ბრიტანეთის ვიცე-პრემიერი: „რუსეთს მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება უნდა ჩამოერთვას“

დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერი ნიკ კლეგი ფიფას მოუწოდებს, რომ რუსეთს 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ჩამოართვას.

„ვლადიმერ პუტინი მუდმივად ცდის საერთაშორისო თანამეგობრობის მოთმინებას, დესტაბილიზაცია შეაქვს მეზობელ ქვეყანაში და აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებულ სეპარატისტებს იცავს. ამავე დროს, რუსეთს აქვს პრივილეგია და პატივი, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლოს.

ვთვლი, რომ თუ პუტინი ამ კურსს არ შეიცვლის, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთში არ უნდა გაიმართოს.

რუსეთ-უკრაინის საზღვართან რუსების ამ აგრესიის ფონზე ფეხბურთის ზეიმი ვერ შედგება“, – განაცხადა ბრიტანეთის ვიცე-პრემიერმა „სანდი თაიმსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

რამდენიმე დღის წინათ, ფიფაში თქვეს, რომ 2018 წლის მუნდიალის მასპინძელი ქვეყნის შეცვლას არ აპირებენ.

უეფამ რუსული და უკრაინული კლუბები ერთმანეთს დააშორა

ქვეყნებს შორის არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარების გამო, უეფამ უკრაინული და რუსული კლუბები ევროსარბიელზე ერთმანეთს დააშორა.

კონკრეტულად არ არის ცნობილი, თუ რა ხნით გაგრძელდება აღნიშნული აკრძალვა. უეფას ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ უკრაინული და რუსული კლუბები ევროპულ დონეზე ერთმანეთს ვერ შეხვდებიან მანამ, სანამ ამასთან დაკავშირებით ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ახალ ცნობას არ გამოაქვეყნებს.

ეს ნიშნავს იმას, რომ 18 ივლისს გასამართ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაში სანკტ-პეტერბურგის „ზენიტი“ და დნეპროპეტროვსკის „დნიპრო“ ერთმანეთს ასცდებიან.

უეფას კიდევ ერთი გადაწყვეტილება ებრაულ კლუბებს ეხება. ღაზის სექტორში არსებული ვითარების გამო, ისრაელში უეფას ეგიდით მატჩების გამართვა აიკრძალა. ებრაულ კლუბებს 2014-15 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის საშიანო მატჩების გასამართად საზღვარგარეთ არსებული სტადიონების მოძიება ეთხოვათ.

 

ბელგია — რუსეთი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბელგიისა და რუსეთის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა „წითელი ეშმაკების“ გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ბელგიის ნაკრების ლიდერი ედენ აზარი დაასახელეს, რომელიც ერთადერთი გატანილი გოლის ასისტენტად მოგვევლინა.

ლონდონის „ჩელსიში“ მოთამაშე ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაატარა, გააკეთა 33 გადაცემა და კარში 2-ჯერ დაარტყა.

 

ფეხბურთის რუსი ექსპერტი გადაცემის წამყვანს ეჩხუბა და ეთერი დატოვა

ფეხბურთის რუსი ექსპერტი ალექსანდრ ბუბნოვი ერთ-ერთი რუსული რადიოსადგურის გადაცემის წამყვანს ეჩხუბა და სტუდია გაბრაზებულმა დატოვა. სტუმარსა და მასპინძელს შორის აზრთა უთანხმოება ჯერ იგორ აკინფეევის შესახებ გაჩნდა. ბუბნოვი დაჟინებით ამბობდა, რომ რუსეთის ნაკრებს არ ჰყავს დიდებული მეკარე და არგუმენტად ის მოჰყავდა, რომ აკინფეევი ცსკა-ს ვერ გასცდა. ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ დაეთანხმა გადაცემის წამყვანი, რომელმაც ბუბნოვს მსოფლიოს ჩემპიონატის G ჯგუფის შესახებ გაკეთებული არასწორი პროგნოზი გაახსენა. ამან სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა და საბოლოოდ, სტუმარმა ეთერი პროტესტის ნიშნად დატოვა.

ბუბნოვი ეპატაჟურ პიროვნებად ითვლება და მას ოდიოზური განცხადებების გაკეთებაც ახასიათებს, თუმცა ამ შემთხვევაში რამდენად არამართებული იყო მისი სიტყვები, ეს თქვენი გადასაწყვეტია.

გთავაზობთ ვიდეომასალას.

რუსეთი — კორეა (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე რუსეთისა და კორეის რესპუბლიკის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ანგარიში მატჩის 68-ე წუთზე გაიხსნა, როცა შეცვლაზე შემოსული კიუნ-ჰო ლის დარტყმის შემდეგ რუსთა კიპერმა იგორ აკინფეევმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და ბურთი ხელიდან გაუვარდა. 74-ე წუთზე აგრეთვე შეცვლაზე შემოსულმა ალექსანდრ კერჟაკოვმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კორეელთა შემტევი ნახევარმცველი ჰიუნგ-მინ სონი დაასახელეს.

ლევერკუზენის „ბაიერში“ მოთამაშე ფეხბურთელმა მოედანზე 84 წუთი დაჰყო, გააკეთა 27 გადაცემა და კარში დაარტყა 3-ჯერ.

 

ჯანო ანანიძე სეზონის აღმოჩენად დაასახელეს

რუსეთის პრემიერლიგის გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა ტელეარხ „ნაშ ფუტბოლის“ გამოკითხვაში 2013-14 წლების სეზონის აღმოჩენად „როსტოვის“ ნახევარმცველი ჯანო ანანიძე დაასახელეს.

„როსტოვის“ ისტორიაში საუკეთესო სეზონის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედად სწორედ ქართველი ფეხბურთელი იქცა. შეგახსენებთ, რომ ჯანო ანანიძემ, რომელიც „როსტოვში“ იჯარის წესით თამაშობდა, გუნდთან ერთად რუსეთის თასი მოიგო. გარდა ამისა, ქართველმა ნახევარმცველმა რუსეთის პრემიერლიგის აწ უკვე დასრულებულ გათამაშებაში 22 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ჯანო ანანიძე ამ დრომდე მოსკოვის „სპარტაკს“ ეკუთვნის.

ბექა დოგრაშვილი

КГБ — World Cup 2018

როგორც ჩვენი ჟურნალის წინა ნომრებში ვწერდით, ამერიკელმა სენატორებმა ფიფას პრეზიდენტ იოზეპ ბლატერს რუსეთისთვის 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების ჩამორთმევის თხოვნით წერილი მიწერეს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელმაც არ დაახანა და განაცხადა, რომ ბოიკოტზე არავინ ფიქრობს და მუნდიალს, უეჭველად, რუსეთი მიიღებს.

ამ საკითხს უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი ყაზახეთში გამართულ კონგრესზე გამოეხმაურა: „უკვე დავიღალეთ ასეთი მოთხოვნების მოსმენით. ბოიკოტი გამოუცხადეთ საელჩოებს, მიმართეთ ეკონომიკურ სანქციებს. რატომღაც ყოველთვის სპორტი ხდება სამიზნე. ბევრს არ უყვარს სპორტი და ამიტომ ითხოვენ ამგვარ ბოიკოტს. ვთვლი, რომ პოლიტიკოსებმა პოლიტიკას უნდა მიხედონ, სპორტი კი გამაერთიანებელი ელემენტი უნდა გახდეს“.

დიახ, 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთში გაიმართება. ქვეყანა, რომელსაც არად უღირს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, ხელყოფს მეზობელი ქვეყნების საზღვრებს, სადაც ჟურნალისტებს ქუჩაში ხოცავენ, ოთხ წელიწადში უდიდეს საფეხბურთო ზეიმს უმასპინძლებს.

„ბებერმა“ ევროპამ თვალი დახუჭა ყოველგვარ მორალურ ფაქტორზე და არც ჩვენ ვაპირებთ ვინმე კონკრეტული ადამიანის (ქვეყნის წარმომადგენლის) პატიოსნებაზე მსჯელობას, თუმცა განვიხილოთ რამდენიმე სრულიად ობიექტური მიზეზი, თუ რატომ არ უნდა გაიმართოს მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში:

როდესაც გადაწყდა, რომ 2010 წლის მუნდიალი სამხრეთ აფრიკაში უნდა გამართულიყო, კოხტაპრუწა ევროპელებმა ვიშვიში ატეხეს: აქაოდა, აფრიკაში საშინელი კრიმინოგენური ვითარებაა და ვინ იცის, საერთოდაც, იქნებ ლომმა იმსხვერპლოს რომელიმე გზააბნეული ფანიო (ზოგიერთი იმაზეც შეშფოთდა, აფრიკაში პროსტიტუცია მძვინვარებს და შიდსს არ გადავეყაროთო… პროსტიტუცია და შიდსი რუსეთში ნახეთ, ბატონო ევროპელებო).

აფრიკულმა მუნდიალმა მეტნაკლებად ექსცესების გარეშე ჩაიარა. აი, რუსეთში კი, ნამდვილად აქვთ ევროპელ ფანებს შიშის მიზეზი. ქვეყნა, რომლის საგარეო პოლიტიკა შოვინიზმზეა აგებული და ქუჩებში ასობით შეიარაღებული ნეოფაშისტი დაძრწის, აშკარად საშიშია მოწინააღმდეგე ნაკრებების ფანებისათვის. სხვა საქმეა რასიზმი. ერი, რომელიც კავკასიელებს „შავებს“ ეძახის, არამგონია, აფრიკული ქვეყნის ნაკრებების გულშემატკივრებს სტუმართმოყვარეობით შეხვდეს. გავიხსენოთ შარშან მოსკოვში მომხდარი ინციდენტი, როდესაც „ცსკა“-ს ქომაგებმა „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი იაია ტურე რასისტული შეძახილებით „შეამკეს“.

რუსეთში ჩასულ ქომაგს, სამწუხაროდ, არც იქაური მილიციის იმედია არ უნდა ჰქონდეს. თავად რუსები აღიარებენ, რომ მათ სამართალდამცავ სტრუქტურებში საშინელი კორუფცია მძვინვარებს.

კიდევ ერთი: მუნდიალის მასპინძელ ქვეყანას სამ რეგიონში თითქმის საომარი მდგომარეობა აქვს. დღე არ გავა, ჩრდილოეთ კავკასიაში (ჩეჩნეთში, ინგუშეთსა და დაღესტანში) ინციდენტი არ მოხდეს. ყირიმის ანექსიაზე, აფხაზეთსა და შიდა ქართლში მათ მიერ განხორცილებულ ბარბაროსობაზე აღარც ღირს საუბარი.

მოკლედ, რუსეთში ფეხბურთის საქომაგოდ ჩასულ კაცს ცალი თვალი უნდა გეჭიროს, ვინმე მუსლიმანმა ტერორისტმა მძევლად არ აგიყვანოს და მერე რუსმა სამართალდამცავმა ორივეს ერთად არ გაგიხვრიტოთ შუბლი (ჩვენ მეზობლად ხომ მძევლის „გამოხსნის“ ასეთი მეთოდი დიდი ხანია დანერგილია).

როგორც ჩანს, ზემოთ აღნიშნული ფიფას სულ არ ანაღვლებს. მუნდიალის ჩატარების სურვილი ისეთ ქვეყნებს ჰქონდათ, როგორებიცაა: ჰოლანდია-ბელგია, პორტუგალია, ესპანეთი, ინგლისი, თუმცა… ფიფამ ყველას რუსეთი არჩია.

ევროპაში უკვე იმაზეც ლაპარაკობენ, რომ ფიფა რუსული მაფიის გავლენას განიცდის. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს მუშაობა კა-გე-ბესაც კი შეადარეს.

ფაქტი ერთია, 2018 წლის მუნდიალი რუსეთში გაიმართება. ალბათ, მას ვლადიმირ პუტინი გახსნის… ალბათ, ალა პუგაჩოვაც იმღერებს…

ცოტნე ცხვედიანი
ჟურნალი Fanebi.com

რუსი დეპუტატების პასუხი ამერიკელი სენატორების წერილს: „გარიცხეთ აშშ ფიფადან“

Fanebi.com-ის მკითხველს მოეხსენება, რომ ამერიკელმა სენატორებმა „რესპუბლიკური პარტიიდან“ მარკ კერკმა და დენ კოუტსმა ფიფას პრეზიდენტ იოზეპ ბლატერს რუსეთისთვის 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლების ჩამორთმევისა და ფიფადან გარიცხვის თაობაზე წერილი მიწერეს. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დატოვეს და პარტია „ედინაია რასიას“ წევრმა ალექსანდრ სიდიაკინმა და „სპრავედლივაია რასიას“ წევრმა მიხაილ მარკელოვმა ფიფას ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების 2014 წლის მუნდიალიდან მოხსნისა და მსოფლიო ფეხბურთის საერთაშორისო ორგანოდან გარიცხვის თაობაზე მიმართეს.

მიზეზი, რის გამოც აშშ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატიდან უნდა მოიკვეთოს და ფიფადან გაირიცხოს, რუსი დეპუტატების აზრით, მთელი რიგი ქვეყნების წინააღმდეგ ამერიკის მიზანმიმართული აგრესიაა, კონკრეტულად ყოფილ იუგოსლავიაში, ერაყში, ლიბიასა და სირიაში განვითარებული მოვლენები სახელდება.

„თვალი თვალის წილ, ბურთი ბურთის წილ. არ დაუშვათ ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების ასპარეზობა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე! გარიცხეთ აშშ ფიფადან“, – ეს განცხადება სიდიაკინმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

ბექა დოგრაშვილი

ამერიკელი სენატორები ფიფადან რუსეთის გარიცხვას ითხოვენ

ამერიკელმა სენატორებმა „რესპუბლიკური პარტიიდან“ მარკ კერკმა და დენ კოუტსმა ფიფას პრეზიდენტ იოზეპ ბლატერს რუსეთისთვის 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე წერილი მიწერეს.

„გთხოვთ, რომ სასწრაფოდ მოიწვიოთ ფიფას რიგგარეშე სხდომა, რომელზეც განხილული იქნება ფიფადან რუსეთის გარიცხვის საკითხი. ჩამოართვით რუსეთს 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება და მოხსენით ეს ნაკრები 2014 წლის ბრაზილიის მუნდიალიდანაც.

ფიფას წესდების თანახმად, ქვეყნის ან ადამიანთა ჯგუფის მიმართ გამოვლენილი ნებისმიერი დისკრიმინაცია აკრძალულია და ისჯება ორგანიზაციის წევრობის სტატუსის შეჩერებით ან გარიცხვით.

როგორც ვიცით, 1992 და 1994 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე იუგოსლავია ამგვარად დაისაჯა“, – ნათქვამია წერილში, რომელიც სენატორთა ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ბექა დოგრაშვილი
ჟურნალი Fanebi.com

UNIAN — უკრაინა ევროკავშირს: „ჩამოართვით რუსეთს მუნდიალის მასპინძლობის უფლება“

unian.net-ის ცნობით, უკრაინა დიპლომატური არხების მეშვეობით ევროკავშირს სთხოვს, რომ რუსეთს 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ჩამოართვან.

„უკრაინამ ევროკავშირს სთხოვა, რომ ყირიმში არსებული ვითარების გამო, რუსეთის წინააღმდეგ გადამჭრელი პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მოქმედებები გაატაროს.

უკრაინელები ევროკავშირს სთხოვენ, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიმდინარე დიალოგი შეჩერდეს, გარდა ამისა, რუსეთს 2018 წლის მუნდიალის ჩატარების უფლება ჩამოერთვას“, – unian.net-ი ციტირებს ერთ-ერთი ევროპელი დიპლომატის სიტყვებს, რომლის ვინაობაც არ სახელდება.

მანამდე რუსეთისთვის 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების ჩამორთმევის ინიციატივით ყოფილი სპორტული ჟურნალისტი და ამჟამად დეპუტატი იგორ მიროშნიჩენკო გამოვიდა. ამავეს მოითხოვდა უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარკიან ლუბკივსკი.

ბექა დოგრაშვილი

საქართველო-რუსეთი – ბილეთების გაყიდვა დაიწყო

როგორც მოგეხსენებათ, 2014 წლის ევროპის ერთა თასის და 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მორიგ საშინაო მატჩამდე ერთ კვირაზე ნაკლები დრო რჩება. 22 თებერვალს, „დინამო არენაზე“ ქართველი ბორჯღალოსნები რუსეთის ნაკრებს დაუხვდებიან.

მატჩზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება და მისი ფასი 3 და 5 ლარი გახლავთ. ბილეთების შეძენა ყოველდღიურად დილის 11:00 საათიდან 18:00 საათამდე მხოლოდ „დინამო არენას“ სალაროებში შეგიძლიათ.

საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის გასამართი მატჩი შაბათს, 17:00 საათზე დაიწყება.

 

კაპელო: „კონტე – საუკეთესო იტალიელი მწვრთნელია“

ცნობილი იტალიელი სპეციალისტის, ამჟამად რუსეთს ნაკრების თავკაცის, ფაბიო კაპელოს აზრით, ამჟამად იტალიის საუკეთესო მწვრთნელი ტურინის „იუვენტუსის“ დამრიგებელი ანტონიო კონტეა.

„კონტე გუნდში გამარჯვებულის მენტალიტეტით მაშინ მივიდა, როდესაც „იუვენტუსს“ არც თუ ისე კარგი პერიოდი ჰქონდა. ამ მომენტისთვის, კონტე – იტალიის საუკეთესო მწვრთნელია. მე ამას მისი შედეგებიდან გამომდინარე ვამბობ. საუკეთესოა თუ არა იგი ევროპაში? ამ პასუხზე კითხვის გასაცემად კიდევ რამდენიმე წელიწადი დაგვჭირდება. დღეს ამ წოდებისთვის დიდი კონკურენციაა“, – განაცხადა კაპელომ.

ალექსანდრე მატევოსოვი