ოფიციალურად: ორიგი “ლივერპულის” ფეხბურთელია, თუმცა კვლავ “ლილში” ითამაშებს

“ლივერპულმა” ფრანგული “ლილის” თავდამსხმელი დივოკ ორიგი გაიფორმა.

აქვე ცნობილი ხდება, რომ 19 წლის ბელგიელი თავდამსხმელი იჯარის წესით კარიერას “ლილში” განაგრძობს. საიჯარო პერიოდი 2014/15 წლების სეზონს მოიცავს.

დივოკ ორიგი საყოველთაო ყურადღების ცენტრში ბრაზილიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს მოექცა. მან ბელგიის ნაკრების მიერ მუნდიალზე ჩატარებულ ხუთივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი ბურთი გაიტანა. სწორედ მისი კინკილა გოლის წყალობით დაამარცხეს ბელგიელებმა რუსები. ორიგი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახლავთ, რომელმაც 2014 წლის მოსფლიოს ჩემპიონატზე ბურთი გაიტანა. გარდა ამისა,  მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში იგი ყველაზე ახალგაზრდა ბელგიელი მოთამაშეა, რომელმაც გოლის გატანა შეძლო.

რაც შეეხება საკლუბო დონეზე ასპარეზობას, მან საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში 30 შეხვედრა ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

“უბედნიერესი ვარ, რომ ჩემით ისეთი დიდი კლუბი დაინტერესდა, როგორიც “ლივერპულია”. ყოველთვის ვოცნებობდი დიდ კლუბში თამაშზე. “ლივერპულს” დიდებული ისტორია აქვს. ჩემი მთავარი უპირატესობები სისწრაფე, ტექნიკა და შეტევის დასრულების უნარია. მინდა, რომ კიდევ უფრო განვვითარდე. ევროთასებზე თამაშის შესაძლებლობა მექნება. ჩემთვის სასარგებლო იქნება “ლილში” კიდევ ერთი სეზონის განმავლობაში თამაში. ხალხი ჩემზე მუდმივად ამბობს, რომ ნიჭიერი ვარ, თუმცა კვლავ და კვლავ მუშაობა მომეთხოვება. გასულ სეზონში “ლივერპულის” თითქმის ყველა მატჩი ვნახე. გუნდმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. ჩვენ ვიხილეთ გამოცდილებისა და ახალგაზრდების კომბინაცია ჩინებული მწვრთნელის თავკაცობით. სასიამოვნო იყო “წითლების” თამაშის ცქერა. ბელგიის ნაკრებისა და “ლივერპულის” კიპერმა სიმონ მინიოლემ კლუბის შესახებ ბევრი კარგი რამ მიამბო. მან მითხრა, რომ ეს ჩემთვის იდეალური კლუბია. ახალგაზრდული გუნდია, რომელიც კიდევ გაიზრდება“, – ორიგის სიტყვები “ლივერპულის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დივოკ ორიგის ტრანსფერის შესახებ კომენტარი გააკეთა მერსისაიდული გუნდის თავკაცმა ბრენდან როჯერსმაც.

„მოხარული ვარ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი დავიმატეთ. ეს 19 წლის ბიჭი სცენაზე მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობის დროს შემოიჭრა, თუმც ჩვენ მას მანამდეც ვაკვირდებობით. ორიგის ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ მსოფლიო დონის მოთამაშე გახდეს: სწრაფია, ტექნიკურია, ძლიერი და აგრესიულია. მასში შრომისადმი სიყვარულსაც ვაფასებ. დამდეგ სეზონს “ლილში” გაატარებს, შემდეგ კი მისი სახით შესანიშნავ ფეხბურთელს მივიღებთ”, – აღნიშნა როჯერსმა.

 

ოფიციალურად: გრიზმანმა “ატლეტიკოსთან” ექვსწლიანი გააფორმა

ფრანგმა თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა მადრიდის “ატლეტიკოში” სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კლუბთან ექვსწლიან კონტრაქტსაც მოაწერა ხელი.

არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ტრანსფერის ღირებულებამ 30 მილიონი ევრო შეადგინა.

“მოხარულები ვართ, რომ ეს ტრანსფერი შედგა. ანტუანი თავიდანვე იყო ჩვენი სატრანსფერო მიზანი. ის ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, რაც “რეალ სოსიედადში” თამაშის დროს დაამტკიცა.
გრიზმანი კარგად თამაშობს ორივე ფლანგზე, ეხერხება ფლეიმეიქერის პოზიციაზე თამაშიც. სწრაფია, შესანიშნავი დარტყმა აქვს და გადაცემებსაც კარგად აკეთებს”, – განაცხადა “ატლეტიკოს” სპორტულმა დირექტორმა ხოსე ლუის კამინერომ.

ანტუან გრიზმანმა ესპანეთის პრიმერადივიზიონის გასულ გათამაშებაში 35 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა.

 

ოფიციალურად: ლუის სუარესი „ლივერპულს“ ტოვებს

„ლივერპულმა“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ლუის სუარესის ტრანსფერთან დაკავშირებით „ბარსელონასთან“ შეთანხმება შედგა.

„ლივერპული“ ადასტურებს, რომ „ბარსელონასთან“ მიღწეული შეთანხმების შედეგად, სუარესი კლუბს ტოვებს. მოთამაშეს ნება ეძლება, რომ აუცილებელი პროცედურები გაიაროს, რის შემდეგაც ის კატალონიური კლუბის სრულფასოვანი ფეხბურთელი გახდება. მადლობას ვუხდით ლუისს „ლივერპულის“ წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის და „ენფილდზე“ ჩემპიონთა ლიგის დაბრუნების დახმარებისთვის. „ლივერპულის“ თითოეული წევრი სუარესს და მის ოჯახს ყოველივე საუკეთესოს უსურვებს“, – ნათქვამია „ლივერპულის“ მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში.

ურუგვაელი თავდამსხმელი „ბარსელონაში“ სამედიცინო შემოწმებას მომდევნო კვირაში გაივლის, რის შემდეგაც კატალონიურ კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ბარსამ“ ლუის სუარესის სანაცვლოდ 75 მილიონი ფუნტი გაიღო.

 

„მანჩესტერ იუნაიტედი“ კროოსში 40 მილიონს იხდის

ბრიტანული პრესის ცნობით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ მზად არის, მიუნხენის „ბაიერნს“ ნახევარმცველ ტონი კროოსის სანაცვლოდ 40 მილიონი ფუნტ სტერლინგი შესთავაზოს.

24 წლის გერმანელ ფეხბურთელს ბავარიულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულში ეწურება, რის შემდეგაც მას „ბაიერნის“ დატოვება თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება. ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, „რეკორდმაისტერს“ თანხას არავინ არ გადაუხდის.

„მანჩესტერ იუნაიტედში“ უკვე მყარად აქვთ გადაწყვეტილი კროოსის შეძენა. შესაძლო ტრანფერის გაჩარხვის ალბათობას გერმანელი ნახევარმცველის განცხადებაც ზრდის, რომელმაც მიმდინარე სეზონის ბოლოს „ბაიერნიდან“ აბარგება და ინგლისის პრემიერლიგის რომელიმე კლუბში გადასვლა არ გამორიცხა.

შეგახსენებთ, რომ დევიდ მოიესმა „ოლდ ტრაფორდზე“ მუშაობის პირველ სეზონში ორი ნახევარმცველი უკვე დაიმატა: ჯერ ყოფილი კლუბიდან მარუან ფელაინი გადმოიყვანა, შემდეგ კი ლონდონის „ჩელსიდან“ ხუან მატა დაიბევა.

ბექა დოგრაშვილი

„რეალი“ პოგბაში 60 მილიონს იხდის

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ პოლ პოგბას შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით სპეკულაციები არ წყდება. „ელ მუნდო დეპორტივოს“ ცნობით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერის გასაჩარხად 60 მილიონ ევროს ამზადებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელობა პოგბას შესაძლო ტრანსფერს პირად კონტროლზე აიყვანს. მანამდე ფრანგმა ნახევარმცველმა „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობას შეუთვალა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე კლუბთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს.

20 წლის პოგბას მიმართ ინტერესს სხვა წამყვანი ევროპული კლუბებიც იჩენენ: „პარი სენ-ჟერმენი“, „ჩელსი“, „არსენალი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“.

პოგბამ იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში 23 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი მიითვალა და შვიდი საგოლე გადაცემა გააკეთა.

ბექა დოგრაშვილი

„ინტერს“ მორატას ყიდვა სურს

იტალიური პრესის ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ ახალგაზრდა თავდამსხმელი ალვარო მორატა მილანის „ინტერის“ ინტერესთა სფეროში მოექცა.

„ტუტოსპორტის“ ცნობით, „ნერიაძური“ მზად არის, 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 12 მილიონი ევრო გაიღოს. მორატამ „სამეფო კლუბის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა, რაზეც ძალიან წუხს. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელმა კლუბის ხელმძღვანელობას გასული წლის დეკემბრის თვეში იჯარის წესით განათხოვრებაც სთხოვა.

„ინტერი“ დიეგო მილიტოსთან და მაურო იკარდისთან განშორებას აპირებს. მილიტო კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, იკარდის მიმართ ინტერესი კი „მონაკომ“ გამოავლინა. აქედან გამომდინარე, მილანურ კლუბში მორატას შესაძლო ტრანსფერს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ბექა დოგრაშვილი

One World Sports: „ბარსელონა“ 2015 წელს მესის გაყიდვას აპირებს

შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ ამერიკული ინტერნეტ-პორტალი One World Sports-ი იუწყება, რომ „ბარსელონა“ 2015 წლის შუა პერიოდში ლიონელ მესის გაყიდვას აპირებს. წყაროს ცნობით, „ოქროს ბურთის“ ოთხგზის მფლობელი გუნდს 200 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვებს. აღნიშნული ტრანსფერი პრეზიდენტ სანდრო როსელის გრძელვადიანი სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია. იგი არგენტინელი თავდამსხმელის გაყიდვას მაშინ აპირებს, როცა მისი სატრანსფერო ღირებულება ყველაზე მაღალი იქნება. იმავე წყაროს მტკიცებით, კლუბში მესის ამჟამინდელი სტატუსი იმდენად მაღალია, რომ ეს მწვრთნელებსა და ცალკეულ ფეხბურთელებში შინაგან კონფლიქტს წარმოშობს.

ბოლო პერიოდში ლეო მესის წარმომადგენლებს კლუბის ხელმძღვანელებთან პრობლემები აქვთ. არგენტინელ ფეხბურთელს სურს, რომ მისი ჯამაგირი მადრიდის „რეალის“ ფორვარდ კრიშტიანო რონალდუს ხელფასს გაუტოლდეს. გარდა ამისა, მესის აგენტები ნეიმარის ტრანსფერში გადახდილმა დიდძალმა თანხამაც აღაშფოთა.

ბექა დოგრაშვილი

ჰონდამ კაკა გაიცნო (ვიდეო)

გუშინ, „მილანის“ ახალწვეულმა კეისუკე ჰონდამ თავის ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა და თანაგუნდელების გაცნობაც მოახერხა. კერძოდ, იაპონელი ფეხბურთელი ბრაზილიელ რიკარდო კაკას გაესაუბრა.

დღეს „მილანი“ სერია А-ს მე-18 ტურში „ატალანტას“ დაუპირისპირდება. ჰონდა აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

იაპონელი ფეხბურთელი „მილანში“ პირველ ვარჯიშს სამშაბათს გამართავს. ჰონდას წარდგენა 8 იანვარს მოეწყობა. 27 წლის ნახევარმცველი „როსონერიში“ 10-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. იტალიური კლუბის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „მილანის“ ოფიციალურმა მაღაზიამ ჰონდას უკვე 1000 მაისური გაყიდა.

იაპონელი ნახევარმცველის დებიუტი, სავარაუდოდ, 12 იანვარს, „სასუოლოს“ წინააღმდეგ გასამართ მატჩში შედგება.

ბექა დოგრაშვილი

ლევანდოვსკიმ „ბორუსიას“ ქომაგებს მიმართა

დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ, რომემაც 4 იანვარს მიუნხენის „ბაიერნთან“ კონტრაქტი გააფორმა, სოციალური ქსელის მეშვეობით თავის გულშემატკივრებს მიმართა. პოლონელი ფეხბურთელი წერს, რომ დარჩენილი პერიოდის განმავლობაში „ბორუსიას“ საკეთილდღეოდ ძალისხმევას არ დაიშურებს.

„ერთად კიდევ ნახევარ წელიწადს გავატარებთ. ერთი მიზანი გვაქვს, რომელსაც გვინდა, რომ ერთად მივაღწიოთ. ყველას გპირდებით, რომ ძალისხმევას არ დავიშურებ. თქვენი თანადგომის იმედი მაქვს!

ქალბატონებო და ბატონებო, მედიის წარმომადგენლებო, თქვენი მადლიერი ვარ. უახლოესი თვეების განმავლობაში მხოლოდ „ბორუსიაზე“ გავაკეთებ ფოკუსირებას. ამიტომ, მომავალზე საუბარი არ მსურს. იმედია, სწორად გამიგებთ“, – აღნიშნა პოლონელმა თავდამსხმელმა.

შეგახსენებთ, რომ ლევანდოვკსი მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ოფიციალურად გახდება „ბაიერნის“ ფეხბურთელი.

ბექა დოგრაშვილი

„ბაიერნმა“ ლევანდოვსკის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა

როგორც უკვე გაცნობეთ, დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი კარიერას მიუნხენის „ბაიერნში“ გააგრძელებს. ეს ინფორმაცია ბავრიულმა მხარემ უკვე ოფიციალურად დაადასტურა. პოლონელ ფეხბურთელს „ბორუსიასთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება. მხარეებს შორის ხელშეკრულება 2019 წლამდე გაფორმდა.

ლევანდოვსკი „ბორუსიას“ ღირსებას 2010 წლის 30 ივნისიდან იცავს. ფეხბურთელი სიმაღლეში 184 სანტმეტრია, წონაში კი – 78 კგ.

სპეციალიზებული ინტერნეტ-პორტალი Transfermarkt -ი 25 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას 39 მილიონ ევროდ აფასებს.

ლევანდოვსკიმ გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 17 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ბექა დოგრაშვილი

ლევანდოვსკი „ბაიერნში“ ითამაშებს

გერმანული გამოცემა „ბილდი“ იუწყება, რომ დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი დღეს მიუნხენის „ბაიერნთან“ კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც ძალაში პირველი ივლისიდან შევა. ცნობილი ხდება ისიც, რომ მხარეებს შორის კონტრაქტი 2019 წლამდე გაფორმდება.

დღეს პოლონელი ფეხბურთელი მიუნხენში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც ხელშეკრულებას მოეწერება ხელი.

შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკის „ბორუსიასთან“ მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისში ეწურება. აქედან გამომდინარე, „ბაიერნი“ პოლონელ თავდამსხმელს ზაფხულში უსასყიდლოდ მიიღებს.

ბექა დოგრაშვილი

ბალოტელი „გალათასარაიში“?

„მედიასეტის“ ცნობით, „მილანის“ თავდამსხმელ მარიო ბალოტელის აგენტი მინო რაიოლა „გალათასარაის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

თურქული კლუბი იტალიელი ფეხბურთელის ტრანსფერის შესაძლებლობას განიხილავს. მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მილანმა“ შესაძლოა, ბალოტელი 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ დათმოს. მოგვიანებით იტალიური კლუბის ხელმძღვანელობამ ეს ინფორმაცია უარყო, თუმცა 23 წლის ფორვარდის შესაძლო ტრანსფერის შესახებ სპეკულაციები არ წყდება.

შეგახსენებთ, რომ ბალოტელიმ იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. 17 ტურის შემდეგ „მილანს“ სატურნირო ცხრილის მე-13 პოზიცია აქვს დაკავებული. რაც შეეხება „თურქ ლომებს“, „გალათასარაი“ თურქეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა.

ბექა დოგრაშვილი