ვენგერი ბალოტელის აგენტს შეხვდა

რამდენიმე დღის წინათ გაუწყებდით, რომ ლონდონის „არსენალმა“ ზაფხულის მთავარ სატრანსფერო მიზნად „მილანის“ თავდამსხმელი მარიო ბალოტელი დაისახა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

„არსენალი“ მზად არის, 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გაიღოს.

Sport Mediaset- ის ცნობით, „მეთოფეთა“ მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი უკვე შეხვდა ბალოტელის აგენტ მინო რაიოლას და შესაძლო ტრანსფერის შესახებ ესაუბრა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონელთა ახალი ტექნიკური სპონსორი კომპანია „პუმა“ მზად არის, რომ აღნიშნული ტრანსფერის განხორციელებაში „არსენალს“ დაეხმაროს. აქვე გეტყვით, რომ ბალოტელის „პუმასთან“ პირადი კონტრაქტი აქვს გაფორმებული.

შეგახსენებთ, იტალიელ ფეხბურთელს ინგლისში თამაშის გამოცდილება აქვს: 2010-დან 2013 წლამდე „მანჩესტერ სიტიში“ თამაშობდა, რომელთან ერთადაც ინგლისის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და სუპერთასი მოიგო.

ბექა დოგრაშვილი

რონალდუ: „ვინ არის სერია A-ში ჩემი საყვარელი ფეხბურთელი?“

მადრიდის „რეალის“ ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ „მილანის“ თავდამსხმელი მარიო ბალოტელი შეაქო და თქვა, რომ იტალიელი ფეხბურთელი მოედანს მიღმა ჩადენილი ქცევების მიხედვით არ უნდა შეფასდეს.

„მარიოს პირადად არ ვიცნობ და არც მაინტერესებს, რას აკეთებს მოედნის მიღმა. მე მას ყოველთვის ვთვლიდი მაღალი დონის ფეხბურთელად. ის „მილანისა“ და იტალიის ნაკრების ღირსებას იცავს. ვთვლი, რომ ბალოტელი იმით უნდა შეფასდეს, თუ რას აკეთებს მოედანზე. ყველაფერი, რაც მის პირად ცხოვრებაში ხდება, არავის საქმე არ არის.

ვინ არის სერია A-ში მოთამაშე ჩემი საყვარელი ფეხბურთელი? სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვუყურებ იტალიურ ფეხბურთს“, – განაცხადა რონალდუმ „სქაი სპორტ იტალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ბექა დოგრაშვილი

„არსენალს“ ბალოტელის ინგლისში დაბრუნება სურს

„სპორტ მედიასეტის“ ცნობით, ლონდონის „არსენალმა“ ზაფხულის მთავარ სატრანსფერო მიზნად „მილანის“ თავდამსხმელი მარიო ბალოტელი დაისახა.

„მეთოფეები“ შეტევითი ხაზის გაძლიერებას გეგმავენ და ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად არსენ ვენგერი სწორედ 23 წლის ფეხბურთელს მოიაზრებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე სეზონის ბოლოს ლონდონელები უკვე დაიწყებენ იტალიურ მხარესთან მოლაპარაკებას.

შეგახსენებთ, რომ ბალოტელი „მილანში“ გასული წლის იანვარში „მანჩესტერ სიტიდან“ გადავიდა. მაშინ სტარანსფერო თანხამ 22 მილიონი ევრო შეადგინა. „როსონერის“ რიგებში ახალგაზრდა ფეხბურთელმა ერთად იტალიის ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 24 გოლი და გააკეთა 5 საგოლე გადაცემა.

ანჩელოტი: „იტალია ბალოტელის იმედზე ვერ იქნება“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ბრაზილიაში ჩასატარებელ მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების შანსები შეაფასა.

„ამ მომენტისთვის იტალიაზე ძლიერი ნაკრები ესპანეთს, გერმანიას, ბრაზილიასა და არგენტინას ჰყავს. ჩეზარე პრანდელი სწორ გზაზეა, იგი შემადგენლობის გაახალგაზრდავებას ცდილობს.

თუმცა, ამჟამად ნაკრების ლიდერები გამოცდილი მოთამაშეები – პირლო, დე როსი და ტიაგო მოტა არიან.

ბალოტელის იმედზე ყოფნა შეუძლებელია, რადგან ნებისმიერ დროს მას შეუძლია, გუნდი უმცირესობაში დატოვოს“, – განაცხადა ანჩელოტიმ.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბალოტელი „გალათასარაიში“?

„მედიასეტის“ ცნობით, „მილანის“ თავდამსხმელ მარიო ბალოტელის აგენტი მინო რაიოლა „გალათასარაის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

თურქული კლუბი იტალიელი ფეხბურთელის ტრანსფერის შესაძლებლობას განიხილავს. მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მილანმა“ შესაძლოა, ბალოტელი 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ დათმოს. მოგვიანებით იტალიური კლუბის ხელმძღვანელობამ ეს ინფორმაცია უარყო, თუმცა 23 წლის ფორვარდის შესაძლო ტრანსფერის შესახებ სპეკულაციები არ წყდება.

შეგახსენებთ, რომ ბალოტელიმ იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. 17 ტურის შემდეგ „მილანს“ სატურნირო ცხრილის მე-13 პოზიცია აქვს დაკავებული. რაც შეეხება „თურქ ლომებს“, „გალათასარაი“ თურქეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა.

ბექა დოგრაშვილი

2013 წლის საუკეთესო საფეხბურთო ციტატები

სპორტული პორტალი Fanebi.Com-ი გთავაზობთ 2013 წლის გამორჩეულ საფეხბურთო ციტატებს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი – „პარი სენ-ჟერმენისა“ და შვედეთის ნაკრების თავდამსხმელი:
(იმის შესახებ, თუ რითი დაჯილდოვდებიან შვედი ფეხბურთელები, გამარჯვების შემთხვევაში)
„ჩემი ავტოგრაფიანი ველოსიპედები დაურიგეთ, ეს მათთვის სრულიად საკმარისი იქნება“.

მალკი მაკკეი – „კარდიფის“ ყოფილი თავკაცი:
(„მანჩესტერ სიტისთან“ მატჩამდე)
„არ ვიცი, ყველაზე მეტად რისი მეშინია პელეგრინის კარდიფში ჩამოსვლის დროს. ალბათ, იმის, რომ შეიძლება მან თავისი ავტომობილი ჩემს ადგილას დააყენოს“.

დორივალ ჟუნიორი – „ფლუმინენსეს“ თავკაცი:
„ბრაზილიურ კლუბებსა და მწვრთნელებს შორის ურთიერთობაში ბევრი პროსტიტუციაა“.

ჟოზე მოურინიო – „ჩელსის“ თავკაცი:
„30 წლის ასაკში რონალდოს ვწვრთნიდი. არა ახლანდელს, არამედ ნამდვილს, ბრაზილიელს“.

ჟოზე მოურინიო – „ჩელსის“ თავკაცი:
„მოთამაშე, რომელსაც ვიცნობდი… პროფესიონალი, რომელსაც ვიცნობდი. სად დაკარგა მან ეს ყველაფერი? რა მოუვიდა სამუელ ეტოოს ამ ორწელიწადნახევრის პერიოდში, როცა ის „ანჟიში“ თამაშობდა?“

ჟოზე მოურინიო – „ჩელსის“ თავკაცი:
„სასტარტო შემადგენლობის შედგენისას 11 შეცდომა დავუშვი“.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი – „პარი სენ-ჟერმენისა“ და შვედეთის ნაკრების თავდამსხმელი:
„მოურინიო არის ადამიანი, რომლის გამოც მზად ვარ, სიცოცხლე გავწირო“.

ანტონიო კასანო – „პარმას“ თავდამსხმელი:
„განსხვავება ჩემსა და ბალოტელის შორის მხოლოდ ის არის, რომ მას გაზეთის პირველ გვერდზე გამოჭენება უყვარს. სინამდვილეში მე უარეს საქმეებს ვაკეთებდი: ვარჯიშებიდან გამოვრბოდი, მოედანზე ავტომობილით გავდიოდი. ყველანაირი საზიზღრობა მაქვს ჩადენილი“.

ჯენარო გატუზო – „პალერმოს“ ყოფილი თავკაცი:
„მეშინია თუ არა იმის, რომ „პალერმოს“ პრეზიდენტი მწვრთნელებს მუდმივად ათავისუფლებს? არა! მე მხოლოდ სიკვდილის მეშინია“.

უსეინ ბოლტი – სპრინტერულ სირბილში ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონი:
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ბიჭებს შევახსენებ, რომ მე მათ გუნდში ნებისმიერ პოზიციაზე შემიძლია თამაში“.

ზვიად სიჭინავა – სფფ-ის პრეზიდენტი:
„ქართული ფეხბურთი, ბავშვთა ფეხბურთი არ არის მკვდარი,  არც არასდროს ყოფილა, ცუდადაც კი არ ყოფილა“.

თემურ ქეცბაია – საქართველოს ნაკრების თავკაცი:
„თქვენ გინდათ, რომ იქიდანაც იმასმიქნათ და მერე თქვენ იმას აქედანაც…“

თემურ ქეცბაია – საქართველოს ნაკრების თავკაცი:
„ერთი ფეხბურთელი ვნახე, იმხელა წვერი ჰქონდა მოშვებული, რომ მოჯაჰიდი მეგონა“.

რევაზ ძოძუაშვილი:
„ხიზანიშვილი, ქეცბაია, კაჭარავა და სხვა ფეხბურთელები ნაგინებიც მყავს და ნაფერებიც…
…სპეციალურად ვაგინებდი“.

ბექა დოგრაშვილი

ბატისტუტა: „ბალოტელის იმის გაკეთება შეუძლია, რისი გაკეთებაც მე არ შემეძლო“

არგენტინული ფეხბურთის ლეგენდამ გაბრიელ ბატისტუტამ „მილანის“ თავდამსხმელის მარიო ბაოტელის შესახებ ისაუბრა.

„რას ვფიქრობ ბალოტელიზე? პირადად მე ფეხბურთელად არ დავიბადე. იმისთვის, რომ თამაში მესწავლა, ბევრი მუშაობა დამჭირდა. მარიოს, ისევე, როგორც ბევრ სხვა ფეხბურთელს, ის თვისებები გააჩნია, რომელიც მე არ მქონდა. სამწუხაროდ, ამით იგი არ სარგებლობს, რაც ძალიან მაღიზიანებს“, – განაცხადა ექს-ფეხბურთელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბალოტელის რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს?

ავტორიტეტულმა იტალიელმა ჟურნალისტმა ტანკრედი პალმერიმ თავის მიკრობლოგზე დაწერა, რომ იტალიის სერია A-ს XIV ტურში გამართულ შეხვედრაში „კატანიას“ მცველმა ნიკოლას სპოლიმ „მილანის“ თავდამსხმელ მარიო ბალოტელის რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა.

პალმერის თქმით, იტალიის ნაკრების ფორვარდმა განაცხადა, რომ არგენტინელმა მცველმა მას „ბინძური ნეგრი“ უწოდა.

თუ სპოლის დანაშაული დაუმტკიცდება, მას ჯარიმა და ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ელის.

შეგახსენებთ, რომ „კატანიასა“ და „მილანს“ შორის გამართული მატჩი „როსონერის“ გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. მე-13 წუთიდან „კატანია“ კასტროს მიერ გატანილი გოლით იგებდა. ექვს წუთში რიკარდო მონტოლივომ გაათანაბრა. 63-ე წუთზე ლომბარდიული კლუბი ბალოტელიმ დააწინაურა. საბოლოო შედეგი კი, კაკამ 81-ე წუთზე დააფიქსირა.

ბექა დოგრაშვილი

ბალოტელიმ ბერლუსკონის მედიაჰოლდინგის კამერის დაზიანება სცადა

იტალიის ნაკრები 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩისთვის ემზადება, რომელსაც სომხეთის ნაკრებთან გამართავს. „სკუადრა აძურა“ ფლორენციიდან ნეაპოლში მატარებლით ჩავიდა.

ნეაპოლის სადგურში ჩეზარე პრანდელის გუნდს ასობით ქომაგი და რამდენიმე სატელევიზიო ჯგუფი დახვდა. აღსანიშნავია, რომ ამ თბილ სიტუაციაში იტალიის ნაკრებისა და „მილანის“ თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი სიხისტე. მედიაჰოლდინგ „მედიასეტის“ წარმომადგენელთა ცნობით, ბალოტელიმ ერთ-ერთ ოპერატორს დაარტყა და კამერის დაზიანებაც სცადა. ყველაფერთან ერთად, აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული კომპანია მილანური კლუბის პრეზიდენტის, სილვიო ბერლუსკონის საკუთრებაა.

აქვე დავამატებთ, რომ გუშინ ბალოტელიმ სოციალური ქსელის მეშვეობით „ლა გაძეტა დელო სპორტის“ ერთ-ერთი პუბლიკაციის შესავალი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია:

„ბალოტელი ავად არის, თუმცა ნეაპოლში მაინც ჩავა, როგორც სიმბოლო კამორას (მსხვილი დანაშაულებრივი სინდიკატი) მოწინააღმდეგისა“.

ბალოტელიმ გაზეთში გამოქვეყნებულ ამ სიტყვებს ასეთი კომენტარი გაუკეთა:

„მე ჩავდივარ იმიტომ, რომ ფეხბურთი შესანიშნავი რამაა და თითოეულმა ადამიანმა იქ უნდა ითამაშოს, სადაც მას სურს. აი, ეს არის თამაში!“

სხვათა შორის, პრანდელის გუნდი ვარჯიშს იმ მოედანზე გამართავს, რომელიც თავის დროზე ნეაპოლიტანურ მაფიას ჩამოართვეს.

რაც შეეხება თავად მატჩს, იტალიისა და სომხეთის ნაკრებებს შორის გასამართი შეხვედრა ხვალ, ჩვენი დროით 22:45 საათზე აიღებს სტარტს.

ბექა დოგრაშვილი

იტალიაში მოთამაშე ყველაზე გადამეტფასებული ფეხბურთელები

იტალიურმა გამოცემა „ლა გაძეტა დელო სპორტმა“ იტალიაში მოთამაშე ფეხბურთელთა შორის საფეხბურთო თემატიკაზე ანონიმური გამოკითხვა ჩაატარა. კერძოდ, მოთამაშეებს სთხოვეს, რომ იტალიის ჩემპიონატის ყველაზე გადამეტფასებული ფეხბურთელების სამეული შეედგინათ.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ყველაზე გადამეტფასებული ფეხბურთელების სამეულში მოხვდნენ „მილანის“ თავდამსხმელი მარიო ბალოტელი, „ინტერის“ ფორვარდი მაურო იკარდი და „ინტერის“ ნახევარმცველი ესეკიელ სკელოტო, რომელიც იჯარის წესით „სასუოლოში“ თამაშობს.

სხვადასხვა წყაროების ცნობით, „პესკარას“ ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ყველაზე გადამეტფასებულ მოთამაშედ საკუთარი თავი დაასახელა.

ბექა დოგრაშვილი

პრანდელი: „ბალოტელი რომ არ გამოვიძახო, ეს მისთვის ახალი სასჯელი იქნება“

იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი „მილანის“ თავდამსხმელ მარიო ბალოტელის გუნდში გამოიძახებს, მიუხედავად იმისა, რომ 23 წლის ფეხბურთელმა სერია А-ში დისკვალიფიკაცია მიიღო. შეგახსენებთ, რომ იტალიელი ფორვარდი „ნაპოლის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (1:2) მსაჯთან კამათისთვის სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

„ბალოტელიმ თავისი ქმედების გამო უკვე გადაიხადა. მარიო ნაკრებში რომ არ გამომეძახა, ეს მისთვის ახალი სასჯელი იქნებოდა. ფაქტია, რომ „მილანმა“ ბალოტელის დისკვალიფიკაცია არ გაასაჩივრა. ვარ თუ არა გაბრაზებული მარიოზე? დიახ, ვარ, როგორც ყველა, ვინც მასზე ზრუნავს“, – განაცხადა პრანდელიმ.

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იტალიის ნაკრებს ორი მატჩი დარჩა გასამართი: „სკუადრა აძურა“ 11 ოქტომბერს დანიაში ითამაშებს, 15 ოქტომბერს კი, ნაპოლიში სომხეთის ნაკრებს დაუხვდება.

ბექა დოგრაშვილი

გალიანი: „ბალოტელიმ თავის შეკავება უნდა ისწავლოს“

„მილანის“ ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ მისი გუნდის თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ მოედანზე თავისი ემოციები უნდა აკონტროლოს.

შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ, „ნაპოლისთან“ წაგებული შეხვედრის შემდეგ, მარიომ მსაჯთან კამათის შედეგად მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, რასაც სამმატჩიანი დისკვალიფკაციო მოჰყვა.

„ჩვენ ბალოტელისთან ამ თემაზე არაერთხელ გვისაუბრია. მარიო ასე არ უნდა იქცეოდეს, მან კონცენტრაცია მხოლოდ თამაშზე უნდა მოახდინოს. დროა, ბალოტელიმ თავის შეკავება ისწავლოს. თუმცა ხშირად მარიო უკმაყოფილო მას შემდეგ არის, რაც მსაჯები არც ისე სწორ გადაწყვეტილებებს იღებენ“, – განაცხადა გალიანიმ.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონის შვიდ ოფიციალურ შეხვედრაში „როსონერის“ მაისურით სუპერმარიომ მეტოქეთა კარი ოთხჯერ აიღო.

ალექსანდრე მატევოსოვი