რატომ თამაშობდა ოლიმპიადაზე რონალდო რონალდინიოს გვარით? (ვიდეო)

ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელ რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმას ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირზე მხოლოდ ერთხელ უთამაშია. ეს ატლანტაში, 1996 წელს გამართულ ოლიმპიადაზე მოხდა, თუმცა მაშინ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, რონალდოს მაისურზე გვარად რონალდინიო იყო მითითებული.

მაშინ რონალდოს ნაკრებში არათუ საფირმო სათამაშო ნომერი, საკუთარი გვარიც კი არ ჰქონდა დაბევებული, ყველაფერი კი მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატზე დაიწყო. ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ მუნდიალზე “სელესაოს” განაცხადში ორი რონალდო მოხვდა: “სან პაულუს” 28 წლის მცველი და “კრუზეიროს” 17 წლის თავდამსხმელი, შემდგომ საქვეყნოდ ცნობილი რონალდო. მაშინ გადაწყდა, რომ ასაკით უფროს რონალდოს მაისურზე გვარად “რონალდაოს” დააწერდნენ, რაც “დიდ რონალდოს” ნიშნავს, ხოლო უმცროსი რონალდო მოხსენიებული იქნებოდა, როგორც “რონალდინიო” ანუ “პატარა რონალდო”. ეს პრაქტიკა 1996 წლის ოლიმპიურ თამაშებზეც გაგრძელდა. ამჯერად უფროსი რონალდო იმხანად “ატლეტიკო მინეიროს” 22 წლის მცველი რონალდო გუიარო გახლდათ, კიჭას მაისურზე კი კვლავ “რონალდინიო” იყო მითითებული.

ოლიმპიადაზე ფენომენომ ხუთი ბურთი გაიტანა, რითაც მხოლოდ ბებეტოსა და ერნან კრესპოს ჩამორჩა (6-6 გოლი). ბრაზილიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც განის გუნდი უპრობლემოდ დაამარცხა (4:2), თუმცა ნახევარფინალურ ეტაპზე ნიგერიის ნაკრების ბარიერი ვერ დაძლია (3:4) და ფინალამდე ვერ გააღწია. “სელესაომ” მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ჯავრი პორტუგალიის ნაკრებზე იყარა (5:0) და ბრაზილიელები ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ.

აქვე გთავაზობთ 1996 წლის ოლიმპიადაზე რონალდოს თამაშის ამსახველ ვიდეომასალას.

იხილეთ ვიდეო.

„ბითლზის“ მეხუთე წევრი

22 მაისს ლეგენდარულ ჯორჯ ბესტს 75 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით Fanebi.com-ი ბესტის განვლილი ცხოვრების შესახებ მოგითხრობთ. შეუძლებელია, ერთ პუბლიკაციაში ამ ფეხბურთელის ბიოგრაფიაზე დაწვრილებით ვისაუბროთ, ამიტომ დღეს მისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან დეტალებს წარმოგიდგენთ.


ჯორჯ ბესტი 1946 წლის 22 მაისს კრეგაგში, ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტის აღმოსავლეთ რაიონში დაიბადა.

ბესტი ფეხბურთით ადრეული ასაკიდანვე დაინტერესდა. „ჯორჯი ბურთს არასდროს შორდებოდა“, – იხსენებს ბესტის დედა.

პატარა ჯორჯი საკუთარი სახლის ეზოში მუდამ ფეხბურთს თამაშობდა, კარად კი მამის ავტოფარეხს იყენებდა, ხშირად ბურთთან ერთად ეძინა კიდეც.

ბესტის პირველი კლუბი „კრეიგ ბოიზის“ საბავშვო გუნდი იყო. ჯორჯმა საკუთარი ტალანტის წარმოჩენა შესანიშნავად მოახერხა. 1957 წელს, 11 წლის ასაკში ბესტმა სკოლის გრანტი მოიგო და ქალაქის უმაღლეს სკოლაში ჩაირიცხა, თუმცა იქ სპორტის ერთადერთი სახეობა რაგბი გახლდათ, ბესტი კი ფეხბურთით იყო „მოწამლული“. საბოლოოდ, ჯორჯის მშობლები მიხვდნენ, რომ შვილი სხვა სკოლაში უნდა გადაეყვანათ. ბესტი ლისნაშარგის სკოლაში მოხვდა, სადაც ის ძველ მეგობრებს შეხვდა და ფოკუსირებაც ფეხბურთის თამაშზე გადაიტანა.

რამდენიმე წელიწადში ბესტით ბელფასტის „გლენტორანი“ დაინტერესდა, თუმცა კლუბმა ფეხბურთელის აყვანა მისი სიგამხდრის გამო გადაიფიქრა. რას წარმოიდგენდნენ მაშინ, რომ ასეთ გენიას დაკარგავდნენ?!

სამაგიეროდ, 1961 წელს ბესტი ინგლისში ჩადის და ვარჯიშს „მანჩესტერ იუნაიტედის“ სკოლაში იწყებს.

1963 წელს, 17 წლის ასაკში ბესტმა სკოლაში სწავლას თავი მიანება და მშობლებს განუცხადა, რომ პროფესიონალ ფეხბურთელად გახდომა სურს, თუმცა ერთი წლის შემდეგ გადაწყვეტილებას ცვლის და ინგლისიდან სამშობლოში ბრუნდება. მალე ჩრდილოეთ ირლანდიაში „მანჩესტერის“ თავკაცი მეთ ბასბი ჩადის და ბესტი ისევ გუნდში მიჰყავს. 1963 წლის 14 სექტემბერს, 17 წლის ასაკში ბესტს „მანჩესტერის“ რიგებში დებიუტი აქვს. იმ შეხვედრაში „იუნაიტედმა“ „ოლდ ტრაფორდზე“ „ვესტ ბრომვიჩ ალბიონი“ ანგარიშით 1:0 დამარცხა. პირველ სეზონში ბესტმა 26 ჩატარებულ მატჩში ექვსი გოლი გაიტანა, „მანჩესტერი“ კი ვერცხლის მედლებს დასჯერდა. „წითელ ეშმაკებს“ ოთხი ქულით აჯობა „ლივერპულმა“.

1964 წელს დებიუტი აქვს ჩრდ. ირლანდიის ნაკრებში.

1965 წელს „მანჩესტერთან“ ერთად ინგლისის ჩემპიონის პირველ ტიტულს იგებს.

1966 წელს იმ დროისთვის ევროპის უძლიერეს კლუბად მიჩნეულ „ბენფიკას“ „მანჩესტერი“ ანგარიშით 5:1 უგებს. პირველი ორი გოლი ბესტის ანგარიშზეა. ამ დროს პორტუგალიურ მედიაში ბესტს „ბითლზის“ მეხუთე წევრი შეარქვეს. ბესტმა თავისი ნიჭის წყალობით მოახერხა და ხალხისა და მედიის ფავორიტი გახდა. ამ უკანასკნელის გულის მოგება კი არცთუ ისე ადვილი საქმე იყო. ფეხბურთელის გრძელი თმა მის ექსტრავაგანტულობას კიდევ უფრო უსვამდა ხაზს. ბესტი მოურჯულებელ, თავისუფალი სულის მატარებელ ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ამიტომაც ბევრი მასთან კომპრომისზე მიდიოდა. ის ერთგვარი მსახიობიც იყო, კარგად იცოდა, რა სურდა პუბლიკას, იცოდა სკანდალის ფასიც, უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა და ამიტომაც იყო ასეთი ხმაურიანი.

1967 წელს ბესტი „მანჩესტერთან“ ერთად ინგლისის ჩემპიონი მეორედ გახდა.

1968 წელს „მანჩესტერი“ პირველი ინგლისური კლუბი ხდება, რომელმაც ჩემპიონთა თასი მოიგო. ამავე წელს ბესტი ინგლისისა და ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

60-იან წლებში ბესტმა ბიზნესმენობასაც მიჰყო ხელი და ქალაქ მანჩესტერში ორი ღამის კლუბი გახსნა. გარდა ამისა, ის ფლობდა რამდენიმე სამოდელო ბუტიკს, თუმცა ბესტს მხარზე სამი მაცდური ეშმაკი აჯდა: აზარტული თამაშები, ქალები და ალოკოჰოლი. „მანჩსტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მეთ ბასბის წასვლის შემდეგ ბესტი კიდევ უფრო უდისციპლინო გახდა, ხშირად ჰქონდა კონფლიქტი კლუბის ახალ ხელმძღვანელობასთან, რამაც ზეგავლენა მოახდინა „იუნაიტედის“ შედეგზეც. „წითელი ეშმაკები“ სუსტ მეტოქეებთან ხშირად აგებდა, გამარჯვებული სულის მქონე ბესტი კი მარცხს ძნელად ეგუებოდა.

ბესტი „იუნაიტედში“ თამაშობდა იმ პერიოდში, როცა ფეხბურთელებს ნომრებს სათამაშო პოზიციის მიხედვით აძლევდნენ. მარჯვენა ფლანგზე თამაშისას ლეგენდარულ ფეხბურთელს 7-ნომრიანი მაისური ემოსა, მოგვიანებით ის მარცხენა ფლანგზე გაამწესეს, სადაც 11-ნომრიანი ფორმა არგუნეს. იყო პერიოდი, როცა ბესტი 8 და 10-ნომრიანი მაისურებითაც ასპარეზობდა. ერთხელ კი, როცა ბობი ჩარლტონს ტრავმა ჰქონდა, მისი 9-ნომრიანი ფორმა ბესტმა მოირგო. იმ დღეს „მანჩესტერმა“ „შეფილდს უენსდეის“ ანგარიშით 1:0 მოუგო. იმ ერთადერთი გოლის ავტორი კი სწორედ ბესტი გახლდათ.

1970 წელს „ნორთჰემპტონის“ კარში ექვსი გოლი გაიტანა.

1971 წელს ჩრდ. ირლანდიის ნაკრების რიგებში კვიპროსს სამ გოლს უტანს და ნაკრებიდან მიდის, რადგან მას მოკვლით ემუქრებიან.

1972 წლის 26 მაისს ბესტი კარიერის დასრულების შესახებ განცხადებას აკეთებს.

1973 წელს ბრუნდება „მანჩესტერ იუნაიტედის“ რიგებში და ორ თვეში მწვრთნელთან კონფლიქტის გამო გუნდიდან კვლავ მიდის. საბოლოოდ, ბესტმა „წითელი ეშმაკების“ რიგებში ჩატარებულ 470 მატჩში 179 გოლი გაიტანა.

1975 წელს თამაშს იწყებს „სტოკპორტში“, საიდანაც „ფულემში“ გადადის.

1978 წელს კარიერას ამერიკაში აგრძელებს, მაგრამ „ფულემი“ ფიფაში ჩივის და აცხადებს, რომ ბესტმა კლუბი დაუკითხავად დატოვა. ფიფა ბესტს მსოფლიო მასშტაბით დისკვალიფიკაციას აძლევს და ნებისმიერ დონეზე თამაშს უკრძალავს.

1979 წელს ფიფასგან თამაშის ნებართვას იღებს და შოტლანდიურ „ჰიბერნიანში“ გადადის.

1980 წელს კარიერას ისევ ამერიკულ ლიგაში აგრძელებს.

1984 წელს ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის გამო აპატიმრებენ. ბესტი ფეხბურთს არც ციხეში ყოფნის დროს ივიწყებდა და რამდენჯერმე პატიმრების გუნდის შემადგენლობაშიც კი ითამაშა.

1985 წელს კარიერას საბოლოოდ ასრულებს. საერთოდ, სათქმელია, რომ ბესტმა თავისი შესაძლებლობები სრულად მაინც ვერ აჩვენა და პირველ რიგში, ეს თავისივე ბრალია. ჩრდილოირლანდიელი ფეხბურთელი ცხოვრობდა საკუთარ ნებაზე და არა ისე, როგორც ნამდვილი სპორტსმენი.

1990 წელს ერთ-ერთ შოუზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, მთვრალი მივიდა და საყოველთაო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.

1996 წელს სურვილი აქვს, ირლანდიის ნაკრები გაწვრთნას, მაგრამ უარს ეუბნებიან.

1998 წელს ბრიტანულ ტელევიზიაში მუშაობას ფეხბურთის ექსპერტის რანგში იწყებს.

2001 წელს გადაჭარბებული ალკოჰოლის მიღებისგან თითქმის დაშლილ ღვიძლს ურთულესი ოპერაციის შედეგად იცვლის.

2003 წელს სასტუმროში ატეხილი ჩხუბის გამო ისევ აპატიმრებენ.

2004 წელს მართვის მოწმობას ორი წლით ართმევენ – ბესტი საჭეს ისევ ნასვამი მართავდა.

2005 წლის 1 ოქტომბერს საავადმყოფოში გრიპის ვირუსით წვება.

2005 წლის 15 ნოემბერს ექიმები აცხადებენ, რომ ბესტი უმძიმესი ავადმყოფია და მისი გადარჩენა თითქმის შეუძლებელია. 20 ნოემბერს ბრიტანულმა გაზეთმა News Of The World–მა საავადმყოფოში მოთავსებული ბესტის სურათი მისივე თხოვნით გამოაქვეყნა. გაზეთმა ალკოჰოლიკებისთვის ლეგენდარული ბრიტანელის ბოლო რჩევა მსხვილი შრიფტით დაწერა: „ნუ მოკვდებით ისე, როგორც მე“.

2005 წლის 25 ნოემბერს ბესტის გარდაცვალების შესახებ ოფიციალურ განცხადებას მისი მკურნალი ექიმი აკეთებს.

2005 წლის 3 დეკემბერის წვიმიან დღეს, ბელფასტში ჯორჯ ბესტი დაასაფლავეს. უკანასკნელ გზაზე იგი 32 ათასმა ადამიანმა გააცილა და ერთი ამდენი უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით უბრალოდ არ დაუშვეს.

2006 წლის 22 მაისს, როცა ბესტს 60 წელი უნდა შესრულებოდა, ბელფასტის აეროპორტს ამ ლეგენდარული ფეხბურთელის სახელი მიანიჭეს.

ქართველ ფეხბურთელთაგან ბესტის წინააღმდეგ მსოფლიო პირველობაზე რევაზ ძოძუაშვილს უთამაშია. ძოძუაშვილმა საქართველოში ლეგენდარული ფეხბურთელის ორი მაისური ჩამოიტანა. ერთი მათგანი თბილისის მუზეუმს უსახსოვრა, მეორე კი – ქუთაისისას. როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, თბილისის მუზეუმში არსებული ბესტის ფორმა 50 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა და მისი კვალი დაიკარგა. მეორე ფორმა კი ახლაც ქუთაისის სპორტის მუზეუმში ინახება. ბევრია მისი ყიდვის მსურველი, მაგრამ ვინღა გაყიდის მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის მაისურს?!

უეფას ყველა წევრი ასოციაცია შეუერთდა დეკლარაციას, რომელიც გმობს სუპერლიგას

დღეს, უეფას 55-მა წევრმა ასოციაციამ, მათ შორის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ერთხმად დაამტკიცა დეკლარაცია, რომელიც მკაცრად გმობს სუპერლიგას.

უეფას მიერ გამოქვეყნებულ დეკლარაციაში ვკითხულობთ:


“უეფას 55 ასოციაცია და კონგრესის წევრები გმობენ ე.წ. “სუპერლიგას”. უეფას კონგრესი მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ დახურული “სუპერლიგა” ეწინააღმდეგება ევროპელობის იდეას – ერთიანობის, გახსნილობის, ურთიერთდახმარებისა და სპორტული ღირებულებების პრინციპებს. უეფასა და მის წევრ ასოციაციებს სჯერათ ევროპული მოდელის ჭეშმარიტების, რომელიც ეფუძნება ღია შეჯიბრებითობას, სოლიდარობასა და გადანაწილებას, რაც უზრუნველყოფს ფეხბურთის მდგრადობასა და განვითარებას ყველას სასარგებლოდ, ასევე ასტიმულირებს ევროპულ ღირებულებებსა და სოციალურ შედეგებს.

შეთქმულების მონაწილე კლუბები გულწრფელად ვერ ხედავენ, რომ მათ დღევანდელ სტატუსს მიაღწიეს არა იზოლაციის პირობებში, არამედ ევროპული სისტემის დინამიურ ფარგლებში, რომელშიც დიდმა, საშუალო და პატარა კლუბებმა საერთო წვლილი შეიტანეს თითოეულის წარმატებასა თუ წარუმატებლობაში. იმის წარმოდგენა, თითქოს მათ აქვთ ცალკე გამოყოფის და ერთად შექმნილი მემკვიდრეობის მოთხოვნის უფლება, მათი მხრიდან ევროპული ღირებულებების შეურაცხყოფაა.

უეფა, მისი ასოციაციები და ყველა, ვისაც ფეხბურთი უყვარს, მტკიცედ დგას, მაქსიმალურად შეეწინააღმდეგება და იბრძოლებს ამ კლუბების მფლობელებისა და მათი მხარდამჭერების აღნიშნული ნაბიჯის წინააღმდეგ. ჩვენ ვიცით, რა მორალური ღირებულებებია საფრთხეში და ფეხბურთს დავიცავთ ეგოისტური კლანისგან, რომელსაც არ ადარდებს ეს თამაში. ევროპული ფეხბურთი ჩვენ ვართ და არა – ისინი”.


შეგახსენებთ, რომ სუპერლიგაში ამ დროისთვის 12 კლუბია გაერთიანებული: “არსენალი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “მანჩესტერ სიტი”, “ლივერპული”, “ჩელსი”, “ტოტენჰემი”, “რეალი”, “ბარსელონა”, “ატლეტიკო”, “იუვენტუსი”, “ინტერი”, “მილანი”. დაანონსებულია კიდევ რვა კლუბის დამატება.

თავის მხრივ, ფიფა და უეფა ახალი პროექტის მონაწილე კლუბებს ეროვნული, ევროპული და მსოფლიო ტურნირებიდან მოკვეთით, მათ ფეხბურთელებს კი სანაკრებო დონეზე თამაშის აკრძალვით ემუქრება.

შვეიცარიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ლიხტშტაინერი დღეს მესაათედ მუშაობს

შვეიცარიის ეროვნული ნაკრების ექსკაპიტანი, რომის “ლაციოს”, ტურინის “იუვენტუსისა” და ლონდონის “არსენალის” ყოფილი მცველი შტეფან ლიხტშტაინერი დღესდღეობით ციურიხში მესაათედ მუშაობს. შვეიცარიელმა ფეხბურთელმა კარიერა გასული წლის ზაფხულში დაასრულა, რის შემდეგაც ახალ პროფესიას დაეუფლა და დღეს საათის ხელოსნად მუშაობს.

“ძალიან მსიამოვნებს ეს საქმიანობა. ზოგადად, ყოველთვის მიყვარდა საათები. მოთამაშის კარიერა დავასრულე და ახლა მინდა, რომ ამ სამყაროში ჩავეფლო. მაინტერსებს, როგორ მუშაობს საათი, როგორ უნდა დაშალო და ააწყო ის. ვიმედოვნებ, დიდ ცოდნას შევიძენ. შვეიცარიაში ამ მხრივ საკმაოდ მაღალი დონეა.

დაცვაში თამაში ხელოვნებაა, ისევე როგორც საათები. რიგითი გულშემატკივარი მოედანზე მიმდინარე ტაქტიკურ ნიუანსებში ვერ ერკვევა. ხშირად დიდი ეფექტის მოსახდენად საკმარისია მხოლოდ ერთი ბერკეტის მოქცევა. ეს ფეხბურთსაც ეხება და საათებსაც.

ფეხბურთს ცოტა ჩამოვშორდი, მაგრამ ძირითადი ჩემპიონატების მატჩებს ტელევიზიის მეშვეობით ვადევნებ თვალყურს. ახლა სხვა დეტალებსაც ვაქცევ ყურადღებას. ისეთ ნიუანსებს ვიჭერ, რომლებზეც მწვრთნელები ამახვილებენ ყურადღებას”, – აღნიშნა ლიხტშტაინერმა 20 Minuten-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

შტეფან ლიხტშტაინერმა შვეიცარიის ნაკრებში 108 მატჩი ჩაატარა. ის სანაკრებო დონეზე ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით მესამე შვეიცარიელი ფეხბურთელია.

“დილა” – “ტორპედოს” მატჩისას მოედანზე ძაღლი შევიდა (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ლიგის 28-ე ტურში გორის “დილასა” და ქუთაისის “ტორპედოს” მატჩის (0:0) მიმდინარეობისას მოედანზე ძაღლი შევიდა, რის გამოც შეხვედრა რამდენიმე წუთით შეჩერდა.

რომელმა კლუბებმა მიიღეს ყველაზე დიდი შემოსავალი სატელევიზიო უფლებების გაყიდვით

უეფამ 2015 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებაც, თუ რომელმა კლუბებმა მიიღეს ყველაზე დიდი შემოსავალი სატელევიზიო უფლებების გაყიდვით. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ამ მხრივ მოწინავე პოზიციები ესპანურ გრანდებს – “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალს” უკავიათ, თუმცა სიაში ინგლისური კლუბები ჭარბობენ. სრულ რეიტინგს აქვე გთავაზობთ.

1. “ბარსელონა” (ესპანეთი) — 142 მლნ ევრო
2. “რეალი” (ესპანეთი) — 141 მლნ ევრო
3. “მანჩესტერ იუნაიტედი” (ინგლისი) — 139 მლნ ევრო
4. “ჩელსი” (ინგლისი) — 137 მლნ ევრო
5. “მანჩესტერ სიტი” (ინგლისი) — 134 მლნ ევრო
6. “ლივერპული” (ინგლისი) — 128 მლნ ევრო
7. “არსენალი” (ინგლისი) — 128 მლნ ევრო
8. “ტოტენჰემ ჰოთსპური” (ინგლისი) — 119 მლნ ევრო
9. “სუონსი სიტი” (ინგლისი) — 112 მლნ ევრო
10. “საუთჰემპტონი” (ინგლისი) — 111 მლნ ევრო
11. “იუვენტუსი” (იტალია) — 107 მლნ ევრო
12. “ევერტონი” (ინგლისი) — 106 მლნ ევრო
13. “კრისტალ პალასი” (ინგლისი) — 105 მლნ ევრო
14. “ვესტ ჰემ იუნაიტედი” (ინგლისი) — 103 მლნ ევრო
15. “ნიუკასლ იუნაიტედი” (ინგლისი) — 101 მლნ ევრო
16. “ვესტ ბრომვიჩ ალბიონი” (ინგლისი) — 101 მლნ ევრო
17. “სტოკ სიტი” (ინგლისი) — 101 მლნ ევრო
18. “ლესტერ სიტი” (ინგლისი) — 94 მლნ ევრო
19. “ასტონ ვილა” (ინგლისი) — 93 მლნ ევრო
20. “სანდერლენდი” (ინგლისი) — 92 მლნ ევრო

Victoria’s Secret-მა მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ქალი სპორტსმენი დაასახელა

ქალის თეთრეულის მწარმოებელმა ცნობილმა ბრენდმა Victoria’s Secret-მა მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ ქალ სპორტსმენად ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი ალექს მორგანი დაასახელა.

რეიტინგი 18 სპორტსმენისგან შედგა, თუმცა დანარჩენთა ვინაობა არ ხმაურდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ალექს მორგანმა ჩოგბურთელები, ფრენბურთელები და ტანმოვარჯიშეები ჩამოიტოვა.

ალექს მორგანი ლონდონის ოლიმპიადის გამარჯვებული და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია. მას აშშ-ის ნაკრების რიგებში ჩატარებულ 108 მატჩში 64 გოლი აქვს გატანილი.

შეგახსენებთ, რომ ალექს მორგანი “ორლანდო პრაიდის” ღირსებას იცავს.

Alex Morgan

L’Equipe: 2015 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა სია

ფრანგულმა სპორტულმა გამოცემა “ლეკიპმა” 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელთა სია შეადგინა.

რეიტინგის ზედა ოცეული ასე გამოიყურება:

1) ლიონელ მესი (“ბარსელონა”, არგენტინა, თავდამსხმელი);
2) ნეიმარი (“ბარსელონა”, ბრაზილია, თავდამსხმელი);
3) ლუის სუარესი (“ბარსელონა”, ურუგვაი, თავდამსხმელი);
4) კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”, პორტუგალია, თავდამსხმელი);
5) რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”, პოლონეთი, თავდამსხმელი);
6) ტომას მიულერი (“ბაიერნი”, გერმანია, თავდამსხმელი);
7) მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”, გერმანია, მეკარე);
8) ანდრეს ინიესტა (“ბარსელონა”, ესპანეთი, ნახევარმცველი);
9) ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”, საფრანგეთი, ნახევარმცველი);
10) პოლ პოგბა (“იუვენტუსი”, საფრანგეთი, ნახევარმცველი);
11) სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”, არგენტინა, თავდამსხმელი);
12) არტურო ვიდალი (“იუვენტუსი” / “ბაიერნი”, ჩილე, ნახევარმცველი);
13) მარკო ვერატი (“პარი სენ-ჟერმენი”, იტალია, ნახევარმცველი);
14) ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”, იტალია, მეკარე);
15) დავიდ ალაბა (“ბაიერნი”, ავსტრია, მცველი);
16) ივან რაკიტიჩი (“ბარსელონა”, ხორვატია, ნახევარმცველი);
17) კევინ დე ბრეინე (“მანჩესტერ სიტი”, ბელგია, ნახევარმცველი);
18) ხავიერ მასკერანო (“ბარსელონა”, არგენტინა, ნახევარმცველი);
19) ედენ აზარი (“ჩელსი”, ბელგია, ნახევარმცველი);
20) კარლოს ტევესი (“ბოკა ხუნიორსი”, არგენტინა, თავდამსხმელი).

 

ფეხბურთის დღეს გილოცავთ!

დღეს 10 დეკემბერია — დღე, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციიის გადაწყვეტილებით მსოფლიო ფეხბურთის დღედ დაწესდა. ასე რომ, დღეს იმ მოვლენის დღეა, რომელიც ბევრისთვის არა მხოლოდ სპორტის ერთ-ერთ სახეობას, არამედ ცხოვრების სტილს ნიშნავს.

ამ დღეს დაამთხვია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დაარსებიდან 25 წლის იუბილეს აღნიშვნა. ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით დღეს სახელმწიფო კანცელარიის წინ მდებარე მინი მოედანზე, ტარდება უპრეცედენტო საფეხბურთო მარათონი (დილის 9-დან საღამოს 9-მდე). 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 25 განსხვავებული პროფესიის წარმომადგენლები სიმბოლურად 25 მატჩს ჩაატარებენ.

 

პრემიერლიგის ორი ფეხბურთელი არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას აღიარებს

ინგლისის პრემიერლიგის ორი ფეხბურთელი მზად არის, თავიანთი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ საჯაროდ განაცხადონ. აქედან ერთ-ერთი მოთამაშე ინგლისის ნაკრების წევრი გახლავთ.

ამის შესახებ “დეილი მირორის” შაბათის ნომრის თავფურცელზე ვკითხულობთ.

მანამდე თავისი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ გერმანელმა ტომას ჰიტცლშპერგერმა განაცხადა, თუმცა ეს მას შემდეგ გააკეთა, რაც მოთამაშის კარიერა დაასრულა.

ცნობისთვის, ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ჰომოფობიის წინააღმდეგ კამპანიას ყოველწლიურად ატარებს.

newspaper

 

ინგლისურ ფეხბურთში ჰომოფობიასთან ბრძოლის კამპანია დაიწყო

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ფეხბურთში ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის ყოველწლიური კამპანია გახსნილად გამოაცხადა. აქციას მხარს უჭერს ინგლისურ საფეხბურთო დივიზიონებში მოასპარეზე მრავალი კლუბი, რომლებიც ჰომოფობიის წინააღმდეგ სხვადასხვა ღონისძიებებს ჩაატარებენ. კამპანიამ სტარტი დღეს, მანჩესტერის ნაციონალურ საფეხბურთო მუზეუმში აიღო.

აქციის ხელმძღვანელი ლუ ინგლეფილდი ამბობს, რომ ფეხბურთი ყველასთვის არსებობს და კარგია, რომ სპორტის ამ სახოებაში ლგბტ საზოგადოების ჩართულობა იზრდება.

Football for everyone

“ძალიან კარგია, რომ ლგბტ პირები ახლა გაცილებით აქტიურად არიან ჩართულნი ფეხბურთში, ვიდრე ოდესმე. უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე მრავლად გაჩნდა ლგბტ ადამიანებისგან დაკომპლექტებული ფანჯგუფები. ჩვენ ვამბობთ, რომ ფეხბურთი ყველასთვისაა. ჩვენ დამოუკიდებელ კამპანიას ვაწარმოებთ, რომელშიც ჩართვა ყველას შეუძლია – როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, ასევე პროფესიონალებს”, – კამპანიის ხელმძღვანელის სიტყვები ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ფეხბურთში ჰომოფობიასთან ბრძოლის კამპანიას უეფაც ატარებს.

Football v Homophobia mascots

ფეხბურთის დღეს გილოცავთ!

დღეს 10 დეკემბერია — დღე, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციიის გადაწყვეტილებით მსოფლიო ფეხბურთის დღედ დაწესდა. ასე რომ, დღეს იმ მოვლენის დღეა, რომელიც ბევრისთვის არა მხოლოდ სპორტის ერთ-ერთ სახეობას, არამედ ცხოვრების სტილს ნიშნავს.

პირველად ფეხბურთი, როგორც ფეხით ბურთის თამაში, მეცნიერებმა ჩინეთში აღმოაჩინეს და ის ჩვენს ერამდე მეორე ათასწლეულით თარიღდება. იმ თამაშს “ციუ ჩიუ” ერქვა, რაც ითარგმნება, როგორც “ფეხით ბიძგი”. ფეხბურთის თამაში ჩინელ ჯარისკაცებს კარგი ფიზიკური ფორმის შენარჩუნებაში ეხმარებოდა.

როდის წარმოიშვა ფეხბურთი, ზუსტად არავინ იცის. ბევრის ვარაუდით, ფეხბურთის წინამორბედ თამაშს საქსონები თამაშობდნენ, რომლებიც თანამედროვე ინგლისის ტერიტორიაზე VIII საუკუნეში სახლობდნენ.

სპორტის ამ სახეობის წარმოშობაზე ბევრი ინფორმაცია არ მოგვეპოვება. ვიცით, რომ ეს თამაში ჯერ კიდევ სამი ათასი წლის წინ იყო ცნობილი, თამაშში უძველესი დროიდან იყო კარი და მეკარე. ჯარისკაცები კი მას კარგი ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებლად თამაშობდნენ. კარში ბადე პირველად 1891 წლის მარტში, სამხრეთისა და ჩრდილოეთ ინგლისის ნაკრებებს შორის მატჩში გამოჩნდა.

ფეხბურთს თამაშობდნენ ძველ რომსა და საბერძნეთში დაახლოებით ორი ათასი წლის წინ. საბერძნეთში თამაშს ერქვა “ბრძოლა ბურთით”, რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ თამაშში სხვადასხვა საბრძოლო ილეთებსაც გამოიყენებდნენ.

გილოცავთ მსოფლიო ფეხბურთის საერთაშორისო დღეს!