რატომ არის მარკო მატერაცი “მკვლელი”?

დღეს ავკაც და ხულიგან ფეხბურთელთა ოჯახის სამაგალითო წევრი, მილანის „ინტერის“ ყოფილი მცველი მარკო მატერაცი 47-ე დაბადების დღეს ზეიმობს. Fanebi.com-ი იხსენებს იტალიელი ფეხბურთელის კარიერის იმ ეპიზოდებს, რისთვისაც მას მეტსახელად „მკვლელი“ დაარქვეს.

როგორც ნამდვილი „ინტერისტა“, მატერაცი ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა მილანურ დერბის. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ის მატჩის მიმდინარეობისას „მილანის“ თავდამსხმელებს ყოველთვის დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალყურს და თუ შესაფერის დროს იხელთებდა, მათ სხეულის რომელიმე ნაწილში კარგად უთავაზებდა კიდეც. 2000-იანი წლების დასაწყისში „როსონერის“ თავდასხმის მთავარ ძრავად ანდრეი შევჩენკო ითვლებოდა. უკრაინელი ფეხბურთელის სხეულის ნაწილზე, ალბათ, არ არსებობს ადგილი, რომელზეც მატერაცის თავისი ალი-კვალი არ დაემჩნია. ქვემოთ მოცემულ ვიდეორგოლში ასახულია მატერაცის ყველაზე უხეში თამაშების ამსახველი მომენტები. მისი ყველაზე ხშირი მსხვერპლი კი სწორედ შევჩენკო გახლდათ.

თავად ანდრეიმ მატერაცის წინააღმდეგ მხოლოდ ერთხელ იუხეშა. 2005 წელს გამართულ მილანურ დერბიში შევჩენკომ თავით მსუბუქად „ურქინა“ იტალიელ მცველს, მატერაცი მაშინვე ძირს დაეცა და დიდი ხანის განმავლობაში არც წამომდგარა. მსაჯი სწორად გაერკვა აღნიშნულ სიტუაციაში და უკრაინელი თავდამსხმელი მოედნიდან არ გააძევა.

მატერაციმ ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული „გმირობა“ მოედანს მიღმა ჩაიდინა. 2004 წელს „ინტერსა“ და „სიენას“ შორის გამართულ მატჩში იტალიელი მცველი სათადარიგოთა სკამზე დარჩა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ მას მთელი შეხვედრის განმავლობაში „ბიანკონერის“ მცველ ბრუნო ჩირილოსთან ეჩხუბა. ფინალურ სასტვენამდე მატერაციმ მას სახეში ხელიც გაარტყა, თუმცა ტელეკამერების ობიექტივში ეს ეპიზოდი ვერ მოხვდა. იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ჩირილოს ჩვენების საფუძველზე „ინტერის“ მცველს გრძელვადიანი დისკვალიფიკაცია მისცა. აღნიშნული მატჩის შემდეგ ჩირილომ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ნათლად ჩანს მატერაცის „გმირული“ საქციელის შედეგი.

ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და მარკო მატერაცის მეგობრობა შვედი თავდამსხმელის „ინტერში“ გადასვლის დროიდან დაიწყო, თუმცა „იუვენტუსში“ იბრას ასპარეზობის პირველივე სეზონში იტალიელმა მცველმა ის უხეშად „მოცელა“.

ზლატანმა მატერაცის რამდენიმე წლის შემდეგ უპასუხა. 2010 წლის ნოემბერში გამართულ „მადონინაში“ იბრაჰიმოვიჩმა იტალიელი მცველის წინააღმდეგ კარატეს ილეთი გამოიყენა. მატერაცი მოედნიდან სასწრაფო წესით გაიყვანეს, ზლატანმა კი მატჩის შემდეგ ბოდიში მოიხადა.

ნამდვილი „შედევრი“ გამოუვიდა მარკო მატერაცის ჩემპიონთა ლიგის 2005-06 წლების სეზონის მეოთხედფინალურ ეტაპზე, „ვილიარეალის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში. კუთხურის შესრულებისას იტალიელმა მცველმა იდაყვით ისე ჩაარტყა ხუან პაბლო სორინს სახეში, რომ საბრალო არგენტინელ ფეხბურთელს ძლიერი სისხლდება ძლივს შეუჩერეს, თუმცა „ვილიარეალის“ მოთამაშემ თამაში ვეღარ გააგრძელა. მატერაციმ იმდენად ოსტატურად იუხეშა, რომ თამაშის წესის დარღვევა ვერცერთმა მსაჯმა ვერ შენიშნა. ხულიგანს ყვითელი ბარათიც არ მისცეს.

მარკო მატერაცის მთავარი მიღწევა, რა თქმა უნდა, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ზინედინ ზიდანთან შეტაკება გახლავთ. სიმართლე რომ ვთქვათ, არც ფრანგ ფეხბურთელს იცნობდნენ იტალიაში „ფრთიან ანგელოზად“. „იუვენტუსის“ რიგებში ასპარეზობისას, ზიდანს ხშირად სდებდნენ ბრალს პროვოკაციულ ქმედებებში. ასეა თუ ისეა, ზიზუს გენიას მატერაციმ თავისი ავკაცობა დაუპირისპირა და ამით მიზანსაც მიაღწია. მთელი მატჩის განმავლობაში იტალიელი მცველი ფრანგ ნახევარმცველს ბინძური ფრაზებით „ამკობდა“. შეხვედრის დამატებით დროში ზიდანს მოთმინების ფიალა აევსო. როდესაც მატერაცი ზიზუს დასაც შეეხო, ფრანგმა ვეღარ მოითმინა და მას მკერდში თავი აძგერა. ამის გამო ზიდანი მოედნიდან გააძევეს. ასე დაასრულა ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა მოთამაშის კარიერა. საბოლოოდ, 2006 წლის მუნდიალის თასი იტალიის ნაკრებს ერგო, „სკუადრა აძურამ“ ფრანგები პენალტების სერიაში დაამარცხა, მარკო მატერაცი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

როგორ დაემშვიდობა ესპანეთის ნაკრები ინიესტას (ვიდეო)

ანდრეს ინიესტამ სანაკრებო კარიერა დაასრულა, “ფურია როხა” კი მას ემოციური ვიდეოთი დაემშვიდობა.

“ამბობენ, რომ სურათი ათას სიტყვად ღირს. ჩვენ ანდრეს ინიესტას კარიერის ასაღწერად 35 ფოტო გამოვიყენეთ. ეს იყო 35 ათასი სიტყვა, მაგრამ იცით თუ არა, რომ ეს საკმარისი არ არის, ვინაიდან ანდრესი უნიკალურია, განუმეორებელია”, – ნათქვამია ესპანეთის ნაკრების ოფიციალურ მიკრობლოგზე გამოქვეყნებულ პოსტში.

შეგახსენებთ, რომ 34 წლის ანდრეს ინიესტა საკლუბო დონეზე ასპარეზობას განაგრძობს და ის იაპონური “ვისელ კობეს” ღირსებას დაიცავს.

ფიფას პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს თავისივე პრესკონფერენციაზე ჩასთვლიმა

დღეს ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რის შემდეგ ფიფას ხელმძღვანელობამ პრესკონფერენცია მოაწყო და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. პრესკონფერენციის მსვლელობისას ფიფას პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს ისა ჰაიატუს ჩასთვლიმა, რაც ვიდეოკამერების ობიექტივშიც მოხვდა.

The moment when the stand-in FIFA president Issa Hayatou falls asleep in his own press conference… The organisation is an absolute shambles!

Posted by 101 Great Goals.com on 2015 წლის 3 დეკემბერი, ხუთშაბათი

კახა ცხადაძის პრესკონფერენცია (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ცხადაძემ ესტონეთისა და ალბანეთის ნაკრებებთან დაპირისპირების შესახებ ვრცლად ისაუბრა. მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ განვილ ორ მატჩში ნაჩვენები შედეგი არადამაკმაყოფილებელია.

„არ აქვს მნიშვნელობა მატჩი ამხანაგურია თუ ოფიციალური, როცა ეროვნული ნაკრების სახელით თამაშობ, შედეგი ყოველთვის მნიშვნელოვანია. ეს ყველა ფეხბურთელმა კარგად უნდა გააცნობიეროს. ესტონეთთან და ალბანეთის ნაკრებთან დაპირისპირებაში რამდენიმე ახალი ფეხბურთელი გამოვცადეთ, რომელთაც მომავალში დავეყრდნობით. მინდოდა ამ ორ მატჩში მაქსიმალურად ყველა ფეხბურთელის პოტენციალი დამენახა. ესტონეთთან ამ ანგარიშით წაგების გამო ბოდიში მოვიხადე და ვთვლი,რომ ჩვენი ნაკრები ასე არავისთან არ უნდა აგებდეს. რაც შეეხება ალბანეთთან დაპირისპირებას, ვფიქრობ მათთან ფრე ცუდი შედეგი არ არის, მაგრამ ვინაიდან მატჩს ვიგებდით, უპირატესობა ბოლომდე უნდა შეგვენარჩუნებინა“.

ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს პირველ ლიგაში გარიგებული მატჩების შესახებაც ისაუბრა.

„კარგია, რომ ხობის „კოლხეთისა“ და ცხინვალის „ლიახვის“ მატჩი გარიგების მაღალი რისკის გამო გადაიდო. შეთანხმებული და ჩაწყობილი მატჩები უნდა აღმოიფხვრას და მიხარია, რომ ფეხბურთის ფედერაციამ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა დაიწყო. ძალიან სერიოზულად უნდა დაისაჯოს ადამიანი, რომელიც ცდილობს ფეხბურთელები და განსაკუთრებით ახალგაზრდები ჩაითრიონ ასეთ თამაშში. იმედია საქმეს ბოლომდე მიიყვანენ და დამნაშავეები დაისჯებიან“.

 სფფ-ის პრესსამსახური

ბრავომ რონალდუს სასწაულებრივი ბურთი მოუხსნა (ვიდეო)

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-12 ტურში “ბარსელონამ” გასვლაზე მადრიდის “რეალი” ანგარიშით 4:0 დაამარცხა. მატჩის მიმდინარეობისას “სამეფო კლუბის” ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს თავური დარტყმით გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა კატალონიელთა კიპერმა კლაუდიო ბრავომ შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

 

“მანჩესტერ სიტის” ფანებს კლუბის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშის დასახელება სთხოვეს

სპორტული სააგენტო Goal.com-ის ბრიტანულმა ბიურომ “მანჩესტერ სიტისა” და “ლივერპულს” შორის გასამართ მატჩამდე “ქალაქელთა” ფანები გამოკითხა და მათ კლუბის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება სთხოვა. დასახელებულთა შორის ყველაზე ხშირად გიორგი ქინქლაძის სახელმა გაიჟღერა.

“ჩელსი” შინ “ლივერპულთან” დამარცხდა

ინგლისის პრემიერლიგის მე-11 ტურის ცენტრალური მატჩი “სტემფორდ ბრიჯზე” გაიმართა, სადაც ლონდონის “ჩელსიმ” “ლივერპული” მიიღო და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

შეხვედრა მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და უკვე მე-4 წუთზე რამირესის თავური დარტყმის წყალობით დაწინაურდნენ. ამის შემდეგ ლონდონელებმა აქცენტი თავდაცვით თამაშზე გააკეთეს, თუმცა ტაიმის ბოლოს ფილიპე კოუტინიომ წონასწორობა აღადგინა.

შეხვედრის მეორე ნახევარში “ენფილდროუდელები” გაცილებით ეფექტიანად მოქმედებდნენ და ამან შესაბამისი შედეგიც გამოიღო: 74-ე წუთზე კოუტინიომ დუბლი შეასრულა, 83-ე წუთზე კი თავისი გოლი შეცვლაზე შემოსულმა კრისტიან ბენტეკემაც გაიტანა.

ამრიგად, ჟოზე მოურინიოს “ჩელსიმ” მორიგი მარცხი განიცადა და სატურნირო ცხრილში ამ წუთისთვის მე-15 პოზიცია უკავია. “ლივერპულმა” აქტივში 17 ქულა მოაგროვა და მე-7 ადგილზე გადაინაცვლა.

 

ინგლისის პრემიერლიგა
XI ტური
“ჩელსი” — “ლივერპული” 1:3 (1:1)

გოლები: რამირესი 4′ — კოუტინიო 45+3′, 74′, ბენტეკე 83′.
გაფრთხილებები: ობი მიკელი 66′ — ლალანა 24′, ლუკას ლეივა 58′, ჯანი 65′, ბენტეკე 86′.
მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი.

 

როგორ გააცილეს დავით ზირაქაშვილი ნაკრებიდან (ვიდეო)

მსოფლიოს თასზე საქართველოსა და ნამიბიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (17:16) შემდეგ ქართველმა მორაგბეებმა ჰაერში აიტაცეს დავით ზირაქიშვილი, რომელმაც 32 წლის ასაკში 53-ე და უკანასკნელი სანაკრებო შეხვედრა ჩაატარა.

“რეალის” ახალგაზრდული გუნდის მეკარემ კურიოზული ავტოგოლი გაუშვა

მადრიდის “რეალის” ერთ-ერთი ახალგაზრდული გუნდის მეკარემ “სევილიას” ახალგაზრდა ფეხბურთელების წინააღმდეგ გამართულ მატჩში კურიოზული ავტოგოლი გაუშვა. აღსანიშნავია, რომ ავტოგოლი 21-ე წამზე გავიდა, თუმცა თანაკლუბელებმა მეკარეს გაკრიტიკების ნაცვლად მხარი დაუჭირეს.

 

პეტრ ჩეხმა “ნირვანას” სიმღერის ქავერი ჩაწერა (ვიდეო)

ლონდონის “არსენალის” მეკარე პეტრ ჩეხი დიდი ხანია, გატაცებულია დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრით და ფანებს დროდადრო სოციალური ქსელის საშუალებით სთავაზობს საკუთარი შემოქმედების ამსახველ ვიდეომასალას. ამჯერად ჩეხმა ჯგუფ “ნირვანას” სიმღერა”In Bloom”-ის ქავერი ჩაწერა.

“მიყვარს ამ სიმღერის შესრულება. ისიამოვნეთ”, – დაწერა ჩეხმა თავის მიკრობლოგზე.

 

მასკერანოს ანტირეკორდი

2015 წლის კოპა ამერიკის ფინალურ მატჩში ჩილეს ნაკრებმა არგენტინა პენალტების სერიაში დაამარცხა.

“ალბისელესტეს” ნახევარმცველი ხავიერ მასკერანო გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელიც კოპა ამერიკის ფინალურ მატჩში სამჯერ დამარცხდა.

მასკერანომ არგენტინის ნაკრებთან ერთად ამ ტიტულის მოგების შანსი 2004, 2007 და 2015 წლებში გაუშვა ხელიდან. გარდა ამისა, იგი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩიც დამარცხდა.

 

კოპა ამერიკა ჩილეს ნაკრებმა მოიგო (ვიდეო)

სანტიაგოში მდებარე ხულიო მარტინეს პრადანოსის სახელობის ნაციონალურ სტადიონზე 2015 წლის კოპა ამერიკის ფინალური მატჩი დასრულდა. ტურნირის დასკვნით შეხვედრაში მასპინძელ ჩილეს ნაკრებს არგენტინის ეროვნული გუნდი დაუპირისპირდა. გუნდებმა ძირითად 90 წუთში გოლი ვერ გაიტანეს. ტურნირის რეგლამენტის მიხედვით, ფინალური შეხვედრის ძირითადი დროის საყაიმო შედეგით დასრულების შემთხვევაში, დამატებითი ორი 15-წუთიანი ტაიმი ინიშნება. გუნდებმა ვერც ამ დროში გამოავლინეს გამარჯვებულის ვინაობა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, რომელიც ჩილელებმა უკეთ შეასრულეს და ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.

ამრიგად, ჩილეს ნაკრებმა კოპა ამერიკა ისტორიაში პირველად მოიგო და გახდა ლათინო ამერიკის მერვე გუნდი, რომელსაც ეს ტიტული დასაკუთრებული აქვს.

კოპა ამერიკის ფინალი:
ჩილე — არგენტინა 0:0 (0:0; დ.დ. 0:0 პენ. 4:1)

ჩილე: ბრავო, ვალდივია (ფერნანდესი 75′), ვიდალი, ისლა, დიასი, მედელი, სილვა, არანგისი, ბოსეჟური, ალექსის სანჩესი, ვარგასი (ენრიკესი 95′).
მთავარი მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი.

არგენტინა: რომერო, დემიჩელისი, საბალეტა, ოტამენდი, როხო, მასკერანო, ბიგლია, დი მარია (ლავესი 29′), პასტორე (ბანეგა 81′), მესი, აგუერო (იგუაინი 74′).
მთავარი მწვრთნელი: ხერარდო მარტინო.

პენალტების სერია: ფერნანდესი (1:0), ვიდალი (2:1), არანგესი (3:1), ალექსის სანჩესი (4:1) — მესი (1:1), იგუაინი (2:1), ბანეგა (3:1).
გაფრთხილებები: სილვა 24′, მედელი 34′, დიასი 44′, არანგისი 86′ — როხო 55′, მასკერანო 56′, ბანეგა 91′.
მთავარი მსაჯი: ვილმარ როლდანი (კოლუმბია).