კითხვაზე, მოიგო თუ არა ბოლო მუნდიალი გერმანიამ, ფიფას კონგრესის დელეგატთა 5 პროცენტმა არასწორად უპასუხა

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს გენერალურმა მდივანმა ჟერომ ვალკემ ხმის მიცემის ელექტრონული სისტემის შემოწმების მიზნით ფიფას კონგრესი მარტივი კითხვით გახსნა.

კითხვაზე, მოიგო თუ არა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი გერმანიის ნაკრებმა, დელეგატთა მხოლოდ 95 პროცენტმა უპასუხა სწორად.

ხმის უფლების მქონე 205 დელეგატს ამ კითხვაზე პასუხი 15 წამში უნდა დაეფიქსირებინა. 205-დან 195 დელეგატმა უპასუხა კითხვას.

95 პროცენტმა დააფიქსირა, რომ გერმანიამ ნამდვილად მოიგო ბოლო მუნდიალი. ხუთმა პროცენტმა კი (ანუ 195 დელეგატიდან ცხრამ) აღნიშნულ კითხვას არასწორად უპასუხა.

როგორც ჩანს, მათ ხმის მიცემის მოწყობილობის სწორად გამოყენება არ იცოდნენ, თუმცა არც ისაა გამორიცხული, უარყოფითი პასუხი შეგნებულად დაეფიქსირებინათ.

 

ფრედმა ბრაზილიის ნაკრების ქომაგებს მიმართა

ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა ფრედმა გუნდის გულშემატკივრებს სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართა.

„სამწუხაროდ, ეს მსოფლიოს ჩემპიონატი ისეთი არ გამოვიდა, როგორიც ჩვენ გვსურდა. ეს თითოეული ჩვენგანისთვის სერიოზული დარტყმაა, თუმცა ცხოვრება გრძელდება. საჭიროა ძალების მოძიება, რათა ყველაფერი ახლიდან დავიწყოთ. დიდ მადლობას ვუხდი ქომაგებს მხარდაჭერისთვის. იმედი მაქვს, მომავალში უფრო მეტად გაიხარებთ. ღმერთმა დაგლოცოთ“, – აღნიშნა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ სამშობლოში გამართულ მუნდიალზე „სელესაომ“ მეოთხე ადგილი დაიკავა. ტურნირის ბოლო ორ მატჩში გაუშვა ათი (!) და გაიტანა მხოლოდ ერთი გოლი.

მსაჯთა მიერ დაშვებული შეცდომები ბრაზილიის მუნდიალზე

ბრაზილიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი მეხსიერებაში დარჩება არამხოლოდ როგორც ბოლო წლების ყველაზე სანახაობრივი ტურნირი, არამედ მსაჯთა მუშაობის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე სუსტიც. მართალია, გოლის ფიქსაციის ავტომატურმა სისტემამ თავისი საქმე ჩინებულად შეასრულა, თუმცა მსაჯთა მიერ დაშვებულ შეცდომებს მაინც ვერ გავექეცით. არბიტრებმა შეცდომების დაშვება ტურნირის სასტარტო მატჩიდანვე დაიწყეს და ფინალურ შეხვედრამდე გააგრძელეს.

1. ბრაზილია — ხორვატია (იუიტი ნისიმურა, იაპონია)
იაპონელმა მსაჯმა ნისიმურამ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნით მატჩში გადაწყვიტა, რომ ბრაზლიის ნაკრებს ქულები არ უნდა დაეკარგა და მაშინ, როცა ანგარიში საყაიმო იყო, „სელესაოს“ პენალტი აჩუქა. ფიფამ ნისიმურა მომდევნო მატჩებში მთავარ არბიტრად აღარ ამუშავა, რითაც ირიბად აღიარა, რომ იაპონელი მსაჯი შეცდა.

ბრაზილიისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას თერთმეტმერიანი დარტყმის მიზეზი ბალკანელთა მცველ დეიან ლოვრენის მიერ ფრედის წაქცევა გახდა. ლოვრენმა ბრაზილიელ თავდამსხმელს ზურგში ოდნავ უბიძგა, ფრედმა მომენტით ისარგებლა და ისე წაიქცა, თითქოს ძლიერი დარტყმა მიეღოსო.

2. მექსიკა — კამერუნი (უილმარ როლდან პერესი, კოლუმბია)
მექსიკისა და კამერუნის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში თავად პერესის მიმართ იმდენი პრეტენზია არ გვაქვს, რამდენიც მისი თანაშემწის, უმბერტო კლავიხოს მიმართ. კლავიხომ მექსიკელთა შემტევ ჯოვანი დოს სანტოსს წესების დაცვით გატანილი ორი გოლი გაუუქმა. ჯერ მე-11 წუთზე გაიტანა მექსიკელმა ფეხბურთელმა, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან ჩამოწოდების შემდეგ ორ მცველს შორის გაიპარა და ხუთი მეტრიდან დაარტყა, შემდეგ იყო 28-ე წუთი, როცა ბურთი კამერუნელი მცველისგან მიუვიდა და ახლო მანძილიდან დარტყმით გაიტანა. ორივე შემთხვევაში კლავიხომ თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

3. ესპანეთი — ჰოლანდია (ნიკოლა რიცოლი, იტალია)
ფინალური მატჩის არბიტრმა ნიკოლა რიცოლიმ შეცდომების დაშვება ჯერ კიდევ ჯგუფურ ეტაპზე დაიწყო. ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრის დროს იტალიელმა მსაჯმა დიეგო კოსტას წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევა დააფიქსირა და პენალტი დანიშნა. არადა, გაესპანელებული ბრაზილიელი თავდამსხმელი თავადვე აქტიურად ცდილობდა ჯარიმაზე თამაშს და სტეფან დე ვრეის ვარდნას ფეხი ოსტატურად დაახვედრა. იტალიელი მსაჯი წამოეგო კოსტას ამ ხრიკს და თერთმეტმერიანის ნიშნულისკენ მიუთითა.

მეორე ტაიმში რიცოლი უკვე „ნარინჯისფერთა“ სასარგებლოდ შეცდა, როდესაც დე ვრეის გოლის მომენტში მეკარის ბაქანზე იკერ კასილასის წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევა ვერ შენიშნა.

ამ შეცდომების მიუხედავად, ფიფამ ფინალური მატჩის განსჯა სწორედ რიცოლის მიანდო.

4. ურუგვაი — კოსტა რიკა (ფელიქს ბრიხი, გერმანია)
კოსტარიკელთა მოულოდნელმა და ლამაზმა თამაშმა ფელიქს ბრიხის და სამსაჯო ბრიგადის შეცდომა გადაფარა. გვერდითა მსაჯმა შტეფან ლუპმა ვერ შენიშნა თამაშგარე მდგომარეობაში მყოფი ოსკარ დუარტე, რომელმაც ფერნანდო მუსლერას კარში მეორე გოლი გაიტანა. როგორც ჩანს, გვერდით მსაჯს ბურთის ჩაწოდების მომენტში დუარტეს ადგილმდებარეობა გამორჩა, რითაც ფეხბურთელმა იხეირა.

5. შვეიცარია — საფრანგეთი (ბიორნ კეიპერსი, ჰოლანდია)
ყველას გვახსოვს ამ მატჩის შედეგი, თუმცა მე-8 წუთზე, როცა ანგარიში ნულოვანი იყო, ფრანგთა თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ ბარბაროსულად ჩაუმტვრია ყვრიმალი შვეიცარიელთა მცველ სტივ ფონ ბერგენს. მომენტი მსაჯის თვალწინ მოხდა, თუმცა კეიპერსს წარბიც არ შეურხევია. ჟირუ გაძევებასაც იმსახურებდა, თუმცა ფრანგ თავდამსხმელს ყვითელი ბარათიც კი არ უჩვენეს.

აღნიშნული ეპიზოდი ფიფამაც უყურადღებოდ დატოვა, რითაც ფრანგები კიდევ უფრო გათავხედნენ. მომდევნო ჯერზე იმავე ჟირუმ და მამადუ სახომ ეკვადორელთა ფეხბურთელის ყბის გამძლეობა გამოსცადეს. მერვედფინალურ ეტაპზე კი, ბლეზ მატუიდიმ ნიგერიელ ნახევარმცველ ოგენი ონაზის ლამის ფეხი მოსტეხა.

6. ნიგერია — ბოსნია & ჰერცეგოვინა (პიტერ ოლირი, ახალი ზელანდია)
ახალზელანდიელ მსაჯთა ბრიგადამ ოსტატურად „მოკლა“ მუნდიალის დებიუტანტი ბოსნია & ჰერცეგოვინის ნაკრები. ჯერ იყო და 21-ე წუთზე გოლის გატანის მომენტში ედინ ჯეკო დააფიქსირეს არარსებულ თამაშგარე მდგომარეობაში, შემდეგ კი მსაჯმა ემირ სპაჰიჩის წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევაზე რეაგირება არ მოახდინა. ფლანგური გარღვევის დროს ემანუელ ემენიკემ წესის დარღვევით აუარა გვერდი სპაჰიჩს და პიტერ ოდემვინგეს საგოლე პასი გაუკეთა.

7. იტალია — ურუგვაი (მარკო როდრიგეს მორენო, მექსიკა)
მარკო როდრიგეს მორენო ის მსაჯია, რომელსაც ლუის სუარესის კბენა გამოეპარა. მან ურუგვაელი თავდამსხმელი არ გააძევა და „სელესტემ“ მერვედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.

8. ბრაზილია — კოლუმბია (კარლოს ველასკო კარბალიო, ესპანეთი)
ესპანელი მსაჯი იმდენად შეიჭრა ლიბერალის როლში, რომ მთელი მატჩის განმავლობაში ვერ ამჩნევდა, როგორ ურტყამდნენ ბრაზილიელები ხამეს როდრიგესს ფეხში. „სელესაო“ იმდენად უხეშად ეთამაშებოდა კოლუმბიელთა ლიდერს, რომ ფერნანდინიო ჯერ კიდევ პირველ ტაიმში იმსახურებდა გაძევებას, თუმცა კარბალიო თვლიდა, რომ მისთვის ყვითელი ბარათიც ზედმეტი იქნებოდა. საბოლოო ჯამში, ხამესის წინააღმდეგ თამაშის წესების დარღვევისას მას არცერთი გაფრთხილება არ უჩვენებია.

კოლუმბიელებს ყელში ამოუვიდათ ეს უსამართლობა და ამით მობეზრებულმა კამილო სუნიგამ ნეიმარი კინაღამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აქცია. სხვათა შორის, არც ამ ეპიზოდში არ უჩვენებია მსაჯს ბარათი.

9. ბრაზილია — ჰოლანდია (ჯამელ ჰაიმუდი, ალჟირი)
ალჟირელმა არბიტრმა მესამე ადგილისთვის მატჩის სტარტზე ერთბაშად ორი სერიოზული შეცდომა დაუშვა. არიენ რობენი მეკარესთან ერთი ერთზე გადიოდა, თუმცა ტიაგო სილვამ ის დაიჭირა და წააქცია. თამაშის წესის დარღვევა საჯარიმო მოედნის გარეთ მოხდა. იმის მაგივრად, რომ მსაჯს ჯარიმა დაენიშნა და ბრაზილიელი მცველი გაეძევებინა, მან პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა, ტიაგო სილვას კი ყვითელი ბარათი უჩვენა.

მე-17 წუთზე კი აფრიკელმა მსაჯებმა ვერ შენიშნეს, რომ მეორე საგოლე კომბინაცია ჰოლანდიელებმა თამაშგარე მდგომარეობაში მყოფი ჟორჟინიო ვეინალდუმის მისამართით გაგზავნილი პასით დაიწყეს.

მეორე ტაიმში ჰაიმუდიმ ჰოლანდიელთა კარის მიმართულებით პენალტი არ დანიშნა. პირიქით, ოსკარს სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი უჩვენა, არადა, თამაშის წესის დარღვევა აშკარა იყო. ჰაიმუდიმ არაკვალიფიციური არბიტრის შთაბეჭდილება დატოვა.

10. გერმანია — არგენტინა (ნიკოლა რიცოლი, იტალია)
ფიფამ ფინალური მატჩის მთავარ არბიტრად იტალიელი ნიკოლა რიცოლი დანიშნა, რასაც გერმანელთა არცთუ ისე კარგი რეაქცია მოჰყვა და ეს არც იყო გასაკვირი, რადგან არგენტინის ნაკრების ფეხბურთელთა ნახევარს სწორედ იტალიური ფესვები აქვს. რიცოლი არგენტინელ მოთამაშეებს მართლაც ლიბერალურად ეპყრობოდა. ჯერ კიდევ პირველ ტაიმში იყო ესეკიელ გარაი გასაფრთხილებელი, როცა ახალგაზრდა კრისტოფ კრამერს ძალიან მძიმედ შეეჯახა, თუმცა არბიტრმა ამ ეპიზოდში თამაშიც კი არ გაჩერა. კრამერმა ტვინის შერყევა მიიღო და მოგვიანებით მოედანი დატოვა. მატჩის ერთ-ერთ მომენტში მანუელ ნოიერი შეეჯახა გონსალო იგუაინს, თუმცა მსაჯმა არგენტინელი ფეხბურთელი აქეთ დააჯარიმა.

დამატებით ტაიმებში რიცოლიმ ორ ეპიზოდში არ მისცა როდრიგო პალასიოს ყვითელი ბარათი, უხეში თამაშისთვის მოედნიდან არ გააძევა უკვე გაფრთხილებული ხავიერ მასკერანო. იყო მომენტიც, როდესაც სერხიო აგუერომ ბასტიან შვაინშტაიგერს სახეში ხელი ჩაარტყა და გერმანელ ფეხბურთელს სისხლი ადენინა, თუმცა არბიტრმა ეს ეპიზოდიც უყურადღებოდ დატოვა.

 

შვაინშტაიგერი: „გვინდა, ევროპის ჩემპიონატიც მოვიგოთ“

მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შემდეგ გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა ბასტიან შვაინშტაიგერმა იმედი გამოთქვა, რომ „ბუნდესნაკრები“ 2016 წელს საფრანგეთში გასამართი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულიც გახდება.

„ამ გამარჯვებამ წყურვილი გაგვიძლიერა. გვინდა, რომ მომდევნო მსხვილი ტურნირიც მოვიგოთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გუნდის ახალგაზრდა მოთამაშეებმა გამოცდილება მიიღეს. 2016 წელს საფრანგეთში აუცილებლად წავალთ თასის დაუფლების მიზნით.

ეს რთული საქმე იქნება, რადგან ახალგაზრდული გუნდი გვყავს, თუმცა გამოცდილი მოთამაშეებიც არიან: ლამი, იოზილი, მერტეზაკერი. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა შვაინშტაიგერმა.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გერმანიის ნაკრების ქვეჯგუფში საქართველოს ეროვნული გუნდიც არის მოხვედრილი.

 

მესი: „ბევრი ეჭვის თვალით გვიყურებდა, თუმცა ჩვენი ძალა ვაჩვენეთ“

არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ მსოფლიოს ჩემპიონატზე ეროვნული გუნდის გამოსვლა შეაფასა.

„ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ფინალში გაგვემარჯვა, მაგრამ რაღაც დაგვაკლდა. იმედი მაქვს, ჩვენი გულშემატკივრები მაინც კმაყოფილები არიან.

მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ბევრი ეჭვის თვალით გვიყურებდა, თუმცა ჩვენმა გუნდმა ძალა აჩვენა. შევეცდებით, რომ კვლავ გავახაროთ ქომაგები“, – აღნიშნა ლეო მესიმ.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრებმა ვერცხლის მედლები მოიპოვა, თავად მესი კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

 

სუარესმა „ლივერპული“ 25 მილიონით აზარალა

როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე იტალიისა და ურუგვაის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას ლუის სუარესმა ჯორჯო კიელინის მხარზე უკბინა, რის გამოც ფიფამ ურუგვაელი თავდამსხმელი ოთხთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. სუარესს ოთხი თვის განმავლობაში ყველანაირი საფეხბურთო საქმიანობა აკრძალული აქვს.

ამ გახმაურებულმა ინციდენტმა ინგლისური „ლივერპული“ 25 მილინი ფუნტით აზარალა.

ბრიტანული „დეილი მეილის“ ცნობით, მერსისაიდული კლუბი სუარესს 100 მილიონ ფუნტად აფასებდა. 27 წლის ფეხბურელის მიმართ სერიოზულ დაინტერესებას იჩენდნენ მადრიდის „რეალი“ და „ბარსელონა“. მუნდიალზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ „ლივერპულმა“ სუარესის ღირებულება 75 მილიონ ფუნტამდე შეამცირა. საბოლოო ჯამში, ურუგვაელი ფეხბურთელი კატალონიურ გუნდში გადავიდა.

სუარესი „ბარსელონას“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი იქნება. ურუგვაელი ფეხბურთელი კატალონიურ კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს ამ კვირაში მოაწერს ხელს. სუარესი კვირაში 200 ათას ფუნტს მიიღებს, რაც მხოლოდ ლიონელ მესის, ნეიმარის და ანდრეს ინიესტას ჯამაგირს ჩამოუვარდება.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ კონტრაქტში სპეციალური პუნქტი ჩაიწერება, რომლის თანახმადაც, თუ სუარესი კიდევ ეცდება ვინმეს კბენას, მისი ხელფასი 30 პროცენტით (წელიწადში 3 მილიონი) შემცირდება.

სხვათა შორის, სუარესის დისკვალიფიკაციაზე კომენტარი გააკეთა ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ურუგვაელი ფეხბურთელის მიმართ მეტად მკაცრი ზომები გატარდა.

„სადისციპლინო სანქციები დამოუკიდებელ ორგანოს გამოაქვს. ადრე ამას აღმასრულებელი კომიტეტი აკეთებდა. ახლა ასეთ საკითხებზე სულ სხვა ხალხი მუშაობს. ვთვლი, რომ სუარესს მკაცრი სასჯელი გამოუტანეს. როგორც ადამიანი და გულშემატკივარი, ფეხბურთელს თანაგრძნობას ვუცხადებ, მაგრამ როგორც ფიფას პრეზიდენტი, მე ვიღებ ამ გადაწყვეტილებას. მჯერა, რომ სუარესი დაბრუნდება და კვლავ გვიჩვენებს თავის დონეს. ის მართლაც საოცარი მოთამაშეა“, – განაცხადა ბლატერმა.

 

ბლატერი: „ამ მუნდიალს 10-ბალიანი სისტემით 9,25 ქულაზე ვაფასებთ“

ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა ბრაზილიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი შეაფასა.

„სამხრეთ აფრიკაში გამართულ მუნდიალთან შედარებით პროგრესს მივაღწიეთ. ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატს 10-ბალიანი სისტემით 9,25 ქულაზე ვაფასებთ. რატომ არა 10 ქულით? იმიტომ, რომ ფეხბურთში სრულყოფილება არ არსებობს.

ეს ჩემი მე-10, პრეზიდენტის რანგში კი მე-5 მუნდიალი იყო. ფეხბურთის დონემ და დაძაბულობამ ეს ტურნირი განსაკუთრებული გახადა“, – განაცხადა ბლატერმა.

 

სკოლარიმ ბრაზილიის ნაკრები დატოვა

მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ ქვეყნის ფეხბურთის კონფედერაციაში გადადგომის შესახებ განცხადება აფრინა.

მანამდე ბრაზილიელი სპეციალისტი აცხადებდა, რომ მის მომავალს ქვეყნის ფეხბურთის ხელმძღვანელობა გადაწყვეტდა.

სამშობლოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე „სელესაომ“ ნახევარფინალურ ეტაპამდე უწია, სადაც გერმანიის ნაკრებთან ანგარიშით 1:7 განადგურდა. მესამე ადგილისთვის მატჩში კი, ბრაზილიელები ჰოლანდიელებთან განადგურდნენ – 0:3.

შეგახსენებთ, რომ ლუიშ ფელიპე სკოლარი ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2012 წლის ნოემბრიდან მუშაობდა. 2013 წელს მისი თავკაცობით „სელესაომ“ კონფედერაციის თასი მოიგო. სკოლარი ბრაზილის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანამდეც მუშაობდა. 2002 წელს სწორედ მისი ხელმძღვანელობით გახდა გუნდი მსოფლიოს ჩემპიონი.

 

სამუნდიალე კონკურსის 25-ე დღის გამარჯვებულები

როგორც მოგეხსენებათ, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით Fanebi.com-ი და Europe-bet-ი ერთობლივი პროექტ – „სამუნდიალე კონკურსს“ გთავაზობდათ, რისი მეშვეობითაც ფულადი ჯილდოს მოგების შანსი გეძლეოდათ. კონკურსის დასკვნით დღეს გერმანიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩთან დაკავშირებული 4 კითხვა შემოგთავაზეთ. შეცვლილი წესების მიხედვით, ჯილდოვდება ყველაზე მეტი სწორი პასუხის დამწერი პირველი 20 მომხმარებელი. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს „ევროპა ბეთის“ ანგარიშზე 15 ლარი ერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 10 ლარი დაერიცხებათ. ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება.

სამუნდიალე კონკურსის დასკვნითი 25-ე დღის კითხვები იყო:

1) რომელი გუნდი გახდება მსოფლიოს ჩემპიონი? (გერმანია, არგენტინა) — გერმანია;
2) მატჩის ბედი გადაწყდება: ძირითად დროში, დამატებით დროში თუ პენალტების სერიაში? — დამატებით დროში;
3) რომელი გუნდი გაიტანს პირველ გოლს: გერმანია, არგენტინა თუ არ იქნება გოლი? (იგულისხმება როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი ტაიმები) — გერმანია;
4) ვინ მიიღებს პირველ ყვითელ ბარათს? (გერმანია, არგენტინა) — გერმანია.

სამუნდიალე კონკურსის 25-ე დღის გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება:

მომხმარებელი: გამოცნობილი პასუხების რაოდენობა: მოგებული თანხა:
GAGAREALI123456  4 15
LEVA_FIL 4 15
ODISHA991  4 15
JAL10  3 10
LASHIKOVSKI17   3 10
LEV  3 10 არ აქვს მითითებული პინ-კოდი
IGBLIANI2014  3 10
7112  3 10
M.REUS11 3 10
EVOLSN  3 10
XUCIKA  3 10
DAVIT.DATA 3 10
HANDSOME777  3 10
CACKRI  3 10
NIN_777 3 10
SURRENDER12  3 10
VALE46  3 10
MERABICHI_19  3 10
TONI-KROOS 3 10
MUSTANGI21 3 10  

გამარჯვებულთა სიები „ევროპა ბეთში“ გაიგზავნება დღეს. შესაბამისად, მომხმარებლებმა, რომლებსაც საკუთარი ანგარიშის პინ-კოდი არ აქვს მითითებული, სასწრაფოდ უნდა მოგვაწოდონ. მათ პინ-კოდის მოსაწოდებლად დრო ეძლევათ 17:30 საათამდე. სხვა შემთხვევაში, მათ ბალანსზე თანხის დარიცხვა ვერ მოხერხდება. თავისთავად, დანარჩენ გამარჯვებულებს თანხები რომ დაერიცხებათ, ეს ჩვენმა ერთგულმა მომხმარებელმა კარგად იცის და არანაირი პრობლემა ამ მხრივ არ იქნება, ჩვენი 6-წლიანი გამოცდილება მეტყველებს ამაზე.

 

მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯილდო კოლუმბიის ნაკრებმაც მიიღო

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისი ჯილდო კოლუმბიის ნაკრებმაც მიიღო.

ხოსე პეკერმანის გუნდმა ფიფასგან „ფეარ პლეის“ პრიზი დაიმსახურა.

ეს ჯილდო იმ ნაკრებს გადაეცემა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაზე ნაკლებ ყვითელ და წითელ ბარათს მიიღებს.

ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე კოლუმბიელმა ფეხბურთელებმა მხოლოდ ხუთი ყვითელი ბარათი მიიღეს.

 

მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეები

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად არგენტინის ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესი დაასახელეს. ფინალური მატჩის შემდეგ არგენტინელ ფეხბურთელს საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადაეცა — „ოქროს ბურთი“.

„ვერცხლის ბურთი“ წილად ხვდა გერმანიის ნაკრების თავდამსხმელ ტომას მიულერს, ხოლო „ბრინჯაოს ბურთი“ ბრაზილიელთა ლიდერ ნეიმარს გადაეცა.

ტურნირის საუკეთესო მეკარედ გერმანიის ნაკრების კარის დარაჯი მანუელ ნოიერი დაასახელეს, რომელსაც „ოქროს ხელთათმანი“ გადაეცა.

6 გატანილი გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირად კოლუმბიის ნაკრების შემტევი ხამეს როდრიგესი დაასახელეს, რომელსაც „ოქროს ბუცს“ გადასცემენ.

მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე საფრანგეთის ნაკრების 21 წლის ნახევარმცველი პოლ პოგბა გახდა.

 

გერმანია — არგენტინა (მატჩის გმირი)

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გერმანიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, დამატებით დროში კი ევროპელებმა მარიო გიოტცეს მიერ გატანილი კინკილა გოლის წყალობით იმარჯვეს და ჩემპიონის სტატუსი დაიბევეს.

შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად „ბუნდესნაკრების“ ნახევარმცველი გიოტცე დაასახელეს, რომელმაც, როგორც გითხარით, მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა.

მიუნხენის „ბაიერნში“ მოთამაშე ფეხბურთელი მოედანზე 88-ე წუთზე მიროსლავ კლოზეს ნაცვლად გამოვიდა. გიოტცემ გააკეთა 19 გადაცემა და კარში დაარტყა ორჯერ.