“ფიორენტინას” თავდამსხმელ დუშან ვლაჰოვიჩის საცხოვრებელ სახლთან ფლორენციის პოლიცია მობილიზდა. ამის საჭიროება მას შემდეგ გაჩნდა, რაც “ვიოლას” ტიფოზები სერბ ფეხბურთელს ფიზიკური დაპირისპირებით დაემუქრნენ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ 21 წლის ფორვარდი კარიერას ტურინის “იუვენტუსში” გააგრძელებს, რამაც “ფიორენტინას” ფანების აღშფოთება გამოიწვია. “ვიოლას” ქომაგებმა ფლორენციული კლუბის სტადიონთან ბანერები გამოფინეს, რომელზეც ვლაჰოვიჩის მიმართ შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი გზავნილებია გამოყენებული.
თავად დუშან ვლაჰოვიჩს მომხდართან დაკავშირებით პოლიციაში საჩივარი არ შეუტანია, თუმცა სამართალდამცავმა ორგანომ უსაფრთხოების მიზნით ფეხბურთელის სახლთან პატრულირება მაინც გადაწყვიტა.
დღეს ლეგენდარულ იტალიელ კიპერ ფრანჩესკო ტოლდოს 50 წელი შეუსრულდა. Fanebi.Com-ი თქვენთან ერთად გაიხსენებს ტოლდოს კარიერის ყველაზე გამორჩეულ ეპიზოდებს.
ჰოლანდიის დამმარცხებელი
ნიჭიერ მეკარეს დიდი ხნის განმავლობაში არ უმართლებდა: ის უმეტესად უფრო სახელოვანი თანაგუნდელების ჩრდილში ექცეოდა. ასე იყო ნაკრებში და ასე იყო “ინტერშიც”. ტოლდომ ეროვნულ ნაკრებში 2000 წლის ევროპის ჩემპიონატზე გაიბრწყინა. ტურნირამდე გამართულ ამხანაგურ მატჩში ჯანლუიჯი ბუფონმა ხელი მოტეხა და ასე გაეხსნა გზა ფრანჩესკოს.
ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე, “ამსტერდამ არენაზე”, ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში ტოლდომ ექვსი პენალტიდან მხოლოდ ერთი გაუშვა. აქედან ორი თერთმეტმეტრიანი შეხვედრის ძირითად დროში დაინიშნა. თანაც, იტალიელები ჯანლუკა ძამბროტას გაძევების შემდეგ მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში იყვნენ. ტოლდომ ჯერ ფრანკ დე ბურის დარტყმული მოიგერია, შემდეგ კი პატრიკ კლუივერტმა ბურთი ძელს გაარტყა. პენალტების სერიაში ჰოლანდიელები აშკარად ცუდად გამოიყურებოდნენ. ტოლდომ თითქოს მოაჯადოვა იმ საღამოს თავისი კარი. როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, ტოლდომ მატჩის წინა ღამეს პერსონალურ კომპიუტერში დისკეტებზე ჩაწერილი მასალის დახმარებით მეტოქე გუნდი პენალტების შესრულების მხრივ დაწვრილებით შეისწავლა.
მხსნელი გოლეადორი
ტოლდოს “ინტერი” ბევრჯერ გადაურჩენია, თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი არა საკუთარ, არამედ მეტოქე გუნდის კართან მოხდა. 2002 წელი, პრინციპული ბრძოლა ტურნირის “იუვენტუსთან”. ყველაზე დრამატული მატჩის ბოლო ნაწილი გამოდგა: 89-ე წუთზე პიერლუიჯი კოლინამ „ინტერის” კარის მიმართულებით საეჭვო პენალტი დანიშნა, რომელიც ალესანდრო დელ პიერომ გოლად აქცია. 95-ე წუთზე კი ნამდვილი სასწაული მოხდა: „იუვენტუსის” კართან კუთხური დაინიშნა, ტოლდო მეტოქის საჯარიმოსკენ გაეშურა, ბურთის მოწოდების შემდეგ არეულობა შეიქმნა, რითაც ფრანჩესკომ ისარგებლა და ბურთი ბუფონის კარში გადაგზავნა. ტურინელებს ისღა დარჩენოდათ, კოლინასთან დაეჩივლათ, ჩვენს მეკარეზე თავდასხმა მოხდაო, თუმცა გოლი გავიდა და ამას ვინღა გააუქმებდა?!
“იების” საგუშაგოზე
90-იანი წლების ბოლოს “ფიორენტინა” მრისხანე ძალა იყო. “იების” რიგებში მანუელ რუი კოშტა და “მკვლელად” წოდებული ფორვარდი გაბრიელ ომარ ბატისტუტა ბრწყინავდნენ, თუმცა ერთ დღეს, როდესაც კლუბის მთავარ მწვრთნელ ჯოვანი ტრაპატონის ჰკითხეს, თუ ვინ იყო მისი გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა, მან ასეთად ტოლდო დაასახელა. 1998/99 წლების სეზონში “ფიორენტინა” დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა სერია A-ს, თუმცა ფინიშის ხაზთან მას “მილანმა” და “ლაციომ” გადაასწრეს. ამის მიუხედავად, ქომაგებს სიხარული არ განელებიათ, რადგან “ფიორენტინამ” ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა და რაც ყველაზე მთავარია, ფლორენციელები იშვიათი სილამაზის ფეხბურთს თამაშობდნენ.
“ფიორენტინა” ჩემპიონთა ლიგაზეც ღირსეულად გამოვიდა. ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ მატჩად ლონდონის “არსენალთან” სტუმრად გამართული მატჩი გამოდგა. იმ შეხვედრაში ფლორენციელები ბატისტუტას გოლით დაწინაურდნენ, რის შემდეგაც ლონდონელებმა შეტევები კიდევ უფრო გაამწვავეს და რომ არა ტოლდო, ინგლისელები, ალბათ, სასურველ შედეგსაც მიაღწევდნენ. იტალიელმა კიპერმა “ჰაიბერიზე” ნამდვილი სასწაული ჩაიდინა, როდესაც ორი მეტრის მანძილიდან კანუს დარტყმულზე რეაგირება მოასწრო და ბურთი მოიგერია. ნიგერიელ თავდამსხმელს ასეთი გაოცებული სახე, ალბათ, არც მანამდე და არც მას შემდეგ არ ჰქონია.
ტოლდო იტალიის ხუთგზის ჩემპიონი და “ინტერის” შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია, თუმცა მან ეს ტიტული მაშინ მოიგო, როდესაც მილანური გუნდის პირველ მეკარედ ჟულიო სეზარი ითვლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ტოლდო ქალაქ მილანიდან არ არის და არც “ინტერს” ქომაგობდა ბავშვობიდანვე, მან “ნერაძურის” სამაგალითოდ უერთგულა: “ინტერის” გამო უარი “ბენფიკას”, “ბაიერნს”, “ლივერპულსა” და “რეალს” ვუთხარი. ამ კლუბში გამარჯვება განსაკუთრებული რამაა. ეს იმ გრძნობას ჰგავს, შტორმის შემდეგ პორტს რომ უბრუნდები”.
ფრანჩესკო ტოლდო შეყვანილი იყო 1998 და 2002 წლის მსოფლიოს და 2004 წლის ევროპის ჩემპიონატების სანაკრებო განაცხადებში, თუმცა არცერთ მატჩში არ უთამაშია. მან იტალიის ნაკრებში ჩატარებულ 28 შეხვედრაში მხოლოდ 15 გოლი გაუშვა. გარდა ამისა, ტოლდო იტალიის რესპუბლიკისადმი გაწეული დამსახურებისთვის დაჯილდოებულია კავალერის ორდენით.
ყველაზე დიდი გამარჯვება
ფრანჩესკო ტოლდოს კარიერის მანძილზე 16 გუნდური ტიტული აქვს მოგებული, თუმცა იგი ყველაზე დიდ გამარჯვებად იმ სიყვარულს თვლის, რომელსაც ხალხისგან გრძნობს: “იცით, რა არის საუკეთესო? ხალხს 40 წლისა და უფრო დიდი ხნის ასაკშიც ვახსოვარ და ადამიანები ჩემზე დადებითად საუბრობენ. ჩემდამი ხალხის გულთბილი განწყობა ჩემთვის ყველაზე დიდი გამარჯვებაა”.
კარიერის დასრულება
ფრანჩესკო ტოლდო თავმდაბალი და მოკრძალებული პიროვნებაა და კარიერაც მოკრძალებულად, გამოსათხოვარი მატჩის გარეშე დაასრულა. 2010 წლის 7 ივლისს ტოლდომ კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა: “კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მივიღე. ამას ოფიციალურად პირველად ვამბობ, ამიტომ ძალიან მიჭირს, თუმცა კლუბიდან არ მივდივარ — ახალგაზრდებთან მუშაობას გავაგრძელებ. რაც შეეხება გამოსათხოვარ მატჩს, ის არ იქნება“.
პროფესიული კარიერის დასრულების შემდეგ ფრანჩესკო ტოლდო გარკვეული ხნით იტალიის 21-წლამდელთა ნაკრებში მეკარეების მწვრთნელად მუშაობდა, დღესდღეობით კი პროექტ “ინტერი” სამუდამოდ” ერთ-ერთი ხელმძღვანელია. პროექტი კლუბის ლეგენდარულ ფეხბურთელებს აერთიანებს.
დღეს, 11-წლიანი პაუზის შემდეგ გაზეთ “სარბიელის” საიუბილეო ნომერი გამოიცა. ზუსტად 30 წლის წინ, 1990 წლის 28 დეკემბერს აღნიშნული გამოცემის პირველი ნომერი დაიბეჭდა. მას შემდეგ წლების განმავლობაში “სარბიელი” მკითხველს უამრავ საინტერესო მასალას აწვდიდა და რაც მთავარია, ეს არ იყო გაზეთის ფურცლებზე სტანდარტული სიტყვებით მშრალი ინფორმაციის გადმოცემა. “სარბიელის” ჟურნალისტებმა სპეციფიკური წერის მანერით შეძლეს ის, რომ გაზეთს საკუთარი სტილი ჩამოუყალიბდა, რისი წყალობითაც მისი გამორჩევა სხვა უამრავ გამოცემას შორის იყო შესაძლებელი. ყველაზე მთავარი კი საქმისადმი პასუხისმგებლობა და ის გულწრფელობა გახლდათ, რომლისთვისაც ამ გაზეთის ავტორებს ყველაზე კრიტიკულ პერიოდებშიც არ უღალატიათ, საქებს აქებდნენ, საკრიტიკებელს აკრიტიკებდნენ. მკითხველმაც მალე შეიყვარა “სარბიელი” და ყოველდღიურობის ნაწილად აქცია.
დღევანდელი საიუბილეო-საკოლექციო ნომერიც ტრადიციულ სტილშია გადაწყვეტილი, ისევ იმ ხალხის მიერაა შედგენილი, ისევ იმ ენით, ისევ ისე საინტერესოდ, ისევ იმ ფასად, განსხვავება კი ისაა, რომ გამოცემა 32-გვერდიანია.
ულტრასული დაჯგუფება სპორტული გუნდის მხარდასაჭერად შექმნილ ქომაგთა ორგანიზებულ ჯგუფს ნიშნავს. მას საფუძველი 50-იანი წლების დასაწყისში ჩაეყარა და განვითარების პიკს 80-იან წლებში მიაღწია, როდესაც თითქმის ყველა საფეხბურთო კლუბს ჰყავდა ულტრასდაჯგუფება. ულტრასების ხსენებისას ხშირად ასოცირება ინგლისელ ხულიგნებთან ხდება, თუმცა ეს სტერეოტიპული წარმოდგენაა. მიუხედავად ამისა, ვერ უარვყოფთ იმ ფაქტს, რომ ულტრასდაჯგუფებებს შორის ძალადობა ხშირია, თუმცა ეს მათი არსებობის შედეგი უფრო არის, ვიდრე მიზანი.ულტრასები ძირითადად სტადიონის ქვედა იარუსზე, კარის მახლობელ სექტორებზე თავსდებიან და იქიდან ქომაგობენ თავიანთ გუნდს სხვადასხვა შეძახილებითა თუ სიმღერებით, ხშირად თვალსასეირო პერფორმანსებსაც დგამენ. ულტრასსამყაროში პოლიტიკაც ღრმად არის ფესვგადგმული. დაჯგუფებები ძირითადად მკვეთრად მემარცხენე ან მემარჯვენე მიმართულების პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებლები არიან და ხშირად ეს განსაზღვრავს სხვადასხვა გუნდების ფანკლუბების ერთმანეთთან დაახლოებას. ამასთან, მხოლოდ პოლიტიკა არ არის ორი ულტრასდაჯგუფების ერთმანეთთან დაძმობილების მიზეზი.
“ლაციო” და “ინტერი”
იტალიაში სხვადასხვა კლუბთა ულტრასდაჯგუფებებს შორის მეგობრობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითია რომის “ლაციოსა” და მილანის “ინტერის” ფანთა შემთხვევა. “ლაციოს” ულტრასები ცნობილნი არიან თავიანთი მკვეთრად მემარჯვენე შეხედულებებით, მათთვის არც სვასტიკის დემონსტრირებაა უცხო. ამ გარემოების გამო ისინი “ინტერის” ულტრასებს დაუძმობილდნენ. მართალია, “ნერაძურის” ფანდაჯგუფება ასეთივე ექსტრემალური შეხედულებებით ცნობილი არ არის, თუმცა მათ გარკვეული კავშირი აქვს იტალიის სხვადასხვა მემარჯვენე ჯგუფებთან, მათ შორის “შავ გულთან”.
აღნიშნული გუნდების ულტრასები ხშირად კიდებენ ტრიბუნებზე ერთმანეთის მიმართ პატივსაცემ ბანერებს. პოსტერი წარწერით “Da sempre fieri del nostro gemellaggio alla nord di Milano rendiamo omaggio” (“ვამაყობთ და პატივს ვცემთ ჩვენს დაძმობილებას მილანის ჩრდილოეთთან”) ამის ერთ-ერთი მაგალითია.
ამ ორ კლუბს შორის კავშირი კარგად გამოჩნდა 2010 წელს გაჩაღებულ სკუდეტოსთვის ბრძოლაში. გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე “ლაციო” “ინტერს” მასპინძლობდა, რომელსაც საჩემპიონო რბოლაში მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს. ტიტულისთვის ბრძოლაში მილანელთა უშუალო კონკურენტი “ლაციოს” თანაქალაქელი და პრინციპული მეტოქე “რომა” იყო, რომელიც ლიდერ “ინტერს” მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებოდა. ის შეხვედრა “ლაციომ” თითქმის უბრძოლველად, ანგარიშით 0:2 დათმო და ორ კვირაში “ინტერმა” ისტორიაში მე-18 სკუდეტოს მოგება იზეიმა.
“მილანი” და “ბრეშა”
იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ძმობა “მილანსა” და “ბრეშას” აკავშირებთ. მათი დამეგობრება პოლიტიკურმა შეხედულებებმა განაპირობა და მიუხედავად იმისა, რომ “მილანის” ულტრასდაჯგუფებაში იდეოლოგია შეიცვალა, ამ კლუბების ფანებს შორის ძმობა გრძელდება. ისინი ხშირად სტუმრობენ ერთმანეთის სტადიონებს დაძმობილებული გუნდის გასამხნევებლად. აღსანიშნავია, რომ “ბრეშასთან” დამეგობრებამ “მილანს” ურთიერთობა გაუფუჭა ბერგამოს “ატალანტასთან”.
“ატალანტა” და “ტერნანა”
თავის მხრივ, “ატალანტას” ულტრასდაჯგუფება ნაკლებად ცნობილია. პოლიტიკური იდეოლოგიის თვალსაზრისით ისინი მემარცხენეები არიან და ეს გახდა მათი საფეხბურთო კლუბ “ტერნანას” ფანებთან დაძმობილების მიზეზი. ასე რომ, თუ “ატალანტას” ქომაგთა შორის “ტერნანას” წითელ-მწვანე ფორმასაც მოკრავთ თვალს, არ გაგიკვირდეთ.
“ფიორენტინა” და “ვერონა”
განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგია არ არის ფანკლუბების დაძმობილებისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი, თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათია. “ფიორენტინას” ულტრასები მემარცხენეები არიან, ხოლო “ვერონასი” – მემარჯვენეები. ამ განსხვავების მიუხედავად, მათ ერთმანეთთან საკმაოდ მყარი ურთიერთობა აკავშირებთ.
“ფიორენტინა” და “ტორინო”
ორი სხვადასხვა კლუბის ულტრასები შესაძლოა, საერთო მოძულე გუნდმა გააერთიანოს. მაგალითად, “ტორინოსა” და “ფიორენტინას” ფანები ერთმანეთთან “იუვენტუსის” სიძულვილმა დაამეგობრა. ამ გუნდების ულტრასები სტადიონზე ერთმანეთს თბილი შინაარსის ბანერებით ესალმებიან: “Il popolo Fiorentino saluta la vera Torino” (“ფლორენციელი ხალხი მიესალმება ნამდვილ ტურინს”).
მარტოხელა “იუვენტუსი”
“იუვენტუსი” იტალიაში გარკვეულწილად მარტოხელა კლუბია. “ბებერი სინიორას” ულტრასებს სხვა გუნდის ფანებთან ალიანსი არ შეუქმნიათ და ამას მრავალი მიზეზი აქვს, რომელთაგან ორია გამოსაყოფი: “იუვენტუსი” იტალიის მასშტაბით ყველაზე წარმატებული გუნდია და ეს სხვა გუნდის ფანებისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორია, ხოლო მეორე მიზეზად “კალჩოპოლის” სკანდალი უნდა მივიჩნიოთ. მართალია, “იუვენტუსმა” ძველი დიდება მალევე დაიბრუნა, თუმცა ტიტულების მოგებაზე რთული გატეხილი სახელის აღდგენა აღმოჩნდა. “იუვეს” ულტრასები მეგობრებს იტალიის გარეთ ეძებენ და ყველაზე მყარი კავშირი ნიდერლანდურ “დენ ჰააგის” ფანებთან აქვთ.
“პარმა” და “სამპდორია”
იტალიურ ფეხბურთში ერთმანეთთან დაძმობილების შედარებით ნაკლებად ცნობილი შემთხვევებია “პარმასა” და “სამპდორიას” ფანებისა და “ნაპოლისა” და “ჯენოას” ულტრასების მეგობრობა. “პარმასა” და “სამპდორიას” ფანების ძმობა ოც წელზე მეტს ითვლის. 2009 წლის კოპა იტალიის ფინალურ მატჩში გენუელთა საქომაგოდ “პარმას” ფანები რომში საგანგებოდ ჩავიდნენ კიდეც.
“ნაპოლი” და “ჯენოა”
“ნაპოლისა” და “ჯენოას” დამეგობრებას საფუძველი 1982 წელს ჩაეყარა. იმ სეზონის ბოლო ტურში გენუელებს სერია A-ში დასარჩენად კინკილა ქულა ჰყოფნიდათ, თუმცა “სან პაოლოზე” 0:1 მარცხდებოდნენ. საბოლოო ჯამში, ის შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა, “ჯენოამ” გადასარჩენად საჭირო ქულა მოიპოვა და სერია B-ში მის ნაცვლად “მილანი” დაქვეითდა. ამ ისტორიულმა მოვლენამ “ჯენოას” ულტრასების “ნაპოლის” ფანებთან დამეგობრება განაპირობა.
დარღვეული ძმობა
ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც ძლიერი და ერთი შეხედვით დაუშლელი ძმობა დარღვეულა. “ინტერისა” და “ვერონას” ულტრასთა მეგობრობა 80-იან წლებში დაიწყო და 2001 წლამდე გაგრძელდა. შემდეგ “ვერონას” ულტრასდაჯგუფების სათავეში ახალი ხალხი მოვიდა და “ინტერთან” “მეგობრობის ხელშეკრულებაც” გაუქმდა.
სხვადასხვა კლუბების ულტრასების ერთმანეთთან დამეგობრების შემთხვევები იტალიურ ფეხბურთს ლამაზ, რომანტიკულ ელფერს სძენს და ეს ისტორიები დასტურია იმისა, რომ ულტრასკონცეფცია უფრო მეტია, ვიდრე ხულიგნებთან ასოცირებული სტერეოტიპული შეხედულება.
ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელებმა მარკო პიაცას კლუბიდან გაშვების გადაწყვეტილება მიიღეს. ამ ტრანსფერით მალევე დაინტერესდა “ფიორენტინა”, რომელიც ხორვატ ფეხბურთელს რეგულარულ ადგილს პირდება ძირითად შემადგენლობაში.
როგორც ცნობილი ხდება, მოლაპარაკებები საკმაოდ დიდი ხანია, რაც მიმდინარეობს, თუმცა მხარეები პირობებზე ვერ შეთანხმდნენ. “იუვენტუსს” ფეხბურთელის გაყიდვა სურდა გამოსყიდვის უფლებით, “იასამნისფერები” კი მხოლოდ მისი იჯარის წესით აყვანის სურვილს გამოთქვამენ.
“ფიორტენტინა” პიაცას არენდაში ტურინულ გრანდს 2 მილიონ ევროს გადაუხდის და სეზონის ბოლოს მისი გამოსყიდვა 20 მილიონ ევროდ შეეძლება. “ბებერ ქალბატონს” კი მისი დაბრუნება 26-27 მილიონ ევროდ შეეძლება.
მარკო პიაცას ტურინული კარიერა არც ისე წარმატებული აღმოჩნდა, როგორც ამას “იუვენტუსის” ხელმძღვანელები იმედოვნებდნენ. შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ ფეხბურთელი ყველაფერს აკეთებს კლუბის დასატოვებლად.
როგორც ცნობილი ხდება, “ფიორენტინას” გენერალური დირექტორი უკვე შეხვდა 23 წლის ფეხბურთელის წარმომადგენლებს და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. პიაცამ ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა.
უახლოეს მომავალში “ფიორენტინა” “ბებერ ქალბატონს” სწორედ მარკო პიაცას ტრანსფერზე სასაუბროდ შეხვდება. ამ ინფორმაციას Football Italia ადასტურებს.
პიაცა “იუვეში” 2016 წელს გადავიდა ზაგრების “დინამოდან”. ბოლოს კი ეს უკანასკნელი გელზენკირხენის “შალკეს” რიგებში თამაშობდა არენდის წესით.
“ფიორენტინას” კაპიტანი მხოლოდ 31 წლის იყო. თავდაუზოგავი ფეხბურთელი, დავიდე ასტორი, ბოლო გზაზე დღეს მთელმა იტალიამ მიაცილა. უდინეში ჯანმრთელობის პრობლემების გამო გარდაცვლილი ფეხბურთელის ხსოვნას პატივი იტალიის ვარსკვლავებმა მიაგეს.
ასტორის თანაგუნდელები
“ინტერის” ვიცეპრეზიდენტი, ხავიერ ძანეტი
“ინტერის” მთავარი მწვრთნელი, ლუჩიანო სპალეტი
“ვენეციას” მთავარი მწვრთნელი, ფილიპო ინძაგი
“ფიორენტინას” თანამფლობელი (დიეგო დალა ვალე) და იტალიის ყოფილი პრემიერ მინისტრი (მატეო რენცი)
“იუვენტუსის” ლეგენდარული მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი
“სამპდორიას” მეკარე, ემილიანო ვივიანო
დავიდე ასტორის მშობლები
ჯორჯო კიელინი და მასიმილიანო ალეგრი
ჯორჯო კიელინი და მასიმილიანო ალეგრი
Incredible scenes in Florence as thousands of fans sing ‘one captain’ at Davide Astori’s funeral…?
ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელებმა “ფიორენტინას” იტალიელი გარემარბი, ფედერიკო ბერნანდესკი დაიმატეს.
ტრანსფერის სანაცვლოდ კი “იებმა” 40 მილიონი ევრო მიიღეს. როგორც ცნობილი ხდება, “ფიორენტინა” ამ თანხას ნაწილ-ნაწილ, სამი წლის მანძილზე მიიღებს.
ბერნანდესკიმ ტურინულ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მისი შემდგომი ტრანსფერიდან კი “ბებერმა ქალბატონმა” “ფიორენტინას” მიღებული თანხის 10 პროცენტი (მაქსიმუმ 5 მილიონი ევრო) უნდა გადარიცხოს.
ცნობისთვის გეტყვით, რომ სერია ა-ს გასულ სეზონში იტალიელმა ფეხბურთელმა 11-ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება.
იტალიური ჟურნალ-გაზეთების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “ბებერმა ქალბატონმა” უკვე გაუკეთა “ფიორენტინას” პირველი შეთავაზება – “შავ-თეთრები” ნახევარმცველის სანაცვლოდ 42 მილიონ ევროს იხდიან.
თუმცა, “იები” ბონუსების სახით 10 მილიონ ევროს ითხოვენ, რაზეც ტურინელები დიდი ალბათობით თანხმობას უახლოეს მომავალში განაცხადებენ და ტრანსფერიც განხორციელდება.
ესპანური “სევილიას” ხელმძღვანელები “ფიორენტინას” თავდამსხმელის, იოსიპ ილიჩიჩის გადაბირებით არიან დაინტერესებულნი.
ცნობისთვის გეტყვით, რომ სლოვენიელი ფეხბურთელი ფლორენციაში 2013 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ “იასამნისფერთა” მაისურით არაერთი ბრწყინვალე გოლის გატანა მოახერხა.
თუმცა, მიმდინარე სეზონში ის არც ისე პროდუქტიულია – 29 წლის ფეხბურთელმა 19-ჯერ დაიწყო თამაში სასტარტოდან და მხოლოდ 4 გოლი დააგროვა საკუთარ ანგარიშზე.
როგორც ცნობილი ხდება, “დალაქები” მზად არიან, ილიჩიჩის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადონ.
იტალიურ პრესაში გავრცელებული უახლესი ცნობების მიხედვით, ფედერიკო ბერნანდესკიმ და მისმა აგენტმა “ფიორენტინას” წინადადება, კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით უარყვეს.
ბერნანდესკისა და “იებს” შორის არსებული ამჟამინდელი კონტრაქტი 2019 წელს იწურება, თუმცა იტალიელებს მისი შენარჩუნება იმდენად სურთ, რომ მზად არიან, ხელფასი ახლავე გაუზარდონ.
ეს ყველაფერი კი “ინტერის”, “იუვენტუსის”, “მილანის”, “ჩელსისა” და 23 წლის ფეხბურთელის გადაბირებით დაინტერესებული სხვა კლუბების წისქვილზე ასხამს წყალს.
სტატისტიკისთვის გეტყვით, რომ ახალგაზრდა ბერნანდესკის ანგარიშზე მიმდინარე სეზონის 35 მატჩში გატანილი 13 გოლი და გაკეთებული 5 საგოლე გადაცემაა.
“ლესტერ სიტის” ხელმძღვანელთა მიერ რამდენიმე დღის წინ განთავისუფლებული სპეციალისტი, რომელიც ადრე “ფიორენტინასაც” წვრთნიდა, კვირას, “იებსა” და “კალიარის” გუნდებს შორის გასამართ მატჩს დაესწრება.
ცნობისთვის გეტყვით, რომ 65 წლის კლაუდიო “ფიორენტინაში” 1993-97 წლებში მუშაობდა. მან პირველივე სეზონში მოახერხა გუნდის სერია ბ-დან სერია ა-ში გადაყვანა.
შემდეგში, გაბრიელ ბატისტუტასა და მანუელ რუი კოშტას წყალობით, მან კოპა იტალიასა და იტალიის სუპერთასის მოგებაც მოახერხა.
ასე რომ, საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ “მელიების” ყოფილმა ბოსმა პაულო სოუზა ჩაანაცვლოს, რომელსაც სეზონის ბოლოს გაანთავისუფლებენ.