“სარბიელის” საიუბილეო ნომერი გამოიცა

დღეს, 11-წლიანი პაუზის შემდეგ გაზეთ “სარბიელის” საიუბილეო ნომერი გამოიცა. ზუსტად 30 წლის წინ, 1990 წლის 28 დეკემბერს აღნიშნული გამოცემის პირველი ნომერი დაიბეჭდა. მას შემდეგ წლების განმავლობაში “სარბიელი” მკითხველს უამრავ საინტერესო მასალას აწვდიდა და რაც მთავარია, ეს არ იყო გაზეთის ფურცლებზე სტანდარტული სიტყვებით მშრალი ინფორმაციის გადმოცემა. “სარბიელის” ჟურნალისტებმა სპეციფიკური წერის მანერით შეძლეს ის, რომ გაზეთს საკუთარი სტილი ჩამოუყალიბდა, რისი წყალობითაც მისი გამორჩევა სხვა უამრავ გამოცემას შორის იყო შესაძლებელი. ყველაზე მთავარი კი საქმისადმი პასუხისმგებლობა და ის გულწრფელობა გახლდათ, რომლისთვისაც ამ გაზეთის ავტორებს ყველაზე კრიტიკულ პერიოდებშიც არ უღალატიათ, საქებს აქებდნენ, საკრიტიკებელს აკრიტიკებდნენ. მკითხველმაც მალე შეიყვარა “სარბიელი” და ყოველდღიურობის ნაწილად აქცია.

დღევანდელი საიუბილეო-საკოლექციო ნომერიც ტრადიციულ სტილშია გადაწყვეტილი, ისევ იმ ხალხის მიერაა შედგენილი, ისევ იმ ენით, ისევ ისე საინტერესოდ, ისევ იმ ფასად, განსხვავება კი ისაა, რომ გამოცემა 32-გვერდიანია.

ვულოცავთ “სარბიელს” 30 წლის იუბილეს!

ომი და მშვიდობა იტალიურ ფეხბურთში: ულტრასები და დაძმობილებული გუნდები

ულტრასული დაჯგუფება სპორტული გუნდის მხარდასაჭერად შექმნილ ქომაგთა ორგანიზებულ ჯგუფს ნიშნავს. მას საფუძველი 50-იანი წლების დასაწყისში ჩაეყარა და განვითარების პიკს 80-იან წლებში მიაღწია, როდესაც თითქმის ყველა საფეხბურთო კლუბს ჰყავდა ულტრასდაჯგუფება. ულტრასების ხსენებისას ხშირად ასოცირება ინგლისელ ხულიგნებთან ხდება, თუმცა ეს სტერეოტიპული წარმოდგენაა. მიუხედავად ამისა, ვერ უარვყოფთ იმ ფაქტს, რომ ულტრასდაჯგუფებებს შორის ძალადობა ხშირია, თუმცა ეს მათი არსებობის შედეგი უფრო არის, ვიდრე მიზანი.ულტრასები ძირითადად სტადიონის ქვედა იარუსზე, კარის მახლობელ სექტორებზე თავსდებიან და იქიდან ქომაგობენ თავიანთ გუნდს სხვადასხვა შეძახილებითა თუ სიმღერებით, ხშირად თვალსასეირო პერფორმანსებსაც დგამენ. ულტრასსამყაროში პოლიტიკაც ღრმად არის ფესვგადგმული. დაჯგუფებები ძირითადად მკვეთრად მემარცხენე ან მემარჯვენე მიმართულების პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებლები არიან და ხშირად ეს განსაზღვრავს სხვადასხვა გუნდების ფანკლუბების ერთმანეთთან დაახლოებას. ამასთან, მხოლოდ პოლიტიკა არ არის ორი ულტრასდაჯგუფების ერთმანეთთან დაძმობილების მიზეზი.

“ლაციო” და “ინტერი”
იტალიაში სხვადასხვა კლუბთა ულტრასდაჯგუფებებს შორის მეგობრობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითია რომის “ლაციოსა” და მილანის “ინტერის” ფანთა შემთხვევა. “ლაციოს” ულტრასები ცნობილნი არიან თავიანთი მკვეთრად მემარჯვენე შეხედულებებით, მათთვის არც სვასტიკის დემონსტრირებაა უცხო. ამ გარემოების გამო ისინი “ინტერის” ულტრასებს დაუძმობილდნენ. მართალია, “ნერაძურის” ფანდაჯგუფება ასეთივე ექსტრემალური შეხედულებებით ცნობილი არ არის, თუმცა მათ გარკვეული კავშირი აქვს იტალიის სხვადასხვა მემარჯვენე ჯგუფებთან, მათ შორის “შავ გულთან”.

აღნიშნული გუნდების ულტრასები ხშირად კიდებენ ტრიბუნებზე ერთმანეთის მიმართ პატივსაცემ ბანერებს. პოსტერი წარწერით “Da sempre fieri del nostro gemellaggio alla nord di Milano rendiamo omaggio” (“ვამაყობთ და პატივს ვცემთ ჩვენს დაძმობილებას მილანის ჩრდილოეთთან”) ამის ერთ-ერთი მაგალითია.

ამ ორ კლუბს შორის კავშირი კარგად გამოჩნდა 2010 წელს გაჩაღებულ სკუდეტოსთვის ბრძოლაში. გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე “ლაციო” “ინტერს” მასპინძლობდა, რომელსაც საჩემპიონო რბოლაში მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს. ტიტულისთვის ბრძოლაში მილანელთა უშუალო კონკურენტი “ლაციოს” თანაქალაქელი და პრინციპული მეტოქე “რომა” იყო, რომელიც ლიდერ “ინტერს” მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებოდა. ის შეხვედრა “ლაციომ” თითქმის უბრძოლველად, ანგარიშით 0:2 დათმო და ორ კვირაში “ინტერმა” ისტორიაში მე-18 სკუდეტოს მოგება იზეიმა.

“მილანი” და “ბრეშა”
იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ძმობა “მილანსა” და “ბრეშას” აკავშირებთ. მათი დამეგობრება პოლიტიკურმა შეხედულებებმა განაპირობა და მიუხედავად იმისა, რომ “მილანის” ულტრასდაჯგუფებაში იდეოლოგია შეიცვალა, ამ კლუბების ფანებს შორის ძმობა გრძელდება. ისინი ხშირად სტუმრობენ ერთმანეთის სტადიონებს დაძმობილებული გუნდის გასამხნევებლად. აღსანიშნავია, რომ “ბრეშასთან” დამეგობრებამ “მილანს” ურთიერთობა გაუფუჭა ბერგამოს “ატალანტასთან”.

“ატალანტა” და “ტერნანა”
თავის მხრივ, “ატალანტას” ულტრასდაჯგუფება ნაკლებად ცნობილია. პოლიტიკური იდეოლოგიის თვალსაზრისით ისინი მემარცხენეები არიან და ეს გახდა მათი საფეხბურთო კლუბ “ტერნანას” ფანებთან დაძმობილების მიზეზი. ასე რომ, თუ “ატალანტას” ქომაგთა შორის “ტერნანას” წითელ-მწვანე ფორმასაც მოკრავთ თვალს, არ გაგიკვირდეთ.

“ფიორენტინა” და “ვერონა”
განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგია არ არის ფანკლუბების დაძმობილებისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი, თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათია. “ფიორენტინას” ულტრასები მემარცხენეები არიან, ხოლო “ვერონასი” – მემარჯვენეები. ამ განსხვავების მიუხედავად, მათ ერთმანეთთან საკმაოდ მყარი ურთიერთობა აკავშირებთ.

“ფიორენტინა” და “ტორინო”
ორი სხვადასხვა კლუბის ულტრასები შესაძლოა, საერთო მოძულე გუნდმა გააერთიანოს. მაგალითად, “ტორინოსა” და “ფიორენტინას” ფანები ერთმანეთთან “იუვენტუსის” სიძულვილმა დაამეგობრა. ამ გუნდების ულტრასები სტადიონზე ერთმანეთს თბილი შინაარსის ბანერებით ესალმებიან: “Il popolo Fiorentino saluta la vera Torino” (“ფლორენციელი ხალხი მიესალმება ნამდვილ ტურინს”).

მარტოხელა “იუვენტუსი”
“იუვენტუსი” იტალიაში გარკვეულწილად მარტოხელა კლუბია. “ბებერი სინიორას” ულტრასებს სხვა გუნდის ფანებთან ალიანსი არ შეუქმნიათ და ამას მრავალი მიზეზი აქვს, რომელთაგან ორია გამოსაყოფი: “იუვენტუსი” იტალიის მასშტაბით ყველაზე წარმატებული გუნდია და ეს სხვა გუნდის ფანებისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორია, ხოლო მეორე მიზეზად “კალჩოპოლის” სკანდალი უნდა მივიჩნიოთ. მართალია, “იუვენტუსმა” ძველი დიდება მალევე დაიბრუნა, თუმცა ტიტულების მოგებაზე რთული გატეხილი სახელის აღდგენა აღმოჩნდა. “იუვეს” ულტრასები მეგობრებს იტალიის გარეთ ეძებენ და ყველაზე მყარი კავშირი ნიდერლანდურ “დენ ჰააგის” ფანებთან აქვთ.

“პარმა” და “სამპდორია”
იტალიურ ფეხბურთში ერთმანეთთან დაძმობილების შედარებით ნაკლებად ცნობილი შემთხვევებია “პარმასა” და “სამპდორიას” ფანებისა და “ნაპოლისა” და “ჯენოას” ულტრასების მეგობრობა. “პარმასა” და “სამპდორიას” ფანების ძმობა ოც წელზე მეტს ითვლის. 2009 წლის კოპა იტალიის ფინალურ მატჩში გენუელთა საქომაგოდ “პარმას” ფანები რომში საგანგებოდ ჩავიდნენ კიდეც.

“ნაპოლი” და “ჯენოა”
“ნაპოლისა” და “ჯენოას” დამეგობრებას საფუძველი 1982 წელს ჩაეყარა. იმ სეზონის ბოლო ტურში გენუელებს სერია A-ში დასარჩენად კინკილა ქულა ჰყოფნიდათ, თუმცა “სან პაოლოზე” 0:1 მარცხდებოდნენ. საბოლოო ჯამში, ის შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა, “ჯენოამ” გადასარჩენად საჭირო ქულა მოიპოვა და სერია B-ში მის ნაცვლად “მილანი” დაქვეითდა. ამ ისტორიულმა მოვლენამ “ჯენოას” ულტრასების “ნაპოლის” ფანებთან დამეგობრება განაპირობა.

დარღვეული ძმობა
ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც ძლიერი და ერთი შეხედვით დაუშლელი ძმობა დარღვეულა. “ინტერისა” და “ვერონას” ულტრასთა მეგობრობა 80-იან წლებში დაიწყო და 2001 წლამდე გაგრძელდა. შემდეგ “ვერონას” ულტრასდაჯგუფების სათავეში ახალი ხალხი მოვიდა და “ინტერთან” “მეგობრობის ხელშეკრულებაც” გაუქმდა.

სხვადასხვა კლუბების ულტრასების ერთმანეთთან დამეგობრების შემთხვევები იტალიურ ფეხბურთს ლამაზ, რომანტიკულ ელფერს სძენს და ეს ისტორიები დასტურია იმისა, რომ ულტრასკონცეფცია უფრო მეტია, ვიდრე ხულიგნებთან ასოცირებული სტერეოტიპული შეხედულება.

რატომ მოუხადა ბოდიში მალდინიმ მარადონას

“მილანის” ყოფილმა კაპიტანმა პაოლო მალდინიმ გაიხსენა ეპიზოდი, როდესაც მას დიეგო მარადონასთვის ბოდიშის მოხდა მოუწია:

“სერია A-ს დიდების დარბაზის დაჯილდოების ცერემონია იყო, მე მის გვერდით ვიჯექი. ეკრანზე ჩვენი დაპირისპირების რამდენიმე ეპიზოდი აჩვენეს. თავს ყოველთვის კორექტულ მცველად ვთვლიდი, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ იმ ვიდეოებში მის წინააღმდეგ ძალზედ უხეშად ვთამაშობდი. ეს მხოლოდ იმიტომ ხდებოდა, რომ მარადონა ჩემს ქმედებებს წინასწარ იცნობდა და მე ყოველთვის ვაგვიანებდი.

ის ძალიან სწრაფი იყო, მას მთელი კარიერის განმავლობაში ურტყამდნენ. შემრცხვა და იმ ვიდეოკლიპის ნახვის შემდეგ მარადონას ბოდიში მოვუხადე.

ის ძალზედ მარდად აკონტროლებდა ბურთს და სწრაფად ცვლიდა მიმართულებას. მარადონა მართლაც ექსტრაორდინარული ფეხბურთელი იყო”.

შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა. ის “ნაპოლის” შემადგენლობაში 1984-დან 1991 წლამდე თამაშობდა. არგენტინელი ფეხბურთელი ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, თითო-თითოჯერ კი ქვეყნის თასს და სუპერთასს დაეუფლა, ერთხელ მოიგო უეფას თასი. მის პატივსაცემად “ნაპოლიმ” კლუბში ათნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღო.

მარადონა: “მესის გარეშე არგენტინა ერთი ჩვეულებრივი გუნდია”

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, დიეგო არმანდო მარადონამ, არგენტინის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემდეგ პრესასთან ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ “ალბისელესტე” მერვედფინალში საფრანგეთთან დამარცხდა (3:4).

“კინოთეატრში უფრო ვიყავით, ვიდრე მოედანზე, რადგანაც თვალს დაანონსებულ სიკვდილს ვადევნებდით. ასეც მოხდა. მოსალოდნელი იყო ასეთი შედეგი.

საფრანგეთმა მესისა და ნახევარდაცვის ჩაკეტვა შეძლო. ლეო გუნდის დახმარებას ვერ ახერხებდა, მის გარეშე კი არგენტინა ერთი ჩვეულებრივი, ნორმალური დონის გუნდია.

კიდევ ერთმა მსოფლიო ჩემპიონატმა ჩაიარა და ჩვენ ისევ ვერაფერი მოვიგეთ. სამწუხაროა, რომ არგენტინის ნაკრები კიდევ ერთ მუნდიალს შეხვდა მოუმზადებლად,” – აცხადებს მარადონა.

მარადონამ არგენტინის ნაკრების პრობლემებზე ისაუბრა

დიეგო მარადონამ მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინელთა ასპარეზობა შეაფასა. როგორც იცით, “ალბისელესტე” ხორხე სამპაოლის ხელმძღვანელობით მსოფლიო ჩემპიონატის ორი ტურის შემდეგ ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებს.

“ხალხს სჯროდა, რომ სამპაოლი ნაკრებში არსებულ პრობლემებს კომპიუტერების, დრონებისა და 14 ასისტენტის დახმარებით მოაგვარებდა. ახლა კი არგენტინას მიზანი არ აქვს და არც ერთი პრობლემა არ არის გადაწყვეტილი – არც დაცვაში, არც ნახევარდაცვაში და არც შეტევაში.

რაც შეეხება ფედერაციას, იქ ისეთი ადამიანები მუშაობენ, რომლებთაც ფეხბურთის არაფერი ესმით. შედეგად კი ასეთი ნაკრები გვაქვს.

როგორც ვხედავ, ნაკრების ჩავარდნას ყველა მესის აბრალებს. მესიმ ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა. ის ვერ შეძლებს თანაგუნდელების პრობლემები თავად მოაგვაროს,” – აცხადებს მარადონა.

რამოსი:”ყველამ იცის, რომ მარადონა სინათლის წლებით ჩამორჩება მესის”

ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” კაპიტანი, სერხიო რამოსი დიეგო მარადონას კომენტარს გამოეხმაურა და მესის საუკეთესო არგენტინელი ფეხბურთელი უწოდა ფეხბურთის ისტორიაში.

რამდენიმე დღის წინ, TeleSur-თან საუბრისას, მარადონამ დიეგო გოდინი რამოსზე წინ დააყენა:”რამოსი უნაკლოა? არა, უნაკლო გოდინია. ის ყველას იცავს და მათ წინსვლის უფლებას აძლევს, გააქვს და ჩემპიონი ხდება.”

რამოსი კი მარადონას ასე გამოეხმაურა: “არგენტინაში ყველამ იცის, რომ მარადონა რამდენიმე სინათლის წლით ჩამორჩება საუკეთესო არგენტინელ ფეხბურთელს. ჩემთვის ეს ლეო მესია,” – განაცხადა რამოსმა.

დიეგო მარადონას უმსგავსო საქციელი არგენტინის მატჩის მიმდინარეობისას

არგენტინისა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, დიეგო მარადონა, არგენტინისა და ისლანდიის მატჩს დაესწრო, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა. მატჩის მიმდინარეობისას ეს უკანასკნელი უმსგავსო საქციელში გამოიჭირეს.

როგორც იცით, მსოფლიო ჩემპიონატის არცერთ სტადიონზე არ არის ნებადართული მოწევა, თუმცაღა დიეგო მარადონა ამ შეზღუდვას არ დაემორჩილა და ყველასთვის დასანახად გააბოლა სიგარა.

გარდა ამისა, როგორც BBC-ის ჟურნალისტი, ჯეკი უოტლი, გვატყობინებს, მან აზიელი ფანების მიმართ რასისტული ჟესტიც გამოიყენა: “მარადონა არც ისეთი კარგია, როგორიც ყველას ჰგონია. სამხრეთ კორეელი ფანები მის სახელს სკანდირებდნენ, მარადონა გაიღიმა და თითებით თვალები დაიწვრილა. მისი რასისტული ქმედებით ყველანი გაკვირვებულები დავრჩით.”

დიეგო მარადონა: “სამპაოლიმ მიღალატა და ამგვარად მიუახლოვდა არგენტინის ნაკრებს”

დიეგო მარადონა, რომელსაც ხშირად მსოფლიოს ყველა საუკეთესო ფეხბურთელის სახელითაც მოიხსენიებენ, თვლის, რომ სამპაოლიმ უღალატა და ეს არგენტინის ნაკრებთან დაახლოვებისთვის გააკეთა. შეგახსენებთ, რომ სამპაოლიმ “ალბისელესტე” გასულ წელს ჩაიბარა.

“სამპაოლი ნაკრებში თავისი დამხმარეების თანხლებით მოდის და ცდილობს დაგვიმტკიცოს, რომ ბურთი მრგვალია. ვფიქრობ, ყველაზ მეტად სწორედ აქ ცდება ის.

ფეხბურთის არცერთ მცოდნეს ახსოვს მის მიერ გატანილი გოლი და არც სმენია ამის შესახებ. ვფიქრობ, მან პატივი უნდა სცეს იმას, რაც ჩვენ დავტოვეთ, რაც არგენტინის ნაკრებისთვის გავაკეთეთ.

როდესაც “სევილიაში” იყო, მან ფეხბურთზე სასაუბროდ მიმიწვია. თუმცა ახლა ვხვდები, რომ მას სხვა მიზნები ჰქონდა – უნდოდა ნაკრებს დაახლოვებოდა. მან მე მიღალატა,” – აცხადებს მარადონა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ამხანაგური შეხვედრა არგენტინამ “ფურია როხასთან” გამანადგურებელი ანგარიშით, 6-1, დათმო.

მარადონა აგუეროს ოჯახის დანგრევას ჯერ კიდევ არ პატიობს (ფოტო)

დიეგო მარადონას ადვოკატის, მატიას მორლას მიერ სოციალურ ქსელში განთავსებული ფოტო ვირუსულად გავრცელდა. ფოტოში, რომელიც ლეგენდარული არგეტნინელის სახლშია (დუბაი) გადაღებული, მორლა მარადონასთან ერთად პოზირებს.

ერთი შეხედვით უცნაური არაფერია, თუ რა თქმა უნდა, ოჯახური სურათები არ მოგვხვდება თვალში. ფოტოში კარგად ჩანს კედელზე მიმაგრებული ოჯახური სურათები, რომელშიც მარადონას შვილიშვილი, ბენჟამინი მამამისთან ერთად ფიქსირდება – თუმცაღა აგუეროს სახე შავი მარკერით არის გამუქებული.

საქმე ისაა, რომ აგუერო მარადონას ქალიშვილს, ჯანინას 2012 წელს დაშორდა და როგორც ჩანს, დიეგო ჯერაც ვერ პატიობს აგუეროს ოთხწლიანი ურთიერთობის დანგრევას.

მარადონა ფიფაში იმუშავებს

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო არმანდო მარადონა ფიფას სტრუქტურაში იმუშავებს.

“უკვე ოფიციალურად: როგორც იქნა, ერთ-ერთი ოცნების ახდენის საშუალება მომეცა: ფიფას სისუფთავესა და გამჭირვალობაზე ვიმუშავებ იმ ხალხთან ერთად, რომელსაც ნამდვილად უყვარს ფეხბურთი. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ ახალი გამოწვევის წინაშე დამაყენა”, – დაწერა სოციალურ ქსელში მარადონამ.

შეგახსენებთ, რომ ზეპ ბლატერის პრეზიდენტობის დროს დიეგო მარადონას ფიფასთან საკამოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.

გულიტი: “მესისა და რონალდუს კარგი თანაგუნდელები ჰყავთ, მარადონა კი მარტო იყო”

ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა, “მილანის” ყოფილმა ნახევარმცველმა რუდ გულიტმა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად “ბარსელონასა” და “ნაპოლის” ექსშემტევი დიეგო მარადონა დაასახელა.

“ყველანი იმაზე ვფიქრობდით, როგორ შეგვეჩერებინა მარადონა. ჩემთვის იგი იყო და რჩება ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ. ბევრს პელე ურჩევნია, მაგრამ მე ბრაზილიელის თამაში მხოლოდ ტელევიზიით მაქვს ნანახი, მარადონასთან კი მითამაშია.

თუ სიტყვას მესისა და რონალდუზე ჩამომიგდებთ, გეტყვით, რომ მათ დრიბლინგი შეუძლიათ. აი, მარადონას კი არ შეეძლო, იგი უბრალოდ უნდა გადახტომოდა მეტოქეს, თორემ ფეხებს მოსტეხავდნენ. მაგალითად, ბილბაოს “ატლეტიკში” მოთამაშე ანდონი გიოკოეჩეამ მას ფეხი მართლაც მოსტეხა.

მაშინ თავდამსხმელები წესებით დაცულნი არ იყვნენ. მსაჯი მხოლოდ მაშინ უსტვენდა, თუ ხალხი აღშფოთდებოდა. საბედნიეროდ, დღეს სხვა სიტუაციაა. მესი და რონალდუ არიან გუნდებში, რომლებიც მათთვის თამაშობენ. ისინი მშვენიერი დამაგვირგვინებლები არიან. მარადონა მარტო გახლდათ და იყო მეტოქეების მსხვერპლი. თუ დიეგოს ძირს დასცემდი, ეს დიდი პატივი იყო.

კიდევ ერთი რამ, რაც დიეგოში მომწონს, არის ის, რომ არცერთ მის თანაგუნდელს მასზე ცუდი არასდროს უთქვამს. ეს ნიშნავს იმას, რომ მარადონა ყოველთვის მათთვის იყო”, – გულიტის კომენტარი “ლა რეპუბლიკამ” გამოაქვეყნა.

მარადონა: “იკარდი არგენტინის ნაკრებში არ უნდა გამოიძახონ”

დიეგო არმანდო მარადონამ პრესასთან საუბრისას მკაცრად გააკრიტიკა მაურო იკარდი, რომელსაც არგენტინის ნაკრებში მხოლოდ ერთი მატჩი აქვს ჩატარებული.

“მაურო იკარდი არგენტინის ნაკრებს უნდა დააშორონ, თანაც საკმაოდ დიდი მანძილით. იკარდის ნაცვლად, მირჩევნია გუნდში 44 წლის ბასან ვერა გამოიძახონ.

იკარდი ნაკრებისთვის არა მეოთხე, არამედ მეშვიდე არჩევანი უნდა იყოს.” – განაცხადა ლეგენდარულმა მარადონამ.

შეგახსენებთ, რომ იკარდი ამჟამად “ინტერის” ღირსებას იცავს. “ნერაძურის” მაისურით ჩატარებულ 129 მატჩში მას 68 გოლი და 21 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.