ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის წილისყრის შედეგები

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა. მატჩები 1-2 და 8-9 აპრილს შედგება.

გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ.

„ბარსელონა“ — „ატლეტიკო“
„რეალი“ — „ბორუსია“
„პარი სენ-ჟერმენი“ — „ჩელსი“
„მანჩესტერ იუნაიტედი“ — „ბაიერნი“

კლოპმა რუსი თარჯიმანი გააკრიტიკა

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპზე სანკტ-პეტერბურგის „ზენიტსა“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ შორის გასამართ მატჩამდე მოწყობილ პრესკონფერენციაზე სახალისო რამ მოხდა. სტუმართა გუნდის მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის პრესკონფერენციაზე მოწვეული თარჯიმანი, როგორც ჩანს,
ფეხბურთისგან საკმაოდ შორს მდგარი ადამიანი იყო. ამის გამო გერმანელ სპეციალისტს რამდენჯერმე მოუწია კომენტარის გამეორება. ბოლოს კი, კლოპმა თარჯიმანს ასეთი რამ უთხრა:

„იმედი მაქვს, ჩემი ნათქვამის სწორად გადათარგმნა შეგიძლიათ.

აშკარაა, რომ ამ კაცს ჩემპიონთა ლიგის მატჩებისთვის ცხოვრებაში არ უყურებია“.

თარჯიმანი კლოპს დაეთანხმა.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

 

კლოპი: „ჰალკს დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ“

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი განახლდება. სანკტ-პეტერბურგში ადგილობრივი „ზენიტი“ დორტმუნდის „ბორუსიას“ უმასპინძლებს. გერმანული კლუბის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ზოგადად შეეხო რუსულ ფეხბურთს და თქვა, რომ ის პროგრესირებს.

„ზენიტის“ ყველა მატჩი ვნახეთ, მათ შორის – ისრაელში ჩატარებული ამხანაგური შეხვედრები და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამართული მატჩებიც. ჩვენც და რუსებსაც ძლიერი მეტოქეები გვყავდა, განსაკუთრებით მადრიდის „ატლეტიკოს“ გამოვარჩევდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფარული ფავორიტია. „ზენიტის“ ცალკეული ფეხბურთელები არ მაინტერესებდა, მთლიან გუნდს ვუყურებდი. ჰალკს დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, ის ბევრ გოლს იტანს.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანი არ არის იმის გარკვევა, თუ რომელია ყველაზე ძლიერი ლიგა. ეს შეიძლება იყოს ესპანეთიც და ინგლისიც. გერმანიასაც საკმაოდ კარგი ჩემპიონატი აქვს. აქედან გამომდინარე, სატურნირო ცხრილის მეორე ადგილის დაკავება დიდი პატივია. სხვადასხვა ქვეყნებიდან მოსული მწვრთნელები კიდევ უფრო აძლიერებენ ლიგას. რაც შეეხება რუსულ ფეხბურთს, ის ვითარდება, „ზენიტი“ უკვე მეორედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში. რობერტ ლევანდოვსკიმ ამ უქმეებზე დაისვენა, თუმცა ივარჯიშა და ვფიქრობ, დამდეგი მატჩისთვის მზად არის“, – კლოპის სიტყვები უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

მატჩი „ზენიტსა“ და „ბორუსიას“ შორის დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და მას შოტლანდიელი არბიტრი ვილიამ კოლუმი განსჯის.

ბექა დოგრაშვილი

იბრაჰიმოვიჩი: „კლოპი მაგარი კაცია“

ალბათ, გახსოვთ, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალზე ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და იურგენ კლოპს შორის საჯარო დიალოგი რომ შედგა. მაშინ „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა გერმანელ სპეციალისტს ჰკითხა, თუ როდის მიიწვევდა დორტმუნდის „ბორუსიაში“. კლოპმა კი უპასუხა, რომ ზლატანის ხელში ჩასაგდებად მთელი გუნდის გაყიდვა მოუწევდა. ჟურნალისტებსაც მეტი რა უნდოდათ და დაიწყო სპეკულირება იმის შესახებ, რომ კლოპი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში იბრაჰიმოვიჩს რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელად წაიყვანდა, თუმცა ამ ჭორებს თავად ზლატანმა დაუსვა წერტილი.

„იურგენ კლოპი მაგარი კაცია! მომწონს, როგორ თამაშობს დორტმუნდის „ბორუსია“ გიჟი კლოპის თავკაცობით. თუმცა, მე მათთან ერთად თამაში არ შემიძლია. ბუნდესლიგაში ვერ გადავალ, რადგან „პარი სენ-ჟერმენთან“ მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს. პარიზში დიდი ხნის განმავლობაში მინდა თამაში“, – ციტირებს იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს Goal.com-ი.

შვედმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 35 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა. „პარი სენ-ჟერმენი“ დამაჯერებლად ლიდერობს საფრანგეთის ჩემპიონატს და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში თამაშის უფლებაც თითქმის გაინაღდა.

ბექა დოგრაშვილი

ლევანდოვსკის ავტომობილს ბორბლები დააძრეს და მოიპარეს

„ბორუსიას“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი დორტმუნდში პოპულარობით ძველებურად რომ ვეღარ სარგებლობს, ეს არახალი ამბავია. პოლონელ ფეხბურთელს გუშინ კიდევ ერთი ინციდენტი შეემთხვა. სახლის წინ მდგარ მის ავტომობილს (Porsche Cayenne)  ყველა ბორბალი დააძრეს და მოიპარეს.

მოგეხსენებათ, პოლონელი ფეხბურთელი სეზონის ბოლოს მიუნხენის „ბაიერნში“ გადაბარგდება, რაც „ბორუსიას“ გულშემატკივართა პროტესტს იწვევს. არ არის გამორიცხული, ეს შემთხვევაც კლუბის ქომაგთა შურისძიებას ემსახურებოდეს.

რამდენიმე დღის წინათ, Fanebi.com-მა ლევანდოვსკისთან დაკავშირებით მსგავსი ინციდენტის შესახებ უკვე გიამბოთ. მაშინ 17 წლის მოწაფე ჰყვებოდა, რომ გზად მიმავალმა პოლონელი თავდამსხმელი დაინახა და შუა თითი უჩვენა, რაც ლევანდოვსკიმ ვერ მოითმინა და ახალგაზრდა გულშემატკივარს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მოგვიანებით „დაზარალებულმა“ სამართალდამცავ ორგანოში საჩივარი აფრინა, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ უკან გამოითხოვა და ფეხბურთელს ბოდიშიც მოუხადა.

ასე გამოიყურება ლევანდოვსკის ავტომობილი.

ბექა დოგრაშვილი

ახალგაზრდა ქომაგმა ლევანდოვსკის ბოდიში მოუხადა

გერმანული პრესის ცნობით, ათი დღის წინათ დორტმუნდის „ბორუსიას“ ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკისა და კლუბის ახალგაზრდა გულშემატკივარს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ბორუსიას“ ქომაგთა გარკვეული ნაწილი ლევანდონსკის საცხოვრებელი სახლის მახლობლად შეიკრიბა. 17 წლის გულშემატკივარმა პოლონელ ფეხბურთელს შუა თითი უჩვენა, რაც თავდამსხმელმა ვერ მოითმინა. სხვადასხვა წყაროების ცნობით, ლევანდოვსკი ახალგაზრდა ქომაგს გაეკიდა და შუბლში ფეხი ამოარტყა. „დაზარალებულმა“ ვინმე ფილიპ ს.-მ პოლიციაში სარჩელი აფრინა და მომხდარზე გამოძიებაც დაიწყო.

გუშინ გახდა ცნობილი, რომ ახალგაზრდა გულშემატკივარმა ლევანდოვსკის ბოდიში მოუხადა და სამართალდამცავ ორგანოში საქმის შეწყვეტის თაობაზე განცხადებაც დაწერა.

აღსანიშნავია, რომ ამ კონფლიქტში „ბორუსიამ“ თავიდანვე მხარი დაუჭირა ლევანდოვსკის.

შეგახსენებთ, რომ პოლონელი თავდამსხმელი პირველი ივლისიდან მიუნხენის „ბაიერნის“ წევრი გახდება.

ბექა დოგრაშვილი

დორტმუნდელები ბენზემათი დაინტერესდნენ

სპორტული ინტერნეტ-პორტალი Football Espana იუწყება, რომ დორტმუნდის „ბორუსიას“ ხელმძღვანელობა მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელ კარიმ ბენზემათი დაინტერესდა.

როგორც მოგეხსენებათ, ზაფხულში „ბორუსიას“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი მიუნხენის „ბაიერნს“ მიაშურებს, დორტმუნდელებმა კი მის შემცვლელზე ფიქრი აქედანვე დაიწყეს. უცხოური წყაროს ცნობით, გერმანელები ერთ-ერთ ვარიანტად სწორედ საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელს მოიაზრებენ. გავრცელებული ინფორმაციით, დორტმუნდელები მზად არიან, რომ ბენზემას ტრანსფერის გასაჩარხად ნახევარმცველი ილკაი გიუნდოგანიც დათმონ.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგი თავდამსხმელის მიმართ ინტერესს ლონდონის „ჩელსიც“ იჩენდა.

ბექა დოგრაშვილი

ლევანდოვსკიმ „ბორუსიას“ ქომაგებს მიმართა

დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ, რომემაც 4 იანვარს მიუნხენის „ბაიერნთან“ კონტრაქტი გააფორმა, სოციალური ქსელის მეშვეობით თავის გულშემატკივრებს მიმართა. პოლონელი ფეხბურთელი წერს, რომ დარჩენილი პერიოდის განმავლობაში „ბორუსიას“ საკეთილდღეოდ ძალისხმევას არ დაიშურებს.

„ერთად კიდევ ნახევარ წელიწადს გავატარებთ. ერთი მიზანი გვაქვს, რომელსაც გვინდა, რომ ერთად მივაღწიოთ. ყველას გპირდებით, რომ ძალისხმევას არ დავიშურებ. თქვენი თანადგომის იმედი მაქვს!

ქალბატონებო და ბატონებო, მედიის წარმომადგენლებო, თქვენი მადლიერი ვარ. უახლოესი თვეების განმავლობაში მხოლოდ „ბორუსიაზე“ გავაკეთებ ფოკუსირებას. ამიტომ, მომავალზე საუბარი არ მსურს. იმედია, სწორად გამიგებთ“, – აღნიშნა პოლონელმა თავდამსხმელმა.

შეგახსენებთ, რომ ლევანდოვკსი მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ოფიციალურად გახდება „ბაიერნის“ ფეხბურთელი.

ბექა დოგრაშვილი

„ბაიერნმა“ ლევანდოვსკის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა

როგორც უკვე გაცნობეთ, დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი კარიერას მიუნხენის „ბაიერნში“ გააგრძელებს. ეს ინფორმაცია ბავრიულმა მხარემ უკვე ოფიციალურად დაადასტურა. პოლონელ ფეხბურთელს „ბორუსიასთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება. მხარეებს შორის ხელშეკრულება 2019 წლამდე გაფორმდა.

ლევანდოვსკი „ბორუსიას“ ღირსებას 2010 წლის 30 ივნისიდან იცავს. ფეხბურთელი სიმაღლეში 184 სანტმეტრია, წონაში კი – 78 კგ.

სპეციალიზებული ინტერნეტ-პორტალი Transfermarkt -ი 25 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას 39 მილიონ ევროდ აფასებს.

ლევანდოვსკიმ გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 17 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ბექა დოგრაშვილი

ლევანდოვსკი „ბაიერნში“ ითამაშებს

გერმანული გამოცემა „ბილდი“ იუწყება, რომ დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი დღეს მიუნხენის „ბაიერნთან“ კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც ძალაში პირველი ივლისიდან შევა. ცნობილი ხდება ისიც, რომ მხარეებს შორის კონტრაქტი 2019 წლამდე გაფორმდება.

დღეს პოლონელი ფეხბურთელი მიუნხენში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც ხელშეკრულებას მოეწერება ხელი.

შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკის „ბორუსიასთან“ მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისში ეწურება. აქედან გამომდინარე, „ბაიერნი“ პოლონელ თავდამსხმელს ზაფხულში უსასყიდლოდ მიიღებს.

ბექა დოგრაშვილი

ქომაგთა მიერ მოწყობილი 2013 წლის საუკეთესო შოუები

გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც გასული წლის საუკეთესო საქომაგო შოუებია აღბეჭდილი.

 

დიეგო კოსტამ, შესაძლოა, ლევანდოვსკის ადგილი დაიკავოს

დორტმუნდის „ბორუსიაში“ თავდამხმელი რობერტ ლევანდოვსკი, შესაძლოა, „ატლეტიკოს“ ფორვარდმა დიეგო კოსტამ შეცვალოს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთის ნაკრების წევრი უკვე იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მიუნხენის „ბაიერნთან“ გააფორმებს კონტრაქტს, რომლის რიგებსაც უკვე 2014 წლის ზაფხულში შეურთდება.

თავისი შეტევების ლიდერის დაკარგვის ანაზღაურებას კი დორტმუნდელთა ხელმძღვანელები სწორედ დიეგო კოსტას გადაბირებით შეეცდებიან. არაოფიცალური ინფორმაციით, „ბორუსიას“ წარმომადგენლები სამხრეთ ამერიკელს, რომელმაც არც ისე დიდი ხნის წინ ესპანეთს ნაკრების მაისურით თამაშის სურვილი გამთქვა, უკვე დაუკავშირდნენ და ამჟამად მისგან პასუხს ელიან.

ალექსანდრე მატევოსოვი