“სარბიელის” საიუბილეო ნომერი გამოიცა

დღეს, 11-წლიანი პაუზის შემდეგ გაზეთ “სარბიელის” საიუბილეო ნომერი გამოიცა. ზუსტად 30 წლის წინ, 1990 წლის 28 დეკემბერს აღნიშნული გამოცემის პირველი ნომერი დაიბეჭდა. მას შემდეგ წლების განმავლობაში “სარბიელი” მკითხველს უამრავ საინტერესო მასალას აწვდიდა და რაც მთავარია, ეს არ იყო გაზეთის ფურცლებზე სტანდარტული სიტყვებით მშრალი ინფორმაციის გადმოცემა. “სარბიელის” ჟურნალისტებმა სპეციფიკური წერის მანერით შეძლეს ის, რომ გაზეთს საკუთარი სტილი ჩამოუყალიბდა, რისი წყალობითაც მისი გამორჩევა სხვა უამრავ გამოცემას შორის იყო შესაძლებელი. ყველაზე მთავარი კი საქმისადმი პასუხისმგებლობა და ის გულწრფელობა გახლდათ, რომლისთვისაც ამ გაზეთის ავტორებს ყველაზე კრიტიკულ პერიოდებშიც არ უღალატიათ, საქებს აქებდნენ, საკრიტიკებელს აკრიტიკებდნენ. მკითხველმაც მალე შეიყვარა “სარბიელი” და ყოველდღიურობის ნაწილად აქცია.

დღევანდელი საიუბილეო-საკოლექციო ნომერიც ტრადიციულ სტილშია გადაწყვეტილი, ისევ იმ ხალხის მიერაა შედგენილი, ისევ იმ ენით, ისევ ისე საინტერესოდ, ისევ იმ ფასად, განსხვავება კი ისაა, რომ გამოცემა 32-გვერდიანია.

ვულოცავთ “სარბიელს” 30 წლის იუბილეს!

ომი და მშვიდობა იტალიურ ფეხბურთში: ულტრასები და დაძმობილებული გუნდები

ულტრასული დაჯგუფება სპორტული გუნდის მხარდასაჭერად შექმნილ ქომაგთა ორგანიზებულ ჯგუფს ნიშნავს. მას საფუძველი 50-იანი წლების დასაწყისში ჩაეყარა და განვითარების პიკს 80-იან წლებში მიაღწია, როდესაც თითქმის ყველა საფეხბურთო კლუბს ჰყავდა ულტრასდაჯგუფება. ულტრასების ხსენებისას ხშირად ასოცირება ინგლისელ ხულიგნებთან ხდება, თუმცა ეს სტერეოტიპული წარმოდგენაა. მიუხედავად ამისა, ვერ უარვყოფთ იმ ფაქტს, რომ ულტრასდაჯგუფებებს შორის ძალადობა ხშირია, თუმცა ეს მათი არსებობის შედეგი უფრო არის, ვიდრე მიზანი.ულტრასები ძირითადად სტადიონის ქვედა იარუსზე, კარის მახლობელ სექტორებზე თავსდებიან და იქიდან ქომაგობენ თავიანთ გუნდს სხვადასხვა შეძახილებითა თუ სიმღერებით, ხშირად თვალსასეირო პერფორმანსებსაც დგამენ. ულტრასსამყაროში პოლიტიკაც ღრმად არის ფესვგადგმული. დაჯგუფებები ძირითადად მკვეთრად მემარცხენე ან მემარჯვენე მიმართულების პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებლები არიან და ხშირად ეს განსაზღვრავს სხვადასხვა გუნდების ფანკლუბების ერთმანეთთან დაახლოებას. ამასთან, მხოლოდ პოლიტიკა არ არის ორი ულტრასდაჯგუფების ერთმანეთთან დაძმობილების მიზეზი.

“ლაციო” და “ინტერი”
იტალიაში სხვადასხვა კლუბთა ულტრასდაჯგუფებებს შორის მეგობრობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითია რომის “ლაციოსა” და მილანის “ინტერის” ფანთა შემთხვევა. “ლაციოს” ულტრასები ცნობილნი არიან თავიანთი მკვეთრად მემარჯვენე შეხედულებებით, მათთვის არც სვასტიკის დემონსტრირებაა უცხო. ამ გარემოების გამო ისინი “ინტერის” ულტრასებს დაუძმობილდნენ. მართალია, “ნერაძურის” ფანდაჯგუფება ასეთივე ექსტრემალური შეხედულებებით ცნობილი არ არის, თუმცა მათ გარკვეული კავშირი აქვს იტალიის სხვადასხვა მემარჯვენე ჯგუფებთან, მათ შორის “შავ გულთან”.

აღნიშნული გუნდების ულტრასები ხშირად კიდებენ ტრიბუნებზე ერთმანეთის მიმართ პატივსაცემ ბანერებს. პოსტერი წარწერით “Da sempre fieri del nostro gemellaggio alla nord di Milano rendiamo omaggio” (“ვამაყობთ და პატივს ვცემთ ჩვენს დაძმობილებას მილანის ჩრდილოეთთან”) ამის ერთ-ერთი მაგალითია.

ამ ორ კლუბს შორის კავშირი კარგად გამოჩნდა 2010 წელს გაჩაღებულ სკუდეტოსთვის ბრძოლაში. გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე “ლაციო” “ინტერს” მასპინძლობდა, რომელსაც საჩემპიონო რბოლაში მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს. ტიტულისთვის ბრძოლაში მილანელთა უშუალო კონკურენტი “ლაციოს” თანაქალაქელი და პრინციპული მეტოქე “რომა” იყო, რომელიც ლიდერ “ინტერს” მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებოდა. ის შეხვედრა “ლაციომ” თითქმის უბრძოლველად, ანგარიშით 0:2 დათმო და ორ კვირაში “ინტერმა” ისტორიაში მე-18 სკუდეტოს მოგება იზეიმა.

“მილანი” და “ბრეშა”
იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ძმობა “მილანსა” და “ბრეშას” აკავშირებთ. მათი დამეგობრება პოლიტიკურმა შეხედულებებმა განაპირობა და მიუხედავად იმისა, რომ “მილანის” ულტრასდაჯგუფებაში იდეოლოგია შეიცვალა, ამ კლუბების ფანებს შორის ძმობა გრძელდება. ისინი ხშირად სტუმრობენ ერთმანეთის სტადიონებს დაძმობილებული გუნდის გასამხნევებლად. აღსანიშნავია, რომ “ბრეშასთან” დამეგობრებამ “მილანს” ურთიერთობა გაუფუჭა ბერგამოს “ატალანტასთან”.

“ატალანტა” და “ტერნანა”
თავის მხრივ, “ატალანტას” ულტრასდაჯგუფება ნაკლებად ცნობილია. პოლიტიკური იდეოლოგიის თვალსაზრისით ისინი მემარცხენეები არიან და ეს გახდა მათი საფეხბურთო კლუბ “ტერნანას” ფანებთან დაძმობილების მიზეზი. ასე რომ, თუ “ატალანტას” ქომაგთა შორის “ტერნანას” წითელ-მწვანე ფორმასაც მოკრავთ თვალს, არ გაგიკვირდეთ.

“ფიორენტინა” და “ვერონა”
განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგია არ არის ფანკლუბების დაძმობილებისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი, თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათია. “ფიორენტინას” ულტრასები მემარცხენეები არიან, ხოლო “ვერონასი” – მემარჯვენეები. ამ განსხვავების მიუხედავად, მათ ერთმანეთთან საკმაოდ მყარი ურთიერთობა აკავშირებთ.

“ფიორენტინა” და “ტორინო”
ორი სხვადასხვა კლუბის ულტრასები შესაძლოა, საერთო მოძულე გუნდმა გააერთიანოს. მაგალითად, “ტორინოსა” და “ფიორენტინას” ფანები ერთმანეთთან “იუვენტუსის” სიძულვილმა დაამეგობრა. ამ გუნდების ულტრასები სტადიონზე ერთმანეთს თბილი შინაარსის ბანერებით ესალმებიან: “Il popolo Fiorentino saluta la vera Torino” (“ფლორენციელი ხალხი მიესალმება ნამდვილ ტურინს”).

მარტოხელა “იუვენტუსი”
“იუვენტუსი” იტალიაში გარკვეულწილად მარტოხელა კლუბია. “ბებერი სინიორას” ულტრასებს სხვა გუნდის ფანებთან ალიანსი არ შეუქმნიათ და ამას მრავალი მიზეზი აქვს, რომელთაგან ორია გამოსაყოფი: “იუვენტუსი” იტალიის მასშტაბით ყველაზე წარმატებული გუნდია და ეს სხვა გუნდის ფანებისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორია, ხოლო მეორე მიზეზად “კალჩოპოლის” სკანდალი უნდა მივიჩნიოთ. მართალია, “იუვენტუსმა” ძველი დიდება მალევე დაიბრუნა, თუმცა ტიტულების მოგებაზე რთული გატეხილი სახელის აღდგენა აღმოჩნდა. “იუვეს” ულტრასები მეგობრებს იტალიის გარეთ ეძებენ და ყველაზე მყარი კავშირი ნიდერლანდურ “დენ ჰააგის” ფანებთან აქვთ.

“პარმა” და “სამპდორია”
იტალიურ ფეხბურთში ერთმანეთთან დაძმობილების შედარებით ნაკლებად ცნობილი შემთხვევებია “პარმასა” და “სამპდორიას” ფანებისა და “ნაპოლისა” და “ჯენოას” ულტრასების მეგობრობა. “პარმასა” და “სამპდორიას” ფანების ძმობა ოც წელზე მეტს ითვლის. 2009 წლის კოპა იტალიის ფინალურ მატჩში გენუელთა საქომაგოდ “პარმას” ფანები რომში საგანგებოდ ჩავიდნენ კიდეც.

“ნაპოლი” და “ჯენოა”
“ნაპოლისა” და “ჯენოას” დამეგობრებას საფუძველი 1982 წელს ჩაეყარა. იმ სეზონის ბოლო ტურში გენუელებს სერია A-ში დასარჩენად კინკილა ქულა ჰყოფნიდათ, თუმცა “სან პაოლოზე” 0:1 მარცხდებოდნენ. საბოლოო ჯამში, ის შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა, “ჯენოამ” გადასარჩენად საჭირო ქულა მოიპოვა და სერია B-ში მის ნაცვლად “მილანი” დაქვეითდა. ამ ისტორიულმა მოვლენამ “ჯენოას” ულტრასების “ნაპოლის” ფანებთან დამეგობრება განაპირობა.

დარღვეული ძმობა
ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც ძლიერი და ერთი შეხედვით დაუშლელი ძმობა დარღვეულა. “ინტერისა” და “ვერონას” ულტრასთა მეგობრობა 80-იან წლებში დაიწყო და 2001 წლამდე გაგრძელდა. შემდეგ “ვერონას” ულტრასდაჯგუფების სათავეში ახალი ხალხი მოვიდა და “ინტერთან” “მეგობრობის ხელშეკრულებაც” გაუქმდა.

სხვადასხვა კლუბების ულტრასების ერთმანეთთან დამეგობრების შემთხვევები იტალიურ ფეხბურთს ლამაზ, რომანტიკულ ელფერს სძენს და ეს ისტორიები დასტურია იმისა, რომ ულტრასკონცეფცია უფრო მეტია, ვიდრე ხულიგნებთან ასოცირებული სტერეოტიპული შეხედულება.

რივალდო: “ბარსელონას” გამო “რეალში” გადასვლაზე უარს არ ვიტყოდი”

“ბარსელონას” ყოფილმა ნახევარმცველმა რივალდომ განაცხადა, რომ თავის დროზე რეალური შემოთავაზების არსებობის შემთხვევაში, კატალონიური გუნდიდან მადრიდის “რეალში” გადასვლაზე უარს არ იტყოდა.

“რონალდოსთან ერთად “რეალში” რომ მეთამაშა, მრისხანე წყვილი ვიქნებოდით. ჩვენ ეს ბრაზილიის ნაკრებში ასპარეზობის პირობებში დავამტკიცეთ. საკლუბო დონეზეც უფრო მეტად რომ შევთამაშებულიყავით, მომაკვდინებელი დუეტი გავხდებოდით. მცველებს ჩვენი შიში ექნებოდათ, მიუხედავად იმისა, რომელი კლუბის წინააღმდეგ ვითამაშებდით.

იმ ზაფხულს (2002 წელი) რონალდო “რეალში” გადავიდა. მადრიდელებს ჩემ მიმართაც ჰქონდათ ინტერესი და დიდებული იქნებოდა, რონალდოსთან ერთად რომ მეთამაშა. “რეალს” “ბარსელონას” გამო უარს არ ვეტყოდი, თუმც კატალონიურ კლუბთან მშვენიერი ურთიერთობა მქონდა და ის სამუდამოდ დარჩება ჩემს საყვარელ ევროპულ გუნდად. იმ დროს უკლუბოდ ვიყავი, ვინაიდან შევთანხმდით, რომ კონტრაქტს არ გავაგრძელებდით. ასე რომ, შემოთავაზებებზე უარს ნამდვილად ვერ ვიტყოდი. როდესაც პროფესიონალი ფეხბურთელი ხარ, ყოველთვის უნდა გაანალიზო დადებითი და უარყოფითი მხარეები. კარგად მესმის, რომ “რეალში” გადასვლის შემთხვევაში, ლუიშ ფიგუს ანალოგიური ისტორია განმეორდებოდა, მაგრამ მადრიდულ კლუბში ჩემი გადასვლა არ შედგა.

სინამდვილეში “რეალში” გადასვლასთან ახლოს არასდროს ვყოფილვარ, ვინაიდან მაშინ ჩემით “მილანი” იყო დაინტერესებული და ჩვენ შორის შეთანხმება სწრაფად მოხდა, მადრიდელებმა კი იტალიელებთან სატრანსფერო ბრძოლაში შესვლაზე უარი თქვეს და მეც ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია”, – რივალდოს კომენტარი “ასმა” გამოაქვეყნა.

ფიგუ: “გეტყვით, რატომ გადავედი “ბარსელონადან” “რეალში”

ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ლუიშ ფიგუმ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ტრანსფერის შესახებ ისაუბრა, როდესაც იგი “ბარსელონადან” მადრიდის “რეალში” გადაბარგდა.

“როდესაც ფეხბურთელს გუნდის შედეგებში დიდი წვლილი შეაქვს და კლუბის ხელმძღვანელობისგან სათანადო დაფასებას ვერ ღებულობს, შემოთავაზებების შემთხვევაში, ადგილსამყოფელის გამოცვლაზე ფიქრს იწყებს.

სწორედ ეს მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. გულშემატკივრებზე არ ვსაუბრობ, ვგულისხმობ კლუბის ხელმძღვანელობას. “რეალში” ჩემი გადასვლა მხოლოდ ფინანსურ საკითხს არ მოიცავდა. რაღაც მომენტში ხვდები, რომ უკან გზა აღარ არსებობს”, – ციტირებს ფიგუს სიტყვებს “სი”.

შეგახსენებთ, რომ ლუიშ ფიგუ “ბარსელონადან” “რეალში” 2000 წელს გადავიდა. მადრიდელებმა მის სანაცვლოდ 60 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადეს.

ბლატერის გადადგომას ლუიშ ფიგუ გამოეხმაურა

ლუიშ ფიგუ ფიფას პრეზიდენტის პოსტიდან იოზეფ ბლატერის გადადგომას გამოეხმაურა.

“ფიფასთვის და ფეხბურთისთვის კარგი დღეა. როგორც იქნა, ცვლილებები იწყება. პარასკევს ვთქვი, რომ ადრე თუ გვიან ეს დღე დადგებოდა. აი, დადგა!

ახლა პასუხისმგებლობით და მშვიდად უნდა მივიღოთ საერთო გადაწყვეტილებები, რათა ფიფაში აქტიურობის, გამჭვირვალობისა და დემოკრატიის ახალი ერა დაიწყოს”, – დაწერა სოციალურ ქსელში ფიგუმ.

ფიფას რიგგარეშე კონგრესი მიმდინარე წლის დეკემბრიდან 2016 წლის მარტამდე არსებულ პერიოდში ჩატარდება და ახალ პრეზიდენტსაც დროის ამ მონაკვეთში აირჩევენ. მანამდე ფიფას კვლავ ბლატერი უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ ზეპ ბლატერი ფიფას 1998 წლიდან უდგას სათავეში. 29 მაისს ის მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტად მეხუთე ვადით აირჩიეს.

 

ფიგუ: “დღეს ფიფამ წააგო”

ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელი ლუიშ ფიგუ ფიფას პრეზიდენტად იოზეფ ბლატერის მეხუთე ვადით არჩევას კრიტიკული განცხადებით გამოეხმაურა.

“დღეს ფიფამ წააგო, თუმცა ყველაზე მთავარი ისაა, რომ წააგო ფეხბურთმა, წააგო იმ ხალხმა, ვისაც მასზე გული შეტკივა”, – დაწერა სოციალურ ქსელში ფიგუმ.

შეგახსენებთ, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭს ლუიშ ფიგუც იყრიდა, თუმცა მოგვიანებით საკუთარი კანდიდატურა ბლატერის კონკურენტ ალი ბინ ალ ჰუსეინის სასარგებლოდ მოხსნა.

 

პლატინი: “ბლატერს ვუმეორებ ლენარტ იოჰანსონის მიმართ მის მიერვე თქმულ სიტყვებს”

უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ფიფას მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ სანამ მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს იოზეფ ბლატერი უხელმძღვანელებს, ფიფას ნდობის პრობლემა ექნება.

“ჩვენ არ მოვტყუვდებით. ბლატერს ფიფას ხელმძღვანელობა იმიტომ არ სურს, რომ მისია ჯერ არ დაუსრულებია. ის ამ ორგანიზაციაშია უკვე 40 წელია და ასეთი განცხადება ნამდვილად არ არის დამაჯერებელი. მას ხვალინდელი დღის ეშინია.

მან მთელი ცხოვრება ფიფას მიუძღვნა და მესმის, რომ სიცარიელის შიში აქვს. თუმცა, თუ მას მართლა უყვარს ფიფა, ორგანიზაციაზე მანამდე უნდა ეფიქრა.

სანამ ბლატერი სათავეშია, ფიფას მუდამ ექნება ნდობის პრობლემა, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა. ეს კი ორგანიზაციის ავტორიტეტზე გავლენას ახდენს.

დარწმუნებული ვარ, ალი ბინ ალ ჰუსეინი, რომელსაც პირადად ვიცნობ, შესანიშნავი პრეზიდენტი იქნებოდა. მას ამისთვის ყველა საჭირო თვისება აქვს.

Lennart Johansson - Joseph  Blatter

უკვე არაერთხელ ვთქვი, რომ ფიფას ახალი ლიდერი, ახალი სისხლი და სუფთა ჰაერი სჭირდება. პირადულად ბლატერის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მას პატივს ვცემ, რადგან ბევრი კარგი რამ გააკეთა ამ ხნის განმავლობაში, რთულ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილებები მიუღია. უბრალოდ ვამბობ, რომ რაღაც მომენტში წასვლის დრო დგება, ტახტის შენარჩუნებას ნებისმიერ ფასად არ უნდა ეცადო. სწორედ ეს სიტყვები უთხრა ზეპმა ლენარტ იოჰანსონს 2007 წელს, როდესაც უეფას საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩემი კანდიდატურა დავაყენე”, – პლატინის სიტყვები ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მა გამოაქვეყნა.

Luis Figo - Michael van Praag

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელმა მიქაელ ვან პრააგმა და ყოფილმა ფეხბურთელმა ლუიშ ფიგუმ რამდენიმე დღის წინათ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს. ფიგუმ მოგვინებით განმარტა, რომ წინასაარჩევნო მარათონი არადემოკრატიულ ხასიათს ატარებს.

ფიფას საპრეზიდენტო პოსტისთვის ერთმანეთს დარჩენილი ორი კანდიდატი — იოზეფ ბლატერი და ალი ბინ ალ ჰუსეინი ეცილება ერთმანეთს.

არჩევნები 29 მაისს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩატარდება.

ფიგუმ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის მოხსნა განმარტა

როგორც მოგახსენეთ, ლუიშ ფიგუმ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. პორტუგალიელმა ამ გადაწყვეტილების მიზეზები სოციალური ქსელის მეშვეობით განმარტა.

“გადაწყვეტილება მიღებულია. მონაწილეობას არ მივიღებ პროცესში, ფიფას არჩევნები რომ ჰქვია. საკუთარ თავთან ფიქრისა და დანარჩენ ორ კანდიდატთან მსჯელობის შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ იმას, რაც 29 მაისს ციურიხში მოხდება, ნორმალური არჩევნები არ უნდა ეწოდოს.

კანდიდატურების მიერ შემოთავაზებულ წინადადებებზე არცერთი საჯარო დებატი არ გამართულა. ვინმე ნორმალურად მიიჩნევს იმას, რომ არცერთ კანდიდატს არ წარმოუდგენია წინასაარჩევნო პროგრამა?

ეს პროცესი მხოლოდ ერთ პირს ემსახურება. აქედან ფეხბურთი ვერაფერს ვერ მოიგებს. ჩემი თვალით ვნახე ფედერაციის პრეზიდენტები, რომლებიც ფიფას ხელმძღვანელს ეშმაკს უწოდებდნენ, შემდეგ კი იგივე ხალხი მას იესო ქრისტეს ადარებდა. ეს ვინმემ კი არ მითხრა, ჩემი თვალით ვნახე”, – აღნიშნა ფიგუმ.

შეგახსენებთ, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა ჰოლანდიის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელმა მიქაელ ვან პრააგმაც. მან საკუთარი კანდიდატურა იორდანიის პრინც ალი ბინ ალ ჰუსეინის სასარგებლოდ მოხსნა.

ამრიგად, ფიფას საპრეზიდენტო პოსტისთვის ერთმანეთს ორი კანდიდატი — იოზეფ ბლატერი და ალი ბინ ალ ჰუსეინი შეეცილებიან.

არჩევნები 29 მაისს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩატარდება.

 

ფიგუმ და ვან პრააგმა ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს

ჰოლანდიის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელმა მიქაელ ვან პრააგმა და ყოფილმა ფეხბურთელმა ლუიშ ფიგუმ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს.

67 წლის ჰოლანდიელმა საკუთარი კანდიდატურა იორდანიის პრინც ალი ბინ ალ ჰუსეინის სასარგებლოდ მოხსნა.

ამრიგად, ფიფას საპრეზიდენტო პოსტისთვის ერთმანეთს ორი კანდიდატი — იოზეფ ბლატერი და ალი ბინ ალ ჰუსეინი შეეცილებიან.

არჩევნები 29 მაისს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩატარდება.

ფიგუ: “ახლა ბლატერის გასაშვებად საუკეთესო დროა”

ფიფას საპრეზიდენტო კანდიდატი ლუიშ ფიგუ თვლის, რომ ახლა მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელის შეცვლისთვის საუკეთესო დროა.

“ყველაფერს აქვს დასასრული. ახლა კარგი დრო არის იმისთვის, რომ იოზეფ ბლატერმა ფიფას პრეზიდენტის პოსტი დატოვოს. კორუფციაზე საუბრები ორგანიზაციას მხოლოდ უფუჭებს სახელს. დროა, ბლატერი წავიდეს. ის ფიფას 1998 წლიდან ხელმძღვანელობს. საჭიროა ცვლილებები”, – ფიგუს სიტყვებს A Bola აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთს კონკურენციას გაუწევენ: მოქმედი პრეზიდენტი ზეპ ბლატერი, იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ ჰუსეინი, ლუიშ ფიგუ და ჰოლანდიის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელი მიქაელ ვან პრააგი.

ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 29 მაისს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში შედგება.

 

ფიგუ: “ფიფა აუცილებელ ცვლილებებს საჭიროებს”

ფიფას საპრეზიდენტო კანდიდატმა ლუიშ ფიგუმ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს მოქმედი ხელმძღვანელი იოზეფ ბლატერი გააკრიტიკა. პორტუგალიელმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ფიფა ცვლილებეს საჭიროებს.

“თუ არაფერი არ შეიცვლება, მომავალი ოთხი წელიწადი ფიფასთვის და ფეხბურთისთვის წამგებიანი იქნება. მე არ ვარ პოლიტიკოსი, თუმცა საფეხბურთო სამყაროს კარგად ვიცნობ. მე, სხვა ბევრი ადამიანის მსგავსად, ვხედავ, რომ ცვლილებები აუცილებელია”, – ფიგუს სიტყვები Voetbal International-მა გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთს კონკურენციას გაუწევენ: მოქმედი პრეზიდენტი ზეპ ბლატერი, იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ ჰუსეინი, ლუიშ ფიგუ და ჰოლანდიის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელი მიქაელ ვან პრააგი.

ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 29 მაისს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში შედგება.

 

გვარდიოლა ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ფიგუს უჭერს

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ლუიშ ფიგუს უჭერს.

“ფიგუ ფეხბურთის მცოდნე, ახალგაზრდა კაცია. მას ბევრი კარგი რამის შემოღება, ფეხბურთის განვითარება შეუძლია. მე მისით ვამაყობ. ის ჩემი მეგობარია და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ”, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს “ასი”.

შეგახსენებთ, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთს კონკურენციას გაუწევენ: მოქმედი პრეზიდენტი ზეპ ბლატერი, იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ ჰუსეინი, ლუიშ ფიგუ და ჰოლანდიის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელი მიქაელ ვან პრააგი.

ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 29 მაისს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში შედგება.