ანჩელოტი: „იტალია ბალოტელის იმედზე ვერ იქნება“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ბრაზილიაში ჩასატარებელ მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების შანსები შეაფასა.

„ამ მომენტისთვის იტალიაზე ძლიერი ნაკრები ესპანეთს, გერმანიას, ბრაზილიასა და არგენტინას ჰყავს. ჩეზარე პრანდელი სწორ გზაზეა, იგი შემადგენლობის გაახალგაზრდავებას ცდილობს.

თუმცა, ამჟამად ნაკრების ლიდერები გამოცდილი მოთამაშეები – პირლო, დე როსი და ტიაგო მოტა არიან.

ბალოტელის იმედზე ყოფნა შეუძლებელია, რადგან ნებისმიერ დროს მას შეუძლია, გუნდი უმცირესობაში დატოვოს“, – განაცხადა ანჩელოტიმ.

ალექსანდრე მატევოსოვი

კონტე: „წინ მთელი მეორე ტურია“

იტალიის სერია A-ს მე-18 ტურის ცენტრალური შეხვედრა ტურინში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა „იუვენტუსმა“ „რომა“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 გაანადგურა. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე „ბებერი ქალბატონის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ ეს გამარჯვება სკუდეტოს მოგებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, თუმცა ტიტულის მოგებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

„ზომიერად კმაყოფილი ვარ, სრულად კმაყოფილი მაშინ ვიქნები, როდესაც საბოლოო მიზანს მივაღწევთ. ეს გამარჯვება სკუდეტოსკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. საჩემპიონო რბოლის დასრულებაზე საუბარი ჯერ ადრეა. წინ მთელი მეორე ტურია. რვაქულიანი სხვაობა სერიოზული უპირატესობაა, მაგრამ ყურადღება არ უნდა გავფანტოთ. კონცენტრაცია რომ დავკარგოთ, შეიძლება მოვლენები ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ განვითარდეს.

გამიმართლა, რომ გუნდში ისეთი ფეხბურთელები მყავს, როგორებიც არიან ბუფონი, პირლო და ტევესი. მათ უკვე გაიმარჯვეს და იციან, როგორ უნდა ავიდნენ მწვერვალზე. ლორენტეს თამაშიც მომეწონა, ფერნანდო მეტად სარგებლიანად ირჯებოდა“, – კონტეს სიტყვები „კორიერე დელო სპორტმა“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

„იუვენტუსმა“ რეკორდი გაიმეორა, „რომამ“ პირველი მარცხი იწვნია

იტალიის სერია A-ს მე-18 ტურის ცენტრალური მატჩი ტურინში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა „იუვენტუსმა“ „რომა“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 გაანადგურა. მხარეებს შორის დაპირისპირება შეხვედრამდე კარგა ხნით დაიწყო, როცა რომაელთა კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ განაცხადა, რომ მისი გუნდი „ბებერ ქალბატონს“ ინდივიდუალური თვალსაზრისით სჯაბნის, „იუვეს“ უპირატესობა კი მხოლოდ გუნდური თამაშია. ტოტის ამ განცხადებას დანიელე დე როსიმაც დაუჭირა მხარი. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტინიო კონტემ ტოტის ეს სიტყვები პროვოკაციად მონათლა და აღნიშნა, რომაელები პასუხს მოედანზე მიიღებენო. მიიღეს კიდეც! შეხვედრის დასაწყისში თითქოს უპირატესობა „მგლებს“ ჰქონდათ, თუმცა ანგარიში მე-17 წუთზე ტურინელებმა გახსნეს — კარლოს ტევესის გადაცემა ახლო მანძილიდან არტურო ვიდალმა დააგვირგვინა, რომლისთვისაც ეს მიმდინარე სეზონში უკვე მე-8 გოლია. მეორე ტაიმის დასაწყისში, რომაელთა საჯარიმოში ანდრეა პირლოს მიერ ბურთის ჩამოწოდების შემდეგ უყურადღებოდ დარჩენილმა ლეონარდო ბონუჩიმ „ბებერი ქალბატონის“ უპირატესობა განამტკიცა. ტაიმის შუაწელს, ერთწუთიან მონაკვეთში სტუმრებმა ორი წითელი ბარათი მიიღეს: ჯერ დანიელე დე როსი გააძევეს ჯორჯო კიელინის წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის, შემდეგ კი — ლეანდრო კასტრომ ითამაშა ხელით და საკუთარი კარიდან ბურთი გამოაგდო, რის გამოც მსაჯმა ნიკოლა რიცოლიმ „რომას“ მცველი გააძევა და სტუმართა კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა. პენალტი ზუსტად შეასრულა შეცვლაზე შემოსულმა მირკო ვუჩინიჩმა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა — 3:0. სხვათა შორის, მატჩს ტურნელთა ყოფილი თავდამსხმელი დავიდ ტრეზეგეც ესწრებოდა, რომელსაც შეხვედრის დაწყებამდე „ბიანკონერის“ პრეზიდენტ ანდრეა ანიელისგან სპეციალური ჯილდოც გადაეცა.

ამრიგად, „იუვენტუსმა“ სერია A-ში მიჯრით მეათე მატჩი მოიგო და საკლუბო რეკორდი გაიმეორა. „რომამ“ კი, რომელმაც საწყისი ათი შეხვედრიდან ათივე მოიგო, მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი იწვნია.

ლიდერმა „იუვენტუსმა“ მადევარ „რომასთან“ სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა და ახლა მათ უკვე 8 ქულა აშორებთ — „ბებერ ქალბატონს“ 49 ქულა მოუგროვდა, დედაქალაქურ გუნდს კი 41 ქულა დარჩა.

იტალიის სერია A
XVIII ტური
„იუვენტუსი“—„რომა“ 3:0 (1:0)

„იუვენტუსი“: ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, ლიხტშტაინერი, ვიდალი (მარკიზიო 79′), პირლო, პოგბა, ასამოა, ტევესი (ვუჩინიჩი 59′), ლორენტე (კვალიარელა 81′).
მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე.
„რომა“: დე სანკტისი, მაიკონი, ბენატია, კასტანი, დოდო (ტოროსიდისი 55′), დე როსი, სტროტმანი, პიანიჩი (დესტრო 55′), ლიაიჩი, ტოტი (ფლორენცი 72′), ჟერვინიო.
მთავარი მწვრთნელი: რუდი გარსია.
გოლები: ვიდალი 17′, ბონუჩი 48′, ვუჩინიჩი 77′ (პენ).
გაფრთხილებები: ტევესი 33′, კიელინი 34′, ბარძალი 87′ — ჟერვინიო 37′, ლიაიჩი 83′.
გაძევებები: დე როსი 75′, კასტანი 76′.
მთავარი მსაჯი: ნიკოლა რიცოლი.

ბექა დოგრაშვილი

კონტე: „ტოტის და დე როსის პასუხს მოედანზე გავცემთ“

იტალიის სერია A დღეს მე-18 ტურით განახლდება. ცენტრალური მატჩი ტურინში შედგება, სადაც ადგილობრივი „იუვენტუსი“ „რომას“ მიიღებს. შეგახსენებთ, რომ სატურნირო ცხრილს „ბებერი ქალბატონი“ 46 ქულით ლიდერობს, რომელიც მეორეადგილოსან „რომას“ 5 ქულით უსწრებს.

რომაელმა „მგლებმა“ უკვე გაჰკრეს კბილი ტურინელებს, როდესაც ფრანჩესკო ტოტიმ განაცხადა, რომ „რომა“ „იუვენტუსს“ ინდივიდუალური თვალსაზრისით სჯობს, მეტოქე კი უბრალოდ კარგად შეკრული გუნდია. კაპიტნის ამ მოსაზრებას მხარი დანიელე დე როსიმაც დაუჭირა.

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ეს განცხადება პროვოკაციად აღიქვა.

„როდესაც საქმე ასეთ პროვოკაციასთან გაქვს, უბრალოდ ხუმრობად უნდა მიიღო ეს სიტყვები. ტოტისა და დე როსის განცხადებაზე კომენტარს არ გავაკეთებ, ისინი პასუხს მოედანზე მიიღებენ. ბოლო ორწელიწადნახევარია, ეს საქმე კარგად გამოგვდის. მგონია, რომ იტალიაში პოლემიკას უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე მოედანზე მიმდინარე მოვლენებს.

რაც შეეხებამ რუდი გარსიას კამპანია, რომაელებს სამი წლის წინაც ასეთივე თავგადასავალი ჰქონდათ ლუის ენრიკესთან. ამ დროის განმავლობაში ჩვენ ორჯერ მოვიგეთ სკუდეტო და ორჯერ – იტალიის სუპერთასი. ალბათ, რომაელებმა სატრანსფერო ბაზარზე შეცდომები დაუშვეს. შესაძლოა, „რომამ“ ის ფეხბურთელები ვერ აარჩია, რომლებიც სჭირდებოდა. არადა, ყველაზე მეტ ფულს სწორედ ისინი ხარჯავდნენ.

ბოლო სამი წელიწადია, ჩვენ ვიგებთ და არც შეცდომები მოგვდის, თუმცა ახლა ამ ფაქტს ყურადღებას არ აქცევენ. გარედან ზოგს შეიძლება ეს იოლი ეგონოს, მაგრამ ჩვენ ექსტაორდინალური მუშაობის გაწევა გვიწევს.

ბარძალის, ტევესისა და პირლოს თამაში საეჭვოა. გადაწყვეტილებას მივიღებ, არაფრის არ მეშინია. მყავს ის შემადგენლობა, რომელსაც შემიძლია, დავეყრდნო“, – განაცხადა კონტემ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.

შეხვედრა „იუვენტუსსა“ და „რომას“ შორის კვირას, თბილისის დროით 23:45 საათზე აიღებს სტარტს და მას გამოცდილი არბიტრი ნიკოლა რიცოლი განსჯის.

ბექა დოგრაშვილი

ბალოტელი „გალათასარაიში“?

„მედიასეტის“ ცნობით, „მილანის“ თავდამსხმელ მარიო ბალოტელის აგენტი მინო რაიოლა „გალათასარაის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

თურქული კლუბი იტალიელი ფეხბურთელის ტრანსფერის შესაძლებლობას განიხილავს. მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მილანმა“ შესაძლოა, ბალოტელი 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ დათმოს. მოგვიანებით იტალიური კლუბის ხელმძღვანელობამ ეს ინფორმაცია უარყო, თუმცა 23 წლის ფორვარდის შესაძლო ტრანსფერის შესახებ სპეკულაციები არ წყდება.

შეგახსენებთ, რომ ბალოტელიმ იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. 17 ტურის შემდეგ „მილანს“ სატურნირო ცხრილის მე-13 პოზიცია აქვს დაკავებული. რაც შეეხება „თურქ ლომებს“, „გალათასარაი“ თურქეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა.

ბექა დოგრაშვილი

„ინტერი“ ჯოვინკოზე ფიქრობს

იტალიური გამოცემა „ტუტოსპორტი“ იუწყება, რომ ტურნირის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი სებასტიან ჯოვინკო მილანის „ინტერის“ ინტერესის სფეროში მოხვდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ნერაძური“ 26 წლის ფეხბურთელის გადმობირებას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შეეცდებიან, თუმცა მოლაპარაკებები შეიძლება, ზამთარშივე დაიწყოს.

ჯოვინკოს „ბებერ ქალბატონთან“ კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა ფეხბურთელმა გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და ტურინიდან აბარგების წინააღმდეგი არ არის.

მიმდინარე სეზონში სება ჯოვინკომ იტალიის ჩემპიონატში 8 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და გააკეთა ერთი საგოლე გადაცემა.

ბექა დოგრაშვილი

ნესტა: „მილანში“ დიდი ინვესტიციები უნდა ჩაიდოს“

„მილანის“ ყოფილი მცველი ალესანდრო ნესტა იტალიური კლუბის ხელმძღვანელობას გუნდის განვითარებისთვის მსხვილი ინვესტირებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, იტალიური ფეხბურთი სუსტი ფინანსირების გამო უკვე მნიშვნელოვნად ჩამორჩება ინგლისურს.

„მილანის“ პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი მთელი თავისი გრძნობებითა და გამოცდილებით კვლავ უნდა ჩაერთოს კლუბის მუშაობაში. ძლიერი ფეხბურთელების მოსაზიდად საჭიროა დიდი ინვესტიციები, როგორც ეს წარსულში ხდებოდა. ინგლისში მსხვილი კაპიტალის გაჩენამ პრემიერლიგა გააძლიერა. ასე რომ, ინვესტირება აუცილებელია. დამამცირებელია იმის ხილვა, რომ ჩვენი გუნდები ევროთასების პირველ რაუნდსაც ვერ ლახავენ.

რაც შეეხება საჩემპიონო რბოლას, „სკუდეტოს“ კვლავ „იუვენტუსი“ მოიგებს. „ბებერი ქალბატონი“ ძალიან ძლიერია. „რომა“ საფრთხეს წარმოადგენს, არც „ნაპოლი“, „ინტერი“ და „ფიორენტინა“ ჩამოუშვებენ ხელებს, თუმცა „იუვენტუსს“ მხოლოდ საკუთარი თავი თუ დააკარგვინებს ტიტულს“, – ნესტას სიტყვები იტალიურმა „კორიერე დელო სპორტმა“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

კაპელო: „კონტეს „იუვენტუსი“ უკეთესია, ვიდრე ჩემი იყო“

რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ახლანდელი „იუვენტუსი“ იმ „იუვენტუსს“ შეადარა, რომელსაც 2004-2006 წლებში თავად წვრთნიდა. ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტი ამბობს, რომ ტურინელთა ამჟამინდელი თავკაცი ანტონიო კონტე უკეთეს შედეგს აჩვენებს, ვიდრე თავის დროზე მას ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ორივე მწვრთნელის თავკაცობით „იუვენტუსმა“ იტალიის ჩემპიონატის ზედიზედ ორჯერ მოიგო.

„კონტე იტალიაში საუკეთესო მწვრთნელია. მან ეს გუნდის მიერ უკანასკნელ პერიოდში ნაჩვენები შედეგებით დაამტკიცა. კონტე თავს არ ზოგავს იმისთვის, რომ „იუვენტუსს“ გამარჯვებულის მენტალიტეტი დაუბრუნოს. თქმა არ უნდა იმას, რომ ევროპაში უფრო სერიოზული კონკურენციაა, ვიდრე იტალიაში, თუმცა ანტონიოს ევროპულ დონეზეც შეუძლია მაღალი დონის ჩვენება. „იუვეს“ ბოლოდროინდელ სტატისტიკას გადავხედე და დავრწმუნდი, რომ ციფრები არ იტყუებიან – კონტეს „იუვენტუსი“ უკეთესია, ვიდრე ჩემი იყო“, – კაპელოს სიტყვები იტალიურმა გამოცემა „ტუტოსპორტმა“ გამოაქვეყნა.

მოგეხსენებათ, 5 იანვარს იტალიის სერია A მე-18 ტურით განახლდება, რომლის ცენტრალური მატჩიც „იუვენტუსსა“ და „რომას“ შორის შედგება. როგორც მოგეხსენებათ, კაპელოს ორივე გუნდში აქვს ნამუშევარი. იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნული შეხვედრის შესახებაც გააკეთა კომენტარი.

„თუ ტურინელები „რომას“ დაამარცხებენ, მაშინ მათ შორის სხვაობა 8 ქულამდე გაიზრდება და ამის აღმოფხვრა რთული იქნება. ჩემი გული ნახევრად არის გაყოფილი – დაუვიწყარი დრო გავატარე რომშიც და ტურინშიც“, – განაცხადა კაპელომ.

ბექა დოგრაშვილი

კაპელო: „კონტე – საუკეთესო იტალიელი მწვრთნელია“

ცნობილი იტალიელი სპეციალისტის, ამჟამად რუსეთს ნაკრების თავკაცის, ფაბიო კაპელოს აზრით, ამჟამად იტალიის საუკეთესო მწვრთნელი ტურინის „იუვენტუსის“ დამრიგებელი ანტონიო კონტეა.

„კონტე გუნდში გამარჯვებულის მენტალიტეტით მაშინ მივიდა, როდესაც „იუვენტუსს“ არც თუ ისე კარგი პერიოდი ჰქონდა. ამ მომენტისთვის, კონტე – იტალიის საუკეთესო მწვრთნელია. მე ამას მისი შედეგებიდან გამომდინარე ვამბობ. საუკეთესოა თუ არა იგი ევროპაში? ამ პასუხზე კითხვის გასაცემად კიდევ რამდენიმე წელიწადი დაგვჭირდება. დღეს ამ წოდებისთვის დიდი კონკურენციაა“, – განაცხადა კაპელომ.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბუფონმა „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში თავისი ფავორიტი დაასახელა

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა 2013 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა შანსები შეაფასა და თავისი ფავორიტებიც დაასახელა.

„ვფიქრობ, გუნდური ტიტულები ყველაზე მნიშვნელოვანია. რიბერის უპირატესობა სწორედ ამაში აქვს, 2013 წელს „ბაიერნთან“ ერთად მან ყველა ტურნირი მოიგო, რომელშიც მონაწილეობა ჰქონდა მიღებული. თანაც, ფრანკმა ამ ტიტულების მოგებაში თავისი წვლილი შეიტანა. იგი დიდი ჩემპიონია.

თუმცა, რა თქმა უნდა, აღსანიშნავია, კრიშტიანუ რონალდუც, რომელიც დღესდღეობით სხვებზე უკეთესად თამაშობს. ყველაფრის მიუხედავად, ვთვლი, რომ საუკეთესოდ საუკეთესოთა შორის კვლავ მესი რჩება“, – აცხადებს ჯიჯი.

ალექსანდრე მატევოსოვი

კონტეს იტალიის ნაკრების თავკაცობა სურს

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ აღიარა, რომ მას იტალიის ეროვნული ნაკრების ჩაბარების სურვილი აქვს.

„ეს ჩემთვის ნამდვილი გამოწვევა იქნებოდა. იტალიის ნაკრების თავკაცად ყოფნა – ჩემი ოცნებაა. „სკუადრა აძურას“ დამრიგებელი ვალდებულია, საუკეთესო შედეგებს მიაღწიოს, რადგან გუნდისთვის პირველი ადგილის გარდა, სხვა ადგილი არ არსებობს“, – აღნიშნა კონტემ.

„არსებობს სიტუაცია, როდესაც სულ ათი დღე გაქვს და ამ დროში გუნდთან მუშაობა უნდა მოასწრო და მოთამაშეებს თანამედროვე ფეხბურთის შესახებ შენი იდეები შესთავაზო“, – თვლის „ბიანკონერის“ თავკაცი.

„მთავარი მწვრთნელი, პირველ რიგში, კარგი ფსიქოლოგი უნდა იყოს. ყოველდღე დაახლოებით ოცდაათ ფეხბურთელთან გვიწევს საუბარი. გარდა ამისა, მუდმივი კონტაქტი ექიმებთან, გულემატკივრებთან და ჟურნალისტებთანაც გვაქვს. ყოველი მატჩისთვის სტრატეგია უნდა ავირჩიოთ“.

„თუ შემთავაზებენ, იტალიის ნაკრებს დიდი სიამოვნებით ვუთავკაცებ“, – დაასრულა ფეხბურთის იტალიელმა სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

იტალიის ნაკრები ბრაზილიაში ხუთ ივნისს გაფრინდება

იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ბრაზილიაში ხუთ ივნისს გაფრინდება.

„სკუადრა აძურას“ წევრები რიო-დე-ჟანეიროს შტატში მდებარე ქალაქ მანგარატიბაში დასახლდებიან, სადაც ჩასატარებელი მატჩებისთვისაც მოემზადებიან.

შეგახსენებთ, რომ მუნდიალზე თავის პირველ შეხვედრას იტალიელები 14 ივნისს, ინგლისის წინააღმდეგ გამართავენ. აღნიშნული მატჩი ქალაქ მანაუსში გაიმართება.

ალექსანდრე მატევოსოვი