რამდენი წლისაა ჯოზეფ მინალა?

ფეხბურთის ქომაგები, ბლოგერები, სპორტული ექსპერტები თუ ჟურნალისტები მიმდინარე კვირის განმავლობაში ერთ უბრალოდ თემას განიხილავენ: რამდენი წლის არის რომის „ლაციოს“ კამერუნელი ნახევარმცველი?

რამდენიმე დღის წინათ კი გვისაყვედურეს, ჟურნალისტები ამ თემას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევთო, მაგრამ კვირის ერთ-ერთ მთავარ საკითხს გვერდს ვერ ავუვლიდით.

„ლაციოს“ ახალგაზრდული გუნდის კამერუნელი ნახევარმცველი ჯოზეფ მინალა რომაული დერბის წინ მეტად პოპულარული გახდა: ფეხბურთელი გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, სათადარიგოთა სკამზეც ვერ მოხვდა.

მინალამ მთელი საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდო. მიზეზი? ოფიციალური დოკუმეტებით, ის 1996 წლის 24 აგვისტოს დაიბადა. ინტერნეტის მომხმარებლები ამ მონაცემს არ იჯერებენ და ფორუმებისა თუ სოციალური ქსელების მეშვეობით ასეთ კომენტარებს აკეთებენ:

„მინალა ამტკიცებს, რომ 17 წლისაა? მისი პასპორტი მხოლოდ ნაკიან წლებს თვლის?“ – @Houssem_HR.
„1996 წელს დაიბადა? მამაჩემივით გამოყურება!“ – @Akram_A.
„კამერუნის ასაკით  – 17, ევროპული ასაკით – 36“, – @nechibou.
„ეს თუ 17 წლისაა, მაშინ მე ორ თვეში უნდა დავიბადო“, – tornike.barca. (Fanebi.Com)

მინალას შემყურე, მართლაც რთულია, დაიჯერო, რომ ის ჯერ 18 წლისაც არ არის. „ლაციოში“ 2013 წლის აგვისტოში მოხვდა. რომაელთა ახალგაზრდულ გუნდში ჩემპიონატის ხუთ და თასის სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ასევე ითამაშა ვიარეჯოს ტურნირის ერთ შეხვედრაში. საერთო ჯამში, 5 გოლი მიითვალა. ასე გამოიყურება ჯოზეფი თავისი თანაგუნდელებისფონზე. (მარცხნიდან პირველი)

ეს კი „უდინეზეს“ თავდამსხმელ ანტონიო დი ნატალესთან ერთად გადაღებული სურათია. თუ ოფიციალურ დოკუმენტებს დავუჯერებთ, როცა მინალა ქვეყნიერებას მოევლინა, დი ნატალე უკვე 19 წლისა იყო.

ცეცხლზე ნავთი ინტერნეტ-პორტალ senego.net-ზე გამოქვეყნებულმა ინტერვიუმ დაასხა. სენეგალელ ჟურნალისტ ლამინ სამბას მიერ მომზადებულ ინტერვიუში მინალას ციტატას ვკითხულობთ: „17 წლის არ ვარ. რაც შეიძლება სწრაფად უნდა მომეწერა ხელი კონტრაქტზე, რათა აფრიკაში დატოვებული ჩემი ოჯახისთვის ფული გამეგზავნა. აგვისტოში 42 წლის იუბილე მქონდა. იმედი მაქვს, ეს ჩემს „ლაციოში“ დარჩენას ხელს არ შეუშლის“.

მოგვიანებით ფეხბურთელმა ეს განცხადება უარყო: „ვებ-პორტალ senego.net-ზე წავიკითხე სტატია, რომელშიც თითქოს ვამბობ, რომ მე იმ ასაკის არ ვარ, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტებში წერია. ეს ჩემთვის უცნობი ხალხის მიერ დაწერილი ცრუ განცხადებაა“.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი მაქს ევანგელისტა მხარს მინალას უჭერს და ამბობს, რომ ის მართლაც 17 წლისაა: „მინალა წარმოუდგენლად სწრაფი ფეხბურთელია. მას 41 წელს ნამდვილად ვერ მისცემთ. ძალიან სწრაფად დარბის“.

მინალას მხარესაა „ლაციოს“ კიდევ ერთი ახალგაზრდა აფრიკელი ფეხბურთელი მამადუ ტუნკარა, რომელიც აცხადებს, რომ ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებაზე საუბარი უბრალოდ სასაცილოა. ფიფას აგენტმა დიეგო ტავანომ კი სულაც ასეთი რამ თქვა: „მინალას მისამართით უსამართლო ბრალდებები გაისმა, თუმცა ჯოზეფი სიმშვიდეს ინარჩუნებს. მას რთული ბავშვობა ჰქონდა. თუ გაესაუბრებით, დარწმუნდებით, რომ მინალა მართლაც 17 წლის ბიჭი გახლავთ“.

თუმცა, senego.net-ი აგრძელებს: „ხელთ ჩაგვივარდა მინალას ფოტო, რომელზეც ის მსხვილი ხედით არის აღბეჭდილი. ეს სურათი ამტკიცებს, რომ ის ასაკოვანია. მამაკაცს პირის გარშემო ნაოჭები 30-35 წლის შემდეგ უჩნდება… თანაც, მინალას ბავშვობის რამდენიმე მეგობარმაც დაადასტურა ინფორმაცია, რომ ის 37 წელზე მეტისაა“.

საქმე იქამდე მივიდა, რომ „ლაციოს“ ოფიციალური განცხადების გაკეთება მოუწია: „კლუბი ფეხბურთელის ასაკსა და დოკუმეტებს ადასტურებს. გარდა ამისა, ვიტოვებთ უფლებას, ვუჩივლოთ მათ, ვინც ამბობს, რომ მოთამაშე უფრო ხნიერია, ვიდრე ეს დოკუმენტებშია მოცემული“.

მინალას ასაკის თემას ეხმაურება ისეთი ავტორიტეტული გამოცემები, როგორებიცაა „ლა გაძეტა დელო სპორტი“, „ბიბისი სპორტი“, „ESPN“. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ეს შემთხვევა ფეხბურთის ისტორიაში უნიკალურია.

ისტორიაში მოიძებნება რამდენიმე შემთხვევა, როცა აფრიკელმა ფეხბურთელმა ასაკი დაიკლო. მაგალითად, ტარიბო ვესტი… ბელგრადის „პარტიზანის“ ყოფილი ხელმძღვანელი ჟარკო ზეჩევიჩი იხსენებს: „როდესაც ვესტი ჩვენთან გადმოვიდა, გვითხრა, რომ ის 28 წლისა იყო. მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ ვესტი სინამდვილეში 40 წლისა ყოფილა. თუმცა, იმდენად კარგად თამაშობდა, რომ მის ტრანსფერზე უარი ვთქვი“. 1997 წელს ვესტი მილანის „ინტერში“ გადავიდა. ოფიციალური მონაცემებით, ის ამ დროს 23 წლის იყო. თუ ზეჩევიჩს დავუჯერებთ, ვესტი სინამდვილეში მაშინ 35 წლისა იყო. მოგვიანებით ვესტმა ზეჩევიჩის სიტყვები უარყო და განაცხადა, რომ „პარტიზანის“ ყოფილი ხელმძღვანელი საღ ჭკუაზე არ არის.

რაც შეეხება მინალას, ის მის გარშემო ამტყდარ იწილო-ბიწილოს ამ სიტყვებით გამოეხმაურა: „შური ადამიანის სისუსტეა… ყველას მადლობას გიხდით იმ სიყვარულისთვის, რომელსაც თქვენგან ვიღებ. მინდა, რომ ოცნება ავიხდინო და მუყაითად ვიმუშაო როგორც ჩემთვის, ასევე თქვენთვის. FORZA LAZIO!“

ბექა დოგრაშვილი
ინტერნეტ-ჟურნალი Fanebi.com

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-6 ნომერი გამოქვეყნდა

დღეს კვირა დღეა, შესაბამისად, გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეექვსე ნომერი, რომელიც ოდნავ სახეცვლილია. ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ჟურნალი ამიერიდან აღარ შემოგთავაზებთ ცნობილი ფეხბურთელების ფერად პოსტერებს. ორი ალტერნატივა გვქონდა: ან ეს შუა ორი გვერდი უნდა გაგვეუქმებინა და ჟურნალის ფორმატი შეგვემცირებინა, ან პოსტერის ნაცვლად თქვენთვის სხვა რუბრიკა შემოგვეთავაზებინა. ამ ეტაპზე გადაწყდა, რომ პოსტერის ნაცვლად ეს ორი გვერდი დაეთმობა კვირის საფეხბურთო ამბებსა და ომარ მომანის კვირის კარიკატურების განხილვას. საერთოდ კი, დღევანდელ ნომერში წაიკითხავთ:

მანუელ ნოიერი: „კარში დგომა არ მინდოდა“ (ინტერვიუ)
ქართული ფეხბურთის განვითარების პროგრამა
კვირის ამბები მოკლედ
კვირის კარიკატურები
ფეხბურთოლოგია
რამდენი წლისაა ჯოზეფ  მინალა?

   კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

16 თებერვლის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

ჩისამბა ლუნგუ გულშემატკივარს დაეხმარა

ზუგდიდის “ბაიას” ყოფილი ფორვარდი ჩისამბა ლუნგუ, რომელიც ამჟამად ეკატერინბურგის “ურალის” ღირსებას იცავს, თავისი გუნდის გულშემატკივარს ფინანსურად დაეხმარა. საქმე იმაშია, რომ “ურალს” გასვლითი თამაში ქონდა მოსკოვის “დინამოსთან”, ხოლო ერთ-ერთ გულშემატკივარს, რომელიც ეკატერინბურგიდან სპეციალურად ჩავიდა მოსკოვში თავისი გუნდის მხარდასაჭერად, უკან დასაბრუნებელი ფული აღარ დარჩა. როგორც თვიმხილველები ამბობენ, აფრიკელს არც უკითხავს საჭირო თანხის ოდენბოა და ისე გადასცა ფანს რამოდენიმე კუპიურა.

შეგახსენებთ, რომ ზიმბაბველ ლეგიონერს ერთი შეხვედრა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც აქვს ჩატარებული.

კურიოზი, რომელიც უნდა ნახოთ: სხეულის უხერხული ნაწილით გატანილი გოლი

აფრიკაში, ერთ-ერთი ქვეყნის ჩემპიონატში ძალიან სასაცილო რამ მოხდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ ერთ-ერთი გუნდის მეკარემ ბურთი მეტოქე გუნდის თავდამსხმელს უხერხულ ადგილას მოარტყა, რის შედეგადაც გოლი გავიდა.

თანამედროვე ეკოსტადიონები

მსოფლიოს “მწვანე” არქიტექტურის ტალღამ გადაუარა. თანამედროვე ცხოვრებაში ეკოლოგიურად უსაფრთხო სტადიონების მშენებლობის ბუმია. ჩვენი ინტერნეტ-ჟურნალი  წარმოგიდგენთ თანამედროვე ეკოსტადიონების მიმოხილვას.

ყატარის მზის სტადიონი

ყატარის მზის სტადიონი

ყატარის მზის სტადიონი:
ყატარი აქტიურად ემზადება მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის სამასპინძლოდ. აღნიშნული ქვეყანა სტადიონებზე თავისი ძირითადი რესურსის (ნავთობისა და ქვის შემდეგ) – მზის გამოყენებას აპირებს. 2022 წლის მუნდიალს ისეთი არენები უმასპინძლებს, რომელზეც ნახშირბადის ნულოვანი გამონაბოლქვი იქნება, რაც სწორედ მზის ენერგიის გამოყენებით არის მიღწევადი.

"ტიანჯინის" ეკოლოგიური სტადიონი

“ტიანჯინის” ეკოლოგიური სტადიონი

“ტიანჯინის” ეკოლოგიური სტადიონი:
დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც ჩინური “ტიანჯინი” ახალ სტადიონზე გადაბარგდა. კლუბის არენა, რომელსაც “წვიმის წყალს” უწოდებენ, “მწვანე” არქიტექტურის ბოლო სიტყვაა. სტადიონი აგროვებს და შემდეგ იყენებს წვიმის წყალს, რაც შემდეგ მის ბუნებრივ ვენტილაციას ახდენს. გარდა ამისა, არენა ენერგიის ნაწილს იღებს მზის პანელებისა და ქარის ტურბინების საშუალებით.

"დალიან შიდეს" სტადიონი-ბაღი

“დალიან შიდეს” სტადიონი-ბაღი

“დალიან შიდეს” სტადიონი-ბაღი:
კიდევ ერთი ჩინური კლუბი – “დალიან შიდე” მალე ახალ სტადიონზე გადავა, რომლის კედლებიც სხვადასხვა მცენარეებით იქნება გაფორმებული, რაც არენას საშუალებას მისცემს წელიწადის დროის მიხედვით ფერი შეიცვალოს. არც ეს სტადიონი იქნება მზის პანელებისა და ქარის ტურბინების გარეშე.

სტადიონი მზის სახურავით

სტადიონი მზის სახურავით

სტადიონი მზის სახურავით:
2009 წელს ტაივანის ქალაქ გაოსიუნში ოლიმპიური თამაშების მსგავსი სპორტული ფორუმი მოეწყო, რომლისთვისაც სპეციალურად აშენდა სტადიონი, რომლის სახურავზეც მთლიანად მზის პანელებია დამონტაჟებული.

ბორდოს მზის სტადიონი

ბორდოს მზის სტადიონი

ბორდოს მზის სტადიონი:
შვეიცარიულმა კომპანია Herzog & de Meuron-მა ბორდოში დააპროექტა ერთ-ერთი ის სტადიონი, რომელიც ევროპის 2016 წლის ჩემპიონატს უმასპინძლებს. არენა ცაში დაკიდულ ღრუბელს ჰგავს. სტადიონი ენერგიას მის გარშემო დამონტაჟებული მზის პანელების საშუალებით მიიღებს.

სტადიონი-ვულკანი ხორვატიაში

სტადიონი-ვულკანი ხორვატიაში

სტადიონი-ვულკანი ხორვატიაში:
ხორვატიაში არ არის ვულკანები. ყოველ შემთხვევაში, ახლა არ არის, თუმცა მალე ქვეყანას ექნება სტადიონი სახელწოდებით – “ლურჯი ვულკანი”. უცნაური არქიტექტურული ფორმის გარდა, არენას ექნება მფრინავი დირიჟაბლი, რომელზეც ტელეკამერებისა და მზის პანელების დამონტაჟება იგეგმება.

პიეზოელექტრული სტადიონი ინდოეთში

პიეზოელექტრული სტადიონი ინდოეთში

პიეზოელექტრული სტადიონი ინდოეთში:
ინდოეთში ისეთი სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც მზის ენერგიის გარდა გამოიყენებს პიეზოელექტრულ ენერგიასაც, რაც მიიღწევა არენაზე შეკრებილი ფანების ენერგიის წყალობით. სტადიონზე დამონტაჟდება პიეზოელექტრული ელემენტები, რაც მექანიკურ ენერგიას გარდაქმნის ელექტრულ ენერგიად.

სტადიონი-ოაზისი მაროკოში

სტადიონი-ოაზისი მაროკოში

სტადიონი-ოაზისი მაროკოში:
მაროკო უდაბნოს ქვეყანაა. ეს ქვეყანა მცენარეულობით არ გამოირჩევა, ამიტომ გადაწყდა, რომ სტადიონი სახელწოდებით – Grande stade de Сasablanca ბუნებრივი ოაზისი იქნება. არენაზე იქნება ბაღი, რომელიც შექმნის ხელსაყრელ გარემოსა და ჰავას.

ტოკიოს ოლიმპიური სტადიონი

ტოკიოს ოლიმპიური სტადიონი

ტოკიოს ოლიმპიური სტადიონი:
2016 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაზე პრეტენზია ტოკიოსაც ჰქონდა გამოთქმული და ახალი სტადიონის აშენების პირობაც დადო. პროექტის ავტორების თქმით, არენა აშენდებოდა რეციკლირებული მასალისგან და გამოყენებული იქნებოდა მზის ენერგია. ამის მიუხედავად, 2016 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქალაქად რიო-დე-ჟანეირო აირჩიეს. ასე რომ, სავარაუდოდ, იაპონელების პროექტი არ განხორციელდება.

ნიცას ეკოსტადიონი

ნიცას ეკოსტადიონი

ნიცას ეკოსტადიონი:
ეს ევრო-2016-ის მასპინძელი კიდევ ერთი სტადიონია, ამჯერად ნიცაში. არენა ქალაქის ეკოლოგიური რაიონის ცენტრში აშენდა. სტადიონი გამოიყენებს წვიმის წყალს, რაც მის ბუნებრივი ვენტილაციას მოხმარდება. 16 კვადრატული მეტრის მზის პანელები კი გამოიმუშავებენ მეტ ენერგიას, ვიდრე სტადიონზე დაიხარჯება.

 ბექა დოგრაშვილი

ეტოო ნაკრებში დაბრუნდა

სამუელ ეტოომ კამერუნის მთავრობის გენერალურ მდივან ფერდინანდ ნგო ნგოსთან საუბრის შემდეგ ეროვნულ ნაკრებში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობის წარმომადგენელმა ეტოოს ნაკრებში დაბრუნება ქვეყნის პრეზიდენტ პოლ ბიიას სახელის სთხოვა. შეგახსენებთ, რომ ლონდონის „ჩელსის“ 32 წლის ფეხბურთელმა სანაკრებო კარიერის დასრულება, მისივე თქმით, ოჯახური მიზეზების გამო გადაწყვიტა.

„სახელმწიფოს მეთაურმა ნაკრებში დაბრუყნება მთხოვა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კამერუნის ნაკრებმა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშოს. ასე რომ, მაქსიმალურად შევეცდები, თანაგუნდელებს დავეხმარო“, – ეტოოს სიტყვები „როიტერმა“ გამოქვეყნა.

2014 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის მესამე რაუნდში კამერუნელები ტუნისელებს დაუპირისპირდებიან. მატჩები 13 და 17 ოქტომბერს ჩატარდება. წყვილში გამარჯვებული ბრაზილიაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებს.

ბექა დოგრაშვილი