“სარბიელის” საიუბილეო ნომერი გამოიცა

დღეს, 11-წლიანი პაუზის შემდეგ გაზეთ “სარბიელის” საიუბილეო ნომერი გამოიცა. ზუსტად 30 წლის წინ, 1990 წლის 28 დეკემბერს აღნიშნული გამოცემის პირველი ნომერი დაიბეჭდა. მას შემდეგ წლების განმავლობაში “სარბიელი” მკითხველს უამრავ საინტერესო მასალას აწვდიდა და რაც მთავარია, ეს არ იყო გაზეთის ფურცლებზე სტანდარტული სიტყვებით მშრალი ინფორმაციის გადმოცემა. “სარბიელის” ჟურნალისტებმა სპეციფიკური წერის მანერით შეძლეს ის, რომ გაზეთს საკუთარი სტილი ჩამოუყალიბდა, რისი წყალობითაც მისი გამორჩევა სხვა უამრავ გამოცემას შორის იყო შესაძლებელი. ყველაზე მთავარი კი საქმისადმი პასუხისმგებლობა და ის გულწრფელობა გახლდათ, რომლისთვისაც ამ გაზეთის ავტორებს ყველაზე კრიტიკულ პერიოდებშიც არ უღალატიათ, საქებს აქებდნენ, საკრიტიკებელს აკრიტიკებდნენ. მკითხველმაც მალე შეიყვარა “სარბიელი” და ყოველდღიურობის ნაწილად აქცია.

დღევანდელი საიუბილეო-საკოლექციო ნომერიც ტრადიციულ სტილშია გადაწყვეტილი, ისევ იმ ხალხის მიერაა შედგენილი, ისევ იმ ენით, ისევ ისე საინტერესოდ, ისევ იმ ფასად, განსხვავება კი ისაა, რომ გამოცემა 32-გვერდიანია.

ვულოცავთ “სარბიელს” 30 წლის იუბილეს!

ომი და მშვიდობა იტალიურ ფეხბურთში: ულტრასები და დაძმობილებული გუნდები

ულტრასული დაჯგუფება სპორტული გუნდის მხარდასაჭერად შექმნილ ქომაგთა ორგანიზებულ ჯგუფს ნიშნავს. მას საფუძველი 50-იანი წლების დასაწყისში ჩაეყარა და განვითარების პიკს 80-იან წლებში მიაღწია, როდესაც თითქმის ყველა საფეხბურთო კლუბს ჰყავდა ულტრასდაჯგუფება. ულტრასების ხსენებისას ხშირად ასოცირება ინგლისელ ხულიგნებთან ხდება, თუმცა ეს სტერეოტიპული წარმოდგენაა. მიუხედავად ამისა, ვერ უარვყოფთ იმ ფაქტს, რომ ულტრასდაჯგუფებებს შორის ძალადობა ხშირია, თუმცა ეს მათი არსებობის შედეგი უფრო არის, ვიდრე მიზანი.ულტრასები ძირითადად სტადიონის ქვედა იარუსზე, კარის მახლობელ სექტორებზე თავსდებიან და იქიდან ქომაგობენ თავიანთ გუნდს სხვადასხვა შეძახილებითა თუ სიმღერებით, ხშირად თვალსასეირო პერფორმანსებსაც დგამენ. ულტრასსამყაროში პოლიტიკაც ღრმად არის ფესვგადგმული. დაჯგუფებები ძირითადად მკვეთრად მემარცხენე ან მემარჯვენე მიმართულების პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებლები არიან და ხშირად ეს განსაზღვრავს სხვადასხვა გუნდების ფანკლუბების ერთმანეთთან დაახლოებას. ამასთან, მხოლოდ პოლიტიკა არ არის ორი ულტრასდაჯგუფების ერთმანეთთან დაძმობილების მიზეზი.

“ლაციო” და “ინტერი”
იტალიაში სხვადასხვა კლუბთა ულტრასდაჯგუფებებს შორის მეგობრობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითია რომის “ლაციოსა” და მილანის “ინტერის” ფანთა შემთხვევა. “ლაციოს” ულტრასები ცნობილნი არიან თავიანთი მკვეთრად მემარჯვენე შეხედულებებით, მათთვის არც სვასტიკის დემონსტრირებაა უცხო. ამ გარემოების გამო ისინი “ინტერის” ულტრასებს დაუძმობილდნენ. მართალია, “ნერაძურის” ფანდაჯგუფება ასეთივე ექსტრემალური შეხედულებებით ცნობილი არ არის, თუმცა მათ გარკვეული კავშირი აქვს იტალიის სხვადასხვა მემარჯვენე ჯგუფებთან, მათ შორის “შავ გულთან”.

აღნიშნული გუნდების ულტრასები ხშირად კიდებენ ტრიბუნებზე ერთმანეთის მიმართ პატივსაცემ ბანერებს. პოსტერი წარწერით “Da sempre fieri del nostro gemellaggio alla nord di Milano rendiamo omaggio” (“ვამაყობთ და პატივს ვცემთ ჩვენს დაძმობილებას მილანის ჩრდილოეთთან”) ამის ერთ-ერთი მაგალითია.

ამ ორ კლუბს შორის კავშირი კარგად გამოჩნდა 2010 წელს გაჩაღებულ სკუდეტოსთვის ბრძოლაში. გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე “ლაციო” “ინტერს” მასპინძლობდა, რომელსაც საჩემპიონო რბოლაში მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს. ტიტულისთვის ბრძოლაში მილანელთა უშუალო კონკურენტი “ლაციოს” თანაქალაქელი და პრინციპული მეტოქე “რომა” იყო, რომელიც ლიდერ “ინტერს” მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებოდა. ის შეხვედრა “ლაციომ” თითქმის უბრძოლველად, ანგარიშით 0:2 დათმო და ორ კვირაში “ინტერმა” ისტორიაში მე-18 სკუდეტოს მოგება იზეიმა.

“მილანი” და “ბრეშა”
იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ძმობა “მილანსა” და “ბრეშას” აკავშირებთ. მათი დამეგობრება პოლიტიკურმა შეხედულებებმა განაპირობა და მიუხედავად იმისა, რომ “მილანის” ულტრასდაჯგუფებაში იდეოლოგია შეიცვალა, ამ კლუბების ფანებს შორის ძმობა გრძელდება. ისინი ხშირად სტუმრობენ ერთმანეთის სტადიონებს დაძმობილებული გუნდის გასამხნევებლად. აღსანიშნავია, რომ “ბრეშასთან” დამეგობრებამ “მილანს” ურთიერთობა გაუფუჭა ბერგამოს “ატალანტასთან”.

“ატალანტა” და “ტერნანა”
თავის მხრივ, “ატალანტას” ულტრასდაჯგუფება ნაკლებად ცნობილია. პოლიტიკური იდეოლოგიის თვალსაზრისით ისინი მემარცხენეები არიან და ეს გახდა მათი საფეხბურთო კლუბ “ტერნანას” ფანებთან დაძმობილების მიზეზი. ასე რომ, თუ “ატალანტას” ქომაგთა შორის “ტერნანას” წითელ-მწვანე ფორმასაც მოკრავთ თვალს, არ გაგიკვირდეთ.

“ფიორენტინა” და “ვერონა”
განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგია არ არის ფანკლუბების დაძმობილებისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი, თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათია. “ფიორენტინას” ულტრასები მემარცხენეები არიან, ხოლო “ვერონასი” – მემარჯვენეები. ამ განსხვავების მიუხედავად, მათ ერთმანეთთან საკმაოდ მყარი ურთიერთობა აკავშირებთ.

“ფიორენტინა” და “ტორინო”
ორი სხვადასხვა კლუბის ულტრასები შესაძლოა, საერთო მოძულე გუნდმა გააერთიანოს. მაგალითად, “ტორინოსა” და “ფიორენტინას” ფანები ერთმანეთთან “იუვენტუსის” სიძულვილმა დაამეგობრა. ამ გუნდების ულტრასები სტადიონზე ერთმანეთს თბილი შინაარსის ბანერებით ესალმებიან: “Il popolo Fiorentino saluta la vera Torino” (“ფლორენციელი ხალხი მიესალმება ნამდვილ ტურინს”).

მარტოხელა “იუვენტუსი”
“იუვენტუსი” იტალიაში გარკვეულწილად მარტოხელა კლუბია. “ბებერი სინიორას” ულტრასებს სხვა გუნდის ფანებთან ალიანსი არ შეუქმნიათ და ამას მრავალი მიზეზი აქვს, რომელთაგან ორია გამოსაყოფი: “იუვენტუსი” იტალიის მასშტაბით ყველაზე წარმატებული გუნდია და ეს სხვა გუნდის ფანებისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორია, ხოლო მეორე მიზეზად “კალჩოპოლის” სკანდალი უნდა მივიჩნიოთ. მართალია, “იუვენტუსმა” ძველი დიდება მალევე დაიბრუნა, თუმცა ტიტულების მოგებაზე რთული გატეხილი სახელის აღდგენა აღმოჩნდა. “იუვეს” ულტრასები მეგობრებს იტალიის გარეთ ეძებენ და ყველაზე მყარი კავშირი ნიდერლანდურ “დენ ჰააგის” ფანებთან აქვთ.

“პარმა” და “სამპდორია”
იტალიურ ფეხბურთში ერთმანეთთან დაძმობილების შედარებით ნაკლებად ცნობილი შემთხვევებია “პარმასა” და “სამპდორიას” ფანებისა და “ნაპოლისა” და “ჯენოას” ულტრასების მეგობრობა. “პარმასა” და “სამპდორიას” ფანების ძმობა ოც წელზე მეტს ითვლის. 2009 წლის კოპა იტალიის ფინალურ მატჩში გენუელთა საქომაგოდ “პარმას” ფანები რომში საგანგებოდ ჩავიდნენ კიდეც.

“ნაპოლი” და “ჯენოა”
“ნაპოლისა” და “ჯენოას” დამეგობრებას საფუძველი 1982 წელს ჩაეყარა. იმ სეზონის ბოლო ტურში გენუელებს სერია A-ში დასარჩენად კინკილა ქულა ჰყოფნიდათ, თუმცა “სან პაოლოზე” 0:1 მარცხდებოდნენ. საბოლოო ჯამში, ის შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა, “ჯენოამ” გადასარჩენად საჭირო ქულა მოიპოვა და სერია B-ში მის ნაცვლად “მილანი” დაქვეითდა. ამ ისტორიულმა მოვლენამ “ჯენოას” ულტრასების “ნაპოლის” ფანებთან დამეგობრება განაპირობა.

დარღვეული ძმობა
ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც ძლიერი და ერთი შეხედვით დაუშლელი ძმობა დარღვეულა. “ინტერისა” და “ვერონას” ულტრასთა მეგობრობა 80-იან წლებში დაიწყო და 2001 წლამდე გაგრძელდა. შემდეგ “ვერონას” ულტრასდაჯგუფების სათავეში ახალი ხალხი მოვიდა და “ინტერთან” “მეგობრობის ხელშეკრულებაც” გაუქმდა.

სხვადასხვა კლუბების ულტრასების ერთმანეთთან დამეგობრების შემთხვევები იტალიურ ფეხბურთს ლამაზ, რომანტიკულ ელფერს სძენს და ეს ისტორიები დასტურია იმისა, რომ ულტრასკონცეფცია უფრო მეტია, ვიდრე ხულიგნებთან ასოცირებული სტერეოტიპული შეხედულება.

“არსენალი” მზადაა, “ატალანტას” კრისტანტეს ტრანსფერისთვის საჭირო თანხა გადაუხადოს

Football Italia-ს მიერ გავრცელებული უახლესი ცნობების მიხედვით, “ატალანტას” ნახევარმცველის, ბრაიან კრისტანტეს ტრასნფერით საკმაოდ სერიოზულად არის დაინტერესებული ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელობა.

იტალიური წყაროს ცნობით, “არსენალი” მზადაა 30 მილიონი ევრო გადაიხადოს კრისტანტეს ტრანსფერში, რომელიც ამ დროისთვის “ბენფიკას” ეკუთვნის, თუმცაღა “ატალანტას” მისი 4 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება აქვს.

კრისტანტეს გარშემო არსებულ ვითარებას “არსენალთან” ერთად “ლივერპული”, “ნაპოლი”,”ინტერი” და “ლაციოც” აკვირდება. 23 წლის კრისტანტეს ანგარიშზე მიმდინარე სეზონის 34 მატჩში გატანილი 10 გოლი და ორი საგოლე გადაცემაა.

“იუვე”-“ატალანტა” დიდთოვლობის გამო გადაიდო (ფოტო)

ტურინის “იუვენტუსსა” და “ატალანტას” შორის გასამართი დაპირისპირება დიდთოვლობის გამო გადაიდო. ტურინში თოვა თამაშის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დაიწყო, ვარჯიშისას კი უფრო მეტად გაძლიერდა.

Football Italia-ს ცნობით, ტურინის “იუვენტუსის” მოედნის საფარი ფიფას სპეციალისტებმა შეამოწმეს და ჩათვალეს, რომ ასეთ პირობებში მატჩის ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა.

“ვითარება ყველასათვის ნათელია. რა თქმა უნდა, ეს ბევრ რამეს შეცვლის, თუმცა პოტენციური საშიშროებისათვის თავის არიდება მნიშვნელოვანია ჩვენი ფეხბურთელებისათვის,” – აცხადებს ბეპე მაროტა.

“ჯენოას” თავდამსხმელს, მაურისიო პინილიას 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს

“ჯენოას” თავდამსხმელს, მაურისიო პინილიას იტალიური ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა საკმაოდ მკაცრი განაჩენი გამოუტანა – ის 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება.

პინილიამ მსგავსი სასჯელი “ჯენოასა” და “ატალანტას” შორის გამართულ მატჩში (0-5) ჩადენილი არასპორტული საქციელის გამო მიუსაჯეს – ჯერ მეტოქე გუნდის მეკარესთან უხეშობის გამო, შემდეგ კი მსაჯის გადაწყვეტილების გაპროტესტებისათვის.

დისციპლინარული კომიტეტის განცხადებით, მოედნიდან გაძევების შემდეგ, პინილიამ მსაჯებს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა, რაც დაუსჯელად არ უნდა დარჩენილიყო.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ 33 წლის ჩილელი ფეხბურთელი “ჯენოაში” “ატალანტადან” არის განათხოვრებული.

“პსჟ” ფრანკ კესიეს ტრანსფერზე მუშაობს

“პარის სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები მზად არიან “ატალანტას” ცენტრალური ნახევარმცველის, ფრანკ კესიესთვის ბრძოლაში “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ჩელსის” გაუწიონ კონკურენცია.

როგორც იცით, 20 წლის ფეხბურთელი სერია ა-ს გუნდის ლიდერად საკმაოდ მოკლე პერიოდში ჩამოყალიბდა. ამ უკანასკნელმა ბოლო 16 მატჩში 6 გოლის გატანა შეძლო, რითიც ევროპული გრანდების ყურადღებაც მიიქცია.

ფეხბურთელის აგენტის ცნობით, მისი კლიენტის გადაბირების სურვილი ოფიციალურად მხოლოდ “იუნაიტედისა” და “ჩელსის” ხელმძღვანელებს აქვთ გამოთქმული. თუმცა, BBC-ის ცნობით, მათ რიგებს ახლა უკვე საფრანგეთის ჩემპიონიც მიემატა.

რაც შეეხება კესიეს ფასს, წყაროს ცნობით, “ატალანტა” მას 30 მილიონ ფუნტად აფასებს.

ტოტიმ „რომა“ „ატალანტასთან“ წაგებას გადაარჩინა (ვიდეო)

იტალიის სერია ა-ს 33-ე ტურში „რომა“ „ატალანტას“ ესტუმრა. მატჩი უხვგოლიანი ფრით 3:3 დასრულდა.

არადა, 27-ე წუთისთვის რომაელები დინისა და ნაინგოლანის გოლებით ანგარიშით 2:0 იგებდნენ, თუმცა ბერგამოელებმა წონასწორობა მალე აღადგინეს – 33-ე წუთზე სხვაობა მარკო დ’ალესანდრომ შეამცირა, ოთხ წუთში კი გოლი მარკო ბორიელომაც გაიტანა, რომელმაც მეორე ნახევრის მე-5 წუთზე დუბლიც შეასრულა და მასპინძლები დააწინაურა. შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წუთით ადრე „ჯალოროსი“ წაგებას ფრანჩესკო ტოტის გოლმა გადაარჩინა.

ამრიგად, „რომას“ აქტივში 65 ქულაა. მეოთხე პოზიციაზე მყოფ „ინტერს“, რომელმაც გუშინ „ნაპოლი“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა, სპალეტის გუნდი ამჟამად 4 ქულით უსწრებს.

„ატალანტა“ 37 ქულით მე-14 ადგილზეა.

„ატალანტა“ – „რომა“ 3:3
გოლები: დ’ალესანდრო 33′, ბორიელო 37, 60′ – დინი, 23, ნაინგოლანი 27, ტოტი 86′
გაფრთხილებები: ბირიელო 51′, მასიელო 55′, რაიმონდი 90′, კურტიჩი 90′ – ზუკანოვიჩი 35′, დე როსი 68′, ჯეკო 90′, მანოლასი 90′

ოფიციალურად: ბორიელო „ატალანტაში“ ითამაშებს (ფოტო)

ცნობილი იტალიელი თავდამსხმელი მარკო ბორიელო „ატალანტას“ ფეხბურთელი გახდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ დაწერა.

„მიხარია გაცნობოთ, რომ „ატალანტას“ ახალი ფეხბურთელი ვარ“, – დაწერა ბორიელომ.

Boriello

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის პირველი ანხევარი 33 წლის ფორვარდმა „კარპიში“ ჩაატარა.

“ლაციომ” მეორე ადგილი დაკარგა

იტალიის ჩემპიონატის 34-ე ტურში რომის “ლაციო” “ატალანტას” ესტუმრა და მნიშვნელოვანი ორი ქულა დაკარგა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში მასპინძლებმა 49-ე წუთზე, ბიავას გოლით გახსნეს. რომაელებმა გათანაბრება 77-ე წუთზე პაროლოს ძალისხმევით შეძლეს, თუმცა მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხეს და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიცია “რომას” დაუთმეს.

ატალანტა 1-1 რომა 

გოლები: ბიავა 49′ (1:0); პაროლო 77′ 

ხერმან დენისმა “სასუოლოს” შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

12 აპრილს იტალიის სერია A-ში, “ატალანტამ” საკუთარ მოედანზე “სასუოლო” მიიღო და მეტოქე ანგარიშთ 2:1 დაამარცხა.

შეხვდრაში ანგარიში “ატალანტას” თავდამსხმელმა ხერმან დენისმა გახსნა:

როგორ ასრულებენ “მილანის” ფეხბურთელები საჯარიმოს (ვიდეო)

18 იანვარს, იტალიის სერია A-ში “მილანსა” და “ატალანტას” შორის გამართულ შეხვედრაში “როსონერის” ფეხბურთელებმა საჯარიმო უცნაურად შეასრულეს.

“ატალანტას” ფეხბურთელმა “ჩეზენას” კარს სასწაულებრივად ააცილა (ვიდეო)

7 დეკემბერს, იტალიის ჩემპიონატში, “ატალანტასა” და “ჩეზენას” შორის გამართულ მატჩში (3:2), “ატალანტას” ფეხბურთელმა გულიერმა სტენდარდომ ცარიელ კარს სასწაულებრივად ააცილა.