კლოპი: „შეგიძლიათ, ჩვენს შეხვედრას კრიზისულ გუნდთა მატჩი დაარქვათ, თუმცა ასე არაა“

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურის მატჩები გაიმართება. დორტმუნდის „ბორუსია“ „ნაპოლის“ მიიღებს. გერმანელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ „ნაპოლი“ „პარმასთან“ დამარცხების მიუხედავად, კრიზისში არ არის და  მის წინააღმდეგ გასამართ მატჩზე „დორტმუნდი“ სრულ კონცენტრაციას ახდენს.

„ზედიზედ სამი მატჩი წავაგეთ, თუმცა ამ შეხვედრებს შორის ჩვენი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელმა სანაკრებო გამარჯვებას მიაღწია, რამაც მათ დამატებითი იმპულსი უნდა შესძინოს. მაქვს შეგრძნება, რომ აუცილებლად მოსაპოვებელი ქულები დავკარგეთ. ეს ყველაფერი „ნაპოლის“ მხოლოდ იმ შემთხვევაში წაადგება, თუ მათ წინააღმდეგაც ცუდად ვითამაშებთ. სრულად ორიენტირებულნი ვართ ნეაპოლელებთან გასამართ მატჩზე.

„ნაპოლი“ „პარმასთან“ დამარცხდა, თუმცა არა მგონია, ვინმე მათ კრიზისზე ლაპარაკობდეს. შეგიძლიათ, ჩვენს შეხვედრას კრიზისულ გუნდთა მატჩი დაარქვათ, თუმცა მოედანზე ამას ვერავინ დაინახავს“, – აღნიშნა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ნეაპოლელებმა ანგარიშით 2:1 მოიგეს. მატჩი „ბორუსიასა“ და „ნაპოლის“ შორის ჩვენი დროით 23:45 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

ბენიტესი: „ბორუსია“ ექსტრაკლასის გუნდია“

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურის მატჩები გაიმართება. დიდ ინტერესს იწვევს დორტმუნდის „ბორუსიასა“ და „ნაპოლის“ შორის გასამართი შეხვედრა. ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მეტოქე გუნდის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„ექსტრაკლასის მეტოქე გვყავს. „ბორუსიას“ ვაფასებთ. ასეთი სიტყვები ამ გუნდმა წინა სეზონში ევროთასებზე ნაჩვენები თამაშის გამო დაიმსახურა. დამდეგი მატჩი იქნება იმის მაჩვენებელი, თუ რამდენად ვითარდება ჩემი გუნდი.

ყველა პოზიციაზე თავი კარგად უნდა წარმოვაჩინოთ. ნახევარმცველებისგან ველი, რომ მცველებს დაეხმარებიან. შეტევის დროს კი, მცველები შეეშველებიან თავდამსხმელებს. ჩემი გუნდისგან ერთიან მუშაობას ველი“, – განაცხადა რაფა ბენიტესმა.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ნეაპოლელებმა ანგარიშით 2:1 მოიგეს. მატჩი „ბორუსიასა“ და „ნაპოლის“ შორის ჩვენი დროით 23:45 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

„ატლეტიკომ“ რუსეთში 600 კგ. თბილი ტანსაცმელი ჩაიტანა

ხვალ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურის მატჩები გაიმართება. მადრიდის „ატლეტიკო“ სანკტ-პეტერბურგში ადგილობრივ „ზენიტს“ დაუპირისპირდება. ესპანელები ცივი ამინდისთვის კარგად მოემზადნენ.

სითბოსმოყვარულმა მადრიდელებმა რუსეთში 600 კგ. თბილი ტანსაცმელი ჩაიტანეს: ქუდები, ხელთათმანები, საბნები, სვიტერები.

აღსანიშნავია, რომ „ატლეტიკოსთვის“ რუსული სიცივე უცხო არ არის: ამ წლის თებერვალში მადრიდელებმა ევროპის ლიგის ტურნირზე, მოსკოვში, ყაზანის „რუბინის“ წინააღმდეგ ითამაშეს. რუსული პრესის ცნობით, იმ მატჩზე ესპანელებმა 700 კგ. თბილი ტანსაცმელი ჩაიტანეს.

მატჩი „ზენიტსა“ და „ატლეტიკოს“ შორის სამშაბათს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

სკოლარი: ,,მოურინიო სპეციალურად ამხედრებს საზოგადოებას ნეიმარის წინააღმდეგ”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ ,,სელესაოს’’ თავდამსხმელი ნეიმარი დაიცვა, რომელსაც ლონდონის ,,ჩელსის’’ თავკაცმა ჟოზე მოურინიომ სიმულანტი უწოდა.

,,მოურინიო მედიას თავისი ინტერესების სასარგებლოდ იყენებს. მას ეს ძალიან კარგად გამოსდის. მოურინიო ხვდება, რომ ნეიმარმა თითქმის უკვე მიაღწია ლეო მესისა და კრიშტიანო რონალდუს დონეს. შესაძლოა, ,,ჩელსის’’ ჩემპიონთა ლიგაზე ,,ბარსელონა” შეხვდეს და პორტუგალიელი ამისთვის უკვე ემზადება, საზოგადოებაში მცდარ წარმოდგენებს ავრცელებს. მოურინიო სპეციალურად ამხედრებს საზოგადოებას ნეიმარის წინააღმდეგ. რას ვიზამთ, ეს მისი სტილია”, – ციტირებს სკოლარის სიტყვებს ,,გარდიანი”.

ბექა დოგრაშვილი

„იუვენტუსი“ „რეალს“ დაუზავდა, „გალათასარაი“ მოულოდნელად დამარცხდა

დასრულდა უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის რვა შეხვედრა.

ყველაზე დიდ ინტერესს, რა თქმა უნდა, B ჯგუფის მატჩი იწვევდა – ტურინში ერთმანეთს „იუვენტუსი“ და მადრიდის „რეალი“ დაუპირისპირდნენ. „ბებერი ქალბატონის“ აქტივში ამ შეხვედრამდე მხოლოდ ორი ქულა იყო, შესაბამისად, გამარჯვება ანტონიო კონტეს გუნდს ჰაერივით სჭირდებოდა. თანაც, ეს „გალათასარაის“ ფონზე, რომელსაც ოთხი ქულა ჰქონდა და ამასთან ერთად, დანიის „კოპენჰაგენთან“ უნდა ეთამაშა.

ამის მიუხედავად, მატჩი მადრიდელთა უპირატესობით დაიწყო. მასპინძლებმა მდგომარეობა ტაიმის შუა ნაწილში გააუმჯობესეს, რამაც თავისი შედეგი გამოიღო. ჯერ კლაუდიო მარკიზიოს თავური დარტყმა იკერ კასილასმა ფეხით მოიგერია, ხოლო მოგვიანებით გაშვებულ გოლს საკუთარი გუნდი პეპემ გადაარჩინა. პირველი ნახევრის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე პოგბას წაქცევისთვის „ბლანკოსის“ მცველმა რაფაელ ვარანმა ყვითელი ბარათი მიიღო, „შავ-თეთრებს“ კი პენალტის დარტყმის უფლება მიეცათ, რომელიც არტურო ვიდალმა გამოიყენა – 1:0.

როგორც პირველი ტაიმი, შეხვედრის მეორე ნახევარი ასევე მადრიდელთა უპირატესობით დაიწყო, რამაც 52-ე წუთზე შედეგი გამოიღო – კრიშტიანუ რონალდუმ ზუსტი დარტყმის განხორციელება მოახერხა, რომლის მოგერიებაც ბუფონმა ვერ შეძლო. რვა წუთში კარლო ანჩელოტის გუნდმა მეორე გოლის გატანაც მოახერხა, რომლის ავტორი გარეთ ბეილი გახდა. ამის მიუხედავად, „ბლანკოსის“ სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა – თავური დარტყმით წონასწორობის აღდგენა ფერნანდო ლიორენტემ შეძლო.

 

 

საბოლოოდ, 2:2 და ჯერჯერობით უცნობია, მოახერხებენ თუ არა „იუვეს“ მოთამაშეები ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის პლეი-ოფის საგზურის მოპოვებას.

„იუვენტუსი“ – „რეალი“ 2:2

გოლები: ვიდალი 42′ (პენ), ლიორენტე 65′ – რონალდუ 52′, ბეილი 60′

„იუვენტუსი“: ბუფონი კასერესი, ბარძალი, ბონუჩი, მარკიზიო, პოგბა, პირლო, ვიდალი, ასამოა, ტევესი (კუალიარელა 82′), ლიორენტე (ჯოვინკო 88′)

„რეალი“: კასილასი, რამოსი, ვარანი, პეპე, მარსელი, ხედირა, ჩაბი ალონსო (ილარამენდი 71′), მოდრიჩი, ბეილი (დი მარია 75′), ბენზემა (ხესე 81′), რონალდუ

გაფრთხილებები: პირლო, ბონუჩო – მოდრიჩი, ვარანი,

მოულოდნელი შედეგით დასრულდა ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრა. კოპენჰაგენში ადგილობრივმა კლუბმა თურქულ „გალათასარაის“ უმასპინძლა, რომელიც მოუდლონელად ანგარიშით 1:0 დამარცხდა. ერთადერთი გოლი მატჩის მე-6 წუთზე ბრაატენმა გაიტანა.

„კოპენჰაგენი“ – „გალთასარაი“ 1:0

გოლი: ბრაატენი 6′

„კოპენჰაგენი“: ვილანდი, იაკობსენი, მელბერგი, სიგურდსონი, ბენგტსონი, გისლასონი (ბოლანიოსი 56′), კლაუდემირი (მარგრაიტერი 87′), დელეინი, იორგენსენი, ბრაატენი, ტუტუ (კრისტენსენი 75′)

„გალათასარაი“: იშჟანი, ებუე, შეიჯუ, კაია (ბულუტი 76′), რიერა, მელო, აიდინ ილმაზი (გიულსელამი 76′), ინანი, ბრუმა, დროგბა, ბურაკ ილმაზი (ამრაბატი 86′)

გაფრთხილება: რიერა

სატურნირო მდგომარეობა:

„რეალი“ – 10 ქ.
„გალათასარაი“ – 4
„კოპენჰაგენი“ – 4
„იუვენტუსი“ – 3

ალექსანდრე მატევოსოვი

იბრა-კადაბრა

ზლატან იბრაჰიმოვიჩი მართლაც გასაოცარი ფეხბურთელია. მისთვის არ არსებობს წერტილი, საიდანაც გოლის გატანა არ შეუძლია. ერთადერთი კარიდან კარში არ გაუტანია, თუმცა მისგან არც ამის გამორიცხვა შეიძლება.

„ანდერლეხტსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის გამართულ მატჩში (0:5) ზლატანმა პოკერი შეასრულა, თუმცა მის მიერ გატანილი მესამე გოლი განსაკუთრებულად გამოსარჩევია. უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადგინა, რომ ამ ეპიზოდში ბურთი 150 კმ/სთ სიჩქარით მიჰქროდა!

სხვათა შორის, იბრაჰიმოვიჩი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეათე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ამ ტურნირზე მეტოქეს მატჩში მინიმუმ ოთხი გოლი გაუტანა.

შეხვედრის შემდეგ ზლატანმა განაცხადა, რომ „პარი სენ-ჟერმენს“ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია.

კიდევ ერთხელ დავტკბეთ ამ მშვენებით.

ბექა დოგრაშვილი

ჩემპიონთა ლიგა – კვირის სიმბოლური გუნდი

უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის სიმბოლური გუნდი შეადგინა.

ჩემპიონთა ლიგის კვირის გუნდი ასე გამოიყურება:

(4-3-3)

მეკარე: ფორსტერი („სელტიკი“);
მცველები: ვან დერ ვილი („პსჟ“), კეჰილი („ჩელსი“), ჰუმელსი („ბორუსია“), ალაბა („ბაიერნი“);
ნახევარმცველები: სნეიდერი („გალათასარაი“), მონტოლივო („მილანი“), რიბერი („ბაიერნი“);
თავდამსხმელები: კისლინგი („ლევერკუზენი“), იბრაჰიმოვიჩი („პსჟ“), აგუერო („მანჩესტერ სიტი“).

ბექა დოგრაშვილი

ტევესი მსაჯს არ ადანაშაულებს

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა მადრიდის „რეალთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში მარცხის შესახებ ისაუბრა.

„შედეგით, რა თქმა უნდა, უკმაყოფილონი ვართ. მიუხედავად ამისა, კარგად ვთამაშობდით და მეტოქეს ბევრი პრობლემა შევუქმენით. სიტუაციის გამოსწორებისთვის საჭირო დრო გვაქვს, თუმცა მოედანზე მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. პირადად მე, თამაში მოედნის ნებისმიერ წერტილში შემიძლია. მთავარია, გუნდს დავეხმარო. ასევე, კარგი იქნება, თუ მსაჯზე არ ვიფიქრებთ. შეცდომების გაკეთების შემთხვევაში, „რეალთან“ ისევ დავმარცხდებით, რადგან „სამეფო კლუბი“ მეტოქეთა შეცდომებს კარგად იყენებს“, – განუცხადა არგენტინელმა „Sky Sport Italia“-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

რითი გააკვირვა ანჩელოტი კონტემ?

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, მადრიდის „რეალმა“ ტურინის „იუვენტუსი“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ „სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ საბოლოო შედეგით კმაყოფილება გამოთქვა. გარდა ამისა, იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ „იუვენტუსისგან“ ოთხი მცველით თამაშს არ მოელოდა.

„ჩვენ მზად ვიყავით იმისთვის, რომ „იუვენტუსი“ სამი მცველით ითამაშებდა. ანტონიო კონტემ სქემის შეცვლით გამაკვირვა. ერთი საათის განმავლობაში ორივე გუნდი კარგად გამოიყურებოდა, ბოლო 30 წუთში კი თითქმის აღარაფერი გავაკეთეთ, რადგან მთავარი აქცენტი ბურთის ფლობაზე გადავიტანეთ. შედეგით კმაყოფილები ვართ“, – აღნიშნა ანჩელოტიმ.

3 ტურის შემდეგ „რეალს“ აქტივში 9 ქულა აქვს, მეორე ადგილზე 4 ქულით „გალათასარაი“ გახლავთ, მესამეადგილოსან „იუვენტუსს“ 2 ქულა აქვს, მეოთხე პოზიციაზე მყოფ „ანდერლეხტს“ კი – 1.

ბექა დოგრაშვილი

იბრაჰიმოვიჩმა პოკერი შეასრულა

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, „პარი სენ-ჟერმენი“ „ანდერლეხტს“ ეწვია და მეტოქე ანგარიშით 5:0 გაანადგურა.

პარიზელტა შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პოკერი გაიფორმა, ერთი გოლი კი ედინსონ კავანის ანგარიშზეა.

ეს ჩემპიონთა ლიგაზე ზლატანის პირველი პოკერია. ის პირველი შვედი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე სამი და მეტი გოლი გაიტანა. საერთო ჯამში, იბრაჰიმოვიჩის ანგარიშზე 6 გატანილი გოლია.

გთავაზობთ იბრაჰიმოვიჩის გოლებს GIF ფორმატში.

„მანჩესტერ სიტიმ“ ცსკა-ს მინიმალური სხვაობით სძლია

დასრულდა უეფას ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფის მესამე ტურის პირველი შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს მოსკოვის ცსკა და „მანჩესტერ სიტი“ დაუპირისპირდნენ.

მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 1:2 დასრულდა.

ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. 32-ე წუთზე ჯო ჰარტის კარის აღება კეისუკე
ჰონდას პასის შემდეგ ზორან ტოშიჩმა მოახერხა. „ქალაქელებმა“ წონასწორობა ორ წუთშივე აღადგინეს, გოლი კი თავის ანგარიშზე სერხიო აგუერომ ჩაიწერა, რომელმაც 42-ე წუთზე დუბლიც გაიფორმა.
შეხვედრის მეორე ნახევარში გუნდებს მეტი გოლი არ გაუტანიათ, მიუხედავად იმისა, რომ შეტევებს ორივე ახორციელებდა.

ცსკა 1:2 „მანჩესტერ სიტი“
გოლები: ტოშიჩი 32′ – აგუერო 34′, 42′

ცსკა: აკინფეევი; ნაბაბკინი, ვიქტორ ბერეზუცკი (ალექსეი ბერეზუცკი 6′), იგნაშევიჩი, შენიკოვი; მილანოვი, ვერნბლოომი; ტოშიჩი, ჰონდა ცუბერი (მუსა 50′); დუმბია

„მანჩესტერ სიტი“: ჰარტი; ნასტასიჩი, საბალეტა, კოლაროვი; ხავი გარსია, ტურე, ფერნანდინიო; ხესუს ნავასი, დავიდ სილვა (ნასრი 79′); ნეგრედო (ჯეკო 72′), აგუერო (კლიში 89′)

გაფრთხილებები: ვერნბლოომი, იგნაშევიჩი, მუსა – ნეგრედო, ტურე, საბალეტა

ამ გამარჯვებით მანუელ პელეგრინის გუნდმა 6 ქულა დააროვა.

დღეს, ამ ჯგუფის მესამე ტურის მეორე შეხვედრაც შედგება – „ალიანც არენაზე“ ერთმანეთს მიუნხენის „ბაიერნი“ და „ვიქტორია პლზენი“ დაუპირისპირდებიან. აღნიშნული თამაში თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

 ალექსანდრე მატევოსოვი

დიეგო კოსტას ლამაზი გოლი „აუსტრიის“ კარში

ვენის „აუსტრიასთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა დიეგო კოსტამ მორიგი ლამაზი გოლის გატანა მოახერხა.