საფრანგეთის ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ განაცხადა, რომ თუ „ოქროს ბურთს“ მას არ გადასცემენ, ამ ფაქტს დიდ ყურადღებას არ მიაქცევს. მანვე აღნიშნა, რომ კმაყოფილია ამჟამინდელი ყოფით.
„იმ შემთხვევაშიც ბედნიერი ადამიანი ვიქნები, თუ „ოქროს ბურთს“ ვერ მოვიგებ. ჩემთვის უკვე დიდი პატივია ისეთ ადამიანებთან ერთად წარდგენა, როგორებიც არიან ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ.
„ბაიერნი“ მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე ძლიერი გუნდია. ჩვენი საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ფეხბურთისგან სიამოვნებას ვიღებთ. ჩვენ დიდი ოჯახივით ვართ“, – ციტირებს რიბერის სიტყვებს გერმანული პრესა.
შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალი 2014 წლის 13 იანვარს გაიმართება.
ბექა დოგრაშვილი