“სარბიელის” საიუბილეო ნომერი გამოიცა

დღეს, 11-წლიანი პაუზის შემდეგ გაზეთ “სარბიელის” საიუბილეო ნომერი გამოიცა. ზუსტად 30 წლის წინ, 1990 წლის 28 დეკემბერს აღნიშნული გამოცემის პირველი ნომერი დაიბეჭდა. მას შემდეგ წლების განმავლობაში “სარბიელი” მკითხველს უამრავ საინტერესო მასალას აწვდიდა და რაც მთავარია, ეს არ იყო გაზეთის ფურცლებზე სტანდარტული სიტყვებით მშრალი ინფორმაციის გადმოცემა. “სარბიელის” ჟურნალისტებმა სპეციფიკური წერის მანერით შეძლეს ის, რომ გაზეთს საკუთარი სტილი ჩამოუყალიბდა, რისი წყალობითაც მისი გამორჩევა სხვა უამრავ გამოცემას შორის იყო შესაძლებელი. ყველაზე მთავარი კი საქმისადმი პასუხისმგებლობა და ის გულწრფელობა გახლდათ, რომლისთვისაც ამ გაზეთის ავტორებს ყველაზე კრიტიკულ პერიოდებშიც არ უღალატიათ, საქებს აქებდნენ, საკრიტიკებელს აკრიტიკებდნენ. მკითხველმაც მალე შეიყვარა “სარბიელი” და ყოველდღიურობის ნაწილად აქცია.

დღევანდელი საიუბილეო-საკოლექციო ნომერიც ტრადიციულ სტილშია გადაწყვეტილი, ისევ იმ ხალხის მიერაა შედგენილი, ისევ იმ ენით, ისევ ისე საინტერესოდ, ისევ იმ ფასად, განსხვავება კი ისაა, რომ გამოცემა 32-გვერდიანია.

ვულოცავთ “სარბიელს” 30 წლის იუბილეს!

ომი და მშვიდობა იტალიურ ფეხბურთში: ულტრასები და დაძმობილებული გუნდები

ულტრასული დაჯგუფება სპორტული გუნდის მხარდასაჭერად შექმნილ ქომაგთა ორგანიზებულ ჯგუფს ნიშნავს. მას საფუძველი 50-იანი წლების დასაწყისში ჩაეყარა და განვითარების პიკს 80-იან წლებში მიაღწია, როდესაც თითქმის ყველა საფეხბურთო კლუბს ჰყავდა ულტრასდაჯგუფება. ულტრასების ხსენებისას ხშირად ასოცირება ინგლისელ ხულიგნებთან ხდება, თუმცა ეს სტერეოტიპული წარმოდგენაა. მიუხედავად ამისა, ვერ უარვყოფთ იმ ფაქტს, რომ ულტრასდაჯგუფებებს შორის ძალადობა ხშირია, თუმცა ეს მათი არსებობის შედეგი უფრო არის, ვიდრე მიზანი.ულტრასები ძირითადად სტადიონის ქვედა იარუსზე, კარის მახლობელ სექტორებზე თავსდებიან და იქიდან ქომაგობენ თავიანთ გუნდს სხვადასხვა შეძახილებითა თუ სიმღერებით, ხშირად თვალსასეირო პერფორმანსებსაც დგამენ. ულტრასსამყაროში პოლიტიკაც ღრმად არის ფესვგადგმული. დაჯგუფებები ძირითადად მკვეთრად მემარცხენე ან მემარჯვენე მიმართულების პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებლები არიან და ხშირად ეს განსაზღვრავს სხვადასხვა გუნდების ფანკლუბების ერთმანეთთან დაახლოებას. ამასთან, მხოლოდ პოლიტიკა არ არის ორი ულტრასდაჯგუფების ერთმანეთთან დაძმობილების მიზეზი.

“ლაციო” და “ინტერი”
იტალიაში სხვადასხვა კლუბთა ულტრასდაჯგუფებებს შორის მეგობრობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითია რომის “ლაციოსა” და მილანის “ინტერის” ფანთა შემთხვევა. “ლაციოს” ულტრასები ცნობილნი არიან თავიანთი მკვეთრად მემარჯვენე შეხედულებებით, მათთვის არც სვასტიკის დემონსტრირებაა უცხო. ამ გარემოების გამო ისინი “ინტერის” ულტრასებს დაუძმობილდნენ. მართალია, “ნერაძურის” ფანდაჯგუფება ასეთივე ექსტრემალური შეხედულებებით ცნობილი არ არის, თუმცა მათ გარკვეული კავშირი აქვს იტალიის სხვადასხვა მემარჯვენე ჯგუფებთან, მათ შორის “შავ გულთან”.

აღნიშნული გუნდების ულტრასები ხშირად კიდებენ ტრიბუნებზე ერთმანეთის მიმართ პატივსაცემ ბანერებს. პოსტერი წარწერით “Da sempre fieri del nostro gemellaggio alla nord di Milano rendiamo omaggio” (“ვამაყობთ და პატივს ვცემთ ჩვენს დაძმობილებას მილანის ჩრდილოეთთან”) ამის ერთ-ერთი მაგალითია.

ამ ორ კლუბს შორის კავშირი კარგად გამოჩნდა 2010 წელს გაჩაღებულ სკუდეტოსთვის ბრძოლაში. გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე “ლაციო” “ინტერს” მასპინძლობდა, რომელსაც საჩემპიონო რბოლაში მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს. ტიტულისთვის ბრძოლაში მილანელთა უშუალო კონკურენტი “ლაციოს” თანაქალაქელი და პრინციპული მეტოქე “რომა” იყო, რომელიც ლიდერ “ინტერს” მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებოდა. ის შეხვედრა “ლაციომ” თითქმის უბრძოლველად, ანგარიშით 0:2 დათმო და ორ კვირაში “ინტერმა” ისტორიაში მე-18 სკუდეტოს მოგება იზეიმა.

“მილანი” და “ბრეშა”
იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ძმობა “მილანსა” და “ბრეშას” აკავშირებთ. მათი დამეგობრება პოლიტიკურმა შეხედულებებმა განაპირობა და მიუხედავად იმისა, რომ “მილანის” ულტრასდაჯგუფებაში იდეოლოგია შეიცვალა, ამ კლუბების ფანებს შორის ძმობა გრძელდება. ისინი ხშირად სტუმრობენ ერთმანეთის სტადიონებს დაძმობილებული გუნდის გასამხნევებლად. აღსანიშნავია, რომ “ბრეშასთან” დამეგობრებამ “მილანს” ურთიერთობა გაუფუჭა ბერგამოს “ატალანტასთან”.

“ატალანტა” და “ტერნანა”
თავის მხრივ, “ატალანტას” ულტრასდაჯგუფება ნაკლებად ცნობილია. პოლიტიკური იდეოლოგიის თვალსაზრისით ისინი მემარცხენეები არიან და ეს გახდა მათი საფეხბურთო კლუბ “ტერნანას” ფანებთან დაძმობილების მიზეზი. ასე რომ, თუ “ატალანტას” ქომაგთა შორის “ტერნანას” წითელ-მწვანე ფორმასაც მოკრავთ თვალს, არ გაგიკვირდეთ.

“ფიორენტინა” და “ვერონა”
განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგია არ არის ფანკლუბების დაძმობილებისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი, თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათია. “ფიორენტინას” ულტრასები მემარცხენეები არიან, ხოლო “ვერონასი” – მემარჯვენეები. ამ განსხვავების მიუხედავად, მათ ერთმანეთთან საკმაოდ მყარი ურთიერთობა აკავშირებთ.

“ფიორენტინა” და “ტორინო”
ორი სხვადასხვა კლუბის ულტრასები შესაძლოა, საერთო მოძულე გუნდმა გააერთიანოს. მაგალითად, “ტორინოსა” და “ფიორენტინას” ფანები ერთმანეთთან “იუვენტუსის” სიძულვილმა დაამეგობრა. ამ გუნდების ულტრასები სტადიონზე ერთმანეთს თბილი შინაარსის ბანერებით ესალმებიან: “Il popolo Fiorentino saluta la vera Torino” (“ფლორენციელი ხალხი მიესალმება ნამდვილ ტურინს”).

მარტოხელა “იუვენტუსი”
“იუვენტუსი” იტალიაში გარკვეულწილად მარტოხელა კლუბია. “ბებერი სინიორას” ულტრასებს სხვა გუნდის ფანებთან ალიანსი არ შეუქმნიათ და ამას მრავალი მიზეზი აქვს, რომელთაგან ორია გამოსაყოფი: “იუვენტუსი” იტალიის მასშტაბით ყველაზე წარმატებული გუნდია და ეს სხვა გუნდის ფანებისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორია, ხოლო მეორე მიზეზად “კალჩოპოლის” სკანდალი უნდა მივიჩნიოთ. მართალია, “იუვენტუსმა” ძველი დიდება მალევე დაიბრუნა, თუმცა ტიტულების მოგებაზე რთული გატეხილი სახელის აღდგენა აღმოჩნდა. “იუვეს” ულტრასები მეგობრებს იტალიის გარეთ ეძებენ და ყველაზე მყარი კავშირი ნიდერლანდურ “დენ ჰააგის” ფანებთან აქვთ.

“პარმა” და “სამპდორია”
იტალიურ ფეხბურთში ერთმანეთთან დაძმობილების შედარებით ნაკლებად ცნობილი შემთხვევებია “პარმასა” და “სამპდორიას” ფანებისა და “ნაპოლისა” და “ჯენოას” ულტრასების მეგობრობა. “პარმასა” და “სამპდორიას” ფანების ძმობა ოც წელზე მეტს ითვლის. 2009 წლის კოპა იტალიის ფინალურ მატჩში გენუელთა საქომაგოდ “პარმას” ფანები რომში საგანგებოდ ჩავიდნენ კიდეც.

“ნაპოლი” და “ჯენოა”
“ნაპოლისა” და “ჯენოას” დამეგობრებას საფუძველი 1982 წელს ჩაეყარა. იმ სეზონის ბოლო ტურში გენუელებს სერია A-ში დასარჩენად კინკილა ქულა ჰყოფნიდათ, თუმცა “სან პაოლოზე” 0:1 მარცხდებოდნენ. საბოლოო ჯამში, ის შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა, “ჯენოამ” გადასარჩენად საჭირო ქულა მოიპოვა და სერია B-ში მის ნაცვლად “მილანი” დაქვეითდა. ამ ისტორიულმა მოვლენამ “ჯენოას” ულტრასების “ნაპოლის” ფანებთან დამეგობრება განაპირობა.

დარღვეული ძმობა
ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც ძლიერი და ერთი შეხედვით დაუშლელი ძმობა დარღვეულა. “ინტერისა” და “ვერონას” ულტრასთა მეგობრობა 80-იან წლებში დაიწყო და 2001 წლამდე გაგრძელდა. შემდეგ “ვერონას” ულტრასდაჯგუფების სათავეში ახალი ხალხი მოვიდა და “ინტერთან” “მეგობრობის ხელშეკრულებაც” გაუქმდა.

სხვადასხვა კლუბების ულტრასების ერთმანეთთან დამეგობრების შემთხვევები იტალიურ ფეხბურთს ლამაზ, რომანტიკულ ელფერს სძენს და ეს ისტორიები დასტურია იმისა, რომ ულტრასკონცეფცია უფრო მეტია, ვიდრე ხულიგნებთან ასოცირებული სტერეოტიპული შეხედულება.

რატომ მოუხადა ბოდიში მალდინიმ მარადონას

“მილანის” ყოფილმა კაპიტანმა პაოლო მალდინიმ გაიხსენა ეპიზოდი, როდესაც მას დიეგო მარადონასთვის ბოდიშის მოხდა მოუწია:

“სერია A-ს დიდების დარბაზის დაჯილდოების ცერემონია იყო, მე მის გვერდით ვიჯექი. ეკრანზე ჩვენი დაპირისპირების რამდენიმე ეპიზოდი აჩვენეს. თავს ყოველთვის კორექტულ მცველად ვთვლიდი, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ იმ ვიდეოებში მის წინააღმდეგ ძალზედ უხეშად ვთამაშობდი. ეს მხოლოდ იმიტომ ხდებოდა, რომ მარადონა ჩემს ქმედებებს წინასწარ იცნობდა და მე ყოველთვის ვაგვიანებდი.

ის ძალიან სწრაფი იყო, მას მთელი კარიერის განმავლობაში ურტყამდნენ. შემრცხვა და იმ ვიდეოკლიპის ნახვის შემდეგ მარადონას ბოდიში მოვუხადე.

ის ძალზედ მარდად აკონტროლებდა ბურთს და სწრაფად ცვლიდა მიმართულებას. მარადონა მართლაც ექსტრაორდინარული ფეხბურთელი იყო”.

შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა. ის “ნაპოლის” შემადგენლობაში 1984-დან 1991 წლამდე თამაშობდა. არგენტინელი ფეხბურთელი ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, თითო-თითოჯერ კი ქვეყნის თასს და სუპერთასს დაეუფლა, ერთხელ მოიგო უეფას თასი. მის პატივსაცემად “ნაპოლიმ” კლუბში ათნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღო.

ლეო მესის ათწლიან კონტრაქტს შესთავაზებენ

“თაიმსის” ცნობით, ჰოლდინგური კომპანია City Football Group-ი “ბარსელონას” ლიდერ ლიონელ მესის ათწლიან კონტრაქტს შესთავაზებს. წინადადების დათანხმების შემთხვევაში, კონტრაქტის ვადის ამოწურვისას არგენტინელი ფეხბურთელი 43 წლის იქნება.

City Football Group-ი არის კომპანია, რომელიც შესულია ათი სხვადასხვა საფეხბურთო კლუბის მფლობელობაში, მათ შორის 100 პროცენტიანი წილი უკავია “მანჩესტერ სიტიში”. ჩანაფიქრის თანახმად, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საწყის რამდენიმე წელს ლეო მესი “მანჩესტერ სიტის” შემადგენლობაში გაატარებს, რის შემდეგაც ჰოლდინგის საკუთრებაში არსებულ რომელიმე კლუბში გადავა. კარიერის დასრულების შემდეგ არგენტინელი კლუბის ელჩი გახდება.

შესაძლოა, ტრანსფერი 2021 წლის იანვარშივე გაიჩარხოს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სატრანსფერო პერიოდში ლიონელ მესის “ბარსელონასთან” კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტა სურდა. არგენტინელი ფეხბურთელი გუნდში შექმნილი სიტუაციით იყო უკმაყოფილო, თუმცა კლუბმა დაარწმუნა, რომ მოქმედი კონტრაქტის ამოწურვამდე გუნდში დარჩენილიყო. მასსა და კლუბს შორის დადებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის ზაფხულამდე აქვს.

City Football Group-ი დღესდღეობით შემდეგი საფეხბურთო კლუბების მფლობელობაშია:

“მანჩესტერ სიტი” (ინგლისი) — 100%
“მელბურნ სიტი” (ავსტრალია) — 100%
“მონტევიდეო სიტი ტორკე” (ურუგვაი) — 100%
“ლომელი” (ბელგია)  — 99%
“ნიუ იორკ სიტი” (აშშ)  — 80%
“მუმბაი სიტი” (ინდოეთი)  — 65%
“ჟირონა” (ესპანეთი)  — 44.3%
“სიჩუან ცზიუნიუ” (ჩინეთი)  — 29.7%
“იოკოჰამა მარინოსი” (იაპონია) — 20%
“ტრუა” (საფრანგეთი).

პირველი ტურის ცენტრალურ მატჩში “მანჩესტერ სიტიმ” “არსენალი” დაამარცხა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 2018/19 წლების სეზონის პირველ სუპერ მატჩს “ემირეიტს სტედიუმმა” უმასპინძლა. უნაი ემერის “არსენალმა” პირველ მატჩში პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტი” მიიღო.

მატჩში უპირატესობას, როგორც მოსალოდნელი იყო, “ქალაქელები” ფლობდნენ. ანგარიში შეხვედრის მე-14 წუთზე რაჰიმ სტერლინგმა გახსნა. გაშვებული გოლის შემდეგ “მეთოფეებმა” მეტად სცადეს შეტევა, თუმცა ამაოდ. პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა.

მეორე ნახევარში სტუმართა უპირატესობა უფრო და უფრო იზრდებოდა, რაც საბოლოო ჯამში ბერნარდო სილვას გოლში აისახა. შეხვედრაში მეტი გოლი არ გასულა.

პირველი ტურის შემდეგ “მანჩესტერ სიტი” მესამე პოზიციას იყოფს “კრისტალ პალასთან”, “უოტფორტდთან” და “ბორნმუთთან”, “არსენალი” კი მეთხუთმეტეა. მომდევნო ტურში “არსენალი” “ჩელსის” ეწვევა, “მანჩესტერ სიტი” კი “ჰადერსფილდს” მიიღებს.


არსენალი : ჩეხი; მაიტლენდ-ნაილსი (ლიხშტაინერი 35′); მუსტაფი, სოკრატისი, ბელერინი; ჯაკა (ტორეირა 70′). გუენდოუზი; იოზილი, რემზი (ლაკაზეტი 54′), მხითარიანი; ობამეიანგი

მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი

“მანჩესტერ სიტი” : ედერსონი; უოკერი, სტოუნზი, ლაპორტე, მენდი; სილვა, ფერნანდინიო, გიუნდოგანი; მაჰრეზი (დე ბრუინი 60′), აგუერო (გაბრიელ ჟეზუსი 79′), სტერლინგი (ლეროი სანე 87′)

მთავარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა


ოფიციალურად: გაბრიელ ჟეზუსმა “მანჩესტერ სიტისთან” გაახანგრძლივა

“მანჩესტერ სიტის” ვებ-გვერდი ოფიციალურად ადასტურებს ინფორმაციას გაბრიელ ჟეზუსთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ.

როგორც ცნობილი ხდება, 21 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ახალი კონტრაქტის თანახმად “ქალაქელთა” ღირსებას 2023 წლამდე დაიცავს. წინა კონტრაქტს ვადა 2021 წელს ეწურებოდა.

შეგახსენებთ, რომ ჟეზუსი ინგლისურ გრანდს 2017 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეუერთდა. მის სანაცვლოდ “მანჩესტერ სიტიმ” “პალმეირასს” 27 მილიონი ევრო გადაუხადა.

გაბრიელ ჟეზუსის ანგარიშზე “მანჩესტერ სიტის” მაისურით ჩატარებულ 54 მატჩში გატანილი 24 გოლია.

გვარდიოლამ პიანიჩზე, შესაძლო ტრანსფერებსა და ჩემპიონობის ფავორიტებზე ისაუბრა

პრემიერ ლიგის ახალი სეზონი, რომელიც 10 აგვისტოს აიღებს სტარტს, უკვე კარს მოგვადგა. “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ჟურნალისტებთან საუბრისას რამდენიმე საინტერესო თემას შეეხო.

პეპს პირველი კითხვა პიანიჩზე დაუსვეს, რომელსაც საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე უკავშირებდნენ “ქალაქელებს”:”არა, პიანიჩი “იუვენტუსის” ფეხბურთელია. მართალია, ის შესანიშნავი შესაძლებლობების მქონე მოთამაშეა, მაგრამ ჩვენ მის ტრანსფერზე არ ვმუშაობთ.

ჯერ საკმაოდ დიდი დრო გვაქვს. ვნახოთ, იქნება თუ არა ტრანსფერები. შესაძლოა მოვიდნენ, შესაძლოა არა. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მე არსებული ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ. მომდევნო დღეებში გადავწყვეტთ, ვიყიდით ერთ ფეხბურთელს, თუ მომდევნო სეზონს დაველოდებით.

ჩემპიონობის ფავორიტები? როგორც ყოველთვის, ტიტულისთვის რამდენიმე კლუბი იბრძოლებს, მათ შორის ჩვენც. ფავორიტებს შორის “ლივერპულსაც” დავასახელებდი თავისი დიდებული ისტორიით,” – განაცხადა “ბარსელონასა” და “ბაიერნის” ყოფილმა თავკაცმა.

“მანჩესტერ სიტი” “იუვენტუსის” ვარსკვლავის ტრანსფერში 100 მილიონს იხდის

ტურინის “იუვენტუსის” ჰავბეკი მირალემ პიანიჩი “მანჩესტერ სიტის” ინტერესთა სფეროშია მოქცეული. “რომას” ექს-ფეხბურთელის ტრანსფერით პირადად პეპ გვარდიოლა გახლავთ დაინტერესებული.

როგორც ცნობილი ხდება, პეპ გვარდიოლა უკვე დაუკავშირდა ბოსნიელ ფეხბურთელს. ესპანელი სპეციალისტი მზადყოფნას გამოთქვამს, პირადად აწარმოოს მოლაპარაკებები.

Mediaset ირწმუნება, რომ “ქალაქელები” პიანიჩის სანაცვლოდ “ბებერ ქალბატონს” 100 მილიონ ევროს სთავაზობენ, რითიც უპირობოდ იცილებენ უშუალო კონკურენტებს “ბარსელონასა” და “ჩელსის” სახით.

ოფიციალურად: რიად მაჰრეზი “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელია

“მანჩესტერ სიტის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას “ლესტერის” ალჟირელი ნახევარმცველის, რიად მაჰრეზის, ტრანსფერის შესახებ. როგორც ცნობილი ხდება, “ქალაქელებმა” “ლესტერ სიტის” გულის მოგება ოთხი უარყოფილი წინადადების შემდეგ შეძლეს.

ცნობილი ხდება ისიც, რომ 27 წლის ფეხბურთელმა, რომელმაც გასული სეზონის 41 მატჩში 13 გოლი გაიტანა, მანჩესტერულ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

“ძალიან ბედნიერი ვარ, ამ კლუბში თამაშის შანსი რომ მეძლევა. პეპ გვარდიოლას მეთაურობით “სიტი” ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, ისინი ინგლისური ფეხბურთის გარდაქმნას ცდილობენ და მინდა ამის ნაწილი გავხდე.

პეპ გვარდიოლა შემტევ ფეხბურთს ათამაშებს გუნდს და ვფიქრობ, რომ ეს ჩემთვის საუკეთესო ვარიანტია. მჯერა, რომ როგორც ფეხბურთელი ძალიან განვვითარდები,” – აცხადებს რიად მაჰრეზი.

არგენტინელი მსხვილი ბიზნესმენები, ფედერაციასთან ერთად გვარდიოლას ტრანსფერზე მუშაობენ

არგენტინის ფეხბურთის ფედერაციაში უკვე დაიწყეს “ალბისელესტეს” თავკაცის პოსტზე ხორხე სამპაოლის შემცვლელის ძიება. უცხოური პრესის ცნობით, არგენტინაში ნაკრების ჩაბარების პოტენციურ კანდიდატად პეპ გვარდიოლას მიიჩნევენ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საქმეში ფედერაციის მაღალჩინოსნებთან ერთად რამდენიმე მსხვილი ბიზნესმენიც არის ჩართული. სამხრეთ ამერიკელებს სწორედ პეპ გვარდიოლას მეთაურობით სურთ მუნდიალზე გასვლა.

გვარდიოლას “მანჩესტერ სიტისთან” კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს. ეს უკანასკნელი წელიწადში 23 მილიონ ევროს იღებს ხელფასის სახით და მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სმწვრთნელი გახლავთ.

არგენტინელები კი მას ხელფასის სახით 12 მილიონ ევროს სთავაზობენ.

დე ბრუინი პეპს ამართლებს: “არ ვიცი, რომელ რასიზმზე საუბრობს იაია”

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი იაია ტურეს სიტყვებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, პეპ გვარდიოლას ტურე კანის ფერის გამო ჰყავდა ათვალწუნებული.

“რასიზმი? მსგავსი არაფერი შემიმჩნევია. უცნაური იქნება, მწვრთნელი რასისტი რომ იყოს – გუნდში რამდენიმე შავკანიანი მოთამაშე გვყავს! არ ვიცი, რაზე საუბრობს იაია. მისი სიტყვები ალბათ არასწორად გაიგეს.

როდესაც არ გათამაშებენ, ყოველთვის ცდილობ, მიზეზები იპოვო. ყველა დროის საუკეთესო სეზონი ჩავატარე და მწვრთნელიც იმ ფეხბურთელებს ენდობოდა, რომლებმაც მთელი ეს სეზონი წარმატებით ჩაატარეს.

შესაძლოა, პეპ გვარდიოლას უბრალოდ მიაჩნდა, რომ იაია საუკეთესო ფორმაში არ იმყოფებოდა. კლუბში რასიზმის პრობლემა არასდროს შემიმჩნევია,” – განაცხადა დე ბრუინმა.

გვარდიოლა: “სარი ერთ-ერთი უძლიერესი სპეციალისტია ფეხბურთის ისტორიაში”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, მაურისიო სარიზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ “ნაპოლის” ექს-თავკაცმა უახლოეს მომავალში “ჩელსი” ჩაიბაროს და პეპის უშუალო მეტოქე გახდეს.

“სარი ერთ-ერთი უძლიერესი სპეციალისტია ფეხბურთის ისტორიაში. მწვრთნელებს იმის მიხედვით სჯიან, თუ რა მოიგეს, მაგრამ სარიმ “ნაპოლის” ნამდივლი ფეხბურთი აპოვნინა – ეს სინათლის სხივი იყო.

მან ძალიან კარგად იცის, თუ როგორ უნდა მართოს გუნდი. მისი ხელმძღვანელობით “ნაპოლი” ყოველ მატჩში ნამდვილ სპექტაკლს დგამდა. მასთან დიდი სიამოვნებით ვიბრძოლებდი.

ჩემპიონობისთვის “ნაპოლიმ” ყველაფერი გააკეთა. თუმცა მცირე დეტალებმა ყველაფერი სხვაგვარად შეატრიალეს. “იუვეს” “მილანთან” რომ წაეგო, “ნეაპოლიტანელები”, ალბათ, ჩემპინები იქნებოდნენ,” – აცხადებს პეპ გვარდიოლა.