სვენ-გორან ერიქსონი: “ფერგიუსონი მოკვლით მემუქრებოდა, თუ რუნის მუნდიალზე წავიყვანდი”

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სვენ-გორან ერიქსონმა გამოცემა “თაიმსს” საინტერესო ინტერვიუ მისცა, რომლის ერთ-ერთი მონაკვეთი “მანჩესტერ იუნაიტედის” ექსთავკაც ალექს ფერგიუსონთან მომხდარ ინციდენტს დაეთმო.

შვედმა სპეციალისტმა ინტერვიუში 2006 წელს მომხდარი ამბავი გაიხსენა. ამ პერიოდში “წითელი ეშმაკების” აწ უკვე ყოფილმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ ტრავმა მიიღო და გამოჯანმრთელების პროცესი საკმაოდ გაეწელა. ინგლისელმა ფეხბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონატამდე ტრავმის მოშუშება ვერ მოასწრო, თუმცა უშუალოდ ტურნირის მიმდინარეობისას გამოჯამრთელებისა და თამაშის საშუალება ჰქონდა. ამის მიუხედავად, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელ ალექს ფერგიუსონს მუნდიალზე რუნის გაშვება არ სურდა, რასაც ერიქსონთან დაძაბული სატელეფონო საუბარი მოჰყვა.

შვედი სპეციალისტი იხსენებს:

“ალექსი უცნაური კაცი იყო. ასეთი ჩვევა ჰქონდა: დამირეკავდა დილის შვიდ საათზე ან უფრო ადრე და ყოველგვარი მისალმების გარეშე იწყებდა ყვირილით საუბარს. როდესაც ასეთი გაღიზიანებული იყო ხოლმე, მასთან კომუნიკაცია შეუძლებელი ხდებოდა.

მან ის დილაც ჩხუბით დაიწყო. ყვიროდა, რომ მომკლავდა, თუ რუნის მსოფლიოს ჩემპიონატზე წავიყვანდი.

მე მას ვკითხე: “რა ხდება ალექს, რაშია საქმე?” თუმცა, ის მე არ მისმენდა და განაგრძობდა ყვირილსა და მუქარას. საბოლოო ჯამში, ვუთხარი: “რუნის მსოფლიოს ჩემპიონატზე მაინც წავიყვან. კარგი შვებულება, ჩაო” და ტელეფონი გავუთიშე”.

უეინ რუნიმ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მართლაც ითამაშა, თუმცა “სამი ლომი” ტურნირს მეოთხედფინალურ ეტაპზე პორტუგალიის ნაკრებთან პენალტების სერიაში მარცხის შემდეგ გამოეთიშა.

ანანიძე: “ბეილი ჩემზე ძლიერია, მაგრამ ჩემზე ხშირად ტრავმიანობს, აღნაგობა არაფერ შუაშია”

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში უარყო მოსაზრება, თითქოს მისი ხშირი ტრავმიანობა ფიზიკურ მონაცემებთან არის დაკავშირებული.

“სპარტაკის” ლიდერობა მსურს, თუმცა მესმის, რომ ეს ან ახლა მოხდება ან არასდროს. ვგრძნობ, რომ შემიძლია ისე ვითამაშო, როგორც ამას ჩემგან გულშემატკივრები მოელიან. სამწუხაროდ, ხშირად ტრავმები მიშლიდა ხელს. ფაქტობრივად ათი წლიდან სამი მკურნალობაში მაქვს გატარებული. ხშირად ვკითხულობ, თითქოს ყველაფერი ჩემი აღნაგობის ბრალია, მაგრამ შეხედეთ მადრიდის “რეალის” ფეხბურთელ გარეტ ბეილს. ის ჩემზე სამჯერ მეტს იწონის და კუნთებიც სამჯერ დიდი აქვს, თუმცა ჩემზე ხშირად ტრავმიანობს. მან “რეალში” ყოფნის ექვსი წლიდან მხოლოდ წელიწადნახევარი ითამაშა.

ალბათ, უფროსების წინააღმდეგ თამაში საკმაოდ ადრეულ ასაკში დავიწყე. გარდა ამისა, თავიდან სატრენაჟორო დარბაზებს ხშირად არ ვსტუმრობდი. ახლა გაცილებით ხშირად ვვარჯიშობ. იმას არ ვამბობ, რომ რობოტის დონემდე უნდა მიხვიდე, როცა ბურთსაც ვეღარ გრძნობ, მაგრამ პროფილაქტიკა აუცილებელია, რათა კუნთები და სახსრები კარგ მდგომარეობაში იყოს.

დეკემბრამდე უნდა ვაჩვენო, რა შემიძლია: გოლების გატანა, საგოლე გადაცემები. თამაშის მიმდინარეობის წაყვანა. მთავარი მწვრთნელისგან ნდობას ვგრძნობ და ეს მეხმარება”, – აღნიშნა ანანიძემ.

ჯანო ანანიძემ ინდივიდუალურად ივარჯიშა

საქართველოს ეროვნული გუნდის წევრი ჯანო ანანიძე სანაკრებო შეკრების შემდეგ მოსკოვის “სპარტაკს” დაუბრუნდა. შეგახსენებთ, რომ 22 წლის ფეხბურთელმა შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამარულ მატჩში (1:0) ტრავმა მიიღო, რის გამოც 7 სექტემბერს, ირლანდიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართული შეხვედრის (0:1) გამოტოვება მოუწია.

ანანიძე “სპარტაკის” ბაზაზე დაბრუნდა, თუმცა გუნდთან ერთად არ უვარჯიშია. ქართველი ფეხბურთელი ინდივიდუალური პროგრამით დაკავდა.

“სპარტაკი” რუსეთის პრემიერლიგის მე-8 ტურის მატჩს “როსტოვის” წინააღმდეგ ჩაატარებს, რომლის რიგებშიც ჯანო ანანიძე გასულ სეზონში იჯარის წესით თამაშობდა. შეხვედრა 13 სექტემბერს ჩატარდება.

 

ჯანო ანანიძემ წელს ბოლო მატჩი ჩაატარა

დღეს, რუსეთის პრემიერლიგის მე-18 ტურში „როსტოვმა“ მოსკოვის „ცსკა“-ს უმასპინძლა. „ყვითელ-ლურჯთა“ რიგებში ჯანო ანანიძემ წლის ბოლო მატჩი ჩაატარა. ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ჩვეულებისამებრ, ერთ-ერთი გამორჩეულიც იყო. ჯანოს შეხვედრის მეორე ტაიმის დასაწყისში გოლის გატანაც მართებდა, თუმცა ახლო მანძილიდან ბურთს ფეხი ხეირიანად ვერ მოარტყა, არადა, მეკარე კარის კუთხეს ვეღარ იცავდა. სიმართლე რომ ვთქვათ, „როსტოვს“ გოლის გატანის ბევრი შანსი მიეცა, თუმცა ყველაზე რეალური სწორედ ჯანოს მომენტი იყო. მასპინძლები გაცილებით აქტიურად გამოიყურებოდნენ, ბურთს აკონტროლებდნენ და უტევდნენ, „ცსკა“-ს ფეხბურთელები კი ძირითადად თავდაცვით იყვნენ დაკავებულნი. ანანიძე 82-ე წუთზე შეცვალეს. ქართველ ფეხბურთელს მოედნის დატოვებისას აშკარად ეტყობოდა გაფუჭებული მომენტის გამო სინანული. საბოლოო ჯამში, შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელთა გამოსავლენად მოწყობილ გამოკითხვაში გულშემატკივრებმა ჯანოს მესამე ადგილი არგუნეს.

მიუხედავად იმისა, რომ წლის ბოლომდე კიდევ ერთი მატჩია დარჩენილი, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯანო ანანიძემ „როსტოვის“ შემადგენლობაში წელს ბოლო მატჩი ჩაატარა. მომდევნო ტურში „როსტოვი“ მოსკოვის „სპარტაკს“ მასპინძლობს. „სახალხო გუნდის“ მფლობელმა ლეონიდ ფედუნმა განაცხადა, თუ გინდათ, რომ თქვენთან იჯარით მყოფებმა – ჯანო ანანიძემ და არტიომ ძიუბამ ითამაშონ, მაშინ მილიონი (ვალუტა არ დაუკონკრეტებია) გადაგვიხადეთო. „როსტოვი“ თანხის გადახდას არ აპირებს, შესაბამისად ანანიძე და ძიუბა მათ საკუთრებასი მყოფი კლუბის წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯანომ რამდენჯერმე გამოთქვა „როსტოვში“ სეზონის ბოლომდე დარჩენის სურვილი. ანანიძეს საიჯარო ხელშეკრულება 1 წლის ვადით აქვს გაფორმებული, თუმცა არ არის გამორიცხული, „სპარტაკმა“ ის ზამთრის შესვენებისას დაიბრუნოს.

ცნობისთვის, ჯანომ „როსტოვის“ რიგებში 15 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

ბექა დოგრაშვილი