კოპა ამერიკა ჩილეს ნაკრებმა მოიგო (ვიდეო)

სანტიაგოში მდებარე ხულიო მარტინეს პრადანოსის სახელობის ნაციონალურ სტადიონზე 2015 წლის კოპა ამერიკის ფინალური მატჩი დასრულდა. ტურნირის დასკვნით შეხვედრაში მასპინძელ ჩილეს ნაკრებს არგენტინის ეროვნული გუნდი დაუპირისპირდა. გუნდებმა ძირითად 90 წუთში გოლი ვერ გაიტანეს. ტურნირის რეგლამენტის მიხედვით, ფინალური შეხვედრის ძირითადი დროის საყაიმო შედეგით დასრულების შემთხვევაში, დამატებითი ორი 15-წუთიანი ტაიმი ინიშნება. გუნდებმა ვერც ამ დროში გამოავლინეს გამარჯვებულის ვინაობა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, რომელიც ჩილელებმა უკეთ შეასრულეს და ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.

ამრიგად, ჩილეს ნაკრებმა კოპა ამერიკა ისტორიაში პირველად მოიგო და გახდა ლათინო ამერიკის მერვე გუნდი, რომელსაც ეს ტიტული დასაკუთრებული აქვს.

კოპა ამერიკის ფინალი:
ჩილე — არგენტინა 0:0 (0:0; დ.დ. 0:0 პენ. 4:1)

ჩილე: ბრავო, ვალდივია (ფერნანდესი 75′), ვიდალი, ისლა, დიასი, მედელი, სილვა, არანგისი, ბოსეჟური, ალექსის სანჩესი, ვარგასი (ენრიკესი 95′).
მთავარი მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი.

არგენტინა: რომერო, დემიჩელისი, საბალეტა, ოტამენდი, როხო, მასკერანო, ბიგლია, დი მარია (ლავესი 29′), პასტორე (ბანეგა 81′), მესი, აგუერო (იგუაინი 74′).
მთავარი მწვრთნელი: ხერარდო მარტინო.

პენალტების სერია: ფერნანდესი (1:0), ვიდალი (2:1), არანგესი (3:1), ალექსის სანჩესი (4:1) — მესი (1:1), იგუაინი (2:1), ბანეგა (3:1).
გაფრთხილებები: სილვა 24′, მედელი 34′, დიასი 44′, არანგისი 86′ — როხო 55′, მასკერანო 56′, ბანეგა 91′.
მთავარი მსაჯი: ვილმარ როლდანი (კოლუმბია).

ჩილეს კოპა ამერიკის ფინალში არგენტინა შეხვდება (ვიდეო)

2015 წლის კოპა ამერიკის მეორე ნახევარფინალური მატჩი არგენტინისა და პარაგვაის ნაკრებებს შორის გაიმართა და “ალბისელესტეს” დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 6:1 დასრულდა.

ანგარიში შეხვედრის მე-15 წუთზე მარკოს როხომ გახსნა, 27-ე წუთზე ხავიერ პასტორემ არგენტინელთა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. პირველი ტაიმის მიწურულს “ალბისელესტეს” მცველების დაუდევრობით პარაგვაელებმა ისარგებლეს და ლუკას ბარიოსმა ერთი გოლი გაქვითა. “ალბიროხას” მატჩის გადარჩენის იმედი მიეცა, თუმცა მეორე ტაიმში არგენტინელებმა მეტოქეს, როგორც იტყვიან, ცივი შხაპი გადაასხეს: ანხელ დი მარიამ დუბლი გაიფორმა, თავისი ბურთი გაიტანა სერხიო აგუერომ, გოლით შეცვლაზე შემოსულმა გონსალო იგუაინმაც გამოიჩინა თავი. აღსანიშნავია, რომ ლეო მესიმ აქტივში სამი საგოლე გადაცემა ჩაიწერა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

ამრიგად, არგენტინის ნაკრებმა ფინალის საგზური მოიპოვა და კოპა ამერიკის ტიტულისთვის მასპინძელ ჩილეს დაუპირისპირდება. ფინალური შეხვედრა შაბათს, ჩვენი დროით ღამის 12:00 საათზე დაიწყება.

მესამე ადგილისთვის ერთმანეთს პერუსა და პარაგვაის ნაკრებები შეეცილებიან. აღნიშნული მატჩი 4 ივლისს, თბილისის დროით შუაღამის 03:30 საათზე დაიწყება.

 

კოპა ამერიკის ნახევარფინალი:
არგენტინა — პარაგვაი 6:1 (2:1)

გოლები: როხო 15′, პასტორე 27′, დი მარია 47′, 53′, აგუერო 80′, იგუაინი 83′ — ბარიოსი 43′.
გაფრთხილებები: როხო 12′, ბიგლია 13′ — კასერესი 13′, და სილვა 30′, ორტისი 59′.

არგენტინელი ფერმერი მესის სახელმა იხსნა

საინფორმაციო სააგენტო AFP ერთ საინტერესო ისტორიას გადმოგვცემს. თურმე, ტყვეობაში მყოფი არგენტინელი ფერმერი ლეო მესის სახელმა იხსნა.

ფერმერი სანტიაგო მენენდესი ჰყვება, რომ იგი უცნობმა პირებმა ნიგერიაში გაიტაცეს. მისი თქმით, თავდამსხმელებმა ესპანური ენა არ იცოდნენ და მათთან კონტაქტის დასამყარებლად არგენტინის ნაკრებისა და “ბარსელონას” ლიდერ ლიონელ მესის სახელის ძახილი დაიწყო. ორი დღის შემდეგ არგენტინელი ფერმერი სრულიად უსასყიდლოდ გაათავისუფლეს.

 

ხამესმა მესის შესახებ ისაუბრა

კოპა ამერიკის წლევანდელი გათამაშების მეოთხედფინალურ ეტაპზე კოლუმბიის ნაკრების მეტოქე არგენტინის ეროვნული გუნდი იქნება. კოლუმბიელთა ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა “ალბისელესტეს” ლიდერის, ლეო მესის შესახებ ისაუბრა.

“მესი სხვა სამყაროდანაა. ის განსაკუთრებული მოთამაშეა და ჩემი მასთან შედარება უმართებულოა. ასეთი შედარება ლეოს მიმართ უსამართლო იქნება”, – ხამეს როდრიგესის კომენტარი “მუნდო დეპორტივომ” გამოაქვეყნა.

მატჩი არგენტინისა და კოლუმბიის ნაკრებებს შორის 27 ივნისს, თბილისის დროით შუაღამის 03:30 საათზე დაიწყება.

 

არგენტინელმა მსახიობმა მესის პაროდია გააკეთა (ვიდეო)

არგენტინელმა მსახიობმა მარტინ ბოსიმ “ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების ლიდერის, ლიონელ მესის პაროდია გააკეთა. ვიდეოში “მესი” საკუთარ შვილზე საუბრობს, მღერის სიმღერებსა და განასახიერებს წიწილას.

გთავაზობთ ამ სახალისო ვიდეოს.

 

ტატა მარტინოს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. შესაბამისად, 52 წლის არგენტინელი სპეციალისტი გუნდს იამაიკის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ მატჩში ვერ უხელმძღვანელებს. მარტინოს არც ფეხბურთელებთან და არც სამწვრთნელო შტაბთან კონტაქტის უფლება არ ექნება.

ტატა მარტინო ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში (1:0) გააძევეს, როდესაც ის მოედანზე გავიდა და ბრაზილიელი არბიტრის, სანდრო რიკის მიმართ პროტესტი ღიად გამოხატა. მარტინოს გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ პაბლო საბალეტას წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევის შემდეგ ბურთი არგენტინელებს დარჩათ, თუმცა მსაჯმა იმის ნაცვლად, რომ “ალბისელესტესთვის” უპირატესობა მიენიჭებინა, თამაში გააჩერა.

მატჩი არგენტინისა და იამაიკის ნაკრებებს შორის კვირას, თბილისის დროით ღამის 01:30 საათზე დაიწყება.

 

მესის გოლი = უფასო დასალევი

ჩილეში მდებარე ერთ-ერთი მოტელის მფლობელი მიმდინარე კოპა ამერიკის ტურნირთან დაკავშირებით მის სტუმრებს საინტერესო შეთავაზებებით ანებივრებს.

ობიექტის მფლობელმა განაცხადა, რომ კოპა ამერიკაზე ლიონელ მესის ყოველი გოლის შემდეგ მის სტუმრებს უფასო სასმელით გაუმასპინძლდება. არგენტინის ნაკრების გამარჯვების შემთხვევაში, მოტელის სტუმრებს სხვადასხვა სახის ფასდაკლებებსა და სპეციალურ შეთავაზებებს გაუკეთებენ. გარდა ამისა, სტუმრებს შორის ერთგვარი ლატარია ჩატარდება, რომლის გამარჯვებულიც საჩუქრად არგენტინის ნაკრების მაისურს მიიღებს.

 

უილ სმიტმა სერხიო აგუეროს კოპა ამერიკის მოგება უსურვა (ფოტო)

ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა უილ სმიტმა სოციალური ქსელის მეშვეობით “მანჩესტერ სიტისა” და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელ სერხიო აგუეროს კოპა ამერიკის ტურნირზე წარმატება უსურვა.

“სერხიო აგუეროს კოპა ამერიკა 2015-ის მოგებას ვუსურვებ”, – დაწერა მსახიობმა და თან არგენტინელ ფეხბურთელთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა.

თავის მხრივ, აგუერომ სმიტს მადლობა გადაუხადა:

“მადლობა, უილ! გეპატიჟები ნებისმიერ მატჩზე, რომლის ხილვაც მოგესურვება”.

Will Smith - Sergio Aguero

მარსელო ბიელსამ “რეალის” ჩაბარებაზე უარი თქვა

“მარსელის” მთავარ მწვრთნელ მარსელო ბიელსას 2004 წელს მადრიდის “რეალის” ჩაბარება შეეძლო, თუმცა არგენტინელმა სპეციალისტმა წინადადებაზე უარი თქვა. ამის შესახებ ლუის მარია ბონინიმ განაცხადა, რომელიც არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ბიელსას თანაშემწედ მუშაობდა.

“არგენტინის ნაკრებიდან რამდენიმე დღის წამოსულები ვიყავით, როცა მარსელოს მადრიდიდან მნიშვნელოვანმა პიროვნებამ დაურეკა. ბიელსამ მას უპასუხა: “სულ ახლახან დავტოვე არგენტინის ნაკრები და თქვენ ფიქრობთ, რომ “რეალს” ჩავიბარებ?”

რთულია “სამეფო კლუბს” უარი უთხრა. ეს მხოლოდ ბიელსას შეუძლია”, – ბონინის კომენტარი “მარკამ” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ მარსელო ბიელსამ არგენტინის ეროვნული გუნდის შემდეგ ჩილეს ნაკრები ჩაიბარა, ეს კი სამწლიანი პაუზის შემდეგ, 2007 წელს მოხდა.

 

ბლატერი: „მესის მუნდიალის საუკეთესო მოთამაშედ დასახელება შეცდომა იყო“

ფიფა-ს პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ ლიონელ მესის დასახელებასთან დაკავშირებით თავისი აზრი გამოთქვა.

„მე ცოტა გამიკვირდა, როდესაც კომიტეტის გადაწყვეტილების შესახებ გავიგე.

ვთვლი, ეს გადაწყვეტილება არასწორი იყო.

ექსპერტებმა მითხრეს, რომ მხოლოდ ათ ფეხბურთელს აკვირდებოდნენ, რომელიც ფინალურ მატჩში მონაწილეობდა“, – განაცხადა ბალტერმა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები პლანეტის პირველობის ფინალში გერმანიასთან დამატებით დროში 0:1 დამარცხდა. ჯამში კი, ბრაზილიაში ჩატარებულ ტურნირზე მესიმ შვიდი მატჩი ჩაატარა, რომელშიც ოთხი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა.

კარლოს ტევესი 2011 წლის შემდეგ ნაკრებში პირველად გამოიძახეს

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ დაპირება შეასრულა — ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი კარლოს ტევესი ეროვნულ გუნდში გამოძახებულია.

“ალბისელესტე” ნოემბრის თვეში ხორვატიისა (12 ნოემბერი) და პორტუგალიის (18 ნოემბერი) ნაკრებების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩებს გამართავს.

ტევესი, რომელსაც არგენტინის ფეხბურთის ფედერაციასთან კონფლიქტი ჰქონდა, ეროვნულ გუნდში 2011 წლის შემდეგ პირველად გამოიძახეს.

არგენტინის ნაკრების განაცხადი ასე გამოიყურება:

მეკარეები: რომერო (“სამპდორია”), კაბალიერო (“მანჩესტერ სიტი”), გუზმანი (“ტიგრესი”);

მცველები: ოტამენდი (“ვალენსია”), დემიჩელისი (“მანჩესტერ სიტი”), როხო (“მანჩესტერ იუნაიტედი”), საბალეტა (“მანჩესტერ სიტი”), ფასიო (“ტოტენჰემი”), ფ. ფერნანდესი (“სუონსი”), გარაი (“ზენიტი”), რონკალია (“ჯენოა”), ანსალდი (“ატლეტიკო”);

ნახევარმცველები: მასკერანო (“ბარსელონა”), ბანეგა (“სევილია”), პერეირა (“იუვენტუსი”), ბილია (“ლაციო”), დი მარია (“მანჩესტერ იუნაიტედი”), ლამელა (“ტოტენჰემი”), პასტორე (“პარი სენ-ჟერმენი”), პერესი (“ბენფიკა”), გაიტანი (“ბენფიკა”);

თავდამსხმელები: მესი (“ბარსელონა”), ტევესი (“იუვენტუსი”), იგუაინი (“ნაპოლი”), აგუერო (“მანჩესტერ სიტი”).

 

რამდენად შეცვალა დუნგამ “სელესაო”?

ბრაზილიის ნაკრებმა 11 ოქტომბერს კარლოს დუნგას თავკაცობით მესამე მატჩი არგენტინის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარა და ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა.

ჯერჯერობით რთული სათქმელია, რამდენად შეიცვალა “სელესაო” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დუნგას დანიშვნის შემდეგ, თუმცა ფაქტი სახეზეა: სამი ამხანაგური შეხვედრიდან ბრაზილიელებმა სამივე გამარჯვებით დაასრულეს ისე, რომ ბურთი არ გაუშვიათ, თანაც ხელწამოსაკრავი მეტოქე არცერთი არ ყოფილა (კოლუმბია (1:0); ეკვადორი (1:0); არგენტინა (2:0).

აშკარაა, რომ დუნგამ გუნდს მკაცრი ორგანიზებულობა და დისციპლინა შესძინა. ამის დასტურად არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ გამართული შეხვედრიდან ერთ-ერთი ეპიზოდის მოყვანაც შეიძლება: მატჩის მიმდინარეობისას ბრაზილიელებმა აქტიურ პრესინგს მიმართეს, რამაც შედეგი უმალ გამოიღო. ბრაზილიის ნაკრებს არასდროს ახასიათებდა პრესინგზე თამაში, გუნდს ყოველთვის შეტევა უფრო ეხერხებოდა, ვიდრე თავდაცვა და ბურთის ართმევა, თუმცა თანამედროვე ფეხბურთში მიდგომები შეიცვალა. ახლა გუნდებს შორის დონე შედარებით გათანაბრდა და ნაკრები, რომელიც ბურთის ართმევაზე არ თამაშობს და მეტოქეს თავისუფლად მოქმედების საშუალებას აძლევს, დიდწილად განწირულია. ნათქვამია, თამაშს ის გუნდი იგებს, რომელსაც მოედნის ცენტრი უკავიაო და გასაკვირი როდია, რომ დიდი ტაქტიკოსები ყველაზე მეტ ყურადღებას სწორედ მოედნის ამ მონაკვეთზე აკეთებენ. ბურთმა ყველაზე დიდხანს ნახევარდაცვაში უნდა იმოძრაოს და ამ ამპლუაში უმეტესობა უმაღლესი ტექნიკის მქონე ფეხბურთელი უნდა იყოს. პრესინგს რომ დავუბრუნდეთ, ყველასთვს ცნობილია, რომ შეტევა თავდასხმიდან არ იწყება, მის განხორციელებას გაცილებით უკნიდან ეყრება საფუძველი და  ხშირად შეტევას მეკარეც კი იწყებს, ამიტომ კიპერზეც საჭიროა პრესინგის განხორციელება, რადგან ასეთ დროს იმ გუნდის დაცვა, რომელსაც ბურთი არ აქვს, შედარებით წინ ლაგდება და მეტოქეს ტერიტორიას ართმევს, მეკარის მიერ შეცდომის დაშვების ალბათობაც იზრდება, ხოლო დიდი ძალებით საკუთარ საჯარიმოსთან განლაგება და მეტოქისთვის სივრცის მიცემა სულ უფრო ნაკლებად ეფექტიანი ხდება. ასე რომ, დუნგამ ბრაზილიელებს ის მოსთხოვა, რაც მათ ყველაზე ნაკლებად უყვართ — ბურთის ართმევა, თუმცა რას იზამ, თანამედროვე ფეხბურთი ასე მოითხოვს, აბა, უპრესინგოდ თამაშმა “სელესაოს” რაც მოუტანა, ეს ყველამ კარგად ვნახეთ მიმდინარე წლის მუნდიალზე.