რატომ მოუხადა ბოდიში მალდინიმ მარადონას

“მილანის” ყოფილმა კაპიტანმა პაოლო მალდინიმ გაიხსენა ეპიზოდი, როდესაც მას დიეგო მარადონასთვის ბოდიშის მოხდა მოუწია:

“სერია A-ს დიდების დარბაზის დაჯილდოების ცერემონია იყო, მე მის გვერდით ვიჯექი. ეკრანზე ჩვენი დაპირისპირების რამდენიმე ეპიზოდი აჩვენეს. თავს ყოველთვის კორექტულ მცველად ვთვლიდი, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ იმ ვიდეოებში მის წინააღმდეგ ძალზედ უხეშად ვთამაშობდი. ეს მხოლოდ იმიტომ ხდებოდა, რომ მარადონა ჩემს ქმედებებს წინასწარ იცნობდა და მე ყოველთვის ვაგვიანებდი.

ის ძალიან სწრაფი იყო, მას მთელი კარიერის განმავლობაში ურტყამდნენ. შემრცხვა და იმ ვიდეოკლიპის ნახვის შემდეგ მარადონას ბოდიში მოვუხადე.

ის ძალზედ მარდად აკონტროლებდა ბურთს და სწრაფად ცვლიდა მიმართულებას. მარადონა მართლაც ექსტრაორდინარული ფეხბურთელი იყო”.

შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა. ის “ნაპოლის” შემადგენლობაში 1984-დან 1991 წლამდე თამაშობდა. არგენტინელი ფეხბურთელი ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, თითო-თითოჯერ კი ქვეყნის თასს და სუპერთასს დაეუფლა, ერთხელ მოიგო უეფას თასი. მის პატივსაცემად “ნაპოლიმ” კლუბში ათნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღო.

ლეო მესის ათწლიან კონტრაქტს შესთავაზებენ

“თაიმსის” ცნობით, ჰოლდინგური კომპანია City Football Group-ი “ბარსელონას” ლიდერ ლიონელ მესის ათწლიან კონტრაქტს შესთავაზებს. წინადადების დათანხმების შემთხვევაში, კონტრაქტის ვადის ამოწურვისას არგენტინელი ფეხბურთელი 43 წლის იქნება.

City Football Group-ი არის კომპანია, რომელიც შესულია ათი სხვადასხვა საფეხბურთო კლუბის მფლობელობაში, მათ შორის 100 პროცენტიანი წილი უკავია “მანჩესტერ სიტიში”. ჩანაფიქრის თანახმად, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საწყის რამდენიმე წელს ლეო მესი “მანჩესტერ სიტის” შემადგენლობაში გაატარებს, რის შემდეგაც ჰოლდინგის საკუთრებაში არსებულ რომელიმე კლუბში გადავა. კარიერის დასრულების შემდეგ არგენტინელი კლუბის ელჩი გახდება.

შესაძლოა, ტრანსფერი 2021 წლის იანვარშივე გაიჩარხოს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სატრანსფერო პერიოდში ლიონელ მესის “ბარსელონასთან” კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტა სურდა. არგენტინელი ფეხბურთელი გუნდში შექმნილი სიტუაციით იყო უკმაყოფილო, თუმცა კლუბმა დაარწმუნა, რომ მოქმედი კონტრაქტის ამოწურვამდე გუნდში დარჩენილიყო. მასსა და კლუბს შორის დადებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის ზაფხულამდე აქვს.

City Football Group-ი დღესდღეობით შემდეგი საფეხბურთო კლუბების მფლობელობაშია:

“მანჩესტერ სიტი” (ინგლისი) — 100%
“მელბურნ სიტი” (ავსტრალია) — 100%
“მონტევიდეო სიტი ტორკე” (ურუგვაი) — 100%
“ლომელი” (ბელგია)  — 99%
“ნიუ იორკ სიტი” (აშშ)  — 80%
“მუმბაი სიტი” (ინდოეთი)  — 65%
“ჟირონა” (ესპანეთი)  — 44.3%
“სიჩუან ცზიუნიუ” (ჩინეთი)  — 29.7%
“იოკოჰამა მარინოსი” (იაპონია) — 20%
“ტრუა” (საფრანგეთი).

მანჩესტერული დერბი გადაიდო

ინგლისის პრემიერლიგის 26-ე ტურში “მანჩესტერ სიტისა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის 26 თებერვალს ჩანიშნული მატჩი გადაიდო.

“წითელი ეშმაკები” 26 თებერვალს ინგლისის ლიგის თასის ფინალურ შეხვედრაში “საუთჰემპტონს” დაუპირისპირდებიან, ამიტომ ამავე დღეს დანიშნული მანჩესტერული დერბი მოვიანებით ჩატარდება.

“ბიბისის” ჟურნალისტი საიმონ სტოუნი ამბობს, რომ “მანჩესტერ სიტისა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გასამართი მატჩი, სავარაუდოდ, 24-დან 30 აპრილამდე პერიოდში ჩატარდება.

“მანჩესტერ სიტი” და “რეალი” ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ (ვიდეო)

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე “მანჩესტერ სიტისა” და მადრიდის “რეალს” შორის “ეტიჰადზე” გამართული პირველი მატჩი უგოლოდ დასრულდა.

შეხვედრის პირველი ტაიმი სახიფათო მომენტების გარეშე მიილია. შესვენების შემდეგ “სიტი” უპირატესობას დაეუფლა და რამდენიმე ეპიზოდიც შექმნა. ბოლო ოც წუთში ინიციატივა ხელთ მადრიდელებმა იგდეს, თუმცა ჯო ჰარტმა ორჯერ გადაარჩინა გუნდი, ხესემ კი ერთ-ერთ ეპიზოდში ბურთი ხარიხას მოარტყა.

წყვილის განმეორებითი მატჩი მადრიდში, 4 მაისს შედგება.

ჩემპიონთა ლიგა
ნახევარფინალი (პირველი მატჩი)
“მანჩესტერ სიტი” — “რეალი” 0:0 (0:0)

“მანჩესტერ სიტი”: ჰარტი, სანია, ოტამენდი, კომპანი, კლიში, ფერნანდო, ფერნანდინიო, ხესუს ნავასი (სტერლინგი 77′), დავიდ სილვა (იჰენაჩო 40′), დე ბრუინი, აგუერო.
მთავარი მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი.

“რეალი”: ნავასი, კარვახალი, პეპე, რამოსი, მარსელო, კაზემირო, კროოსი (ისკო 90′), მოდრიჩი, ბეილი, ლუკას ვასკესი, ბენზემა (ხესე 46′).
მთავარი მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი.

გაფრთხილებები: დავიდ სილვა 37′ — პეპე 24′, კარვახალი 90+2′.
მთავარი მსაჯი: ჯიუნეთ ჩაქირი (თურქეთი).

“მანჩესტერ სიტი” — “პსჟ” (სასტარტო შემადგენლობები)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე “მანჩესტერ სიტი” დღეს “პარი სენ-ჟერმენს” მასპინძლობს. წყვილის პირველი მატჩი, როგორც მოგეხსენებათ, ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. უკვე ცნობილია გუნდების სასტარტო შემადგენლობები:

“მანჩესტერ სიტი”: ჰარტი, სანია, მანგალა, ოტამენდი, კლიში, ფერნანდინიო, ფერნანდო, ხესუს ნავასი, დე ბრეინე, დავიდ სილვა, სერხიო აგუერო.

“პარი სენ-ჟერმენი”: ტრაპი, ვან დერ ვილი, ორიე, ტიაგო სილვა, მაქსველი, რაბიო, მარკინიოსი, ტიაგო მოტა, დი მარია, იბრაჰიმოვიჩი, კავანი.

მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მას კარლოს ველასკო კარბალიოს ხელმძღვანელობით ესპანელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

 

“ლივერპულმა” “მანჩესტერ სიტი” გაანადგურა (ვიდეო)

ინგლისის პრემიერლიგის 28-ე ტურში “ლივეპრულმა” “ენფილდზე” “მანჩესტერ სიტი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 გაანადგურა.

34-ე წუთზე “წითლები” ადამ ლალანამ დააწინაურა. შესვენებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჯეიმს მილნერმა თავის ყოფილ გუნდს გაუტანა და მერსისაიდელთა უპირატესობა გაზარდა. 57-ე წუთზე საბოლოო შედეგი რობერტო ფირმინომ დააფიქსირა.

ინგლისის პრემიერლიგა
28-ე ტური
“ლივერპული” — “მანჩესტერ სიტი” 3:0 (2:0)
გოლები: ლალანა 34′, მილნერი 41′, ფირმინო 57′.
გაფრთხილება: ხესუს ნავასი 68′.

“მანჩესტერ სიტი” ცალი ფეხით მეოთხედფინალშია (მიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე კიევის “დინამოსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის გამართული პირველი შეხვედრა ანგარიშით 1:3 დასრულდა.

ანგარიში მატჩის მე-15 წუთზე სტუმართა თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ გახსნა. 25-ე წუთზე ლამაზი კომბინაცია დავიდ სილვამ დააგვირგვინა. შესვენების შემდეგ ვიტალი ბუიალსკიმ ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა 90-ე წუთზე იაია ტურემ “ქალაქელთა” ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საპასუხო შეხვედრა მანჩესტერში 15 მარტს გაიმართება.

უეფას ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (პიველი მატჩი)
“დინამო” (კიევი) — “მანჩესტერ სიტი” 1:3 (0:2)
გოლები: ბუიალსკი 58′ – აგუერო 15′, დავიდ სილვა 40′, იაია ტურე 90′.

“პირლო იჯარის წესით “მანჩესტერ სიტიში” ითამაშებს”

იტალიელი ჟურნალისტი და SKY Italia-ს ტელეკომენტატორი ფაბიო კარესა ამბობს, რომ “ნიუ იორკ სიტის” ნახევარმცველი ანდრეა პირლო იჯარის წესით “მანჩესტერ სიტიში” ითამაშებს.

“პირლო რამდენიმე თვის განმავლობაში “მანჩესტერ სიტიში” ითამაშებს. მოგეხსენებათ, ამ კლუბებს საერთო მფლობელი ჰყავთ და კონტრაქტზეც უკვე მიღწეულია შეთანხმება”, – აღნიშნა კარესამ.

შეგახსენებთ, რომ “ნიუ იორკ სიტის” სათავეში მართლაც არიან “მანჩესტერ სიტისა” და ბეისბოლის კლუბ “ნიუ იორკ იანკიზის” მფლობელები.

 

“მანჩესტერ სიტის” ფანებს კლუბის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშის დასახელება სთხოვეს

სპორტული სააგენტო Goal.com-ის ბრიტანულმა ბიურომ “მანჩესტერ სიტისა” და “ლივერპულს” შორის გასამართ მატჩამდე “ქალაქელთა” ფანები გამოკითხა და მათ კლუბის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება სთხოვა. დასახელებულთა შორის ყველაზე ხშირად გიორგი ქინქლაძის სახელმა გაიჟღერა.

ინტერვიუ გიო ქინქლაძესთან

სამშაბათს, “დინამო არენაზე” “ბარსელონასა” და “სევილიას” შორის უეფას სუპერთასის შეხვედრა გაიმართება. მატჩის ელჩი გიორგი ქინქლაძე გახლავთ, რომელთანაც უეფას ოფიციალური ვებგვერდის კორესპონდენტმა საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

— რას ნიშნავს ქართული ფეხბურთისთვის უეფას სუპერთასის მასპინძლობა?
— ეს მთელი ქვეყნისთვის დიდი პატივია. მადლობას ვუხდი უეფას, ჩვენს მთავრობასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ასეთი მატჩის ჩვენს ქალაქში ჩატარებისთვის. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ბევრს ნიშნავს.

— რამდენად არის თბილისი საფეხბურთო კერა?
— თბილისი საფეხბურთო ქალაქია, განსაკუთრებული ქომაგებით. მათ მხოლოდ 10-15 წუთი სჭირდებათ და უმალ გეტყვიან, ვის აქვს დიდი ფეხბურთის თამაშის პოტენციალი. მათ ისეთი მატჩებისთვის და ფეხბურთელებისთვის აქვთ ნაცქერი, რომ ფეხბურთი საკმაოდ ღრმად შეისწავლეს. დღესდღეობით ამ გულშემატკივრებს ნაკლებად აქვთ ინგლისში, ჰოლანდიასა თუ გერმანიაში თავიანთი ემოციების ყოველკვირეულად გამოხატვის საშუალება, ეს მხოლოდ ეროვნული ნაკრების მატჩებზე ხდება, თუმცა ადრე სხვაგვარად იყო. ჩვენ საკმაოდ ემოციური ფანები გვყავს, ფეხბურთი კი ყოველთვის იქნება ჩვენს ქვეყანაში სპორტის ნომერ პირველი სახეობა.

— თქვენი ბავშვობიდან რომელ ფეხბურთელს გამოარჩევდით?
— თბილისის “დინამოს” თითქმის ყველა მოთამაშეს, რომლებიც ჩვენთვის გმირები იყვნენ. განსაკუთრებით კი დავით ყიფიანს ვბაძავდი. ფეხბურთელობის პერიოდში ეროვნულ ნაკრებში მასთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა მქონდა. ყიფიანი არამხოლოდ დიდი ფეხბურთელი და მწვრთნელი, არამედ ზუსტად 10 ნომერი იყო, რაც მასში ყველაზე მეტად მომწონდა. მისი ტექნიკა და სათამო სტილი არამხოლოდ მე, არამედ მთელ ქვეყანას აღაფრთოვანებდა. იშვიათია ასეთი ფეხბურთელი.

— კარიერის განმავლობაში ცნობილი იყავით ჰიპნოზის მომგვრელი დრიბლინგების შესრულებით. რას ფიქრობთ ლიონელ მესიზე, რისი გაკეთება შეუძლია მას ბურთით?
— სერ ალექს ფერგიუსონი ერთ-ერთ ინტერვიუში მას ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ მოიხსენიებს. დიეგო მარადონა ძალიან მიყვარს, მაგრამ მესი ნამდვილი მოვლენაა. იგი საკლუბო დონეზე წარმოუდგენლად ასპარეზობს. ასე შეიძლება ერთი ან ორი სეზონის განმავლობაში ითამაშო, მაგრამ არა – მთელი ამ წლების მანძილზე. მან ეს თამასა თავიდანვე ძალიან მაღლა ასწია.

— რას ფიქრობთ “ბარსელონასა” და “სევილიაზე”?
— ასეთი დიდი კლუბებისთვის მთავარი ტიტულების მოპოვებაა. ძალიან მომწონს “ბარსელონას” სათამაშო სტილი, დიდ სიამოვნებას ვიღებ მათი თამაშის ცქერით. “სევილიაც” კარგი გუნდია. მათ ევროპის ლიგა მეოთხედ მოიგეს. საინტერესო მატჩის მოლოდინში ვარ.

— რას ნიშნავს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” თამაში?
— ეს ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტად მიყვარდა თამაში. მენატრება ის დრო, როდესაც მატვეი ბლანტერის “ფეხბურთის მარშის” თანხლებით გუნდები მოედანზე გამოდიოდნენ. ვერ გადმოგცემთ, რას ნიშნავდა ეს ჩემთვის.

— თქვენი კარიერიდან ყველაზე სასიამოვნოდ გასახსენებელი მომენტი რომელია?
— ალბათ, დღე, როდესაც თბილისის “მრეტებიდან” თბილისის “დინამოში” გადავედი და ასევე, “მანჩესტერ სიტიში” გადასვლა.

— თქვენ ახლა “ცხინვალის” სპორტული დირექტორი ხართ, რომელმაც ამ სეზონში ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა…
— ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს და ბევრს არაფერს მოველოდით, თუმცა პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა მაინც შეგვეძლო. ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ისეთი ფეხბურთელები არ გყავს, როგორებსაც ვართ მიჩვეულნი. ვწუხვარ, როდესაც ქართულ ფეხბურთს მძიმე მდგომარეობაში ვხედავ, თუმცა იმედი მაქვს, რომ სიტუაცია გამოსწორდება, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს.

— რას ურჩევდეით ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს, რომლებიც დღეს იწყებენ თამაშს?
— უნდა გიყვარდეს საქმე, რომელსაც აკეთებ. ფეხბურთელი ვარჯიშისა და თამაშის გარდა სხვა რამეზე არ უნდა ფიქრობდეს. რა თქმა უნდა, საჭირო კონდიციებშიც უნდა იყო. საქართველოში ტალანტები იბადებიან და მათ მხოლოდ თავიანთი უნარები უნდა განავითარონ, რათა უმაღლეს დონეზე თამაში შეძლონ.

 

“რომა” ჯეკოს შეუთანხმდა

“სქაი სპორტსის” თანახმად, “რომამ” “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელ ედინ ჯეკოსთან შეთანხმებას მიაღწია. ახლა “მგლებს” ინგლისურ კლუბთან ფეხბურთელის ტრანსფერის ღირებულებაზე მოუწევთ მოლაპარაკება. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, “რომა” მზად არის, ბოსნიელი თავდამსხმელის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გაიღოს.

ისიც ითქვა, რომ იტალიელები დასახელებულ თანხაზე მეტს არ გადაიხდიან და ახლა ინგლისელების პასუხს ელოდებიან. იმ შემთხვევაში, თუ ტრანსფერი განხორციელდება, ჯეკო “რომასთან”, სავარაუდოდ, ხუთწლიან შრომით ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, წელიწადში კი ჯამაგირის სახით 4,5 მილიონ ევროს მიიღებს.

ედინ ჯეკომ გასულ სეზონში “მანჩესტერ სიტის” ფორმით 32 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

სტერლინგი: “მოხარული ვარ, რომ ყველაფერი ასე დასრულდა”

ახალგაზრდა ინგლისელი შემტევი ნახევარმცველი რაჰიმ სტერლინგი “ლივერპულიდან” “მანჩესტერ სიტიში” გადავიდა. ოფიციალურად არ ცხადდება, თუ რამდენი გადაიხადეს “ქალაქელებმა” 20 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, თუმცა ის კი ცნობილია, რომ “სიტის” ისტორიაში ეს სარეკორდო ტრანსფერია.

სტერლინგმა მანჩესტერულ კლუბში გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

“საოცარი გრძნობა მაქვს. დღეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის შესანიშნავი დღეა. მოხარული ვარ, რომ ყველაფერი ასე დასრულდა. ახლა ერთი სული მაქვს, როდის გავალ საწვრთნელ მოედანზე.

ინგლისის ნაკრებთან ერთად ყოფნისას ჯო ჰარტს ვესაუბრე. მან მითხრა, რომ “მანჩესტერ სიტი” მართლაც კარგი გუნდია, რომელსაც ფანებიც საოცარი ჰყავს.

დიდ მადლობას ვუხდი რაფაელ ბენიტესს, რომელმაც 15 წლის ასაკში “ლივერპულში” მიმიყვანა. მადლობა ბრენდან როჯერსსაც, რომელმაც უმაღლეს დონეზე თამაშის შესაძლებლობა მომცა”, – სტერლინგის კომენტარი “მანჩესტერ სიტის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მხარეებს შორის ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. რაჰიმ სტერლინგი “მანჩესტერ სიტიში” 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.