“სარბიელის” საიუბილეო ნომერი გამოიცა

დღეს, 11-წლიანი პაუზის შემდეგ გაზეთ “სარბიელის” საიუბილეო ნომერი გამოიცა. ზუსტად 30 წლის წინ, 1990 წლის 28 დეკემბერს აღნიშნული გამოცემის პირველი ნომერი დაიბეჭდა. მას შემდეგ წლების განმავლობაში “სარბიელი” მკითხველს უამრავ საინტერესო მასალას აწვდიდა და რაც მთავარია, ეს არ იყო გაზეთის ფურცლებზე სტანდარტული სიტყვებით მშრალი ინფორმაციის გადმოცემა. “სარბიელის” ჟურნალისტებმა სპეციფიკური წერის მანერით შეძლეს ის, რომ გაზეთს საკუთარი სტილი ჩამოუყალიბდა, რისი წყალობითაც მისი გამორჩევა სხვა უამრავ გამოცემას შორის იყო შესაძლებელი. ყველაზე მთავარი კი საქმისადმი პასუხისმგებლობა და ის გულწრფელობა გახლდათ, რომლისთვისაც ამ გაზეთის ავტორებს ყველაზე კრიტიკულ პერიოდებშიც არ უღალატიათ, საქებს აქებდნენ, საკრიტიკებელს აკრიტიკებდნენ. მკითხველმაც მალე შეიყვარა “სარბიელი” და ყოველდღიურობის ნაწილად აქცია.

დღევანდელი საიუბილეო-საკოლექციო ნომერიც ტრადიციულ სტილშია გადაწყვეტილი, ისევ იმ ხალხის მიერაა შედგენილი, ისევ იმ ენით, ისევ ისე საინტერესოდ, ისევ იმ ფასად, განსხვავება კი ისაა, რომ გამოცემა 32-გვერდიანია.

ვულოცავთ “სარბიელს” 30 წლის იუბილეს!

ომი და მშვიდობა იტალიურ ფეხბურთში: ულტრასები და დაძმობილებული გუნდები

ულტრასული დაჯგუფება სპორტული გუნდის მხარდასაჭერად შექმნილ ქომაგთა ორგანიზებულ ჯგუფს ნიშნავს. მას საფუძველი 50-იანი წლების დასაწყისში ჩაეყარა და განვითარების პიკს 80-იან წლებში მიაღწია, როდესაც თითქმის ყველა საფეხბურთო კლუბს ჰყავდა ულტრასდაჯგუფება. ულტრასების ხსენებისას ხშირად ასოცირება ინგლისელ ხულიგნებთან ხდება, თუმცა ეს სტერეოტიპული წარმოდგენაა. მიუხედავად ამისა, ვერ უარვყოფთ იმ ფაქტს, რომ ულტრასდაჯგუფებებს შორის ძალადობა ხშირია, თუმცა ეს მათი არსებობის შედეგი უფრო არის, ვიდრე მიზანი.ულტრასები ძირითადად სტადიონის ქვედა იარუსზე, კარის მახლობელ სექტორებზე თავსდებიან და იქიდან ქომაგობენ თავიანთ გუნდს სხვადასხვა შეძახილებითა თუ სიმღერებით, ხშირად თვალსასეირო პერფორმანსებსაც დგამენ. ულტრასსამყაროში პოლიტიკაც ღრმად არის ფესვგადგმული. დაჯგუფებები ძირითადად მკვეთრად მემარცხენე ან მემარჯვენე მიმართულების პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებლები არიან და ხშირად ეს განსაზღვრავს სხვადასხვა გუნდების ფანკლუბების ერთმანეთთან დაახლოებას. ამასთან, მხოლოდ პოლიტიკა არ არის ორი ულტრასდაჯგუფების ერთმანეთთან დაძმობილების მიზეზი.

“ლაციო” და “ინტერი”
იტალიაში სხვადასხვა კლუბთა ულტრასდაჯგუფებებს შორის მეგობრობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითია რომის “ლაციოსა” და მილანის “ინტერის” ფანთა შემთხვევა. “ლაციოს” ულტრასები ცნობილნი არიან თავიანთი მკვეთრად მემარჯვენე შეხედულებებით, მათთვის არც სვასტიკის დემონსტრირებაა უცხო. ამ გარემოების გამო ისინი “ინტერის” ულტრასებს დაუძმობილდნენ. მართალია, “ნერაძურის” ფანდაჯგუფება ასეთივე ექსტრემალური შეხედულებებით ცნობილი არ არის, თუმცა მათ გარკვეული კავშირი აქვს იტალიის სხვადასხვა მემარჯვენე ჯგუფებთან, მათ შორის “შავ გულთან”.

აღნიშნული გუნდების ულტრასები ხშირად კიდებენ ტრიბუნებზე ერთმანეთის მიმართ პატივსაცემ ბანერებს. პოსტერი წარწერით “Da sempre fieri del nostro gemellaggio alla nord di Milano rendiamo omaggio” (“ვამაყობთ და პატივს ვცემთ ჩვენს დაძმობილებას მილანის ჩრდილოეთთან”) ამის ერთ-ერთი მაგალითია.

ამ ორ კლუბს შორის კავშირი კარგად გამოჩნდა 2010 წელს გაჩაღებულ სკუდეტოსთვის ბრძოლაში. გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე “ლაციო” “ინტერს” მასპინძლობდა, რომელსაც საჩემპიონო რბოლაში მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს. ტიტულისთვის ბრძოლაში მილანელთა უშუალო კონკურენტი “ლაციოს” თანაქალაქელი და პრინციპული მეტოქე “რომა” იყო, რომელიც ლიდერ “ინტერს” მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებოდა. ის შეხვედრა “ლაციომ” თითქმის უბრძოლველად, ანგარიშით 0:2 დათმო და ორ კვირაში “ინტერმა” ისტორიაში მე-18 სკუდეტოს მოგება იზეიმა.

“მილანი” და “ბრეშა”
იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ძმობა “მილანსა” და “ბრეშას” აკავშირებთ. მათი დამეგობრება პოლიტიკურმა შეხედულებებმა განაპირობა და მიუხედავად იმისა, რომ “მილანის” ულტრასდაჯგუფებაში იდეოლოგია შეიცვალა, ამ კლუბების ფანებს შორის ძმობა გრძელდება. ისინი ხშირად სტუმრობენ ერთმანეთის სტადიონებს დაძმობილებული გუნდის გასამხნევებლად. აღსანიშნავია, რომ “ბრეშასთან” დამეგობრებამ “მილანს” ურთიერთობა გაუფუჭა ბერგამოს “ატალანტასთან”.

“ატალანტა” და “ტერნანა”
თავის მხრივ, “ატალანტას” ულტრასდაჯგუფება ნაკლებად ცნობილია. პოლიტიკური იდეოლოგიის თვალსაზრისით ისინი მემარცხენეები არიან და ეს გახდა მათი საფეხბურთო კლუბ “ტერნანას” ფანებთან დაძმობილების მიზეზი. ასე რომ, თუ “ატალანტას” ქომაგთა შორის “ტერნანას” წითელ-მწვანე ფორმასაც მოკრავთ თვალს, არ გაგიკვირდეთ.

“ფიორენტინა” და “ვერონა”
განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგია არ არის ფანკლუბების დაძმობილებისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი, თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათია. “ფიორენტინას” ულტრასები მემარცხენეები არიან, ხოლო “ვერონასი” – მემარჯვენეები. ამ განსხვავების მიუხედავად, მათ ერთმანეთთან საკმაოდ მყარი ურთიერთობა აკავშირებთ.

“ფიორენტინა” და “ტორინო”
ორი სხვადასხვა კლუბის ულტრასები შესაძლოა, საერთო მოძულე გუნდმა გააერთიანოს. მაგალითად, “ტორინოსა” და “ფიორენტინას” ფანები ერთმანეთთან “იუვენტუსის” სიძულვილმა დაამეგობრა. ამ გუნდების ულტრასები სტადიონზე ერთმანეთს თბილი შინაარსის ბანერებით ესალმებიან: “Il popolo Fiorentino saluta la vera Torino” (“ფლორენციელი ხალხი მიესალმება ნამდვილ ტურინს”).

მარტოხელა “იუვენტუსი”
“იუვენტუსი” იტალიაში გარკვეულწილად მარტოხელა კლუბია. “ბებერი სინიორას” ულტრასებს სხვა გუნდის ფანებთან ალიანსი არ შეუქმნიათ და ამას მრავალი მიზეზი აქვს, რომელთაგან ორია გამოსაყოფი: “იუვენტუსი” იტალიის მასშტაბით ყველაზე წარმატებული გუნდია და ეს სხვა გუნდის ფანებისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორია, ხოლო მეორე მიზეზად “კალჩოპოლის” სკანდალი უნდა მივიჩნიოთ. მართალია, “იუვენტუსმა” ძველი დიდება მალევე დაიბრუნა, თუმცა ტიტულების მოგებაზე რთული გატეხილი სახელის აღდგენა აღმოჩნდა. “იუვეს” ულტრასები მეგობრებს იტალიის გარეთ ეძებენ და ყველაზე მყარი კავშირი ნიდერლანდურ “დენ ჰააგის” ფანებთან აქვთ.

“პარმა” და “სამპდორია”
იტალიურ ფეხბურთში ერთმანეთთან დაძმობილების შედარებით ნაკლებად ცნობილი შემთხვევებია “პარმასა” და “სამპდორიას” ფანებისა და “ნაპოლისა” და “ჯენოას” ულტრასების მეგობრობა. “პარმასა” და “სამპდორიას” ფანების ძმობა ოც წელზე მეტს ითვლის. 2009 წლის კოპა იტალიის ფინალურ მატჩში გენუელთა საქომაგოდ “პარმას” ფანები რომში საგანგებოდ ჩავიდნენ კიდეც.

“ნაპოლი” და “ჯენოა”
“ნაპოლისა” და “ჯენოას” დამეგობრებას საფუძველი 1982 წელს ჩაეყარა. იმ სეზონის ბოლო ტურში გენუელებს სერია A-ში დასარჩენად კინკილა ქულა ჰყოფნიდათ, თუმცა “სან პაოლოზე” 0:1 მარცხდებოდნენ. საბოლოო ჯამში, ის შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა, “ჯენოამ” გადასარჩენად საჭირო ქულა მოიპოვა და სერია B-ში მის ნაცვლად “მილანი” დაქვეითდა. ამ ისტორიულმა მოვლენამ “ჯენოას” ულტრასების “ნაპოლის” ფანებთან დამეგობრება განაპირობა.

დარღვეული ძმობა
ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც ძლიერი და ერთი შეხედვით დაუშლელი ძმობა დარღვეულა. “ინტერისა” და “ვერონას” ულტრასთა მეგობრობა 80-იან წლებში დაიწყო და 2001 წლამდე გაგრძელდა. შემდეგ “ვერონას” ულტრასდაჯგუფების სათავეში ახალი ხალხი მოვიდა და “ინტერთან” “მეგობრობის ხელშეკრულებაც” გაუქმდა.

სხვადასხვა კლუბების ულტრასების ერთმანეთთან დამეგობრების შემთხვევები იტალიურ ფეხბურთს ლამაზ, რომანტიკულ ელფერს სძენს და ეს ისტორიები დასტურია იმისა, რომ ულტრასკონცეფცია უფრო მეტია, ვიდრე ხულიგნებთან ასოცირებული სტერეოტიპული შეხედულება.

რატომ მოუხადა ბოდიში მალდინიმ მარადონას

“მილანის” ყოფილმა კაპიტანმა პაოლო მალდინიმ გაიხსენა ეპიზოდი, როდესაც მას დიეგო მარადონასთვის ბოდიშის მოხდა მოუწია:

“სერია A-ს დიდების დარბაზის დაჯილდოების ცერემონია იყო, მე მის გვერდით ვიჯექი. ეკრანზე ჩვენი დაპირისპირების რამდენიმე ეპიზოდი აჩვენეს. თავს ყოველთვის კორექტულ მცველად ვთვლიდი, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ იმ ვიდეოებში მის წინააღმდეგ ძალზედ უხეშად ვთამაშობდი. ეს მხოლოდ იმიტომ ხდებოდა, რომ მარადონა ჩემს ქმედებებს წინასწარ იცნობდა და მე ყოველთვის ვაგვიანებდი.

ის ძალიან სწრაფი იყო, მას მთელი კარიერის განმავლობაში ურტყამდნენ. შემრცხვა და იმ ვიდეოკლიპის ნახვის შემდეგ მარადონას ბოდიში მოვუხადე.

ის ძალზედ მარდად აკონტროლებდა ბურთს და სწრაფად ცვლიდა მიმართულებას. მარადონა მართლაც ექსტრაორდინარული ფეხბურთელი იყო”.

შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა. ის “ნაპოლის” შემადგენლობაში 1984-დან 1991 წლამდე თამაშობდა. არგენტინელი ფეხბურთელი ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, თითო-თითოჯერ კი ქვეყნის თასს და სუპერთასს დაეუფლა, ერთხელ მოიგო უეფას თასი. მის პატივსაცემად “ნაპოლიმ” კლუბში ათნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღო.

პაოლო მალდინი: “მცველები თავიანთ ფუნქციებს კარგავენ და ეს მაღელვებს”

“მილანისა” და იტალიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა პაოლო მალდინიმ თანამედროვე ფეხბურთის ტენდენციებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბოლო წლებში მცველების სათამაშო ასპექტები მნიშვნელოვნად შეიცვალა.

“ფეხბურთი შეიცვალა. ცენტრალურმა მცველებმა თამაში დაიწყეს, ბურთთან ერთად უფრო მეტ დროს ატარებენ და ყველაფერი იწყება მეკარისგან. ოცი წლის წინ მცველები მხოლოდ მცველები იყვნენ და ბურთთან ერთად მხოლოდ რამდენიმე მათგანი გრძნობდა თავს თავდაჯერებულად. ყველაფერი შეიცვალა. კუთხურების დროს კაცის აყვანის თვისებაც დაკარგეს, ერთი ერთზეც ნაკლებად თამაშობენ. ასე რომ, 80-იანი წლების მცველების ხელოვნება თანდათან იკარგება.

მე ეს მაღელვებს, განსაკუთრებით კი უმაღლეს დონეზე. მე არ ვლაპარაკობ მეორე დივიზიონის გუნდებზე. მე ვსაუბრობ ეროვნული ნაკრებებისა და ჩემპიონთა ლიგის დონეზე.

ფეხბურთი შეიცვალა, მაგრამ ვფიქრობ, რომ კარგი დაცვა გრძელვადიან მომავალში უკეთესი გუნდის ყოლის საწინდარია. დამოკიდებულია იმაზე, როგორ გაწვრთნი მათ. ანტონიო კონტე დიდებული მწვრთნელია, იგივეს ვიტყოდი მასიმილიანო ალეგრიზე. მოდი ვთქვათ, რომ ამ ორი დიდებული მწვრთნელის სახით იტალიური ტრადიცია კვლავ არის წარმოდგენილი უმაღლეს დონეზე.

სერხიო რამოსი ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ხანდახან ავიწყდება, რომ მცველია. კარგი მოთამაშეა, აქვს უნარები და შეუძლია გოლების გატანა.

მომწონს ტიაგო სილვაც. ის “პარი სენ-ჟერმენში” თამაშობს. იტალიაში საფრანგეთის ჩემპიონატს ხშირად არ ვუყურებთ, მაგრამ ის “მილანიდან” მახსოვს.

ვცდილობდი ხოლმე, რომ სუფთად მეთამაშა, ბურთზე წავსულიყავი და არა მეტოქის ფეხებზე. მე არ ვიყავი მცველი, რომელიც მხოლოდ დაცვით ფუნქციებს ასრულებდა. ბურთით თამაშიც მომწონდა. როცა მეტოქე ხედავს, რომ ბურთით თამაში შეგიძლია, უფრო მეტად გაფასებს. როცა გასცემ პატივისცემას, სანაცვლოდაც იღებ პატივისცემას.

მცველი ძლიერი და აგრესიული უნდა იყოს, მაგრამ აგრესიულობა და სიხისტე ერთმანეთისგან უნდა გავარჩიოთ. მათ შორის მინიმალური განსხვავებაა და ხანდახან ამ ხაზის გადაკვეთა გიწევს.

როდესაც პატარა ვიყავი, მინდოდა, რომ ფეხბურთელი გამოვსულიყავი. ოცნება ავიხდინე და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. კარიერა შვიდი წლის წინ დავასრულე და ხალხი ახლაც პატივს მცემს”, – ციტირებს მალდინის სიტყვებს Football Italia.

ზუსტად 32 წლის წინ “მილანში” მალდინის დებიუტი შედგა (ვიდეო)

“მილანის” მთავარ გუნდში პაოლო მალდინის დებიუტი ზუსტად 32 წლის წინ, 1985 წლის 20 იანვარს, “უდინეზეს” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში შედგა. მაშინ იტალიელი 16 წლისა და 208 დღის გახლდათ. პაოლო მალდინი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელსაც სერია A-ში უთამაშია. იგი “მილანის” ღირსებას 24 წლის განმავლობაში იცავდა. მალდინიმ კლუბთან ერთად სულ 26 გუნდური ტიტული მოიგო, მათ შორის შვიდჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, ხუთჯერ კი ჩემპიონთა ლიგის თასს დაეუფლა.

პაოლო მალდინის “მილანში” ეპატიჟებიან

“მილანის” ლეგენდარულ ფეხბურთელ პაოლო მალდინის კლუბში ეპატიჟებიან.

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ “როსონერის” გენერალური დირექტორი მარკო ფასონე მალდინის შეხვდა და მას კლუბის ტექნიკური დირექტორის პოსტი შესთავაზა. მალდინიმ გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე დღე ითხოვა.

აღსანიშნავია, რომ კლუბში პაოლო მალდინის ხილვა “მილანის” ახალ მესვეურებსაც სურთ.

პაოლოს გამოსამშვიდობებელი წერილი ჩეზარე მალდინის

„მილანის“ ყოფილმა მცველმა პაოლო მალდინიმ თავის ძმებთან და დებთან ერთად მამას გამოსამშვიდობებელი წერილი მიუძღვნა. ჩეზარე მალდინი კვირას 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„უბრალოდ იმ უნიკალური დროისთვის, რომელიც შენთან ერთად გავატარეთ, გვსურს, მადლობა გადაგიხადოთ. შენი გახსენებისას ყოველთვის გავიღიმებთ. შენ გვერდით ყოველთვის ვიყავით, მაშინაც კი, როცა არ ვიცოდით, სად იმყოფებოდი.

შენი გარდაცვალების შემდეგ უამრავი წერილი მივიღეთ, რომელთა ავტორები შენ მიმართ სიყვარულს გამოხატავდნენ. მათში შენი ნაწილი დატოვე.

მადლობა, მამა!“, – ციტირებს ჩეზარე მალდინის შვილების სიტყვებს „Football-Italia“.

მალდინი: “მილანს” სიყვარულის გამო ვაკრიტიკებ”

“მილანის” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა პაოლო მალდინიმ განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობას არა მტრული დამოკიდებულების, არამედ “როსონერის” სიყვარულის გამო აკრიტიკებს. მალდინიმ რამდენიმე დღის წინათ აღნიშნა, რომ კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი ფეხბურთში ვერ ერკვევა.

“თუ “მილანს” ძველი დიდების” დაბრუნება სურს, მას სისუფთავე, იდეები და ინვესტიცია სჭირდება. კლუბს სჭირდება ისეთი ხალხი, რომელიც ფეხბურთში ერკვევა და ასეთები დღეს “მილანში” ცოტანი არიან. გალიანი შესანიშნავი ხელმძღვანელია, მაგრამ ფეხბურთში, ალბათ, საჭირო დონეზე ვერ ერკვევა. მან უფრო მეტად უნდა დააფასოს ფეხბურთელები”, – ციტირებს მალდინის სიტყვებს Football Italia.

იტალიურ გრანდებიში ლეგენდარული ფეხბურთელების დაფასება იციან. პაველ ნედვედი ტურინის “იუვენტუსის” სტრუქტურაში მუშაობს, ხავიერ ძანეტიმ კარიერის დასრულების შემდეგ კი მილანის “ინტერის” ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დაიკავა. აი, პაოლო მალდინისთვის კი “მილანში” ადგილი არ მოიძებნა.

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი კლუბის მთავარ მწვრთნელ სინიშა მიხაილოვიჩს მხარს უჭერს.

“მილანში” გავიზარდე, მაგრამ მთავარია, რომ მე დამოუკიდებლად ვაზროვნებ. ვიცი, ბევრად ადვილია იმის თქმა, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია იმის ახსნა, თუ რა ხდება სინამდვილეში. “მილანს” იმიტომ ვაკრიტიკებ, რომ ძალიან მიყვარს. მოხარული ვიქნებოდი გადამეხადა ის სიკეთე, რაც ამ კლუბმა მომიტანა. არ მინდა, რომ ჩემი სიტყვები პრობლემების მომტანი გახდეს. პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი კი სხვა არჩევანს აკეთებს.

ადვილი არ არის ისეთი კლუბის ჩაბარება, როგორიც “მილანია”, რომელსაც დიდებული წარსული და მუზეუმში უამრავი ტიტული აქვს დაბინავებული. არ ვთვლი მართებულად გუნდში ახალბედა მწვრთნელების მოყვანას, რადგან ეს დიდი რისკია, მიუხედავად იმისა, რომ კლარენს ზეედორფს რაღაც შედეგები ჰქონდა. “მილანს” სჭირდება ისეთი კაცი, რომელიც გუნდს შეაჯანჯღარებს და მიხაილოვიჩი სწორედ ასეთი მწვრთნელია”, – აღნიშნა მალდინიმ.

 

მალდინი: „ჩელსიში“ გადასვლაზე ვფიქრობდი“

„მილანის“ ლეგენდარულმა მცველმა პაოლო მალდინიმ აღიარა, რომ 90-იანი წლების შუაში ინგლისში გადასვლა შეეძლო.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ წინადადება მქონდა, თუმცა ამ კლუბთან პირდაპირ არ მისაუბრია. ასევე ჯანლუკა ვიალი მპატიჟებდა, რომელიც „ჩელსის“ ავარჯიშებდა. ეს 1996 წელი იყო, ძალიან ცუდი სეზონი გვქონდა.

„არსენალის“ ვარიანტიც არსებობდა, თუმცა კონტრაქტი არც ამ კლუბთან მქონია.

ასეა თუ ისე, წასვლა მაინც ვიუარე. ვიალი ჩემი მეგობარი იყო და ის ერთადერთია, რომლის წინადადებზეც ვიფიქრე.

მაშინ გუნდთან და გულშემატკვირებთან პრობლემები მქონდა. ერთ დღეს წასვლის ალბათობაზე ვიფიქრე, თუმცა ბოლოს მაინც „არა“ ვთქვი.

რაული: “ის საუკეთესო ფეხბურთელია, ვის წინააღმდეგაც ოდესმე მითამაშია”

მადრიდის “რეალის” ყოფილმა თავდამსხმელმა რაულმა ის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, ვის წინააღმდეგაც კარიერის განმავლობაში უთამაშია. ლეგენდარულმა ესპანელმა ასეთ მოთამაშედ “ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი მიიჩნია.

“მესი საუკეთესო ფეხბურთელია, ვის წინააღმდეგაც ოდესმე მითამაშია. გამიმართლა, რომ მოედანზე ზინედინ ზიდანს, რონალდოს, ლუიშ ფიგუსა და კრიშტიანუ რონალდუს შევხვდი, მაგრამ მესი ყველასგან განსხვავებულია…

მას ყველაფერი იოლად გამოსდის, შეუძლებელსაც კი უმარტივესად აკეთებს. როდესაც მის თამაშს უყურებ, გგონია, რომ ის მეგობრებთან ერთად ქუჩაში ფეხბურთს თამაშობს.

თუ ჩემი კარიერის ადრეულ წლებზე ვისაუბრებთ, მაშინ საუკეთესოებად რობერტო ბაჯოსა და რაიან გიგზს დავასახელებ.

საუკეთესო მცველი, ვის წინააღმდეგაც მითამაშია, პაოლო მალდინია. ის ძლიერი და ელეგანტური მოთამაშე იყო. მახსოვს, როგორ მიჭირდა მის წინააღმდეგ თამაში. ის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია. მოედნის მიღმაც საოცარი პიროვნებაა. ის საფეხბურთო კერპია.

საუკეთესო მეკარედ კი ოლივერ კანს დავასახელებ. ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენის “ბაიერნთან” ყოველთვის რთული მატჩები გვქონდა”, – რაულის კომენტარი Goal.com-მა გამოაქვეყნა.

 

რომელ ფეხბურთელებს თვლიდა პაოლო მალდინი ყველაზე ძლიერ მეტოქეებად

“მილანის” ყოფილმა კაპიტანმა პაოლო მალდინიმ ის ფეხბურთელები დაასახელა, ვისაც 25-წლიანი კარიერის განმავლობაში ყველაზე ძლიერ მეტოქედ თვლიდა.

“ჩემთვის ყველაზე ძლიერი მეტოქეები დიეგო მარადონა, რონალდო და ზინედინ ზიდანი იყვნენ. ბრაზილიელს “ინტერში” ფენომენალური ორწლიანი პერიოდი ჰქონდა.

მწვრთნელებში გამიმართლა. ლიდჰოლმა სულიერი სიმშვიდე შემძინა. მან ამიხსნა, რომ ფეხბურთი უბრალოდ თამაშია. კაპელომ პროფესიონალიზმი მასწავლა. საკიმ პირველ დონეზე ამიყვანა. ძაკერონი ფიზიკური თვალსაზრისით დამეხმარა. 2002/03 წლების სეზონი კი საუკეთესო იყო, რომელიც ანჩელოტის თავკაცობით ჩავატარე”, – მალდინის სიტყვები “ლა გაძეტა დელო სპორტმა” გამოაქვეყნა.

 

მალდინი: „ყველაზე რთული მეტოქეები მარადონა, რონალდო და ზიდანი იყვნენ“

„მილანის“ ლეგენდამ პაოლო მალდინიმ თავისი 25-წლიანი გაიხსენა.

„ჩემთვის ყველაზე რთული მეტოქეები მარადონა, რონალდო და ზიდანი იყვნენ.

მწვრთნელების მხვრივ გამიმართლა. კაპელომ პროფეზიონალიზმი მასწავლა, საკიმ ახალ დონეზე ამიყვანა, ძამკერონი კი ფიზიკის თვალსაზრისით დამეხმარა. საუკეთესო სეზონი 2002/03 წლებში ანჩელოტის თავკაცობით ჩავატარე“, – განაცხადა მალდინიმ.