“სარბიელის” საიუბილეო ნომერი გამოიცა

დღეს, 11-წლიანი პაუზის შემდეგ გაზეთ “სარბიელის” საიუბილეო ნომერი გამოიცა. ზუსტად 30 წლის წინ, 1990 წლის 28 დეკემბერს აღნიშნული გამოცემის პირველი ნომერი დაიბეჭდა. მას შემდეგ წლების განმავლობაში “სარბიელი” მკითხველს უამრავ საინტერესო მასალას აწვდიდა და რაც მთავარია, ეს არ იყო გაზეთის ფურცლებზე სტანდარტული სიტყვებით მშრალი ინფორმაციის გადმოცემა. “სარბიელის” ჟურნალისტებმა სპეციფიკური წერის მანერით შეძლეს ის, რომ გაზეთს საკუთარი სტილი ჩამოუყალიბდა, რისი წყალობითაც მისი გამორჩევა სხვა უამრავ გამოცემას შორის იყო შესაძლებელი. ყველაზე მთავარი კი საქმისადმი პასუხისმგებლობა და ის გულწრფელობა გახლდათ, რომლისთვისაც ამ გაზეთის ავტორებს ყველაზე კრიტიკულ პერიოდებშიც არ უღალატიათ, საქებს აქებდნენ, საკრიტიკებელს აკრიტიკებდნენ. მკითხველმაც მალე შეიყვარა “სარბიელი” და ყოველდღიურობის ნაწილად აქცია.

დღევანდელი საიუბილეო-საკოლექციო ნომერიც ტრადიციულ სტილშია გადაწყვეტილი, ისევ იმ ხალხის მიერაა შედგენილი, ისევ იმ ენით, ისევ ისე საინტერესოდ, ისევ იმ ფასად, განსხვავება კი ისაა, რომ გამოცემა 32-გვერდიანია.

ვულოცავთ “სარბიელს” 30 წლის იუბილეს!

ომი და მშვიდობა იტალიურ ფეხბურთში: ულტრასები და დაძმობილებული გუნდები

ულტრასული დაჯგუფება სპორტული გუნდის მხარდასაჭერად შექმნილ ქომაგთა ორგანიზებულ ჯგუფს ნიშნავს. მას საფუძველი 50-იანი წლების დასაწყისში ჩაეყარა და განვითარების პიკს 80-იან წლებში მიაღწია, როდესაც თითქმის ყველა საფეხბურთო კლუბს ჰყავდა ულტრასდაჯგუფება. ულტრასების ხსენებისას ხშირად ასოცირება ინგლისელ ხულიგნებთან ხდება, თუმცა ეს სტერეოტიპული წარმოდგენაა. მიუხედავად ამისა, ვერ უარვყოფთ იმ ფაქტს, რომ ულტრასდაჯგუფებებს შორის ძალადობა ხშირია, თუმცა ეს მათი არსებობის შედეგი უფრო არის, ვიდრე მიზანი.ულტრასები ძირითადად სტადიონის ქვედა იარუსზე, კარის მახლობელ სექტორებზე თავსდებიან და იქიდან ქომაგობენ თავიანთ გუნდს სხვადასხვა შეძახილებითა თუ სიმღერებით, ხშირად თვალსასეირო პერფორმანსებსაც დგამენ. ულტრასსამყაროში პოლიტიკაც ღრმად არის ფესვგადგმული. დაჯგუფებები ძირითადად მკვეთრად მემარცხენე ან მემარჯვენე მიმართულების პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებლები არიან და ხშირად ეს განსაზღვრავს სხვადასხვა გუნდების ფანკლუბების ერთმანეთთან დაახლოებას. ამასთან, მხოლოდ პოლიტიკა არ არის ორი ულტრასდაჯგუფების ერთმანეთთან დაძმობილების მიზეზი.

“ლაციო” და “ინტერი”
იტალიაში სხვადასხვა კლუბთა ულტრასდაჯგუფებებს შორის მეგობრობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითია რომის “ლაციოსა” და მილანის “ინტერის” ფანთა შემთხვევა. “ლაციოს” ულტრასები ცნობილნი არიან თავიანთი მკვეთრად მემარჯვენე შეხედულებებით, მათთვის არც სვასტიკის დემონსტრირებაა უცხო. ამ გარემოების გამო ისინი “ინტერის” ულტრასებს დაუძმობილდნენ. მართალია, “ნერაძურის” ფანდაჯგუფება ასეთივე ექსტრემალური შეხედულებებით ცნობილი არ არის, თუმცა მათ გარკვეული კავშირი აქვს იტალიის სხვადასხვა მემარჯვენე ჯგუფებთან, მათ შორის “შავ გულთან”.

აღნიშნული გუნდების ულტრასები ხშირად კიდებენ ტრიბუნებზე ერთმანეთის მიმართ პატივსაცემ ბანერებს. პოსტერი წარწერით “Da sempre fieri del nostro gemellaggio alla nord di Milano rendiamo omaggio” (“ვამაყობთ და პატივს ვცემთ ჩვენს დაძმობილებას მილანის ჩრდილოეთთან”) ამის ერთ-ერთი მაგალითია.

ამ ორ კლუბს შორის კავშირი კარგად გამოჩნდა 2010 წელს გაჩაღებულ სკუდეტოსთვის ბრძოლაში. გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე “ლაციო” “ინტერს” მასპინძლობდა, რომელსაც საჩემპიონო რბოლაში მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს. ტიტულისთვის ბრძოლაში მილანელთა უშუალო კონკურენტი “ლაციოს” თანაქალაქელი და პრინციპული მეტოქე “რომა” იყო, რომელიც ლიდერ “ინტერს” მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებოდა. ის შეხვედრა “ლაციომ” თითქმის უბრძოლველად, ანგარიშით 0:2 დათმო და ორ კვირაში “ინტერმა” ისტორიაში მე-18 სკუდეტოს მოგება იზეიმა.

“მილანი” და “ბრეშა”
იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ძმობა “მილანსა” და “ბრეშას” აკავშირებთ. მათი დამეგობრება პოლიტიკურმა შეხედულებებმა განაპირობა და მიუხედავად იმისა, რომ “მილანის” ულტრასდაჯგუფებაში იდეოლოგია შეიცვალა, ამ კლუბების ფანებს შორის ძმობა გრძელდება. ისინი ხშირად სტუმრობენ ერთმანეთის სტადიონებს დაძმობილებული გუნდის გასამხნევებლად. აღსანიშნავია, რომ “ბრეშასთან” დამეგობრებამ “მილანს” ურთიერთობა გაუფუჭა ბერგამოს “ატალანტასთან”.

“ატალანტა” და “ტერნანა”
თავის მხრივ, “ატალანტას” ულტრასდაჯგუფება ნაკლებად ცნობილია. პოლიტიკური იდეოლოგიის თვალსაზრისით ისინი მემარცხენეები არიან და ეს გახდა მათი საფეხბურთო კლუბ “ტერნანას” ფანებთან დაძმობილების მიზეზი. ასე რომ, თუ “ატალანტას” ქომაგთა შორის “ტერნანას” წითელ-მწვანე ფორმასაც მოკრავთ თვალს, არ გაგიკვირდეთ.

“ფიორენტინა” და “ვერონა”
განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგია არ არის ფანკლუბების დაძმობილებისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი, თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათია. “ფიორენტინას” ულტრასები მემარცხენეები არიან, ხოლო “ვერონასი” – მემარჯვენეები. ამ განსხვავების მიუხედავად, მათ ერთმანეთთან საკმაოდ მყარი ურთიერთობა აკავშირებთ.

“ფიორენტინა” და “ტორინო”
ორი სხვადასხვა კლუბის ულტრასები შესაძლოა, საერთო მოძულე გუნდმა გააერთიანოს. მაგალითად, “ტორინოსა” და “ფიორენტინას” ფანები ერთმანეთთან “იუვენტუსის” სიძულვილმა დაამეგობრა. ამ გუნდების ულტრასები სტადიონზე ერთმანეთს თბილი შინაარსის ბანერებით ესალმებიან: “Il popolo Fiorentino saluta la vera Torino” (“ფლორენციელი ხალხი მიესალმება ნამდვილ ტურინს”).

მარტოხელა “იუვენტუსი”
“იუვენტუსი” იტალიაში გარკვეულწილად მარტოხელა კლუბია. “ბებერი სინიორას” ულტრასებს სხვა გუნდის ფანებთან ალიანსი არ შეუქმნიათ და ამას მრავალი მიზეზი აქვს, რომელთაგან ორია გამოსაყოფი: “იუვენტუსი” იტალიის მასშტაბით ყველაზე წარმატებული გუნდია და ეს სხვა გუნდის ფანებისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორია, ხოლო მეორე მიზეზად “კალჩოპოლის” სკანდალი უნდა მივიჩნიოთ. მართალია, “იუვენტუსმა” ძველი დიდება მალევე დაიბრუნა, თუმცა ტიტულების მოგებაზე რთული გატეხილი სახელის აღდგენა აღმოჩნდა. “იუვეს” ულტრასები მეგობრებს იტალიის გარეთ ეძებენ და ყველაზე მყარი კავშირი ნიდერლანდურ “დენ ჰააგის” ფანებთან აქვთ.

“პარმა” და “სამპდორია”
იტალიურ ფეხბურთში ერთმანეთთან დაძმობილების შედარებით ნაკლებად ცნობილი შემთხვევებია “პარმასა” და “სამპდორიას” ფანებისა და “ნაპოლისა” და “ჯენოას” ულტრასების მეგობრობა. “პარმასა” და “სამპდორიას” ფანების ძმობა ოც წელზე მეტს ითვლის. 2009 წლის კოპა იტალიის ფინალურ მატჩში გენუელთა საქომაგოდ “პარმას” ფანები რომში საგანგებოდ ჩავიდნენ კიდეც.

“ნაპოლი” და “ჯენოა”
“ნაპოლისა” და “ჯენოას” დამეგობრებას საფუძველი 1982 წელს ჩაეყარა. იმ სეზონის ბოლო ტურში გენუელებს სერია A-ში დასარჩენად კინკილა ქულა ჰყოფნიდათ, თუმცა “სან პაოლოზე” 0:1 მარცხდებოდნენ. საბოლოო ჯამში, ის შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა, “ჯენოამ” გადასარჩენად საჭირო ქულა მოიპოვა და სერია B-ში მის ნაცვლად “მილანი” დაქვეითდა. ამ ისტორიულმა მოვლენამ “ჯენოას” ულტრასების “ნაპოლის” ფანებთან დამეგობრება განაპირობა.

დარღვეული ძმობა
ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც ძლიერი და ერთი შეხედვით დაუშლელი ძმობა დარღვეულა. “ინტერისა” და “ვერონას” ულტრასთა მეგობრობა 80-იან წლებში დაიწყო და 2001 წლამდე გაგრძელდა. შემდეგ “ვერონას” ულტრასდაჯგუფების სათავეში ახალი ხალხი მოვიდა და “ინტერთან” “მეგობრობის ხელშეკრულებაც” გაუქმდა.

სხვადასხვა კლუბების ულტრასების ერთმანეთთან დამეგობრების შემთხვევები იტალიურ ფეხბურთს ლამაზ, რომანტიკულ ელფერს სძენს და ეს ისტორიები დასტურია იმისა, რომ ულტრასკონცეფცია უფრო მეტია, ვიდრე ხულიგნებთან ასოცირებული სტერეოტიპული შეხედულება.

რივალდო: “ბარსელონას” გამო “რეალში” გადასვლაზე უარს არ ვიტყოდი”

“ბარსელონას” ყოფილმა ნახევარმცველმა რივალდომ განაცხადა, რომ თავის დროზე რეალური შემოთავაზების არსებობის შემთხვევაში, კატალონიური გუნდიდან მადრიდის “რეალში” გადასვლაზე უარს არ იტყოდა.

“რონალდოსთან ერთად “რეალში” რომ მეთამაშა, მრისხანე წყვილი ვიქნებოდით. ჩვენ ეს ბრაზილიის ნაკრებში ასპარეზობის პირობებში დავამტკიცეთ. საკლუბო დონეზეც უფრო მეტად რომ შევთამაშებულიყავით, მომაკვდინებელი დუეტი გავხდებოდით. მცველებს ჩვენი შიში ექნებოდათ, მიუხედავად იმისა, რომელი კლუბის წინააღმდეგ ვითამაშებდით.

იმ ზაფხულს (2002 წელი) რონალდო “რეალში” გადავიდა. მადრიდელებს ჩემ მიმართაც ჰქონდათ ინტერესი და დიდებული იქნებოდა, რონალდოსთან ერთად რომ მეთამაშა. “რეალს” “ბარსელონას” გამო უარს არ ვეტყოდი, თუმც კატალონიურ კლუბთან მშვენიერი ურთიერთობა მქონდა და ის სამუდამოდ დარჩება ჩემს საყვარელ ევროპულ გუნდად. იმ დროს უკლუბოდ ვიყავი, ვინაიდან შევთანხმდით, რომ კონტრაქტს არ გავაგრძელებდით. ასე რომ, შემოთავაზებებზე უარს ნამდვილად ვერ ვიტყოდი. როდესაც პროფესიონალი ფეხბურთელი ხარ, ყოველთვის უნდა გაანალიზო დადებითი და უარყოფითი მხარეები. კარგად მესმის, რომ “რეალში” გადასვლის შემთხვევაში, ლუიშ ფიგუს ანალოგიური ისტორია განმეორდებოდა, მაგრამ მადრიდულ კლუბში ჩემი გადასვლა არ შედგა.

სინამდვილეში “რეალში” გადასვლასთან ახლოს არასდროს ვყოფილვარ, ვინაიდან მაშინ ჩემით “მილანი” იყო დაინტერესებული და ჩვენ შორის შეთანხმება სწრაფად მოხდა, მადრიდელებმა კი იტალიელებთან სატრანსფერო ბრძოლაში შესვლაზე უარი თქვეს და მეც ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია”, – რივალდოს კომენტარი “ასმა” გამოაქვეყნა.

ლუიშ ფიგუ უეფაში მრჩევლად იმუშავებს

მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლუიშ ფიგუ უეფაში მრჩევლად იმუშავებს.

ფიგუს მომავალი საქმიანობა მოითხოვს მისი ცოდნისა და გამოცდილების გაერთიანებას, პორტუგალიელი უშუალოდ ფეხბურთში თანამედროვე ტექნიკის დანერგვის თემაზე იმუშავებს.

პორტუგალიელი პირველად არ ცდის თავის ბედს მსგავს საქმიანობაში. ის ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებდა მონაწილეობის მიღებას, მაგრამ რატომღაც ფიგუმ ბოლო მომენტში უკან დაიხია.

უეფას პრეზიდენტის ალექსანდერ ჩეფერინის გადაყვეტილებით, ასევე ამ საკითხთან დაკავშირებით მასთან ერთად იმუშავებენ ყოფილი ფეხბურთელები დეიან სტანკოვიჩი და ნადინ კესლერი.

ლუიშ ფიგუმ შოთა არველაძე საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობის მისაღებად დაპატიჟა (ფოტო)

პორტუგალიელმა ლეგენდამ, ლუიშ ფიგუმ ყოფილი ქართველი ფეხბურთელი და ტაშკენტის “ფახთაქორის” მწვრთნელი, შოთა არველაძე საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობის მისაღებად დაპატიჟა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად არველაძის ფეისბუქის ოფიციალური გვერდიდან ვიგებთ.

ფიგუმ “ალკმაარისა” და “აიაქსის” ყოფილი თავდამსხმელს წერილი გაუგზავნა, სადაც წერია, რომ 2017 წლის 14 ივნისს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში საქველმოქმედო მატჩი შედგება. ერთმანეთს ლუიშ ფიგუსა და დიმიტარ ბერბატოვის გუნდები დაუპირისპირდებიან.

აქვე გეტყვით, რომ მატჩის უმთავრესი მიზანი ბავშვების განათლებისა და ნიჭის განვითარების დაფინანსება იქნება. ზოგადად, ლუიშ ფიგუს ფონდი 2003 წლიდან ეხმარება ისეთ პროგრამებს, რომელბიც განათლებას, სოციალურ ინტეგრაციას, ჯანმრთელობას და სპორტს ეხებიან.

შეხვედრაში ისეთი მოთამაშეები მიირებენ მონაწილეობას, როგორებიც არიან: გაისკა მენდიეტა, დუაიტ იორკი, რიო ფერდინანდი, როი კინი, მაქსველი, იარი ლიტმანენი, დავიდ ტრეზეგე, კრისტიან კარემბიუ, ფრანჩესკო ტოლდო და სხვები.

 

რონალდო: “ვიმედოვნებ, “რეალი” სამივე ტიტულის მოგებას შეძლებს”

7 იანვარს პრიმერა დივიზიონის მე-17 ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” “გრანადა”, ანგარიშით, 5-0 დაამარცხა და წაუგებელ შეხვედრათა სერია 39-მდე გაზარდა.

მატჩის დაწყებამდე კრიშტიანუ რონალდუმ მისი მეოთხე ოქროს ბურთი წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას. დაპირისპირებას ესწრებოდნენ ლუიშ ფიგუ და რონალდო. ამ უკანასნელმა ბერნაბეუზე დადგმული სპექატკლის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე სეზონში ზიდანის ბიჭები ყველა ტიტულის მოგებას მოახერხებენ.

“ზიდანმა შესანიშნავი კოლექტივი შემოიკრიბა, რომელსაც საოცრად უძღვება. იგი გუნდს შესაფერის სტილში ათამაშებს. “ზიზუ” კარგი მოტივატორია, რაც ფეხბურთელების ასპარეზობაზე ყოველთვის აისახება.”

“ძალაინ დიდი პატივია, რომ კრიშტიანუ რონალდუს ოქროს ბურთის წარდგენაზე  ვიყავი მოწვეული. იგი შესანიშნავი ფეხბურთელი და ადამიანია. რონალდუ აუცილებლად იბრძოლებს მეხუთე ოქროს ბურთისთვის,” – განაცხადა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა.

 

ფიგუ ზიდანს: “ბენზემას, რონალდუსა და ბეილს არ შეეხო”

მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ლიდერმა, ლუიშ ფიგუმ ზინედინ ზიდანს ურჩია, რომ ბენზემა, ბეილი და რონალდუ მოედნიდან არ გაიყვანოს, თუ ისინი მწყობრში არიან.

“თუ შეტევის ტრიოს ყველა წევრი სრულ მზადყოფნაშია, მაშინ ისინი აუცილებლად უნდა იყვნენ მოედანზე. შანსი ყველას მიეცემა, მაგრამ BBC არ უნდა დაშალო მაშინ, როდესაც ისინი ფორმაში არიან.”

პორტუგალიელმა ფიგუმ თანამემამულის, კრიშტიანუ რონალდუს შანსებზეც ისაუბრა 2016 წლის ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში: ” პრიზს კრიშტიანუ მოიგებს, ამაში დარწმუნებული ვარ.

კრიშტიანუ ყოველთვის კარგად თამაშობს, უბრალოდ მას არ შეუძლია ყოველ მატჩში 3 გოლის გატანა. ფაქტია, რომ ის კარგ ფორმაში იმყოფება. ვთვლი, რომ ამჟამდ “რეალში” მთავარი სწორედ ის არის.”

ფიგუ ფიფა-ში იმუშავებს

„ბარსალონასა“ და მადრიდის „რეალის„ ექს-ფეხბურთელმა ლუიშ ფიგუმ ფიფა-ში პოსტი მიიღო. მეხიკოში ორგანიზაციის 66-ე ყრილობაზე პორტუგალიის ნაკრების ყოფილი ანხევარმცველი ფიფა-ს განვითარების ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა, იუწყება „A Bola“.

43 წლის ფიგუმ ფიფა-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასაც გეგმავდა, თუმცა შემდგომ კანდიდატურა მოხსნა, რაც სამართლიან არჩევნებში ეჭვით ახსნა.

ფიგუ: „ზიდანი „რეალის“ მთავარი გუნდის თავკაცობაზე ფიქრობს“

„რეალის“ ექს-ნახევარმცველი ლუიშ ფიგუ ფიქრობს, რომ მის ყოფილ თანაგუნდელ ზინედინ ზიდანს მადრიდული კლუბის გაწვრთნა სურს.

„ვფიქრობ, ეს მისი ერთ-ერთი მიზანია. ახლა ზიდანი მეორე გუდნს ავარჯიშებს, მან სამწვრთნელო კარიერას მიხედა. მგონია, ერთ მშვენიერ დღეს მას მთავარი გუნდის თავკაცობაც სურს. მნიშვნელოვანია, მას ასეთი საპასუხისმგებლო საქმე გაანდონ“, – ციტირებს პორტუგალიელს Goal.com-ი.

ლუიშ ფიგუმ მესისა და რონალდუს შედარების შესახებ ისაუბრა

„ბარსელონასა“ და მადრიდის „რეალის“ ყოფილი ნახევარმცველი ლუიშ ფიგუ თვლის, რომ კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის შედარება მართებული არ არის.

„რონალდუსა და მესის შორის არჩევანის გაკეთება არც ისე სწორია. ერთადერთი სხვაობა მათ შორის მაშინაა, როდესაც ორივე მათგანი სხვადასხვა სათამაშო ფორმაშია. უბრალოდ, მათი სათამაშო ხარისხისგან სიამოვნება უნდა მივიღოთ“, – განაცხადა პორტუგალიელმა.

ბლატერის გადადგომას ლუიშ ფიგუ გამოეხმაურა

ლუიშ ფიგუ ფიფას პრეზიდენტის პოსტიდან იოზეფ ბლატერის გადადგომას გამოეხმაურა.

“ფიფასთვის და ფეხბურთისთვის კარგი დღეა. როგორც იქნა, ცვლილებები იწყება. პარასკევს ვთქვი, რომ ადრე თუ გვიან ეს დღე დადგებოდა. აი, დადგა!

ახლა პასუხისმგებლობით და მშვიდად უნდა მივიღოთ საერთო გადაწყვეტილებები, რათა ფიფაში აქტიურობის, გამჭვირვალობისა და დემოკრატიის ახალი ერა დაიწყოს”, – დაწერა სოციალურ ქსელში ფიგუმ.

ფიფას რიგგარეშე კონგრესი მიმდინარე წლის დეკემბრიდან 2016 წლის მარტამდე არსებულ პერიოდში ჩატარდება და ახალ პრეზიდენტსაც დროის ამ მონაკვეთში აირჩევენ. მანამდე ფიფას კვლავ ბლატერი უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ ზეპ ბლატერი ფიფას 1998 წლიდან უდგას სათავეში. 29 მაისს ის მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტად მეხუთე ვადით აირჩიეს.

 

ფიგუ: “დღეს ფიფამ წააგო”

ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელი ლუიშ ფიგუ ფიფას პრეზიდენტად იოზეფ ბლატერის მეხუთე ვადით არჩევას კრიტიკული განცხადებით გამოეხმაურა.

“დღეს ფიფამ წააგო, თუმცა ყველაზე მთავარი ისაა, რომ წააგო ფეხბურთმა, წააგო იმ ხალხმა, ვისაც მასზე გული შეტკივა”, – დაწერა სოციალურ ქსელში ფიგუმ.

შეგახსენებთ, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭს ლუიშ ფიგუც იყრიდა, თუმცა მოგვიანებით საკუთარი კანდიდატურა ბლატერის კონკურენტ ალი ბინ ალ ჰუსეინის სასარგებლოდ მოხსნა.