ზლატანი: „ზოგიერთი მცველი „ბოშას“ ძახილით ცდილობდა ჩემს გაღიზიანებას“

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მასსა და მეტოქე გუნდების მცველებს შორის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ ისაუბრა. როგორც შვედი ფეხბურთელი ამბობს, განვლილი კარიერის განმავლობაში ზოგიერთი დამცველი მატჩის მიმდინარეობისას მის გაღიზიანებას ცდილობდა.

„ზოგიერთი მცველი ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდა. ჩემი ოჯახიდან გამომდინარე, ზოგიერთი „ბოშას“ მეძახდა, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ დედა ხორვატი მყავს, მამა – ბოსნიელი, მე შვედეთში დავიბადე და საკუთარ თავს ასი პროცენტით შვედად ვთვლი. ჩემი საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ყურადღებას არ ვაქცევ, თუ რას მეუბნებიან მატჩის მიმდინარეობისას, მთლიანად თამაშზე ვარ კონცენტრირებული.

გარდა ამისა, ზოგიერთი მცველი ჩემს წინააღმდეგ ბინძურ ხრკებს იყენებდა. ხელს მკრავდნენ, უსინდისოდ მირტყამდნენ, თუმცა ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებდნენ, რომ ისინი სუსტი ფეხბურთელები იყვნენ. უმაღლესი დონის მცველი ასეთ რამეს არასდროს არ აკეთებს, სუფთად თამაშობს. ამიტომ, დიდად ვაფასებ პაოლო მალდინისა და ალესანდრო ნესტას, რომლებიც წესებს სრულად იცავდნენ და ძლიერ მეტოქეებადაც ითვლებოდნენ“, – იბრაჰიმოვიჩის სიტყვები Four Four Two-მ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

ზლატანი: „პრემიერლიგაში ჩემი გადასვლა გამორიცხულია“

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ მისი ინგლისის პრემიერლიგაში გადაბარგება გამორიცხულია.

მრავლისმნახველი შვედი ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ მის კარიერაში „პსჟ“ ბოლო ევროპული კლუბი იქნება. ზლატანს პარიზულ გუნდთან მოქმედი კონტრაქტი 2016 წელს ეწურება. 32 წლის თავდამსხმელმა უკვე რამდენჯერმე გამოთქვა ამერიკულ ლიგაში თამაშის სურვილი.

„დღის წესრიგში არ დგას ჩემი ინგლისში გადაბარგების საკითხი. ეს გამორიცხულია. არა მგონია, „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობამ გამიშვას.

როდესაც „მილანში“ გადავედი, რამდენიმე ინგლისური კლუბი იყო ჩემით დაინტერესებული, თუმცა მე არ ვთვლი, რომ ინგლისში უნდა გადავსულიყავი. პრემიერლიგას ვაფასებ, მშვენიერი ჩემპიონატია, ბევრი დიდებული გუნდი ასპარეზობს, ინდივიდუალური ფეხბურთელები თამაშობენ, მაგრამ მე არ ვარ ამ ყველაფრის ნაწილი. ჩემი ისტორია სხვაგან ვითარდება და ამას სულაც არ ვნანობ“, – ზლატანის სიტყვებს ბრიტანული „დეილი მეილი“ აქვეყნებს.

იბრაჰიმოვიჩი ამბობს, რომ დღეს მის მთავარ მიზანს ჩემპიონთა ლიგის მოგება წარმოადგენს.

„მთავარი მიზანი „პარი სენ-ჟერმენთან“ ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. ეს ევროპულ კლუბთან ჩემი ბოლო კონტრაქტია და თუ ამ ტიტულის მოგება მიწერია, პარიზში უნდა მოვიგო. „პარი სენ-ჟერმენის“ დატოვების შემდეგ უფრო დაბალი დონის ჩემპიონატში გადავალ, ან კარიერას დავასრულებ. მოქმედ კონტრაქტს ვადა 2016 წელს გასდის“, – განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

გარდა ამისა, ზლატანმა ლონდონის „ჩელსის“ დამრიგებლის, ჟოზე მოურინიოს შესახებაც ისაუბრა, რომლის თავკაცობითაც შვედი თავდამსხმელი მილანის „ინტერში“ თამაშობდა.

„მწვრთნელის რანგში მან ყველაფერი მოიგო, ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის გარდა. ბედნიერი ვარ, რომ მას ვიცნობ, ის დიდებული პიროვნებაა. „ინტერში“ მოურინიოსთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. ის დიდი მწვრთნელია, აქვს გამოცდილება და იცის, როგორ მოიგოს“, – დაასრულა იბრაჰიმოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ზლატანის „პსჟ“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე სწორედ მოურინიოს „ჩელსის“ ხვდება. წყვილის პირველი შეხვედრა 2 აპრილს, „პარკ დე პრენსზე“ გაიმართება და ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

ზლატანი: „კარიერის დასრულების შემდეგ ჩემი გოლების ინტერნეტში ხილვით დავტკბები“

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ ახერხებს გულშემატკივართა გახარებას მუდმივად ლამაზი გოლების გატანით.

„ბევრი განსაცვიფრებელი გოლი მაქვს გატანილი. როდესაც კარიერას დავასრულებ, ჩემს მიერ გატანილი ლამაზი გოლების ინტერნეტში ხილვით დავტკბები. ასეთი გოლების გატანაში სპეციალურად არ ვვარჯიშობ, მატჩის მიმდინარეობისას ინსტიქტურად ვიტან. როდესაც მეტოქესთან ორთაბრძოლაში შედიხარ, რაღაც უნდა მოიფიქრო.

ეს არის პატარა და დიდ გუნდებს შორის განსხვავება. დიდ გუნდებს შეუძლიათ, არაფრისგან საოცარი რამ შექმნან. ამიტომ არის ფეხბურთი ასეთი მიმზიდველი და არაპროგნოზირებადი.

ბევრი მეკითხება, ტაეკვანდოს ცოდნა მეხმარება თუ არა. შეიძლება მეხმარებოდეს კიდეც, თუმც ამაში დარწმუნებული არ ვარ“, – აღნიშნა იბრაჰიმოვიჩმა „პარი სენ-ჟერმენის“ ოფიციალური ტელეარხის ეთერში.

აქვე გთავაზობთ ზლატანის მიერ გატანილი საუკეთესო 50 გოლის ამსახველ ვიდეომასალას.

ბექა დოგრაშვილი

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის წილისყრის შედეგები

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა. მატჩები 1-2 და 8-9 აპრილს შედგება.

გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ.

„ბარსელონა“ — „ატლეტიკო“
„რეალი“ — „ბორუსია“
„პარი სენ-ჟერმენი“ — „ჩელსი“
„მანჩესტერ იუნაიტედი“ — „ბაიერნი“

ლავესი: „იტალიური ფეხბურთი მომენატრა“

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა ესეკიელ ლავესიმ განაცხადა, რომ მას იტალიის სერია A მოენატრა.

„აქ ისეთ ფეხბურთს არ ვთამაშობთ, როგორსაც იტალიაში ვთამაშობდით. იტალიური კლუბები ტაქტიკას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ. საფრანგეთში უფრო დიდ აქცენტს ფიზიკურ მხარეზე აკეთებენ. აქედან გამომდინარე, აქ გარემო პირობებთან ადაპტირება აუცილებელია.

მომენატრა იტალიური ფეხბურთი, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ „პარი სენ-ჟერმენში“ ყველაფერი მაკმაყოფილებს“, – ციტირებს ლავესის სიტყვებს Football-italia.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ფეხბურთელი პარიზულ კლუბში გადასვლამდე იტალიური „ნაპოლის“ ღირსებას იცავდა.

ბექა დოგრაშვილი

ზლატანის უკმაყოფილებას „პარი სენ-ჟერმენის“ ორი მზარეული შეეწირა

ფრანგულმა „პარი სენ-ჟერმენმა“ ფეხბურთელთა კვებაზე თანხა მას შემდეგ გაზარდა, რაც ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ამ მხრივ კლუბი გააკრიტიკა.

შვედი ფეხბურთელი კლუბის ბაზაზე საკვების ხარისხით უკმაყოფილო დარჩა, რის შემდეგაც „პარი სენ-ჟერმენმა“ ორი მზარეული გაათავისუფლა და მათ ნაცვლად სრულიად ახალი სპეციალისტები მოიწვია.

როგორც გითხარით, „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელთა გამოკვებაზე ბიუჯეტი გაიზარდა. გარდა ამისა, შეიცვალა პროდუქტთა შესყიდვის მექანიზმი.

ბექა დოგრაშვილი

El Confidencial: „მანჩესტერ სიტი“ მზადაა, მესის სანაცვლოდ 200 მილიონი გაიღოს

ესპანური  El Confidencial-ის თანახმად, „მანჩესტერ სიტი“ „ბარსელონას“ თავდამსხმელ ლიონელ მესის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალურ წინადადებას ამზადებს.

წყაროს ცნობით, ინგლისური კლუბი მზად არის, არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 200 მილიონი ევრო გაიღოს.

ამასთან ერთად, „მანჩესტერ სიტი“ იმისთვისაც მზადაა, რომ მესის წელიწადში 25 მილიონი ევრო გადაუხადოს და ის მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ აქციოს.

მესის გადაბირებაზე „პარი სენ-ჟერმენიც“ ფიქრობს, თუმცა ფრანგულ კლუბს საფრანგეთში არსებული საგადასახადო კანონის გამო ტრანსფერის გაჩარხვა უფრო გაუჭირდება.

წყაროს თანახმად, „მანჩესტერ სიტისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ წარმომადგენლები „ბარსელონას“ თავდამსხმელის მამასთან, ხორხე მესისთან კონტაქტზე უკვე გავიდნენ. შეგახსენებთ იმასაც, რომ ლეო მესი კატალონიურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს.

ბექა დოგრაშვილი

იბრაჰიმოვიჩი: „კლოპი მაგარი კაცია“

ალბათ, გახსოვთ, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალზე ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და იურგენ კლოპს შორის საჯარო დიალოგი რომ შედგა. მაშინ „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა გერმანელ სპეციალისტს ჰკითხა, თუ როდის მიიწვევდა დორტმუნდის „ბორუსიაში“. კლოპმა კი უპასუხა, რომ ზლატანის ხელში ჩასაგდებად მთელი გუნდის გაყიდვა მოუწევდა. ჟურნალისტებსაც მეტი რა უნდოდათ და დაიწყო სპეკულირება იმის შესახებ, რომ კლოპი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში იბრაჰიმოვიჩს რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელად წაიყვანდა, თუმცა ამ ჭორებს თავად ზლატანმა დაუსვა წერტილი.

„იურგენ კლოპი მაგარი კაცია! მომწონს, როგორ თამაშობს დორტმუნდის „ბორუსია“ გიჟი კლოპის თავკაცობით. თუმცა, მე მათთან ერთად თამაში არ შემიძლია. ბუნდესლიგაში ვერ გადავალ, რადგან „პარი სენ-ჟერმენთან“ მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს. პარიზში დიდი ხნის განმავლობაში მინდა თამაში“, – ციტირებს იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს Goal.com-ი.

შვედმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 35 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა. „პარი სენ-ჟერმენი“ დამაჯერებლად ლიდერობს საფრანგეთის ჩემპიონატს და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში თამაშის უფლებაც თითქმის გაინაღდა.

ბექა დოგრაშვილი

„პსჟ“ „მონაკოს“ დაუზავდა

საფრანგეთის ჩემპიონატის 24-ე ტურის ცენტრალური მატჩი მონაკოს „ლუი მეორის“ სტადიონზე შედგა, სადაც ადგილობრივმა კლუბმა გათამაშების ლიდერი „პარი სენ-ჟერმენი“ მიიღო.

ანგარიში პარიზელებმა გახსნეს. მე-8 წუთზე სტუმართა შემტევმა ნახევარმცველმა ხავიერ პასტორემ ზუსტი დარტყმით „პსჟ“ წინ გაიყვანა. ლორამ ბლანის გუნდს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ უპირატესობა, თუმცა მატჩის დასრულებამდე დაახლოებით 15 წუთით ადრე ტიაგო სილვამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიშიც გათანაბრდა. საბოლოოდ, მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

მასპინძელთა რიგებში დებიუტი ჰქონდა ბულგარელ თავდამსხმელ დიმიტარ ბერბატოვს, რომელიც მოედანზე 64-ე წუთზე შევიდა.

გუნდებმა სატურნირო ცხრილში პოზიციები შეინარჩუნეს. „პარი სენ-ჟერმენი“ გათამაშებას 55 ქულით ლიდერობს, მადევარ „მონაკოს“ 50 ქულა აქვს.

საფრანგეთის ჩემპიონატი
24-ე ტური
„მონაკო“—„პარი სენ-ჟერმენი“ 1:1 (0:1)

გოლები: ტიაგო სილვა 74′ (ა.გ.) — პასტორე 8′.
გაფრთხილებები: რიკარდუ კარვალიუ 36′, როდრიგესი 38′ — ვერატი 40′.

ბექა დოგრაშვილი

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელებმა ტურის ცენტრალურ მატჩამდე მონაკოს პორტში გაისეირნეს

საფრანგეთის ჩემპიონატის 24-ე ტურის ცენტრალური მატჩი მონაკოში შედგება, სადაც ადგილობრივი კლუბი „პარი სენ-ჟერმენს“ მიიღებს. მოგეხსენებათ, ტიტულისთვის ბრძოლაში ეს ორი გუნდი ეცილება ერთმანეთს. პარიზელებს 54 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილს ზევიდან დაჰყურებენ, მეორეადგილოსანი „მონაკო“ ლიდერს 5 ქულით ჩამორჩება და დღეს სხვაობის შემცირების შანსი ეძლება.

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელები უკვე მონაკოში არიან და პორტში გასეირნებაც მოასწრეს.

მატჩი „მონაკოსა“ და „პსჟ“-ს შორის დღეს, თბილისის დროით 00:00 საათზე აიღებს სტარტს.

ბექა დოგრაშვილი

„პსჟ“ იანუზაის სანაცვლოდ სოლიდურ თანხას იხდის

„პარი სენ-ჟერმენი“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველ ადნან იანუზაის ტრანსფერის გაჩარხვას შეეცდება.

„დეილი სთარის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარიზული კლუბი მზად არის, 19 წლის ბელგიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონი ფუნტ სტერლინგი გაიღოს. მანამდე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ კლუბი არ აპირებს იანუზაის გაშვებას, რომელიც „წითელი ეშმაკების“ ღირსებას 2011 წლიდან იცავს.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ფეხბურთელმა ინგლისის პრემიერლიგის 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლიც გაიტანა. შეგახსენებთ იმასაც, რომ იანუზაი „მანჩესტერ იუნაიტედის“ იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ბექა დოგრაშვილი

იბრაჰიმოვიჩი: „ტიტულის მოპოვებამდე კიდევ ერთი მატჩის ჩატარებაა საჭირო“

წუხელ, საფრანგეთის ლიგის თასის ნახევარფინალური მატჩი შედგა, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენმა“ სტუმრად „ნანტი“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა. პარიზელთაგან ორივე გოლი ზლატან იბრაჰიმოვიჩის ანგარიშზეა. შვედი ფორვარდი თვლის, რომ დიდი სიხარული არ ღირს, რადგან გუნდს თასი ჯერ არ მოუპოვებია.

„ბედნიერები ვართ, რომ გამარჯვებას მივაღწიეთ. ფინალში გავედით და მიმდინარე სეზონში დასახულ ერთ-ერთ მიზანს კიდევ უფრო მივუახლოვდით, თუმცა ჯერ არაფერი დასრულებულა. ტიტულის მოსაგებად კიდევ ერთი მატჩის ჩატარებაა საჭირო“, – იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს ტურნირის მეორე ნახევარფინალური შეხვედრა შედგება: „ლიონი“ „ტრუას“ დაუხვდება. მატჩი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი