ზვიად სიჭინავა ზუგდიდის მერობისთვის ბრძოლას აპირებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. სიჭინავა ზუგდიდი მერობისთვის ბრძოლას გეგმავს, თუმცა არ აკონკრეტებს, დამოუკიდებლად აპირებს ამას თუ რომელიმე პარტიის კანდიდატი იქნება. ამის შესახებ მან “TV პირველის” ეთერში განაცხადა.

“მერის პოსტი არ არის პოლიტიკური, ეს ჩემი აზრია. მერი არის მენეჯერი, რომელმაც უნდა მოუაროს წყალს, განათებას, გზებს და ა.შ. მინდა და ვაპირებ, ზუგდიდის მერობისთვის ბრძოლას. თუ პარტიული ხაზით დავაპირე არჩევნებში მონაწილეობა, ვიქნები იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელიც ჩემი სახით მოიგებს”, – აღნიშნა ზვიად სიჭინავამ.

კახა კალაძე ზვიად სიჭინავას მადლობას უხდის

საქართველოს ვიცე-პრემიერი კახა კალაძე სოციალური ქსელის მეშვეობით თბილისში ჩატარებულ სუპერთასის მატჩსა და ზვიად სიჭინავას მიერ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო პოსტის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

კალაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ეს მოხდა!
საქართველომ , თბილისმა, “დინამო-არენამ” უმასპინძლა მსოფლიო დონის მატჩს!
უეფა-ს სუპერთასის გათამაშებაზე “ბარსელონა” “სევილია” -ს შეხვდა.
დამეთანხმებით ეს იყო დაუვიწყარი სანახაობა და სპორტული ეიფორია, მიღებული პოზიტივი კიდევ დიდხანს გაყვება გულშემატკივარს.

დიდი მადლობა ყველას, ვინც ითანამშრომლა უეფასთან, განახორციელა ეს პროექტი, ვინც გაუწია ამ მატჩს ორგანიზება, რაც მთავარია- უზრუნველყო შეხვედრის უნაკლოდ ჩატარება! მადლობა და დაფასება ყველა იმ ადამიანს, ვინც თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანა საერთო, სახალხო სიხარულის შექმნაში!
აქვე მინდა ავღნიშნო პერსონალურად ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას მონაწილეობა. მისი უზარმაზარი წვლილია, რომ სუპერთასის ასეთი მნიშვნელოვანი თამაში ჩატარდა აქ, და ასეულ მილიონობით ადამიანის ყურადღება სხვადასხვა ქვეყნებიდან მიპყრობილი იყო თბილისზე! მის კარიერაში, მის დამსახურებებში ამ საფეხბურთო ზეიმის მოწყობაც სათანადო ადგილს დაიკავებს.

ზვიად სიჭინავას ბოლო განცხადებასაც მსურს გამოვეხმაურო- წასვლის შესახებ: ფეხბურთი განსაკუთრებული სამყაროა; განსაკუთრებული ურთიერთობებით, გამარჯვებებით და დამარცხებებით, განსაკუთრებული ურთიერთდამოკიდებულებით, არაერთხელ თქმულა რომ, ჩვენ ვართ ერთი მთლიანობა, გუნდი, ოჯახი- და ამიტომ თითოეულის ნათქვამი, გადაწყვეტილება და თუნდაც პრობლემა ყველასთვის საერთო და გათავისებული ხდება… არ აქვს მნიშვნელობა მოქმედი მოთამაშე მიდიხარ, მწვრთნელი თუ ფედერაციის პრეზიდენტი, არ აქვს მნიშვნელობა წასვლის მიზეზს, და არც მიზეზის ინტერპრეტაციებს- ეს ყველაფერი წარსულს დავუტოვეთ … მთავრია მხოლოდ ის რომ, თითოეული ჩვენგანი, ვინც ფეხბურთის ისტორიას ვქმნიდით, ვინც საფუძველს ვუქმნიდით მომავალ თაობებს ამ სპორტში- ყველა ღირსეულ, დამსახურებულ და მადლობით გაცილებას იმსახურებს. ასე უნდა ყოფილიყო ყოველთვის, ასე იქნება დღეს და იქნება მომავალშიც”.

 

პლატინი სიჭინავას: “ამას არ დავივიწყებ და გავაკეთებ ყველაფერს, რომ გავამართლო თქვენი იმედები”

როგორც რამდენიმე დღის წინათ მოგახსენეთ, უეფას ამჟამინდელმა პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას წერილი გამოუგზავნა, რომელშიც ფრანგი წერდა, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენების შესახებ გადაწყვეტილებას პირველს სწორედ ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელს აცნობდა და მისი მხარდაჭერის იმედსაც აფიქსირებდა. ზვიად სიჭინავამ გადაჭრით თქვა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფას დამდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს პლატინის დაუჭერს, რის შემდეგაც ფრანგმა ფუნქციონერმა სფფ-ში სამადლობელი წერილი გამოაგზავნა.

“ჩემო ძვირფასო მეგობარო, ზვიად!
გულითად მადლობას გიხდი შენი თბილი, მხარდამჭერი წერილისთვის, რომელიც ფიფას პრეზიდენტობის კანდიდატად ჩემი გამოცხადების შემდეგ მივიღე.
ძალიან აღელვებული და კმაყოფილი ვარ ამ პატივისცემით. იმაზე მეტადაც კი, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ – თქვენი პირადი და თქვენი ასოციაციის ასეთი მხარდაჭერის გამო.
დარწმუნებული იყავით, მე დავაფასებ და არ დავივიწყებ თქვენს თანადგომას და გავაკეთებ ყველაფერს, რომ გავამართლო თქვენი იმედები.
ჩვენ ერთად – როგორც ერთი გუნდი, შევძლებთ აღვადგინოთ ფიფას პრესტიჟი და რა თქმა უნდა, მთავარი ყურადღება და ფოკუსი გადავიტანოთ ფეხბურთზე.
კიდევ ერთხელ გიხდი მადლობას თბილი და გამახნევებელი სიტყვებისთვის”, – წერს პლატინი.

 

პლატინიმ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ პირველად სიჭინავას ამცნო

დღეს უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ოფიციალურად განაცხადა, რომ ფიფას დამდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

TV Sport-ის ცნობით, ფრანგმა ფუნქციონერმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას წერილი გამოუგზავნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ პლატინიმ ფიფას საპრეზიდენტო პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენების შესახებ გადაწყვეტილება პირველად სწორედ სიჭინავას აცნობა. იგი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს სწორედ მას დაუჭერს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ პლატინის დაუდასტურა, რომ არჩევნებზე მხარს მხოლოდ პლატინის კანდიდატურას დაუჭერს.

სფფ-ის პრეზიდენტმა აღნიშნულის შესახებ ისაუბრა.

“ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ პლატინი წერს, პირველები ხართ თქვენ, ვისაც მინდა, ვაცნობო, რომ მე გადავწყვიტე ფიფას პრეზიდენტობა. ეს ადამიანი აფასებს ჩვენს ფედერაციას, ჩვენს ქვეყანას, გვერდში გვიდგას და ჩვენგანაც უნდა გვერდში დგომა.

ვთვლით, რომ ეს არის ყველაზე ღირსეული ადამიანი ფეხბურთში, რომელიც უნდა იყოს ფიფას სათავეში.

სანამ მე ვარ პრეზიდენტი, სხვა კანდიდატურა არც განიხილება, ვინაიდან მიშელ პლატინიმ ძალიან ბევრი რამ გააკეთა ქართული ფეხბურთისთვის: სუპერთასი, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 2017 წელს, აკადემიის გახსნა და სხვადასხვა პროექტები”, – განაცხადა ზვიად სიჭინავამ TV Sport-ის ეთერში.

პლატინის საგანგებო წერილი

 

სიჭინავა სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აღარ აპირებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

ამის შესახებ სიჭინავამ გაზეთ “პრაიმტაიმისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“არ ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ადამიანს უნდა ჰქონდეს გრძნობა, რომ ამოწურე შენი მაქსიმუმი. დამრჩა ორი საქმე, რომელიც მართლა მინდა, რომ ბოლომდე მივიყვანო. ერთია ბაზის მშენებლობა, რომელიც რამდენიმე თვეში დასრულდება და მეორე – მინდა, 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალი წამოვიღო საქართველოში. ამას გავაკეთებ და თავისუფალი ვიქნები. ფინალის წამოღება საქართველოში 4 ქალაქის ამუშავებას ნიშნავს: გორის, მცხეთის, რუსთავის და თბილისის. ეს არის მნიშვნელოვანი. სხვანაირად ვუყურებ. არ შემიძლია, რადგან რამდენიმე თვე დამრჩა, ხელები ჩამოვყარო. უფრო მეტად უნდა ვიაქტიურო, მეტი გავაკეთო, რადგან, ვინც ჩემ შემდეგ მოვა, მან უფრო მეტს მიაღწიოს”, – ციტირებს სიჭინავას სიტყვებს “პრაიმტაიმი”

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და მისი პრეზიდენტის – ზვიად სიჭინავას საახალწლო მილოცვა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დამდეგ, ახალ 2015 წელს ულოცავს სრულიად საქართველოს, სპორტის ქომაგებს, ქართული ფეხბურთისა და ზოგადად, ფეხბურთის გულშემატკივრებს და მათთან ერთად გამოთქვამს იმედს, რომ ახალი წელი ახალი წარმატებების, ქართული ფეხბურთის განვითარების წელი იქნება.

2014 წლის მიწურულს, უკვე შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ისტორიის კუთვნილება ხდება კიდევ ერთი, სპორტული თვალსაზრისით დაძაბული წელი, რომელიც სავსე იყო როგორც წარმატებული ნაბიჯებით, სიხარულის მომტანი გამარჯვებებით, ასევე, იმედგაცრუებებით.

2014 წლის შედეგების შეჯამებისას, შეუძლებელია სიხარულით არ გავიხსენოთ ასაკობრივი ნაკრები გუნდების წარმატებები. მწვრთნელთა შტაბის, თითოეული ფეხბურთელის სწრაფვა გამარჯვებისკენ, სპორტული ჟინი და თავდადება. ასევე, გულშემატკივართა საოცარი მობილიზება და მხარდაჭერა, რამაც, საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანი შედეგი განაპირობა.

ასაკობრივი ნაკრებების მიერ მიღწეული წარმატება გვაძლევს უფლებას დავასკვნათ, რომ ქართულ ფეხბურთში ღირსეული, ბრძოლისუნარიანი თაობა მოდის. ეს კი, ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნისთვის; მითუმეტეს, ისეთი სპორტული ტრადიციების მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მადლობას უხდის ნაკრების ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და გულშემატკივრებს და იმედს გამოთქვამს, რომ ნაკრებები კიდევ უფრო მეტი შემართებით გააგრძელებენ ბრძოლას ევროპული მასშტაბებით, ფინალურ ეტაპებზე. ვისურვებთ, 2015 წელი ასაკობრივი ნაკრებებისთვის გამარჯვებების მომტანი ყოფილიყოს.

2014 წელი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვისაც. როგორც წინა წლებში, 2014 წელსაც ნაკრების სატურნირო მდგომარეობა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფში აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა. ამიტომ, კარგად გვესმის იმ გულშემატკივრების, რომლებიც საყვარელი ნაკრებისგან მეტს ითხოვენ; იმის მიუხედავად, რომ ტრადიციულად, ჯგუფში სერიოზულ მეტოქეებთან გვიწევს საფინალო საგზურისთვის ბრძოლა.

2014 წელს, ნაკრებს დაემშვიდობა მთავარი მწვრთნელი – თემურ ქეცბაია, რომელმაც გუნდის განვითარებაში მართლაც კოლოსალური შრომა ჩადო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მადლობას უხდის მას გაწეული მუშაობისთვის და წარმატებას უსურვებს ახალ მწვრთნელს – კახი ცხადაძეს, რომელმაც ნაკრები წლის მიწურულს ჩაიბარა და რომელსაც 2015 წლის მარტიდან, ძალიან მნიშვნელოვან ორთაბრძოლებში მოუწევს საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების გამოცდა.
სირთულეებითა და წარმატებებით სავსე წლის მიწურულს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახალ წელს ულოცავს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე ყველა კლუბს, მათ გულშემატკივრებს, მსაჯებს. ვისურვებდით, 2015 წელი გამთლიანებულ ქვეყანაში ერთიანი ჩემპიონატის ჩატარების წელი ყოფილიყოს, სადაც დღეს არსებული კლუბების ფეხბურთელებს მშობლიურ, ამჟამად ოკუპირებულ მხარეებში თამაშის საშუალება მიეცემათ.

2014 და 2015 წლების მიჯნაზე შეუძლებელია სიამაყით არ აღინიშნოს, რომ 2015 წელს უმნიშვნელოვანესი საფეხბურთო მოვლენის – ევროპის სუპერთასის ფინალის მასპინძელი საქართველოს დედაქალაქია. ის, რომ ამის მიღწევა გახდა შესაძლებელი, სწორედ, 2014 და წინა წლებში გაწეული დაუღალავი შრომის, ურთიერთობების დამყარებისა და განვითარების, საქართველოს პერსპექტივაში ევროპელი კოლეგების დარწმუნების შედეგია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მოხარულია, რომ გარკვეული ბარიერების არსებობის მიუხედავად, ეს ღონისძიება, სწორედ, თბილისში, ჩვენი უშუალო ძალისხმევით ჩატარდება.

სამწუხაროდ, 2014-მა წელმა არ ჩაიარა დანაკარგის გარეშეც… ტრაგიკულად დაიღუპა ლანჩხუთის „გურიას“ ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელი ნიკა კილაძე. ფეხბურთის ფედერაცია კიდევ ერთხელ იხრის ქედს მისი ხსოვნის წინაშე.

დამდეგი 2015 წელი მნიშვნელოვანი წელია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის. მოგეხსენებათ, სწორედ 2015 გახლავთ ის წელი, როცა ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ძალების, მათ შორის, არცთუ იშვიათად, ხელისუფლების შტოს წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ მომხდარა ამ თემით სპეკულირება, ფეხბურთის ფედერაცია იმედოვნებს, რომ არჩევნები ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, გამჭვირვალედ, დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩატარდება და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას კვლავ ღირსეული პრეზიდენტი ეყოლება.

დაბოლოს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახალ წელს ულოცავს საქართველოს ფეხბურთელ ქალებს, ფეხბურთის გულშემატკივრებს, სპორტულ ჟურნალისტებს, ფედერაციის თითოეულ თანამშრომელ; იმ გუნდს, რომელიც არ იშურებს ენერგიას და ძალას საერთო საქმის კეთებაში. ვულოცავთ მათ, ვინც გამოირჩევიან კონსტრუქციულობითა და ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობის სურვილით.

ვისურვებთ, 2015 წელი ფეხბედნიერი ყოფილიყოს ქართული ფეხბურთისთვის და სრულიად საქართველოსთვის.

საუკეთესო სურვილებით – ზვიად სიჭინავა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი

 

ზვიად სიჭინავა სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ გამორიცხავს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა არ გამორიცხავს, რომ მომავალი წლის შემოდგომაზე გასამართ სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.

“რამდენიმე ხნის წინათ განვაცხადე, რომ კანდიდატურის დაყენებას არ ვაპირებდი, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისა და უკვე დაყენებული კანდიდატურების გამო არ გამოვრიცხავ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი მეც ვიყარო.

რაც შეეხება ეროვნული ნაკრების ახალ თავკაცს, ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია. აგენტები მუშაობენ და გვყავს რამდენიმე ვარიანტი”, – აღნიშნა დღეს ზვიად სიჭინავამ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინათ ლევან კობიაშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

 

2013 წლის საუკეთესო საფეხბურთო ციტატები

სპორტული პორტალი Fanebi.Com-ი გთავაზობთ 2013 წლის გამორჩეულ საფეხბურთო ციტატებს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი – „პარი სენ-ჟერმენისა“ და შვედეთის ნაკრების თავდამსხმელი:
(იმის შესახებ, თუ რითი დაჯილდოვდებიან შვედი ფეხბურთელები, გამარჯვების შემთხვევაში)
„ჩემი ავტოგრაფიანი ველოსიპედები დაურიგეთ, ეს მათთვის სრულიად საკმარისი იქნება“.

მალკი მაკკეი – „კარდიფის“ ყოფილი თავკაცი:
(„მანჩესტერ სიტისთან“ მატჩამდე)
„არ ვიცი, ყველაზე მეტად რისი მეშინია პელეგრინის კარდიფში ჩამოსვლის დროს. ალბათ, იმის, რომ შეიძლება მან თავისი ავტომობილი ჩემს ადგილას დააყენოს“.

დორივალ ჟუნიორი – „ფლუმინენსეს“ თავკაცი:
„ბრაზილიურ კლუბებსა და მწვრთნელებს შორის ურთიერთობაში ბევრი პროსტიტუციაა“.

ჟოზე მოურინიო – „ჩელსის“ თავკაცი:
„30 წლის ასაკში რონალდოს ვწვრთნიდი. არა ახლანდელს, არამედ ნამდვილს, ბრაზილიელს“.

ჟოზე მოურინიო – „ჩელსის“ თავკაცი:
„მოთამაშე, რომელსაც ვიცნობდი… პროფესიონალი, რომელსაც ვიცნობდი. სად დაკარგა მან ეს ყველაფერი? რა მოუვიდა სამუელ ეტოოს ამ ორწელიწადნახევრის პერიოდში, როცა ის „ანჟიში“ თამაშობდა?“

ჟოზე მოურინიო – „ჩელსის“ თავკაცი:
„სასტარტო შემადგენლობის შედგენისას 11 შეცდომა დავუშვი“.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი – „პარი სენ-ჟერმენისა“ და შვედეთის ნაკრების თავდამსხმელი:
„მოურინიო არის ადამიანი, რომლის გამოც მზად ვარ, სიცოცხლე გავწირო“.

ანტონიო კასანო – „პარმას“ თავდამსხმელი:
„განსხვავება ჩემსა და ბალოტელის შორის მხოლოდ ის არის, რომ მას გაზეთის პირველ გვერდზე გამოჭენება უყვარს. სინამდვილეში მე უარეს საქმეებს ვაკეთებდი: ვარჯიშებიდან გამოვრბოდი, მოედანზე ავტომობილით გავდიოდი. ყველანაირი საზიზღრობა მაქვს ჩადენილი“.

ჯენარო გატუზო – „პალერმოს“ ყოფილი თავკაცი:
„მეშინია თუ არა იმის, რომ „პალერმოს“ პრეზიდენტი მწვრთნელებს მუდმივად ათავისუფლებს? არა! მე მხოლოდ სიკვდილის მეშინია“.

უსეინ ბოლტი – სპრინტერულ სირბილში ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონი:
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ბიჭებს შევახსენებ, რომ მე მათ გუნდში ნებისმიერ პოზიციაზე შემიძლია თამაში“.

ზვიად სიჭინავა – სფფ-ის პრეზიდენტი:
„ქართული ფეხბურთი, ბავშვთა ფეხბურთი არ არის მკვდარი,  არც არასდროს ყოფილა, ცუდადაც კი არ ყოფილა“.

თემურ ქეცბაია – საქართველოს ნაკრების თავკაცი:
„თქვენ გინდათ, რომ იქიდანაც იმასმიქნათ და მერე თქვენ იმას აქედანაც…“

თემურ ქეცბაია – საქართველოს ნაკრების თავკაცი:
„ერთი ფეხბურთელი ვნახე, იმხელა წვერი ჰქონდა მოშვებული, რომ მოჯაჰიდი მეგონა“.

რევაზ ძოძუაშვილი:
„ხიზანიშვილი, ქეცბაია, კაჭარავა და სხვა ფეხბურთელები ნაგინებიც მყავს და ნაფერებიც…
…სპეციალურად ვაგინებდი“.

ბექა დოგრაშვილი

ზვიად სიჭინავა: „ეს იყო უეფაში ჩვენი ყველაზე ნაყოფიერი სამუშაო ვიზიტი“

უეფაში მორიგ სამუშაო შეხვედრებსა და კომიტეტის სხდომაზე იმყოფებოდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი – ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი – რევაზ არველაძე.

პრეზიდენტი და გენერალური მდივანი თბილისში ძალიან  კმაყოფილები დაბრუნდნენ.

ზვიად სიჭინავა: „ეს იყო სოციალური ვალდებულებებისა და „Fair Play“ – ს კომიტეტის მორიგი სხდომა და ამის გარდა, ჩვენ გვქონდა სამუშაო შეხვედრები უეფას მაღალ ეშელონებში. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ იმ ოთხი წლის განმავლობაში, რაც მე ფედერაციაში ვმუშაობ, ეს იყო ყველაზე ნაყოფიერი ვიზიტი და შეხვედრები. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ გაგვიჩნდა საქართველოში სამი ძალიან მაგარი პროექტის განხორციელების დიდი შანსი. ეს თემა უკვე დაიძრა და როგორც გითხარით, ძალიან სერიოზული პროექტებია. ამ ყველაფერს, უახლოეს დღეებში ჩვენ გავივლით სპორტის სამინისტროსთან და ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან, პროექტების მასშტაბურობიდან გამომდინარე, აუცილებელია სახელმწიფოს ჩართულობა. მოკლედ, ეს ყველაფერი დაეფუძნება სამკუთხედის პრინციპს – უეფა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და სახელმწიფო. როცა ჩვენ აქ ამ ყველაფერს გავივლით, მერე კვლავ გვექნება უეფაში შეხვედრები, რომ ვუთხრათ, მზადაა თუ არა ჩვენი ქვეყანა განახორციელოს ასეთი გრანდიოზული პროექტები.

ახლა მეტის თქმა არ მინდა და არც შემიძლია. როცა გვეცოდინება, რომ ყველანაირად მზად ვართ და სახელმწიფოსგან და უეფასგან სრული მხარდაჭერა გვაქვს, მაშინ ყველაფერზე ღიად ვისაუბრებთ.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ვთვლი, რომ დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დაუმტკიცა ევროპის საფეხბურთო ოჯახს და უეფას, რომ დიდი გამოწვევებისთვის მზად ვართ. ჩვენი ფედერაციისთვის ეს მნიშვნელოვანი წარმატებაა“.

სფფ-ის პრესსამსახური