“სარბიელის” საიუბილეო ნომერი გამოიცა

დღეს, 11-წლიანი პაუზის შემდეგ გაზეთ “სარბიელის” საიუბილეო ნომერი გამოიცა. ზუსტად 30 წლის წინ, 1990 წლის 28 დეკემბერს აღნიშნული გამოცემის პირველი ნომერი დაიბეჭდა. მას შემდეგ წლების განმავლობაში “სარბიელი” მკითხველს უამრავ საინტერესო მასალას აწვდიდა და რაც მთავარია, ეს არ იყო გაზეთის ფურცლებზე სტანდარტული სიტყვებით მშრალი ინფორმაციის გადმოცემა. “სარბიელის” ჟურნალისტებმა სპეციფიკური წერის მანერით შეძლეს ის, რომ გაზეთს საკუთარი სტილი ჩამოუყალიბდა, რისი წყალობითაც მისი გამორჩევა სხვა უამრავ გამოცემას შორის იყო შესაძლებელი. ყველაზე მთავარი კი საქმისადმი პასუხისმგებლობა და ის გულწრფელობა გახლდათ, რომლისთვისაც ამ გაზეთის ავტორებს ყველაზე კრიტიკულ პერიოდებშიც არ უღალატიათ, საქებს აქებდნენ, საკრიტიკებელს აკრიტიკებდნენ. მკითხველმაც მალე შეიყვარა “სარბიელი” და ყოველდღიურობის ნაწილად აქცია.

დღევანდელი საიუბილეო-საკოლექციო ნომერიც ტრადიციულ სტილშია გადაწყვეტილი, ისევ იმ ხალხის მიერაა შედგენილი, ისევ იმ ენით, ისევ ისე საინტერესოდ, ისევ იმ ფასად, განსხვავება კი ისაა, რომ გამოცემა 32-გვერდიანია.

ვულოცავთ “სარბიელს” 30 წლის იუბილეს!

ომი და მშვიდობა იტალიურ ფეხბურთში: ულტრასები და დაძმობილებული გუნდები

ულტრასული დაჯგუფება სპორტული გუნდის მხარდასაჭერად შექმნილ ქომაგთა ორგანიზებულ ჯგუფს ნიშნავს. მას საფუძველი 50-იანი წლების დასაწყისში ჩაეყარა და განვითარების პიკს 80-იან წლებში მიაღწია, როდესაც თითქმის ყველა საფეხბურთო კლუბს ჰყავდა ულტრასდაჯგუფება. ულტრასების ხსენებისას ხშირად ასოცირება ინგლისელ ხულიგნებთან ხდება, თუმცა ეს სტერეოტიპული წარმოდგენაა. მიუხედავად ამისა, ვერ უარვყოფთ იმ ფაქტს, რომ ულტრასდაჯგუფებებს შორის ძალადობა ხშირია, თუმცა ეს მათი არსებობის შედეგი უფრო არის, ვიდრე მიზანი.ულტრასები ძირითადად სტადიონის ქვედა იარუსზე, კარის მახლობელ სექტორებზე თავსდებიან და იქიდან ქომაგობენ თავიანთ გუნდს სხვადასხვა შეძახილებითა თუ სიმღერებით, ხშირად თვალსასეირო პერფორმანსებსაც დგამენ. ულტრასსამყაროში პოლიტიკაც ღრმად არის ფესვგადგმული. დაჯგუფებები ძირითადად მკვეთრად მემარცხენე ან მემარჯვენე მიმართულების პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებლები არიან და ხშირად ეს განსაზღვრავს სხვადასხვა გუნდების ფანკლუბების ერთმანეთთან დაახლოებას. ამასთან, მხოლოდ პოლიტიკა არ არის ორი ულტრასდაჯგუფების ერთმანეთთან დაძმობილების მიზეზი.

“ლაციო” და “ინტერი”
იტალიაში სხვადასხვა კლუბთა ულტრასდაჯგუფებებს შორის მეგობრობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითია რომის “ლაციოსა” და მილანის “ინტერის” ფანთა შემთხვევა. “ლაციოს” ულტრასები ცნობილნი არიან თავიანთი მკვეთრად მემარჯვენე შეხედულებებით, მათთვის არც სვასტიკის დემონსტრირებაა უცხო. ამ გარემოების გამო ისინი “ინტერის” ულტრასებს დაუძმობილდნენ. მართალია, “ნერაძურის” ფანდაჯგუფება ასეთივე ექსტრემალური შეხედულებებით ცნობილი არ არის, თუმცა მათ გარკვეული კავშირი აქვს იტალიის სხვადასხვა მემარჯვენე ჯგუფებთან, მათ შორის “შავ გულთან”.

აღნიშნული გუნდების ულტრასები ხშირად კიდებენ ტრიბუნებზე ერთმანეთის მიმართ პატივსაცემ ბანერებს. პოსტერი წარწერით “Da sempre fieri del nostro gemellaggio alla nord di Milano rendiamo omaggio” (“ვამაყობთ და პატივს ვცემთ ჩვენს დაძმობილებას მილანის ჩრდილოეთთან”) ამის ერთ-ერთი მაგალითია.

ამ ორ კლუბს შორის კავშირი კარგად გამოჩნდა 2010 წელს გაჩაღებულ სკუდეტოსთვის ბრძოლაში. გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე “ლაციო” “ინტერს” მასპინძლობდა, რომელსაც საჩემპიონო რბოლაში მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს. ტიტულისთვის ბრძოლაში მილანელთა უშუალო კონკურენტი “ლაციოს” თანაქალაქელი და პრინციპული მეტოქე “რომა” იყო, რომელიც ლიდერ “ინტერს” მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებოდა. ის შეხვედრა “ლაციომ” თითქმის უბრძოლველად, ანგარიშით 0:2 დათმო და ორ კვირაში “ინტერმა” ისტორიაში მე-18 სკუდეტოს მოგება იზეიმა.

“მილანი” და “ბრეშა”
იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ძმობა “მილანსა” და “ბრეშას” აკავშირებთ. მათი დამეგობრება პოლიტიკურმა შეხედულებებმა განაპირობა და მიუხედავად იმისა, რომ “მილანის” ულტრასდაჯგუფებაში იდეოლოგია შეიცვალა, ამ კლუბების ფანებს შორის ძმობა გრძელდება. ისინი ხშირად სტუმრობენ ერთმანეთის სტადიონებს დაძმობილებული გუნდის გასამხნევებლად. აღსანიშნავია, რომ “ბრეშასთან” დამეგობრებამ “მილანს” ურთიერთობა გაუფუჭა ბერგამოს “ატალანტასთან”.

“ატალანტა” და “ტერნანა”
თავის მხრივ, “ატალანტას” ულტრასდაჯგუფება ნაკლებად ცნობილია. პოლიტიკური იდეოლოგიის თვალსაზრისით ისინი მემარცხენეები არიან და ეს გახდა მათი საფეხბურთო კლუბ “ტერნანას” ფანებთან დაძმობილების მიზეზი. ასე რომ, თუ “ატალანტას” ქომაგთა შორის “ტერნანას” წითელ-მწვანე ფორმასაც მოკრავთ თვალს, არ გაგიკვირდეთ.

“ფიორენტინა” და “ვერონა”
განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგია არ არის ფანკლუბების დაძმობილებისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი, თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათია. “ფიორენტინას” ულტრასები მემარცხენეები არიან, ხოლო “ვერონასი” – მემარჯვენეები. ამ განსხვავების მიუხედავად, მათ ერთმანეთთან საკმაოდ მყარი ურთიერთობა აკავშირებთ.

“ფიორენტინა” და “ტორინო”
ორი სხვადასხვა კლუბის ულტრასები შესაძლოა, საერთო მოძულე გუნდმა გააერთიანოს. მაგალითად, “ტორინოსა” და “ფიორენტინას” ფანები ერთმანეთთან “იუვენტუსის” სიძულვილმა დაამეგობრა. ამ გუნდების ულტრასები სტადიონზე ერთმანეთს თბილი შინაარსის ბანერებით ესალმებიან: “Il popolo Fiorentino saluta la vera Torino” (“ფლორენციელი ხალხი მიესალმება ნამდვილ ტურინს”).

მარტოხელა “იუვენტუსი”
“იუვენტუსი” იტალიაში გარკვეულწილად მარტოხელა კლუბია. “ბებერი სინიორას” ულტრასებს სხვა გუნდის ფანებთან ალიანსი არ შეუქმნიათ და ამას მრავალი მიზეზი აქვს, რომელთაგან ორია გამოსაყოფი: “იუვენტუსი” იტალიის მასშტაბით ყველაზე წარმატებული გუნდია და ეს სხვა გუნდის ფანებისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორია, ხოლო მეორე მიზეზად “კალჩოპოლის” სკანდალი უნდა მივიჩნიოთ. მართალია, “იუვენტუსმა” ძველი დიდება მალევე დაიბრუნა, თუმცა ტიტულების მოგებაზე რთული გატეხილი სახელის აღდგენა აღმოჩნდა. “იუვეს” ულტრასები მეგობრებს იტალიის გარეთ ეძებენ და ყველაზე მყარი კავშირი ნიდერლანდურ “დენ ჰააგის” ფანებთან აქვთ.

“პარმა” და “სამპდორია”
იტალიურ ფეხბურთში ერთმანეთთან დაძმობილების შედარებით ნაკლებად ცნობილი შემთხვევებია “პარმასა” და “სამპდორიას” ფანებისა და “ნაპოლისა” და “ჯენოას” ულტრასების მეგობრობა. “პარმასა” და “სამპდორიას” ფანების ძმობა ოც წელზე მეტს ითვლის. 2009 წლის კოპა იტალიის ფინალურ მატჩში გენუელთა საქომაგოდ “პარმას” ფანები რომში საგანგებოდ ჩავიდნენ კიდეც.

“ნაპოლი” და “ჯენოა”
“ნაპოლისა” და “ჯენოას” დამეგობრებას საფუძველი 1982 წელს ჩაეყარა. იმ სეზონის ბოლო ტურში გენუელებს სერია A-ში დასარჩენად კინკილა ქულა ჰყოფნიდათ, თუმცა “სან პაოლოზე” 0:1 მარცხდებოდნენ. საბოლოო ჯამში, ის შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა, “ჯენოამ” გადასარჩენად საჭირო ქულა მოიპოვა და სერია B-ში მის ნაცვლად “მილანი” დაქვეითდა. ამ ისტორიულმა მოვლენამ “ჯენოას” ულტრასების “ნაპოლის” ფანებთან დამეგობრება განაპირობა.

დარღვეული ძმობა
ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც ძლიერი და ერთი შეხედვით დაუშლელი ძმობა დარღვეულა. “ინტერისა” და “ვერონას” ულტრასთა მეგობრობა 80-იან წლებში დაიწყო და 2001 წლამდე გაგრძელდა. შემდეგ “ვერონას” ულტრასდაჯგუფების სათავეში ახალი ხალხი მოვიდა და “ინტერთან” “მეგობრობის ხელშეკრულებაც” გაუქმდა.

სხვადასხვა კლუბების ულტრასების ერთმანეთთან დამეგობრების შემთხვევები იტალიურ ფეხბურთს ლამაზ, რომანტიკულ ელფერს სძენს და ეს ისტორიები დასტურია იმისა, რომ ულტრასკონცეფცია უფრო მეტია, ვიდრე ხულიგნებთან ასოცირებული სტერეოტიპული შეხედულება.

რატომ მოუხადა ბოდიში მალდინიმ მარადონას

“მილანის” ყოფილმა კაპიტანმა პაოლო მალდინიმ გაიხსენა ეპიზოდი, როდესაც მას დიეგო მარადონასთვის ბოდიშის მოხდა მოუწია:

“სერია A-ს დიდების დარბაზის დაჯილდოების ცერემონია იყო, მე მის გვერდით ვიჯექი. ეკრანზე ჩვენი დაპირისპირების რამდენიმე ეპიზოდი აჩვენეს. თავს ყოველთვის კორექტულ მცველად ვთვლიდი, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ იმ ვიდეოებში მის წინააღმდეგ ძალზედ უხეშად ვთამაშობდი. ეს მხოლოდ იმიტომ ხდებოდა, რომ მარადონა ჩემს ქმედებებს წინასწარ იცნობდა და მე ყოველთვის ვაგვიანებდი.

ის ძალიან სწრაფი იყო, მას მთელი კარიერის განმავლობაში ურტყამდნენ. შემრცხვა და იმ ვიდეოკლიპის ნახვის შემდეგ მარადონას ბოდიში მოვუხადე.

ის ძალზედ მარდად აკონტროლებდა ბურთს და სწრაფად ცვლიდა მიმართულებას. მარადონა მართლაც ექსტრაორდინარული ფეხბურთელი იყო”.

შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა. ის “ნაპოლის” შემადგენლობაში 1984-დან 1991 წლამდე თამაშობდა. არგენტინელი ფეხბურთელი ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, თითო-თითოჯერ კი ქვეყნის თასს და სუპერთასს დაეუფლა, ერთხელ მოიგო უეფას თასი. მის პატივსაცემად “ნაპოლიმ” კლუბში ათნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღო.

ლეო მესის ათწლიან კონტრაქტს შესთავაზებენ

“თაიმსის” ცნობით, ჰოლდინგური კომპანია City Football Group-ი “ბარსელონას” ლიდერ ლიონელ მესის ათწლიან კონტრაქტს შესთავაზებს. წინადადების დათანხმების შემთხვევაში, კონტრაქტის ვადის ამოწურვისას არგენტინელი ფეხბურთელი 43 წლის იქნება.

City Football Group-ი არის კომპანია, რომელიც შესულია ათი სხვადასხვა საფეხბურთო კლუბის მფლობელობაში, მათ შორის 100 პროცენტიანი წილი უკავია “მანჩესტერ სიტიში”. ჩანაფიქრის თანახმად, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საწყის რამდენიმე წელს ლეო მესი “მანჩესტერ სიტის” შემადგენლობაში გაატარებს, რის შემდეგაც ჰოლდინგის საკუთრებაში არსებულ რომელიმე კლუბში გადავა. კარიერის დასრულების შემდეგ არგენტინელი კლუბის ელჩი გახდება.

შესაძლოა, ტრანსფერი 2021 წლის იანვარშივე გაიჩარხოს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სატრანსფერო პერიოდში ლიონელ მესის “ბარსელონასთან” კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტა სურდა. არგენტინელი ფეხბურთელი გუნდში შექმნილი სიტუაციით იყო უკმაყოფილო, თუმცა კლუბმა დაარწმუნა, რომ მოქმედი კონტრაქტის ამოწურვამდე გუნდში დარჩენილიყო. მასსა და კლუბს შორის დადებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის ზაფხულამდე აქვს.

City Football Group-ი დღესდღეობით შემდეგი საფეხბურთო კლუბების მფლობელობაშია:

“მანჩესტერ სიტი” (ინგლისი) — 100%
“მელბურნ სიტი” (ავსტრალია) — 100%
“მონტევიდეო სიტი ტორკე” (ურუგვაი) — 100%
“ლომელი” (ბელგია)  — 99%
“ნიუ იორკ სიტი” (აშშ)  — 80%
“მუმბაი სიტი” (ინდოეთი)  — 65%
“ჟირონა” (ესპანეთი)  — 44.3%
“სიჩუან ცზიუნიუ” (ჩინეთი)  — 29.7%
“იოკოჰამა მარინოსი” (იაპონია) — 20%
“ტრუა” (საფრანგეთი).

მარკ კლატენბურგი: “მოურინიო “ჩელსიდან” მის გათავისუფლებაში მე მადანაშაულებს”

ინგლისის პრემიერლიგის აწ უკვე ყოფილმა მსაჯმა მარკ კლატენბურგმა თქვა, რომ ჟოზე მოურინიო ლონდონის “ჩელსიდან” მის გათავისუფლებას სწორედ ინგლისელ არბიტრს აბრალებს.

ლონდონურმა კლუბმა პორტუგალიელი სპეცილიასტი 2015 წლის დეკემბერში, მომავალ ჩემპიონ “ლესტერ სიტისთან” დამარცხების (1:2) შემდეგ გაათავისუფლა. იმ მატჩს სწორედ კლატენბურგი სჯიდა. ინგლისელმა რეფერიმ მოურინიოსთან იმხანად არსებული ურთიერთობის შესახებ Paddy Power-ისთვის ჩაწერილ ინტერვიუში ისაუბრა:

“მოურინიო “ჩელსიდან” მის გათავისუფლებაში მე მადანაშაულებს, მე კი ვიტყოდი, რომ ის გუნდიდან მანამდე დაფიქსირებული შედეგების გამო უფრო გაუშვეს. “რეალიდან” დაბრუნებული მოურინიო ბევრს შრომობდა და თურმე, “ჩელსიდან” ჩემ გამო დაითხოვეს.

როდესაც “მანჩესტერ იუნაიტედში” მივიდა, იგივეს ფიქრობდა. ეგონა, რომ მე ვაპირებდი მის გათავისუფლებას, ამიტომ ის ჩემ მიმართ ყოველთვის ანტაგონისტურად იყო განწყობილი. საერთოდაც, სერ ალექს ფერგიუსონის მსგავსი მწვრთნელები ასეთები არიან: თუ მათი გუნდი იგებს, მატჩს მსოფლიოში საუკეთესო რეფერი სჯიდა”.

“გუნდში არავის ვაკავებთ”

მილანის “ინტერის” გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა გუნდის ნახევარმცველ კრისტიან ერიქსენის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ დანიელი ფეხბურთელი “ნერაძურიში” “ტოტენჰემ ჰოთსპურიდან” მიმდინარე წლის იანვარში გადავიდა. მას თავდაპირველად ძირითადი გუნდის წევრად განიხილავდნენ, თუმცა 28 წლის ნახევარმცველი ანტონიო კონტეს სქემას ვერ მოერგო და დიდ ნაწილს სათადარიგოთა სკამზე ატარებს. ერიქსენი სათამაშო დროის ნაკლებობით უკმაყოფილოა და “ინტერის” დატოვება ზამთრის სატრანსფერო პერიოდშივე სურს. ჯუზეპე მაროტა ამბობს, რომ კლუბი არ დააკავებს იმ მოთამაშეებს, რომელთაც გუნდიდან წასვლა სურთ:

“კონტემ ამის შესახებ უკვე ამომწურავად ისაუბრა. მე მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ჩვენ გუნდში დარჩენას არ ვაიძულებთ მოთამაშეს, რომელსაც წასვლა სურს.

სიტუაცია განსახილველია, მანამდე კი ერიქსენი კონტეს განსაკურგულებაშია. კრისტიანისგან რაიმე სახის თხოვნა ჯერ არ მიგვიღია და როდესაც შესაბამისი დრო დადგება, ვეცდებით, მართებული გადაწყვეტილება მივიღოთ”.

კრისტიან ერიქსენს იტალიურ კლუბთან შრომითი ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. სპეციალიზებული პორტალი Transfermarkt-ი მის სატრანსფერო ღირებულებას 50 მილიონ ევროდ აფასებს.

კრისტიან ერიქსენმა მიმდინარე სეზონში “ინტერის” ფორმით შვიდი მატჩი ჩაატარა და შედეგიანი ქმედებით თავი არ გამოუჩენია.

კრისტიან ერიქსენით სამი იტალიური კლუბია დაინტერესებული

“კალჩომერკატოს” ინფორმაციით, მილანის “ინტერის” ნახევარმცველმა კრისტიან ერიქსენმა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა, გუნდი გამოიცვალოს.

წყაროს თანახმად, 28 წლის ფეხბურთელით სამი იტალიური კლუბია დაინტერესებული: “რომა”, “მილანი” და “ლაციო”. დანიელი ნახევარმცველის შეძენა შესაძლოა, 20 მილიონი ევრო დაჯდეს.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან ერიქსენი “ინტერში” “ტოტენჰემ ჰოთსპურიდან” მიმდინარე წლის იანვარში გადავიდა. მას თავდაპირველად ძირითადი გუნდის წევრად განიხილავდნენ, თუმცა 28 წლის ნახევარმცველი ანტონიო კონტეს სქემას ვერ მოერგო და დიდ ნაწილს სათადარიგოთა სკამზე ატარებს. ერიქსენი სათამაშო დროის ნაკლებობით უკმაყოფილოა და “ინტერის” დატოვება ზამთრის სატრანსფერო პერიოდშივე სურს. მას იტალიურ კლუბთან შრომითი ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. სპეციალიზებული პორტალი Transfermarkt-ი მის სატრანსფერო ღირებულებას 50 მილიონ ევროდ აფასებს.

კრისტიან ერიქსენმა მიმდინარე სეზონში “ინტერის” ფორმით შვიდი მატჩი ჩაატარა და შედეგიანი ქმედებით თავი არ გამოუჩენია.

ნავასი: “მშვიდად ვარ, კონტრაქტი კლუბთან კიდევ ორი წლით მაკავშირებს”

კეილორ ნავასი მადრიდის “რეალთან” ერთად მაიამიში იმყოფება, სადაც “მანჩესტერ იუნაიტედთან” დაპირისპირებისთვის ემზადება. ლათინოამერკელი მეკარე, მიუხედავად ტიბო კურტუას “ბლანკოსში” შესაძლო გადმოსვლისა, მადრიდული მომავლის მიმართ ოპტიმისტურადაა განწყობილი.

“კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და ამიტომ თავს მშვიდად ვგრძნობ. ბედნიერი ვარ და მადლობას ვეუბნები უფალს, რადგან ასეთი შესაძლებლობები მომცა. ახლაც ისე იმედიანად ვარ, როგორც პირველ სეზონში. ვაპირებთ, რომ ბევრი ვიმუშაოთ, დიდი ძალისხმევა გავწიოთ და ვისიამოვნოთ იმით, რომ “რეალში” ვთამაშობთ,” – ამბობს ნავასი.

ოფიციალურად: “ტორპედომ” ბულგარელი და უკრაინელი ლეგიონერები დაიმატა

ქუთაისის ტორპედო კიდევ ორი ლეგიონერით გაძლიერდა, 24 წლის მცველები – ოლექსანდრ აზაცკი (უკრაინა)და ლაზარ მარინი (ბულგარეთი) კარიერას ქუთაისურ კლუბში განაგრძობენ.

აზაცკი ტორპედოში ბანიკ ოსტრავადან გადავიდა, მანამდე 24 წლის მცველი მეტალისტში, კიევის დინამოში და ოდესის ჩერნომორეცში თამაშობდა.

 

ბულგარელი – ლაზარ მარინი ტორპედოში 2019 წლის აპრილამდე დარჩება, ახალგაზრდა მცველს მთელი კარიერა სამშობლოში აქვს გატარებული.

სხვადასხვა დროს თამაშობდა – ბოტევ პლოვდივში, რაკოვსკიში, ცსკა სოფიაში. 2016-17 წლებში მოიგო ბულგარეთის თასი, ხოლო 2018 წელს ქვეყნის სუპერთასსაც დაეუფლა.

Eliga.Ge

ოფიციალურად: “სანტოსმა” და “რეალმა” როდრიგოს თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს

მადრიდის “რეალმა” და ბრაზილიურმა “სანტოსმა” ფორმალურად დაადასტურეს როდრიგოს ტრანსფერი.

17 წლის თავდამსხმელი 45 მილიონი ევრო დაჯდა. როდრიგო 2019 წელს მოაწერს კონტრაქტს ხელს და მომავალი წლის ივლისში ჩავა მადრიდში. ანუ ის ფაქტობრივად ვინისიუს ჟუნიორის გზას გაუყვება.

შემტევი “სანტოსის” აღზრდილია. მან 2018 წელს “სერია ა”-ში 10 შეხვედრა ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

ლეანდრო რიბეირო: “საქართველოში ცხოვრებაც მომწონს და თამაშიც”

ეროვნული ლიგის ბომბარდირობისთვის რამდენიმე ფეხბურთელი იბრძვის, რომელთა შორისაც გორის დილასბრაზილიელი ლეანდრო რიბეიროცაა.

23 წლის ბრაზილიელი დილას კარგად შეეწყო და ერთ-ერთ ლიდერადაც ჩამოყალიბდა. როგორია მისიშთაბეჭდილებები, რა მიზნები აქვს კარიერაში ლეანდროს ამ და სხვა საინტერესო თემებზე Eliga.Ge ესაუბრა.

დილაში რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდით…

ამით ძალიან ბედნიერი ვარ. დილაში წინა სეზონის ნაწილი გავატარე, გუნდთან და ქართულ ფეხბურთთანადაპტაციის გავლაც მოვასწარი და როცა დაბრუნების შესაძლებლობა გამოჩნდა, არ მიყოყმანია. მოხარულივარ, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე, მომწონს აქ თამაში და მზად ვარ ახალი გამოწვევებისთვის.

როგორ შეაფასებთ ისრაელში, მაკაბი ნეთანიაში გატარებულ პერიოდს?

როცა ისრაელში წავედი, მეგონა, ხშირად მომიწევდა თამაში, თუმცა ჩემი სტილი ვერ ჩაჯდა გუნდის ტაქტიკურსქემაში, რის გამოც არ მეძლეოდა ბევრი დრო. მე კი თამაში მწყუროდა და ამიტომ მივიღე დილაშიდაბრუნების გადაწყვეტილება.

როგორი ატმოსფეროა დილაში, როგორ შეეგუეთ საქართველოსა და ცხოვრების აქაურ წესს?

გუნდი ძალიან მეგობრულია, ბიჭები გვერდში მიდგანან და სირთულეების დაძლევაში მეხმარებიან. საქართველო კი საოცარი ქვეყანაა, აქ ცხოვრება ჩემთვის დიდი სიამოვნებაა.

გორში ცხოვრობთ თუ თბილისში? თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

ვცხოვრობ თბილისში და როცა ვარჯიშები და თამაშები არ მაქვს, სულ დედაქალაქში ვარ. თავისუფალიდროის დიდ ნაწილს სახლში ვატარებ, ასევე მიყვარს საყიდლებზე სიარული.

რას იტყვით დილას სათამაშო სტილზე, როგორი გარემოა გორის სტადიონზე?

ჩვენი გუნდი სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. გორში ბევრიგულშემატკივარი დადის სტადიონზე, გამარჯვების შემდეგ ძალიან გახარებულები არიან და მე, ისევე როგორცგუნდის სხვა ფეხბურთელები, ბედნიერი ვარ მათთვის სიხარულის მინიჭებით. აქ ხალხისგან დიდ სითბოსვგრძნობ და მაქსიმალურად ვცდილობ, ეს სიყვარული და ნდობა კარგი თამაშითა და გოლებით დავუფასო.

 

კმაყოფილი ხართ თუ არა იმ შედეგებით, რასაც დილა აღწევს მიმდინარე სეზონში?

როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ ვთამაშობთ სანახაობრივ და შემტევ ფეხბურთს. აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ხარისხის გაუმჯობესება, რაც აუცილებლად აისახება სატურნირო ცხრილში – ნამდვილად გვაქვს ამის პოტენციალი. ამჟამინდელი მდგომარეობით კმაყოფილი ვარ, მაგრამ მიღწეულზე შეჩერება არ შეიძლება.

სეზონის წინ თუ წარმოიდგენდით, რომ დილას მთავარი ბომბარდირი იქნებოდით და ეროვნული ლიგის საუკეთესო მეგოლეობის შანსიც გექნებოდათ?

ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმუმი გავაკეთო გუნდისთვის. როდესაც გუნდი იგებს და ამაში ჩემი წვლილიცაა, ძალიან ბედნიერი ვარ. რაც შეეხება პირად მიღწევებს: პირველ რიგში, ვფიქრობ მხოლოდ გუნდის წარმატებაზე და თუ ბომბარდირიც გავხდები, რა თქმა უნდა, ბედნიერი ვიქნები.

ამ სეზონში ჩატარებული მატჩებიდან თქვენთვის რომელი იყო ყველაზე დასამახსოვრებელი?

უდავოდ, საბურთალოს წინააღმდეგ თამაში, რომელიც გორში სოლიდური სხვაობით, 4:1 მოვიგეთ. საბურთალო საქართველოს ჩემპიონატის გამორჩეული გუნდია და ტყუილად როდი ლიდერობს გათამაშებას. მის წინააღმდეგ ჰეთ-თრიქის შესრულება ორმაგად სასიხარულოა.

მიგაჩნიათ თუ არა დილა ჩემპიონობის კანდიდატად?

რატომაც არა?! თუმცა ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. საქართველოს ჩემპიონატში დიდი კონკურენციაა და ჩემპიონობის შანსი რამდენიმე გუნდს აქვს. ჯერ ჩემპიონატის ნახევარიც არ არის გასული და პროგნოზების გაკეთება რთულია. მთავარია, დილამ თავისი საუკეთესო თვისებები წარმოაჩინოს. საამისოდ მეც და ჩემს თანაგუნდელებსაც მაქსიმალური ძალისხმევა გვმართებს.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? დიდი ხნით აპირებთ საქართველოში დარჩენას?

ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ აქ ცხოვრებაც ძალიან მომწონს და თამაშიც. რა იქნება მომავალში, ამაზე საუბარი გამიჭირდება.

საქართველოს ჩემპიონატს როგორ დაახასიათებდით?

ნორმალური დონის ლიგაა. ამ ფორმატის ჩემპიონატისათვის ფიზიკური მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია.

ალბათ მოუთმენლად ელით მსოფლიოს ჩემპიონატს…

რა თქმა უნდა! თითოეული ბრაზილიელი ჩვენს ნაკრებს მთელი სულითა და გულით ქომაგობს. ობიექტურად რომ შევხედოთ, მიმაჩნია, რომ ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოში საუკეთესოა და მჯერა, ჩემპიონები ჩვენ გავხდებით.

Eliga.Ge

ოფიციალურად: ვატო არველაძე პოლონური “კორონას” ფეხბურთელია (ფოტო)

თბილისის “ლოკომოტივის” უკვე ყოფილი ფეხბურთელი, ვატო არველაძე პოლონურ “კორონაში” ითამაშებს. ამ ინფორმაციას თავად სპორტსმენი ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტით ადასტურებს.

ჯერჯერობით, უცნობია, რამდენი ხნით იასპარეზებს 20 წლის თავდამსხმელი ექსტრაკლასას ბინადარ გუნდში. ეს კლუბი პოლონეთის ჩემპიონატში 49 ქულით მერვე პოზიციაზეა. სწორედ აქ თამაშობს ქართველი შემტევი, ნიკა კაჭარავაც.

შეგახსენებთ, რომ არველაძე, რომელიც საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელია, თავდაპირველად “სასკოში” გამოდიოდა. ამის შემდეგ იყო “35-ე სკოლა”. ხოლო, 2015 წლიდან ის “ლოკომოტივის” ღირსებას იცავდა.