კუმანი: “პრემიერლიგაში უცხოელი მწვრთნელების ყოფნა მნიშვნელოვანია”

“საუთჰემპტონის” მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი გამოტყდა, რომ ყოველთვის სურდა ინგლისში მუშაობა. შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი სპეციალისტი ინგლისურ გუნდს 2014/15 წლების სეზონიდან ხელმძღვანელობს. მანამდე კუმანს ჰოლანდიაში, ესპანეთსა და პორტუგალიაში მოუწია მუშაობა.

“ჩემი აზრით, ინგლისის პრემიერლიგაში უცხოელი მწვრთნელების ყოფნა მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლოა, აქ ახალი იდეები დაამკვიდრონ. ასევე, აუცილებელია ინგლისელი სპეციალისტების დაცვა, თუმცა, საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებას მაინც კლუბები იღებენ.

ინგლისის ჩემპიონატში ყოველთვის თავგანწირვით იბრძვიან და სწორედ ამიტომ ჰყავს ამდენი მაყურებელი. აქ დიდი კლუბები თამაშობენ და ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც მსურდა ინგლისში მუშაობა”, – კუმანის კომენტარს Goal.com-ი აქვეყნებს.

 

იორდი კლასიმ ველოსიპედის გამოცვლა მოითხოვა

“ფეინოორდიდან” “საუთჰემპტონში” გადაბარგებული იორდი კლასი კვლავაც აგრძელებს როტერდამული კლუბის ტრადიციის დაცვას.

ინგლისური კლუბი შეკრებაზე ჰოლანდიაში იმყოფება და ტრადიციის მიხედვით, ფეხბურთელები სავარჯიშო მოედნიდან სასტუმროში ველოსიპედებით ბრუნდებიან. განზრახ თუ შემთხვევით, კლასის ველოსიპედზე “ფეინოორდის” მთავარი მეტოქის, ამსტერდამის “აიაქსის” სიმბოლო იყო გამოსახული. მართალია, საკმაოდ პატარა ზომის სტიკერი იყო მიკრული, თუმცა იორდი კლასიმ ველოსიპედის გამოცვლა მაინც მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი “საუთჰემპტონში” 15 ივლისს, 8 მილიონი ფუნტ სტერლინგის სანაცვლოდ გადავიდა. მხარეებს შორის ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

 

“საუთჰემპტონის” ფეხბურთელმა პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ჰეთთრიკი გაიტანა (ვიდეო)

“საუთჰემპტონის” ნახევარმცველმა სადიო მანემ ინგლისის ჩემპიონატის 37-ე ტურში “ასტონ ვილას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ჰეთთრიკი გაიტანა. სენეგალელ ფეხბურთელს სამი გოლის გასატანად მხოლოდ 2 წუთი და 56 წამი ეყო.

წინა რეკორდი “ლივერპულის” ყოფილ თავდამსხმელ რობი ფაულერს ეკუთვნოდა, რომელმაც ჰეთთრიკი 4 წუთსა და 33 წამში გაიტანა.

 

“ბარსაში” ლუის ენრიკეს კუმანით შეცვლიან?

“საუთჰემპტონის” მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანს დაკავებული პოსტის დატოვების უფლება მიეცემა, თუ მის სანაცვლოდ რომელიმე კლუბი ორ მილიონ ფუნტ სტერლინგზე ოდნავ მეტს გაიღებს.

ბრიტანული “დეილი სთარის” ცნობით, არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნული პუნქტით “ბარსელონამ” ისარგებლოს და მიმდინარე წლის ზაფხულში ლუის ენრიკე სწორედ ფეხბურთის ჰოლანდიელი სპეციალისტით შეცვალოს.

შეგახსენებთ, რომ კუმანი მოთამაშის რანგში კატალონიური გუნდის ღირსებას 1989–1995 წლებში იცავდა და 1992 წელს გამართული ჩემპიონთა თასის ფინალურ მატჩში სწორედ მისი ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა “ბარსელონამ” იტალიური “სამპდორია”.

 

ალდერვეირელდი: “საუთჰემპტონს” “ატლეტიკოს” მსგავსი წარმატების გამეორება შეუძლია”

“საუთჰემპტონის” მცველი ტობი ალდერვეირელდი თვლის, რომ მის გუნდს შეუძლია, ისევე მოახდინოს სასწაული, როგორც ეს გასულ სეზონში მადრიდის “ატლეტიკომ” გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელი ფეხბურთელი შარშანდელ სეზონში სწორედ მადრიდული კლუბის ღირსებას იცავდა, რომელმაც პირველად უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.

ახლა ალდერვეირელდი “წმინდანების” რიგებში იჯარის წესით თამაშობს და თვლის, რომ “საუთჰემპტონს” “ატლეტიკოს” მსგავსი შედეგის გამეორება შეუძლია.

Atletico

“სეზონის სტარტზე “ატლეტიკოს” შანსს არავინ აძლევდა. 10 ტურის შემდეგაც კი, ხალხი ამბობდა, რომ ქულებს დავკარგავდით. დიეგო სიმეონე გვეუბნებოდა: “მატჩიდან მატჩამდე წინ წავიწიოთ და ბოლოს ვნახავთ, რა გამოგვივა. მეტოქე გუნდებს უკეთესი შემადგენლობები ჰყავთ, უკეთესი ფეხბურთელებით არიან დაკომპლექტებულნი, თუმცა ჩვენ რაღაც განსაკუთრებული გვაქვს – ჩვენ გუნდი ვართ”.

“სწორედ გუნდი უნდა ვიყოთ, რომ მსგავ წარმატებას მივაღწიოთ, – აგრძელებს ალდერვეირელდი. – კი ბატონო, გრაციანო პელე იტანს, დუშან ტადიჩი საგოლე გადაცემებს აკეთებს, თუმცა ჩვენი ძალა ჩვენი გუნდია”.

 

ვან გაალმა შოთა არველაძე გაიხსენა

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა ბოლო პრესკონფერენციაზე “საუთჰემპტონის” თავდამსხმელ გრაციანო პელეს შესახებ საუბრისას შოთა არველაძე გაიხსენა.

“გრაციანო პელეს წარმატებები არ მაკვირვებს, რადგან თავის დროზე “ალკმაარში” ის სწორედ მე მივიყვანე. მას არამხოლოდ გოლების გატანა, არამედ მომენტების შექმნაც შეუძლია. გრაციანო, ვან პერსის მსგავსად, მუდმივად ეძებს თანაგუნდელებს. შესაძლოა, მისგან ამდენი გოლი გიკვირთ, თუმცა მე ისედაც ვიცოდი, რომ პელეს ეს შეეძლო.

იმ დროს “ალკმაარში” შოთა არველაძე მყავდა — ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი მათ შორის, ვინც მთელი კარიერის განმავლობაში მყოლია. ბევრ ფორვარდთან მიმუშავია, თუმცა შოთა მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო. პელეს სწორედ მასთან უწევდა კონკურენცია და მოახერხა გარკვეული წვლილის შეტანა საერთო საქმეში. შემდეგ პელე რონალდ კუმანმა წაიყვანა “ფეინოორდში”, სადაც ის “აფეთქდა”, – ციტირებს ვან გაალის სიტყვებს Goal.com-ი.

 

ვენგერი: “ალექსის სანჩესი საოცრად მალე მოერგო გუნდს”

ინგლისის პრემიერლიგის XIV ტურში ლონდონის “არსენალმა” სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე მყოფი “საუთჰემპტონი” მიიღო და 89-ე წუთზე ალექსის სანჩესის მიერ გატანილი კინკილა გოლის წყალობით ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ “მეთოფეთა” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ჩილელი თავდამსხმელის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

“რთულია, ფეხბურთელის მოძებნა, რომელიც გუნდს ასე სწრაფად მორგებოდა. ალექსის სანჩესს გუნდში განსაკუთრებული გავლენა აქვს”, – აღნიშნა ვენგერმა.

შეგახსენებთ, რომ ალექსის სანჩესს პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 13 მატჩი ცხრა გოლი აქვს გატანილი.

“არსენალს” აქტივში 23 ქულა მოუგროვდა და მეექვსე პოზიციაზე გადანაცვლა. “საუთჰემპტონს” 26 ქულა აქვს და როგორც მოგახსენეთ, მესამე ადგილი უკავია.

ჯონჯო შელვიმ ბავშვს ოცნება აუხდინა

როდესაც 7 წლის ჰარი ჯეიკობსი “სუონსი სიტის” ნახევარმცველ ჯონჯო შელვის წერილს უგზავნიდა, ალბათ ვერც წარმოიდგენდა, რომ ფეხბურთელისგან პასუხს მიიღებდა. ჯეიკობსსაც და შელვისაც ერთი დაავადება აწუხებთ — ალოპეცია, რაც თმის საფარველის დაკარგვას ნიშნავს. ინგლისელმა ნახევარმცველმა ბავშვს საპასუხო წერილი გაუგზავნა, სტადიონზე დაპატიჟა და პრემიერლიგის V ტურში “საუთჰემპტონთან” გამართული მატჩის წინ მოედანზეც წაიმძღვარა.

ამ ისტორიის შესახებ უფრო დაწვრილებით აღნიშნული სიუჟეტიდან გაიგებთ.

ოფიციალურად: ფრეიზერ ფორსტერი “საუთჰემპტონში” გადაბარგდა

გლაზგოს “სელტიკის” აწ უკვე ყოფილი მეკარე ფრეიზერ ფორსტერი ინგლისურ “საუთჰემპტონში” გადაბარგდა.

26 წლის კიპერმა “წმინდანებთან” 2018 წლის 30 ივნისამდე გააფორმა კონტრაქტი.

არაოფიციალური წყაროს თანახმად, “საუთჰემპტონმა” ფორსტერის სანაცვლოდ 10 მილიონი ფუნტ სტერლინგი გაიღო.

ფრეიზერ ფორსტერი “სელტიკის” ღირსებას 2010 წლიდან იცავდა: ორი სეზონის განმავლობაში კლუბში იჯარის წესით თამაშობდა, შემდეგ კი შოტლანდიურმა კლუბმა “ნიუკასლ იუნაიტედისგან” სრულად გამოისყიდა მეკარე.

ფორსტერი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისის სამუნდიალე განაცხადშიც იყო შეყვანილი.

 

დეიან ლოვრენი „ლივერპულს“ უახლოვდება

„საუთჰემპტონისა“ და ხორვატიის ნაკრების მცველი დეიან ლოვრენი უახლოეს პერიოდში „ლივერპულის“ ფეხბურთელად უნდა გამოცხადდეს.

ხორვატიული გამოცემა Sportske Novosti იუწყება, რომ ტრანსფერის ღირებულება 20 მილიონ ევროს შეადგენს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლოვრენი მერსისაიდულ გუნდთან ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

ცნობისთვის, ლოვრენმა მიმდინარე ზაფხულს უკვე გამოთქვა „ლივერპულში“ გადასვლის სურვილი.

 

როგორ იქცა ქვასროლია ბიჭი საუკეთესო ბურთსროლია ბიჭად

გიფიქრიათ ოდესმე ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელების ყველაზე ძლიერი მხარეები ერთ ფეხბურთელში რომ გავაერთიანოთ, როგორი მოთამაშე გამოვა? არსებობს ასეთი პროექტი „იდეალურ მოთამაშე“. აღნიშნული პროექტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ევროპის მასშტაბით მოთამაშე სხვადასხვა ფეხბურთელების ცალკეულ, ყველაზე ძლიერ მხარეებს წარმოაჩენენ, ერთ ფეხბურთელში აერთიანებენ და გამოჰყავთ წლის იდეალური მოთამაშის პარამეტრები. 2010 წელს კრიშტიანო რონალდუს ფეხი აირჩიეს, ჩავის – თვალი, კარლეს პუიოლის – თმა, პიტერ კრაუჩის – სიმაღლე, მიხაელ ბალაკის – მკერდი, ხოლო მისი – მკლავები. ითვლება, რომ აუტს მასზე უკეთ ვერავინ აწვდიდა. მისი სახელი რორი დელაპი გახლავთ. ზუსტად ორი კვირის წინათ, 37 წლის დელაპმა კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. მოდით, ერთად გადავავლოთ თვალი აუტის საუკეთესო მომწოდებლის განვლილი ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს.

რორი ჯონ დელაპი
დაიბადა 1976 წლის 6 ივლისს ინგლისის ქალაქ სატონ კოლდფილდში.
ეროვნება: ინგლისი/ირლანდია
ამპლუა: ცენტრალური ნახევარმცველი
საკლუბო კარიერა: „კარლაილ იუნაიტედი“ (1994–1998), „დერბი ქაუნთი“ (1998–2001), „საუთჰემპტონი“ (2001–2006), „სანდერლენდი“ (2006–2007), „სტოკ სიტი“ (2007–2012), „ბარნსლი“ (2013), „ბერტომ ალბიონი“ (2013). კარიერის განმავლობაში ჩაატარა 587 მატჩი და გაიტანა 35 გოლი.
სანაკრებო კარიერა: ირლანდიის ნაკრები – 11 მატჩი.

ციფრები
დელაპის მიერ აუტიდან სროლის საშუალო მანძილი – 38 მეტრი;
დელაპის მიერ ბურთის ყველაზე შორ მანძილზე სროლის დისტანცია – 45 მეტრი (2008 წლის 1 ნოემბერს „არსენალთან“ გამართტულ მატჩში). თუმცა, მსოფლიო რეკორდი არა მას, არამედ დანიელ ტომას გრონემარკს ეკუთვნის, რომელმაც ბურთი 51,33 მეტრის დისტანციაზე ისროლა.
დელაპის მიერ ნასროლი ბურთის მაქსიმალური სიჩქარე – 60 კმ/სთ.

ფაქტები
დელაპი ამბობს, რომ ამ ნიჭით დაიბადა: „დედაც და მამაც მეუბნებოდნენ, რომ ბავშვობაში ფანჯრებს ქვებს ვესროდი. მაშინ ორი ან სამი წლისა თუ ვიქნებოდი. ფეხბურთზე ადრეულ ასაკში შევედი. საშინელი ტექნიკა მქონდა და ბურთს ყოველთვის შორს ვიგერიებდი. დაბადებიდან ასეთი ვიყავი, გესმით? როდესაც „დერბიში“ ვირიცხებოდი, ფიტნეს-მწვრთნელი სამედიცინო ბურთების სროლას მთხოვდა, ეს ბურთები შედარებით პატარაა, ვიდრე ჩვეულებრივი“.

ბავშვობაში რორი შუბის ტყორცნის სექციაზეც შეიყვანეს, სადაც, მისივე თქმით, 40 მეტრის მანძილზე სროლა ისწავლა. 15 წლის ასაკში ამ საქმიანობას შეეშვა, თუმცა საკმაო წარმატებები ჰქონდა. 2008 წელს ირლანდიის მსუბუქი მძლეოსნობის ასოციაცია სერიოზულად იწვევდა დელაპს ნაკრებში ლონდონის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა ფეხბურთელმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

ინგლისის პრემიერლიგის 2008/09 წლების სეზონში „სტოკ სიტის“ პირველ რვა გოლიდან ხუთი სწორედ დელაპის ორგანიზებულია – ხუთივე გოლი აუტიდან ბურთის სროლას მოჰყვა. დევიდ მოიესმა მას მეტსახელად „კაცი-შურდული“ დაარქვა, ინტერნეტ-სივრცეში კი მას „მექანიკურ ხელებად“ მოიხსენიებდნენ.

მეტოქე გუნდის ფეხბურთელები ისე უფრთხოდნენ მის აუტებს, რომ 2008/09 წლების სეზონში „ჰალ სიტის“ მეკარე ბოაზ მაიჰილმა ერთ-ერთ ეპიზოდში ბურთის არა გვერდით ხაზს იქით, არამედ კუთხურზე მოგერიება ამჯობინა. 2010/11 წლების სეზონში კი, „ვესტ ჰემმა“ დელაპის მიერ მოწოდებული ბურთის მოსაგერიებლად აუტის ხაზთან დამატებითი ფეხბურთელები დააყენა.

2011/12 წლებში დელაპი ყველაზე ნაკლების პასის რაოდენობით პრემიერლიგის სამ უარეს ნახევარმცველთა შორის მოხვდა.

მხრების ვარჯიში და ზურგის კუნთები – დელაპის თქმით, სწორედ ეს არის მისი საიდუმლო. „აუტი კუთხურზე უკეთესია, რადგან ბურთის ხელით სროლა გაცილებით ზუსტად შეიძლება. ამისთვის კი კუნთები უნდა დაიყენოთ“, – ამბობს დელაპი.

ტონი პულისი – „სტოკ სიტიში“ დელაპის მწვრთნელი:
„მისი ნასროლი მეტოქეს ბევრ პრობლემას უქმნის. ბურთი ზემოთ კი არ მიფრინავს, არამედ ბრუნავს და მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებს უჭირთ იმის განსაზღვრა, თუ სად დავარდება“.

ნემანია ვიდიჩი – „მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი (2008 წლის ნოემბერი):
„ასეთ რამეს არასდროს შევსწრებივარ. მას აუტიდან ბურთის სროლა 40 მეტრის მანძილზე შეუძლია! სწორედ ამას ვუფრთხით და ამიტომაც ვატარებთ საგანგებო ვარჯიშებს“.

არსენ ვენგერი – „არსენალის“ თავკაცი (2009 წლის დეკემბერი):
„დელაპი ისე ისვრის ბურთს, თითქოს ფეხით არტყამდეს. ეს უსამართლო უპირატესობაა. ის ისეთ ნიჭს იყენებს, რაც ფეხბურთში არ არის მიღებული. კარგი იქნება, თუ აუტიდან ბურთს ხელით მოწოდების ნაცვლად ფეხით მოწოდებით შევცვლით. ვფიქრობ, ეს თამაშს კიდევ უფრო დააჩქარებს“.

რორი დელაპი:
„ჩემი ნასროლისგან დაცვა შეუძლებელია“.

ბექა დოგრაშვილი

ფეხბურთელთა კონტრაქტების ყველაზე საინტერესო პუნქტები

რატომ არ სურდა არუნა კონეს „ლევანტეს“ რიგებში გოლების გატანა? რამდენი გოლია საჭირო იმისთვის, რომ პრემიის სახით იახტა მიიღოთ? რა ღირს 20 წუთით ჩემბერლენის მოედანზე ყოფნა? Fanebi.Com-ი წარმოგიდგენთ ფეხბურთელთა კონტრაქტების ყველაზე საინტერესო პუნქტებს.


ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი („არსენალი“ და „საუთჰემპტონი“)
„საუთჰემპტონმა“ „არსენალს“ ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი 17 წლის ასაკში 12 მილიონ ფუნტად მიჰყიდა, თან კონტრაქტში ერთი საინტერესო პუნქტი ჩაწერა: თითოეული მატჩისთვის, რომელშიც ოქსლეიდ-ჩემბერლენი 20 წუთზე მეტ ხანს ითამაშებდა, „არსენალის“ ხელმძღვანელობას „წმინდანებისთვის“ დამატებით 10 ათასი ფუნტი უნდა გადაეხადა. ცბიერ არსენ ვენგერს ეკონომიის გაკეთება არასდროს ეშლებოდა. ფეხბურთის ფრანგ სპეციალისტს ოქსლეიდ-ჩემბერლენი მოედანზე 70-ე წუთის შემდეგ შეჰყავდა და კლუბიდან ფინანსების ამ გზით გადინებას ხელს უშლიდა.


მარკინოსი („რომა“ და „კორინთიანსი“)
დედაქალაქურმა კლუბმა პერსპექტიული ბრაზილიელი მცველი იჯარით აიყვანა. 18 წლის ფეხბურთელის იჯარა „რომას“ მხოლოდ 1,5 მილიონი ევრო დაუჯდა. „კორინთიანსისა“ და „რომას“ ხელშეკრულებაში ფეხბურთელის ავტომატური წესით გამოსყიდვის პირობაც ჩაიდო. თუ მარკინოსი „რომას“ რიგებში 8 მატჩში (ან მეტში) 45 წუთზე მეტ ხანს ითამაშებდა, „მგლები“ დამატებით 3 მილიონ ევროს გადაიხდიდნენ და მარკინოსს დაიტოვებდნენ. ფეხბურთელმა იტალიური კლუბის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა და შეთანხმებით გათვალისწინებული მატჩების რაოდენობა ჩემპიონატის პირველივე წრეში ჩაატარა. ამრიგად, „რომამ“ მარკინოსი მხოლოდ 4,5 მილიონ ევროდ ჩაიგდო ხელში, თვითონ კი ფეხბურთელის სანაცვლოდ „პარი სენ-ჟერმენს“ 30 მილიონ ევროზე მეტი გადაახდევინეს.


კარლოს ტევესი („იუვენტუსი“ და „მანჩესტერ სიტი“)
კარლოს ტევესი „იუვენტუსში“ 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და გუნდისთვის სარგებლიანობის მოტანა მაშინვე დაიწყო. ფეხბურთელს, რომელიც კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა, მეორე სუნთქვა გაეხსნა. ინგლისური კლუბის ხელმძღვანელებმა ივარაუდეს, რომ ტევესი „იუვენტუსს“ დიდ წარმატებებს მოუტანს და გადაწყვიტეს კონტრაქტში პუნქტი ჩაეწერათ, რომლის მიხედვითაც, თუ ტევესი „ბიანკონერის“ რიგებში ჩემპიონთა ლიგის თასს მოიგებს, ტურინელები „ქალაქელებს“ დამატებით 4 მილიონ ევროს გადაუხდიან.


ალბერტო აკვილანი („ლივერპული“ და „მილანი“)
ალბერტო აკვილანი „ლივერპულში“ ნისლიანი ალბიონის დასაპყრობად წავიდა, თუმცა მერსისაიდული გუნდის ხელმძღვანელებზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა და იტალიაში იჯარის წესით დააბრუნეს. „ლივერპულის“ ბოსებმა ფეხბურთელის სწრაფადვე მოშორება
გადაწყვიტეს და კონტრაქტში ავტომატურად გამოსყიდვის პუნქტი ჩაწერეს. ამისთვის აკვილანის სერია А-ს იმ სეზონში 25 მატჩი უნდა ჩაეტარებინა. „მილანში“ უკვე იმ დროს იყო ფინანსური კრიზისი და ტრანსფერების განხორციელებისთვისაც არ იყო საკმარისი თანხა. ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე იტალიელებს გაახსენდათ „ლივერპულის“ მიერ ჩაწერილი დამატებითი პუნქტი და აკვილანის სათადარიგოთა სკამზე მიუჩინეს ადგილი, აქაოდა, 25 მატჩი არ მოუგროვდესო.


ანდრეი შევჩენკო („მილანი“)
კარიერის პიკზე მყოფ ანდრეი შევჩენკოს სილვიო ბერლუსკონი შეპირდა, თუ სეზონში 25 გოლს გაიტან, იახტას გაჩუქებო. იმ სეზონში ანდრეის 25 გოლამდე მხოლოდ ერთი ბურთი დააკლდა. ბერლუსკონიმ იფიქრა, საცოდაობა არის ამის უსაჩუქროდ დატოვებაო და უკრაინელ თავდამსხმელს იახტა მაინც აჩუქა.


არუნა კონე („ლევანტე“ და „სევილია“)
ჰოლანდიური „პსვ“-დან „სევილიაში“ გადასულმა არუნა კონემ ესპანური კლუბის ხელმძღვანელობაზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. კონტრაქტის ბოლო წელს კონე იჯარის წესით „ლევანტეში“ გაასხვისეს. არავინ მოელოდა, მაგრამ კონემ გოლის გოლზე გატანა დაიწყო. კომიკური სიტუაცია იმაში მდგომარეობს, რომ ფეხბურთელს „სევილიასთან“ კონტრაქტი ავტომატურად გაუგრძელდებოდა, თუ ის სეზონში 16 გოლზე მეტს გაიტანდა. კოტ დივუარელ ფეხბურთელს „სევილიაში“ დაბრუნება არ სურდა და მომენტებს სპეციალურად აფუჭებდა, დისკვალიფიკაციებსაც განზრახ იღებდა, რათა გოლების ოდენობა 16 ბურთს არ გადასცდენოდა და „სევილიასთან“ ხელშეკრულება ავტომატურად არ გაგრძელებულიყო.


გარეტ ბეილი („ტოტენჰემი“ და „საუთჰემპტონი“)
გარეტ ბეილის „საუთჰემპტონიდან“ „ტოტენჰემ ჰოთსპურში“ ტრანსფერის დროს, მხარეებმა კონტრაქტში შეიტანეს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თუ ლონდონური კლუბი ბეილს გაყიდდა, „წმინდანები“ ტრანსფერის ღირებულების 25 პროცენტს მიიღებდნენ, თუმცა მოგვიანებით „საუთჰემპტონს“ ფინანსურად გაუჭირდა და „ტოტენჰემიდან“ რომელიმე ფეხბურთელის გადმოსვლის სანაცვლოდ, ხელშეკრულებიდან ამ პუნქტის ამოღება გადაწყვიტა. „ტოტენჰემმა“ „საუთჰემპტონს“ მეკარე ტომი ფორკასტი მხოლოდ 50 ათას ფუნტად დაუთმო. 2013 წელს „დეზებმა“ ბეილი მადრიდის „რეალს“ 100 მილიონ ევროდ მიჰყიდეს. საბოლოო ჯამში, ისე გამოვიდა, რომ „საუთჰემპტონს“ 25 მილიონი ფუნტის მიღება შეეძლო, თუმცა ხელში 50-ათასფუნტიანი მეკარე შერჩა.

ბექა დოგრაშვილი