ჯანო ანანიძე კარიერას ასრულებს

“დინამო ბათუმის” ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ მოთამაშის კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ამის მიზეზი ქრონიკული ტრავმები და მუდმივი რეციდივებია, რაც 29 წლის ფეხბურთელს უმაღლეს დონეზე თამაშის საშუალებას არ აძლევს.

ანანიძე საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, რომ ჯანო ანანიძემ კარიერის უმეტესი ნაწილი რუსეთში გაატარა. 2021 წელს ის “დინამო თბილისში” დაბრუნდა, 2022 წლის იანვარში კი “დინამო ბათუმის” რიგებში გადავიდა. მან ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ხუთი არასრული მატჩი ჩაატარა და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ჯანო ანანიძე საქართველოს ეროვნული გუნდის წევრი 2009 წლიდან არის. მან ამ პერიოდის განმავლობაში ნაკრების ფორმა 45-ჯერ მოირგო და შვიდი გოლი გაიტანა.

სვენ-გორან ერიქსონი: “ფერგიუსონი მოკვლით მემუქრებოდა, თუ რუნის მუნდიალზე წავიყვანდი”

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სვენ-გორან ერიქსონმა გამოცემა “თაიმსს” საინტერესო ინტერვიუ მისცა, რომლის ერთ-ერთი მონაკვეთი “მანჩესტერ იუნაიტედის” ექსთავკაც ალექს ფერგიუსონთან მომხდარ ინციდენტს დაეთმო.

შვედმა სპეციალისტმა ინტერვიუში 2006 წელს მომხდარი ამბავი გაიხსენა. ამ პერიოდში “წითელი ეშმაკების” აწ უკვე ყოფილმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ ტრავმა მიიღო და გამოჯანმრთელების პროცესი საკმაოდ გაეწელა. ინგლისელმა ფეხბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონატამდე ტრავმის მოშუშება ვერ მოასწრო, თუმცა უშუალოდ ტურნირის მიმდინარეობისას გამოჯამრთელებისა და თამაშის საშუალება ჰქონდა. ამის მიუხედავად, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელ ალექს ფერგიუსონს მუნდიალზე რუნის გაშვება არ სურდა, რასაც ერიქსონთან დაძაბული სატელეფონო საუბარი მოჰყვა.

შვედი სპეციალისტი იხსენებს:

“ალექსი უცნაური კაცი იყო. ასეთი ჩვევა ჰქონდა: დამირეკავდა დილის შვიდ საათზე ან უფრო ადრე და ყოველგვარი მისალმების გარეშე იწყებდა ყვირილით საუბარს. როდესაც ასეთი გაღიზიანებული იყო ხოლმე, მასთან კომუნიკაცია შეუძლებელი ხდებოდა.

მან ის დილაც ჩხუბით დაიწყო. ყვიროდა, რომ მომკლავდა, თუ რუნის მსოფლიოს ჩემპიონატზე წავიყვანდი.

მე მას ვკითხე: “რა ხდება ალექს, რაშია საქმე?” თუმცა, ის მე არ მისმენდა და განაგრძობდა ყვირილსა და მუქარას. საბოლოო ჯამში, ვუთხარი: “რუნის მსოფლიოს ჩემპიონატზე მაინც წავიყვან. კარგი შვებულება, ჩაო” და ტელეფონი გავუთიშე”.

უეინ რუნიმ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მართლაც ითამაშა, თუმცა “სამი ლომი” ტურნირს მეოთხედფინალურ ეტაპზე პორტუგალიის ნაკრებთან პენალტების სერიაში მარცხის შემდეგ გამოეთიშა.

ანანიძე: “ბეილი ჩემზე ძლიერია, მაგრამ ჩემზე ხშირად ტრავმიანობს, აღნაგობა არაფერ შუაშია”

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში უარყო მოსაზრება, თითქოს მისი ხშირი ტრავმიანობა ფიზიკურ მონაცემებთან არის დაკავშირებული.

“სპარტაკის” ლიდერობა მსურს, თუმცა მესმის, რომ ეს ან ახლა მოხდება ან არასდროს. ვგრძნობ, რომ შემიძლია ისე ვითამაშო, როგორც ამას ჩემგან გულშემატკივრები მოელიან. სამწუხაროდ, ხშირად ტრავმები მიშლიდა ხელს. ფაქტობრივად ათი წლიდან სამი მკურნალობაში მაქვს გატარებული. ხშირად ვკითხულობ, თითქოს ყველაფერი ჩემი აღნაგობის ბრალია, მაგრამ შეხედეთ მადრიდის “რეალის” ფეხბურთელ გარეტ ბეილს. ის ჩემზე სამჯერ მეტს იწონის და კუნთებიც სამჯერ დიდი აქვს, თუმცა ჩემზე ხშირად ტრავმიანობს. მან “რეალში” ყოფნის ექვსი წლიდან მხოლოდ წელიწადნახევარი ითამაშა.

ალბათ, უფროსების წინააღმდეგ თამაში საკმაოდ ადრეულ ასაკში დავიწყე. გარდა ამისა, თავიდან სატრენაჟორო დარბაზებს ხშირად არ ვსტუმრობდი. ახლა გაცილებით ხშირად ვვარჯიშობ. იმას არ ვამბობ, რომ რობოტის დონემდე უნდა მიხვიდე, როცა ბურთსაც ვეღარ გრძნობ, მაგრამ პროფილაქტიკა აუცილებელია, რათა კუნთები და სახსრები კარგ მდგომარეობაში იყოს.

დეკემბრამდე უნდა ვაჩვენო, რა შემიძლია: გოლების გატანა, საგოლე გადაცემები. თამაშის მიმდინარეობის წაყვანა. მთავარი მწვრთნელისგან ნდობას ვგრძნობ და ეს მეხმარება”, – აღნიშნა ანანიძემ.

“სპარტაკმა” “უფას” სძლია – ტაბიძე სათადარიგოზე დარჩა

დღეს რუსეთის პრემიერ ლიგის მე-16 ტურის შეხვედრები შედგა.

მოსკოვში, “ატკრიტიე არენაზე”  ადგილობრივი “სპარტაკი” “უფას” დაუხვდა. მეათე წუთზე სტუმართა მხრიდან თავი იგბუნმა გამოიჩინა. თუმცა, 37-ე, 63-ე და 79-ე წუთებზე, შესაბამისად, ფერნანდომ, პრომესმა და ლუის ადრიანომ “უფას” გაუტანეს. შესაბამისად, შეხვედრა ანგარიშთ, 3-1 დასრულდა.

საგულისხმოა, რომ ორივე კლუბში თამაშობენ ქართველი ფეხბურთელები. რუსეთის მოქმედ  ჩემპიონ “სპარტაკში” ანანიძე გამოდის, რომელსაც ტრავმა აწუხებს და იგი ახლა თბილისში მკურნალობს. რაც შეეხება მეორე ქართველ ლეგიონერს, ეს ჯიმი ტაბიძეა. დღეს ქართველი მცველი სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

ამ გამარჯვების შემდეგ “სპარტაკს” 25 ქულა აქვს და მეხუთე პოზიციაზეა. ხოლო, ტაბიძის გუნდი 21-ით მერვეა.

ტრავმირებულმა ანანიძემ მოედანი აცრემლებულმა დატოვა (ვიდეო)

მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველი ჯანო ანანიძე რუსეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში მახაჩყალის “ანჟის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში დაშავდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ქართველმა ფეხბურთელმა მინდორი მატჩის 36-ე წუთზე დამოუკიდებლად, მაგრამ აცრემლებულმა დატოვა. ანანიძემ ტერფი დაიშავა.

აღსანიშნავია, რომ “სპარტაკი” ლუის ადრიანოს მიერ შეხვედრის მე-14 წუთზე გატანილი თერთმეტმეტრიანი დარტყმის წყალობით დაწინაურდა, პენალტი კი ჯანოს წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევის გამო დაინიშნა.

ჯანო ანანიძე: “ამჟამად ცუდ სიტუაციაში ვარ”

მოსკოვის “სპარტაკის” ქართველმა ნახევარმცველმა, ჯანო ანანიძემ, რომელსაც რუსული პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის ოთხი მატჩიდან არცერთში არ მიუღია მონაწილეობა, საკუთარი მდგომარეობა შეაფასა.

– როგორ შეაფასებთ ამჟამინდელ სიტუაციას?

– “როგორ? სეზონის პირველ მატჩებში მონაწილეობა არ მიმიღია… მე კი თამაში მინდა. თუმცა, გადაწყვეტილებებს მწვრთნელი იღებს და ჩვენც უნდა დავეთანხმოთ. ყოველთვის ვამბობდი, რომ ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია. ამიტომაც, არა ასი, არამედ ასორმოცდაათი პროცენტით ვიხარჯები.

მე სხვა ტიპის მოთამაშე ვარ… საგოლე მომენტების შექმნა მევალება, უნდა ვიაქტიურო, მეტოქეებს ვაჯობო… არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკა კი ფორმიდან მაგდებს. ასე რომ, ახლა საკმაოდ ცუდ სიტუაციაში ვარ. თამაშში შესვლა გამიჭირდება.”

– სეზონი ახლახან დაიწყო, შეიძლება, ყველაფერი შეიცვალოს

– “მე მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერი, როდესაც რეგულარულად ვთამაშობ. ის ფაქტი, რომ არ მოედანზე არ ვჩანვარ, ძალიან მოქმედებს ჩემზე.”

– ალბათ, უმჯობესია, თუ თამაშის შემდეგ არ შეგაწუხებენ

– “ჩემმა მეგობრებმა და ახლობლებმა ეს ძალიან კარგად იციან. მატჩის შემდეგ მხოლოდ მაშინ მირეკავენ, თუ კარგად ვითამაშებ. სხვა შემთხვევაში კი საუბრის არანაირი სურვილი არ მაქვს. მე ფეხბურთელი ვარ და ჩემთვის უმთავრესი სათამაშო პრაქტიკაა.”

– ზოგჯერ “ფეთქდებით”, მაგრამ მალე გადაგდით, არა?

– “უმეტეს შემთხვევაში ასეა. თუმცა, ყოფილა სიტუაციები, როდესაც ხშირად ვერ ვახერხებდი თამაშს და ორი-სამი დღე ისე დავდიოდი, ერთხელაც არ გამიღიმია. ასეთია ჩემი ცხოვრება, ფეხბურთის მიმართ მგრძნობიარე ვარ.”

– ახლობლებისთვის ალბათ რთულია

– “რაც მთავარია, ჩემს ცოლს ჩემი ესმის. როდესაც ცუდ ხასიათზე მივდივარ სახლში, გამარჯობას გამარჯობით მპასუხობს და არ ცდილობს ჩემს შეწუხებას. საწოლზე ვწვები და ფიქრს ვიწყებ. თუ ჩემს ქალიშვილს არ სძინავს, ჩემთან მოდის, მეხუტება და მეც მაშინვე “ვდნები”.

– წელს მეორე ქალიშვილიც შეგეძინათ. ახლა ორჯერ უფრო სწრაფად “დნებით”?

– “დიახ. რა თქმა უნდა, ეს დიდი ბედნიერებაა, ულამაზესი ბავშვია. მაგრამ, ვაჟი მინდა, ამიტომაც, სანამ ის არ დაიბადება, ჩემს ცოლს მშვიდი ცხოვრება არ ეღირსება (იცინის).”

– ადრე იწერებოდა, რომ საკმაოდ ადვილად იღებდით ტრავმებს…

– “ახლა ყველაფერი რიგზეა. სერიოზული ტრავმა მივიღე ფეხზე, მაგრამ ოპერაციის შემდეგ ორი წელი გავიდა და ახლა თავს მშვენივრად ვგრძნობ.”

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 3 აგვისტო


“არსენალი” “ბორუსიამ” უარით გაისტუმრა

Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელებმა დორტმუნდის “ბორუსიას” ოფიციალურად მიმართეს უსმან დემბელეს ტრანსფერის თაობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ალექსის სანჩესის წასვლაზე ჯერ არაფერი ისმის, როგორც ჩანს, “მეთოფეები” მაინც ემზადებიან მის შესაცვლელად.


მბაპემ “მონაკოს” წასვლის სურვილის შესახებ აცნობა

“მონაკოს” ახალგაზრდა ვარსკვლავმა, კილიან მბაპემ თავისი კლუბის ხელმძღვანელობას წასვლის სურვილის შესახებ აცნობა. ამ ინფორმაციას ფრანგული L’Equipe ავრცელებს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ გასული სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა კატალონიური “ბარსელონას” სახით, რომელმაც ნეიმარის ტრანსფერისგან 200 მილიონ ევროზე მეტი უნდა მიიღოს.


ნეიმარის ტრანსფერი “პსჟ”-ს 450 მილიონი დაუჯდება

Sky Sports-ის მიერ ჩატარებულ გამოთვლებს თუ დავუჯერებთ, “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელებს ნეიმარი საბოოო ჯამში 450 მილიონი ფუნტი უნდა დაუჯდეს.

ამ 450 მილიონში გათვლილია ბრაზილიელი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა, ბონუსები და მისი ხელფასიც, რომელიც ყოველკვირეულად 515 000 ფუნტს უდრის.


“ბარსამ” ფსონი 120 მილიონამდე აწია

ესპანურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, კატალონიური “ბარსელონას” ხელმძღვანელები ზაფხულის ტოპ-პრიორიტეტად ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერი დააყენეს.

როგორც უკვე გაცნობეთ, “წითლებმა” უკვე უარყვეს “ბარსელონელთა” 100 მილიონიანი წინადადება, მაგრამ “ლურჯ-ბროწეულისფრები” არ ნებდებიან და ამჯერად იურგენ კლოპს 120 მილიონ ევროს სთავაზობენ.


ჯანოს ძლიერი კონკურენტი გამოუჩნდა

მოსკოვური “სპარტაკის” რიგებში მოთამაშე ქართველ ლეგიონერს, ჯანო ანანიძეს ძალიან ძლიერი კონკურენტი გამოუჩნდა ლონდონის “ჩელსის” კუთვნილებაში მყოფი მარიო პასალიჩის სახით.

როგორც იცით, ქართველ ფეხბურთელს არც მანამდე ჰქონდა დიდი სათამაშო პრაქტიკა და შესაძლოა, პასალიჩის ტრანსფერმა მას კლუბის დატოვებაც აიძულოს (დროებით მაინც).


ჯიმი VS ჯანო: “უფამ” და “სპარტაკმა” ქულები გაიყვეს

დღეს რუსეთის პრემიერ ლიგის მეორე ტურის შეხვედრები იმართება.

ერთ-ერთ მატჩში “უფამ” მოსკოვის “სპარტაკი” მიიღო. შეგახსენებთ, რომ პირველ კლუბში ახალგაზრდა ქართველი მცველი, ჯიმი ტაბიძე თამაშობს. ხოლო, “სპარტაკში” ჯანო ანანიძე გამოდის. ტაბიძემ შეუცვლელად ჩაატარა შეხვედრა, ანანიძეს კი სათადარიგოთა სკამზე მოუწია ჯდომა.

მატჩი დაძაბული გამოდგა. ორივე გუნდს ჰქონდა შანსები, თუმცა საბოლოოდ, გოლის გატანა ვერცერთმა მოახერხა – 0-0.

უგოლო ფრის შემდეგ “უფა” ოთხი ქულით მეოთხეზეა, ხოლო მოსკოველებს ორი ქულა აქვთ და მერვე პოზიციაზე იმყოფებიან.

ჯანო ანანიძემ “ორენბურგთან” მატჩში საგოლე პასი გააკეთა (ვიდეო)

რუსეთის პრემიერ ლიგის 21-ე ტურის მატჩში, სადაც ერთმანეთს გათამაშების ლიდერი, მოსკოვის “სპარტაკი” და “ორენბურგი” უპირისპირდებიან, ჯანო ანანიძემ საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

მოსკოველთა ქართველი ფეხბურთელის მიერ მატჩის 58-ე წუთზე გაკეთებული ბრწყინვალე გადაცემა ზუბნინმა გამოიყენა და “სპარტაკის” უპირატესობა ორამდე გაზარდა.

იხილეთ ვიდეო

სამწუხარო ინფორმაცია: ჯანო ანანიძე ტრავმირებულია

რუსული “სპარტაკის” ქართველი ნახევარმცველი, ჯანო ანანიძე ტრავმირებულია.

კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, 24 წლის ჯანომ კუნთი დაიზიანა, რის გამოც, რამდენიმე დღით ინდივიდუალური პროგრამით მოუწევს ვარჯიში.

როგორც იცით, რუსული პრემიერ ლიგის ამჟამინდელი ლიდერი, “სპარტაკი” შეკრებას ესპანეთში, მარბელში ატარებს. სადაც ვარჯიშები უკვე კარგა ხანია დაიწყეს, თუმცა ჯანო გუნდთან ერთად ვარჯიშს ვერ ახერხებს.

ჯანოს გამოკვლევები უახლოეს მომავალში ჩაუტარდება და გაირკვევა, თუ როდის შეძლებს მოედანზე დაბრუნებას.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ჩემპიონატის მეორე წრე 5 მარტს იწყება. მე-18 ტურის მატჩში ჯანო ანანიძეს “სპარტაკი” თორნიკე ოქრიაშვილის “კრასნოდარს” დაუპირისპირდება.

გიორგი ჯიქია: “ჯანოს ძალიან უყვარს ესპანური ფეხბურთი”

რუსული “სპარტაკის” ახალწვეულმა, გიორგი ჯიქიამ, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობა გააჩნია, ქართველ თანაგუნდელზე, ჯანო ანანიძეზე საკმაოდ ვრცლად ისაუბრა.

“ჯანომ ჩემი მეთვალყურეობა პირველივე დღიდან ითავა. ის ჩემი ადაპტაციის პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. ერთმანეთს მაშინვე დავუმეგობრდით, ერთ ოთახში გვძინავს. მაგრამ, უნდა ვაღიარო, რომ ერთ ენაზე საუბარი გვიჭირს.

მე მაინც მირჩევნია, რუსულად ვისაუბრო, ჯანოს კი პირიქით – ქართულად. ასე რომ, ჩვენი დიალოგი ყოველთვის სახალისო, რუსულ-ქართულია.

ყველაფერს ვაკეთებ, ქართული ენის გასახსენებლად. (იცინის). მას ხშირად უწევს ჩემთვის იმის სწავლება, თუ როგორ გამოითქმის ესა თუ ის ქართული სიტყვა სწორად.

აბუ დაბიში ყოფნისას ერთად ბევრ გადაცემას ვუყურებდით. ჯანოს ძალიან უყვარს ესპანეთის ჩემპიონატი. ის ისეთ გუნდებს გულშემატკივრობს, სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელები თამაშობენ. მე კი ინგლისის ჩემპიონატს ვამჯობინებ, სადაც უფრო მაღალ ტემპს გვთავაზობენ. აქ კი ჩვენი გზები ნამდვილად იყოფა,” – აცხადებს გიორგი ჯიქია.

“სპარტაკმა” “ამკარს” სძლია – ანანიძემ შეუცვლელად ითამაშა!

დღეს რუსეთის პრემიერ ლიგის მე-14 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში მოსკოვის “სპარტაკმა” საკუთარ მოედანზე “ამკარი” მიიღო. თამაში დაძაბული გამოდგა და მხოლოდ ერთი გატანილი გოლით დასრულდა. 90-ე წუთზე გლუშაკოვმა შეძლო სელიხოვის კარის აღება. საბოლოოდ, მასპინძლებმა მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს.

საგულსიხმოა, რომ “სპარტაკის” ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი ლეგიონერი, ჯანო ანანიძე, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა.

ამ გამარჯვებით ანანიძის გუნდი 34 ქულით პირველ ადგილზეა.