
1. მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”) 87

 

უეფას სუპერთასი — ანჩელოტის წინასამატჩო სიტყვა

დღეს უეფას სუპერთასის მატჩში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მადრიდის “რეალი” ევროპის ლიგის ჩემპიონ “სევილიას” უელსის დედაქალაქ კარდიფში დაუპირისპირდება. “სამეფო კლუბის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი პოზიტიურად არის განწყობილი და ამბობს, რომ გუნდს ახალ სეზონში შარშანდელი წარმატების გამეორება შეუძლია.

“არსებული შემადგენლობით კმაყოფილი ვარ და პირდაპირ გეტყვით, რომ ამ გუნდს ყველაფერი აქვს გამარჯვებისთვის. “რეალის” დონის კლუბისთვის ეს ლოგიკურიც გახლავთ. გუნდი მნიშვნელოვნად გაძლიერდა, ახლა უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე გასულ სეზონში. ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ შარშანდელი სეზონის წარმატების გამეორება შეგვიძლია. “სევილია” ისე ითამაშებს, როგორც წინა სეზონში თამაშობდა. მეტოქე ოდნავ შეიცვალა, შუა ხაზში ახალი ფეხბურთელები მივიდნენ, თუმც საერთო სურათი უცვლელია.

კრიშტიანუ რონალდუ მზად არის, არანაირი პრობლემა არ აქვს. ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დამდეგ მატჩში მაქსიმუმი გაიღოს, პრობლემები წარსულს ჩაბარდა. ტონი კროოსი დაახლოებით ხუთი დღეა, ვარჯიშობს, კარგ ფორმაშია. ვფიქრობ, რომ მას და ხამეს როდრიგესს “სევილიასთან” დებიუტი ექნებათ. მოედანზე იკერ კასილასიც იქნება. ის მუყაითად მუშაობს და ძირითად შემადგენლობაში ადგილს იმსახურებს. ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო ჩემპიონთა ლიგის გასულ გათამაშებაშიც.

გარეტ ბეილს საოცარი სეზონი ჰქონდა. მან ჩემპიონატი წინასასეზონო მზადების გარეშე დაიწყო. გარკვეული დრო დასჭირდა ფორმის დასაბრუნებლად. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. ის უკვე იცნობს გუნდის ატმოსფეროს და თანაგუნდელებს. დარწმუნებული ვარ, ბეილი ამ სეზონშიც შესანიშნავად ითამაშებს. წინასასეზონო მომზადება ძალიან კარგად გაიარა. ის სასურველ კონდიციებშია როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. გასულ სეზონთან შედარებით, მან უფრო დიდ წარმატებას უნდა მიაღწიოს”, – ანჩელოტის სიტყვები უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მატჩი “რეალსა” და “სევილიას” შორის დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრას მარკ კლატენბურგის ხელმძღვანელობით ინგლისელ არბიტრთა ბრიგადა განსჯის.

 

კასილასი: “უკეთ, ვიდრე წინა სეზონში”

მადრიდის “რეალის” მეკარე იკერ კასილასი ამბობს, რომ წარმატებული 2013/14 წლების სეზონის შემდეგ გუნდი მოდუნებას არ აპირებს.

“ჩემპიონთა ლიგის მეათედ მოგება შარშანდელი სეზონის დაგვირგვინება იყო. 2002 წლის შემდეგ ეს ტიტული არ გვქონდა მოგებული და საკმაოდ დიდ წნეხს განვიცდიდით. ამ ყველაფერმა გუნდისთვის სახეიროდ იმოქმედა.

ახლა წნეხისგან გავთავისუფლდით და მეტის მიღწევა შეგვიძლია. “რეალი” ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო კლუბია ამ აქ თამაში უდიდესი პასუხისმგებლობაა: ყოველ სეზონში მაქსიმუმი უნდა გავიღოთ და ფანები გავახაროთ”, – ციტირებს კასილასის სიტყვებს Goal.com-ი.

 

იერომ კასილასი დაარწმუნა

მადრიდის “რეალის” კიპერმა იკერ კასილასმა, რომელიც აქამდე გუნდიდან წასვლაზე ფიქრობდა, “სანტიაგო ბერნაბეუზე” დარჩენა გადაწყვიტა. ესპანელმა კიპერმა აღნიშნული გადაწყვეტილება ფერნანდო იეროსთან საუბრის შემდეგ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ იერო “რეალის” თავკაც კარლო ანჩელოტის თანაშემწედ დაინიშნა.

ფერნანდო იერომ შეძლო, დაერწმუნებინა კასილასი, რომ ის გუნდისთვის კვლავ საჭიროა. იერო და კასილასი ერთად წლების განმავლობაში იცავდნენ “რეალის” ღირსებას.

 

La Sexta: “რეალის” ძირითადი მეკარე კასილასი იქნება

La Sexta-ს ცნობით, მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გადაწყვიტა, რომ დამდეგ სეზონში გუნდის ძირითად მეკარედ იკერ კასილასი ათამაშოს.

წყაროს ინფორმაციით, “სამეფო კლუბი” უახლოეს პერიოდში კოსტა რიკისა და “ლევანტეს” კიპერ კეილორ ნავასს დაიმატებს, რომელიც სარეზერვო მეკარე იქნება.

რაც შეეხება დიეგო ლოპესს, გუნდში მისი ადგილი აღარ დარჩება. შესაბამისად, მას სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ახალი ნავსაყუდელის მოძიება მოუწევს.