“სარბიელის” საიუბილეო ნომერი გამოიცა

დღეს, 11-წლიანი პაუზის შემდეგ გაზეთ “სარბიელის” საიუბილეო ნომერი გამოიცა. ზუსტად 30 წლის წინ, 1990 წლის 28 დეკემბერს აღნიშნული გამოცემის პირველი ნომერი დაიბეჭდა. მას შემდეგ წლების განმავლობაში “სარბიელი” მკითხველს უამრავ საინტერესო მასალას აწვდიდა და რაც მთავარია, ეს არ იყო გაზეთის ფურცლებზე სტანდარტული სიტყვებით მშრალი ინფორმაციის გადმოცემა. “სარბიელის” ჟურნალისტებმა სპეციფიკური წერის მანერით შეძლეს ის, რომ გაზეთს საკუთარი სტილი ჩამოუყალიბდა, რისი წყალობითაც მისი გამორჩევა სხვა უამრავ გამოცემას შორის იყო შესაძლებელი. ყველაზე მთავარი კი საქმისადმი პასუხისმგებლობა და ის გულწრფელობა გახლდათ, რომლისთვისაც ამ გაზეთის ავტორებს ყველაზე კრიტიკულ პერიოდებშიც არ უღალატიათ, საქებს აქებდნენ, საკრიტიკებელს აკრიტიკებდნენ. მკითხველმაც მალე შეიყვარა “სარბიელი” და ყოველდღიურობის ნაწილად აქცია.

დღევანდელი საიუბილეო-საკოლექციო ნომერიც ტრადიციულ სტილშია გადაწყვეტილი, ისევ იმ ხალხის მიერაა შედგენილი, ისევ იმ ენით, ისევ ისე საინტერესოდ, ისევ იმ ფასად, განსხვავება კი ისაა, რომ გამოცემა 32-გვერდიანია.

ვულოცავთ “სარბიელს” 30 წლის იუბილეს!

ომი და მშვიდობა იტალიურ ფეხბურთში: ულტრასები და დაძმობილებული გუნდები

ულტრასული დაჯგუფება სპორტული გუნდის მხარდასაჭერად შექმნილ ქომაგთა ორგანიზებულ ჯგუფს ნიშნავს. მას საფუძველი 50-იანი წლების დასაწყისში ჩაეყარა და განვითარების პიკს 80-იან წლებში მიაღწია, როდესაც თითქმის ყველა საფეხბურთო კლუბს ჰყავდა ულტრასდაჯგუფება. ულტრასების ხსენებისას ხშირად ასოცირება ინგლისელ ხულიგნებთან ხდება, თუმცა ეს სტერეოტიპული წარმოდგენაა. მიუხედავად ამისა, ვერ უარვყოფთ იმ ფაქტს, რომ ულტრასდაჯგუფებებს შორის ძალადობა ხშირია, თუმცა ეს მათი არსებობის შედეგი უფრო არის, ვიდრე მიზანი.ულტრასები ძირითადად სტადიონის ქვედა იარუსზე, კარის მახლობელ სექტორებზე თავსდებიან და იქიდან ქომაგობენ თავიანთ გუნდს სხვადასხვა შეძახილებითა თუ სიმღერებით, ხშირად თვალსასეირო პერფორმანსებსაც დგამენ. ულტრასსამყაროში პოლიტიკაც ღრმად არის ფესვგადგმული. დაჯგუფებები ძირითადად მკვეთრად მემარცხენე ან მემარჯვენე მიმართულების პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებლები არიან და ხშირად ეს განსაზღვრავს სხვადასხვა გუნდების ფანკლუბების ერთმანეთთან დაახლოებას. ამასთან, მხოლოდ პოლიტიკა არ არის ორი ულტრასდაჯგუფების ერთმანეთთან დაძმობილების მიზეზი.

“ლაციო” და “ინტერი”
იტალიაში სხვადასხვა კლუბთა ულტრასდაჯგუფებებს შორის მეგობრობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითია რომის “ლაციოსა” და მილანის “ინტერის” ფანთა შემთხვევა. “ლაციოს” ულტრასები ცნობილნი არიან თავიანთი მკვეთრად მემარჯვენე შეხედულებებით, მათთვის არც სვასტიკის დემონსტრირებაა უცხო. ამ გარემოების გამო ისინი “ინტერის” ულტრასებს დაუძმობილდნენ. მართალია, “ნერაძურის” ფანდაჯგუფება ასეთივე ექსტრემალური შეხედულებებით ცნობილი არ არის, თუმცა მათ გარკვეული კავშირი აქვს იტალიის სხვადასხვა მემარჯვენე ჯგუფებთან, მათ შორის “შავ გულთან”.

აღნიშნული გუნდების ულტრასები ხშირად კიდებენ ტრიბუნებზე ერთმანეთის მიმართ პატივსაცემ ბანერებს. პოსტერი წარწერით “Da sempre fieri del nostro gemellaggio alla nord di Milano rendiamo omaggio” (“ვამაყობთ და პატივს ვცემთ ჩვენს დაძმობილებას მილანის ჩრდილოეთთან”) ამის ერთ-ერთი მაგალითია.

ამ ორ კლუბს შორის კავშირი კარგად გამოჩნდა 2010 წელს გაჩაღებულ სკუდეტოსთვის ბრძოლაში. გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე “ლაციო” “ინტერს” მასპინძლობდა, რომელსაც საჩემპიონო რბოლაში მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს. ტიტულისთვის ბრძოლაში მილანელთა უშუალო კონკურენტი “ლაციოს” თანაქალაქელი და პრინციპული მეტოქე “რომა” იყო, რომელიც ლიდერ “ინტერს” მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებოდა. ის შეხვედრა “ლაციომ” თითქმის უბრძოლველად, ანგარიშით 0:2 დათმო და ორ კვირაში “ინტერმა” ისტორიაში მე-18 სკუდეტოს მოგება იზეიმა.

“მილანი” და “ბრეშა”
იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ძმობა “მილანსა” და “ბრეშას” აკავშირებთ. მათი დამეგობრება პოლიტიკურმა შეხედულებებმა განაპირობა და მიუხედავად იმისა, რომ “მილანის” ულტრასდაჯგუფებაში იდეოლოგია შეიცვალა, ამ კლუბების ფანებს შორის ძმობა გრძელდება. ისინი ხშირად სტუმრობენ ერთმანეთის სტადიონებს დაძმობილებული გუნდის გასამხნევებლად. აღსანიშნავია, რომ “ბრეშასთან” დამეგობრებამ “მილანს” ურთიერთობა გაუფუჭა ბერგამოს “ატალანტასთან”.

“ატალანტა” და “ტერნანა”
თავის მხრივ, “ატალანტას” ულტრასდაჯგუფება ნაკლებად ცნობილია. პოლიტიკური იდეოლოგიის თვალსაზრისით ისინი მემარცხენეები არიან და ეს გახდა მათი საფეხბურთო კლუბ “ტერნანას” ფანებთან დაძმობილების მიზეზი. ასე რომ, თუ “ატალანტას” ქომაგთა შორის “ტერნანას” წითელ-მწვანე ფორმასაც მოკრავთ თვალს, არ გაგიკვირდეთ.

“ფიორენტინა” და “ვერონა”
განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგია არ არის ფანკლუბების დაძმობილებისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი, თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათია. “ფიორენტინას” ულტრასები მემარცხენეები არიან, ხოლო “ვერონასი” – მემარჯვენეები. ამ განსხვავების მიუხედავად, მათ ერთმანეთთან საკმაოდ მყარი ურთიერთობა აკავშირებთ.

“ფიორენტინა” და “ტორინო”
ორი სხვადასხვა კლუბის ულტრასები შესაძლოა, საერთო მოძულე გუნდმა გააერთიანოს. მაგალითად, “ტორინოსა” და “ფიორენტინას” ფანები ერთმანეთთან “იუვენტუსის” სიძულვილმა დაამეგობრა. ამ გუნდების ულტრასები სტადიონზე ერთმანეთს თბილი შინაარსის ბანერებით ესალმებიან: “Il popolo Fiorentino saluta la vera Torino” (“ფლორენციელი ხალხი მიესალმება ნამდვილ ტურინს”).

მარტოხელა “იუვენტუსი”
“იუვენტუსი” იტალიაში გარკვეულწილად მარტოხელა კლუბია. “ბებერი სინიორას” ულტრასებს სხვა გუნდის ფანებთან ალიანსი არ შეუქმნიათ და ამას მრავალი მიზეზი აქვს, რომელთაგან ორია გამოსაყოფი: “იუვენტუსი” იტალიის მასშტაბით ყველაზე წარმატებული გუნდია და ეს სხვა გუნდის ფანებისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორია, ხოლო მეორე მიზეზად “კალჩოპოლის” სკანდალი უნდა მივიჩნიოთ. მართალია, “იუვენტუსმა” ძველი დიდება მალევე დაიბრუნა, თუმცა ტიტულების მოგებაზე რთული გატეხილი სახელის აღდგენა აღმოჩნდა. “იუვეს” ულტრასები მეგობრებს იტალიის გარეთ ეძებენ და ყველაზე მყარი კავშირი ნიდერლანდურ “დენ ჰააგის” ფანებთან აქვთ.

“პარმა” და “სამპდორია”
იტალიურ ფეხბურთში ერთმანეთთან დაძმობილების შედარებით ნაკლებად ცნობილი შემთხვევებია “პარმასა” და “სამპდორიას” ფანებისა და “ნაპოლისა” და “ჯენოას” ულტრასების მეგობრობა. “პარმასა” და “სამპდორიას” ფანების ძმობა ოც წელზე მეტს ითვლის. 2009 წლის კოპა იტალიის ფინალურ მატჩში გენუელთა საქომაგოდ “პარმას” ფანები რომში საგანგებოდ ჩავიდნენ კიდეც.

“ნაპოლი” და “ჯენოა”
“ნაპოლისა” და “ჯენოას” დამეგობრებას საფუძველი 1982 წელს ჩაეყარა. იმ სეზონის ბოლო ტურში გენუელებს სერია A-ში დასარჩენად კინკილა ქულა ჰყოფნიდათ, თუმცა “სან პაოლოზე” 0:1 მარცხდებოდნენ. საბოლოო ჯამში, ის შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა, “ჯენოამ” გადასარჩენად საჭირო ქულა მოიპოვა და სერია B-ში მის ნაცვლად “მილანი” დაქვეითდა. ამ ისტორიულმა მოვლენამ “ჯენოას” ულტრასების “ნაპოლის” ფანებთან დამეგობრება განაპირობა.

დარღვეული ძმობა
ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც ძლიერი და ერთი შეხედვით დაუშლელი ძმობა დარღვეულა. “ინტერისა” და “ვერონას” ულტრასთა მეგობრობა 80-იან წლებში დაიწყო და 2001 წლამდე გაგრძელდა. შემდეგ “ვერონას” ულტრასდაჯგუფების სათავეში ახალი ხალხი მოვიდა და “ინტერთან” “მეგობრობის ხელშეკრულებაც” გაუქმდა.

სხვადასხვა კლუბების ულტრასების ერთმანეთთან დამეგობრების შემთხვევები იტალიურ ფეხბურთს ლამაზ, რომანტიკულ ელფერს სძენს და ეს ისტორიები დასტურია იმისა, რომ ულტრასკონცეფცია უფრო მეტია, ვიდრე ხულიგნებთან ასოცირებული სტერეოტიპული შეხედულება.

“პარმა” სერია ა-ში დაბრუნდა!

გუშინ იტალიის სერია ბე-ს უკანასკნელი, 42-ე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში “პარმა” სტუმრად “სპეციას” ეთამაშა და მეტოქე ანგარიშით, 2-0 დაამარცხა. გოლების ავტორები კარავოლო და ჩიჩირეტტი გახდნენ. საგულისხმოა, რომ ამ გამარჯვებით კლუბმა 72 ქულა მოაგროვა და ის მეორე ადგილზე აღზევდა. მან გადაუსწრო “ფროსინონეს”, რომელმაც “ფოგგიასთან” ფრე ითამაშა და ასევე 72 ქულა დააგროვა. თუმცა, “პარმას” ბურთების უკეთესი სხვაობა აქვს და ამიტომ ის პირდაპირ, პლეი-ოფის გარეშე, გადავიდა სერია ა-ში!

შეგახსენებთ, რომ ეს გუნდში 2015 წელს სერია დე-ში იყო. იქიდან მოყოლებული ყოველ წელს, ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა სერია ა-სკენ და ცოტა ხნის წინ მიზანს მიაღწია!

 

“პარმა” სერია ბ-ში გადავიდა

“პარმა” სერია ა-ს კიდევ უფრო უახლოვდება – კლუბი, რომელმაც საკმაოდ დიდი კრიზისი გადაიტანა, მომავალ სეზონში იტალიის სერია ბ-ში ითამაშებს.

ლეგა პროს პლეი-ოფის ფინალში “ჯვაროსნები” “ალესანდრიას” დაუპირისპირდნენ და დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვეს – 2:0.

შეგახსენებთ, რომ “პარმა” რეგულარულად გამოდიოდა იტალიის უმაღლეს ჩემპიონატში, სანამ კლუბი გაკოტრდებოდა და დაბალ დივიზიონში დაქვეითდებოდა (2015).

“კიევომ” გობი დაიმატა

“პარმიდან” წამოსვლის შემდეგ მასიმო გობიმ კონტრაქტი “კიევოსთან” გააფორმა. ტრანსფერი ვერონული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმაც დაადასტურა.

“ახალი გამოწვევით ბედნიერი ვარ. “კიევოსთან” მოლაპარაკებები ჩემს კარიერაში ყველაზე სწრაფი იყო” – განაცხადა ფეხბურთელმა.

გობი “პარმას” ღირსებას 5 სეზონის განმავლობაში იცავდა. სერია ა-ში მის ანგარიშზე 155 მატჩია.

„პარმას“ მცველი კარიერას საფრანგეთის ლიგა 1-ში გააგრძელებს

მცველი პედრუ მენდეში ფრანგული „რენის“ ფეხბურთელი გახდება. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ცნობილი ფრანგული გამოცემა „L’Équipe“ იტყობინება.

განვლილ სეზონში ფებხურთელმა „პარმაში“ ითამაშა, თუმცა კლუბის მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო ახალი სამუშაო ადგილის ძებნა მოუწია.

შეგახსენებთ, რომ „პარმა“ გაკოტრდა, რის შედეგად შემდეგ სეზონში სამოყვარულო ლიგაში, იტალიის სერია D-ში ითამაშებს.

ნოჩერინო „პარმას“ ემშვიდობება და „მილანში“ ბრუნდება

ნახევარმცველი ანტონიო ნოჩერინო, რომელმაც განვლილი სეზონის პირველ ნახევარი იჯარით ჯერ „ტორინოში“, ხოლო შემდგომ „პარმაში“ ჩაატარა, „მილანში“ დაბრუნდა.

„დიდი მადლობა, რომ ასეთ მოკლე ხანში თბილად მიმიღეთ. მშობელთა სიკვდილის გამო, რთული პერიოდი მქონდა.

აქ ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი, რომელმაც თავი როგოროც სახლში მაგრძნობინა. დიდი მადლობა მწვრთნელსა და პერსონალს, რომლებიც დიდი პროფესიონალები არიან. მათ წარმატებას ვუსურვებ. ასევე მადლობა ყველას, ვინც გუნდს ამ რთულ პერიოდში მხარს უჭერდა. ჩემი გული აქ სამუდამოდ დარჩება“, – განაცხადა ნოჩერინომ.

ცნობისთვის, „მილანთან“ კონტრაქტი ნახევარმცველს შემდეგ წელს ეწურება. ამჟამად მისი მომავალი უცნობია. ითამაშებს თუ არა ანტონიო შემდეგ სეზონში „როსონერის“ შემადგენლობაში? ბევრი რამ გუნდის მომავალ თავკაცზე იქნება დამოკიდებული.

დონადონი იგუაინის საქციელის შესახებ: “ეს არის უმსგავსობა”

იტალიის ჩემპიონატის 35-ე ტურში “პარმასა” და “ნაპოლის” შორის გამართული მატჩის (2:2) მიწურულს სტუმართა თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა მასპინძელთა კიპერ ანტონიო მირანტესთან იჩხუბა. “სქაი სპორტსის” ინფორმაციით, არგენტინელმა ფეხბურთელმა აღნიშნულ ეპიზოდში “პარმას” მეკარეს უთხრა:

“თქვენ უკვე სერია B-ში ხართ”.

როგორც მოგეხსენებათ, “პარმას” სერია A-ში ადგილის შენარჩუნების თეორიული შანსიც აღარ აქვს.

ამ ინციდენტს დიდი რეზონანსი მოჰყვა. არ არის გამორიცხული, იგუაინის მიმართ დისციპლინური ზომები გატარდეს.

აღნიშნული ეპიზოდისა და იგუაინის საქციელის შესახებ “პარმას” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დონადონიმ ისაუბრა.

“კარგია, რომ ასეთი რამე არ იმალება. გასაგებია, რომ “ნაპოლის” ფეხბურთელები ღელავდნენ, რადგან ჩვენ მათ გამარჯვების საშუალება არ მივეცით. სერია A-ს პატივს ვცემთ და თითოეულ მატჩში ღირსეულად ვიბრძვით. თუ ფეხბურთელმა საკუთარ თავს ამის უფლება მისცა, მის საქციელს მე მხოლოდ ერთი სიტყვით შევაფასებ — უმსგავსობა”, – დონადონის კომენტარი Tmw-მ გამოაქვეყნა.

 

“ნაპოლიმ” “პარმას” ვერ აჯობა

იტალიის ჩემპიონატის 35-ე ტურში “ნაპოლი” ქვედა დივიზიონში გავარდნილ “პარმას” ეწვია, თუმცა აუტსაიდერთან მნიშვნელოვანი მატჩის მოგება ვერ მოახერხა.

ანგარიშ მასპინძლებმა მე-9 წუთზე პალადინოს გოლით გახსნეს. “ნაპოლიმ” 28-ზე გაბიადინის ძალისხმევით გაათანაბრა, თუმცა 5 წუთში ხორკერასგან მეორე გოლი გაუშვა. სტუმრებმა კიდევ ერთხელ გათანაბრება 72-ე წუთზე შეძლეს, როდესაც საბოლოო ანგარიში მერტენსმა დააფიქსირა.

“ნაპოლი” 60 ქულით მეოთხე პოზიციაზე რჩება, “პარმას” აქტივში კი 17 ქულა და ბოლო ადგილია.

სად ითამაშებს უკლუბოდ დარჩენილი ანტონიო კასანო?

ცნობილმა იტალიელმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ თავისი მომავლის შესახებ ისაუბრა.

„სამპდორიაში“ დაბრუნებას ვისურვებდი. ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრებთან ერთად გამგზავრება მსურს. გარდა ამისა, ალტერნატიულ ვარიანტად „მონაკოში“ ტრანსფერიც ითვლება“, – განაცხადა ტინიომ.

შეგახსენებთ, რომ იანვარში კასანომ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი „პარმა“ დატოვა, რის შემდეგაც თავისუფალი აგენტია.

კასანო „პარმას“ ხელფასის გადაუხდელობის გამო უჩივლებს

კრესპო: „ვიცი, რომ მწვრთნელობა გამომივა“

არგენტინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ერნან კრესპომ, რომელიც ამჟამად „პარმას“ ახალგაზრდულ გუნდს თავკაცობს, პროფესიონალურ გუნდთან მუშაობის სურვილი გამოთქა.

„მწვრთნელობა დავიწყე, რათა ის სიამოვნება და ემოცია მიმეღო, რომელსაც ფეხბურთელობის დროს ვიღებდი. „პარმაში“ რთულ დროს მოვედი – კლუბს ამჟამად ფინანსური პრობლემები აქვს. გამოცდილების მიღება მსურს, რადგან  მწვრთნელობას ვგერგმავ.
დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამომივა. თუმცა, ვერ გეტყვით, ამას რამდენი ხანი დასჭირდება“, – განუცხადა არგენტინელმა მილანის „ინტერის“ არხს.

„პარმა” სერია A-დან დაქვეითდა

“პარმა” სერია A-დან დაქვეითდა

“პარმა” იტალიის უმაღლესი დივიზიონიდან გამოვარდა.

სერია A-ს 33-ე ტურში გუნდი რომის “ლაციოსთან” ანგარიშით 0:4 განადგურდა.

მიმდინარე გათამაშების დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე გუნდს სატურნირო ცხრილის უკანასკნელი ადგილი უკავია და მე-17 ადგილზე მყოფ “ატალანტამდე” 16 ქულა აშორებს. შესაბამისად, მასთან დაწევის თეორიული შანსიც აღარ აქვს.

შეგახსენებთ, რომ სეზონის მიმდინარეობისას “პარმას” რეგლამენტის დარღვევისთვის 7 ქულა ჩამოაკლეს.