სვენ-გორან ერიქსონი: “ფერგიუსონი მოკვლით მემუქრებოდა, თუ რუნის მუნდიალზე წავიყვანდი”

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სვენ-გორან ერიქსონმა გამოცემა “თაიმსს” საინტერესო ინტერვიუ მისცა, რომლის ერთ-ერთი მონაკვეთი “მანჩესტერ იუნაიტედის” ექსთავკაც ალექს ფერგიუსონთან მომხდარ ინციდენტს დაეთმო.

შვედმა სპეციალისტმა ინტერვიუში 2006 წელს მომხდარი ამბავი გაიხსენა. ამ პერიოდში “წითელი ეშმაკების” აწ უკვე ყოფილმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ ტრავმა მიიღო და გამოჯანმრთელების პროცესი საკმაოდ გაეწელა. ინგლისელმა ფეხბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონატამდე ტრავმის მოშუშება ვერ მოასწრო, თუმცა უშუალოდ ტურნირის მიმდინარეობისას გამოჯამრთელებისა და თამაშის საშუალება ჰქონდა. ამის მიუხედავად, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელ ალექს ფერგიუსონს მუნდიალზე რუნის გაშვება არ სურდა, რასაც ერიქსონთან დაძაბული სატელეფონო საუბარი მოჰყვა.

შვედი სპეციალისტი იხსენებს:

“ალექსი უცნაური კაცი იყო. ასეთი ჩვევა ჰქონდა: დამირეკავდა დილის შვიდ საათზე ან უფრო ადრე და ყოველგვარი მისალმების გარეშე იწყებდა ყვირილით საუბარს. როდესაც ასეთი გაღიზიანებული იყო ხოლმე, მასთან კომუნიკაცია შეუძლებელი ხდებოდა.

მან ის დილაც ჩხუბით დაიწყო. ყვიროდა, რომ მომკლავდა, თუ რუნის მსოფლიოს ჩემპიონატზე წავიყვანდი.

მე მას ვკითხე: “რა ხდება ალექს, რაშია საქმე?” თუმცა, ის მე არ მისმენდა და განაგრძობდა ყვირილსა და მუქარას. საბოლოო ჯამში, ვუთხარი: “რუნის მსოფლიოს ჩემპიონატზე მაინც წავიყვან. კარგი შვებულება, ჩაო” და ტელეფონი გავუთიშე”.

უეინ რუნიმ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მართლაც ითამაშა, თუმცა “სამი ლომი” ტურნირს მეოთხედფინალურ ეტაპზე პორტუგალიის ნაკრებთან პენალტების სერიაში მარცხის შემდეგ გამოეთიშა.

ანანიძე: “ბეილი ჩემზე ძლიერია, მაგრამ ჩემზე ხშირად ტრავმიანობს, აღნაგობა არაფერ შუაშია”

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში უარყო მოსაზრება, თითქოს მისი ხშირი ტრავმიანობა ფიზიკურ მონაცემებთან არის დაკავშირებული.

“სპარტაკის” ლიდერობა მსურს, თუმცა მესმის, რომ ეს ან ახლა მოხდება ან არასდროს. ვგრძნობ, რომ შემიძლია ისე ვითამაშო, როგორც ამას ჩემგან გულშემატკივრები მოელიან. სამწუხაროდ, ხშირად ტრავმები მიშლიდა ხელს. ფაქტობრივად ათი წლიდან სამი მკურნალობაში მაქვს გატარებული. ხშირად ვკითხულობ, თითქოს ყველაფერი ჩემი აღნაგობის ბრალია, მაგრამ შეხედეთ მადრიდის “რეალის” ფეხბურთელ გარეტ ბეილს. ის ჩემზე სამჯერ მეტს იწონის და კუნთებიც სამჯერ დიდი აქვს, თუმცა ჩემზე ხშირად ტრავმიანობს. მან “რეალში” ყოფნის ექვსი წლიდან მხოლოდ წელიწადნახევარი ითამაშა.

ალბათ, უფროსების წინააღმდეგ თამაში საკმაოდ ადრეულ ასაკში დავიწყე. გარდა ამისა, თავიდან სატრენაჟორო დარბაზებს ხშირად არ ვსტუმრობდი. ახლა გაცილებით ხშირად ვვარჯიშობ. იმას არ ვამბობ, რომ რობოტის დონემდე უნდა მიხვიდე, როცა ბურთსაც ვეღარ გრძნობ, მაგრამ პროფილაქტიკა აუცილებელია, რათა კუნთები და სახსრები კარგ მდგომარეობაში იყოს.

დეკემბრამდე უნდა ვაჩვენო, რა შემიძლია: გოლების გატანა, საგოლე გადაცემები. თამაშის მიმდინარეობის წაყვანა. მთავარი მწვრთნელისგან ნდობას ვგრძნობ და ეს მეხმარება”, – აღნიშნა ანანიძემ.

“ინტერმა” რაჯა ნაინგოლანი ტრანსფერზე დააყენა

მილანის “ინტერმა” გუნდის ნახევარმცველ რაჯა ნაინგოლანის ტრანსფერზე დაყენება გადაწყვიტა.

მილანურ გუნდში ბელგიელი ფეხბურთელის პირველი სეზონი არაერთმნიშვნელოვანი გამოდგა: ნაინგოლანმა დიდი პერიოდი ლაზარეთში გაატარა, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში ჰქონდა საკმაოდ კარგი თამაშებიც.

“კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ “ნერაძურიმ” ფეხბურთელთან განშორების გადაწყვეტილება მიიღო. წყაროს თანახმად, “ინტერის” ხელმძღვანელობამ ნაინგოლანის აგენტ ალესანდრო ბელტრამის უკვე აცნობა, რომ ფეხბურთელი ტრანსფერზეა დაყენებული.

ბუფონს “ბრეშა” ეპატიჟება

ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი პროფესიული კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს.

“პარი სენ-ჟერმენიდან” წამოსვლის შემდეგ 41 წლის კიპერი, სავარაუდოდ, სამშობლოს მიაშურებს. Football Italia წერს, რომ ბუფონის დამატებით “ბრეშა” არის დაინტერესებული, რომელმაც ვეტერანი მეკარისთვის წინადადება უკვე მოამზადა. შეგახსენებთ, რომ “ბრეშამ” იტალიის სერია B მოიგო და დამდეგ წელს სერია A-ში იასპარეზებს.

როგორც მოგეხსენებათ, ჯანლუიჯი ბუფონმა გასული სეზონი “პარი სენ-ჟერმენში” გაატარა, რომლის რიგებშიც ყველა ტურნირზე ერთად 25 მატჩი ჩაატარა და ამდენივე გოლი გაუშვა. იტალიელი კიპერი პარიზული კლუბის გარდა კარიერის განმავლობაში ტურინის “იუვენტუსისა” და “პარმას” ღირსებას იცავდა.

ჯეიმს მილნერი: “მესიმ ვირი მიწოდა”

“ლივერპულის” ნახევარმცველმა ჯეიმს მილნერმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე “ბარსელონასთან” გამართული მატჩის მიმდინარეობისას ლიონელ მესისთან მომხდარი კონფლიქტის შესახებ ისაუბრა.

როგორც აღმოჩნდა, 33 წლის ინგლისელს ესპანური ენა ესმის. აღსანიშნავია, რომ ის შვილებს ხშირად სწორედ ესპანურ ენაზე ესაუბრება, სწორედ ასე გაიგო მან მესის ნათქვამი სიტყვები. მილნერმა “ენფილდზე”, “ლივერპულსა” და “ბარსელონას” შორის გამართული მატჩის პირველი ნახევრის შემდეგ არგენტინელთან საუბარი გაიხსენა.

“მესი უკმაყოფილო იყო. პირველი ტაიმის შემდეგ გასახდელისკენ მიმავალს ესპანურად საუბარი დამიწყო. მან მე მიწოდა “Burro”. ეს სიტყვა ითარგმნება, როგორც “ვირი”, თუმცა მგონია, რომ ამ ტერმინს ესპანურ ფეხბურთში უხეში ფეხბურთელების მიმართ იყენებენ.

მე მას ვკითხე, ყველაფერი რიგზე იყო თუ არა, თუმცა ყურადღება არ მომაქცია. ჩემი აზრით, ის ვერ მიხვდა, რომ ესპანური ენა მესმოდა. მან თქვა: “ასე უხეშად იმიტომ ითამაშე, რომ ბურთი ფეხებს შორის გაგიძვრინე.” მე საუბარი აღარ გამიგრძელებია და გასახდელში შევედი. მის მიმართ მხოლოდ აღტაცებას გამოვხატავ.

ამის მიუხედავად, მესის თამაშით აღფრთოვანებული ვარ. მას ყველაფრის თქმის უფლება აქვს. ცხადია, მის წინააღმდეგ თამაში რთულია. თუ მის შეჩერებას შეეცდები, შეიძლება, ისე მოხდეს, რომ სულელი გამოჩნდე. მეც ასე დამემართა – მან ბურთი ფეხებს შორის გამიძვრინა, ამ კადრს კი მილიონობით ნახვა აქვს. მე არც პირველი ვყოფილვარ და არც უკანასკნელი. ის შეუდარებელი ფეხბურთელია”, – აღნიშნა მილნერმა “დეილი მეილთან” საუბრისას.

სუარესი: “თუ გოლს “ენფილდზეც” გავიტან, მაშინ…”

“ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა განაცხადა, რომ თუ ის “ლივერპულს” გოლს “ენფილდზეც” გაუტანს, ისე ემოციურად აღნიშნავს, როგორც ეს პირველ მატჩში მოხდა.

“პირველ მატჩში გატანილი გოლის აღნიშვნა? ადამიანებს, რომლებსაც ფეხბურთი ესმით და უყვართ, იციან, თუ რა მნიშვნელობის იყო ეს გოლი. მე “ლივერპულის” ფანებს დიდ პატივს ვცემ. იმის გამო, რომ გოლი გავიტანე და საკუთარი გუნდის გულშემატკივრებთან ერთად აღვნიშნე, ვწუხვარ. “ლივერპულისა” და ამ კლუბის ფანების მადლობელი ვარ. რა თქმა უნდა, თუ გოლს “ენფილდზეც” გავიტან, ისე არ აღვნიშნავ, როგორც პირველ შეხვედრაში”, – ციტირებს სუარესის სიტყვებს “ტელეგრაფი”.

“ლივერპული” და “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ერთმანეთს “ენფილდზე” 7 მაისს დაუპირისპირდებიან. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

როგორ უპასუხა “ბარსელონამ” იურგენ კლოპის სიტყვებს (ვიდეო)

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა “ბარსელონასთან” გასამართ მატჩამდე განაცხადა, რომ “კამპ ნოუ” მხოლოდ დიდი სტადიონია, რომელიც ფეხბურთის ტაძარი არ არის.

გერმანელი სპეციალისტის ამ სიტყვებს დიდი გამოხმაურება მოყვა. სოციალურ ქსელ Twitter-ში კი მის საპასუხოდ “ბარსელონას” ოფიციალურ გვერდზე ვიდეოც გამოქვეყნდა.

“ეს “კამპ ნოუა”. ჩვენი სახლი. ჩვენი ტაძარი. ჩვენი ციხესიმაგრე”, – ვკითხულობთ “ბარსას” ოფიციალურ გვერდზე.

“ბარსელონამ” “მანჩესტერ იუნაიტედი” უპრობლემოდ დაამარცხა (ვიდეო)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მეოთხედფინალურ ეტაპზე “ბარსელონასა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის საპასუხო მატჩი გაიმართა. როგორც მოგეხსენებათ, წყვილის პირველი შეხვედრა “ოლდ ტრაფორდზე” კატალონიელთა გამარჯვებით ანგარიშით 1:0 დასრულდა. განმეორებითი მატჩი “ბლაუგრანას” სათამაშო უპირატესობით წარიმართა და მისივე გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.

“მანჩესტერ იუნაიტედს” ორმატჩიან დაპირისპირებაში წონასწორობის აღდგენა პირველივე წუთზე შეეძლო, როდესაც მარკუს რაშფორდი მეკარესთან ერთი ერთზე გავიდა, თუმცა ბურთი ხარიხას გაარტყა. შემდეგ ინიციატივა საკუთარ თავზე ლიონელ მესიმ აიღო, რომელმაც ოთხი წუთის განმავლობაში დუბლი გაიფორმა. თუ პირველი გოლი არგენტინელის სრული დამსახურება იყო, მეორე ბურთი დავიდ დე ხეას უხეში შეცდომის შედეგად გავიდა. 61-ე წუთზე ფილიპე კოუტინიომ ანგარიში გამანადგურებელი გახადა და ინგლისელებს იმედი საბოლოოდ გადაუწურა.

ამრიგად, “ბარსელონამ” “მანჩესტერ იუნაიტედი” ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 4:0 დაამარცხა და 2015 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე პირველად გავიდა. კატალონიელები მომდევნო რაუნდზე “ლივერპულისა” და “პორტუს” წყვილში გამარჯვებულს შეხვდებიან.

ჩემპიონთა ლიგა
მეოთხედფინალი (II მატჩი)
“ბარსელონა” — “მანჩესტერ იუნაიტედი” 3:0 (2:0) (ორი მატჩის ჯამში 4:0)
გოლები:
მესი 16′, 20′, კოუტინიო 61′.

დასაფასებელი საქციელი – რა გააკეთა მესიმ “რაიო ვალეკანოსთან” მატჩში (ვიდეო)

9 მარტს, ესპანეთის ჩემპიონატში კატალონიის “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “რაიო ვალეკანო” მიიღო და მეტოქე 3:1 დაამარცხა.

შეხვედრის მიმდინარეობისას, ერთ-ერთ ეპიზოდში, ლიონელ მესის საჯარიმოში ბურთი აართვეს. მსაჯები თერთმეტმეტრიანის დანიშვნის ვარიანტს განიხილავდნენ, მაგრამ არგენტინელმა მთავარ არბიტრს უთხრა, რომ თამაშის წესების დარღვევა არ ყოფილა.

სუარესი: “ყოველთვის “აიაქსის” ფანი ვიყავი”

კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა “რეალსა” და “აიაქსს” შორის გამართული მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

როგორც იცით, “აიაქსმა” “რეალი” “სანტიაგო ბერნაბეუზე” 4:1 დაამარცხა და ორი მატჩის ჯამში (5:3) ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

სუარესი, რომელიც “აიაქსის” ღირსებას 2007-2011 წლებში იცავდა, თავისი ყოფილი კლუბის გამარჯვებით გახარებულია.

“გილოცავთ! მე ყოველთვის “აიქსის” ფანი ვუყავი”, – წერს სუარესი ჰოლანდიურ ენაზე Twitter-ში.

ვალვერდე: “დემბელეს თამაშით გახარებული ვარ”

ესპანეთის სუპერ თასის შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონამ” ანდალუსიის “სევილია” ანგარიშით, 2-1 დაამარცხა და სეზონის პირველ ტიტულს დაეუფლა. გამარჯვების გოლი გაიტანა უსმან დემბელემ, რომელმაც გუშინ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა.

“ბლაგურნას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ფრანგ ახალგაზრდაზე ისაუბრა.

“არ ვიცი, თუ მას კარგი თამაშისთვის ისეთი შეხვედრები სჭირდება, როგორიც დღეს იყო. ეს პირადად უნდა ჰკითხოთ. ის ჩვენთან ერთადაა და მის მიმართ დიდი მოლოდინი გაგვაჩნია. უსმანი დღევანდელი გამარჯვების მონაწილე იყო. მან გოლიც გაიტანა. ამით ძალიან გახარებული ვარ. 

ზოგადად, კმაყოფილების გრძნობა დამეუფლა, რადგან ძლიერი მეტოქე გვყავდა და დავამარცხეთ. ვიცოდით, რომ ამ მატჩის გარემოებები განსხვავებული იქნებოდა. რთული თამაში გამოვიდა. თავიდან ვაგებდით, თუმცა ჩამორჩენის აღმოფხვრა და წინ გასვლა შევძელით. ზოგი ფეხბურთელი, არდადეგების შემდეგ, პირდაპირ ამ თამაშისთვის დაბრუნდა და ამანაც თავისი გავლენა იქონია,” – ამბობს ვალვერდე.

“პარი სენ-ჟერმენისა” და “მონაკოს” ხელმძღვანელები ივან რაკიტიჩის ტრანსფერით ინტერესდებიან

“მონაკოსა” და “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები “ბარსელონას” ხორვატი ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის, ტრანსფერით ინეტრესდებიან. ამ ინფორმაციას El Mundo Deportivo გვაუწყებს.

როგორც ცნობილი ხდება, ორივე კლუბმა უკვე მოამზადა წინადადებები – ისინი 30 წლის ჰავბეკის ტრანსფერში საკმაოდ დიდ თანხას სთავაზობენ კატალონიურ გრანდს.

მართალია, ივან რაკიტიჩი ერნესტო ვალვერდეს ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშე გახლავთ, მაგრამ პოლ პოგბას “ბარსელონაში” გადასვლის შემთხვევაში, ეს უკანასკნელი სათადარიგოთა სკამზე დაჯდომას არ აპირებს.

რაკიტიჩს “ბარსელონასთან” არსებული კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს, მისი გამოსასყიდი თანხა კი 125 მილიონ ევროს უდრის.