პუშკაშის ჯილდოს პრეტენდენტები ცნობილია – წლის საუკეთესო გოლები

ფერენც პუშკაშის ჯილდო წლის ყველაზე ლამაზი გოლის ავტორს გადაეცემა. დღეს ფიფამ იმ ათი ფეხბურთელის ვინაობა გაამხილა, ვისაც ამ პრიზის მოგების შანსი ექნება. ნეიმარმა, რომელმაც 2011 წელს უკვე გახდა ყველაზე ლამაზი გოლის ავტორი, წელს გამართულ კონფედერაციის თასზე იაპონიის ნაკრებს მართლაც თვალსასეირო გოლი გაუტანა. ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გასული წლის 13 ნოემრებს, ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში იშვიათი სილამაზის გოლი გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ შვედმა ფეხბურთელმა ეს გოლი შარშან გაიტანა, 2013 წლის საუკეთესო გოლების სიაშია, რადგან გასულ წელს ამ გოლის გათვალისწინება დროში ვერ მოესწრო.

ჯილდოსთვის იბრძოლებენ: პეტერ ანკერსენი („ესბიორგი“, დანია), ლიზა დე ვანა („სკაი ბლუ“, ახალი ზელანდია), ანტონიო დი ნატალე („უდინეზე“, იტალია), პანაიოტის კონე („ბოლონია“, იტალია), დანიელ ლუდუენია („პაჩუკა“, მექსიკა), ნემანია მატიჩი („ბენფიკა“, პორტუგალია), ლუიზა ნესიბი („ლიონი“, საფრანგეთი), ხუან მანუელ ოლივეირა („ნაუტიკო“, ბრაზილია), ნეიმარი („ბარსელონა“, ბრაზილიის ნაკრები), ზლატან იბრაჰიმოვიჩი („პსჟ“, შვედეთის ნაკრები).

ხმის მიცემა გულშემატკივრებს ფიფასა და „ფრანს ფუტბოლის“ ვებ-გვერდებზე შეუძლიათ. 9 დეკემბერს კანდიდატთა რაოდენობა ათიდან სამამდე შემცირდება.

წლის საუკეთესო გოლის ავტორის ვინაობა 2014 წლის 13 იანვარს, ციურიხში, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების  ცერემონიალზე გახდება ცნობილი.

ბექა დოგრაშვილი

ვინ მიიღებს „ოქროს ბურთს“?

დაახლოებით ორ თვეში ჩვენ გავიგებთ, თუ ვინ არის 2013 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. ფიფამ „ოქროს ბურთისთვის“ მებრძოლ ფეხბურთელთა გაფართოებული სია უკვე გამოაქვეყნა. ნოემბრის ბოლოს ჟიურის თითოეულ წევრს ელექტრონული ფოსტით ფიფასგან წერილი მიუვა, რომელშიც 23-კაციანი სია იქნება, მან კი მისთვის სასურველი სამი ფეხბურთელი უნდა ამოირჩიოს და შესაბამისი ქულები დაუწეროს. ფიფა მიღებული ხმებს დააჯამებს და სამი  მოთამაშის ვინაობას გაამხელს, რომელთაც უკვე რეალურად ექნებათ ჯილდოს დასაკუთრების შანსი. წინასწარ უკვე სახელდება, თუ ვინ იქნება აღნიშნული სამი ფეხბურთელი: ლიონელ მესი, კრიშტიანო რონალდუ და ფრანკ რიბერი. სამივე მათგანს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, თუმცა საინტერესოა, „ოქროს ბურთის“ კრიტერიუმებით, რომელს უფრო დიდი შანსი აქვს.

„ოქროს ბურთის“ კრიტერიუმები
პირველ რიგში, ყურადღება ექცევა ფეხბურთელის ინდივიდუალურ მიღწევებს. მაგალითად, თუ მოთამაშემ ბევრი გოლი გაიტანა, ეს აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული. შემდეგ აქცენტი კეთდება გუნდურ მიღწევაზე. მაგალითად, თუ გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ესე იგი მის რიგებში მოთამაშე ფეხბურთელმა ამ წარმატებაში გარკვეული წვლილი შეიტანა. მესამე – ფეხბურთელის ავტორიტეტი თანაგუნდელებს შორის, გამოცდილება, იმიჯი, რეპუტაცია. აი, ზეპ ბლატერმა ცოტა ხნის წინათ თქვა, მესი ნამდვილი ფეხბურთელის განსახიერებაა, რონალდუ კი ვარცხნილობას ზედმეტ ყურადღებას უთმობსო. ფიფას პრეზიდნეტს ასეთი განცხადების გაკეთება არ ეკადრება, თუმცა ამ სიტყვებში სიმართლის მარცვალი შეიძლება ერიოს კიდეც.

კანდიდატები
ზემოთ დასახელებულ სამ კანდიდატს შორის გამოკვეთილი ფავორიტი არ არის. მანამდე მესი უპირობო იყო ხოლმე, რადგან მისი „ბარსელონა“ თითქმის ყველაფერს იგებდა, თუმცა 2013 წელს სიტუაცია ოდნავ შეიცვალა. კატალონიურმა გუნდმა ესპანეთის პრიმერადივიზიონი კი მოიგო, მაგრამ ევროსარბიელზე მიუნხენის „ბაიერნისგან“ ისეთი სირცხვილი ჭამა, რომ მის დავიწყებას წლები დასჭირდება. კრიშტიანო რონალდუ? კი ბატონო, შესანიშნავი ფეხბურთელია, მესის მსგავსად, ისიც ბევრს იტანს, მაგრამ 2013 წელს მისი გუნდი ყველა ფრონტზე ხელმოცარული დარჩა.

ამ წელს არც მსოფლიოს და არც ევროპის ჩემპიონატი არ ყოფილა. არადა, „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულის შერჩევისას ასეთი მასშტაბური ტურნირის გავლენა საკმოდ დიდია ხოლმე.

რა შეიძლება ითქვას ფრანკ რიბერიზე? „ბაიერნმა“ მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა და ამაში ლომის წილი დაიდო ფრანგმა: ჩემპიონთა ლიგა, ბუნდესლიგა, გერმანიის თასი. რიბერიმ 2012/13 წლების სეზონის ლიგასა და ბუნდესლიგის გათამაშებაში ერთად 19 საგოლე გადაცემა გააკეთა. შეგახსენებთ, რომ დორტმუნდის „ბორუსიასთან“ გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში პირველი საგოლე შეტევა სწორედ მისი გადაცემით დაიწყო, ეპიზოდი კი მარიო მანჯუკიჩმა დააგვირგვინა. გამარჯვების გოლი არიენ რობენმა ისევ რიბერის პასით გაიტანა. რიბერი 2013 წლის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს. ასეთი სეზონი ფრანგს ჯერ არ ჰქონია. ის მოპოვებული ტიტულების მხრივ კონკურენტებს აშკარად სჯაბნის, თუმცა მესამე კრიტერიუმში, რაც ფეხბურთელის რეპუტაციას ითვალისწინებს, რიბერის საქმე არც თუ ისე კარგად აქვს. როგორც მოგეხსენებათ, ფრანგმა ნახევარმცველმა ერთ-ერთი დაბადების დღის აღნიშვნა 17 წლის მეძავ ზაჰი დაჰართან გადაწყვიტა. შემდეგ ფაქტს ასეთი ახსნა მოუძებნა: „არ ვიცოდი, რომ ის არასრულწლოვანი იყო“. ფრანგული კანონის თანახმად, ასეთი კავშირი ჯარიმასთან ერთად დაპატიმრებითაც ისჯება. ამ საქმის წარმოება ჯერ არ დასრულებულა. მომდევნო მოსმენა სწორედ იმ პერიოდშია ჩანიშნული, როცა „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია უნდა გაიმართოს – 2014 წლის იანვარში.

ფსიქოლოგიური ფაქტორი
არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ – ფსიქოლოგიური ფაქტორი. „ევროსპორტის“ გერმანული ბიუროს რედაქტორმა პატრიკ რაიხარდტმა თქვა, რომ მესისა და რონალდუს ტვინიდან ვერ ამოშლი და მათ იმ შემთხვევაშიც მისცემენ ხმას, თუ სეზონს ჩააგდებენო. ძნელია არ დაეთანხმო რაიხარდტს.

„ევროსპორტის“ ათი რედაქციის ჟურნალისტებს შორის დამოუკიდებელი გამოკითხვა ჩავატარეთ, რომლის მიზანსაც გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენა წარმოადგენდა. ევროპის ათი ქვეყნიდან რვაში მესიმ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. შემდეგი პოზიციები დაიკავეს რონალდუმ, ინიესტამ და ბეილმა. „ბაიერნიდან“ საუკეთესო მაჩვენებელი ბასტიან შვაინშტაიგერმა აჩვენა, რომელმაც მერვე ადგილი აიღო, რიბერი კი მხოლოდ მეცხრე პოზიციაზე გავიდა“, – აღნიშნა „ევროსპორტის“ გერმანული ბიუროს რედაქტორმა.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტორი ის გახლავთ, რომ გამოკითხვაში მონაწილეობს ფიფას ყველა წევრი ქვეყანა. არასაფეხბურთო ქვეყნებში ზოგჯერ ისიც არ იციან, თუ ვინ თამაშობს  მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე. როგორც წესი, არასაფეხბურთო ქვეყნების წარმომადგენლები ხმას იმას აძლევენ, ვისაც ტელევიზორში ხედავენ და არა იმას, ვინც რეალურად წარმოაჩენს საკუთარ თავს. მართალია, ამ ფაქტორს გარკვეული ცვლილების მოხდენა შეუძლია, თუმცა ხმას იმდენი ქვეყანა აძლევს, რომ გამარჯვებული მაინც ღირსეული ხდება ხოლმე.

ჩვენი ვარაუდი
გარკევული ანალიზის შემდეგ, ჩვენს პროგნოზსაც შემოგთავაზებთ. „ოქროს ბურთს“ მოიგებს ფრანკ რიბერი, რადგან გასულ სეზონში „ბაიერნის“ უპირატესობა სხვა გუნდებთან შედარებით განუზომელი იყო და ამ ყველაფრის ერთ-ერთი მთავარი მესაჭე სწორედ ფრანგი ფეხბურთელი გახლდათ.

რიბერისა და მესის მიკროდუელი ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ნახევარფინალურ ეტაპზე ვიხილეთ: წყვილის პირველ შეხვედრაში არგენტინელმა ფეხბურთელმა სახეირო ვერაფერი გააკეთა, მისი გუნდი კი ანგარიშით 0:4 განადგურდა, განმეორებით მატჩში კი არც უთამაშია. თითქოს ეს ერთგვარ კაპიტულაციას ჰგავდა, თითქოს ტიტო ვილანოვამ მესის სათადარიგოთა სკამზე დასმით აღიარა, რომ მეორე მატჩში შანსი აღარ ჰქონდა. მატჩის შემდეგ კატალონიელთა თავკაცმა აღნიშნა, რომ არგენტინელი ფეხბურთელი მთლად კარგად თავს ვერ გრძნობდა და გუნდსაც ვერ შეეშველებოდა. „ბაიერნმა“ შესანიშნავად, ერთი ამოსუნთქვით განვლო მთელი სეზონი, გუნდი კონკურენტებთან შედარებით მინიმუმ ერთი თავით მაღლა იდგა და ამაში რიბერის წვლილი განუზომელია. ის იყო ყველა ფრონტზე გამარჯვებული გუნდის ლიდერი. ეს გვაფიქრებინებს იმას, რომ პირველ ადგილზე სწორედ ფრანგი გავა, მეორეზე – მესი, რომელმაც პრიმერა მოიგო, მესამე პოზიციას კი რონალდუ დაიკავებს, რომელიც ტიტულის გარეშე დარჩა, თუმცა ინდივიდუალური თვალსაზრისით ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა.

რაც შეეხება წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდებას, ვფიქრობთ, ამ სტატუსს იუპ ჰაინკესს მიანიჭებენ – „ბაიერნის“ ამ გრანდიოზული წარმატების შემოქმედს, კაცს, რომელიც გუნდიდან გამარჯვებული წავიდა.

„ფიფას ოქროს ბურთი“ 2010 წლიდან მოქმედებს. მანამდე ჟურნალ „ფრანს ფუტბოლის“ „ოქროს ბურთი“ (ჟურნალისტთა გამოკითხვა) და „ფიფას წლის ფეხბურთელი“ (ნაკრებების თავკაცებისა და კაპიტნების გამოკითხვა) განსხვავებული ჯილდოები გახლდათ. გამოკითხვის წესის მიხედვით, ჟიურის თითოეული წევრი 23-კაციანი სიიდან მისთვის სასურველ 3 მოთამაშეს ირჩევს (5 ქულას ანიჭებს პირველადგილოსანს, 3-ს – მეორეადგილოსანს და ერთს – მესამეადგილოსანს).

ცნობისთვის, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 2014 წლის 13 იანვარს შედგება.

ბექა დოგრაშვილი

ბლატერმა ყატარის მუნდიალის ჩატარების ოპტიმალური პერიოდი დაასახელა

დოჰაში გამართულ პრესკონფერენციაზე ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა პირობა დადო, რომ 2022 წელს ყატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი იმავე წელს დაგეგმილ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს არ დაემთხვევა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელი სამხრეთ-დასავლეთ აზიის ქვეყანაში გასამართი მუნდიალის ჩატარების ოპტიმალურ პერიოდად ნოემბერ-დეკემბერს თვლის.

„ლოგიკურია მსოფლიოს ჩემპიონატის წლის ბოლოს ჩატარება. თუ ამ გადაწყვეტილებას  მივიღებთ, ტურნირი ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება. კონკრეტულ თარიღს ვერ გეტყვით, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩემპიონატი ნოემბრის 10 რიცხვიდან დეკემბერის 10 რიცხვამდე პერიოდში ჩატარდება“, – განაცხადა ბლატერმა.

ფიფას პრეზიდენტმა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში ჩატარების ალბათობა გამორიცხა.

„მინდა, გითხრათ, რომ 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას გარკვეულ სირთულეებს წავაწყდით. მაშინ ტურნირის ორგანიზატორები იაპონელები და სამხრეთ კორეელები იყვნენ. ამის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მუნდიალებს ერთდროულად ორი ქვეყანა აღარ უმასპინძლებს, მით უფრო – სამი. მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდება მხოლოდ ერთ ქვეყანაში, რომელსაც ამ ტურნირის მიღება შეეძლება“, – აღნიშნა ზეპ ბლატერმა.

ყატარის მუნდიალის ჩატარების თარიღთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ მიიღებენ.

ბექა დოგრაშვილი

ფეარ პლეის გასაოცარი შემთხვევა საუდის არაბეთში

გასაოცარი შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთის ჩემპიონატში. „ალ ნაჰდასა“ და „ალ იტიჰადს“ შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას, სტუმართა ფეხბურთელმა მასპინძელი გუნდის მეკარეს თასმა შეუკრა, თუმცა გოლკიპერს ამ დროს ბურთი ხელში ეჭირა და სანამ თამაშში შეიყვანა, 6 წამის წესი დაირღვა. მთავარმა არბიტრმა, წესის მიხედვით, თავისუფალი დარტყმა დანიშნა. სტუმრებმა გაითვალისწინეს, თუ რა ვითარებაში დაინიშნა სტანდარტი და ამით ხეირის ნახვის ნაცვლად, ბურთი მოედნის პირით ხაზს იქით შეგნებულად გადააგდეს, რითაც მეტოქე გუნდის ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების აპლოდისმენტები დაიმსახურეს.

ცნობისთვის, მატჩი ფრედ, ანგარიშით 4:4 დასრულდა.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

 

 

სკოლარი: „ტოტი რომ ბრაზილიელი იყოს, ჩემს ნაკრებში თამაშის დიდი შანსი ექნებოდა“

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუიშ ფელიპე სკოლარი გამოტყდა, რომ მის გუნდში ისეთი ფეხბურთელების ხილვას ისურვებდა, როგორებიც არიან ანდრეა პირლო და ფრანჩესკო ტოტი. ფეხბურთის ბრაზილიელი სპეციალისტის თქმით, იტალიის ნაკრები 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია.

„ტოტი ძალიან მომწონს. ის კარგად თამაშობს, ფლობს განსაკუთრებულ უნარებს და არის საკუთარი გუნდის ერთგული. ის რომ ბრაზილიელი იყოს, ჩვენს ამჟამინდელ ნაკრებში მოხვედრის დიდი შანსი ექნებოდა, თუმცა მას უკვე გაუმართლა, რადგან ეკუთვნის შესანიშნავ საფეხბურთო ერს. ის, ვინც იტალიის ნაკრებში ხვდება, ბრაზილიის ნაკრებში თამაშსაც უპრობლემოდ შეძლებს.

პირლოც უნდა აღვნიშნო. ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც რაიმეთი სხვებზე მაღლა დგანან. პირლო ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც საკუთარი თავი მთელი ეპოქის სახით წარმოგვიდგინა. ის თამაშის მაღალი კულტურით გამოირჩევა, კარგად ფლობს ბურთს და შეუძლია მოედანზე სწორი პოზიციის შერჩევა. ის ნებისმიერი ლიგის ნებისმიერ გუნდში თამაშს შეძლებდა.

ვთვლი, რომ იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. მომწონს, როგორ მუშაობს ჩეზარე პრანდელი იტალიის ნაკრების თავკაცის პოსტზე. მან საოცარი მუშაობა გასწია და განაახლა გუნდი როგორც ტაქტიკურად, ასევე – ფსიქოლოგიურად“, – სკოლარის სიტყვები „კორიერე დელო სპორტმა“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

რონალდუ ფიფას ბოიკოტს უცხადებს?

ესპანური AS-ის თანახმად, მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდუ ფიფას მიერ ორგანიზებული ღონისძიებების ბოიკოტირებას აპირებს. წყაროს ცნობით, პორტუგალიელი ფეხბურთელი არ აპირებს, დაესწროს „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს, რომელიც 2014 წლის 13 იანვარს შედგება.

როგორც მოგეხსენებათ, ფიფას პრეზიდენტმა იოზეპ ბლატერმა ოქსფორდის უნივერსიტეტში გამოსვლისას, რონალდუ ლეო მესის შეადარა და აღნიშნა, რომ მას არგენტინელი ფეხბურთელი ურჩევნია, რადგან მესი მოედანზე უკეთ იქცევა, თამაშის მანერითაც სჯობს თავის პორტუგალიელ კონკურენტს, რონალდუ კი ვარცხნილობას უთმობს დიდ ყურადღებას.

ამ განცხადების შემდეგ, ბლატერმა „რეალს“, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციასა და რონალდუს ბოდიშის წერილი გაუგზავნა, თუმცა, როგორც ჩანს, კრიშტიანო ფიფას ხელმძღვანელს ამ სიტყვებს არ პატიობს.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ „ოქროს ბურთის“ მოპოვების ერთ-ერთი კანდიდატია.

ბექა დოგრაშვილი

ბლატერმა მადრიდის „რეალს“ ბოდიში მოუხადა

ფიფას პრეზიდენტმა იოზეპ ბლატერმა ოქსფორდის უნივერსიტეტში გაკეთებული განცხადების გამო პორტუგალიის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელ კრიშტიანო რონალდუს ბოდიში მოუხადა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელმა რონალდუს მესისთან შედარების დროს აღნიშნა, რომ მას არგენტინელი ფეხბურთელი ურჩევნია, რადგან მესი მოედანზე უკეთ იქცევა, თამაშის მანერითაც სჯობს თავის პორტუგალიელ კონკურენტს, რონალდუ კი ვარცხნილობას უთმობს დიდ ყურადღებას. ბლატერის ამ განცხადებამ „რეალის“ ხელმძღვანელთა აღშფოთება გამოიწვია. მადრიდული კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ფიფას მისამართით სპეციალური წერილი მოამზადა.

ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ ბლატერის საპასუხო განცხადება გამოაქვეყნა:

„თქვენი წერილის შინაარსმა გამაკვირვა. მინდა განვმარტო, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტში გამოსვლისას, „ოქროს ბურთის“ კანდიდატებს არ განვიხილავდი. შეხვედრის ბოლოს რონალდუს მესისთან შედარება და ერთ-ერთი მათგანის ამორჩევა მთხოვეს. მე ვთქვი, რომ მესი ჰგავს შვილს, რომლის ყოლასაც ნებისმიერი დედა ისურვებდა. კიდევ ერთხელ უნდა განვმარტო, რომ ჩემთვის რონალდუც და მესიც ერთ დონეზე არიან. ორივენი გამორჩეული მოთამაშეები არიან. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ სიტუაციამ ასეთი რეაქცია გამოიწვია, ამისთვის ბოდიშს ვიხდი. არასდროს მქონია „რეალის“ მოთამაშეთა და გულშემატკივართა მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა განზრახული“.

ანალოგიური სახის წერილი ბლატერმა პორტუგალიის ფეხბურთი ფედერაციის პრეზიდენტ ფერნანდუ გომეშსაც გაუგზავნა.

ბექა დოგრაშვილი

რამდენი ნაკრები ითამაშებს 2018 წლის მუნდიალზე?

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტი მიშელ პლატინი საფეხბურთო საზოგადოებას მსოფლიოს ჩემპიონატზე მოთამაშე გუნდთა რაოდენობის 32-დან 40-მდე გაზრდას სთავაზობს.

უეფას პრეზიდენტის მოულოდნელი შემოთავაზება, ალბათ, ფიფას ხელმძღვანელის, იოზეპ ბლატერის განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც მსოფლიო პირველობაზე აფრიკისა და აზიის წარმომადგენელთა გაზრდა ევროპის კვოტის შემცირებით არ გამორიცხა.

„ბატონ ბლატერს სრულიად ვეთანხმები. ტურნირში უფრო მეტი აფრიკული და აზიური ნაკრები უნდა მონაწილეობდეს, თუმცა ევროპული ნაკრებების რაოდენობის შემცირების ნაცვლად, მონაწილეთა ოდენობა 40-მდე უნდა გაიზარდოს. შესაძლებელია, დავამატოთ ორი ნაკრები აფრიკიდან, ორი – აზიიდან, ორი – ამერიკიდან, ერთი – ოკეანეთიდან და ერთიც – ევროპიდან“, – ციტირებს პლატინის სიტყვებს „თაიმსი“.

უეფას პრეზიდენტის წინადადება განსხვავებულად შეიძლება გავიგოთ: როგორც ბლატერის მხარდაჭერა და ევროპისთვის ადგილების შენარჩუნების მცდელობა; ან როგორც სურვილი, გვიჩვენოს ბლატერის იდეის აბსურდულობა. როგორც მოგეხსენებათ, პლატინი ფიფას პრეზიდენტის პოსტზე ბლატერის შემცვლელის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მოიაზრება. ფრანგის ეს განცხადება შეგვიძლია ჩავთვალოთ, როგორც ერთგვარ წინასაარჩევნო ნაბიჯად.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე თავდაპირველად 13 გუნდი ასპარეზობდა, შემდეგ მათი რაოდენობა 16-მდე გაიზარდა, მოგვიანებით ტურნირი 24 ნაკრებამდე გააფართოვეს, ბოლოს კი – ჩემპიონატმა დღევანდელი სახე მიიღო. ახლა ევროპას 13 ადგილი აქვს, აფრიკას – 5, აზიას – 4 პლუს შესაძლებლობა სამხრეთ ამერიკას ერთი ადგილი აართვას.

დღეს არსებული ფორმატით, 32 გუნდი 8 ჯგუფში ნაწილდება (თითოეულში 4 ნაკრები). პლატინის პროექტი, თუ შეიძლება ამას პროექტი დავარქვათ, გულისხმობს თითოეული ჯგუფის 5 გუნდამდე გაფართოებას. მონაწილეთა რაოდენობის გაზრდა პლანეტის პირველობის გახანგრძლივებას გამოიწვევს.

„ფეხბურთი იცვლება, უკვე 209 ფედერაცია არსებობს, – საუბრობს პლატინი. – თუ ფიფას წევრთა რაოდენობა იზრდება, რატომ უნდა შევიზღუდოთ? 40 გუნდი ცუდი არ არის. ტურნირის ხანგრძლივობა მხოლოდ სამი დღით გაიზრდება. სამაგიეროდ, გულშემატკივრები კმაყოფილნი დარჩებიან“.

ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის მორიგი შეხვედრა მიმდინარე წლის დეკემბერში, ბრაზილიის ქალაქ სალვადორში გაიმართება. სწორედ იქ განიხილავს პლატინი კოლეგებთან ერთად თავის იდეას. ის დარწმუნებულია, რომ მხარს დაუჭერენ. აღსანიშნავია, რომ ზეპ ბლატერმა პლატინის იდეის შესახებ არაფერი იცოდა. პირად საუბრებში ფრანგს მისთვის არაფერი უთქვამს. ისე გამოვიდა, რომ უეფას პრეზიდენტმა ბლატერს  თავისი ინოვაციის შესახებ საგაზეთო ინტერვიუს მეშვეობით ამცნო.

ბექა დოგრაშვილი

ფიფამ “ოქროს ბურთის” პრეტედენტები დაასახელა

2013 წელს, “ოქროს ბურთის” მოსაპოვებლად 23 ფეხბურთელი იბრძოლებს. ფიფამ უკვე დაასახელა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მოპოვებას შეეცდებიან.

გარეტ ბეილი (უელსი), ედისონ კავანი (ურუგვაი), რადამელ ფალკა (კოლუმბია), ედენ აზარი (ბელგია), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი), ანდრეს ინიესტა (ესპანეთი), ფილიპ ლამი (გერმანია), რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი), ლიონელ მესი (არგენტინა), თომას მიულერი (გერმანია), მანუელ ნოიერი (გერმანია), ანდრეა პირლო (იტალია), ნეიმარი (ბრაზილია), მესუთ იოზილი (გერმანია), ფრანკ რიბერი (საფრანგეთი), არიენ რობენი (ჰოლანდია), კრიშტიანო რონალდუ (პორტუგალია), ბასტიან შვაინშტაიგერი (გერმანია), ლუის სუარესი (ურუგვაი), ტიაგო სილვა (ბრაზილია), იაია ტურე (კოტდიუვარი), რობინ ვან პერსი (ჰოლანდია), ჩავი (ესპანეთი).

დიტო ჭიჭინაძე

„მსოფლიოში ფეხბურთს ქართული წესითაც თამაშობენ“

მსოფლიო ფეხბურთის განვითარებაში ქართველებსაც გვაქვს მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი და ეს არ გახლავთ ლიტონი სიტყვები. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბატონ სულხან იაშვილს შევხვდით, რომელიც თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი წესის თანაავტორი გახლავთ. მოგეხსენებათ, მეკარეს ბურთის ხელში აღება არ შეუძლია, როცა მას გადაცემას მისივე გუნდის მოთამაშე ფეხით აწვდის. თავის დროზე აღნიშნული წესი მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს სწორედ ბატონმა სულხანმა შესთავაზა.

„ეს წესი 20 წელზე დიდი ხანია, რაც დაინერგა. ამის საშუალებით სათამაშო ტემპი ნარჩუნდება. ფიფას ყოფილი და ამჟამინდელი პრეზიდენტებისგან – ჟოაო აველანჟისა და ზეპ ბლატერისგან მადლობის წერილებიც მაქვს მიღებული. 2006 წელს ბლატერმა წიგნი გამომიგზავნა ფიფას 100 წლიანი ისტორიის შესახებ. თბილისის „დინამოს“ ძველი გულშემატკივარი ვარ. თავის დროზე ფეხბურთს მეც ვთამაშობდი. თავისუფალ დროს საფეხბურთო სტატისტიკის მოძიებით ვარ დაკავებული“, – აღნიშნავს ბატონი სულხანი.

სულხან იაშვილი

სულხან იაშვილმა გაგვანდო, რომ კიდევ აქვს შემუშავებული სხვადასხვა საფეხბურთო წესები.

„ერთ-ერთი წესის მიხედვით, თავით პასის დროს თამაშგარე მდგომარეობა არ უნდა დაფიქსირდეს. აღნიშნული იდეა ფიფას შევთავაზე, თუმცა იქიდან წერილი მოვიდა, რომ ეს ჯერ ეროვნულმა ფედერაციამ უნდა გამოსცადოს. სამწუხაროდ, ამას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან დაინტერესება არ მოჰყოლია. მეორე წესიც მაქვს: კუთხურის ჩაწოდების, საჯარიმო და თავისუფალი დარტმების დროს მეკარის ბაქანზე მოედნის ფეხბურთელები არ უნდა შევიდნენ. ასეთ დროს მოთამაშეთა შორის ერთი გაწამაწია იმართება ხოლმე, თან მეკარესაც ხელს უშლიან. ეს წესი ამ პრობლემას შეძლებისდაგვარად მოაგვარებს“, – გვითხრა ბატონმა სულხანმა.

შესაძლოა, აღნიშნული წესების დანერგვა გამოსაცდელი ვადით მაინც ღირდეს.

სულხან იაშვილის თქმით, ის საფეხბურთო წიგნის – „მსოფლიოში ფეხბურთს ქართული წესითაც თამაშობენ“ გამოცემას აპირებს, რომელშიც განხილული იქნება სხვადასხვა საინტერესო საკითხები: ფეხბურთის ისტორია, ფეხბურთის როლი ეროვნულ მოძრაობაში, ფეარ-პლეის პრინციპი და სხვა. წიგნის გამოცემას გარკვეული თანხა სჭირდება. სამწუხაროდ, ამის დამფინანსებელი ჯერჯერობით არ გამოჩენილა, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული წიგნი გამოიცემა, თუნდაც იმიტომ, რომ „მსოფლიოში ფეხბურთს ქართული წესითაც თამაშობენ“ და ეს არ არის ლიტონი სიტყვები, ეს ფაქტია.