სვენ-გორან ერიქსონი: “ფერგიუსონი მოკვლით მემუქრებოდა, თუ რუნის მუნდიალზე წავიყვანდი”

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სვენ-გორან ერიქსონმა გამოცემა “თაიმსს” საინტერესო ინტერვიუ მისცა, რომლის ერთ-ერთი მონაკვეთი “მანჩესტერ იუნაიტედის” ექსთავკაც ალექს ფერგიუსონთან მომხდარ ინციდენტს დაეთმო.

შვედმა სპეციალისტმა ინტერვიუში 2006 წელს მომხდარი ამბავი გაიხსენა. ამ პერიოდში “წითელი ეშმაკების” აწ უკვე ყოფილმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ ტრავმა მიიღო და გამოჯანმრთელების პროცესი საკმაოდ გაეწელა. ინგლისელმა ფეხბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონატამდე ტრავმის მოშუშება ვერ მოასწრო, თუმცა უშუალოდ ტურნირის მიმდინარეობისას გამოჯამრთელებისა და თამაშის საშუალება ჰქონდა. ამის მიუხედავად, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელ ალექს ფერგიუსონს მუნდიალზე რუნის გაშვება არ სურდა, რასაც ერიქსონთან დაძაბული სატელეფონო საუბარი მოჰყვა.

შვედი სპეციალისტი იხსენებს:

“ალექსი უცნაური კაცი იყო. ასეთი ჩვევა ჰქონდა: დამირეკავდა დილის შვიდ საათზე ან უფრო ადრე და ყოველგვარი მისალმების გარეშე იწყებდა ყვირილით საუბარს. როდესაც ასეთი გაღიზიანებული იყო ხოლმე, მასთან კომუნიკაცია შეუძლებელი ხდებოდა.

მან ის დილაც ჩხუბით დაიწყო. ყვიროდა, რომ მომკლავდა, თუ რუნის მსოფლიოს ჩემპიონატზე წავიყვანდი.

მე მას ვკითხე: “რა ხდება ალექს, რაშია საქმე?” თუმცა, ის მე არ მისმენდა და განაგრძობდა ყვირილსა და მუქარას. საბოლოო ჯამში, ვუთხარი: “რუნის მსოფლიოს ჩემპიონატზე მაინც წავიყვან. კარგი შვებულება, ჩაო” და ტელეფონი გავუთიშე”.

უეინ რუნიმ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მართლაც ითამაშა, თუმცა “სამი ლომი” ტურნირს მეოთხედფინალურ ეტაპზე პორტუგალიის ნაკრებთან პენალტების სერიაში მარცხის შემდეგ გამოეთიშა.

ანანიძე: “ბეილი ჩემზე ძლიერია, მაგრამ ჩემზე ხშირად ტრავმიანობს, აღნაგობა არაფერ შუაშია”

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში უარყო მოსაზრება, თითქოს მისი ხშირი ტრავმიანობა ფიზიკურ მონაცემებთან არის დაკავშირებული.

“სპარტაკის” ლიდერობა მსურს, თუმცა მესმის, რომ ეს ან ახლა მოხდება ან არასდროს. ვგრძნობ, რომ შემიძლია ისე ვითამაშო, როგორც ამას ჩემგან გულშემატკივრები მოელიან. სამწუხაროდ, ხშირად ტრავმები მიშლიდა ხელს. ფაქტობრივად ათი წლიდან სამი მკურნალობაში მაქვს გატარებული. ხშირად ვკითხულობ, თითქოს ყველაფერი ჩემი აღნაგობის ბრალია, მაგრამ შეხედეთ მადრიდის “რეალის” ფეხბურთელ გარეტ ბეილს. ის ჩემზე სამჯერ მეტს იწონის და კუნთებიც სამჯერ დიდი აქვს, თუმცა ჩემზე ხშირად ტრავმიანობს. მან “რეალში” ყოფნის ექვსი წლიდან მხოლოდ წელიწადნახევარი ითამაშა.

ალბათ, უფროსების წინააღმდეგ თამაში საკმაოდ ადრეულ ასაკში დავიწყე. გარდა ამისა, თავიდან სატრენაჟორო დარბაზებს ხშირად არ ვსტუმრობდი. ახლა გაცილებით ხშირად ვვარჯიშობ. იმას არ ვამბობ, რომ რობოტის დონემდე უნდა მიხვიდე, როცა ბურთსაც ვეღარ გრძნობ, მაგრამ პროფილაქტიკა აუცილებელია, რათა კუნთები და სახსრები კარგ მდგომარეობაში იყოს.

დეკემბრამდე უნდა ვაჩვენო, რა შემიძლია: გოლების გატანა, საგოლე გადაცემები. თამაშის მიმდინარეობის წაყვანა. მთავარი მწვრთნელისგან ნდობას ვგრძნობ და ეს მეხმარება”, – აღნიშნა ანანიძემ.

“დინამომ” ამხანაგურ შეხვედრაში “სპარტაკი” დაამარცხა (ვიდეო)

დღეს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე თბილისელებმა ამხანაგური მატჩი გამართეს.

კახი კაჭარავამ სანაკრებო პაუზით ისარგებლა და ცხინვალს უმასპინძლა. თავიდანვე აღნიშვნის ღირსია, რომ დინამოელებმა გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზეს. მოგეხსენებათ დინამოს გუნდის არაერთი ფეხბურთელი ეროვნულ და სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებშია გამოძახებული. სინჯებზე მყოფი სამი ფეხბურთელიდან კი დღეს მხოლოდ ერთმა – ალექს კიერემემ ითამაშა. რაც შეეხება ბორის გაროსის და კარლეს მასს, მათ კახი კაჭარავა და ჩვენი სამწვრთნელო შტაბი გამოყოფილ პერიოდში უკვე დააკვირდნენ და გარკვეული დასკვნებიც გამოიტანეს. ახლო მომავალში შესაძლოა მწვრთნელებმა ესპანელი ფეხბურთელები კიდევ ერთხელ ნახონ საქმეში. თავად ამხანაგური მატჩი დინამოელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა. ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. ანგარიში ჯოხაძემ გახსნა, ცხინვალს კი გოლები კიერემემ, კიტეიშვილმა და ივანიშვილმა გაუტანეს.


.

Marca-ს ფოტორეპორტაჟი ბასკეთიდან: რა მოხდა გუშინ ბილბაოში?

გუშინ ევროპის ლიგის 1/16 ფინალის განმეორებით შეხვედრაში ერთმანეთს ბილბაოს “ატლეტიკი” და მოსკოვის “სპარტაკი” დაუპირისპირდნენ. მატჩი მოსკოველთა გამარჯვებით, ანგარიშით, 2-1 დასრულდა, თუმცა ორი თამაშის ჯამში (4-3) შემდეგ ეტაპზე ესპანელები გავიდნენ.

საგულისხმოა, რომ მთავარი, სასტიკი დაპირისპირება შეხვედრის შემდეგ მოხდა, როცა რუსმა ულტრასებმა განსაკუთრებული აგრესიულობა გამოიჩინეს ბასკი ფანებისა და პოლიციის მიმართ. ისინი ისროდნენ ქვებსა და ფეიერვერკს ესპანელების მიმართულებით. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ერთი სამართალდამცავი შეეწირა – 51 წლის ალონსო გარსია.

გთავაზობთ, Marca-ს ფოტორეპორტაჟს, რომელიც გუშინდელ სასტიკ ღამეს ასახავს.

 

ჭანტურიშვილის “სპარტაკი” “სლოვანთან” დამარცხდა

დღეს სლოვაკეთში სუპერ ლიგის მე-16 ტურის შეხვედრები შედგა.

ერთ-ერთ მატჩში ბრატისლავას “სლოვანმა” ტრნავას “სპარტაკი” მიიღო. საკმაოდ დაძაბული მატჩი ერთადერთი გატანილი გოლით დასრულდა. მისი ავტორი მე-14 წუთზე დედაქალაქელთა ვეტერანი შემტევი, 33 წლის ფილიპ ჰოლოსკო გახდა. საბოლოოდ, “სლოვანმა” მინიმალური ანგარიშით იმარჯვა.

როგორც იცით, “სპარტაკის” შემადგენლობაში ქართველი მოთამაშე, ვახტანგ ჭანტურიშვილი გამოდის. მან მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მე-18 წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო. საბოლოოდ, იგი 77-ე წუთზე შეცვალეს.

ამ მარცხის შემდეგ ტრნავას გუნდის 37 ქულით პირველ პოზიციაზეა.

“სპარტაკმა” “უფას” სძლია – ტაბიძე სათადარიგოზე დარჩა

დღეს რუსეთის პრემიერ ლიგის მე-16 ტურის შეხვედრები შედგა.

მოსკოვში, “ატკრიტიე არენაზე”  ადგილობრივი “სპარტაკი” “უფას” დაუხვდა. მეათე წუთზე სტუმართა მხრიდან თავი იგბუნმა გამოიჩინა. თუმცა, 37-ე, 63-ე და 79-ე წუთებზე, შესაბამისად, ფერნანდომ, პრომესმა და ლუის ადრიანომ “უფას” გაუტანეს. შესაბამისად, შეხვედრა ანგარიშთ, 3-1 დასრულდა.

საგულისხმოა, რომ ორივე კლუბში თამაშობენ ქართველი ფეხბურთელები. რუსეთის მოქმედ  ჩემპიონ “სპარტაკში” ანანიძე გამოდის, რომელსაც ტრავმა აწუხებს და იგი ახლა თბილისში მკურნალობს. რაც შეეხება მეორე ქართველ ლეგიონერს, ეს ჯიმი ტაბიძეა. დღეს ქართველი მცველი სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

ამ გამარჯვების შემდეგ “სპარტაკს” 25 ქულა აქვს და მეხუთე პოზიციაზეა. ხოლო, ტაბიძის გუნდი 21-ით მერვეა.

ჰენდერსონი: “იმედგაცრუებულები ვართ”

მოსკოვის “სპარტაკთან”, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ქულების დაკარგვის (1:1) შემდეგ, “ლივერპულის” კაპიტანმა, ჯორდან ჰენდერსონმა პრესასთან საუბრისას თავისი იმედგაცრუება გამოხადა.

“ყველანი ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. მთელი დროის მანძილზე მატჩს ვაკონტროლებდით, თავიდან ბოლომდე. ძალიან მარტივი და კომფორტული გამარჯვება უნდა გვეზეიმა.

თუმცა, სანამ გოლების გატანაზე ვიფიქრებთ, უნდა ვიპოვოთ გზა, რომ პირველი ჩვენ არ გავუშვათ.

სხვა დროს, ასეთი თამაშით 3-4 გოლს გავიტანდით. საერთო ჯამში, გუნდის პერფორმანსი კარგი იყო, მაგრამ არა საკმარისი. უფრო ხისტად უნდა ვითამაშოთ და სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერი გავაკეთოთ,”- აცხადებს ინგლისელი ფეხბურთელი.

ჯანო ანანიძე: “ამჟამად ცუდ სიტუაციაში ვარ”

მოსკოვის “სპარტაკის” ქართველმა ნახევარმცველმა, ჯანო ანანიძემ, რომელსაც რუსული პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის ოთხი მატჩიდან არცერთში არ მიუღია მონაწილეობა, საკუთარი მდგომარეობა შეაფასა.

– როგორ შეაფასებთ ამჟამინდელ სიტუაციას?

– “როგორ? სეზონის პირველ მატჩებში მონაწილეობა არ მიმიღია… მე კი თამაში მინდა. თუმცა, გადაწყვეტილებებს მწვრთნელი იღებს და ჩვენც უნდა დავეთანხმოთ. ყოველთვის ვამბობდი, რომ ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია. ამიტომაც, არა ასი, არამედ ასორმოცდაათი პროცენტით ვიხარჯები.

მე სხვა ტიპის მოთამაშე ვარ… საგოლე მომენტების შექმნა მევალება, უნდა ვიაქტიურო, მეტოქეებს ვაჯობო… არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკა კი ფორმიდან მაგდებს. ასე რომ, ახლა საკმაოდ ცუდ სიტუაციაში ვარ. თამაშში შესვლა გამიჭირდება.”

– სეზონი ახლახან დაიწყო, შეიძლება, ყველაფერი შეიცვალოს

– “მე მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერი, როდესაც რეგულარულად ვთამაშობ. ის ფაქტი, რომ არ მოედანზე არ ვჩანვარ, ძალიან მოქმედებს ჩემზე.”

– ალბათ, უმჯობესია, თუ თამაშის შემდეგ არ შეგაწუხებენ

– “ჩემმა მეგობრებმა და ახლობლებმა ეს ძალიან კარგად იციან. მატჩის შემდეგ მხოლოდ მაშინ მირეკავენ, თუ კარგად ვითამაშებ. სხვა შემთხვევაში კი საუბრის არანაირი სურვილი არ მაქვს. მე ფეხბურთელი ვარ და ჩემთვის უმთავრესი სათამაშო პრაქტიკაა.”

– ზოგჯერ “ფეთქდებით”, მაგრამ მალე გადაგდით, არა?

– “უმეტეს შემთხვევაში ასეა. თუმცა, ყოფილა სიტუაციები, როდესაც ხშირად ვერ ვახერხებდი თამაშს და ორი-სამი დღე ისე დავდიოდი, ერთხელაც არ გამიღიმია. ასეთია ჩემი ცხოვრება, ფეხბურთის მიმართ მგრძნობიარე ვარ.”

– ახლობლებისთვის ალბათ რთულია

– “რაც მთავარია, ჩემს ცოლს ჩემი ესმის. როდესაც ცუდ ხასიათზე მივდივარ სახლში, გამარჯობას გამარჯობით მპასუხობს და არ ცდილობს ჩემს შეწუხებას. საწოლზე ვწვები და ფიქრს ვიწყებ. თუ ჩემს ქალიშვილს არ სძინავს, ჩემთან მოდის, მეხუტება და მეც მაშინვე “ვდნები”.

– წელს მეორე ქალიშვილიც შეგეძინათ. ახლა ორჯერ უფრო სწრაფად “დნებით”?

– “დიახ. რა თქმა უნდა, ეს დიდი ბედნიერებაა, ულამაზესი ბავშვია. მაგრამ, ვაჟი მინდა, ამიტომაც, სანამ ის არ დაიბადება, ჩემს ცოლს მშვიდი ცხოვრება არ ეღირსება (იცინის).”

– ადრე იწერებოდა, რომ საკმაოდ ადვილად იღებდით ტრავმებს…

– “ახლა ყველაფერი რიგზეა. სერიოზული ტრავმა მივიღე ფეხზე, მაგრამ ოპერაციის შემდეგ ორი წელი გავიდა და ახლა თავს მშვენივრად ვგრძნობ.”

ჯიმი VS ჯანო: “უფამ” და “სპარტაკმა” ქულები გაიყვეს

დღეს რუსეთის პრემიერ ლიგის მეორე ტურის შეხვედრები იმართება.

ერთ-ერთ მატჩში “უფამ” მოსკოვის “სპარტაკი” მიიღო. შეგახსენებთ, რომ პირველ კლუბში ახალგაზრდა ქართველი მცველი, ჯიმი ტაბიძე თამაშობს. ხოლო, “სპარტაკში” ჯანო ანანიძე გამოდის. ტაბიძემ შეუცვლელად ჩაატარა შეხვედრა, ანანიძეს კი სათადარიგოთა სკამზე მოუწია ჯდომა.

მატჩი დაძაბული გამოდგა. ორივე გუნდს ჰქონდა შანსები, თუმცა საბოლოოდ, გოლის გატანა ვერცერთმა მოახერხა – 0-0.

უგოლო ფრის შემდეგ “უფა” ოთხი ქულით მეოთხეზეა, ხოლო მოსკოველებს ორი ქულა აქვთ და მერვე პოზიციაზე იმყოფებიან.

ჯანო ანანიძემ “ორენბურგთან” მატჩში საგოლე პასი გააკეთა (ვიდეო)

რუსეთის პრემიერ ლიგის 21-ე ტურის მატჩში, სადაც ერთმანეთს გათამაშების ლიდერი, მოსკოვის “სპარტაკი” და “ორენბურგი” უპირისპირდებიან, ჯანო ანანიძემ საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

მოსკოველთა ქართველი ფეხბურთელის მიერ მატჩის 58-ე წუთზე გაკეთებული ბრწყინვალე გადაცემა ზუბნინმა გამოიყენა და “სპარტაკის” უპირატესობა ორამდე გაზარდა.

იხილეთ ვიდეო

სამწუხარო ინფორმაცია: ჯანო ანანიძე ტრავმირებულია

რუსული “სპარტაკის” ქართველი ნახევარმცველი, ჯანო ანანიძე ტრავმირებულია.

კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, 24 წლის ჯანომ კუნთი დაიზიანა, რის გამოც, რამდენიმე დღით ინდივიდუალური პროგრამით მოუწევს ვარჯიში.

როგორც იცით, რუსული პრემიერ ლიგის ამჟამინდელი ლიდერი, “სპარტაკი” შეკრებას ესპანეთში, მარბელში ატარებს. სადაც ვარჯიშები უკვე კარგა ხანია დაიწყეს, თუმცა ჯანო გუნდთან ერთად ვარჯიშს ვერ ახერხებს.

ჯანოს გამოკვლევები უახლოეს მომავალში ჩაუტარდება და გაირკვევა, თუ როდის შეძლებს მოედანზე დაბრუნებას.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ჩემპიონატის მეორე წრე 5 მარტს იწყება. მე-18 ტურის მატჩში ჯანო ანანიძეს “სპარტაკი” თორნიკე ოქრიაშვილის “კრასნოდარს” დაუპირისპირდება.

გიორგი ჯიქია: “ჯანოს ძალიან უყვარს ესპანური ფეხბურთი”

რუსული “სპარტაკის” ახალწვეულმა, გიორგი ჯიქიამ, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობა გააჩნია, ქართველ თანაგუნდელზე, ჯანო ანანიძეზე საკმაოდ ვრცლად ისაუბრა.

“ჯანომ ჩემი მეთვალყურეობა პირველივე დღიდან ითავა. ის ჩემი ადაპტაციის პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. ერთმანეთს მაშინვე დავუმეგობრდით, ერთ ოთახში გვძინავს. მაგრამ, უნდა ვაღიარო, რომ ერთ ენაზე საუბარი გვიჭირს.

მე მაინც მირჩევნია, რუსულად ვისაუბრო, ჯანოს კი პირიქით – ქართულად. ასე რომ, ჩვენი დიალოგი ყოველთვის სახალისო, რუსულ-ქართულია.

ყველაფერს ვაკეთებ, ქართული ენის გასახსენებლად. (იცინის). მას ხშირად უწევს ჩემთვის იმის სწავლება, თუ როგორ გამოითქმის ესა თუ ის ქართული სიტყვა სწორად.

აბუ დაბიში ყოფნისას ერთად ბევრ გადაცემას ვუყურებდით. ჯანოს ძალიან უყვარს ესპანეთის ჩემპიონატი. ის ისეთ გუნდებს გულშემატკივრობს, სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელები თამაშობენ. მე კი ინგლისის ჩემპიონატს ვამჯობინებ, სადაც უფრო მაღალ ტემპს გვთავაზობენ. აქ კი ჩვენი გზები ნამდვილად იყოფა,” – აცხადებს გიორგი ჯიქია.