“ლაციოს” ფეხბურთელები ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობენ

შაბათს, რომის “ლაციო” მთელი გუნდისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას აპირებს, თუმცა, როგორც გამოცემა “ლა რეპუბლიკა” იუწყება, ოთხი-ხუთი ფეხბურთელი აცრის გაკეთებაზე უარს აცხადებს. მათი ვინაობა არ სახელდება.

მათ გადარწმუნებას კლუბის პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო, გუნდის მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი და სამედიცინო შტაბის წევრები ცდილობენ.

ვაქცინის გაკეთებაზე უარი სერია A-ს სხვა კლუბების – “უდინეზეს”, “სპეციასა” და “ემპოლის” რამდენიმე ფეხბურთელმაც თქვა.

იტალიაში “ინტერი” გალიდერდა (ვიდეო)

იტალიის სერია A-ს 22-ე ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი “ჯუზეპე მეაცაზე” გაიმართა, სადაც მილანის “ინტერმა” რომის “ლაციო” მიიღო. როგორც მოგეხსენებათ, გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა “მილანმა” “სპეციასთან” შეხვედრა დათმო (0:2), რითაც “ნერაძურის” გალიდერების შანსი გაუჩნდა. ამისთვის ანტონიო კონტეს გუნდს “ლაციო” უნდა დაემარცხებინა. თავის მხრივ, რომაელები, გამარჯვების შემთხვევაში, მეექვსედან მესამე პოზიციამდე აღზევდებოდნენ.

თამაში მაღალ ტემპში, ორმხრივი შეტევებით დაიწყო, ანგარიში კი 22-ე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. რომელუ ლუკაკუსა და ლაუტარო მარტინესის გათამაშებული კომბინაცია რომაელთა საჯარიმო მოედანზე არგენტინელი ფეხბურთელის წაქცევით შეფერხდა და მთავარმა არბიტრმაც უმალ თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა. პენალტი ლუკაკუმ უშეცდომოდ შეასრულა – 1:0. ტაიმის ბოლოს “ლაციოს” საჯარიმოს მისადგომებთან მარსელო ბროზოვიჩის ვარდნის შედეგად ბელგიელი ფორვარდი პეპე რეინასთან ერთი ერთზე დარჩა და დუბლი შეასრულა – 2:0.

მატჩის 61-ე წუთზე “ლაციოს” თამაშის შემოტრიალების იმედი მიეცა. სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი გონსალო ესკალანტეს მოხვდა და სამირ ჰანდანოვიჩის კარში შევარდა – 2:1. “ნერაძურიმ” სიმონე ინძაგის გუნდს ცივი შხაპი სამ წუთში გადაასხა: ბროზოვიჩმა საკუთარი საჯარიმოს მისადგომეთან მეტოქეს ბურთი აართვა და ლუკაკუს გრძელი გადაცემა გაუკეთა, ბელგიელმა ფეხბურთელმა სოლო რეიდი მოაწყო, მეტოქეს გაასწრო, მოტიტვლებულ საჯარიმოში შეიჭრა და ბურთი მარტოდმარტო დარჩენილ ლაუტაროს მიაწოდა, ამ უკანასკნელმა კი ცარიელ კარში შეაგორა – 3:1.

“ლაციოსთან” მოპოვებული გამარჯვებით “ინტერმა” აქტივში 50 ქულას მოუყარა თავი და გათამაშების სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში, ერთი პუნქტით ნაკლები აქვს “მილანს”, ხოლო მესამე პოზიციაზე 43 ქულით “რომა” გახლავთ. “ლაციო” 40 პუნქტით “ნაპოლისთან” და “ატალანტასთან” 5-7 ადგილებს იყოფს.

იტალიის სერია A
XXII ტური
“ინტერი” — “ლაციო” 3:1 (2:0)
გოლები:
ლუკაკუ 22′ (პენ), 45′, მარტინესი 64′ — ესკალანტე 61′.

“სარბიელის” საიუბილეო ნომერი გამოიცა

დღეს, 11-წლიანი პაუზის შემდეგ გაზეთ “სარბიელის” საიუბილეო ნომერი გამოიცა. ზუსტად 30 წლის წინ, 1990 წლის 28 დეკემბერს აღნიშნული გამოცემის პირველი ნომერი დაიბეჭდა. მას შემდეგ წლების განმავლობაში “სარბიელი” მკითხველს უამრავ საინტერესო მასალას აწვდიდა და რაც მთავარია, ეს არ იყო გაზეთის ფურცლებზე სტანდარტული სიტყვებით მშრალი ინფორმაციის გადმოცემა. “სარბიელის” ჟურნალისტებმა სპეციფიკური წერის მანერით შეძლეს ის, რომ გაზეთს საკუთარი სტილი ჩამოუყალიბდა, რისი წყალობითაც მისი გამორჩევა სხვა უამრავ გამოცემას შორის იყო შესაძლებელი. ყველაზე მთავარი კი საქმისადმი პასუხისმგებლობა და ის გულწრფელობა გახლდათ, რომლისთვისაც ამ გაზეთის ავტორებს ყველაზე კრიტიკულ პერიოდებშიც არ უღალატიათ, საქებს აქებდნენ, საკრიტიკებელს აკრიტიკებდნენ. მკითხველმაც მალე შეიყვარა “სარბიელი” და ყოველდღიურობის ნაწილად აქცია.

დღევანდელი საიუბილეო-საკოლექციო ნომერიც ტრადიციულ სტილშია გადაწყვეტილი, ისევ იმ ხალხის მიერაა შედგენილი, ისევ იმ ენით, ისევ ისე საინტერესოდ, ისევ იმ ფასად, განსხვავება კი ისაა, რომ გამოცემა 32-გვერდიანია.

ვულოცავთ “სარბიელს” 30 წლის იუბილეს!

ომი და მშვიდობა იტალიურ ფეხბურთში: ულტრასები და დაძმობილებული გუნდები

ულტრასული დაჯგუფება სპორტული გუნდის მხარდასაჭერად შექმნილ ქომაგთა ორგანიზებულ ჯგუფს ნიშნავს. მას საფუძველი 50-იანი წლების დასაწყისში ჩაეყარა და განვითარების პიკს 80-იან წლებში მიაღწია, როდესაც თითქმის ყველა საფეხბურთო კლუბს ჰყავდა ულტრასდაჯგუფება. ულტრასების ხსენებისას ხშირად ასოცირება ინგლისელ ხულიგნებთან ხდება, თუმცა ეს სტერეოტიპული წარმოდგენაა. მიუხედავად ამისა, ვერ უარვყოფთ იმ ფაქტს, რომ ულტრასდაჯგუფებებს შორის ძალადობა ხშირია, თუმცა ეს მათი არსებობის შედეგი უფრო არის, ვიდრე მიზანი.ულტრასები ძირითადად სტადიონის ქვედა იარუსზე, კარის მახლობელ სექტორებზე თავსდებიან და იქიდან ქომაგობენ თავიანთ გუნდს სხვადასხვა შეძახილებითა თუ სიმღერებით, ხშირად თვალსასეირო პერფორმანსებსაც დგამენ. ულტრასსამყაროში პოლიტიკაც ღრმად არის ფესვგადგმული. დაჯგუფებები ძირითადად მკვეთრად მემარცხენე ან მემარჯვენე მიმართულების პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებლები არიან და ხშირად ეს განსაზღვრავს სხვადასხვა გუნდების ფანკლუბების ერთმანეთთან დაახლოებას. ამასთან, მხოლოდ პოლიტიკა არ არის ორი ულტრასდაჯგუფების ერთმანეთთან დაძმობილების მიზეზი.

“ლაციო” და “ინტერი”
იტალიაში სხვადასხვა კლუბთა ულტრასდაჯგუფებებს შორის მეგობრობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითია რომის “ლაციოსა” და მილანის “ინტერის” ფანთა შემთხვევა. “ლაციოს” ულტრასები ცნობილნი არიან თავიანთი მკვეთრად მემარჯვენე შეხედულებებით, მათთვის არც სვასტიკის დემონსტრირებაა უცხო. ამ გარემოების გამო ისინი “ინტერის” ულტრასებს დაუძმობილდნენ. მართალია, “ნერაძურის” ფანდაჯგუფება ასეთივე ექსტრემალური შეხედულებებით ცნობილი არ არის, თუმცა მათ გარკვეული კავშირი აქვს იტალიის სხვადასხვა მემარჯვენე ჯგუფებთან, მათ შორის “შავ გულთან”.

აღნიშნული გუნდების ულტრასები ხშირად კიდებენ ტრიბუნებზე ერთმანეთის მიმართ პატივსაცემ ბანერებს. პოსტერი წარწერით “Da sempre fieri del nostro gemellaggio alla nord di Milano rendiamo omaggio” (“ვამაყობთ და პატივს ვცემთ ჩვენს დაძმობილებას მილანის ჩრდილოეთთან”) ამის ერთ-ერთი მაგალითია.

ამ ორ კლუბს შორის კავშირი კარგად გამოჩნდა 2010 წელს გაჩაღებულ სკუდეტოსთვის ბრძოლაში. გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე “ლაციო” “ინტერს” მასპინძლობდა, რომელსაც საჩემპიონო რბოლაში მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს. ტიტულისთვის ბრძოლაში მილანელთა უშუალო კონკურენტი “ლაციოს” თანაქალაქელი და პრინციპული მეტოქე “რომა” იყო, რომელიც ლიდერ “ინტერს” მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებოდა. ის შეხვედრა “ლაციომ” თითქმის უბრძოლველად, ანგარიშით 0:2 დათმო და ორ კვირაში “ინტერმა” ისტორიაში მე-18 სკუდეტოს მოგება იზეიმა.

“მილანი” და “ბრეშა”
იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ძმობა “მილანსა” და “ბრეშას” აკავშირებთ. მათი დამეგობრება პოლიტიკურმა შეხედულებებმა განაპირობა და მიუხედავად იმისა, რომ “მილანის” ულტრასდაჯგუფებაში იდეოლოგია შეიცვალა, ამ კლუბების ფანებს შორის ძმობა გრძელდება. ისინი ხშირად სტუმრობენ ერთმანეთის სტადიონებს დაძმობილებული გუნდის გასამხნევებლად. აღსანიშნავია, რომ “ბრეშასთან” დამეგობრებამ “მილანს” ურთიერთობა გაუფუჭა ბერგამოს “ატალანტასთან”.

“ატალანტა” და “ტერნანა”
თავის მხრივ, “ატალანტას” ულტრასდაჯგუფება ნაკლებად ცნობილია. პოლიტიკური იდეოლოგიის თვალსაზრისით ისინი მემარცხენეები არიან და ეს გახდა მათი საფეხბურთო კლუბ “ტერნანას” ფანებთან დაძმობილების მიზეზი. ასე რომ, თუ “ატალანტას” ქომაგთა შორის “ტერნანას” წითელ-მწვანე ფორმასაც მოკრავთ თვალს, არ გაგიკვირდეთ.

“ფიორენტინა” და “ვერონა”
განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგია არ არის ფანკლუბების დაძმობილებისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი, თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათია. “ფიორენტინას” ულტრასები მემარცხენეები არიან, ხოლო “ვერონასი” – მემარჯვენეები. ამ განსხვავების მიუხედავად, მათ ერთმანეთთან საკმაოდ მყარი ურთიერთობა აკავშირებთ.

“ფიორენტინა” და “ტორინო”
ორი სხვადასხვა კლუბის ულტრასები შესაძლოა, საერთო მოძულე გუნდმა გააერთიანოს. მაგალითად, “ტორინოსა” და “ფიორენტინას” ფანები ერთმანეთთან “იუვენტუსის” სიძულვილმა დაამეგობრა. ამ გუნდების ულტრასები სტადიონზე ერთმანეთს თბილი შინაარსის ბანერებით ესალმებიან: “Il popolo Fiorentino saluta la vera Torino” (“ფლორენციელი ხალხი მიესალმება ნამდვილ ტურინს”).

მარტოხელა “იუვენტუსი”
“იუვენტუსი” იტალიაში გარკვეულწილად მარტოხელა კლუბია. “ბებერი სინიორას” ულტრასებს სხვა გუნდის ფანებთან ალიანსი არ შეუქმნიათ და ამას მრავალი მიზეზი აქვს, რომელთაგან ორია გამოსაყოფი: “იუვენტუსი” იტალიის მასშტაბით ყველაზე წარმატებული გუნდია და ეს სხვა გუნდის ფანებისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორია, ხოლო მეორე მიზეზად “კალჩოპოლის” სკანდალი უნდა მივიჩნიოთ. მართალია, “იუვენტუსმა” ძველი დიდება მალევე დაიბრუნა, თუმცა ტიტულების მოგებაზე რთული გატეხილი სახელის აღდგენა აღმოჩნდა. “იუვეს” ულტრასები მეგობრებს იტალიის გარეთ ეძებენ და ყველაზე მყარი კავშირი ნიდერლანდურ “დენ ჰააგის” ფანებთან აქვთ.

“პარმა” და “სამპდორია”
იტალიურ ფეხბურთში ერთმანეთთან დაძმობილების შედარებით ნაკლებად ცნობილი შემთხვევებია “პარმასა” და “სამპდორიას” ფანებისა და “ნაპოლისა” და “ჯენოას” ულტრასების მეგობრობა. “პარმასა” და “სამპდორიას” ფანების ძმობა ოც წელზე მეტს ითვლის. 2009 წლის კოპა იტალიის ფინალურ მატჩში გენუელთა საქომაგოდ “პარმას” ფანები რომში საგანგებოდ ჩავიდნენ კიდეც.

“ნაპოლი” და “ჯენოა”
“ნაპოლისა” და “ჯენოას” დამეგობრებას საფუძველი 1982 წელს ჩაეყარა. იმ სეზონის ბოლო ტურში გენუელებს სერია A-ში დასარჩენად კინკილა ქულა ჰყოფნიდათ, თუმცა “სან პაოლოზე” 0:1 მარცხდებოდნენ. საბოლოო ჯამში, ის შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა, “ჯენოამ” გადასარჩენად საჭირო ქულა მოიპოვა და სერია B-ში მის ნაცვლად “მილანი” დაქვეითდა. ამ ისტორიულმა მოვლენამ “ჯენოას” ულტრასების “ნაპოლის” ფანებთან დამეგობრება განაპირობა.

დარღვეული ძმობა
ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც ძლიერი და ერთი შეხედვით დაუშლელი ძმობა დარღვეულა. “ინტერისა” და “ვერონას” ულტრასთა მეგობრობა 80-იან წლებში დაიწყო და 2001 წლამდე გაგრძელდა. შემდეგ “ვერონას” ულტრასდაჯგუფების სათავეში ახალი ხალხი მოვიდა და “ინტერთან” “მეგობრობის ხელშეკრულებაც” გაუქმდა.

სხვადასხვა კლუბების ულტრასების ერთმანეთთან დამეგობრების შემთხვევები იტალიურ ფეხბურთს ლამაზ, რომანტიკულ ელფერს სძენს და ეს ისტორიები დასტურია იმისა, რომ ულტრასკონცეფცია უფრო მეტია, ვიდრე ხულიგნებთან ასოცირებული სტერეოტიპული შეხედულება.

“იუვე” “ლაციოსთან” მატჩის შემდეგ გადაღებული ფოტოს გამო სკანდალში გაეხვა

იტალიის სერია A-ს 21-ე ტურში ტურინის “იუვენტუსსა” და რომის “ლაციოს” შორის გამართული მატჩის (2:0) შემდეგ გადაღებული ფოტოს გამო “ბებერი სინიორა” სკანდალში გაეხვა.

“იუვენტუსის” ფეხბურთელებმა” გამარჯვების შემდეგ გასახდელში ფოტო გადაიღეს. სურათზე ჩანს, რომ მირალემ პიანიჩს ფეხი “ლაციოს” ფორმაზე აქვს დაბიჯებული. “რომას” ყოფილი ფეხბურთელის ამ ქმედებამ იტალიაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. პიანიჩმა “რომას” ტიფოზებისგან მოწონება დაიმსახურა, თუმცა “ლაციოს” ფანებმა “იუვეს” ნახევარმცველი სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი ფრაზებით აიკლეს, რის შემდეგაც პიანიჩმა საკუთარ ფოტოზე მათ კომენტარების გაკეთების უფლება შეუზღუდა.

Juve players

“ლაციოს” სეზონის ბოლომდე სიმონე ინძაგი უთავკაცებს

რომის “ლაციოს” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სტეფანო პიოლი გაათავისუფლეს. სეზონის ბოლომდე გუნდს 39 წლის სიმონე ინძაგი უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ სიმონე ინძაგი “ლაციოს” ღირსებას 1999-დნ 2010 წლამდე (არასრულად) იცავდა. 2014 წლიდან მუშაობდა ახალგაზრდული გუნდის თავკაცის პოზიციაზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს “ლაციო” უმთავრეს მეტოქე “რომასთან” ანგარიშით 1:4 განადგურდა. გუნდს იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში მერვე პოზიცია უკავია.

 

“ლაციოს” მეკარე გოლის აღნიშვნისას დაშავდა

რომის “ლაციოს” კიპერმა ფედერიკო მარკეტიმ ტრავმა უჩვეულო სიტუაციაში მიიღო.

“ლე ფიგაროს” ცნობით, იტალიელი მეკარე მაშინ დაშავდა, როდესაც “სამპდორიას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში ალესანდრო მატრის მიერ გატანილ გოლს ზეიმობდა. მარკეტიმ ბარძაყის კუნთები დაიშავა და გოლიდან ოთხ წუთში შესაცვლელი გახდა. მის ნაცვლად ეტრიტ ბერიშა გამოვიდა, რომელმაც კომპენსირებულ დროში გოლი გაუშვა და საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

 

დე ვრეი ნახევარ წელს გამოტოვებს

რომის “ლაციოს” მცველი სტეფან დე ვრეი გაცილებით მეტ ხანს გამოტოვებს, ვიდრე ამას ვარაუდობდნენ.

23 წლის ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა, რომელმაც სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა, სექტემბრის თვეში გამართულ სანაკრებო მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო. მას გუშინ ოპერაცია გაუკეთეს.

ვარაუდობდნენ, რომ სტეფან დე ვრეი მოედანზე დაბრუნებას თებერვალში შეძლებდა, მაგრამ მის გამოჯანმრთელებას ექვსი თვე დასჭირდება.

 

“მილანმა” ზედიზედ მესამე გამარჯვება “ლაციოსთან” ჩაიწერა

იტალიის სერია A-ს XI ტურში რომის “ლაციომ” “მილანი” მიიღო. რომაულ-მილანური დაპირისპირება ამჯერადაც ამ უკანასკნელთა გამარჯვებით დასრულდა. როგორც მოგეხსენებათ, ერთი დღით ადრე “ინტერმა” “რომა” ანგარიშით 1:0 დაამარცხა, დღეს კი “მილანმა” რომაულ “ლაციოს” 3:1 სძლია.

ანგარიში პირველი ტაიმის შუაწელს ანდრეა ბერტოლაჩიმ გახსნა. 53-ე წუთზე ფილიპ მექსესმა “როსონერის” უპირატესობა გაზარდა. 79-ე წუთზე კარლოს ბაკამ გამოიჩინა თავი. პრესტიჟის გოლი კი რიკარდო კიშნამ გაიტანა.

ამრიგად, “მილანმა” ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, 19 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე გადავიდა. “ლაციოს” 18 ქულა აქვს და მეშვიდე პოზიცია უკავია.

იტალიის სერია A
XI ტური
“ლაციო” — “მილანი” 1:3 (0:1)

გოლები: კიშნა 84′ — ბერტოლაჩი 25′, მექსესი 53′, ბაკა 79′.
გაფრთხილებები: ბასტა 59′, ჯენტილეტი 90+2′ — რომანიოლი 66′, ბონავენტურა 87′.

 

“ლაციოს” სარეზერვო მაისური ფაშისტური პარტიის უნიფორმას შეადარეს

ფრანგულმა გამოცემა “ლე მონდმა” რომის “ლაციოს” ახალი სარეზერვო ფორმა გააკრიტიკა. მაისურის ფერმა ჟურნალისტებს ბენიტო მუსოლინის მმართველობის დროს არსებული ნაციონალური ფაშისტური პარტიის შავი უნიფორმა გაახსენა. გარდა ამისა, კლუბის ლოგოზე გამოსახული არწივის სილუეტი ფრანგული გაზეთის თანამშრომლებმა მესამე რაიხის გერბს შეადარეს.

შეგახსენებთ, რომ “ლაციოს” ფანების ნაწილი ულტრამემარჯვენე შეხედულებებით გამოირჩევა. კლუბის ყოფილი კაპიტანი პაოლო დი კანიო კი გოლს ფაშისტური მისალმებით აღნიშნავდა.

“ლაციოს” მარკეტინგის სამსახურის უფროსმა მარკო კანიჯანიმ გამოცემის ბრალდებებს აბსურდული უწოდა და დამატებითი განმარტებაც გააკეთა.

“მესამე ფორმა მუქი ფერის უნდა ყოფილიყო, რადგან ჩვენი საშინაო მაისური ცისფერია, საგარეო კი – თეთრი. ცოტა ვარიანტი გვქონდა, ეს ბრალდებები აბსურდულია”, – კანიჯანის სიტყვები “მირორმა” გამოაქვეყნა.

Lazio kit

 

“ტრაბზონსპორმა” “ლაციოს” ფეხბურთელი დაიმატა

შოთა არველაძის “ტრაბზონსპორმა” რომის “ლაციოს” მარჯვენაფლანგელი მცველი ლუის კავანდა დაიმატა. 24 წლის ფეხბურთელმა თურქულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულმა ტრანსფერმა 1,75 მილიონი ევრო შეადგინა.

კავანდამ პროფესიონალური კარიერა “ლაციოში” დაიწყო. რომაელთა რიგებში მან საერთო ჯამში 80 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა. გასული სეზონის პირველ ნახევარში ის ხშირად თამაშობდა, თუმცა მეორე წრეში მოედანზე მხოლოდ რამდენჯერმე გამოჩნდა.

 

იტალიის სუპერთასი შანხაიში ჩატარდება

2015 წლის იტალიის სუპერთასის მატჩი შანხაიში ჩატარდება. ამ ტიტულისთვის ერთმანეთს ქვეყნის ჩემპიონი ტურინის “იუვენტუსი” და თასის მფლობელი რომის “ლაციო” შეეცილებიან. შეხვედრა 8 აგვისტოს გაიმართება.

იტალიის სუპერთასი ჩინეთში უკვე მეოთხედ ჩატარდება, მანამდე ეს შეხვედრა პეკინში გაიმართა (2009, 2011 და 2012 წლებში). 2014 წლის სუპერთასი დოჰაში ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ იტალიის სუპერთასის მოქმედი მფლობელი “ნაპოლი” გახლავთ, რომელმაც გასულ წელს იმავე “იუვენტუსს” პენალტების სერიაში აჯობა.