სვენ-გორან ერიქსონი: “ფერგიუსონი მოკვლით მემუქრებოდა, თუ რუნის მუნდიალზე წავიყვანდი”

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სვენ-გორან ერიქსონმა გამოცემა “თაიმსს” საინტერესო ინტერვიუ მისცა, რომლის ერთ-ერთი მონაკვეთი “მანჩესტერ იუნაიტედის” ექსთავკაც ალექს ფერგიუსონთან მომხდარ ინციდენტს დაეთმო.

შვედმა სპეციალისტმა ინტერვიუში 2006 წელს მომხდარი ამბავი გაიხსენა. ამ პერიოდში “წითელი ეშმაკების” აწ უკვე ყოფილმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ ტრავმა მიიღო და გამოჯანმრთელების პროცესი საკმაოდ გაეწელა. ინგლისელმა ფეხბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონატამდე ტრავმის მოშუშება ვერ მოასწრო, თუმცა უშუალოდ ტურნირის მიმდინარეობისას გამოჯამრთელებისა და თამაშის საშუალება ჰქონდა. ამის მიუხედავად, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელ ალექს ფერგიუსონს მუნდიალზე რუნის გაშვება არ სურდა, რასაც ერიქსონთან დაძაბული სატელეფონო საუბარი მოჰყვა.

შვედი სპეციალისტი იხსენებს:

“ალექსი უცნაური კაცი იყო. ასეთი ჩვევა ჰქონდა: დამირეკავდა დილის შვიდ საათზე ან უფრო ადრე და ყოველგვარი მისალმების გარეშე იწყებდა ყვირილით საუბარს. როდესაც ასეთი გაღიზიანებული იყო ხოლმე, მასთან კომუნიკაცია შეუძლებელი ხდებოდა.

მან ის დილაც ჩხუბით დაიწყო. ყვიროდა, რომ მომკლავდა, თუ რუნის მსოფლიოს ჩემპიონატზე წავიყვანდი.

მე მას ვკითხე: “რა ხდება ალექს, რაშია საქმე?” თუმცა, ის მე არ მისმენდა და განაგრძობდა ყვირილსა და მუქარას. საბოლოო ჯამში, ვუთხარი: “რუნის მსოფლიოს ჩემპიონატზე მაინც წავიყვან. კარგი შვებულება, ჩაო” და ტელეფონი გავუთიშე”.

უეინ რუნიმ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მართლაც ითამაშა, თუმცა “სამი ლომი” ტურნირს მეოთხედფინალურ ეტაპზე პორტუგალიის ნაკრებთან პენალტების სერიაში მარცხის შემდეგ გამოეთიშა.

ანანიძე: “ბეილი ჩემზე ძლიერია, მაგრამ ჩემზე ხშირად ტრავმიანობს, აღნაგობა არაფერ შუაშია”

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში უარყო მოსაზრება, თითქოს მისი ხშირი ტრავმიანობა ფიზიკურ მონაცემებთან არის დაკავშირებული.

“სპარტაკის” ლიდერობა მსურს, თუმცა მესმის, რომ ეს ან ახლა მოხდება ან არასდროს. ვგრძნობ, რომ შემიძლია ისე ვითამაშო, როგორც ამას ჩემგან გულშემატკივრები მოელიან. სამწუხაროდ, ხშირად ტრავმები მიშლიდა ხელს. ფაქტობრივად ათი წლიდან სამი მკურნალობაში მაქვს გატარებული. ხშირად ვკითხულობ, თითქოს ყველაფერი ჩემი აღნაგობის ბრალია, მაგრამ შეხედეთ მადრიდის “რეალის” ფეხბურთელ გარეტ ბეილს. ის ჩემზე სამჯერ მეტს იწონის და კუნთებიც სამჯერ დიდი აქვს, თუმცა ჩემზე ხშირად ტრავმიანობს. მან “რეალში” ყოფნის ექვსი წლიდან მხოლოდ წელიწადნახევარი ითამაშა.

ალბათ, უფროსების წინააღმდეგ თამაში საკმაოდ ადრეულ ასაკში დავიწყე. გარდა ამისა, თავიდან სატრენაჟორო დარბაზებს ხშირად არ ვსტუმრობდი. ახლა გაცილებით ხშირად ვვარჯიშობ. იმას არ ვამბობ, რომ რობოტის დონემდე უნდა მიხვიდე, როცა ბურთსაც ვეღარ გრძნობ, მაგრამ პროფილაქტიკა აუცილებელია, რათა კუნთები და სახსრები კარგ მდგომარეობაში იყოს.

დეკემბრამდე უნდა ვაჩვენო, რა შემიძლია: გოლების გატანა, საგოლე გადაცემები. თამაშის მიმდინარეობის წაყვანა. მთავარი მწვრთნელისგან ნდობას ვგრძნობ და ეს მეხმარება”, – აღნიშნა ანანიძემ.

მოსკოვის ცენტრში ტაქსის მძღოლი ფეხბურთის გულშემატკივრებს დაეჯახა (ვიდეო)

დღეს, მოსკოვის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში ტაქსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა ტროტუარზე, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ჩასული გულშემატკივრები მოძრაობდნენ. ის მათ დაეჯახა. დაშავდა რვა ადამიანი. როგორც ცნობილი გახდა, მათგან ორი მექსიკელი და ერთი უკრაინელია. დაშავებულები ჰოსპიტლში გადაიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება მძღოლს, როგორც ვიდეოში ნახავთ, მან გაქცევა მოინდომა. ყირგიზი წამომავლობის მამაკაცი დააკავეს. მისი თქმით, ეს შემთხვევით მოხდა, რადგან საჭის დამორჩილება გაუჭირდა. არსებობს ვერსია, რომ ის ნასვამი იყო.

 

“ატლეტიკომ” “ლოკომოტივი” გაანადგურა – კვერკველია ევროპის ლიგას გამოეთიშა

დღეს ევროპის ლიგის მერვედფინალის განმეორებითი მატჩები გაიმართა. ერთ-ერთ დაპირისპირებაში მადრიდის “ატლეტიკო” სტუმრად მოსკოვის “ლოკომოტივს” დაუპირისპირდა.

რუსების შემადგენლობაში სრული მატჩი ჩაატარა ქართველმა მცველმა, საბა კვერკველიამ.

ანგარიში მეთექვსმეტე წუთზე კორეამ გახსნა, თუმცა რიბუსმა ოთხ წუთში გაათანაბრა. ამის შემდეგ, მეორე ნახევარში, ჯერ 47-ეზე საულმა გაიყვანა ესპანელები წინ, შემდეგ 65-ე და 70-ე წუთებზე ტორესმა დუბლი შეასრულა. ხოლო, 85-ე წუთზე გრიზმანმა საბოლოო ანგარიში, 1-5 დააფიქსირა. ორი მატჩის ჯამში 8-1 მადრიდელთა სასარგებლოდ და შემდეგ ეტაპზე ისინი გავიდნენ.

ევროპის ლიგის კენჭისყრა ხვალ 16:00 საათზე გაიმართება.

Marca-ს ფოტორეპორტაჟი ბასკეთიდან: რა მოხდა გუშინ ბილბაოში?

გუშინ ევროპის ლიგის 1/16 ფინალის განმეორებით შეხვედრაში ერთმანეთს ბილბაოს “ატლეტიკი” და მოსკოვის “სპარტაკი” დაუპირისპირდნენ. მატჩი მოსკოველთა გამარჯვებით, ანგარიშით, 2-1 დასრულდა, თუმცა ორი თამაშის ჯამში (4-3) შემდეგ ეტაპზე ესპანელები გავიდნენ.

საგულისხმოა, რომ მთავარი, სასტიკი დაპირისპირება შეხვედრის შემდეგ მოხდა, როცა რუსმა ულტრასებმა განსაკუთრებული აგრესიულობა გამოიჩინეს ბასკი ფანებისა და პოლიციის მიმართ. ისინი ისროდნენ ქვებსა და ფეიერვერკს ესპანელების მიმართულებით. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ერთი სამართალდამცავი შეეწირა – 51 წლის ალონსო გარსია.

გთავაზობთ, Marca-ს ფოტორეპორტაჟს, რომელიც გუშინდელ სასტიკ ღამეს ასახავს.

 

“სპარტაკმა” “უფას” სძლია – ტაბიძე სათადარიგოზე დარჩა

დღეს რუსეთის პრემიერ ლიგის მე-16 ტურის შეხვედრები შედგა.

მოსკოვში, “ატკრიტიე არენაზე”  ადგილობრივი “სპარტაკი” “უფას” დაუხვდა. მეათე წუთზე სტუმართა მხრიდან თავი იგბუნმა გამოიჩინა. თუმცა, 37-ე, 63-ე და 79-ე წუთებზე, შესაბამისად, ფერნანდომ, პრომესმა და ლუის ადრიანომ “უფას” გაუტანეს. შესაბამისად, შეხვედრა ანგარიშთ, 3-1 დასრულდა.

საგულისხმოა, რომ ორივე კლუბში თამაშობენ ქართველი ფეხბურთელები. რუსეთის მოქმედ  ჩემპიონ “სპარტაკში” ანანიძე გამოდის, რომელსაც ტრავმა აწუხებს და იგი ახლა თბილისში მკურნალობს. რაც შეეხება მეორე ქართველ ლეგიონერს, ეს ჯიმი ტაბიძეა. დღეს ქართველი მცველი სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

ამ გამარჯვების შემდეგ “სპარტაკს” 25 ქულა აქვს და მეხუთე პოზიციაზეა. ხოლო, ტაბიძის გუნდი 21-ით მერვეა.

ჯიმი VS ჯანო: “უფამ” და “სპარტაკმა” ქულები გაიყვეს

დღეს რუსეთის პრემიერ ლიგის მეორე ტურის შეხვედრები იმართება.

ერთ-ერთ მატჩში “უფამ” მოსკოვის “სპარტაკი” მიიღო. შეგახსენებთ, რომ პირველ კლუბში ახალგაზრდა ქართველი მცველი, ჯიმი ტაბიძე თამაშობს. ხოლო, “სპარტაკში” ჯანო ანანიძე გამოდის. ტაბიძემ შეუცვლელად ჩაატარა შეხვედრა, ანანიძეს კი სათადარიგოთა სკამზე მოუწია ჯდომა.

მატჩი დაძაბული გამოდგა. ორივე გუნდს ჰქონდა შანსები, თუმცა საბოლოოდ, გოლის გატანა ვერცერთმა მოახერხა – 0-0.

უგოლო ფრის შემდეგ “უფა” ოთხი ქულით მეოთხეზეა, ხოლო მოსკოველებს ორი ქულა აქვთ და მერვე პოზიციაზე იმყოფებიან.

მოსკოვის სასტუმროდან “ბაიერნის” დელეგაციის ევაკუაცია მოხდა

მიუნხენის “ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩს მოსკოვში ცსკა-ს წინააღმდეგ გამართავს. ბავარიელები რუსეთის დედაქალაქში კვირას ჩაფრინდნენ და სასტუმროშიც დაბინავდნენ, თუმცა დღის ბოლოს უსიამოვნო ინციდენტი მოხდა.

სახანძრო განგაშის გამო სასტუმროდან “ბაიერნის” ფეხბურთელების, მწვრთნელების და მთელი პერსონალის ევაკუაცია მოხდა.

გერმანელები რამდენიმე წუთს სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერდნენ, ხოსეპ გვარდოლამ და ფეხბურთელებმა მოსკოვის ცივი ჰავისგან თავდასაცავად სპეცალური პლედები მოიფარეს, შემდეგ კი სავაშხმოდ იქვე მდებარე რესტორანს ეწვივნენ.

დაახლოებით ორ საათში “ბაიერნის” დელეგაცია სასტუმროში დაბრუნდა.

ბავარიული გუნდის ზოგიერთი ფანი მიიჩნევს, რომ ეს ინციდენტი რუსულმა მხარემ განგებ მოაწყო.

ცსკა-სა და “ბაიერნს” შორის შეხვედრა სამშაბათს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. სტადიონის დისკვალიფიკაცის გამო მატჩზე გულშემატკივრები არ დაიშვებიან.

ოფიციალურად: ვალბუენა მოსკოვის “დინამოს” ფეხბურთელია

საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველი მატიე ვალბუენა ოფიციალურად მოსკოვის “დინამოს” ფეხბურთელია. 29 წლის ფეხბურთელმა რუსულ კლუბთან სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

“დინამო” საინტერესო პროექტია და მინდა, რომ მეც მივიღო ამაში მონაწილეობა. კლუბის ამბიციები სრულად შეესაბამება ჩემს სურვილებს და მოუთმენლად ველი “დინამოს” რიგებში პირველ მატჩს. ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ კლუბის წინაშე დასახული მიზნები შევასრულო”, – ვალბუენას სიტყვები რუსული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი რვა სეზონი მატიე ვალბუენამ “მარსელში” გაატარა, რომლის ფორმითაც 250-ზე მეტ ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ფრაგმა ფეხბურთელმა ბოლო სეზონში “მარსელის” ფორმით ყველა ტურნირზე ერთად 41 შეხვედრა ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.

 

ვალბუენა მოსკოვის „დინამოს“ უარს ეუბნება

მოსკოვის „დინამო“ „მარსელისა“ და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველ მატიე ვალბუენას ხელფასის თაობაზე ვერ უთანხმდება.

29 წლის ფრანგი ფეხბურთელი მოსკოვური კლუბის წარმომადგენლებს შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსული კლუბი ვალბუენას ჯამაგირის სახით წელიწადში 3 მილიონ ევროს სთავაზობს, რაზეც ფეხბურთელი უარზეა. მოლაპარაკებები გრძელდება.

მხარეები ტრანსფერზე უკვე მორიგდნენ, „დინამო“ ვალბუენას სანაცვლოდ 7 მილიონ ევროს იხდის, თუმცა თუ ფეხბურთელისგან დასტური არ იქნება, გარიგება არ შედგება.

მატიე ვალბუენა „მარსელში“ 2006 წლიდან გამოდის და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ.