ანჩელოტი: „ნახევარფინალური მატჩები ჩვენთვისაც რთული იქნება და „ბაიერნისთვისაც“

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მადრიდის „რეალი“ მიუნხენის „ბაიერნს“ დაუპირისპირდება. „სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გერმანელთა მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„ბაიერნი“ შესანიშნავი გუნდია, ძალიან მაღალი დონის მქონე. როცა დონეზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ ოსტატობას. ბავარიელები ფანტასტიურ სეზონს ატარებენ.

ხოსეპ გვარდიოლა ძალიან გამოცდილი მწვრთნელია. ჩემი აზრით, ის მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია. ნახევარფინალური მატჩები რთული იქნება როგორც ჩვენთვის, ასევე „ბაიერნისთვის“, რადგან „რეალთან“ თამაში ყველას უჭირს“, – განაცხადა ანჩელოტიმ გუშინდელ პრესკონფერენციაზე.

„რეალსა“ და „ბაიერნს“ შორის პირველი მატჩი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 23 აპრილს შედგება, განმეორებითი კი – „ალიანს არენაზე“, 29 აპრილს.

ბექა დოგრაშვილი

ბრაიტნერი: „ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგების დიდი შანსი გვაქვს“

დიდ ინტერესს იწვევს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მადრიდის „რეალსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის გასამართი მატჩები. ბავარიული კლუბის ელჩი პოლ ბრაიტნერი ღიად ამბობს, რომ მის გუნდს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის თასის მიჯრით მეორედ მოგების დიდი შანსი აქვს.

„ბაიერნი“ მშვენივრად თამაშობს. ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს. დიდი შანსი გვაქვს, ჩემპიონთა ლიგის თასი ზედიზედ მეორედ მოვიგოთ. „ბაიერნს“ შეუძლია, გახდეს პირველი კლუბი, რომელიც ამ ტიტულს დაიცავს.

ნახევარფინალური მატჩები პეპ გვარდიოლასთვის განსაკუთრებული იქნება. ჩემი აზრით, მას ძალიან სურს, აჩვენოს, თუ რა დონეს და ხარისხს მიაღწია „ბაიერნმა“ მისი თავკაცობის დროს. ვფიქრობ, ის კმაყოფილია, რომ წილისყრამ ნახევარფინალურ ეტაპზე მეტოქედ „რეალი“ გვარგუნა“, – განაცხადა ბრაიტნერმა „ევროსპორტის“ ეთერში.

აღსანიშნავია, რომ ბრაიტნერს მოთამაშის რანგში ორივე კლუბის ღირსება აქვს დაცული.

„რეალსა“ და „ბაიერნს“ შორის პირველი მატჩი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 23 აპრილს გაიმართება, განმეორებითი კი – „ალიანს არენაზე“, 29 აპრილს.

ბექა დოგრაშვილი

პაულუ ფერეირა: „წილისყრამ „ჩელსის“ მეტად ძლიერი მეტოქე არგუნა“

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ლონდონის „ჩელსი“ მადრიდის „ატლეტიკოს“ შეხვდება. ინგლისური კლუბის წარმომადგენელი პაულუ ფერეირა თვლის, რომ

„წილისყრამ მეტოქედ მეტად ძლიერი გუნდი გვარგუნა. „ატლეტიკო“ ძალიან კარგად გამოიყურებოდა მეოთხედფინალურ ეტაპზე და ნახევარფინალში თამაში დაიმსახურა.

ვიცით, რომ გარკვეულ პრობლემებს წავაწყდებით. შესაძლოა, სულ მცირე დეტალებმა ბევრი რამ გადაწყვიტოს. ამიტომ, „ატლეტიკოსთან“ გასამართი მატჩისთვის ძალიან კარგად უნდა მოვემზადოთ. რა თქმა უნდა, ჟოზე მოურინიოს გამოცდილება დაგვეხმარება. მან იცის, როგორ მიაღწიოს გამარჯვებას ასეთ საპასუხისმგებლო მატჩში“, – განუცხადა პაულუ ფერეირამ „ევროსპორტის“ კორესპონდენტს.

წყვილის პირველი მატჩი 22 აპრილს, მადრიდში შედგება, განმეორებითი კი – 30 აპრილს, ლონდონში.

ბექა დოგრაშვილი

ვილიავერდე: „ჩელსის“ ბარიერის ძლევის და ფინალში გასვლის იმედი გვაქვს“

როგორც მოგეხსენებათ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ნახევარფინალურ ეტაპზე მადრიდის „ატლეტიკოს“ მეტოქედ ლონდონის „ჩელსი“ ერგო. ესპანურმა გუნდმა ბოლო 40 წელიწადში პირველად გააღწია ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ამ სტადიამდე. „ატლეტიკოს“ შანსები კლუბის დირექტორმა კლემენტე ვილიავერდემ შეაფასა.

„ჩელსი“ ძალიან ძლიერი გუნდია. ლონდონელები კარგად თამაშობენ. მძიმე ბრძოლა მოგვიწევს. ფინალში გაღწევა ძალიან რთული იქნება, თუმცა მოხარულნი ვართ იმით, რომ ასეთი ცნობილი კლუბის წინააღმდეგ თამაშის შესაძლებლობა მოგვეცა“, განუცხადა ვილიავერდემ „ევროსპორტს“.

„ვიცით, რომ რთული იქნება, თუმცა „ატლეტიკოს“ „ჩელსისთვის“ მოუგია. ფინალში გასვლის იმედი გვაქვს. ისევე უნდა ვიმუშაოთ, როგორც წინა მატჩებში. გულშემატკივრებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“, – დაამატა მადრიდული კლუბის დირექტორმა.

წყვილის პირველი მატჩი 22 აპრილს გაიმართება, განმეორებითი კი – 30 აპრილს.

ბექა დოგრაშვილი

„ატლეტიკო“ — ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პირველად 40 წლის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებას გამოეთიშა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად დასახელებული „ბარსელონა“, რომელმაც მადრიდის „ატლეტიკოს“ ბარიერის დაძლევა ვერ მოახერხა.

ამრიგად, „ბარსელონა“ 2007 წლის შემდეგ პირველად ვერ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე. სათქმელია ისიც, რომ ამ შვიდი წლის განმავლობაში კატალონიელებმა ორჯერ მოიგეს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი (2008–09, 2010-11), ხოლო როცა „ბარსელონა“ უტიტულოდ რჩებოდა, თასს ის გუნდი იგებდა, რომელიც ნახევარფინალურ ეტაპზე სწორედ კატალონიელთა ბარიერს სძლევდა. ასე მოხდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ (2007-08), მილანის „ინტერის“ (2009-10), ლონდონის „ჩელსისა“ (2011-12) და მიუნხენის „ბაიერნის“ (2012-13) გაჩემპიონების შემთხვევაში.

რაც შეეხება „ატლეტიკოს“, მადრიდელები უკანასკნელი 40 წლის მანძილზე პირველად გავიდნენ ჩემპიონთა ლიგის (თასის) ნახევარფინალურ ეტაპზე. უკანასკნელად ეს მათ 1973-74 წლების სეზონში მოახერხეს.

ცნობისათვის, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა 11 აპრილს შედგება.

ბექა დოგრაშვილი

ჩავის უნიკალური რეკორდი

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „ბარსელონას“ შორის გამართულ მატჩში (1:0) კატალონიური გუნდის ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა უნიკალური რეკორდი დაამაყარა.

Opta Sports-ის ცნობით, აღნიშნულ შეხვედრაში კატალონიელმა ფეხბურთელმა ასი გადაცემა გააკეთა და ასივე ზუსტი გამოდგა.

ამრიგად, ჩავი პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ამ სტატისტიკური მონაცემის დანერგვის პერიოდიდან (2003/04 წლების სეზონი) ერთ მატჩში გაკეთებული ზუსტი გადაცემების რაოდენობა 100 პროცენტს გაუტოლა.

ბექა დოგრაშვილი

ანჩელოტი: „გაგვიმართლა, რომ ნახევარფინალში გავედით“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მის გუნდს უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე დორტმუნდის „ბორუსიასთან“ გამართულ განმეორებით მატჩში გაუმართლა.

„მოხარულნი ვართ, რომ ნახევარფინალში გავედით, თუმცა ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი არ ვარ, მით უფრო – პირველ ტაიმში. მეტოქეს ორი მატჩის ჯამში ანგარიშის გათანაბრების ბევრი შანსი ჰქონდა.

მეორე ნახევარში გაცილებით უკეთ ვითამაშეთ. მეტოქე გუნდს ბევრი საჩუქარი მივეცით, ბევრი შეცდომა დავუშვით, არ ვიყავით თავდაჯერებულები.

იკერ კასილასმა მატჩის გადამწყვეტ მომენტში ფანტასტური სეივები გვიჩვენა. მან ძალიან, ძალიან კარგად ითამაშა.

ამ სტადიაზე ყველა მატჩი რთულია. გაგვიმართლა, რომ ნახევარფინალში გავედით“, – ანჩელოტის სიტყვებს Football Espana ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა „ბორუსიამ“ ანგარიშით 2:0 მოიგო, თუმცა ორი მატჩის ჯამში „რეალმა“ მეტოქეს 3:2 სძლია.

ბექა დოგრაშვილი

მოურინიო: „ნახევარფინალში თამაში დავიმსახურეთ“

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე ლონდონის „ჩელსისა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის გამართული მატჩი დრამატულად წარიმართა და საბოლოოდ, ინგლისელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. 87-ე წუთზე დემბა ბას მიერ გატანილი გოლის შემდეგ, ჟოზე მოურინიო ტექნიკური ზონიდან სირბილით მოზეიმე ლონდონელი ფეხბურთელებისკენ გაეშურა და ფერნანდო ტორესსა და გოლის ავტორს რაღაც ჩასჩურჩულა. მატჩის შემდეგ ჟურნალისტმა პორტუგალიელ სპეციალისტს ეს ეპიზოდი გაახსენა და მიუთითა, რომ მწვრთნელმა ფეხბურთელებთან ერთად აღნიშნა გატანილი გოლი, რასაც მოურინიო კატეგორიულად არ დაეთანხმა.

„არა, ჩემს ფეხბურთელებთან გოლის აღსანიშნავად არ მივსულვარ. ფერნანდოსა და დემბას იმ ცვლილებების შესახებ მივუთითე, რაც უნდა გაგვეკეთებინა, რადგან წინ კიდევ სამი წუთი, პლუს მსაჯის მიერ კომპენსირებული დრო იყო. მე მათ ვუთხარი, რომ მცველების წინ ეთამაშათ. დასვენებულ მოთამაშეებს მათთვის ოდნავ განსხვავებული საქმე დავავალე.

ჩემი აზრით, საკმარისი რამ გავაკეთეთ იმისთვის, რომ მეორე ტაიმის დასაწყისში გოლი გაგვეტანა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. მეტოქე კონტრშეტევებზე თამაშობდა, ზონებსაც კეტავდა.

ვარჯიშებზე სხვადასხვა ფორმაციები გამოვიყენეთ. ფეხბურთელებმა იცოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ ამა თუ იმ სიტუაციაში. დემბა ბამ გადამწყვეტი ფუნქცია იტვირთა. გუნდი, რომელიც დაცვით თამაშს უჩვენებდა, დაისაჯა. ჩვენ ნახევარფინალში თამაში დავიმსახურეთ“, – მოურინიოს სიტყვები უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

„დორტმუნდთან“ კრიშტიანუ რონალდუს თამაში საეჭვოა

ესპანური „ასის“ ცნობით, მადრიდის „რეალის“ თავამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ გუშინდელ საწვრთნელ პროცესში მხოლოდ 20 წუთით ივარჯიშა. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე დორტმუნდის „ბორუსიასთან“ გამართულ მატჩში (3:0) ფეხი დაიშავა, რის გამო ესპანეთის პრიმერადივიზიონის 32-ე ტურში „სოსიედადთან“ შეხვედრა გამოტოვა. რონალდუს, სავარაუდოდ, „ბორუსიასთან“ გასამართი განმეორებითი მატჩის გამოტოვებაც მოუწევს.

კრიშტიანუ რონალდუს შესახებ „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„რონალდუმ საერთო გუნდთან ერთად ბევრი ივარჯიშა. ის თავს კარგად გრძნობს. თუ ყველაფერი კარგად იქნება, კრიშტიანუ მოედანზე პირველივე წუთებიდანვე იქნება, თუმცა გარისკვა არ მინდა. რონალდუს ყოველ მატჩში სურს თამაში, მაგრამ მისი სათადარიგოთა სკამზე გამწესებაც შემიძლია. ვემხრობი მისგან ასეთი ინიციატივის გამოჩენას. რონალდუ პროფესიონალი ფეხბურთელია. თუ რაიმე პრობლემა აქვს, მე უკითხავად შემიძლია, რომ მას დასვენების საშუალება მივცე“, – ანჩელოტის სიტყვები მადრიდული კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

მატჩი „ბორუსიასა“ და „რეალს“ შორის 8 აპრილს, ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება და მას სლოვენი არბიტრი დამირ სკომინა განსჯის.

ბექა დოგრაშვილი

მატა: „მანჩესტერ იუნაიტედს“ „ბაიერნის“ ბარიერის დაძლევა შეუძლია“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი ხუან მატა თვლის, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მეთხედფინალურ ეტაპზე მიუნხენის „ბაიერნის“ ბარიერის დაძლევა შეუძლია.

„ნიუკასლთან“ გამარჯვებამ მიუნხენში გამგზავრებამდე თავდაჯერება და ენერგია შეგვძინა. გუნდს შინიდან, ტელევიზორის წინ მჯდომი დავუჭერ მხარს. მესმის, რომ „ალიანს არენაზე“ თამაში ძალიან რთულია, თუმცა „მანჩესტერ იუნაიტედს“ მომდევნო ეტაპზე გასვლა შეუძლია. ამაში დარწმუნებული ვარ“, – Goal.com-ი ციტირებს მატას სიტყვებს, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედში“ ლონდონის „ჩელსიდან“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გადაბარგდა, ამიტომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში „წითელი ეშმაკების“ სახელით ასპარეზობის უფლება არ აქვს.

მატჩი „ბაიერნსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის ოთხშაბათს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მას იონას ერიქსონის თავკაცობით შვედ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.

ბექა დოგრაშვილი

ჩემპიონთა ლიგა: მეთხედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩების მსაჯები

უეფამ იმ მსაჯთა ვინაობა დაასახელა, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩებს მოემსახურებიან.

მიუნხენის „ბაიერნსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის გასამართ შეხვედრას იონას ერიქსონის თავკაცობით შვედ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. მატჩი 9 აპრილს შედგება. პირველი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ლონდონის „ჩელსისა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის 8 აპრილს გასამართ მატჩს პედრო პროენსას ხელმძღვანელობით პორტუგალიელი არბიტრები მოემსახურებიან. პირველი შეხვედრა პარიზელებმა ანგარიშით 3:1 მოიგეს.

მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „ბარსელონას“ შორის 9 აპრილს გასამართ მატჩს გამოცდილი ინგლისელი არბიტრი ჰოვარდ უები მოემსახურება. როგორც მოგეხსენებათ, პირველი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

დორტმუნდის „ბორუსიასა“ და მადრიდის „რეალს“ შორის 8 აპრილს გასამართ მატჩს სლოვენიელი არბიტრი დამირ სკომინა განსჯის. პირველი შეხვედრა მადრიდელებმა ანგარიშით 3:0 მოიგეს და თითქმის გაინაღდეს ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე თამაში, თუმცა გერმანელთა მთავარი მეგოლე რობერტ ლევანდოვსკი ამბობს, რომ „ბორუსიას“ ჯერ კიდევ აქვს შანსი.

ოთხივე შეხვედრა ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

„ბაიერნი“ ბრიტანულ გაზეთებს შვაინშტაიგერის შეურაცხყოფას არ მოუთმენს

მიუნხენის „ბაიერნი“ ორ ბრიტანულ გამოცემას — „დეილი მირორსა“ და „სანს“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გასამართი განმეორებითი მატჩის აკრედიტაციების გაცემაზე უარს ეუბნება.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ წყვილის პირველი შეხვედრის შემდეგ აღნიშნულმა გაზეთებმა ბავარიული კლუბის ნახევარმცველის, ბასტიან შვაინშტაიგერის მიმართ შეურაცხყოფელი სათაური გამოაქვეყნეს.

„მიუნხენის „ბაიერნი“ თვლის, რომ ინფორმაციის ამგვარი ფორმით წარდგენა მიუღებელია და მნიშვნელოვნად აკნინებს აღნიშნულ გამოცემებს. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, „დეილი მირორსა“ და „სანს“ „ბაიერნსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის 9 აპრილს გასამართი მატჩის აკრედიტაციებზე უარი ეთქმებათ“, – ნათქვამია გერმანული კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

როგორც მოგეხსენებათ, წყვილის პირველ მატჩში ბავარიული კლუბის ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი უეინ რუნის წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევისთვის მოედნიდან გააძევეს. სათქმელია ისიც, რომ მთავარი არბიტრის გადაწყვეტილებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ზოგი თვლის, რომ ინგლისელმა ფეხბურთელმა სიმულაციას მიმართა, ზოგის აზრით, არბიტრს შვაინშტაიგერის დანდობა შეეძლო, ზოგი კი მიიჩევს, რომ გერმანელი ნახევარმცველი სრულიად დამსახურებულად გააძევეს მოედნიდან.

„დეილი მირორმა“ ნომრის მოწინავე თემა ასე დაასათაურა: „ბინძურო ღორო“. აღსანიშნავია, რომ გერმანულად სიტყვა Schwein სწორედ ღორს აღნიშნავს. „სანს“ კი ასეთი წარწერა „ამშვენებდა“: „You schwein“, რაც ასე შეგვიძლია, გადავთარგმნოთ: „ღორო“.

სიტყვებით თამაში ინგლისელ ჟურნალისტებს არასდროს ეშლებოდათ, თუმცა გერმანელებმა საკუთარი ფეხბურთელის შეურაცხყოფა ვერ აიტანეს და როგორც გითხარით, განმეორებით მატჩზე აღნიშნულ ბრიტანულ გამოცემებს აკრედიტაციის გარეშე დატოვებენ.

ბექა დოგრაშვილი