კლოპი ინგლისურ კლუბებთან მოსალაპარაკებლად მზადაა

დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ მომავალში რომელიმე ინგლისურ კლუბს ჩაუდგეს სათავეში. შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს გერმანული გუნდი ლონდონში ადგილობრივ “არსენალს” საჩემპიონთალიგო მატჩში დაუპირისპირდება.

“ჩემი აზრით, ინგლისი არის ის ერთადერთი ქვეყანა, სადაც უნდა ვიმუშაო გერმანიის შემდეგ. ინგლისური ენა გერმანულის გარდა ერთადერთია, რომელსაც ასე თუ ისე ვფლობ. ასე რომ, თუ ვინმე დამიკავშირდება, მოლაპარაკებებისთვის მზად ვარ”, – კლოპის სიტყვებს Goal.com-ი აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ იურგენ კლოპი დორტმუნდის “ბორუსიას” 2008 წლიდან თავკაცობს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ორჯერ მოიგო გერმანიის ჩემპიონატი, ერთხელ დაეუფლა ქვეყნის თასს, ორჯერ დაისაკუთრა გერმანიის სუპერთასი. 2012/13 წლების სეზონში კლოპის “ბორუსია” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. ახლა კლუბს სატურნირო ცხრილში მე-15 პოზიცია უკავია.

 

„გალათასარაი“ – „ბორუსია“ 0:4

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფის მესამე ტურის ფარგლებში სტამბულის „გალთასარაიმ“ დორტმუნდის „ბორუსია“ მიიღო და ანგარიშით 0:4 განადგურდა.

ანგარიში უკვე მე-6 წუთზე ობამეიანგმა გახსნა, რომელმაც 12 წუთში უკვე დუბლი მიითვალა. 41-ე წუთზე სტუმართა უპირატესობა სამ ბურთამდე მარკო როისმა გაზარდა. წერტილი ამ შეხვედრაში ადრიან რამოსმა დასვა, რომელმაც 83-ე წუთზე ზუსტად დაარტყა.

საბოლოოდ, 0:4 და ბორუსიელები 100-პროცენტიანი შედეგით ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობენ.

“ლივერპული” როისს კლუბს ისტორიაში ყველაზე მაღალ ხელფასს შესთავაზებს

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “ლივერპულს” დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველ მარკო როისის გადმობირება ეწადა, თუმცა მაშინ გარიგება არ შედგა. როგორც ირკვევა, მერსისაიდულ გუნდს გერმანელი ფეხბურთელის დამატების იმედი არ დაუკარგავს და მზად არის, როისი კლუბის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედაც აქცოს. იანვარში “ენფილდროუდელთა” ნომერ პირველი სამიზნე სწორედ 25 წლის გერმანელი ნახევარმცველი იქნება.

ბრიტანული პრესის ცნობით, “წითლები” მარკო როისისთვის ხუთწლიანი კონტრაქტის და კვირაში 200 ათასი ფუნტის შეთავაზებას აპირებენ.

დორტმუნდში ხვდებიან, რომ როისის შენარჩუნება გაუჭირდებათ და მისი შემცვლელის გამალებულ ძიებაში არიან.

მარკო როისის დამატება ევროპის არაერთ კლუბს სურს, რომელთა შორის მადრიდის “რეალი”, “ბარსელონა”, “მანჩესტერ სიტი”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და ლონდონის “არსენალი” არიან.

 

ვენგერი: “ბორუსიას” წინააღმდეგ მატჩი ყოველთვის საინტერესო და მძიმე გამოდის”

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს ლონდონის “არსენალი სტუმრად დორტმუნდის “ბორუსიასთან” ჩაატარებს.

“მეთოფეთა” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი შეხვედრას ფიზიკურად კარგად მომზადებული შეხვდება. ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტი ამბობს, რომ მეტოქე დაწვრილებით შეისწავლა, თუმცა ეს რაიმე უპირატესობას არ იძლევა.

“არსენალსა” და “ბორუსიას” შორის მატჩები ყოველთვის საინტერესო, ამავდროულად მძიმე გამოდის. ჩვენ ერთმანეთის წინააღმდეგ არაერთხელ გვითამაშია, თუმცა ეს დამატებით უპირატესობას არ გვაძლევს.

ჩემი ბიჭები “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში ფიზიკურად კარგად გამოიყურებოდნენ. იმედი მაქვს, “ბორუსიასთან” შეხვედრასაც ასე მომზადებული შეხვდება გუნდი.

“ჩემპიონთა ლიგაზე მთავარი საფრთხე კვლავ გერმანული და ესპანური გუნდებისგან გველის. უბრალოდ შეხედეთ, ბოლო პერიოდში რამდენჯერ გავიდა ფინალში მიუნხენის “ბაიერნი”. “ბორუსიაც” ტურნირის რეგულარული მონაწილეა. ესპანეთიდან კი, ჩემპიონთა ლიგას ორი ფავორიტი ჰყავს – მადრიდის “რეალი” და “ბარსელონა”, – ვენგერის სიტყვები “არსენალის” ოფიციალური ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მატჩი “ბორუსიასა” და “არსენალს” შორის დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე აიღებს სტარტს.

 

მხითარიანი: “ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა შეგვიძლია”

დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი დარწმუნებულია, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალში გასვლა შეუძლია.

“რატომ ვერ უნდა გავიდეთ ფინალში? საჭირო ძალა გვაქვს ამის გასაკეთებლად. შეგვიძლია, კვლავ ვითამაშოთ ფინალურ მატჩში და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის”, – ციტირებს მხითარიანის სიტყვებს Goal.com-ი.

შეგახსენებთ, რომ “ბორუსია” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ლონდონის “არსენალთან”, “გალათასარაისთან” და “ანდერლეხტთან” ერთად არის მოხვედრილი. გერმანული გუნდი ტურნირზე პირველ მატჩს შინ, “არსენალის” წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა 16 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

 

პოლონეთის ნაკრებს თბილისში ბლაშჩიკოვსკი დააკლდება?

პოლონეთის ნაკრების კაპიტან იაკუბ ბლაშჩიკოვსკის ქრონიკულად არ უმართლებს. 28 წლის ნახევარმცველმა ძლივს მუხლის ტრავმა მოირჩინა, თუმცა უმალ ახალი დაზიანება მიიღო.

ბლაშჩიკოვსკიმ ამჯერად ბარძაყის ოთხთავა კუნთი დაიშავა. ამ ტრავმის გამო, პოლონელ ნახევარმცველს ოთხიდან ექვს კვირამდე უქმობა მოუწევს. არსებობს უფრო პესიმისტური ვარაუდიც, რომლის მიხედვითაც, პოლონეთის ნაკრების კაპიტანი მოედანზე გასვლას ორი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს. თუ ეს პროგნოზი გამართლდება, მისი თამაში საქართველოს ნაკრებთანაც კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება. ჩვენი გუნდი პოლონელებს 14 ნოემბერს უმასპინძლებს.

ამრიგად, იაკუბ ბლაშჩიკოვსკი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გერმანიისა და შოტლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ გასამართ მატჩებში ვერ მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრები 11 და 14 ოქტომბერს ჩატარდება.

 

ობამეიანგმა “ბაიერნის” კარში გატანილი გოლი ორიგინალურად აღნიშნა

გერმანიის სუპერთასის მატჩში დორტმუნდის “ბორუსიამ” მიუნხენის “ბაიერნი” ანგარიშით 2:0 დაამარცხა. პირველი გოლი 23-ე წუთზე ჰენრიხ მხითარიანმა გაიტანა, მეორე კი – 62-ე წუთზე პიერ-ემერიკ ობამეიანგმა. გაბონელმა ფეხბურთელმა გატანილი გოლი ორიგინალურად აღნიშნა, “სპაიდერმენის” ნიღაბი გაიკეთა.

სად ხურდებოდა მარიო გიოტცე “ბორუსიასთან” მატჩში

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი მარიო გიოტცე გერმანიის სუპერთასზე დორტმუნდის “ბორუსიას” წინააღმდეგ გამართული მატჩის (0:2) მიმდინარეობისას ტრიბუნქვეშა გვირაბში ხურდებოდა, რათა ყოფილი გუნდის ქომაგების მხრიდან ზედმეტი ყურადღება არ მიეპყრო.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

“ბორუსიამ” გერმანიის სუპერთასისთვის ბრძოლაში “ბაიერნს” აჯობა

13 აგვისტოს, “სიგნალ-იდუნა-პარკზე” გერმანიის სუპერთასისთვის ერთმანეთს დორტმუნდის “ბორუსია” და მიუნხენის “ბაიერნი” დაუპირისპირდნენ.

მატჩი იურგენ კლოპის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. 23-ე წუთზე ანგარიში ჰენრიხ მხითარიანმა გახსნა, 62-ე წუთზე კი პიერ-ემერიკ ობამეიანგმა მანუელ ნოიერის კარში მეორე გოლი გაიტანა. “ბაიერნისთვის” წაგებასთან ერთად ცუდი ის მოხდა, რომ ხავი მარტინესმა ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება საკაცით მოუხდა. სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი, რამდენად სერიოზულია დაზიანება.

აღსანიშნავია, რომ “ბორუსია” გერმანიის სუპერთასის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა, შარშანაც “ბაიერნი” დაამარცხა.

გერმანიის სუპერთასი
“ბორუსია” (დორტმუნდი) — “ბაიერნი” 2:0 (1:0)

“ბორუსია”: ლანგერაკი, პიშჩეკი, გინტერი, პაპასტატოპულოსი, შმელცერი (დურმი 46′), ჰოფმანი, კირხი (ბენდერი 85′), კელი, მხითარიანი, ობამეიანგი (რამოსი 63′), იმობილე.
მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი.

“ბაიერნი”: ნოიერი, ალაბა, ბოატენგი, ხავი მარტინესი (დანტე 31′), როდე, ჰოიბიერგი (გიოტცე 59′), ბერნატი, მიულერი (ლამი 46′), გაუდინო, ლევანდოვსკი, შაქირი.
მთავარი მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა.

გოლები: მხითარიანი 23′, ობამეიანგი 62′.
გაფრთხილებები: ჰოიბიერგი 45′, ბოატენგი 73′, ლამი 82′.

მთავარი მსაჯი: პეტერ გაგელმანი (ბრემენი).

რობერტ ლევანდოვსკი დორტმუნდის “ბორუსიას” წინააღმდეგ

დღეს გერმანიის სუპერთასის მატჩი გაიმართება. “სიგნალ-იდუნა-პარკზე” დორტმუნდის “ბორუსია” მიუნხენის “ბაიერნს” დაუპირისპირდება. საყოველთაო ყურადღების ცენტრშია ბუნდესლიგის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი რობერტ ლევანდოვსკი, რომელმაც მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში “ბორუსიადან” “ბაიერნში” გადაინაცვლა.

პოლონელი თავდამსხმელის შესახენ კომენტარი გააკეთა “ბაიერნის” თავდამსხმელმა კლაუდიო პიზარომ.

“ლევანდოვსკი კარგი ფეხბურთელია, ბევრ გოლს იტანს. ის მანჯუკიჩისგან განსხვავებული მოთამაშეა. ვიმედოვნებ, მას საქმეები პირველივე სეზონში კარგად წაუვა”, – განაცხადა პიზარომ “ევროსპორტის” ეთერში.

თავად ლევანდოვსკი ამბობს, რომ “ბორუსიას” წინააღმდეგ გასამართი შეხვედრა მისთვის განსაკუთრებული იქნება.

“დორტმუნდში ვითამაშებთ, “ბორუსიას” მოედანზე. ამ კლუბში ოთხი შესანიშნავი წელიწადი გავატარე და დამდეგი მატჩი ჩემთვის განსაკუთრებულია. ახლა უკვე “ბაიერნის” ფორმით გავალ მინდორზე. რა თქმა უნდა, მინდა, რომ თასი მოვიგო. “ბორუსიას” სტადიონზე სტუმარი გუნდის რიგებში ვითამაშებ და გრძნობაც სხვანაირი მექნება.

ვიცი, რომ “ბორუსია” კვალვ სახიფათო მეტოქე იქნება. იურგენ კლოპი ყოველთვის ახერხებს მებრძოლ ფეხბურთელთა ერთ გუნდად შეკვრას. გერმანიის ჩემპიონატის მოგებისთვის “ბორუსიასთან” ერთად “შალკე” და ლევერკუზენის “ბაიერიც” შეგვეცილება”, – აღნიშნა ლევანდოვსკიმ.

მატჩი “ბორუსიასა” და “ბაიერნს” შორის დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

 

დორტმუნდის “ბორუსიას” ახალი კაპიტანი ჰყავს

დორტმუნდის “ბორუსიას” ახალ სეზონში ახალი კაპიტანი ეყოლება. გუნდის კაპიტნის სამკლავურს მატს ჰუმელსი მოირგებს.

“ჰუმელსი ჩვენი გუნდის ახალი კაპიტანი იქნება. როისი და ვაიდენფელერი ვიცე-კაპიტნები გახდებიან”, – ნათქვამია “ბორუსიას” პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუნდს აქამდე სებასტიან კელი კაპიტნობდა, რომელმაც სამკლავური თავისივე ნებით დათმო.

 

ვატცკე: “როისი “ბორუსიაში” დარჩება”

დორტმუნდის “ბორუსიას” გენერალურმა დირექტორმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ კიდევ ერთხელ უარყო მარკო როისის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებული ინფორმაციის მართებულობა.

“ამ ზაფხულს უკვე ბევრჯერ ვთქვი, რომ როისი გუნდს არ დატოვებს. მარკო მომდევნო სეზონშიც ჩვენთან იქნება. იმის შანსი არ არსებობს, რომ მან სხვა კლუბში ითამაშოს. ვეცდებით, მასთან კონტრაქტი გავახანგრძლივოთ და დარწმუნებული ვარ, როისიც მოისურვებს კლუბთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას”, – ვატცკეს სიტყვები გერმანულმა გამოცემა “კიკერმა” გამოაქვეყნა.

მარკო როისს “ბორუსიასთან” მოქმედი კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულში ეწურება. მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 25 წლის ფეხბურთელით მიუნხენის “ბაიერნი”, “ბარსელონა” და “ლივერპული” იყვნენ დაინტერესებულნი.