რატომ არის მარკო მატერაცი “მკვლელი”?

დღეს ავკაც და ხულიგან ფეხბურთელთა ოჯახის სამაგალითო წევრი, მილანის „ინტერის“ ყოფილი მცველი მარკო მატერაცი 47-ე დაბადების დღეს ზეიმობს. Fanebi.com-ი იხსენებს იტალიელი ფეხბურთელის კარიერის იმ ეპიზოდებს, რისთვისაც მას მეტსახელად „მკვლელი“ დაარქვეს.

როგორც ნამდვილი „ინტერისტა“, მატერაცი ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა მილანურ დერბის. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ის მატჩის მიმდინარეობისას „მილანის“ თავდამსხმელებს ყოველთვის დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალყურს და თუ შესაფერის დროს იხელთებდა, მათ სხეულის რომელიმე ნაწილში კარგად უთავაზებდა კიდეც. 2000-იანი წლების დასაწყისში „როსონერის“ თავდასხმის მთავარ ძრავად ანდრეი შევჩენკო ითვლებოდა. უკრაინელი ფეხბურთელის სხეულის ნაწილზე, ალბათ, არ არსებობს ადგილი, რომელზეც მატერაცის თავისი ალი-კვალი არ დაემჩნია. ქვემოთ მოცემულ ვიდეორგოლში ასახულია მატერაცის ყველაზე უხეში თამაშების ამსახველი მომენტები. მისი ყველაზე ხშირი მსხვერპლი კი სწორედ შევჩენკო გახლდათ.

თავად ანდრეიმ მატერაცის წინააღმდეგ მხოლოდ ერთხელ იუხეშა. 2005 წელს გამართულ მილანურ დერბიში შევჩენკომ თავით მსუბუქად „ურქინა“ იტალიელ მცველს, მატერაცი მაშინვე ძირს დაეცა და დიდი ხანის განმავლობაში არც წამომდგარა. მსაჯი სწორად გაერკვა აღნიშნულ სიტუაციაში და უკრაინელი თავდამსხმელი მოედნიდან არ გააძევა.

მატერაციმ ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული „გმირობა“ მოედანს მიღმა ჩაიდინა. 2004 წელს „ინტერსა“ და „სიენას“ შორის გამართულ მატჩში იტალიელი მცველი სათადარიგოთა სკამზე დარჩა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ მას მთელი შეხვედრის განმავლობაში „ბიანკონერის“ მცველ ბრუნო ჩირილოსთან ეჩხუბა. ფინალურ სასტვენამდე მატერაციმ მას სახეში ხელიც გაარტყა, თუმცა ტელეკამერების ობიექტივში ეს ეპიზოდი ვერ მოხვდა. იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ჩირილოს ჩვენების საფუძველზე „ინტერის“ მცველს გრძელვადიანი დისკვალიფიკაცია მისცა. აღნიშნული მატჩის შემდეგ ჩირილომ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ნათლად ჩანს მატერაცის „გმირული“ საქციელის შედეგი.

ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და მარკო მატერაცის მეგობრობა შვედი თავდამსხმელის „ინტერში“ გადასვლის დროიდან დაიწყო, თუმცა „იუვენტუსში“ იბრას ასპარეზობის პირველივე სეზონში იტალიელმა მცველმა ის უხეშად „მოცელა“.

ზლატანმა მატერაცის რამდენიმე წლის შემდეგ უპასუხა. 2010 წლის ნოემბერში გამართულ „მადონინაში“ იბრაჰიმოვიჩმა იტალიელი მცველის წინააღმდეგ კარატეს ილეთი გამოიყენა. მატერაცი მოედნიდან სასწრაფო წესით გაიყვანეს, ზლატანმა კი მატჩის შემდეგ ბოდიში მოიხადა.

ნამდვილი „შედევრი“ გამოუვიდა მარკო მატერაცის ჩემპიონთა ლიგის 2005-06 წლების სეზონის მეოთხედფინალურ ეტაპზე, „ვილიარეალის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში. კუთხურის შესრულებისას იტალიელმა მცველმა იდაყვით ისე ჩაარტყა ხუან პაბლო სორინს სახეში, რომ საბრალო არგენტინელ ფეხბურთელს ძლიერი სისხლდება ძლივს შეუჩერეს, თუმცა „ვილიარეალის“ მოთამაშემ თამაში ვეღარ გააგრძელა. მატერაციმ იმდენად ოსტატურად იუხეშა, რომ თამაშის წესის დარღვევა ვერცერთმა მსაჯმა ვერ შენიშნა. ხულიგანს ყვითელი ბარათიც არ მისცეს.

მარკო მატერაცის მთავარი მიღწევა, რა თქმა უნდა, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ზინედინ ზიდანთან შეტაკება გახლავთ. სიმართლე რომ ვთქვათ, არც ფრანგ ფეხბურთელს იცნობდნენ იტალიაში „ფრთიან ანგელოზად“. „იუვენტუსის“ რიგებში ასპარეზობისას, ზიდანს ხშირად სდებდნენ ბრალს პროვოკაციულ ქმედებებში. ასეა თუ ისეა, ზიზუს გენიას მატერაციმ თავისი ავკაცობა დაუპირისპირა და ამით მიზანსაც მიაღწია. მთელი მატჩის განმავლობაში იტალიელი მცველი ფრანგ ნახევარმცველს ბინძური ფრაზებით „ამკობდა“. შეხვედრის დამატებით დროში ზიდანს მოთმინების ფიალა აევსო. როდესაც მატერაცი ზიზუს დასაც შეეხო, ფრანგმა ვეღარ მოითმინა და მას მკერდში თავი აძგერა. ამის გამო ზიდანი მოედნიდან გააძევეს. ასე დაასრულა ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა მოთამაშის კარიერა. საბოლოოდ, 2006 წლის მუნდიალის თასი იტალიის ნაკრებს ერგო, „სკუადრა აძურამ“ ფრანგები პენალტების სერიაში დაამარცხა, მარკო მატერაცი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

“საბურთალომ” “დილა” დაამარცხა

დღეს უმაღლესი ლიგის შეხვედრები გაიმართა.

წითელი ჯგუფის მატჩში თბილისში “საბურთალო” გორის “დილას” დაუპირისპირდა. თამაშმა გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა; ორივე გუნდი ცდილობდა ანგარიშის გახსნას. საბოლოოდ, ამის გაკეთება სტუმრებმა მოახერხეს – 27-ე წუთზე გამცემლიძემ “დილა” დააწინაურა. ამ ტაიმში აღარაფერი შეცვლილა.

მეორე ნახევარში “საბურთალო” გათანაბრებაზე იყო ორიენტირებული, “დილა” კი – სხვაობის გაზრდაზე. საბოლოოდ, მიზნის მიღწევა “საბურთალომ” მოახრერხა – 72-ე წუთზე გარსიამ გაათანაბრა. 76-ე წუთზე “დილას” მეკარე, გიორგი ბეგაშვილი გაუგდეს. ჯერ ყველაფერი არ იყო დასრულებული – 87-ე წუთზე გაგა მარგველაშვილმა “საბურთალო” წინ გაიყვანა! 2-1… სხვა საინტერესო აღარაფერი მომხდარა და ეს მატჩი ამ ანგარიშით დასრუდლა.

ამ წაგებით “დილამ” 6 ქულა დააგროვა და მეხუთე პოზიციას იკავებს, ხოლო “საბურთალოს” 7 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა.

კეინი: “მომდევნო 50 გოლს უფრო სწრაფად გავიტან!”

გუშინ ლონდონის “ტოტენჰემი” სტუმრად “სტოუკ სიტის” დაუპირისპირდა და მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანა. ერთ-ერთი მათგანის შეგდება ჰარი კეინმა შეძლო, რომლისთვისაც ეს მატჩი პრემიერ ლიგაში “ტოტენჰემის” მაისურით 90-ე იყო, გატანილი გოლი კი – 50-ე. ამ ფაქტთან დაკავშირებით, შეხვედრის შემდეგ, 23 წლის სპორტსმენმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“რამდენიმე წლის წინ, ვინმე რომ მოსულიყო და ეთქვა, მომავალში 50 პრემიერლიგური გოლი გექნება გატანილი “სპურსების” მაისურითო, ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი. ეს დიდი მიღწევაა; ახლა უფრო “მშიერი” ვარ და კიდევ უფრო მინდა, მეტი და მეტი გოლი გავიტანო.”

“მე გავაგრძელებ მუშაობას მთელი დატვირთვით, შევეცდები, რომ უფრო მეტი და ლამაზი გოლი გავიტანო. მინდა, შემდეგი 50 გოლის შეგდება წინა 50-ზე სწრაფად მოვახერხო,” – განაცხადა კეინმა.

FIFA 15 — ყველაზე მაღალრეიტინგული მეკარეები

ვიდეოთამაშ FIFA 15-ის გამოსვლამდე სულ ცოტა დრო რჩება, მანამდე კი ვებგვერდმა Purely Football იმ მეკარეთა სავარაუდო სია გამოაქვეყნა, რომელთაც აღნიშნულ თამაშში ყველაზე მაღალი რეიტინგი ექნებათ.

Purely Football-ის ვერსიით, FIFA 15-ის ყველაზე მაღალრეიტინგული მეკარეები იქნებიან:

ადგილი: მეკარე: რეიტინგი:
10. დიეგო ლოპესი (“მილანი”) 84
9. დავიდ დე ხეა (“მანჩესტერ იუნატედი”) 84
8. სამირ ჰანდანოვიჩი (“ინტერი”) 84
7. სალვატორე სირიგუ (“პსჟ”) 84
6. უგო ლორისი (“ტოტენჰემი”) 84
5. იკერ კასილასი (“რეალი”) 85
4. პეტრ ჩეხი (“ჩელსი”) 85
3. ტიბო კურტუა (“ჩელსი”) 85
2. ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”) 86
1. მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”) 87

 

FIFA 15 — ყველაზე მაღალრეიტინგული ფეხბურთელები

ვიდეოთამაშ FIFA 15-ის გამოსვლამდე სულ ცოტა დრო რჩება, მანამდე კი ვებგვერდმა Purely Football იმ ფეხბურთელთა სავარაუდო სია გამოაქვეყნა, რომელთაც აღნიშნულ თამაშში ყველაზე მაღალი რეიტინგი ექნებათ.

Purely Football-ის ვერსიით, FIFA 15-ის ყველაზე მაღალრეიტინგული მოთამაშეები იქნებიან:

ადგილი: ფეხბურთელი: რეიტინგი:
10. სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) 88
9. რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”) 88
8. იაია ტურე (“მანჩესტერ სიტი”) 88
7. ფრანკ რიბერი (“ბაიერნი”) 89
6. გარეტ ბეილი (“რეალი”) 89
5. არიენ რობენი (“ბაიერნი”) 89
4. ლუის სუარესი (“ბარსელონა”) 90
3. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“პსჟ”) 91
2. კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”) 93
1. ლეო მესი (“ბარსელონა”) 94