ინგლისის პრემიერლიგის დიდების დარბაზში “ლივერპულის” ყოფილი შუახაზელი სტივენ ჯერარდი და “მანჩესტერ იუნაიტედის” ექსნახევარმცველი დევიდ ბექჰემი შეიყვანეს.
ჯერარდი მერსისაიდული გუნდის ღირსებას 1998-დან 2015 წლამდე იცავდა. მან ამ პერიოდის განმავლობაში პრემიერლიგაში 504 შეხვედრა ჩაატარა, 120 გოლი გაიტანა და 92 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ის ექვსჯერ დაასახელეს თვის საუკეთესო მოთამაშედ.
ბექჰემი “მანჩესტერ იუნაიტედში” 1994-დან 2003 წლამდე გამოდიოდა, რა პერიოდის განმავლობაშიც ინგლისის ჩემპიონატში 265 მატჩი გამართა, 62 ბურთი გაიტანა და 80 საგოლე პასი ჩაიწერა. მან “წითელ ეშმაკებთან” ერთად პრემიერლიგა ექვსჯერ მოიგო. ბექჰემი ერთხელ არის დასახელებული თვის მოთამაშედ.
პრემიერლიგის დიდების დარბაზი წელს დაფუძნდა და მასში მოხვედრის პატივი 2021 წელს რვა ფეხბურთელს ხვდა წილად: ტიერი ანრი, ალან შირერი, ერიკ კანტონა, როი კინი, დენის ბერგკამპი, ფრენკ ლამპარდი, სტივენ ჯერარდი, დევიდ ბექჰემი.