დიეგო სიმეონე: ”ოლიმპიაკოსს” ფლეი-ოფში გასვლა შეუძლია”

მადრიდის ”ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, ”ოლიმპიაკოსთან” განცდილ მარცხზე ისაუბრა (3-2).

”როგორც მოველოდი, შეხვედრა დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. ოლიმპიაკოსმა ბწყინვალე ფეხბურთი აჩვენა და ესეთი თამაშით, ფლეი-ოფშიც მოხვდებიან. ისინი, ჩვენთანაც და ”იუვენტუსთანაც” ბოლომდე იბრძოლებენ.”

”ჩვენ კარგად ვუტევდით და პირველ ტაიმში რამოდენიმე რეალური მომენტიც შევქმენით, მაგრამ მოწინააღმდეგის შეტევა უფრო ძლიერი აღმოჩნდა. სახიფათო მომენტების რეალიზებაში მათ უფრო გაუმართლათ.”- განაცხადა სიმეონემ.

ბრენდან როჯერსი: ”ბალოტელის გოლი მსოფლიო დონისაა”

”ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა, ”ლუდოგორეცთან”'(2-1) ჩატარებულ მატჩი, ჟურნალისტებთან შეაფასა.

”ეს იყო ბრწყინვალე საღამო, როგორც ჩვენთვის, ისე გულშემატკივარისთვის. გუნდმა შესანიშნავი ბრძოლის უნარი აჩვენა. იმ ეპიზოდში უდაოდ პენალტი იყო, ეს ”ლუდოგორეცის” ფეხბურთელის საქციელიდან გამომდინარეც მეტყველებს.”

”ბალოტელიმ ბრწყინვალედ ითამაშა. ჩვენ ვუთხარით მას, რომ ბოლო წუთებში საჯარიმოში ყოფილიყო და გაამართლა კიდეც. მან მსოფლიო დონის გოლი გაიტანა.”

”გუნდი, გასული სეზონის სათამაშო ფორმასთან ჯერ არაა მისული, მაგრამ ყველაფერი წინ არის.” – განაცხადა როჯერსმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.

იურგენ კლოპი: ”ბორუსიას” თამაშით პირველიდან ბოლო წუთამდე დიდ სიამოვნებას ვიღებდი”

დორტმუნდის ”ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ჟურნალისტებთან, ”არსენალთან” ჩატარებული მატჩი შეაფასა.

”ძალიან კმაყოფილი ვარ. ტრავმის გამო 3 ფეხბურთელი არ გვყავდა, მაგრამ სიტუაციიდან გამოსავალი ყველამ ერთად გამოვნახეთ და ბრწყინვალე შემადგენლობა შევკარით. ჩვენ ვმოქმედებდით თამამად, ზუსტად და სწრაფად. ყველაფერი ისე გავაკეთეთ, როგორც უნდა გაგვეკეთებინა.”

”პირველიდან ბოლო წუთამდე უდიდესი სიამოვნება მივიღე.”

”ახალი ერა დორტმუნდში? ამაზე არ ვფიქრობ, მაგრამ დღევანდელი მატჩი, ”ბორუსიის” ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.” – განაცხადა კლოპმა.

“ბაიერმა” მონაკოში წინასამატჩო ვარჯიში ვერ ჩაატარა

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი იხსნება. C ჯგუფში “მონაკო” ლევერკუზენის “ბაიერს” მასპინძლობს.

გერმანული გუნდის დელეგაციამ მონაკოს სასტუმროში ადგილი ვერ დაჯავშნა, რის გამოც “ბაიერი” იძულებული გახდა, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დარჩენილიყო, რომელიც მონაკოს სამთავრომდე 30 წუთის სავალზე მდებარეობს.

“ფარმაცევტებმა” ვერც წინასამატჩო ვარჯიშის გამართვა მოახერხეს სტადიონ “ლუი მეორეზე”. გერმანულმა გუნდმა სამშობლოში ივარჯიშა.

შეგახსენებთ, რომ “მონაკოსა” და “ბაიერს” შორის შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

 

ვენგერი: “ბორუსიას” წინააღმდეგ მატჩი ყოველთვის საინტერესო და მძიმე გამოდის”

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს ლონდონის “არსენალი სტუმრად დორტმუნდის “ბორუსიასთან” ჩაატარებს.

“მეთოფეთა” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი შეხვედრას ფიზიკურად კარგად მომზადებული შეხვდება. ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტი ამბობს, რომ მეტოქე დაწვრილებით შეისწავლა, თუმცა ეს რაიმე უპირატესობას არ იძლევა.

“არსენალსა” და “ბორუსიას” შორის მატჩები ყოველთვის საინტერესო, ამავდროულად მძიმე გამოდის. ჩვენ ერთმანეთის წინააღმდეგ არაერთხელ გვითამაშია, თუმცა ეს დამატებით უპირატესობას არ გვაძლევს.

ჩემი ბიჭები “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში ფიზიკურად კარგად გამოიყურებოდნენ. იმედი მაქვს, “ბორუსიასთან” შეხვედრასაც ასე მომზადებული შეხვდება გუნდი.

“ჩემპიონთა ლიგაზე მთავარი საფრთხე კვლავ გერმანული და ესპანური გუნდებისგან გველის. უბრალოდ შეხედეთ, ბოლო პერიოდში რამდენჯერ გავიდა ფინალში მიუნხენის “ბაიერნი”. “ბორუსიაც” ტურნირის რეგულარული მონაწილეა. ესპანეთიდან კი, ჩემპიონთა ლიგას ორი ფავორიტი ჰყავს – მადრიდის “რეალი” და “ბარსელონა”, – ვენგერის სიტყვები “არსენალის” ოფიციალური ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მატჩი “ბორუსიასა” და “არსენალს” შორის დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე აიღებს სტარტს.

 

კაპელომ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები დაასახელა

გამოცდილმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი გუნდები დაასახელა.

“ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებად მიუნხენის “ბაიერნსა” და ლონდონის “ჩელსის” ვთვლი. ეს გუნდები სხვებს აღემატებიან. გარდა ამისა, ესპანური კლუბებიც ძალზედ საშიშ კონკურენტებად რჩებიან.
იტალიული გუნდები ზემოთ დასახელებული ქვეყნის კლუბებს ჩამორჩებიან. თუმცა, “ატლეტიკოს” მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, თუ რა როლს თამაშობს მოტივაცია გამარჯვებისთვის ბრძოლაში”, – განუცხადა კაპელომ Sky Sport Italia-ს.

რუსეთის ნაკრების იტალიელმა თავკაცმა იქვე ისიც აღნიშნა, რომ “ბარსელონა” ამ ზაფხულს მნიშვნელოვნად გაძლიერდა.

“ამ სატრანსფერო პერიოდში “ბარსელონა” მართლაც გაძლიერდა. ლუის სუარესის დამატებით კატალონიური გუნდი მეტოქეებისთვის კიდევ უფრო სახიფათო გახდა. მესი-ნეიმარი-სუარესი ფანტასტიური ტრიო გამოვა.
მთლად სრულყოფილი იქნება გუნდი, თუ ეს ფეხბურთელები თავდაცვით სამუშაოსაც გასწევენ. სუარესი დაცვით ფუნქცებსაც ასრულებს, დანარჩენი შემტევები – ნაკლებად.
ესპანეთის პრიმერადივიზიონში ასეთივე საშიში იქნება მადრიდის “რეალი”. დანარჩენი გუნდები შედარებით დაბალ დონეზე არიან”, – აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.

კაპელომ პოლ პოგბა ზლატან იბრაჰიმოვიჩს შეადარა:

“პოგბა დიდებული ფეხბურთელია, გარკვეულწილად უნიკალურიც კია. მე მას “იუვენტუსში” ახალმისულ იბრაჰიმოვიჩს შევადარებდი. ორივეს სრულყოფა სჭირდებოდა”.

ფაბიო კაპელომ “მილანზეც” ჩამოაგდო სიტყვა:

“იმედი მაქვს, “მილანი” ევროპაში დაბრუნდება. ფილიპო ინძაგი ყველაფერს კარგად ასრულებს, მან გუნდს სულისკევეთება დაუბრუნა, თუმცა მწვრთნელი მეტს ვერაფერს გააკეთებს დიდი ფეხბურთელების გარეშე”.

 

იკერ მუნიაინი: “ნაპოლისთან” შეხვედრა არ გვინდოდა”

როგორც მოგეხსენებათ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბილბაოს “ატლეტიკი” “ნაპოლის” დაუპირისპირდება. ბასკთა თავდამსხმელი იკერ მუნიაინი ამბობს, რომ ნეაპოლელთა წინააღმდეგ დაპირისპირება არ სურდა.

“თანაბარი მატჩი იქნება. ნეაპოლიტანელებს ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავთ, თუმცა თუ გვინდა, რომ ტურნირის ფინალურ ეტაპზე ვითამაშოთ, ჩვენი თამაში უნდა ვაჩვენოთ. კარგია, რომ საპასუხო შეხვედრას შინ გავმართავთ. ყველაფერი “სან მამესზე” გადაწყდება. “ნაპოლისთან” დაპირისპირება არ გვსურდა, თუმცა გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ”, – ციტირებს მუნიაინის სიტყვებს Football Italia.

წყვილის პირველი მატჩი “სან პაოლოზე” სამშაბათს, ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება. საპასუხო შეხვედრა ბილბაოში, 27 აგვისტოს შედგება.

 

ჩემპიონთა ლიგის 2013-14 წლების სეზონის სიმბოლური გუნდი

უეფას ტენიკურმა ჯგუფმა ჩემპიონთა ლიგის 2013-14 წლების სეზონის სიმბოლური გუნდი დაასახელა.

უეფას ტექნიკური ექსპერტები ფინალის შემდეგ შეიკრიბნენ, რათა თავად გადამწვეტი მატჩი და პლეი-ოფის სტადიაზე შენიშნული ტენდენციები განეხილათ, დაესახელებინათ წლის სიმბოლური გუნდი და წლის საუკეთესო გოლი. ტექნიკური ჯგუფის შეხვედრის თავმჯდომარეები სამწვრთნელო საკითხებში უეფას ელჩი ალექს ფერგიუსონი და სამეცნიერო-მეთოდურ მუშაობაში უეფას უფროსი მრჩეველი იოან ლუპესკუ გახლდათ. ტექნიკური ანგარიში სექტემბერში გამოქვეყნდება.

ჩემპიონთა ლიგის 2013-14 წლების სეზონის 18-კაციანი სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:

მეკარეები: ტიბო კურტუა („ატლეტიკო“), მანუელ ნოიერი („ბაიერნი“);
მცველები: დიეგო გოდინი („ატლეტიკო“), ფილიპ ლამი („ბაიერნი“), დანიელ კარვახალი („რეალი“), პეპე („რეალი“), სერხიო რამოსი („რეალი“);
ნახევარმცველები: გაბი („ატლეტიკო“), ანდრეს ინიესტა („ბარსელონა“), ტონი კროოსი („ბაიერნი“), ანხელ დი მარია („რეალი“), ლუკა მოდრიჩი („რეალი“), ჩაბი ალონსო („რეალი“);
თავდამსხმელები: მარკო როისი („ბორუსია“), დიეგო კოსტა („ატლეტიკო“), არიენ რობენი („ბაიერნი“), ზლატან იბრაჰიმოვიჩი („პარი სენ-ჟერმენი“), კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“).

ბექა დოგრაშვილი

ბრიტანელი მინისტრი უეფას: „პსჟ“-ს ჩემპიონთა ლიგიდან გარიცხვაზე დაფიქრდით“

დიდი ბრიტანეთის შრომისა და პენსიების მინისტრმა მაიკ პენინგმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის აწ უკვე დასრულებული გათამაშების მეოთხედფინალურ ეტაპზე, „პარი სენ-ჟერმენსა“ და ლონდონის „ჩელსის“ შორის გამართულ შეხვედრაში მომხდარი ინციდენტის გამო უეფამ ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირიდან პარიზული კლუბის გარიცხვის შესაძლებლობა უნდა განიხილოს.

მატჩს ლონდონიდან ჩასული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები დაესწრნენ. ბრიტანელთა თქმით, მათ პარიზელმა გულშემატკივრებმა შეურაცხყოფა მიაყენეს. სწორედ ამან გამოიწვია პენინგის აღშფოთება.

„კლუბის დაჯარიმებას აზრი არ აქვს, რადგან ეს ვერაფერს ვერ შეცვლის. ვფიქრობ, ღირს, რომ უეფამ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონში „პარი სენ-ჟერმენის“ მონაწილეობის მიზანშეწონილობა განიხილოს“, – განაცხადა მინისტრმა.

მატჩზე დამსწრე ერთ-ერთი ქომაგი ლიზი ჰეიდენი ამბობს, რომ მისი და „ჩელსის“ სხვა გულშემატკივრების მიმართულებით მონეტებს, საღეჭ რეზინებს, ბოთლებსა და სხვა საგნებს ისროდნენ.

„სახიფათო სიტუაცია შეიქმნა. ვგრძნობდი, რომ შანსი არ გვქონდა, რომელიმე ჩვენგანი სერიოზულ დაზიანებას მიიღებდა. თავი ჯოჯოხეთში მეგონა. მდგომარეობის გაკონტროლება არ შემეძლო. ჩვენ ათნი ვიყავით, ისინი კი – ათასობით. მეგონა, რომ მათ ვერ გამოვაღწევდით. მატჩის ბოლოს პანიკაში ჩავვარდი“, – აღნიშნა ჰეიდენმა.

ბექა დოგრაშვილი

ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლური გუნდი

უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე კვირის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა. კვირის გუნდი მხოლოდ მადრიდის „რეალისა“ და „ატლეტიკოს“ ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული.

მეკარე: ტიბო კურტუა („ატლეტიკო“);
მცველები: ხუანფრანი („ატლეტიკო“), სერხიო რამოსი („რეალი“), პეპე („რეალი“), ფილიპე ლუისი („ატლეტიკო“);
ნახევარმცველები: ლუკა მოდრიჩი („რეალი“), არდა თურანი („ატლეტიკო“), ანხელ დი მარია („რეალი“);
თავდამხმელები: კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“), დიეგო კოსტა („ატლეტიკო“), გარეტ ბეილი („რეალი“).

 

სიმეონე: „ჩაფიქრებული გვქონდა მეტოქესთვის ჩვენი თამაშის თავსმოხვევა“

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ლონდონის „ჩელსისა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ შორის განმეორებითი  მატჩი შედგა, რომელიც ესპანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. ამრიგად, ტურნირის ფინალში მადრიდული დერბი გველის: „რეალი“ — „ატლეტიკო“.

„ჩელსისა“ და „ატლეტიკოს“ შორის გამართული მატჩი მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ შეაფასა.

„ძალიან კარგად ვითამაშეთ. ჩაფიქრებული გვქონდა მეტოქე გუნდისთვის ჩვენი თამაშის თავიდანვე თავსმოხვევა. მეორე ტაიმში „ჩელსის“ კარგად შევეჭიდეთ და მოწინააღმდეგეს ჩვენზე წნეხის განხორციელების საშუალება არ მივეცით. ტორესის გოლმა, რა თქმა უნდა, ამოცანა გაგვირთულა, თუმცა მშვენივრად ვითამაშეთ და ფინალში გასვლა დავიმსახურეთ.

რა მითხრა მოურინიომ? ეს საიდუმლოდ დარჩეს. ფეხბურთი იმით არის საინტერესო, რომ მწვრთნელი ყოველ წუთს უნდა ფიქრობდეს, როგორ ათამაშოს გუნდი. არ უნდა დავუკარგოთ იმ გუნდებს, რომლებიც დაცვით თამაშზე არიან ორიენტირებულნი, რადგან თავდაცვა ძალიან რთული საქმეა.

გვერჩივნდა თუ არა ფინალში „ბაიერნი“ მეტოქედ? არა. ახლა მხოლოდ „ლევანტესთან“ გასამართ დამდეგ მატჩზე ვფიქრობ“, – სიმეონეს სიტყვები „ტუტომერკატომ“ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი 24 მაისს, ლისაბონში მდებარე სტადიონ „ეშტადიუ და ლუჟზე“ გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი

დიეგო კოსტა: „ჩვენ ტორესის გოლსაც მშვიდად შევხვდით“

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ლონდონის „ჩელსისა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ შორის განმეორებითი  მატჩი შედგა, რომელიც ესპანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. ამრიგად, ტურნირის ფინალში მადრიდული დერბი გველის: „რეალი“ — „ატლეტიკო“.

„ჩელსისა“ და „ატლეტიკოს“ შორის გამართული მატჩი მადრიდელთა გაესპანელებულმა გოლეადორმა დიეგო კოსტამ შეაფასა.

„ფინალში გასასვლელად ძალისხმევა არ დავიშურეთ. მაშინაც კი, როდესაც ფერნანდო ტორესმა გოლი გაგვიტანა, ჩვენ მშვიდად ვიყავით, რადგან ვიცოდით, რომ ერთი გატანილი ბურთის შემთხვევაში, ფინალში ჩვენ გავიდოდით“, – დიეგო კოსტას სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი ციტირებს.

ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი 24 მაისს, ლისაბონში მდებარე სტადიონ „ეშტადიუ და ლუჟზე“ გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი