ზიდანი “პსჟ”-ის წინადადებას განიხილავს

ფრანგული გამოცემა “ლე პარიზიენი” წერს, რომ “პარი სენ-ჟერმენის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის კანდიდატურა პრიორიტეტულია.

წყაროს თანახმად, მხარეებს შორის შეხვედრა უკვე შედგა. ახლა ფრანგი სპეციალისტი კლუბის შემოთავაზებაზე ფიქრობს, თუმცა მას სამწვრთნელო კარიერის განახლების სხვა ალტერნატივაც აქვს. კერძოდ, ზიდანს საფრანგეთის ნაკრებში დიდიე დეშამის შემცვლელად მოიაზრებენ.

შეგახსენებთ, რომ 49 წლის სპეციალისტმა 2021 წლის მაისში მადრიდის “რეალი” დატოვა და მას შემდეგ უმუშევარია.

სვენ-გორან ერიქსონი: “ფერგიუსონი მოკვლით მემუქრებოდა, თუ რუნის მუნდიალზე წავიყვანდი”

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სვენ-გორან ერიქსონმა გამოცემა “თაიმსს” საინტერესო ინტერვიუ მისცა, რომლის ერთ-ერთი მონაკვეთი “მანჩესტერ იუნაიტედის” ექსთავკაც ალექს ფერგიუსონთან მომხდარ ინციდენტს დაეთმო.

შვედმა სპეციალისტმა ინტერვიუში 2006 წელს მომხდარი ამბავი გაიხსენა. ამ პერიოდში “წითელი ეშმაკების” აწ უკვე ყოფილმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ ტრავმა მიიღო და გამოჯანმრთელების პროცესი საკმაოდ გაეწელა. ინგლისელმა ფეხბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონატამდე ტრავმის მოშუშება ვერ მოასწრო, თუმცა უშუალოდ ტურნირის მიმდინარეობისას გამოჯამრთელებისა და თამაშის საშუალება ჰქონდა. ამის მიუხედავად, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელ ალექს ფერგიუსონს მუნდიალზე რუნის გაშვება არ სურდა, რასაც ერიქსონთან დაძაბული სატელეფონო საუბარი მოჰყვა.

შვედი სპეციალისტი იხსენებს:

“ალექსი უცნაური კაცი იყო. ასეთი ჩვევა ჰქონდა: დამირეკავდა დილის შვიდ საათზე ან უფრო ადრე და ყოველგვარი მისალმების გარეშე იწყებდა ყვირილით საუბარს. როდესაც ასეთი გაღიზიანებული იყო ხოლმე, მასთან კომუნიკაცია შეუძლებელი ხდებოდა.

მან ის დილაც ჩხუბით დაიწყო. ყვიროდა, რომ მომკლავდა, თუ რუნის მსოფლიოს ჩემპიონატზე წავიყვანდი.

მე მას ვკითხე: “რა ხდება ალექს, რაშია საქმე?” თუმცა, ის მე არ მისმენდა და განაგრძობდა ყვირილსა და მუქარას. საბოლოო ჯამში, ვუთხარი: “რუნის მსოფლიოს ჩემპიონატზე მაინც წავიყვან. კარგი შვებულება, ჩაო” და ტელეფონი გავუთიშე”.

უეინ რუნიმ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მართლაც ითამაშა, თუმცა “სამი ლომი” ტურნირს მეოთხედფინალურ ეტაპზე პორტუგალიის ნაკრებთან პენალტების სერიაში მარცხის შემდეგ გამოეთიშა.

ანანიძე: “ბეილი ჩემზე ძლიერია, მაგრამ ჩემზე ხშირად ტრავმიანობს, აღნაგობა არაფერ შუაშია”

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში უარყო მოსაზრება, თითქოს მისი ხშირი ტრავმიანობა ფიზიკურ მონაცემებთან არის დაკავშირებული.

“სპარტაკის” ლიდერობა მსურს, თუმცა მესმის, რომ ეს ან ახლა მოხდება ან არასდროს. ვგრძნობ, რომ შემიძლია ისე ვითამაშო, როგორც ამას ჩემგან გულშემატკივრები მოელიან. სამწუხაროდ, ხშირად ტრავმები მიშლიდა ხელს. ფაქტობრივად ათი წლიდან სამი მკურნალობაში მაქვს გატარებული. ხშირად ვკითხულობ, თითქოს ყველაფერი ჩემი აღნაგობის ბრალია, მაგრამ შეხედეთ მადრიდის “რეალის” ფეხბურთელ გარეტ ბეილს. ის ჩემზე სამჯერ მეტს იწონის და კუნთებიც სამჯერ დიდი აქვს, თუმცა ჩემზე ხშირად ტრავმიანობს. მან “რეალში” ყოფნის ექვსი წლიდან მხოლოდ წელიწადნახევარი ითამაშა.

ალბათ, უფროსების წინააღმდეგ თამაში საკმაოდ ადრეულ ასაკში დავიწყე. გარდა ამისა, თავიდან სატრენაჟორო დარბაზებს ხშირად არ ვსტუმრობდი. ახლა გაცილებით ხშირად ვვარჯიშობ. იმას არ ვამბობ, რომ რობოტის დონემდე უნდა მიხვიდე, როცა ბურთსაც ვეღარ გრძნობ, მაგრამ პროფილაქტიკა აუცილებელია, რათა კუნთები და სახსრები კარგ მდგომარეობაში იყოს.

დეკემბრამდე უნდა ვაჩვენო, რა შემიძლია: გოლების გატანა, საგოლე გადაცემები. თამაშის მიმდინარეობის წაყვანა. მთავარი მწვრთნელისგან ნდობას ვგრძნობ და ეს მეხმარება”, – აღნიშნა ანანიძემ.

“ინტერმა” რაჯა ნაინგოლანი ტრანსფერზე დააყენა

მილანის “ინტერმა” გუნდის ნახევარმცველ რაჯა ნაინგოლანის ტრანსფერზე დაყენება გადაწყვიტა.

მილანურ გუნდში ბელგიელი ფეხბურთელის პირველი სეზონი არაერთმნიშვნელოვანი გამოდგა: ნაინგოლანმა დიდი პერიოდი ლაზარეთში გაატარა, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში ჰქონდა საკმაოდ კარგი თამაშებიც.

“კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ “ნერაძურიმ” ფეხბურთელთან განშორების გადაწყვეტილება მიიღო. წყაროს თანახმად, “ინტერის” ხელმძღვანელობამ ნაინგოლანის აგენტ ალესანდრო ბელტრამის უკვე აცნობა, რომ ფეხბურთელი ტრანსფერზეა დაყენებული.

ბუფონს “ბრეშა” ეპატიჟება

ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი პროფესიული კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს.

“პარი სენ-ჟერმენიდან” წამოსვლის შემდეგ 41 წლის კიპერი, სავარაუდოდ, სამშობლოს მიაშურებს. Football Italia წერს, რომ ბუფონის დამატებით “ბრეშა” არის დაინტერესებული, რომელმაც ვეტერანი მეკარისთვის წინადადება უკვე მოამზადა. შეგახსენებთ, რომ “ბრეშამ” იტალიის სერია B მოიგო და დამდეგ წელს სერია A-ში იასპარეზებს.

როგორც მოგეხსენებათ, ჯანლუიჯი ბუფონმა გასული სეზონი “პარი სენ-ჟერმენში” გაატარა, რომლის რიგებშიც ყველა ტურნირზე ერთად 25 მატჩი ჩაატარა და ამდენივე გოლი გაუშვა. იტალიელი კიპერი პარიზული კლუბის გარდა კარიერის განმავლობაში ტურინის “იუვენტუსისა” და “პარმას” ღირსებას იცავდა.

ჯეიმს მილნერი: “მესიმ ვირი მიწოდა”

“ლივერპულის” ნახევარმცველმა ჯეიმს მილნერმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე “ბარსელონასთან” გამართული მატჩის მიმდინარეობისას ლიონელ მესისთან მომხდარი კონფლიქტის შესახებ ისაუბრა.

როგორც აღმოჩნდა, 33 წლის ინგლისელს ესპანური ენა ესმის. აღსანიშნავია, რომ ის შვილებს ხშირად სწორედ ესპანურ ენაზე ესაუბრება, სწორედ ასე გაიგო მან მესის ნათქვამი სიტყვები. მილნერმა “ენფილდზე”, “ლივერპულსა” და “ბარსელონას” შორის გამართული მატჩის პირველი ნახევრის შემდეგ არგენტინელთან საუბარი გაიხსენა.

“მესი უკმაყოფილო იყო. პირველი ტაიმის შემდეგ გასახდელისკენ მიმავალს ესპანურად საუბარი დამიწყო. მან მე მიწოდა “Burro”. ეს სიტყვა ითარგმნება, როგორც “ვირი”, თუმცა მგონია, რომ ამ ტერმინს ესპანურ ფეხბურთში უხეში ფეხბურთელების მიმართ იყენებენ.

მე მას ვკითხე, ყველაფერი რიგზე იყო თუ არა, თუმცა ყურადღება არ მომაქცია. ჩემი აზრით, ის ვერ მიხვდა, რომ ესპანური ენა მესმოდა. მან თქვა: “ასე უხეშად იმიტომ ითამაშე, რომ ბურთი ფეხებს შორის გაგიძვრინე.” მე საუბარი აღარ გამიგრძელებია და გასახდელში შევედი. მის მიმართ მხოლოდ აღტაცებას გამოვხატავ.

ამის მიუხედავად, მესის თამაშით აღფრთოვანებული ვარ. მას ყველაფრის თქმის უფლება აქვს. ცხადია, მის წინააღმდეგ თამაში რთულია. თუ მის შეჩერებას შეეცდები, შეიძლება, ისე მოხდეს, რომ სულელი გამოჩნდე. მეც ასე დამემართა – მან ბურთი ფეხებს შორის გამიძვრინა, ამ კადრს კი მილიონობით ნახვა აქვს. მე არც პირველი ვყოფილვარ და არც უკანასკნელი. ის შეუდარებელი ფეხბურთელია”, – აღნიშნა მილნერმა “დეილი მეილთან” საუბრისას.

ზინედინ ზიდანმა ფლორენტინო პერესს ექვსი მოთხოვნა წაუყენა

“მარკას” ცნობით, მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს მოლაპარაკების პროცესში ექვსი მოთხოვნა წაუყენა:

1. გუნდზე სრული კონტროლი;
2. იმ მოთამაშეების გაყიდვა, რომლებიც არ სჭირდება;
3. მარსელო და ისკო არ იყიდებიან;
4. გუნდი ნეიმარს არ შეიძენს;
5. ხამეს როდრიგესი არ დაბრუნდება;
6. გუნდი მბაპეს ყიდვას შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მადრიდის “რეალმა” გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სანტიაგო სოლარი გაათავისუფლა, თავკაცის თანამდებობაზე კი ზინედინ ზიდანი დაბრუნდა. მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ძალა 2022 წლის ზაფხულამდე ექნება.

როგორც მოგეხსენებათ, ფრანგი სპეციალისტი “სამეფო კლუბს” 2016 წლის იანვრიდან 2018 წლის მაისამდე თავკაცობდა. ამ არასრული სამი წლის განმავლობაში გუნდმა ცხრა ტიტული დაისაკუთრა, მათ შორის ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა, ერთხელ კი ესპანეთის პრიმერადივიზიონი მოიგო.

“რეალს” ესპანეთის პრიმერადივიზიონის 27-ე ტურის თავზე სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი უკავია და ლიდერ “ბარსელონას” 12 ქულით ჩამორჩება. გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ამსტერდამის “აიაქსის” ბარიერი ვერ დაძლია (ორი მატჩის ჯამში 3:5). “სამეფო კლუბი” ესპანეთის თასის გათამაშებასაც გამოეთიშა, სადაც “ბარსელონასთან” ნახევარფინალში დამარცხდა (ორი მატჩის ჯამში 1:4).

ვარანი: “ალბათ, ზიდანი სწორი იყო, რომ “რეალიდან” წავიდა”

მადრიდის “რეალის” ცენტრალურმა მცველმა, რაფაელ ვარანმა “ბლანკოსის” უკვე ყოფილი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანის კლუბიდან წასვლაზე ისაუბრა.

“მართალია, რომ მცირე ცვლილება ყველასთვის კარგია. მომავალში აღმოვაჩენთ, ზიდანი სწორი იყო თუ არა. ლა ლიგაში ჩატარებულმა სეზონმა მიგვანიშნა იმაზე, რომ ის მართალია. შესაძლებელია, მართლაც გვჭირდებოდა ცვლილება. ვნახავთ. თუ მან ასე თქვა, ალბათ, იმიტომ წავიდა, რომ ყველაფერს კარგად ხედავდა და გრძნობდა. ზიდანს ძალიან სენსიტიური დამოკიდებულება ჰქონდა ფეხბურთელებთან და იმასთან, რასაც ჩვენ ვგრძნობდით. სწორედ ამიტომ, მე მის გადაწყვეტილებაში სიმართლეს ვხედავ,” – ამბობს ფრანგი.

კაპელო: “ფინალში რომ წაეგო, ზიდანს აუცილებლად გაუშვებდნენ”

მადრიდის “რეალის” ყოფილი თავკაცი, ფაბიო კაპელო, ზინედინ ზიდანის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ფრანგ სპეციალისტს, სურდა, რომ კლუბი თავისი ნებით დაეტოვებინა და არა პერესის მოთხოვნით.

“ზიდანს უბრალოდ უნდოდა, რომ თავისი ნებით წასულიყო, სანამ მის ადგილს ვინმე სხვა დაიკავებდა. “რეალს” ფინალში რომ წაეგო, ზიდანს აუცილებლად გაუშვებდნენ,” – განმარტავს კაპელო Sky Italia-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

“პერესმა, შესაძლოა, ზიდანის პოსტი გუტის ჩააბაროს. ეს პირადად მისი გადაწყვეტილება იქნება. პერესს უნდა, ყველას აჩვენოს, რომ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია, როგორც ეს სამი წლის წინ გააკეთა,” – დაამატა კაპელომ.

ფრანგმა გენიოსმა “რეალი” დატოვა: დეტალები ზიდანის იდუმალი გადაწყვეტილების შესახებ


15.20. ზინედინ ზიდანმა მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა! ფრანგი სპეციალისტის მოულოდნელი პრეს-კონფერენცია ერთ-ერთ ყველაზე მოულოდნელი მიზეზის გამო დაიგეგმა.


15.25. “კლუბის დატოვების გადაწყვეტილება მივიღე. მართალია, ეს მოულოდნელი იყო მაგრამ იმისათვის, რომ კლუბმა ტიტულების მოგება განაგრძოს, ცვლილებები, ახალი მეთოდებია საჭირო. ამიტომაც გადავწყვიტე წასვლა. ეს კლუბი და პრეზიდენტი ძალიან მიყვარს,” – აცხადებს ზიდანი.


15.30. პრეს-კონფერენციას მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესიც ესწრებოდა: ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მესამედ მოგების შემდეგ, მისი ასეთი გადაწყვეტილება ნამდვილად მოულოდნელი იყო. ძალიან ცუდი დღეა ჩემთვის, ფეხბურთელებისა და ფანებისთვის.

მან ძალიან კარგად იცის, რომ ისევე როგორც ფეხბურთელი, ასევე მწვრთნელი, ყოველთვის სასურველი იყო ჩემთვის. მინდოდა ის კიდევ დიდი ხნით დარჩენილიყო ჩვენთან. ახლა მხოლოდ ის შემიძლია, რომ ვუთხრა – ეს კლუბი შენი ოჯახია.

გუშინ სახლში მივაკითხე იმის სანახავად, იყო თუ არა მზად. მითხრა, რომ დარწმუნებული იყო თავის გადაწყვეტილებაში. მადლობას ვუხდი მას ყველაფრისთვის, რაც “რეალისთვის” გააკეთა. არ მინდა მას დავემშვიდობო – “მალე გნახავ”. დარწმუნებული ვარ, რომ ის “რეალში” დაბრუნდება”


15.35. ზიდანი “რეალი” სხვა კლუბში არ გაუცვლია. ამ დროისთვის, ასეა.


15.45. ზიდანის წასვლა “რეალისთვის” ძლიერმოქმედი ბომბის ამოქმედებას უდრიდა. რამდენად არის მზად “ბლანკოსი”? ფლორენტინო პერესს ორი ვარიანტი აქვს: ან კვლავ კლუბის არსებული რესურსით (სანტიაგო სოლარი ან გუტი) შეეძლება სიტუაციიდან თავის დაძვრენას ან ისევ გამოცდილ სპეციალისტს მიიყვანს გუნდში (არსენ ვენგერი, ანტონიო კონტე, მაურისიო პოჩეტინო ან სხვა).


15.55. Marca-ს ჟურნალისტმა, ხესუს სანჩესმა, სწრაფი ანალიზის სახით სამი მიზეზი დაასახელა, რასაც, შესაძლოა, ზიზუს ეს ნაბიჯი გამოეწვია: 1. ზიდანის ხასიათი – ზინედინ ზიდანმა “რეალი” ფეხბურთელის რანგშიც მაშინ დატოვა, როდესაც საუკეთესო ფორმაში იმყოფებოდა. 2. გუნდის შიდა სამზარეულოში არსებული პრობლემები. მაგალითად, ბეილთან არსებული მცირე უთანხმოება. 3. როგორც ვიცით, პერესს ძალიან უჭირს ერთ მწვრთნელთან 3 სეზონზე მეტი ხნის მანძილზე მუშაობა, თუნდაც ის ზედგამოჭრილი იყოს ამ პოზიციისთვის.


16.03. . არასრულ სამ წელიწადში ზიდანმა “რეალთან” ერთად 9 ტიტული მოიგო – როგორც ბოლო 6-მა მწვრთნელმა ერთად – მათ შორის, სამი ჩემპიონთა ლიგა. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ბრწყინვალე მწვრთნელის სახელიც მოიხვეჭა, მაგრამ მაინც წავიდა.


16.09. “რეალის” კაპიტანი, სერხიო რამოსი, ზიდანის წასვლას “ტვიტერზე” გამოეხმაურა: “როგორც ფეხბურთელმა, ასევე მწვრთნელმაც, კარიერის პიკზე დაგვტოვე. მადლობას გიხდით ბრწყინვალე 2.5 წლისთვის. შენი სახელი მუდამ ჩვენს გულებში იქნება. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ფურცელია ჩვენი საყვარელი გუნდის – “რეალის” – ისტორიაში.”


16.14. ზიდანის წასვლა არამარტო ფანებისთვის, არამედ ფეხბურთელებისთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო. Marca-ს ცნობით, ფეხბურთელებმა ამის შესახებ ბოლო მომენტამდე არაფერი იცოდნენ. რამოსის ნათქვამმა კი მათი უმეტესობა გაქვავებული დატოვა.


16.19. ბუკმეკერებს წარმოდგენაც კი არ აქვთ, რომელი იქნება ზიდანის მომდევნო კლუბი. “ჩელსის”, “მანჩესტერ იუნაიტედს”, “მარსელს”, საფრანგეთის ნაკრებსა და ჩინურ კლუბებს, ყველას 200 აქვს კოეფიციენტი.


16.23. ზიზუს მადრიდელები გულთბილად ემშვიდობებიან. ტონი კროოსი გერმანული ცივი ხასიათით: “მადლობა, მისტერ, ძალიან სასიამოვნო იყო.” ისკო ესპანური ტემპერამენტით:”ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენთან ერთად მუშაობა, ყოველ დღე ვსწავლობდი თქვენგან. თქვენ ეს გუნდი ფენომენალური გახადეთ. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ.” დანი კარვახალი: “მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვენთან ერთად გატარებული დროისთვის. თქვენგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, წარმატებებს გისურვებთ. #ThanksZidane”


16.29. As-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, სადაც ამ დროისთვის 7.5-მა ათასმა ფანმა მიიღო მონაწილეობა, 57 პროცენტი ზიდანის გადაწყვეტილებას ემხრობა, 43 პროცენტი – არა.


16.33. სახალისო ფაქტი. ზიდანი პირველი მწვრთნელია ფლორენტინო პერესის ეპოქაში, რომელმაც კლუბი თავისი ნებით დატოვა. ყველა დანარჩენი პერესმა გააგდო – დელ ბოსკე, ხუანდე რამოსი, მანუელ პელეგრინი, ჟოზე მოურინიო, კარლო ანჩელოტი, რაფა ბენიტესი.


16.33. სახალისო ფაქტი. ზიდანი პირველი მწვრთნელია ფლორენტინო პერესის ეპოქაში, რომელმაც კლუბი თავისი ნებით დატოვა. ყველა დანარჩენი პერესმა გააგდო – დელ ბოსკე, ხუანდე რამოსი, მანუელ პელეგრინი, ჟოზე მოურინიო, კარლო ანჩელოტი, რაფა ბენიტესი.


16.44. “რეალის” ჩაბარებასთან ყველაზე ახლოს პოჩეტინოა. მართალია, მან ახალხან გაახანგრძლივა კონტრაქტი, მაგრამ ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც, პოჩეტინოს წასვლა შეუძლია, თუ “რეალისგან” მიიღებს შემოთავაზებას. Marca-ში სჯერათ, რომ პერესმა უკვე მოასწრო მასთან დარეკვა.


16.57. As ზიდანის შესაძლო შემცვლელების სიას გვთავაზობს: იოაჰიმ ლიოვი, მაურისიო პოჩეტინო, იურგენ კლოპი, არსენ ვენგერი და გუტი.


17.22. რონალდუს კომენტარი, რომელსაც ყველა ელოდა: “უბრალოდ ვამაყობ, შენი ფეხბურთელი რომ ვიყავი. დიდი მადლობა, მისტერ.”

ზიდანის პირველი კომენტარი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ

მადრიდის “რეალმა” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში “ბაიერნის” ბარიერი წარმატებით გადალახა და ზინედინ ზიდანის “ბლანკოსი” ზედიზედ მესამედ გავიდა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალში.

“ახლა კი ნამდვილად გვაქვს მხიარულობის მიზეზი. ვიცი, რომ ძალიან გაგვიჭირდა ამ შედეგზე გასვლა, მაგრამ ეს გამარჯვებას კიდევ უფრო ლამაზს ხდის. ფეხბურთი ასეთია და როდესაც კარგად სრულდება, ყოველთვის უნდა აღნიშნო.

რომ შევაჯამო, ძალიან დიდი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ და ბედნიერები ვართ, რომ ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც გვინდოდა. პლეი-ოფის სტადიაზე სამი უძლიერესი გუნდი დავამარცხეთ. გართულებების გარეშე ამის გაკეთება წარმოუდგენელია.

კარიმის თამაშით კმაყოფილი ვარ, მთელი მატჩის განმავლობაში თავდაუზოგავად მუშაობდა. რაც შეეხება კეილორს, მან ბრწყინვალე სეივები განახორციელა. ფინალამდე ძალიან კარგად უნდა დავისვენოთ,” -აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.

ზიდანმა ბენზემასა და ბეილის მომავალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა პრესასთან კარიმ ბენზემასა და გარეთ ბეილის საკითხი განიხილა. შეგახსენებთ, რომ ამ ფეხბურთელებს ექსპერტთა დიდი ნაწილი “ბერნაბეუდან” წასვლას უწინასწარმეტყველებს.

“ჩვენ ეს ისინი ძალიან გვჭირდება და მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო, რათა სხვისმა ნათქვამმა მათ თამაშზე გავლენა არ იქონიოს. ისინი ჩვენთან დარჩებიან.

ძალიან კარგად ვიცი, რომ ყველას უნდა თამაში, მაგრამ ეს შეუძლებელია. ეს გზავნილი ყველას ეხება, არა მხოლოდ ბეილსა და ბენზემას, ჩვენ ერთიანი გუნდი ვართ და თითოეული ჩვენგანი ძალიან მნიშვნელოვანია.

კარვახალისა და ისკოს ტრავმები? ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ დროს გამოგვაკლდნენ, მაგრამ ამას ვერაფერს მოვუხერხებთ. რა თქმა უნდა, რისკზე წასვლას არ ვაპირებთ. ფეხბურთელი ყველაზე მნიშვნელოვანია,” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.