Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-7 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეშვიდე ნომერი, რომელშიც გაეცნობით შემდეგ მასალებს:

ნეიმარი: „არ ველოდი, თუ „ბარსელონასთან“ ადაპტაციას ასე მალე გავივლიდი“ (ინტერვიუ);
„ქართველი იბრაჰიმოვიჩი“ ევროჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ყველაზე ახალგაზრდა მეგოლეთა შორის;
კვირის  ახალი  ამბები  მოკლედ;
კვირის  კარიკატურები;
ჟუნინინოს უმაღლესი სტანდარტი.

  კვლავინდებურად შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

23 თებერვლის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

ლონდონის “არსენალის” ჩინებული კომბინაცია როსიცკიმ დაასრულა

22 თებერვალს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “არსნენალსა” და “სანდერლენდს” შორის გასამართ შეხვედრაში (4:1), “მეთოფეებმა” ერთ-ერთი გოლი ჩინებული კომბინაციის შემდეგ გაიტანეს.

„არსენალი“ ლარს ბენდერს არ ეშვება

ლევერკუზენის „ბაიერის“ ნახევარმცველ ლარს ბენდერის მიმართ ლონდონის „არსენალს“ ინტერესი არ განელებია. „მეთოფეებს“ გერმანელი ფეხბურთელის გადმობირების მცდელობა აქამდეც ჰქონდათ, თუმცა მხარეებს შორის გარიგება არ შედგა.

ბრიტანული „დეილი მეილი“ იუწყება, რომ ჩრდილოლონდონური კლუბი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კვლავ ეცდება 24 წლის ფეხბურთელის გადმობირებას.

გარდა ამისა, „არსენალი“ დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველ ილკაი გიუნდოგანის მიმართაც იჩენს ინტერესს, თუმცა ბენდერის ტრანსფერი უფრო რეალურად გვესახება. ინგლისური კლუბი გერმანიის ნაკრების ფეხბურთელს მიკელ არტეტას შემცვლელად მოიაზრებს.

ბექა დოგრაშვილი

რობენი: “ეს მხოლოდ ოფლია”

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი, არიენ რობენი მსოფლიო პრესაში გავრცელებულ ინფორმაციებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ლონდონის “არსენალთან” შეხვედრაში, მას ბაქარი სანიასთვის არ დაუფურთხებია.

შეგახსენებთ, რომ 19 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, “არსენალმა” “ბაიერნი” საკუთარ მოედანზე მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

“სამწუხაროდ, თავზე თმა არ მაქვს, ამიტომ ოფლის წვეთი ჩამოვარდა. სიმართლე გითხრათ, ჩემი ცხოვრების მანძილზე, არასოდეს გადამიფურთხებია. ეს რომ ფურთხი იყოს, 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია უნდა მომცენ. მეტოქის მიმართ ასეთი უპატივცემულობა არასოდეს გამომიჩენია”, – ამბობს რობენი.

ფლამინი და უილშირი ვარჯიშზე წაკინკლავდნენ

როგორც მოგეხსენებათ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე „ლონდონის „არსენალსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის გამართული მატჩის (0:2) მიმდინარეობისას, მასპინძელთა ნახევარმცველები მატიე ფლამინი და მესუთ იოზილი ერთმანეთთან წაკინკლავდნენ.

გუნდში ყველაფერი წესრიგში რომ არ არის, ეს დღევანდელმა ვარჯიშმაც დაადასტურა. საწვრთნელი პროცესის დროს ერთმანეთს კვლავ ფლამინი და ჯეკ უილშირი წაეკიდნენ. სიტუაცია ბაკარი სანიამ განმუხტა.

როგორც ჩანს, დისციპლინის მოყვარულ არსენ ვენგერს თავის ფეხბურთელებთან ამ მხრივ მუშაობის ჩატარება მოუწევს.

ბექა დოგრაშვილი

ბენდტნერმა „არსენალის“ მარცხი ღამის კლუბში „აღნიშნა“

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე „არსენალი“ შინ მიუნხენის „ბაიერნთან“ ანგარიშით 0:2 დამარცხდა და წესით, ლონდონურ კლუბის ფეხბურთელებს სირცხვილით სახლიდან ცხვირიც არ უნდა გამოეყოთ, მაგრამ ნიკლას ბენდტნერი რისი ნიკლას ბენდტნერი იქნებოდა, საკუთარი სურვილის მიხედვით რომ არ ემოქმედა.

„მეთოფეთა“ დანიელმა თავდამსხმელმა არც აცია, არც აცხელა და წაგებული მატჩის შემდეგ ღამის კლუბს ეწვია, დრო ლამაზ გოგონებთან ერთად გაატარა და გუნდის წარუმატებლობაც უმალ დაივიწყა.

ღამის კლუბის მფლობელი საიმონ ჰამერშტეინი თავის დაწესებულებას მისტიკის, საიდუმლოებებისა და სექსუალური აღვირახსნილობის ადგილს უწოდებს. აღნიშნული კლუბი მთელს ბრიტანეთში ცნობილია თავისი ორსაათიანი სექს-შოუებით. ლონდონის ამ კლუბში ისეთი ცნობილი სტუმრები ჰყავთ გამოჭერილი, როგორებიც არიან პრინცი ჰარი, კეიტ მოსი და ჯუდ ლოუ.

ბენდტნერი ბევრს კი ეცადა, არავის შეემჩნია, მაგრამ ბრიტანელ პაპარაცებს ასეთი ფაქტების გამოჭერა არ ესწავლებათ. დანიელმა ფეხბურთელმა კლუბი დილის 5 საათზე დატოვა.

ბექა დოგრაშვილი

პერ მერტესაკერმა პატარა ბიჭუნას ხელი ატკინა

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა სახალისო ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ატკინა პერ მერტესაკერმა პატარა ბიჭუნას ხელი “არსენალსა” და “ბაიერნს” შორის გამართული მატჩის წინ.

იოზილი და ფლამინი “ბაიერნთან” მატჩისას ერთმანეთთან წაკინკლავდნენ

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ წაკინკლავდნენ ერთმანეთთან მესუთ იოზილი და მეთიუ ფლამინი “ბაიერნთან” მატჩის მიმდინარეობისას.

რობენი: „პენალტი იყო, მაგრამ მეკარის გაძევება საკამათო საკითხია“

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა არიენ რობენმა უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, ლონდონის „არსენალის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში (2:0), მეტოქის კარის მიმართულებით დანიშნული პენალტის შესახებ ისაუბრა..

„მეტოქე გუნდის მეკარის მისამართით წითელი ბარათის ჩვენება მატჩის გადამწყვეტი მოვლენა იყო. ტონი კროოსმა მშვენიერი გადაცემა გამიკეთა, მეკარეს ვაჯობე და ბურთს დავეუფლე, რის შემდეგაც მან მე წამაქცია.

პენალტი ნამდვილად დასანიშნი იყო, მაგრამ რამდენად იმსახურებდა შჩესნი წითელ ბარათს, ეს საკამათო საკითხია“, – აღნიშნა რობენმა.

ბავარიელთა ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა განაცხადა, რომ საწყის წუთებში „არსენალი“ უკეთ თამაშობდა.

„საწყის წუთებში „არსენალი“ ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა და პირველ 15 წუთში სახიფათოდ გვიტევდნენ. საბედნიეროდ, მანუელ ნოიერმა პენალტი მოიგერია. ამის შემდეგ თამაში გავაუმჯობესეთ.

მეოთხედფინალის საგზური ჯერ არ გაგვინაღდებია. „არსენალს“ დიდ პატივს ვცემთ, დიდებული გუნდია. მათ საწყის 15 წუთში გვიჩვენეს, თუ რა შეუძლიათ“, – რობენის სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნსა“ და „არსენალს“ შორის განმეორებითი მატჩი მიუნხენში, 11 მარტს შედგება.

ბექა დოგრაშვილი

რობენმა სანიას თავზე დაფურთხა?

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოყვა. როგორც ვიდეოში ჩანს, დიდი შანსია, მიუხნენის “ბაიერნის” ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა, არიენ რობენმა “არსენალის” მცველ ბაქარი სანიას თავზე დააფურთხა.

„ბაიერნმა“ სტუმრად ათკაციანი „არსენალი“ წააქცია

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ სტადიაზე სტუმართა დომინაცია გრძელდება. მეორე დღესაც ორივე სტუმარმა გუნდმა მოიპოვა გამარჯვება, თანაც ისე, რომ კარი მშრალად შეინახეს. „ემირეითსზე“ ლონდონის „არსენალმა“ მიუნხენის „ბაიერნი“ მიიღო. წყვილში ფავორიტად გერმანული გუნდი სახელდება და ეს რომ ასეა, პირველივე შეხვედრაში დამტკიცდა.

მატჩი ორივე გუნდმა საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყო და გოლის გატანის შანსიც მიეცათ, თუმცა ჯერ ტონი კროოსის შორეულ დარტყმულს გაუმკლავდა ვოიცეხ შჩესნი, შემდეგ კი მანუელ ნოიერმა აუღო იაია სანოგოს. მალევე „ბაიერნის“ კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა. საჯარიმო მოედანზე ჟერომ ბოატენგმა მესუთ იოზილი წააქცია. პენალტის შესრულება თავად დაზარალებულმა ითავა. იოზილმა ისე ცუდად დაარტყა, რომ უკვე გადამხტარმა ნოიერმა მაინც მოახერხა ბურთის მოგერიება. ასე გაანიავეს „მეთოფეებმა“ დაწინაურების კარგი შანსი. შეხვედრის პირველი ნახევრის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე თერთმეტმეტრიანი დარტყმა უკვე მასპინძელთა კარის მიმართულებით დაინიშნა. მეკარესთან ერთი ერთზე გაჭრილი არიენ რობენი შჩესნიმ წააქცია, რის გამოც პოლონელი კიპერი წითელი ბარათით დაისაჯა. შჩესნიმ მოედნის დატოვებამდე უცენზურო ჟესტი აჩვენა, რის გამოც, არ არის გამორიცხული, უეფამ ის კიდევ უფრო მკაცრად დასაჯოს. პენალტის ნიშნულთან დავიდ ალაბა მივიდა. მოედანზე ახლადშემოსულმა მეკარე ლუკაშ ფაბიანსკიმ კუთხე ვერ გამოიცნო, თუმცა ბავარიელთა მცველმა ბურთი კარს ააცილა. მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ მიილია, თუმცა ვიხილეთ ორი გაფუჭებული პენალტი და წითელი ბარათი.

შეხვედრის მეორე ნახევარში სრულ უპრატესობას რიცხობრივ უმრავლესობაში დარჩენილი „ბაიერნი“ დაეუფლა. მასპინძლებს უფრო და უფრო უჭირდათ გერმანელთა შემოტევის გაძლება. შედეგად, მატჩის 54-ე წუთზე კროოსმა ლამაზი მოჭრილი დარტყმით ანგარიში გახსნა. არც გატანილი გოლის შემდეგ დათმო სათამაშო უპირატესობა „ბაიერნმა“, „არსენალს“ კი ძირითადად გაძლებაზე თამაში უწევდა, თუმცა ლონდონელებმა მეორე ბურთიც მიიღეს: 88-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა თომას მიულერმა თავური დარტყმით მეორედ შეარხია ფაბიანსკის კარის ბადე და შეხვედრას საბოლოო წერტილი დაუსვა – 0:2.

განმეორებითი მატჩი მიუნხენში, 11 მარტს შედგება.

უეფას ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (პირველი მატჩი)
„არსენალი“ – „ბაიერნი“ 0:2 (0:0)

„არსენალი“: შჩესნი მერტეზაკერი, სანია, გიბსი (ნაჩო მონრეალი 31′), კოსელნი, იოზილი, ფლამინი, კასორლა (ფაბიანსკი 39′), უილშირი, სანოგო, ოქსლეიდ ჩემბერლენი (როსიცკი 74′).
მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი.
„ბაიერნი“: ნოიერი, ლამი, ბოატენგი (რაფინია 46′), ალაბა, დანტე, რობენი, ხავი მარტინესი, კროოსი, ტიაგო ალკანტარა (პიზარო 79′), გიოტცე, მანჯუკიჩი (მიულერი 64′).
მთავარი მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა.
გოლები: კროოსი, 54′, მიულერი 88′.
გაფრთხილებები: სანოგო 55′, როსიცკი 86′ – ბოატენგი 8′, მანჯუკიჩი 45+2′.
გაძევება: შჩესნი 37′.
გამოუყენებელი პენალტები: იოზილი 8′ (მეკარე) – ალაბა 40′ (ააცილა).
მთავარი მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია).

ბექა დოგრაშვილი

“არსენალი” – “ბაიერნი” (სასტარტო შემადგენლობები)

როგორც იცით, დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, ლონდონის “არსენალი” საკუთარ მოედანზე მიუნხენის “ბაიერნს” მიიღებს.

გუნდები მოედანზე ასეთი შემადგენლობებით გავლენ:

“არსენალი”: შჩესნი, სანია, მერტესაკერი, კოშელნი, გიბსი, უილშირი, იოზილი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, კასორლა, ფლამინი, სანოგო.

“ბაიერნი”: ნოიერი, დანტე, ბოატენგი, ლამი, ალკანტარა, მარტინესი, რობენი, გიოტცე, ალაბა, კროოსი, მანჯუკიჩი.