მარადონა: „არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონი გახდება“

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო არმანდო მარადონას აზრით, მისი ქვეყნის ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდება.

„ჩვენ 1986 წლის შედეგს გავიმეორებთ და ჩემპიონატს მოვიგებთ. ბრაზილია უნდა დავამარცხოთ, რომლის ნაკრები უბრალოდ საშინელია. გერმანიასა და ჰოლანდიას კარგი გუნდი ჰყავს, ესპანეთის თამაში კი უკვე მოსაბეზრებელი გახდა. დელ ბოსკეს გუნდი ბურთს აკონტროლებს, თუმცა თამაშს ვერ ამწვავებს“, – განაცხადა მარადონამ.

ალექსანდრე მატევოსოვი

კასილასმა მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრის პროცედურა დაიწუნა

ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა იკერ კასილასმა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრის შედეგები შეაჯამა და თქვა, რომ „ფურია როხა“ საკმაოდ რთულ ჯგუფში მოხვდა. შეგახსენებთ, რომ ესპანელები B ჯგუფში ჰოლანდიის, ჩილეს და ავსტრალიის ნაკრებებთან ერთად ითამაშებენ. კასილასმა არც თავად წილისყრის პროცედურა მოიწონა.

„ხანდახან რთულია იმის გაგება, თუ როგორ ტარდება წილისყრა. ეს განსაკუთრებით კოეფიციენტებს ეხება. მეტოქეებს ჩვენ არ ვირჩევთ. ერთადერთი რამ, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია, ეს თამაში და მოგების იმედია.

არ ვეთანხმები წილისყრის ამგვარ პროცედურას. საკმაოდ რთულ ჯგუფში მოვხვდით: ჰოლანდიის ნაკრები, რომელმაც შესანიშნავად განვლო შესარჩევი ეტაპი, ჩილეს ნაკრები, რომელთანაც ბოლო სამი წელიწადია, ცუდად ვთამაშობთ.

ოთხი წლის წინათ, სამხრეთ აფრიკის მსოფლიოს ჩემპიონატზე, შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ პირველ მატჩში დავმარცხდით, თუმცა შემდეგ ისეთ გუნდებს მოვუგეთ, როგორებიც გერმანია და იტალია გახლავთ.

ასე რომ, ტურნირი რაც შეიძლება კარგად უნდა დავიწყოთ, რათა სამი ქულა ავიღოთ. ვიცი, რომ ხალხი ესპანეთის ნაკრებს ფავორიტად თვლის, რადგან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყველაფერი მოვიგეთ.

თუმცა, ისიც მესმის, რომ ჩვენი მეტოქეები ჩვენს წინააღმდეგ 100 პროცენტით თამაშობენ. ყველას სურს ჩემპიონობა.

ბრაზილიაში იმისთვის მივდივართ, რომ სამხრეთ აფრიკაში მოგებული ტიტული დავიცვათ. ვეცდებით, ხალხმა ჩვენით ისევ იამაყოს. გპირდებით, რომ ამისთვის დიდ ძალისხმევას გავიღებთ და სასურველი შედეგის მიღწევის იმედიც გვაქვს“, – კასილასის სიტყვები Football Espana-მ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

დელ ბოსკე: „ჰოლანდიასთან სერიოზული ბრძოლა გველის“

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის შდეგების თაობაზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ „ფურია როხას“ ჯგუში ჰოლანდიის, ჩილესა და ავსტრალიის ნაკრებები მოხვდნენ.
„ჯერ კიდევ კენჭისყრამდე, ვამბობდი, რომ ჰოლანდიის ნაკრებთან ერთ ჯგუფში მოვხვდებოდით. ყველაფერი ასეც მოხდა. ბოლო დროს ეს ნაკრები ცოტა შეიცვალა. თუმცა, მას რობენი, ვან პერსი, ვან დერ ვაარტი და სნეიდერი კვლავ ეყოლება. ასე რომ, წინ ურთულესი მატჩი გველის“, – განაცხადა ფეხბურთის ესპანელმა სპეციალისტმა.
ალექსანდრე მატევოსოვი

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის კალენდარი

გუშინ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა მოეწყო. 32 გუნდი 8 ქვეჯგუფში გადანაწილდა. შესაბამისად, უკვე ცნობილია ტურნირზე გასამართი მატჩების დრო და ადგილმდებარეობა.

Fanebi.Com-ი გთავაზობთ 2014 წლის მუნდიალის სრულ კალენდარს.

იხილეთ: 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის კალენდარი

ბექა დოგრაშვილი

რუნი: „პირადად მე არაფრის არ მეშინია“

ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა უეინ რუნიმ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრის შედეგები შეაფასა. ინგლისელი ფეხბურთელის თქმით, გუნდი უმაღლესი პოზიციებისთვის იბრძოლებს.

„საშინელი არაფერი მომხდარა. მსოფლიოს ჩემპიონატზე პლანეტის საუკეთესო ნაკრებები თამაშობენ. აქედან გამომდინარე, თუ გინდა, რომ ტიტულისთვის იბრძოლო, ძლიერ მეტოქეებთან შესახვედრად მზად უნდა იყო. პირადად მე მოუთმენლად ველი მუნდიალს და არაფრის არ მეშინია“, – განაცხადა რუნიმ.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები D ჯგუფში ურუგვაის, კოსტა რიკისა და იტალიის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.

ბექა დოგრაშვილი

2014 წლის მუნდიალი – როგორ გადანაწილდნენ გუნდები წილისყრის რეპეტიციის დროს

ფიფამ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრის რეპეტიცია ჩაატარა. ღონისძიებაში წარსულში ცნობილმა ფეხბურთელებმა მიიღეს მონაწილეობა: კაფუ, ზინედინ ზიდანი, ფაბიო კანავარო.

წილისყრის რეპეტიციის დროს გუნდები ჯგუფებში ასე გადანაწილდნენ:

A ჯგუფი: ბრაზილია, საფრანგეთი, ავსტრალია, იტალია;
B ჯგუფი: ურუგვაი, ნიგერია, აშშ, ხორვატია;
C ჯგუფი: არგენტინა, განა, კოსტა რიკა, რუსეთი;
D ჯგუფი: შვეიცარია, ჩილე, იაპონია, საბერძნეთი;
E ჯგუფი: ესპანეთი, კოტ დივუარი, სამხრეთ კორეა, ინგლისი;
F ჯგუფი: კოლუმბია, კამერუნი, ჰონდურასი, ჰოლანდია;
G ჯგუფი: გერმანია, ეკვადორი, ირანი, პორტუგალია;
H ჯგუფი: ბელგია, ალჟირი, მექსიკა, ბოსნია/ჰერცეგოვინა.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მუნდიალის წილისყრა 6 დეკემბერს შედგება.

ბექა დოგრაშვილი

2014 წლის მუნდიალის სტადიონზე ტრაგედია მოხდა

რამდენიმე წუთის წინ უბედური შემთხვევა მოხდა ბრაზილიაში. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი სტადიონის კონსტრუქცია ჩამოინგრა, რამაც სამი მუშის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, „კორინთიანსის“ არენის ნაწილის ჩამონგრევის მიზეზი ამწეს მწყობრიდან გამოსვლა გახდა. სტადიონის ნაწილი იმ დროს ჩამოინგრა, როდესაც მასზე ლითონის კონსტრუქცია იდგმებოდა.

არენა მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა ჩაბარებულიყო. არენაზე სამუშაოთა 94 პროცენტი უკვე დასრულებული იყო.

„კორინთიანსმა“ ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება უკვე გაავრცელა:

„სპორტულ კლუბ „კორინთიანსის“ საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო“.

ამ დროისთვის სხვა დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

ბექა დოგრაშვილი

იბრაჰიმოვიჩის დუბლს რონალდუმ ჰეთთრიკით უპასუხა

დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის რაუნდის ყველაზე საინტერესო მატჩი.

პორტუგალიაში მინიმალური ანაგრიშით მარცხის შემდეგ შვედეთის ნაკრებს მუნდიალზე გასვლის შანსები მაინც ჰქონდა. ამის მიუხედავად, პირველი ტაიმი უფრო აქტიურად პორტუგალიელებმა ჩაატარეს, რამდენიმე მომენტის შექმნა მასპინძლებმაც შეძლეს, თუმცა პირველ 45 წუთში გოლები არც ერთი და არც მეორე გუნდის კარში გასულა.

მეორე ნახევრის მე-5 წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ ანგარიშის გახსნა მოახერხა. ერთი შეხედვით, ჩანდა, რომ შვედებმა სასურველი შედეგის მიღწევის შანსები დაკარგეს, რადგან მუნდიალის საგზურის მოსაპოვებლად, მათ სამი გოლი უნდა გაეტანათ, თანაც, საკუთარ კარში ბურთი აღარ უნდა გაეშვათ. იმედები სტადიონზე შეკრებილ ადგილობრივ გულშემატკვირებს ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 4-წუთიან მონაკვეთში დაუბრუნა. პსჟ-ს ფორვარდმა 68-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა, ხოლო 72-ე წუთზე დუბლიც შეასრულა. მასპინძელთათვის სამწუხაროდ, კიდევ ორი გოლის გატანა კრიშტიანუ რონალდუს არ გასჭირვებია, რომელმაც ისაკსონის კარი 77-ე და 79-ე წუთებზე აიღო, რითაც, სხვათაშორის, ზლატანის აპლოდისმენტებიც კი დაიმსახურა.

საბოლოოდ, ორი მატჩის ჯამში გამარჯვება პაულუ ბენტუს გუნდმა იზეიმა, რომელიც ბრაზილიაში ჩასატარებელ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა.

შვედეთი – პორტუგალია 2:3

გოლები: იბრაჰიმოვიჩი 68′, 72′ – რონალდუ 50′, 77′, 79′

შვედეთი: ისაკსონი, ლუსტიგი, ანტონსონი, ნილსონი, მარტინ ოლსონი, კაჩანიკლიჩი (დურმაზი 82′), ჩელსტრემი, ელმი (სვენსონი 46′), ლარსონი (გერნდტი 90′), ელმანდერი, იბრაჰიმოვიჩი

პორტუგალია: რუი პატრისიუ; ჟოაუ პერეირა, პეპე, ალვეშ, კოენტრაუ (ანტუნიეში 53′); მოუტინიო, ველოზუ, მეირელეში (ვილიამ კარვალიო 74′); რონალდუ, ალმეიდა (რიკარდო კოშტა 82′), ნანი

გაფრთხილებები: ოლსონი, სვენსონი, ჩელსტრემი, ანტონსონი – ნანი

ალექსანდრე მატევოსოვი

სკოლარი: „ტოტი რომ ბრაზილიელი იყოს, ჩემს ნაკრებში თამაშის დიდი შანსი ექნებოდა“

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუიშ ფელიპე სკოლარი გამოტყდა, რომ მის გუნდში ისეთი ფეხბურთელების ხილვას ისურვებდა, როგორებიც არიან ანდრეა პირლო და ფრანჩესკო ტოტი. ფეხბურთის ბრაზილიელი სპეციალისტის თქმით, იტალიის ნაკრები 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია.

„ტოტი ძალიან მომწონს. ის კარგად თამაშობს, ფლობს განსაკუთრებულ უნარებს და არის საკუთარი გუნდის ერთგული. ის რომ ბრაზილიელი იყოს, ჩვენს ამჟამინდელ ნაკრებში მოხვედრის დიდი შანსი ექნებოდა, თუმცა მას უკვე გაუმართლა, რადგან ეკუთვნის შესანიშნავ საფეხბურთო ერს. ის, ვინც იტალიის ნაკრებში ხვდება, ბრაზილიის ნაკრებში თამაშსაც უპრობლემოდ შეძლებს.

პირლოც უნდა აღვნიშნო. ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც რაიმეთი სხვებზე მაღლა დგანან. პირლო ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც საკუთარი თავი მთელი ეპოქის სახით წარმოგვიდგინა. ის თამაშის მაღალი კულტურით გამოირჩევა, კარგად ფლობს ბურთს და შეუძლია მოედანზე სწორი პოზიციის შერჩევა. ის ნებისმიერი ლიგის ნებისმიერ გუნდში თამაშს შეძლებდა.

ვთვლი, რომ იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. მომწონს, როგორ მუშაობს ჩეზარე პრანდელი იტალიის ნაკრების თავკაცის პოსტზე. მან საოცარი მუშაობა გასწია და განაახლა გუნდი როგორც ტაქტიკურად, ასევე – ფსიქოლოგიურად“, – სკოლარის სიტყვები „კორიერე დელო სპორტმა“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

რონალდომ 2014 წლის მუნდიალზე თავისი ფავორიტები დაასახელა

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტებად ბრაზილიის, გერმანიისა და ესპანეთის ნაკრებებს თვლის.

„ესპანეთი და გერმანია ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტები არიან, თუმცა ბრაზილიის ნაკრებმაც წარმოაჩინა თავისი ძლიერი მხარე, თანაც ისინი სახლში ითამაშებენ. ფავორიტებად ბრაზილიის, გერმანიისა და ესპანეთის ნაკრებებს დავასახელებდი“, – ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს ფიფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

რონალდოს კომენტარის გაკეთება მიროსლავ კლოზეს შესახებაც სთხოვეს, რომელსაც ბრაზილიელის რეკორდის დამხობის შანსი აქვს. მოგეხსენებათ, გერმანელ თავდამსხმელს მუნდიალებზე 14 გოლი აქვს გატანილი, რაც ერთი გოლით ნაკლებია რონალდოს მონაგარზე.

„ამის შესახებ ბევრი საუბრობს. ვფიქრობ, რეკორდები იმისთვის არსებობს, რომ ის დაამხო. ეს მე არ მაწუხებს. ერთ დღესაც ვიღაც ჩემს რეკორდს დაამხობს. სახელი იმით გავითქვი, რომ ბევრი გოლი გავიტანე და ეს დავიწყებას არ მიეცემა. ჩემი პირადი ისტორია და მსოფლიოს ჩემპიონატებზე გატანილი 15 გოლი არასდროს წაიშლება. თუ ის ჩემზე მეტ გოლს გაიტანს, მივულოცავ და ვაღიარებ, თუმცა ჩემს მიერ გატანილ გოლებს ისტორიიდან ვერ ამოშლის“, – განაცხადა რონალდომ.

ბექა დოგრაშვილი

ჯერარდი: „პოლონეთის დამარცხება გვსურს“

ინგლისის ნაკრების კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა განაცხადა, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩის წინ მისი გუნდი ძალიან გამოტივირებულია.

„ჩვენი შანსის გამოყენება გვსურს. პოლონეთის ნაკრების დამარცხების სურვილი გვაქვს. პლეი-ოფის თავიდან აცილება სჯობს, ასე რომ, მუნდიალის საგზურის მოპოვება ახლა არის საჭირო. ჯგუფში პირველი ადგილი უნდა დავიკავოთ. ბრაზილიაში ჩასატარებელი ტურნირი – ნამდვილი კარნავალია, ამიტომ მასში მონაწილეობის მიღება ყველა ფეხბურთელსა და ქომაგს უნდა. შესაბამისად, ამ თამაშის მოგება და დასახული მიზნის მიღწევა – უმნიშვნელოვანესია“, – განაცხადა ჯერარდმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

დელ ბოსკე: „მუნდიალზე ჯერ არ გავსულვართ“

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთვნელი ვისენტე დელ ბოსკე აცხადებს, რომ საქართველოსთან ჩასატარებელ მატჩს მისი ფეხბურთელები სერიოზულობით უნდა მიუდგნენ.

„მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებას ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებით ვგეგმავთ, ყველაფერი ჩვენს ხელშია. მიმდინარე ციკლისას, ორი არც ისე სასიამოვნო მატჩი გავმართეთ. ფინეთთან და საფრანგეთთან შემდგარ შეხვედრებს ვგულისხმობ. ყველაფრის მიხუედავად, საზოგადოება ამბობს, რომ ესპანეთის ნაკრებს მუნდიალის საგზური უკვე ჯიბეში აქვს. მართალია, საქართველოს ინგლისისა და იტალიის დონის ნაკრები არ ჰყავს, თუმცა დაწყებული საქმე ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მივიყვანოთ. დამშვიდებული ჯერ არ ვარ, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს“, – განაცხადა „ფურია როხას“ თავკაცმა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის მატჩი სამშაბათს, 15 ოქტომბერს თბილისის დროით 22 საათსა და 50 წუთზე დაიწყება.

 ალექსანდრე მატევოსოვი