ენდი უოკერი: „საქართველოს ნაკრებს შეუძლია, ჯგუფის საუკეთესო გუნდებს ქულები დააკარგვინოს“

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე D ჯგუფში გერმანიის, ირლანდიის, პოლონეთის, შოტლანდიის, საქართელოსა და გიბრალტარის ნაკრებები ითამაშებენ.

ნიცაში გამართული წილისყრის შედეგები შოტლანდიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა ენდი უოკერმა შეაფასა.

„დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრებს შეუძლია, რომ D ჯგუფის საუკეთესო გუნდებს ქულები დააკარგვინოს. მახსოვს, როდესაც „შეფილდ იუნაიტედში“ ვთამაშობდი, „მანჩესტერ სიტის“ ღირსებას გიორგი ქინქლაძე იცავდა. მას განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ბრიტანულ ფეხბურთს კარგად იცნობს. მართალია, მას ქინქლაძის დონის ფეხბურთელები არ ჰყავს, თუმცა ეს ის ერია, რომელსაც მუდამ ეზრდება შესანიშნავი ტექნიკით დაჯილდოებული მოთამაშეები“, – უოკერის სიტყვები „სქაი სპორტსმა“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

ნევინი: „საქართველოს ნაკრების გოლის გამტანი არ ჰყავს“

როგორც მოგეხსენებათ, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველო D ქვეჯგუფში გერმანიის, ირლანდიის, პოლონეთის, შოტლანდიისა და გიბრალტარის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

შოტლანდიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა პეტ ნევინმა „ბი-ბი-სისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დამდეგი მეტოქეების შესახებ ისაუბრა, საქართველოზე კი ასეთი რამ თქვა:

„საქართველოს ნაკრების შედეგებს თუ შეხედავთ, დაინახავთ, რომ ეს გუნდი ძალიან ცოტას იტანს, თუმცა თამაშის ჩაკეტვა ეხერხება.

მათ ნორმალური შედეგები აქვთ, ხანდახან უმაღლესი დონის გუნდებიც დიდი გაჭირვებით ამარცხებენ. ასე რომ, საქართველოს ნაკრებთან ძალიან რთული მატჩები გველის, განსაკუთრებით სტუმრად.

მიუხედავად ამისა, არა მგონია, რომ ეს გუნდი ისეთივე ძლიერი იყოს, როგორც რამდენიმე წლის წინათ. მათ არ ჰყავთ გოლის გამტანი მოთამაშე“.

ბექა დოგრაშვილი

გურამ კაშიამ ევროჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრის შედეგები შეაფასა

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შედეგები შეაჯამა საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა გურამ კაშიამ.

„ვფიქრობ, გერმანიის ნაკრები აშკარა ფავორიტია, რომელსაც ჯგუფის თითოეულ წევრთან მაქსიმალური ქულის აღება შეუძლია. რაც შეეხება დანარჩენებს, ირლანდიას, შოტლანდიას, პოლონეთსა და ჩვენს ნაკრებს მეორე ადგილისთვის ბრძოლა მოუწევთ. გერმანიის მსგავსად, ჩვენც ვეცდებით, რომ გიბრალტართან ექვსი ქულა ავიღოთ. ამ შემთხვევაში, ყველაფერს გადაწყვეტს ის, თუ რამდენ ქულას აიღებენ გუნდები ურთიერთშეხვედრებში. ძალიან საინტერესო სიტუაციაა. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი ქვეჯგუფი ყველაზე სუსტია, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, იმდენად ძლიერი ჯგუფია, რომ ევრო-2016-ზე გასვლა არ შეგვიძლია-მეთქი“, – კაშიას სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველო D ქვეჯგუფში გერმანიის, ირლანდიის, პოლონეთის, შოტლანდიისა და გიბრალტარის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

ჩვენი ქვეჯგუფის კალენდრის სანახავად გადადით ბმულზე: ევროჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი – ჩვენი ჯგუფის კალენდარი

ბექა დოგრაშვილი

ქეცბაიამ ევროჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრის შედეგები შეაფასა

როგორც მოგეხსენებათ, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველო D ქვეჯგუფში გერმანიის, ირლანდიის, პოლონეთის, შოტლანდიისა და გიბრალტარის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

ნიცაში გამართული წილისყრის შედეგები საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ შეაფასა.

„ფავორიტი არის გერმანიის ნაკრები. შოტლანდია, პოლონეთი და ირლანდია ისეთი გუნდები არიან, რომლებიც ყოველთვის იბრძვიან იმისთვის, რომ ფინალურ ეტაპზე გავიდნენ. ადვილი თამაშები არ იქნება, მაგრამ ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, ვიბრძოლოთ მესამე ადგილისთვის. სასურველი იქნება, რომ პირველი ორი მატჩი თბილისში ჩავატაროთ“, – აღნიშნა ქეცბაიამ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში.

პირველ შეხვედრას „ჯვაროსნები“ 7 სექტემბერს, შინ, ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

ქვეჯგუფის სრული კალენდრის სანახავად გადადით ბმულზე: ევროჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი – ჩვენი ჯგუფის კალენდარი

ბექა დოგრაშვილი

2013 წლის საუკეთესო საფეხბურთო ციტატები

სპორტული პორტალი Fanebi.Com-ი გთავაზობთ 2013 წლის გამორჩეულ საფეხბურთო ციტატებს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი – „პარი სენ-ჟერმენისა“ და შვედეთის ნაკრების თავდამსხმელი:
(იმის შესახებ, თუ რითი დაჯილდოვდებიან შვედი ფეხბურთელები, გამარჯვების შემთხვევაში)
„ჩემი ავტოგრაფიანი ველოსიპედები დაურიგეთ, ეს მათთვის სრულიად საკმარისი იქნება“.

მალკი მაკკეი – „კარდიფის“ ყოფილი თავკაცი:
(„მანჩესტერ სიტისთან“ მატჩამდე)
„არ ვიცი, ყველაზე მეტად რისი მეშინია პელეგრინის კარდიფში ჩამოსვლის დროს. ალბათ, იმის, რომ შეიძლება მან თავისი ავტომობილი ჩემს ადგილას დააყენოს“.

დორივალ ჟუნიორი – „ფლუმინენსეს“ თავკაცი:
„ბრაზილიურ კლუბებსა და მწვრთნელებს შორის ურთიერთობაში ბევრი პროსტიტუციაა“.

ჟოზე მოურინიო – „ჩელსის“ თავკაცი:
„30 წლის ასაკში რონალდოს ვწვრთნიდი. არა ახლანდელს, არამედ ნამდვილს, ბრაზილიელს“.

ჟოზე მოურინიო – „ჩელსის“ თავკაცი:
„მოთამაშე, რომელსაც ვიცნობდი… პროფესიონალი, რომელსაც ვიცნობდი. სად დაკარგა მან ეს ყველაფერი? რა მოუვიდა სამუელ ეტოოს ამ ორწელიწადნახევრის პერიოდში, როცა ის „ანჟიში“ თამაშობდა?“

ჟოზე მოურინიო – „ჩელსის“ თავკაცი:
„სასტარტო შემადგენლობის შედგენისას 11 შეცდომა დავუშვი“.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი – „პარი სენ-ჟერმენისა“ და შვედეთის ნაკრების თავდამსხმელი:
„მოურინიო არის ადამიანი, რომლის გამოც მზად ვარ, სიცოცხლე გავწირო“.

ანტონიო კასანო – „პარმას“ თავდამსხმელი:
„განსხვავება ჩემსა და ბალოტელის შორის მხოლოდ ის არის, რომ მას გაზეთის პირველ გვერდზე გამოჭენება უყვარს. სინამდვილეში მე უარეს საქმეებს ვაკეთებდი: ვარჯიშებიდან გამოვრბოდი, მოედანზე ავტომობილით გავდიოდი. ყველანაირი საზიზღრობა მაქვს ჩადენილი“.

ჯენარო გატუზო – „პალერმოს“ ყოფილი თავკაცი:
„მეშინია თუ არა იმის, რომ „პალერმოს“ პრეზიდენტი მწვრთნელებს მუდმივად ათავისუფლებს? არა! მე მხოლოდ სიკვდილის მეშინია“.

უსეინ ბოლტი – სპრინტერულ სირბილში ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონი:
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ბიჭებს შევახსენებ, რომ მე მათ გუნდში ნებისმიერ პოზიციაზე შემიძლია თამაში“.

ზვიად სიჭინავა – სფფ-ის პრეზიდენტი:
„ქართული ფეხბურთი, ბავშვთა ფეხბურთი არ არის მკვდარი,  არც არასდროს ყოფილა, ცუდადაც კი არ ყოფილა“.

თემურ ქეცბაია – საქართველოს ნაკრების თავკაცი:
„თქვენ გინდათ, რომ იქიდანაც იმასმიქნათ და მერე თქვენ იმას აქედანაც…“

თემურ ქეცბაია – საქართველოს ნაკრების თავკაცი:
„ერთი ფეხბურთელი ვნახე, იმხელა წვერი ჰქონდა მოშვებული, რომ მოჯაჰიდი მეგონა“.

რევაზ ძოძუაშვილი:
„ხიზანიშვილი, ქეცბაია, კაჭარავა და სხვა ფეხბურთელები ნაგინებიც მყავს და ნაფერებიც…
…სპეციალურად ვაგინებდი“.

ბექა დოგრაშვილი

თემურ ქეცბაია „ანორთოსისის“ მატჩს დაესწრო

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია კვიპროსში ყოფილი გუნდის – ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მატჩს დაესწრო.

კვიპროსული მედიის ცნობით, ქეცბაიამ 10 ევროდ ღირებული ჩვეულებრივი ბილეთი იყიდა და შეხვედრას კლუბის ქომაგებთან ერთად მიადევნა თვალყური. მას გვერდს ქალიშვილი და მეუღლე უმშვენედნენ.

„ერმისსა“ და „ანორთოსის“ შორის გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა. შეხვედრაში მონაწილეობა ორმა ქართველმა ფეხბურთელმაც მიიღო: „ერმისის“ რიგებიდან მატჩი სრულად ჩაატარა 36 წლის ნახევარმცველმა ლევან მაღრაძემ. „ანორთოსისის“ მხრიდან 66-ე წუთამდე ითამაშა შოთა გრიგალაშვილმა.

ბექა დოგრაშვილი

კალაძე: „ქეცბაია ნაკრების თავკაცის პოსტზე უნდა დარჩეს“

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი კახა კალაძე თვლის, რომ თემურ ქეცბაია „ჯვაროსანთა“ თავკაცის პოსტზე უნდა დარჩეს. მისი თქმით, მოლაპარაკებების გზით ნაკრებში არსებული უთანხმოების დარეგულირება შესაძლებელია.

„მტკივნეულია ის თემა, რაც ხდება ფეხბურთში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი შეიძლება დაბალანსდეს, დარეგულირდეს. უბრალოდ საჭიროა, რომ დასხდნენ, გაისაუბრონ. თუ ვინმეს რაიმე აქვს სათქმელი ერთმანეთზე, ჯობია, ეს არა ტელევიზიებით და ჟურნალისტების საშუალებით მოხდეს. უბრალოდ დაილაპარაკონ და ყველაფერი გაირკვეს. მრავალი წელი ნაკრების კაპიტანი ვიყავი და ასეთი უთანხმოება არ მომხდარა. თემურ ქეცბაია ნაკრებში უნდა დარჩეს და მუშაობის საშუალება მიეცეს. ისიც გასათვალისწინებელია, თუ რა ქვეჯგუფებში მოვხვდით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ბექა დოგრაშვილი

ქეცბაიას კონტრაქტთან დაკავშირებით სფფ-მ განცხადება გაავრცელა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის – თემურ ქეცბაიასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის არსებული ხელშეკრულების პირობები, უკანასკნელი დღეების განმავლობაში საზოგადოებისა და მედიის განსჯის საგნად იქცა.

ვინაიდან, ხელშეკრულების ვადებმა გარკვეული დაბნეულობა გამოიწვია, საჭიროდ მივიჩნიეთ გავაკეთოთ განმარტება და ყველა დაინტერესებული პირისათვის გასაგები გავხადოთ კონტრაქტის სადაო პუნქტები.

თემურ ქეცბაიას და სფფ-ის მოქმედი ხელშეკრულება 2011 წლის 12 სექტემბრიდან 2015 წლის 12 სექტემბრამდე აკავშირებს. რაც გულისხმობს მწვრთნელის მუშაობის 4 წელს.

რაც შეეხება აქამდე გავრცელებულ ინფორმაციას – ხელშეკრულების 2+2 წლიანი ვარიანტის შესახებ, ის ხელშეკრულების გაფორმების დღიდან განმარტებული იყო არა როგორც ხელშეკრულების პირობა, არამედ, როგორც ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის სამუშაო გეგმა.

აქვე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იურიდიული სამსახური ოფიციალურად განმარტავს: „კონტრაქტის გაფორმების დღიდან  – დღემდე, მასში აღნიშნული ვადები  უცვლელია და არანაირი ახალი კონტრაქტი ან რაიმე სახის შეთანხმება თემურ ქეცბაიასთან არ გაფორმებულა. კონტრაქტი 4 წლიანია და გრძელდება 2015 წლის 12 სექტემბრამდე“.

სფფ-ის პრესსამსახური

ამისულაშვილი საქართელოს ნაკრებიდან მიდის

ალექსანდრე ამისულაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან მიდის. 31 წლის მცველის ამ გადაწყვეტილების მიზეზი თემურ ქეცბაიას სატელევიზიო ინტერვიუ გახდა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში გავიდა.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა „საფეხბურთო მიმოხილვაში“ განაცხადა:

„ამ ოთხი წლის განმავლობაში ვერ შევძელით, ფეხბურთელები დაგვერწმუნებინა, რომ ეს არის მათი ქვეყანა, ეს არის მათი ვალდებულება.
ამისულაშვილმა დამირეკა თამაშამდე 2-3 კვირით ადრე და მითხრა, დავიღალე, უკვე მიჭირს – აქაც-იქაც, გადასხმებს ვიკეთებ, პლუს ამას ემატება ის, რომ ნაკრებში ბიზნესკლასით არ მამგზავრებენ, ფეხებს ვერ ვშლი და დავიტანჯეო.
პირდაპირ ვუთხარი, პირველ რიგში, ჩასაფრებული ჟურნალისტები გამოაცხადებენ, რომ ჩემთან კონფლიქტი გაქვს-მეთქი.
ასეთი ხალხი წავიდეს თავის გზაზე. არავის არ შევეხვეწები, თან არც გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში ვეხვეწოთ.
ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი არ იტყვის, რამ დაგღალა 31 წლის კაცი?! ან რას ვთხოვთ ისეთს ნაკრებში?! ჩამოვიდეს და წელიწადში 3 თუ 4 მატჩი ჩაატაროს“.

ამისულაშვილი ქეცბაიას ამ სიტყვებს გამოეხმაურა:

„ცხოვრებაში არავისთვის არაფერი არ მომითხოვია, რა ბიზნესკლასი?! თუ სადმე წავსულვარ, ყველგან ჩემი ფულით წავსულვარ. 2 საათის განმავლობაში ჩაიხვია ჩემი გვარი, თითქოს ჩემი შეცდომა იყო, რომ ნაკრებმა რაღაც წარმატებას ვერ მიაღწია. მოვა დრო და ყველაფერს ვიტყვი. ნაკრების მწვრთნელი როგორც იქცევა, მგონი, ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვისაც არ იქნება კომფორტული მასთან ერთად მუშაობა“.

შეგახსენებთ, რომ სექტემბრის თვეში საქართველოს ნაკრებში ასპარეზობაზე უარი გამო კიდევ ერთმა გამოცდილმა მოთამაშემ ზურაბ ხიზანიშვილმა განაცხადა. საქმე მაშინაც მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის კონფლიქტთან გვქონდა.

ბექა დოგრაშვილი

ქეცბაია: „ესპანეთთან გამარჯვება გვინდა, თუმცა ფრეც კარგი შედეგი იქნება“

მოგეხსენებათ, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები უკანასკნელ მატჩს 15 ოქტომბერს, ესპანეთში გამართავს. „ჯვაროსანთა“ მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია იმედს გამოთქვამს, რომ ქართველი ფეხბურთელები „ფურია როხას“ ქულას აართმევენ.

„ვფიქრობ, რომ ესპანეთის ამჟამინდელი ნაკრები ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გუნდია. უკანასკნელი ექვსი წლის მანძილზე ესპანელებმა ყველაფერი მოიგეს. ესპანეთის ნაკრები კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დარჩება უძლიერეს გუნდად. გვინდა, რომ სამშაბათს გავიმარჯვოთ, თუმცა ფრეც კარგი შედეგი იქნება. სიტყვებით ვერ აღვწერ იმ განცდას, რაც მსოფლიოს ჩემპიონის დამარცხების შემთხვევაში დაგვეუფლება“, – ქეცბაიას სიტყვები „როიტერმა“ გამოაქვეყნა.

ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის მატჩი ალბასეტეში მდებარე „კარლოს ბელმონტეზე  შედგება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.

ზურაბ ხიზანიშვილი: „ავხსნი, თუ რატომ არ ავედი ავტობუსში“

საქართველოსა და ფინეთის ნაკრებთა შორის გამართული მატჩის (0:1) განაცხადში ზურაბ ხიზანიშვილი შეყვანილი არ იყო, რაზეც „ჯვაროსანთა“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

„ხიზანიშვილი ავტობუსში არ ამოვიდა. ძირითადში არ იყო და ალბათ, ეწყინა და ავტობუსში არ ამოვიდა“.

აღნიშნულ ფაქტზე ზურაბ ხიზანიშვილმა პირველი კომენტარი უკვე გააკეთა. გუნდის გამოცდილი ფეხბურთელი მომხდარ ინციდენტზე ვრცელ განცხადებას, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გაავრცელებს.

„წაგებული მატჩი ჩემზეც გადმოდის. როგორც ბიჭები დარჩნენ გულნატკენი, ასევე ვგრძნობ მეც და ცხელ გულზე კომენტარის გაკეთება არცერთი მხრიდან არ იქნება სასურველი. თურქეთში ჩასვლიდან რამდენიმე დღეში, როცა დავლაგდები და დავწყნარდები, სოციალური ქსელის მეშვეობით გავაკეთებ განცხადებას და ავხსნი, თუ რატომ არ ავედი ავტობუსში“, – აღნიშნა ხიზანიშვილმა.

 

ქეცბაია: „არა მგონია, რომ ჩემი შეცდომის გამო ვერ გავედით მე-3 ადგილზე“

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის I ჯგუფში გამართული ბოლო საშინაო მატჩი საქართველოს ნაკრებმა ფინეთთან ანგარიშით 0:1 დათმო.  მატჩის შემდეგ თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ დღევანდელი შეხვედრის მთავარ მსაჯთან ერთ დროს პრობლემები ჰქონდა.

„სამწუხაროა, რომ თბილისში გამართული ჯგუფის ბოლო მატჩი წავაგეთ. თუ მოგებას არა, წაგებას მაინც არ ვიმსახურებდით. პირველი მატჩის შემდეგ, გუნდი ფიზიკურად მზად არ იყო. ესპანეთში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გამოვასწოროთ“, – ამ სიტყვებით დაიწყო ქეცბაიას პრესკონფერენცია.

– ფიზიკური დაღლილობა ახსენეთ და გარდა ამისა, რა დააკლდა გუნდს სასურველი შედეგისთვის?
– საჭიროა მეტი შემქმნელი ფეხბურთელი. სამწუხაროდ, ეს პრობლემა გვაქვს. თავიანთ კლუბებში ზოგიერთი სკამზე ზის, ზოგიერთი ტრიბუნაზე. უნდა ეცადნონ, რომ ნაკრებში მოხვდნენ. ფეხბურთი არის დინამიკა. ფეხბურთელი თუ არ ირბენს, თუ არ გაეკიდება, თუ არ იმოძრავებს, რთულია მისთვის ნაკრებში თამაში.

– ჯანო ანანიძის ფიზიკურ მომზადებაზე გკითხავთ. თითქოს წინა შეხვედრაში არ იყო ფიზიკურად მზად, ვერ ვიტყოდი, რომ დღევანდელ მატჩში იყო დამაკმაყოფილებელი. ჯანოზე ცუდის თქმა არ მინდა, მაგრამ მასზე უკეთესი ფეხბურთელი, რომელიც თავდამსხმელამდე ბურთს მიიტანს, ფაქტობრივად არ გვყავს?
– გეთანხმები. ასეთი ფეხბურთელები არიან ანანიძე, ოქრიაშვილი, თარგამაძე. ორი თამაში ვითამაშეთ და მე არ მახსოვს, რომ სახიფათო მომენტი შეგვექმნა. ცუდია, როცა მათგან ელოდები და შედეგს ვერ იღებ.

– როგორ ფიქრობთ, არბიტრმა გაგვწირა, თუ რეალური პენალტი დანიშნა?
– სწორედ ეს მსაჯი სჯიდა ზუსტად ორი წლის წინათ ლატვიასთან გამართულ შეხვედრას. სიმართლე რომ გითხრათ, დიდი შიში მქონდა. ვაპირებდი, რომ მეთქვა… ამ მსაჯთან პრობლემები გვქონდა, როდესაც კვიპროსში ვთამაშობდი. ამ არბიტრმა თამაში ჩაგვიშალა, არადა ჩემპიონობიოსთვის ვიბრძოდით. ის შეხვედრა წაგებად ჩაგვითვალეს. იმასაც ვფიქრობდით, რომ უეფას მსაჯის შეცვლის მოთხოვნით მიგვემართა. იქ ვცხოვრობ, ამდენი გამიკეთებია იმ ქვეყნისთვის და ალბათ, ვიყავი იმის ღირსი, რომ 50-50-ზე ემსაჯა. ასეთ პენალტს არავინ დადებს.

– რამდენად ლოგიკურია ფინური და ქართული ფეხბურთის გათვალისწინებით, რომ ფინეთის ნაკრები ჯგუფის მე-3 ადგილს იკავებს, საქართველოს კი – მე-4-ს? სხვაობა რაოდენ დიდია?
– ეროვნული ჩემპიონატის მიხედვით,  მე-100 ადგილის იქით ვიქნებით. მგონი, იმათ ფინეთის ჩემპიონატიდან არც ჰყავთ ფეხბურთელი. ჩვენ მიჩვეულნი ვართ იმ კარგ ფეხბურთს, რომელსაც 30 წლის წინათ ვთამაშობდით. ოთხი წელია ვიძახი, რომ რაღაც უნდა გაკეთდეს. ფეხბურთელთა ეს პლეადა არის, მაგრამ ვიღაცამ ეს ხომ უნდა შეცვალოს?! ის ბიჭები წავიდნენ, რომლებიც თამაშობდნენ „იტალიებში“, „გერმანიებში“, „ინგლისებში“, „ჰოლანდიებში“, შოტლანდიაში. ისინი ვიღაცამ ხომ უნდა შეცვალოს?! კლუბი სხვა რამაა. აქ შეიძლება ვიღაც დაიმატო, ვიღაც ჩამოიყვანო, ერთ ფეხბურთელს მეორე შეუწყვილო. ჩვენ გავიზარდეთ ისეთი ფეხბურთელების გვერდით, რომლებიც მსოფლიო დონეზე თამაშობდნენ. ჩვენს შემდეგ კიდევ სხვები მოვიდნენ. ისინი წავიდნენ და იმის მერე აღარავინ მოსულა.  ეს არის ჩვენი პრობლემა. ჩვენ თუ ამას დროულად არ მივხედავთ, ძალიან ძნელი იქნება მომავალში. ქვეყანაც არ არის ფინეთის მსგავს სიტუაციაში. სად ფინეთის ცხოვრების დონე და სად ჩვენი?! ჩვენ ქართველები ვართ და გვგონია, რომ ყველაზე უკეთესები ვართ, მაგრამ ასე არ არის. ხალხი მილიონებს და მილიარდებს დებს და ისინი ვერ აღწევენ შედეგს და ჩვენ არაფერს ვდებთ და როგორ გვინდა, რომ ფეხბურთი განვითარდეს?!

– მიზანი იყო მე-3 ადგილის დაკავება, რაც ვერ მოვახერხეთ. როგორ ფიქრობთ, რა იყო მთავრი მწვრთნელის შეცდომა და ფეხბურთელების მთავარი შეცდომა?
– გეგმა იყო ის, რომ ეს ორი წელი გამოგვეყენებინა მოსამზადებლად, ახალგაზრდებისთვის შანსი მიგვეცა, რადგან ვიცოდით, რომ ამ ჯგუფში გასვლა ძალიან ძნელი იქნებოდა. დავისახეთ მე-3 ადგილი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე-3 ადგილს ავიღებდით. არც იმას ნიშნავს, რომ ფინეთზე უკეთესი გუნდი ვიყავით. რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, თუმცა მთავარი გეგმა იყო მომზადება, ბიჭებისთვის შანსის მიცემა, რათა ეს ორი წელიწადი გამოგვეყენებინა იმისათვის, რომ ევროპის მომდევნო ჩემპიონატისთვის მოვმზადებულიყავით. მომდევნო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე  მე-3 ადგილი უკვე მნიშვნელოვანი იქნება, რადგან პლეი-ოფს ითამაშებს. შეიძლება მეც დავუშვი შეცდომები, მაგრამ არა მგონია, რომ ჩემი შეცდომების გამო ვერ გავედით პირველ ან მეორე ან მესამე ადგილზე. ყველა ცდება. როცა ჩვენ ჩავიბარეთ გუნდი, მე-6 ადგილზე იყო. ერთი ციკლის შემდეგ ჩვენ მე-5 ადგილზე დავასრულეთ, ახლა მე-4 ადგილზე. რაღაც წინსვლა არის, ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივდივართ. იმედია, მომდევნო შესარჩევ ეტაპზე მე-3 ადგილზე გავალთ და ჩვენ საქმესაც გავაკეთებთ.

– დღევანდელი შედეგი გამოიწვია ტაქტიკურმა პრობლემამ, თუ ფსიქოლოგიურმა წნეხმა, რადგან როდესაც აუცილებლად მოსაგები გაქვს, ფსიქოლოგიურად უფრო რთულია…
– რა თქმა უნდა, ფიზიკური მომზადება ყოველთვის მნიშვნელოვანია. სულ სხვა არის თამაში საფრანგეთთან და სულ სხვა არის თამაში ფინეთთან. ფინეთთან მეტი შეტევა გინდა. 0:0-ზე კარგი მომენტები გვქონდა. შეიძლება გაგვეტანა და ჩვენ მოგვეგო, მაგრამ ვერ გავიტანეთ და მეტოქემ გაიტანა. ფეხბურთელებმა მეტი უნდა მოინდომონ.

– ჩვენ ადგილას რომ იყოთ, რა კითხვა დაგებადებოდათ?
– უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ფეხბურთი ამ ქვეყანაში აღორძინდეს. თუ რაღაცის იმედი არ გვაქვს, დავიხუროთ ქუდი და წავიდეთ?! დავანებოთ ყველაფერს თავი?! საიდანღაც ხომ უნდა დავიწყოთ?! გუნდების ხელმძღვანელებს ვუთხარი, რომ ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შანსი მივცეთ, თუმცა მხარი არ დამიჭირეს. თვითონ გუნდებს არ უნდათ, რომ ათამაშონ ეს ფეხბურთელები. მოთამაშე, რომელიც ეროვნულ ჩემპიონატში არ თამაშობს, ის სადღაც როგორ უნდა წავიდეს?!

– ხიზანიშვილი რატომ არ მოვიდა: ტრავმა აქვს თუ თქვენი გადაწყვეტილება იყო?
– ხიზანიშვილი ავტობუსში არ ამოვიდა. ძირითადში არ იყო და ალბათ, ეწყინა და ავტობუსში არ ამოვიდა.

ჟურნალისტთა ნაწილმა ქეცბაია პრესკონფერენციიდან ტაშით გააცილა.

ბექა დოგრაშვილი